დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 146 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 370010010.10.003.023356 |
|
ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.
|
|
ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე
ზედამხედველობის წესი |
თავი I. ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი“ (შემდგომში − წესი) აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. წესის მიზანია, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესების დადგენით ხელი შეუწყოს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვასა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფასა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვას, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქარსაფარი ზოლი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვა; ბ) ქარგაუმტარი (მკვრივი) ქარსაფარი ზოლი − მთლიანად შეკრული, მკვრივი ნარგაობა, რომელშიც ჰაერის ნაკადი ვერ გადის (ან გადის ძალიან სუსტად). საშუალო სიძლიერის ქარის დროს ასეთი ზოლის შიგნით იქმნება სრული სიმყუდროვე. გარეგნულად ქარგაუმტარ ზოლში სინათლე არ გადის, იგი შეფოთლილ მდგომარეობაში მთლიანად მწვანე კედელია; გ) ნახევრად ქარგამტარი (აჟურული) ქარსაფარი ზოლი − ქარგაუმტართან შედარებით ნაკლებად შეკრული ნარგაობა, რომელშიც საშუალო სიძლიერის ქარი გადის, ქარის სიჩქარე კლებულობს, მაგრამ ინარჩუნებს ძირითად მიმართულებას; დ) ქარგამტარი ქარსაფარი ზოლი − ატარებს ქარს, ამასთან, ასეთ ზოლს აქვს სინათლისა და ქარის გამტარი უფრო დიდი ზომის ფანჯრები. ასეთ ზოლებს არ აქვთ ქვეტყე და ზოლის ქვედა ნაწილში ქარი გადის შიშველ ღეროებს შორის; ე) გაბატონებული ქარები − ქვეყნის სხვადასხვა მხარეში გარკვეული მიმართულებით მოძრავი ატმოსფერული ჰაერის მასები (ქარები), რომლებიც წლის განმავლობაში სხვა მიმართულებით მოძრავ ატმოსფერული ჰაერის მასებთან (ქარებთან) შედარებით მეტად არის გავრცელებული და რომელთა გადაადგილების სიჩქარე მეტია; ვ) ნიადაგის ქარისმიერი ეროზია − ქარის ზემოქმედებით გამოწვეული ნიადაგის ეროზია; ზ) ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა; თ) თესლნერგი – 3 წლამდე მცენარე, რომელიც სანერგეში თესლიდანაა გაზრდილი; ი) ნერგი – სანერგეში აღზრდილი 3-დან 10 წლამდე, ხოლო სწრაფმზარდის შემთხვევაში − 1-დან 10 წლამდე მცენარე; კ) ქარსაფარი ზოლის აღდგენა − სამეურნეო და აგროტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ამორტიზებული, გამეჩხრებული ან/და სხვა მიზეზით განადგურებული ქარსაფარი ზოლის აღდგენა; ლ) ქარსაფარი ზოლის გაშენება − სამეურნეო და აგროტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია შერჩეულ ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლის გაშენება; მ) ამორტიზებული ქარსაფარი ზოლი − ბუნებრივი ან ანთროპოგენური მიზეზებით განადგურებული/დაზიანებული, ასევე იმ ხნოვანებაში მყოფი ქარსაფარი ზოლი, რომელიც ვეღარ ასრულებს ძირითად ფუნქციურ დანიშნულებას; ნ) კარტოგრაფიული მასალა: ნ.ა) საპროექტო ტერიტორიის გეგმა – მასშტაბი: 1:10 000, შესაბამისი ლეგენდით; ნ.ბ) ტერიტორიის ორგანიზაციის სქემა − დოკუმენტი, სადაც დატანილია აღდგენა-გაშენების გეგმით განსაზღვრული ყველა ძირითადი ღონისძიება (ძირითადი და დამხმარე ზოლების განლაგება, მწკრივებში სარგავი ადგილები, ღობე, გზები, ბილიკები და სხვა); ო) პათოლოგიური გამოკვლევა – ქარსაფარი ზოლების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა; პ) რეკონსტრუქცია – განსაზღვრული ადგილისთვის ნაკლებად ღირებულ ან/და ამორტიზებულ ქარსაფარ ზოლში, მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, ფუნქციური დანიშნულებისა და ნარგაობის მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით, ამორტიზებული, დაზიანებული ან/და არასასურველი მერქნიანი მცენარეების ამოღება და გაშენების ღონისძიებების წარმოება; ჟ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; რ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანოები და მათი უფლებამოსილებები 1. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა; ბ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის დამტკიცება; გ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. 2. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის სფეროში სააგენტოს უფლებამოსილებებია: ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; გ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება; დ) ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის შექმნა და მართვა; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება; ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება ამ ქარსაფარი ზოლის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემამდე; ზ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. 3. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება; დ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ხელშეწყობა; ე) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. 4. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებები და ვალდებულებებია: ა) ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვთ, სააგენტოსთან შეთანხმებით, გააშენონ ქარსაფარი ზოლი (მათ შორის, სახელმწიფოს მხარდაჭერით) და უზრუნველყონ მისი მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება; ბ) ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს აკისრიათ ვალდებულება, ხელი არ შეუშალონ შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში. თავი II. ქარსაფარი ზოლის აღდგენა და გაშენება მუხლი 4. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების ძირითადი პრინციპები 1. ქარსაფარი ზოლის აღდგენა და გაშენება ხორციელდება დაგეგმვის საფუძველზე. 2. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი კატეგორიის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი სიძლიერის გაბატონებული ქარების მიმართ მდგრადი მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები და გაშენების მეთოდები. 3. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. მუხლი 5. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 1. ქარსაფარი ზოლის აღდგენა და გაშენება არის სამეურნეო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ქარსაფარი ზოლების ფუნქციური დანიშნულების (დაცვითი ფუნქციის) შესრულებისა და სრულყოფა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ამორტიზებული ქარსაფარი ზოლების აღდგენის ან/და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენების ღონისძიებების ერთობლიობა. 2. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებია: ა) რეკონსტრუქცია; ბ) გაშენება დარგვით. 3. აღდგენასა და გაშენებას ექვემდებარება: ა) ბუნებრივი ან ანთროპოგენური მიზეზებით განადგურებული ან/და დაზიანებული, ასევე იმ ხნოვანებაში მყოფი ქარსაფარი ზოლები, რომლებიც ვეღარ ასრულებენ ძირითად ფუნქციურ დანიშნულებას; ბ) მიწის ნაკვეთები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების საშუალებას, აგრეთვე მიზანშეწონილია ნაკვეთზე ან მის მიმდებარედ მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე. მუხლი 6. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა 1. სამინისტრო ამტკიცებს ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმას, რომელიც მოიცავს მერქნიანი მცენარეების (ხეების) აღდგენის/გაშენების ღონისძიებათა სახეებსა და მეთოდებს. 2. ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაშენების გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ან/და სპეციალური მოკვლევის შედეგად გამოვლენილი ყველა ტერიტორიისთვის (საკუთრებისა და მართვის ფორმის მიუხედავად) ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებათა სახეებს; ბ) აღდგენის/გაშენების ღირებულების (ხარჯთაღრიცხვის) გაანგარიშებას; გ) მოვლის ღირებულების (ხარჯთაღრიცხვის) გაანგარიშებას; დ) მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის გაანგარიშებას. 3. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის საფუძველზე დგება ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროექტის შედგენის საფუძველსა და მიზანს, მათ შორის, გადაწყვეტილებას ქარსაფარი ზოლების სტრუქტურისა და კონსტრუქციის შესახებ; ბ) აღდგენას/გაშენებას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (გაბატონებული ქარების სიძლიერე, ნიადაგები და სხვ.) მითითებით; გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას; დ) შერჩეული სახეობის მავნებელ-დაავადებების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს; ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებსა და პარამეტრებს; ვ) მოვლის ღონისძიებებს (მათ შორის, გაშენებული ნარგაობის მოვლის ღონისძიებები); ზ) კარტოგრაფიულ მასალას; თ) ხარჯთაღრიცხვას. 4. სააგენტო, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ან/და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, შეიმუშავებს ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად. მუხლი 7. მუნიციპალიტეტების კატეგორიები გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით 1. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტები, გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით, იყოფა 3 კატეგორიად: ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი (გრიგალისებრი) ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია); ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზომიერად ძლიერი ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 5 მ/წმ-დან 9,9 მ/წმ-მდეა); გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტი – მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით სუსტი ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 2 მ/წმ-დან 5 მ/წმ-მდეა). 2. აღმოსავლეთ საქართველოს: ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები; ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები; გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ახალგორის, თეთრიწყაროს, თიანეთის, ჯავის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. 3. დასავლეთ საქართველოს: ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ქობულეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის (დაბლობი ნაწილი), ბათუმის (კახაბრის ველის ჩათვლით), ქუთაისის, ფოთის, ხონის, სამტრედიის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, ზუგდიდის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები; ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ბათუმის (კახაბრის ველის გამოკლებით), ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის (დაბლობების გამოკლებით), ოზურგეთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, გალის, ოჩამჩირის, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები; გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: შუახევის, ხულოს, ქედის, საჩხერის, ონის, ორჯონიკიძის, ამბროლაურის, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები. მუხლი 8. ქარსაფარი ზოლების სტრუქტურა, კონსტრუქცია და ფართობზე განლაგება 1. სტრუქტურის მიხედვით ქარსაფარი ზოლები შესაძლოა, იყოს: ა) ქარგაუმტარი (მკვრივი); ბ) ნახევრად ქარგამტარი (აჟურული); გ) ქარგამტარი. 2. ქარსაფარი ზოლის სტრუქტურის შერჩევა ხდება ადგილობრივი კლიმატური პიროებების, შერჩეული სახეობებისა და დასაცავი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გათვალისწინებით. 3. ქარსაფარი ზოლების კონსტრუქცია მოიცავს მთავარ და დამხმარე ზოლებს. მთავარი ზოლების გაშენება ხდება ქარის მიმართულების მართობულად, ხოლო დამატებითი − მთავარი ზოლის პერპენდიკულარულად და ქარის მიმართულების გასწვრივ. შესაძლებელია ძირითადი ზოლების მიმართულების ცვლილება ადგილობრივი პირობების (რელიეფის) გათვალისწინებით. 4. ქარის სიძლიერის ჯგუფის მიხედვით მთავარ ზოლებში რიგების რაოდენობა განისაზღვროს 2-დან (ორიდან) 8 (რვა) რიგამდე, ხოლო დამატებითი (დამხმარე) ზოლების რიგების რაოდენობა ყველა კატეგორიის მუნიციპალიტეტში განისაზღვრება 2 (ორი) რიგით. 5. ქარსაფარი ზოლის გაშენების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მანძილი დამცავ ზოლსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის. 6. ქარსაფარ ზოლებს შორის მანძილი განისაზღვრება ტერიტორიის კატეგორიის გათვალისწინებით და შეადგენს 200-დან 500-მეტრამდე. 7. ქარსაფარი ზოლის დამატებით ზოლებს შორის მანძილი მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს მთავარი ზოლისთვის დადგენილს. 8. სამინისტრო უფლებამოსილია, ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისას, ტერიტორიის გათვალისწინებით, დაადგინოს ამ წესისაგან განსხვავებული ქარსაფარი ზოლის რიგების რაოდენობა და ზოლებს შორის არსებული მანძილი. მუხლი 9. ტერიტორიის მომზადება ქარსაფარი ზოლების აღდგენისთვის/გაშენებისთვის შერჩეულ ფართობზე უნდა მოხდეს: ა) ტერიტორიის გაწმენდა ქვა-ღორღის, ბუჩქნარისა და დარჩენილი ძირკვებისაგან; ბ) ნიადაგის გამოკვლევა; გ) ნიადაგის პირველადი დამუშავება ღრმა მოხვნითა და დაფარცხვით; დ) აღსადგენი/გასაშენებელი ტერიტორიის შეღობვა (თუ აღდგენა საჭიროებს ასეთ ღონისძიებას); ე) სანერგე მასალის დასარგავად სარგავი ადგილების მონიშვნა; ვ) სანერგე მასალის დასარგავად ორმოების ამოღება; ზ) სანერგე მასალის დარგვისწინა მიფვლა (მიმარხვა) ორმოში; თ) სანერგე მასალის მომზადება დასარგავად; ი) ნერგების დარგვა. მუხლი 10. მცენარეთა სახეობების შერჩევა 1. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენებისთვის მერქნიან მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა განხორციელდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ქარსაფარი ზოლის ფუნქციური მდგრადობისათვის მნიშვნელოვანი იმ სახეობებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქარსაფარი ზოლის შერჩეული სტრუქტურის სრულყოფილ ჩამოყალიბებას. 2. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისგან, მათ შორის, თაფლოვანი მცენარეებისგან, რომლებიც დამახასიათებელია შესაბამისი გარემო პირობებისთვის და გამოიყენება ქარსაფარი ზოლის გასაშენებლად. 3. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების მიზნით შერჩეული სახეობები უნდა ხასიათდებოდნენ: ა) ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან კარგი შეგუებით; ბ) სწრაფი ზრდით; გ) სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით; დ) კარგი ტანითა და მყარი ვარჯით; ე) არ უნდა ჰქონდეთ ფესვიდან ამონაყარი; ვ) არ უნდა ჰყავდეთ სასოფლო კულტურებთან საერთო მავნებლები და დაავადებები. 4. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენებისათვის მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) სიმაღლის კლასი; ბ) ნიადაგის ტენიანობა; გ) ქარგამძლეობა; დ) ვარჯის განვითარების პარამეტრები; ე) სიმაღლეში ზრდის სისწრაფე; ვ) გაშენების ეკონომიურობა. 5. წლის ყველა სეზონზე, ქარსაფარი ზოლის სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით, ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენება ხდება კომბინირებულად − ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობების შერევით, ქარების სიძლიერისა თუ ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით. 6. აკრძალულია ინვაზიური, გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების მიზნით. 7. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენებისათვის სარგავ მასალად შეიძლება, გამოყენებულ იქნეს: ა) თესლნერგი; ბ) ნერგი (ღია ან დახურული ფესვთა სისტემით); გ) კალამი. მუხლი 11. ქარსაფარი ზოლის აღდგენილი/გაშენებული ფართობების აღრიცხვა-შეფასება 1. ქარსაფარი ზოლის აღდგენილი/გაშენებული ფართობების შეფასება მოიცავს შუალედურ მონიტორინგსა და საბოლოო შეფასებას. 2. აღრიცხვა-შეფასების ჩატარებისას დგინდება როგორც ფართობებზე არსებული რეალური მდგომარეობა, ასევე ქარსაფარი ზოლის ტერიტორიაზე განხორციელებული აღდგენის ღონისძიებების აღდგენის პროექტთან შესაბამისობა. 3. შუალედური მონიტორინგი ხორციელდება ქარსაფარი ზოლის აღდგენის/გაშენების ღონისძიებების განხორციელების პროცესში. 4. საბოლოო შეფასება ხორციელდება ქარსაფარი ზოლის აღდგენიდან/გაშენებიდან ერთი სავეგეტაციო პერიოდის დასრულების შემდგომ. თავი III. ქარსაფარი ზოლის მოვლის წესები მუხლი 12. ქარსაფარი ზოლის მოვლა 1. ქარსაფარი ზოლის მოვლა გულისხმობს უპირატესად ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის მიერ იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა უმთავრესი მიზანია ქარსაფარი ზოლის ფუნქციის შენარჩუნება და გაუმჯობესება. 2. აღდგენილი/გაშენებული ქარსაფარი ზოლის მოვლა ხორციელდება აღდგენა-გაშენების პროექტით განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისი ჯერადობით. 3. მოვლა ითვალისწინებს აღდგენილ/გაშენებულ ქარსაფარ ზოლში დარგული მცენარეების შევსების სამუშაოებსაც. 4. ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ხნოვანებითი სტრუქტურისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მათი მოვლის ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოვლით ჭრას, სანიტარიულ ჭრასა და სარეკონსტრუქციო ჭრას, აგრეთვე მერქნიანი მცენარეების (ხეების) სხვლა-ფორმირებას, ამოღება-გაშენებასა და მავნებელი დაავადებების კონტროლს, ასევე პირველ სავეგეტაციო წელს (ან ორი სავეგეტაციო პერიოდის მანძილზე) მორწყვასა და სარეველების კონტროლს. 5. ქარსაფარი ზოლის მოვლითი ღონისძიებების ფარგლებში მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის ფორმას ადგენს სააგენტო. მუხლი 13. მოვლითი ჭრა ქარსაფარი ზოლის სტრუქტურის შენარჩუნების, სახეობრივი შემადგენლობის ოპტიმიზაციისა და მათი დაცვითი ფუნქციის სრულყოფა-გაუმჯობესების მიზნით, მოვლითი ჭრა ხორციელდება ქარსაფარი ზოლის გაშენების მე-15 წლიდან საბურველის სრულ შეკრულობამდე და გულისხმობს იმ მერქნიანი მცენარეების მოჭრას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქარსაფარი ზოლის სტრუქტურისა და კონსტრუქციის ფორმირებას. მუხლი 14. სანიტარიული ჭრა სანიტარიული ჭრა ხორციელდება ქარსაფარი ზოლის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი, მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ან/და დასახლებული ხეების მოჭრასა და ძირნაყარი ხეტყის გამოტანას. მუხლი 15. სარეკონსტრუქციო ჭრა სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება ამორტიზებულ ქარსაფარ ზოლებში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის გაუმჯობესების მიზნით. იგი გულისხმობს არასასურველი ხეების ან/და ქვეტყის, მათ შორის, მარადმწვანე ქვეტყის მოჭრასა და ჭრის შედეგად გამოთავისუფლებულ ფართობზე აღდგენას/გაშენებას. მუხლი 16. ამოღება-გაშენება 1. ერთეული ხეების ამოღება შესაძლებელია, განხორციელდეს ქარსაფარი ზოლის ერთეული ზეხმელი და ფაუტი ხეების მოჭრით, მათი განახლების მიზნით. 2. უნდა განხორციელდეს ერთეული ხეების ამოღების შედეგად გამეჩხრებული ქარსაფარი ზოლების შევსება და სახეობრივი შემადგენლობის ოპტიმიზაცია, მათი დაცვითი ფუნქციის სრულყოფა-გაუმჯობესების მიზნით. მუხლი 17. ხეების სხვლა-ფორმირება 1. ხეების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით, ხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება. 2. ხის სხვლის სახეებია: ა) ფორმირებითი სხვლა; ბ) სანიტარიული სხვლა; გ) გამაახალგაზრდავებელი სხვლა. 3. ხის ფორმირებითი სხვლის მიზანია: ა) მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება; ბ) ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა. 4. ხის სანიტარიული სხვლის მიზანია: ა) დაავადებული, ხმობადი, გამხმარი, გადატეხილი, გადახლართული ტოტების მოცილება; ბ) გვერდითა ნაზარდებისა და ამონაყრის მოცილება (ვარჯის აწევა); გ) ვარჯის თანაბარი სინათლის გამტარობისა და ჰაერგამტარობის (ვენტილაციის) ხელშეწყობა. 5. ხის სანიტარიული სხვლა რეკომენდებულია, თუ ახალგაზრდა მცენარეებს ძლიერ დაზიანებული აქვთ მერქანი, აუცილებელია დაზიანებული ნაწილის მოცილება ჯანმრთელ მერქნამდე, იმ შემთხვევაშიც, თუ აუცილებელი გახდება ვარჯის მთლიანად მოცილება. ამგვარი მცენარეების ფესვთა სისტემა, როგორც წესი, არ არის დაზიანებული და მცენარეს აღდგენისათვის ესაჭიროება 2-3 წელიწადი. 6. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა არის ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნასა და ახალი ვარჯის ფორმირებას. 7. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა ხორციელდება: ა) მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა; ბ) დეკორატიულობის დაკარგვისას; გ) პოტენციურად საშიში ხეების შემთხვევაში – ძალიან მაღალი ან/და გადახრილი ხეების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის წარმოქმნისას. 8. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლისას რეკომენდებულია: ა) ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას; ბ) იმ მცენარეებში, რომელთაც ახასიათებთ ნებისმიერ ასაკში ნაზარდის წარმოქმნის კარგი შესაძლებლობა (ვერხვი, ტირიფი, ზოგიერთი სახეობის ნეკერჩხლები). ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ხის ხნოვანებაზე; რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირე უნდა იყოს სხვლის ხარისხი. 9. ყველა სახის სხვლა-ფორმირებისას აუცილებელია, დაცულ იქნეს შემდეგი პირობები: ა) ხეების ვარჯის სხვლა-ფორმირებისას აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მათი ბუნებრივი ფორმა. მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას; ბ) რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირეა სხვლის პროცენტი. თავი IV. ქარსაფარი ზოლის დაცვის წესები მუხლი 18. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებები 1. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება, იყოს ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმა ან/და სპეციალური გამოკვლევის მასალები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 2. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებებს გეგმავს და ახორციელებს ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანო, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ქარსაფარი ზოლის სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებენ ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანოს ან სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები, შესაბამისი ტექნიკური დავალების საფუძველზე. 4. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებები მოიცავს მისი ფიზიკური დაცვის ღონისძიებებსა და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებებს. 5. ქარსაფარი ზოლის ფიზიკური დაცვა გულისხმობს მის დაცვას ხანძრისგან, უკანონო ჭრისგან, ძოვებისა და ნებისმიერი სხვა ქმედებისგან, რომელიც ზიანს აყენებს მერქნიან მცენარეებს (ხეებს). 6. ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვის განხორციელებისას ხდება მერქნიანი მცენარეების (ხეების) მავნებელ დაავადებათაგან, სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა უარყოფითი (მათ შორის, ანთროპოგენური) ზემოქმედებისგან დაცვა. მუხლი 19. ქარსაფარი ზოლის ხანძრებისაგან დაცვის პრევენციული ღონისძიებები 1. ქარსაფარი ზოლის ხანძრებისაგან დაცვა ხორციელდება ისეთი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვით და განხორციელებით, რომლებიც უზრუნველყოფს ხანძრების გაჩენის თავიდან აცილებას ან/და გავრცელების შეზღუდვას. 2. ქარსაფარი ზოლის ხანძრების დაცვის პრევენციული ღონისძიებებია: ა) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთების აკრძალვის საინფორმაციო ბანერების განთავსება; ბ) საზოგადოებისათვის საინფორმაციო (ახსნა-განმარტებითი) სამუშაოების ჩატარება ხანძრის, მათ შორის, ბალახის საფრის გადაწვის საფრთხის პრევენციის მიზნით; გ) ბალახის საფრის გადაწვის გავრცელებული პრაქტიკის ზონებში ტერიტორიის პერიოდული დაზვერვის ორგანიზება, ცეცხლის კერების დაფიქსირების ან თავიდან აცილების მიზნით; დ) ხანძრების პრევენციისა და მათი ლიკვიდაციის საკითხებზე შესაბამისი სწავლებების ჩატარების უზრუნველყოფა. 3. ხანძრის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ქარსაფარი ზოლის გასწვრივ 1 ან 1,5 მ-ის სიგანის ზოლის მოხვნა და შემდეგ დაფარცხვა. 4. ქარსაფარი ზოლის გაწმენდის მიზნით მავნებელ-დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული ხეტყის ნარჩენების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიაზე დაწვა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გააუარესებს მისი ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას. მუხლი 20. ქარსაფარი ზოლის უკანონო ჭრებისგან დაცვა 1. ქარსაფარი ზოლის გამოყენების წესების დარღვევებისა და ქარსაფარი ზოლის მერქნული მცენარეების უკანონო ჭრებისაგან დაცვის მიზნით, ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანოს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს მოსარგებლეს, მათ წარმომადგენელს, მათთან დადებული ხელშეკრულების მხარეს ქარსაფარი ზოლით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია; ბ) ქარსაფარი ზოლის კონტროლის მიზნით ჩაატაროს მისი მდგომარეობის შეფასება-შესწავლა, ქარსაფარი ზოლის ცალკეულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებლივი გარემოებების გამოვლენის მიზნით; მათ შორის, განახორციელოს გაზომვები, აღრიცხვა, ნიმუშების აღება და სხვა ღონისძიებები; გ) ტერიტორიის მოსარგებლეს მოსთხოვოს, თავიდან აიცილოს ქარსაფარი ზოლის განადგურების საფრთხე და შეწყვიტოს ისეთი ქმედება, რომელიც აზიანებს ქარსაფარ ზოლს; დ) ქარსაფარი ზოლის მოსარგებლის მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშად დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დასვას საკითხი შესაბამისი უწყებების წინაშე საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თვითონ განახორციელოს აღნიშნული ქმედება. 2. ქარსაფარი ზოლის გამოყენების წესების დარღვევებისა და ქარსაფარი ზოლის მერქნული მცენარეების უკანონო ჭრების გამოვლენისას ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანო/მესაკუთრე ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს ზედამხედველობაზე უფლებამოსილ შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალურ ორგანოს. მუხლი 21. უკანონო ძოვებისგან დაცვა 1. ქარსაფარ ზოლებში უნდა განთავსდეს ძოვების ამკრძალავი შესაბამისი საინფორმაციო ბანერი ყოველ 500 მეტრში. 2. ქარსაფარ ზოლში შესაძლებელია ძოვების აკრძალვის მოხსნა (ძოვების დაშვება) ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით. მუხლი 22. ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვა 1. ქარსაფარი ზოლის სანიტარიული მდგომარეობის პროგნოზირების, მავნებელ-დაავადებებისა და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, ხორციელდება ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებები. 2. ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვის მიზანია მერქნიანი მცენარეების (ხეების) მავნებელ-დაავადებათაგან, სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა უარყოფითი (მათ შორის, ანთროპოგენური) ზემოქმედებისგან დაცვა. 3. ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ბიოლოგიური დაცვა ხორციელდება ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, აგრეთვე მისი მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ინტერესების გათვალისწინებით და მოიცავს როგორც სამეურნეო, ბიოლოგიურ, ქიმიურ და მექანიკურ მეთოდებს, ისე მერქნიანი მცენარეების (ხეების) უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის სხვა ღონისძიებებს. 4. ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვა ხდება ქარსაფარი ზოლის პათოლოგიური კვლევისა და პათოლოგიური მონიტორინგის საფუძველზე. მუხლი 23. ქარსაფარი ზოლის პათოლოგიური კვლევა და მონიტორინგი 1. ქარსაფარ ზოლში გაშენებული მერქნიანი მცენარეების სანიტარიული მდგომარეობის გაუარესების მიზეზის/წყაროს დადგენისა და შესაბამისი ღონისძიებების შერჩევის მიზნით ტარდება პათოლოგიური კვლევა. 2. ქარსაფარი ზოლის პათოლოგიური მონიტორინგი არის ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი სახეობების სანიტარიულ მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, რომელიც უზრუნველყოფს: ა) ქარსაფარ ზოლში შეცვლილი/გაუარესებული სანიტარიული მდგომარეობის დროულ გამოვლენას, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს მავნებელ-დაავადებებით ან/და სხვა მავნე ორგანიზმებით, ასევე კლიმატური პირობებითა და ადამიანის არასწორი ჩარევით ბუნებაში; ბ) ქარსაფარი ზოლის სანიტარიული მდგომარეობის ანალიზს; გ) ქარსაფარი ზოლის სანიტარიული მდგომარეობის პროგნოზირებას, მავნებელ-დაავადებებისა და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით; დ) ქარსაფარი ზოლის დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებას. 3. ქარსაფარი ზოლის პათოლოგიური კვლევისა და მონიტორინგის სისტემის შედეგების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია ქარსაფარი ზოლების ზონირება – სუსტ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად, მავნებელ-დაავადებებისა და სხვა მავნე ორგანიზმების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით. 4. ქარსაფარი ზოლის პათოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიების დაგეგმვისას, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს საავიაციო ან მიწისზედა შესხურებას, დაცული უნდა იყოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია (ხარჯვის ნორმები) და მომუშავე პერსონალის სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. ქიმიური პრეპარატის შერჩევა დასაშვებია მხოლოდ „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის“ შესაბამისად. 5. ქარსაფრის ზოლების დაცვის მიზნით ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანიჭებს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანოს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 24. ზედამხედველობის ორგანოები 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ქარსაფარი ზოლების მერქნიანი მცენარის (ხის) დაზიანებასა და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. |
დოკუმენტის კომენტარები