ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება

ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 140030000.10.003.023309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
101
02/03/2022
ვებგვერდი, 07/03/2022
140030000.10.003.023309
ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/03/2022 - 22/05/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება

მუხლი 1
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 11 პუნქტის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თანდართული რედაქციით დამტკიცდეს ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესი, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება.
მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული ობიექტი ვალდებულია 2023 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 15 მარტიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების და მათი ექსპლუატაციის წესი, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება
თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს გარკვეულ შენობა-ნაგებობებზე ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის (შემდგომ – ვიდეომეთვალყურეობის სისტემა) განთავსების/დამონტაჟების ვალდებულებას, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკურ მახასიათებლებს და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. დადგენილების მიზანი

ამ დადგენილების მიზანია დანაშაულის პრევენცია, პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა და ამ მიზნით ვიდეომეთვალყურეობის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარე პერიმეტრი – გზის ნაწილი/მონაკვეთი, რომლის მიმდებარედ განთავსებულია ობიექტის შენობა-ნაგებობა. ასევე, იმ ობიექტისთვის, რომელიც განლაგებულია სხვა ობიექტის, მათ შორის, სავაჭრო ცენტრის, ბაზრის/ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და არ აქვს ინდივიდუალური გასასვლელი გარე პერიმეტრზე − სივრცე, რომელიც განლაგებულია უშუალოდ ობიექტის ინდივიდუალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე;

ბ) მთავარი შესასვლელი – შენობა-ნაგებობის ძირითადი შესასვლელი (ერთი ან რამდენიმე), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შენობაში მომხმარებელთა მოხვედრა უშუალოდ გზიდან ან/და ქუჩიდან, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებით;

გ) სათადარიგო შესასვლელი – შენობა-ნაგებობის დამატებითი შესასვლელი (ერთი ან რამდენიმე), რომელიც განკუთვნილია ობიექტის შიდა მოხმარებისთვის და არა შენობაში მომხმარებელთა შესვლის უზრუნველსაყოფად. სათადარიგო შესასვლელი შეიძლება უკავშირდებოდეს ეზოს, სკვერს ან/და შენობის სხვა მიმდებარე ტერიტორიას, გარდა უშუალოდ გზის ან/და ქუჩისა;

დ) ინდივიდუალური შესასვლელი – მომხმარებლებისათვის განკუთვნილი შესასვლელი, რომლითაც ობიექტის ფართი გამოყოფილია სხვა ობიექტებისაგან;

ე) საერთო შესასვლელი 

ე.ა) შესასვლელი, რომელიც განთავსებულია გზის ნაწილზე/მონაკვეთზე და წარმოადგენს საერთო შესასვლელს ერთ შენობაში განთავსებული რამდენიმე ობიექტის ინდივიდუალური შესასვლელისათვის ან ობიექტისა და სხვა შენობა-ნაგებობის ინდივიდუალური შესასვლელისათვის;

ე.ბ) შესასვლელი, რომელიც განთავსებულია გზის ნაწილზე/მონაკვეთზე და წარმოადგენს საერთო შესასვლელს საერთო ფართზე განთავსებული რამდენიმე ობიექტისათვის (ინდივიდუალური შესასვლელით ან მის გარეშე);

ვ) ბაზარი/ბაზრობა – საერთო ადმინისტრაციის მქონე, შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელშიც, როგორც წესი, საერთო ფართზე განთავსებულია სავაჭრო/გასართობი ობიექტები;

ზ) სავაჭრო ცენტრი – საერთო ადმინისტრაციის მქონე, შენობაში განთავსებული კომპლექსი, რომელიც შედგება არანაკლებ 30, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო/გასართობი ობიექტისაგან;

თ) მაკონტროლებელი ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს ან/და ზედამხედველობს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების საქმიანობას;

ი) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“;

კ) უფლებამოსილი პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურე;

ლ) აზარტული თამაშობების ადგილები – სამორინე, აზარტული კლუბი და სათამაშო აპარატების სალონი;

მ) მომგებიანი თამაშობების ადგილები – ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო;

ნ) აფთიაქი – ავტორიზებული აფთიაქი და აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი);

ო) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;

პ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი – „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით განსაზღვრული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;

ჟ) სესხის გამცემი სუბიექტი – „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით განსაზღვრული სესხის გამცემი სუბიექტი;

რ) სკოლა – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ს) ობიექტი – ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

მუხლი 4. შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება/დამონტაჟება

1. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება/დამონტაჟება სავალდებულოა პირის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ იმ შენობა-ნაგებობაზე, სადაც ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეებიდან ერთ-ერთი მაინც და აღნიშნული საქმიანობის დამატებითი ღირებულების გადასახადით (შემდგომ – დღგ) დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.

2. ეკონომიკური საქმიანობის სახეები:

ა) საბითუმო ვაჭრობა 46;

ბ) საცალო ვაჭრობა 47;

გ) განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა (მათ შორის, სასტუმროებით და მოტელებით უზრუნველყოფა) 55;

დ) საკვებით და სასმელებით მომსახურება (მათ შორის, რესტორნები, ბარები და ა.შ.) 56.

3. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება/დამონტაჟება სავალდებულოა შემდეგი ობიექტების მიერ, მიუხედავად აღნიშნული საქმიანობის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვისა:

ა) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება;

ბ) სიგარაბარი;

გ) ბაზარი/ბაზრობა;

დ) სავაჭრო ცენტრი.

4. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება/დამონტაჟება ევალებათ შემდეგ ობიექტებს/დაწესებულებებს მიუხედავად აღნიშნული საქმიანობის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვისა:

ა) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო;

ბ) „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით განსაზღვრული ავტოგასამართი სადგური ან ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურები);

გ) „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №335 დადგენილებით განსაზღვრული ავტორიზებული აფთიაქი;

დ) „ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებით განსაზღვრული აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი);

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;

ვ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;

ზ) სესხის გამცემი სუბიექტი;

თ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად);

ი) უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების შესაბამისად;

კ) სხვა ობიექტი, რომლის სალიცენზიო, სანებართვო, სარეგისტრაციო ან ავტორიზაციის პირობაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ითვალისწინებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ქონის ვალდებულებას.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტის მესაკუთრეს ან/და მართლზომიერ მფლობელს უფლება აქვს მიმართოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და მოითხოვოს კონკრეტულ შენობა-ნაგებობაზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულებისგან გათავისუფლება, თუ პირი ადასტურებს, რომ არ/აღარ ეწევა ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ საქმიანობას მოცემულ შენობა-ნაგებობაში ან სახეზე არ არის ამ წესით გათვალისწინებული რომელიმე სხვა გარემოება. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

შენიშვნა: ეკონომიკური საქმიანობის სახეების კოდები ეფუძნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შემუშავებულ საქართველოს ეროვნულ კლასიფიკატორებს.

მუხლი 5. ინფორმაციის დამუშავება

1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების განსაზღვრის მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ყოველი წლის 1 (პირველი) აპრილამდე, ასევე, საჭიროებისამებრ დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, ნებისმიერ სხვა დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს უნდა მიაწოდოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესაბამისად, იმ ფიზიკურ/იურიდიულ პირთა სია (საიდენტიფიკაციო ნომერი, გადამხდელის დასახელება, საქმიანობის სახე), რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მიღებული ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ინახება 1 წლის ვადით.

3. ობიექტის მიერ ვალდებულებების შესრულების შემოწმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოებისგან/დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს ამ წესის აღსრულებისთვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, ობიექტის მისამართი, დასახელება, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა.

4. ამ წესის აღსრულების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, უფლებამოსილია შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი II

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მახასიათებლები

მუხლი 6. ტექნიკური მახასიათებლები

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) ვიდეოკამერა: ქსელური (IP);

ბ) კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);

გ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);

დ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;

ე) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;

ვ) სერტიფიკატი: აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.

მუხლი 7. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება

1. შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 (ორი) ვიდეოკამერა, რომელიც შეესაბამება ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს. თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 (ერთი) ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან.

2. თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ შემოწმების ჩატარებისას დაადგენს, რომ შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორიდან გამომდინარე შეუძლებელია მთავარ შესასვლელთან ორი ვიდეოკამერის დამონტაჟება, იგი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი კონკრეტული ობიექტისთვის და უფლება მისცეს განათავსოს მხოლოდ ერთი ვიდეოკამერა. აღნიშნულ შემთხვევაში დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

3. შესასვლელთან ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობა-ნაგებობაში შემსვლელი და გამსვლელი პირის დანახვა და იდენტიფიკაცია.

4. ვიდეომეთვალყურეობის განმახორციელებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, ხოლო მართლზომიერი მფლობელის არსებობის შემთხვევაში − მართლზომიერი მფლობელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების განსაკუთრებული შემთხვევები

1. ობიექტებს, რომელთაც აქვთ საერთო შესასვლელი ან რომელთა შესასვლელები განლაგებულია გზის ერთსა და იმავე ნაწილზე/მონაკვეთზე ერთმანეთის გვერდით, არაუმეტეს 10 მეტრის დაშორებით, შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაამონტაჟონ საერთო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ქონა არცერთ ობიექტს არ ათავისუფლებს  ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობისგან.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების გაფორმების ვალდებულება არ წარმოიშობა იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტების მესაკუთრე ან/და მართლზომიერი მფლობელი ერთი და იგივე პირია.

მუხლი 9. ინფორმაციის შენახვა

1. ობიექტის მესაკუთრე ან/და მართლზომიერი მფლობელი ვალდებულია გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად.

2. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა, უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილ პირს.

3. ციფრული ვიდეოჩამწერიდან შესაძლებელი უნდა იყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) უფლებამოსილი პირისთვის DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით გადაცემა.

4. ობიექტი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე გადატანას.

5. ობიექტმა უნდა უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ადგილზე ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით ობიექტმა უნდა განათავსოს  ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული არანაკლებ ერთი მონიტორი. უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა.

6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით შეუძლია ისარგებლოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი III

ცალკეულ ობიექტთა დამატებითი ვალდებულებები

მუხლი 10. ცალკეულ ობიექტთა ზოგადი ვალდებულებები

1. ეს თავი განსაზღვრავს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთა დამატებით ვალდებულებებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებასთან/განთავსებასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ თავით გათვალისწინებულ ობიექტებზე ვრცელდება ამ წესის II თავით დადგენილი ნორმები.

მუხლი 11. მოთხოვნები აზარტული და მომგებიანი თამაშობების ადგილებზე

1. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი აზარტული და მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში ახდენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებას. ამ ვიდეომეთვალყურეობის სისტემების პარამეტრებს განსაზღვრავს უშუალოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.

2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს უფლებამოსილ პირს.

3. აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს ეკისრება გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ობიექტს ინდივიდუალური გასასვლელი გარე პერიმეტრზე.

4. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და მომგებიანი თამაშობების დარბაზში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ ერთდროულად მოიცვას დარბაზის მთელი სივრცე და შესაძლებელი იყოს დარბაზში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია.

5. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სალაროსთან უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს სალაროსთან მისული პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია.

6. ამ წესის შესაბამისად ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსების/დამონტაჟების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ადგენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელ აქტს.

მუხლი 12. მოთხოვნები სხვადასხვა ობიექტის მიმართ

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შესაძლოა დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

2. სკოლის მიერ ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

3. ავტოგასამართი სადგურისა და ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურები) მიმართ ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი განისაზღვრება „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით.

4. აფთიაქის მიერ ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი განისაზღვრება  საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით.

თავი IV

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დამონტაჟების აქტის შედგენა

მუხლი 13. რეგისტრაცია

1. ობიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის პორტალზე – www.camera.mia.gov.ge (შემდგომ – პორტალი).

2. რეგისტრაციისას ობიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი:

ა) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) ობიექტის დასახელებას, სამართლებრივ ფორმას, საიდენტიფიკაციო კოდს, ობიექტის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს;

ა.ბ) განმცხადებლის სახელს და გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელ მისამართს რეგისტრაციის მიხედვით და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) ტვირთავს ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ავსებს შესაბამის ველებს და ტვირთავს დოკუმენტაციას ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებით.

მუხლი 14. შემოწმების უფლებამოსილება

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, შეამოწმოს ობიექტის მიერ დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა ამ თავით დადგენილი წესით.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს:

ა) საკუთარი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ობიექტებთან მიმართებით;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის მაკონტროლებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ შემოწმებას ახორციელებს მაკონტროლებელ ორგანოსთან ერთად.

მუხლი 15. შემოწმების განხორციელება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ინიციატივით

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად შეამოწმოს ობიექტის შენობა-ნაგებობის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესთან შეუსაბამობა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1763 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და იწვევს პირის გაფრთხილებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების მიღებიდან ხარვეზის 30 დღის ვადაში აღმოუფხვრელობა/გამოუსწორებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 16. შემოწმების განხორციელება მაკონტროლებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე

1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების შემოწმება ხორციელდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისათვის მიმართვის საფუძველზე.

2. შემოწმების განხორციელების კონკრეტული თარიღი და დრო განისაზღვრება მაკონტროლებელი ორგანოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების შემოწმებისას უფლებამოსილია შეაფასოს მხოლოდ გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება/დამონტაჟების და მათი ექსპლუატაციის ამ წესთან შესაბამისობა.

4. ვიდეომეთვალყურეობის სისტემების შემოწმების შემდეგ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი პირი შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შედგენილ ოქმზე/აქტზე ხელმოწერით ადასტურებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას ან/და შეუსაბამობას.

5. უფლებამოსილი პირი, ამ მუხლითა და ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას უფლებამოსილია, გამოიყენოს ფოტო-ვიდეო/აუდიოტექნიკა შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირების მიზნით.

6. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისათვის ცნობილი გახდა ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ობიექტის მაკონტროლებელ ორგანოს.

მუხლი 17. ინფორმაციის ამოღება ობიექტის შემოწმებისას

1. უფლებამოსილი პირი, ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას უფლებამოსილია, ვიდეომეთვალყურეობის სისტემიდან ამოიღოს დარღვევის ამსახველი მასალა. უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელშიც აღინიშნება – მიღებული ინფორმაციის (დოკუმენტის) აღწერილობა, პერიოდი (თარიღი, თვე და წელი) და ინფორმაციის (დოკუმენტის) მიმღების და გამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა. მიღება-ჩაბარების აქტში შეიძლება დამატებით მიეთითოს სხვა მონაცემებიც.

2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ინფორმაციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის გადაცემა ობიექტს არ ათავისუფლებს აღნიშნული სახის ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვის ვალდებულებისგან.

მუხლი 18. დამონტაჟების აქტის შედგენა

1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის მიმართვის საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია შეადგინოს დამონტაჟების აქტი, რომელიც ადასტურებს ზემოაღნიშნული ობიექტის მიერ განთავსებული/დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობას, რა დროსაც უფლებამოსილია გამოიყენოს ფოტო-ვიდეო/აუდიოტექნიკა. ფოტო-ვიდეო/აუდიოტექნიკის გამოყენების მიზანია შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ობიექტი, პორტალის მეშვეობით, განცხადებით მიმართავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს დამონტაჟების აქტის მიღების მიზნით.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ პორტალიდან ელექტრონული აქტის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს.

4. დამონტაჟების აქტის შედგენის შესახებ ელექტრონული განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს:

ა) ობიექტის (ორგანიზაცია) დასახელებას;

ბ) ობიექტის საქმიანობის სახეობას და ნებართვის ნომერს;

გ) ობიექტის დასახელებას და მისამართს;

დ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ე) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას და მონაცემებს.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს დამონტაჟების აქტის გაცემას 30 დღის ვადაში, ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში – პორტალის საშუალებით ობიექტს ეცნობება ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ხარვეზის შესახებ. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ ობიექტი ახალი განცხადებით მიმართავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ს. დამონტაჟების აქტის გაცემა შესაძლებელია ჩატარდეს დაჩქარებული წესით.

6. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის 30 დღის ვადაში გაცემის საფასური, ასევე აქტის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით.

7. ობიექტისათვის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი ხელმისაწვდომია პორტალის საშუალებით.

მუხლი 19. დამონტაჟების აქტის შედგენა დისტანციურად

1. ობიექტის თანხმობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია დამონტაჟების აქტის შედგენა განახორციელოს დისტანციურად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილ პირს ობიექტისაგან პორტალის მეშვეობით შეუძლია გამოითხოვოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის (ვიდეოკამერა და ჩამწერი) ტექნიკური დოკუმენტაცია;

ბ) ობიექტის შენობა-ნაგებობის ამსახველი დოკუმენტი/ნახაზი, სადაც მითითებული იქნება ვიდეოკამერის განთავსების ადგილები;

გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ხანგრძლივობისა (მაგრამ არაუმეტეს 5 წუთისა) და დღე-ღამის მითითებულ დროს გაკეთებული თითოეული ვიდეოკამერის ვიდეოჩანაწერი;

დ) უფლებამოსილი პირის მიერ დღე-ღამის მოთხოვნილი დროის მონაკვეთში თითოეული ვიდეოკამერით დაფიქსირებული ფოტო (ე.წ. screenshot);

ე) ჩამწერ მოწყობილობასთან დაკავშირებული თითოეული ვიდეოკამერის პარამეტრების ფოტოასლი;

ვ) ჩამწერი მოწყობილობის, მყარი დისკის, თარიღის, ქსელის პარამეტრების ფოტოასლები.

 

თავი V

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობა

მუხლი 20. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობა

1. თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო ობიექტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე ელექტრონულად, პორტალის საშუალებით შეატყობინოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

2. ობიექტი ვალდებულია, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.

3. თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით ან სხვა ისეთი გარემოებით, რომელიც არ არის ობიექტის კონტროლის სფეროში, ამ შემთხვევაში ობიექტმა ხარვეზი უნდა აღმოფხვრას აღნიშნული გარემოების დასრულებისას, პირველი შესაძლებლობისთანავე.

4. პასუხისმგებლობის საკითხების განსაზღვრის მიზნით, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობის აღმოფხვრის შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს უნდა გაეგზავნოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, პორტალის საშუალებით.

 

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 21. ობიექტების ინფორმირების ვალდებულება

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოებისგან/დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ობიექტის მისამართი, დასახელება, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ვალდებულია, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ობიექტებს ეტაპობრივად შეატყობინოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსების/დამონტაჟების ვალდებულების დაკისრების შესახებ. შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს ობიექტს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს მიაწოდოს, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესაბამისად, იმ ფიზიკურ/იურიდიულ პირთა სია (საიდენტიფიკაციო ნომერი, გადამხდელის დასახელება, საქმიანობის სახე), რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.