აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017559
54
23/02/2022
ვებგვერდი, 24/02/2022
040170310.22.033.017559
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №54

2022 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი




აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელის  მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე, თამაშობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, თამაშობის მოწყობის ადგილზე, თამაშობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა სავალდებულოა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის.

3. ამ წესის დარღვევა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

 

მუხლი 3. თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა

1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელმა ელექტრონული ფორმით უნდა აღრიცხოს და შეინახოს თამაშობის მოწყობის ადგილზე, თამაშობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შესულ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) მოთამაშის სახელსა და გვარს;

ბ)  მოთამაშის შესვლის თარიღს და დროს;

გ) მოთამაშის პირად ნომერს (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში) ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ნომერს (უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის  შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა უნდა განხორციელდეს მოთამაშის თამაშობის მოწყობის ადგილზე დაშვებამდე.

 

მუხლი 4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელის ვალდებულებები

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) შექმნას ინფორმაციის აღრიცხვის და შენახვის ისეთი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ნებართვის მფლობელის საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია და უზრუნველყოფს აღრიცხული ინფორმაციის დაცულობას და სწრაფი მოძიების შესაძლებლობას;

ბ) კალენდარული თვის მიხედვით, მაგრამ კალენდარული თვის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ელექტრონული ფორმით შეინახოს წინამდებარე წესის შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს;

გ) სრულფასოვანი შემოწმების მიზნით, მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით, უზრუნველყოს სანებართვო პირობების შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის წვდომა წინამდებარე წესის შესაბამისად მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვის  სისტემაზე.