„საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 200/53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 18/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 048061000.03.030.016677
200/53
06/12/2021
ვებგვერდი, 14/02/2022
048061000.03.030.016677
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ 

 


საქართველოს მთავრობა (შემდგომში მოხსენებული, როგორც „საქართველო“) საქართველოს სახელით,

ერთი მხრივ,

და

ევროპული კომისია (შემდგომში მოხსენებული, როგორც „კომისია“) ევროკავშირის (შემდგომში მოხსენებული, როგორც „კავშირი“) სახელით,

მეორე მხრივ,

შემდგომში მოხსენებული, როგორც „მხარეები“,

ითვალისწინებენ რა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო შეთანხმების მე-3 ოქმს „საქართველოს კავშირის პროგრამებში მონაწილეობის ზოგადი პრინციპების შესახებ“, რომელიც, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,  ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების[1] ნაწილია, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და რომელიც ადგენს საქართველოს კავშირის პროგრამებში მონაწილეობის ზოგად პრინციპებს; ეს საერთაშორისო შეთანხმება წარმოადგენს შეთანხმებას, რომელიც მითითებულია „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო შეთანხმების საქართველოს კავშირის პროგრამებში მონაწილეობის შესახებ“ ზევით აღნიშნული მე-3 ოქმის მე-5 მუხლში და აქვს იგივე იურიდიული ძალა;

ვინაიდან „შემოქმედებითი ევროპა“ – კავშირის პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს კულტურულ მრავალფეროვნებას და ხელს უწყობს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების კონკურენტუნარიანობას, შეიქმნა ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2021/818 რეგულაციით[2] (შემდგომში მოხსენებული, როგორც „შემოქმედებითი ევროპის“ რეგულაცია“);

ვინაიდან „შემოქმედებითი ევროპის“ რეგულაციის 9 (2) მუხლის მიხედვით, რომელიც ეხება მესამე ქვეყნების ასოცირებას, ასოცირების კონკრეტული წესები და პირობები უნდა განისაზღვროს კავშირსა და ასოცირებულ ქვეყანას შორის საერთაშორისო შეთანხმებით;

აღიარებენ რა, რომ კავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ამოცანები და ზოგადი პრინციპები მნიშვნელოვანია კულტურული, დემოკრატიული, გარემოს დაცვითი, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით და განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი საზოგადოებებისა და კულტურის სექტორებისთვის, რომლებიც დგანან გლობალიზაციასთან, კლიმატის ცვლილებასა და დიგიტალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე;

აღიარებენ რა, რომ საქართველო ცდილობს პოლიტიკის ამ ამოცანების განხორციელებას, რომლებიც ასევე ასახულია „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ იუნესკოს 2005 წლის კონვენციაში და რომ საქართველო დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე და იზიარებს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონიერება, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის, ადამიანების თანასწორობა, გენდერული ბალანსი, გამოხატვის თავისუფლება და მხატვრული თავისუფლება;

ითვალისწინებენ რა საერთო მიზნებს, ღირებულებებსა და მხარეებს შორის ძლიერ კავშირებს კულტურის, აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში, რომლებიც განვითარდა წარსულში „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2014-2020) მონაწილეობით და მხარეების საერთო სურვილს, რომ შემდგომში განავითარონ, გააძლიერონ, სტიმულირება მოახდინონ და გააფართოონ მათი კავშირები და თანამშრომლობა ამ სფეროებში;

ითვალისწინებენ რა „შემოქმედებითი ევროპის“ რეგულაციის 9 (2) მუხლით დადგენილ პირობებს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის წევრ ქვეყნებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ დეროგაციით ინტერსექტორულ მიმართულებაში და მედიის მიმართულების ზოგიერთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ასეთი დეროგაციის მიზანშეწონილობის შეფასებისას ევროკავშირი განსაკუთრებით ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა  შესაბამის ქვეყანაში აუდიოვიზუალურ ბაზარზე არსებული კონკრეტული სიტუაცია და ევროპის აუდიოვიზუალურ პოლიტიკასთან ინტეგრაციის დონე;[3]

შეთანხმდნენ შემდეგზე:



[1]OJ L 261, 30.8.2014, გვ. 4

[2]OJ L 189, 28.5.2021, გვ. 34–60.

[3]იხილეთ „შემოქმედებითი ევროპის“ რეგულაციის რეციტალი 34.


მუხლი 1

ასოცირების მოქმედების სფერო

1. საქართველო „შემოქმედებით ევროპაში“ – კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისთვის კავშირის პროგრამაში (შემდგომში მოხსენებული, როგორც „პროგრამა“) მონაწილეობას მიიღებს, როგორც ასოცირებული ქვეყანა, როგორც დადგენილია ევროპარლამენტისა და საბჭოს EU 2021/818 რეგულაციით.

2. საქართველო ასოცირებული ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს პროგრამის შემდეგ ღონისძიებებში:

(a) კულტურის მიმართულების ყველა ღონისძიება;

(b) ინტერსექტორული მიმართულების ყველა ღონისძიება 2022 წლის 31 დეკემბრამდე; და

(c) მედიის მიმართულების შემდეგი ღონისძიებები 2022 წლის 31 დეკემბრამდე და ამის შემდეგ კომისიის მიერ საპირისპირო შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში:

- აუდიტორიის კლასტერი: აუდიტორიის განვითარება და კინოგანათლება: ევროპული ფესტივალები და ფესტივალების ქსელი;

- ბიზნესის კლასტერი: მედიატალანტებისა და უნარების ხელშეწყობა.

2022 წლის 31 დეკემბრის შემდეგ საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ინტერსექტორულ და მედიის მიმართულებებში ზოგადად დამოკიდებულია საქართველოს მიერ 2022 წლის 30 სექტემბრისთვის კავშირისთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომ  საქართველო აკმაყოფილებს პროგრამის რეგულაციის მე-9 მუხლით განსაზღვრულ აუცილებელ პირობებს. თუ წარდგენილი მტკიცებულებები (სავარაუდოდ კავშირის მიერ განმარტებების მოთხოვნის შემდეგ) საკმარისი არ არის ან თუ 2022 წლის ბოლომდე შეთანხმების განხორციელებისას გამოჩნდება, რომ პირობები შესრულებული არ არის, მედიის და ინტერსექტორულ მიმართულებებში მონაწილეობა შეიძლება შეწყდეს ან აღარ გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით.

მუხლი 2

„შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები

1. საქართველო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ქვეყნის სტატუსით, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის სააგენტოს და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ჩარჩო შეთანხმების“ მე-3 ოქმით დადგენილი პირობების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს კავშირის ნებისმიერ პროგრამაში მონაწილეობას და ასევე ამ შეთანხმებით განსაზღვრული წესების და პირობების, ამ შეთანხმების პირველ მუხლში მითითებული სამართლებრივი აქტის და ნებისმიერი სხვა წესის შესაბამისად, რომელიც ეხება პროგრამისა და საქმიანობის განხორციელებას, მათი ყველაზე თანამედროვე ვერსიის მიხედვით.

2. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების და პირობების მიხედვით, საქართველოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ  პროგრამის ღონისძიებებში მონაწილეობა ისეთი პირობებით, რომლებიც კავშირში დაფუძნებული იურიდიული პირების მიმართ მოქმედი პირობების ეკვივალენტურია, მათ შორის, ევროკავშირის შემზღუდველი ზომების[4 ] დაცვით.

3. საქართველო შექმნის შესაბამის სტუქტურებს და მექანიზმებს ეროვნულ დონეზე და განახორციელებს ყველა სხვა საჭირო ზომას „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის რეგულაციის დებულებების შესაბამისად, პროგრამის საქმიანობის ეროვნულ დონეზე კოორდინაციისა და ორგანიზებისთვის. კერძოდ, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ დააფუძნებს „შემოქმედებითი ევროპის“ ბიუროს „შემოქმედებითი ევროპის“ რეგულაციიის 7(1)(d) მუხლისა და კომისიის მიერ უზრუნველყოფილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

4. საქართველო ისარგებლებს „შემოქმედებითი ევროპის“ რეგულაციის 24-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ „შემოქმედებითი ევროპის“ კომიტეტში და მის ქვეჯგუფებში წარმომადგენლობისა და მონაწილეობის იმავე უფლებებით, რომლებიც ვრცელდება ასოცირებულ ქვეყნებზე. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, რომ მონაწილეობა მიიღონ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის განხორციელების მონიტორინგზე პასუხისმგებელ კომიტეტში დამკვირვებლის სტატუსით, ხმის უფლების გარეშე, რასთან დაკავშირებითაც საქართველო შეიტანს ფინანსურ წვლილს მასთან დაკავშირებული საკითხებისთვის.

5. „შემოქმედებითი ევროპის“ რეგულაციის 24-ე მუხლით განსაზღვრული კომიტეტის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის ან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ გაღებული სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები ანაზღაურდება კომისიის მიერ იმავე პირობებით და იმავე მოქმედი პროცედურების შესაბამისად, რომლებიც ძალაშია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის.

6. მხარეები ყოველნაირად ეცდებიან, შესასრულებლად სავალდებულო მოქმედი დებულებების ფარგლებში, რომ ხელი შეუწყონ ამ შეთანხმებით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილე არტისტების, ჟურნალისტებისა და პროფესიონალების თავისუფალ გადაადგილებას და ცხოვრებას და ასეთი საქმიანობისთვის გამიზნული საქონლისა და მომსახურების საზღვრებზე გადაადგილებას.

7. საქართველო განახორციელებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საჭიროების მიხედვით, რათა უზრუნველყოს ამ შეთანხმებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით დადებული საგრანტო შეთანხმებების და/ან კონტრაქტების ფარგლებში ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსებული და საქართველოში შეძენილი ან საქართველოში იმპორტირებული საქონლის და მომსახურების განთავისუფლება საბაჟო მოსაკრებლებისგან, იმპორტის გადასახადისგან და სხვა ფისკალური მოსაკრებლებისგან, მათ შორის, დღგ-სგან, რომლებიც გამოიყენება საქართველოში.

8. საქართველო გამოიყენებს ინგლისურ ენას კომისიასთან კომუნიკაციისთვის, მოთხოვნებთან, კონტრაქტებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე პროგრამის სხვა ადმინისტრაციულ ასპექტებთან დაკავშირებით.

მუხლი 3

ფინანსური შენატანი

1. საქართველოს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საქართველოს იურიდიული პირების მონაწილეობა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში დაექვემდებარება საქართველოს მიერ ფინანსური შენატანის უზრუნველყოფას პროგრამისთვის, მასთან დაკავშირებული მართვის საქმიანობისთვის, მისი განხორციელებისა და საოპერაციო ხარჯებისთვის, კავშირის საერთო ბიუჯეტის ფარგლებში (შემდგომში მოხსენებული, როგორც „კავშირის ბიუჯეტი“).

2. ფინანსურ შენატანს აქვს შემდეგი ფორმები:

საოპერაციო შენატანი; და

მონაწილეობის მოსაკრებელი.

3. ფინანსურ შენატანს აქვს ყოველწლიური გადასახადის ფორმა და გადახდილი უნდა იქნეს ერთჯერადად, ფონდების მოთხოვნის შემდეგ, ასეთი მოთხოვნის თარიღიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

4. საოპერაციო შენატანით დაიფარება პროგრამის საოპერაციო და მხარდაჭერის ხარჯები და ასევე დაიხარჯება ვალდებულებებისა და გადახდების ასიგნებებისთვის, კავშირის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების ფარგლებში, რომლებიც საბოლოოდ დამტკიცებულია „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამისთვის.

5. საოპერაციო შენატანი დაეფუძნება შენატანის ინდექსს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საბაზრო ფასებით გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თანაფარდობას კავშირის მშპ-სთან საბაზრო ფასებში. საბაზრო ფასებში გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტების ოდენობა განისაზღვრება კავშირის მიერ უახლესი სტატისტიკის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია საბიუჯეტო გაანგარიშებების მიზნით იმ წლის წინა წლისთვის, როდესაც გადასახდელია ყოველწლიური შენატანი. გამონაკლისის სახით, 2021 წლისთვის საოპერაციო შენატანი დაეფუძნება 2019 წლის საბაზრო ფასებით გამოხატულ მშპ-ს. შენატანის ინდექსის კორექტირების წესი განსაზღვრულია პირველი დანართით.

6. პირველადი საოპერაციო შენატანი გამოითვლება კორექტირებული შენატანის ინდექსის გამოყენებით, პირველადი ვალდებულებების ასიგნებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეტანილია კავშირის ბიუჯეტში და საბოლოოდ დამტკიცებულია შესაბამის წელს პროგრამის დაფინანსებისთვის.

7. მონაწილეობის მოსაკრებელი შეადგენს წლიური საწყისი საოპერაციო შენატანის 4%-ს, როგორც გამოთვლილია მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და ის დაიყოფა ეტაპებად პირველი დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

8. კავშირი მიაწვდის საქართველოს ინფორმაციას მისი ფინანსური მონაწილეობის თაობაზე, როგორც ასახულია „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამასთან დაკავშირებით კავშირის საბიუჯეტო და აღმასრულებელი ორგანოებისთვის გადაცემულ საბიუჯეტო, საბუღალტრო, შესრულებისა და შეფასების შესახებ ინფორმაციაში. ამ ინფორმაციის გადაცემა უნდა განხორციელდეს საქართველოსა და კავშირის კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის წესების სათანადოდ გათვალისწინებით და ზიანი არ უნდა მიადგეს ინფორმაციას, რომლის მიღების უფლებაც აქვს საქართველოს მე-2 დანართის შესაბამისად.

9. საქართველოს ყველა შენატანი და კავშირის მიერ ყველა გადახდა, ასევე გადასახდელი და მისაღები თანხების გაანგარიშება განხორციელდება ევროში.

მუხლი 4

მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება

1.  კომისიის პასუხისმგებლობებისთვის ზიანის მიუყენებლად, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (OLAF) და ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლო, პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით,  მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ საქართველოს პროგრამაში მონაწილეობას, პარტნიორობის საფუძველზე და საქართველოსა და კომისიის ჩართულობით.

2. ამ შეთანხმების შესაბამისად კავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებით რაციონალური ფინანსური მართვის, მათ შორის, ფინანსური კონტროლის, კომპენსირების და  თაღლითობასთან  ბრძოლის წესები განსაზღვრულია მე-2 დანართით.

მუხლი 5

სხვა  საერთაშორისო შეთანხმებებთან ურთიერთობა

ეს შეთანხმება განხორციელდება მხარეების მოვალეობების შესაბამისად,  რომლებიც განსაზღვრულია იუნესკოს 2005 წლის კონვენციით „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“.

მუხლი 6

დასკვნითი დებულებები

1. ეს შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღიდან, როდესაც მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ ამ მიზნისათვის საჭირო მათი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

2. ეს შეთანხმება გამოყენებული იქნება 2021 წლის 1 იანვრიდან. ის ძალაში დარჩება ისეთი ვადით, როგორც საჭირო იქნება  პროგრამით დაფინანსებული ყველა პროექტისა და საქმიანობისთვის, ყველა ღონისძიებისთვის, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დასაცავად და ყველა ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, რომლებიც წარმოიშვება მხარეებს შორის ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

3. საქართველოსა და კავშირს შეუძლიათ გამოიყენონ ეს შეთანხმება დროებით, მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, მათი შესაბამისი შიდა პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. დროებითი გამოყენება დაიწყება იმ თარიღიდან, როდესაც მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ ამ მიზნისათვის საჭირო მათი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

4. თუ საქართველო შეატყობინებს კომისიას, რომელიც მოქმედებს კავშირის სახელით, რომ ის არ დაასრულებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო მის შიდა პროცედურებს, ამ შეთანხმების გამოყენება შეწყდება კომისიის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან და ეს თარიღი ჩაითვლება შეწყვეტის თარიღად ამ შეთანხმების მიზნებისთვის.

5. ამ შეთანხმების გამოყენება შეიძლება შეჩერდეს კავშირის ინიციატივით, საქართველოს მიერ ფინანსური ან საოპერაციო შენატანის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აღწერილია პირველი დანართის მეორე ნაწილის მე-3 პუნქტით.

კომისია  ოფიციალური წერილით შეატყობინებს საქართველოს ამ შეთანხმების გამოყენების შეჩერების შესახებ, რომელიც ძალაში შევა საქართველოს მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ შეჩერდება ამ შეთანხმების გამოყენება, საქართველოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირებს არ ექნებათ იმ საგრანტო პროცედურებში მონაწილეობის უფლება, რომლებიც  შეჩერების მომენტისთვის დასრულებული არ არის. საგრანტო პროცედურები დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც წარმოიშვება სამართლებრივი ვალდებულებები ამ პროცედურის შედეგად.

შეჩერება გავლენას არ მოახდენს საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირების სამართლებრივ ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოშობილია შეჩერების ძალაში შესვლამდე. ეს შეთანხმება გააგრძელებს მოქმედებას ასეთი სამართლებრივი ვალდებულებების მიმართ.

კომისია დაუყოვნებლივ შეატყობინებს საქართველოს, როდესაც გადასახდელი ფინანსური ან საოპერაციო შენატანის თანხა სრულად იქნება მიღებული კომისიის მიერ. შეჩერება გაუქმდება და დაუყოვნებლივ შევა ძალაში ამ შეტყობინების მიღების შემდეგ.

შეჩერების გაუქმების თარიღიდან საქართველოს იურიდიული პირები ისევ შეძლებენ იმ საგრანტო პროცედურებში მონაწილეობას, რომლებიც გამოცხადდება  ამ თარიღის შემდეგ და რომლებიც გამოცხადებულია ამ თარიღამდე, რომელთა ფარგლებშიც განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა ამოწურული არ არის.

6. თითოეულ მხარეს  ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება წერილობითი შეტყობინებით, სადაც მითითებული იქნება შეთანხმების შეწყვეტის განზრახვა.

შეწყვეტა ძალაში შევა სამი კალენდარული თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც ადრესატი მიიღებს წერილობით შეტყობინებას. შეწყვეტის ამოქმედების თარიღი წარმოადგენს შეწყვეტის თარიღს ამ შეთანხმების მიზნებისთვის.

7. თუ ამ შეთანხმების დროებითი გამოყენება შეწყდება მე-4 პუნქტის მიხედვით ან შეთანხმება შეწყდება მე-6 პუნქტის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ:

(a)  პროექტები, საქმიანობა და ღონისძიებები ან მათი ნაწილი, რომლებთან დაკავშირებითაც წარმოიშვა სამართლებრივი ვალდებულებები დროებითი გამოყენების დროს და/ან ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ და ამ შეთანხმების გამოყენების ან მოქმედების შეწყვეტამდე, გაგრძელდება მათ დასრულებამდე ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

(b)   ყოველწლიური ფინანსური შენატანი N წლისთვის, რომლის განმავლობაშიც შეწყდება შეთანხმების დროებითი გამოყენება ან მისი მოქმედება, გადახდილი იქნება სრულად მე-3 მუხლის შესაბამისად.

მხარეები საერთო თანხმობით გადაწყვეტენ ამ შეთანხმების დროებითი გამოყენების შეწყვეტის ან შეჩერების ნებისმიერ სხვა შედეგს.

8. ეს შეთანხმება შეიძლება შესწორდეს მხოლოდ წერილობით, მხარეების  საერთო თანხმობით. შესწორების ძალაში შესვლაზე გავრცელდება იგივე პროცედურა, რომელიც გამოიყენება შეთანხმების ძალაში შესვლისათვის.

9. ამ შეთანხმების დანართები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

ეს შეთანხმება შესრულებულია ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ვერსიას.


ხელმოწერილია ოთხ დედნად ქართულ და ინგლისურ ენებზე,

ქ. თბილისში, 2021 წლის 2 დეკემბერს და, ქ. ბრიუსელში, 2021 წლის 6 დეკემბერს.

 

საქართველოს  სახელით:

 

 

თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი

 

ევროკავშირის სახელით:

 

 

მარია გაბრიელი

ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისარი

 

დანართი I: „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში საქართველოს ფინანსური შენატანის მარეგულირებელი წესები (2021-2027).

დანართი II: რაციონალური ფინანსური მართვა.

 

დანართი I



„შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს ფინანსური შენატანის მარეგულირებელი წესები

 

I. საქართველოს ფინანსური შენატანის გამოთვლა

1. საქართველოს პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური შენატანი დადგინდება ყოველწლიურ საფუძველზე, პროგრამის მართვის, განხორციელებისა და ოპერირებისთვის საჭირო ვალდებულებების ასიგნებებისთვის, კავშირის ბიუჯეტში ყოველ წელს ხელმისაწვდომი თანხის პროპორციულად და მასზე დამატებით.

2. ამ შეთანხმების 3 (7) მუხლით დადგენილი მონაწილეობის შენატანი განისაზღვრება ეტაპების მიხედვით შემდეგნაირად:

2021: 0,5%;

2022: 1.0%;

2023: 1,5%;

2024: 2.0%;

2025: 2,5%;

2026: 3.0%;

2027: 4.0%.

3. ამ შეთანხმების 3 (5) მუხლის შესაბამისად, საქართველოს მიერ  პროგრამაში მონაწილეობისთვის გადასახდელი პირველადი საოპერაციო შენატანი გამოითვლება შესაბამისი საფინანსო წლებისთვის შენატანის ინდექსის კორექტირების მეშვეობით.

შენატანის ინდექსის კორექტირება განხორციელდება შემდეგნაირად:

კორექტირებული შენატანის ინდექსი = შენატანის ინდექსი × კოეფიციენტი.

შენატანის ინდექსის კორექტირებისას ზევით განსაზღვრული კალკულაციისთვის კოეფიციენტი იქნება 0.55.

 

II.საქართველოს ფინანსური შენატანის გადახდა

1. კომისია მიაწვდის საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად და არაუგვიანეს ფინანსური წლისთვის ფონდების პირველად მოთხოვნისა, შემდეგ ინფორმაციას:

კავშირის ბიუჯეტში ვალდებულებების ასიგნებების ოდენობა, რაც საბოლოოდ განსაზღვრულია შესაბამისი წლის ბიუჯეტის იმ პუნქტებისთვის, რომლებიც ეხება საქართველოს პროგრამაში მონაწილეობას;

ამ შეთანხმების 3 (7) მუხლით განსაზღვრული მონაწილეობის შენატანის ოდენობა.

ბიუჯეტის პროექტის საფუძველზე კომისია უზრუნველყოფს მომავალი წლისთვის (a) და (b) პუნქტებით განსაზღვრული ოდენობების გაანგარიშებას, რაც შეიძლება სწრაფად და არაუგვიანეს ფინანსური წლის 1 სექტემბრისა.

2. კომისია საქართველოს წარუდგენს, თითოეული ფინანსური წლის არაუგვიანეს აპრილის თვისა, თანხის გადახდის მოთხოვნას ამ შეთანხმებით განსაზღვრული მისი წილის შესაბამისად.

ფულადი სახსრების თითოეული მოთხოვნა უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს შენატანის გადახდას ამ მოთხოვნიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

ამ შეთანხმების განხორციელების პირველი წლისთვის კომისია წარადგენს ფონდების მოთხოვნას ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 60 დღის განმავლობაში.

3. საქართველო ამ შეთანხმებით განსაზღვრულ მის ფინანსურ შენატანს გადაიხდის ამ შეთანხმების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. თუ საქართველო ვერ შეძლებს ამ შენატანის გადახდას განსაზღვრული თარიღისთვის, კომისია გაუგზავნის მას შეხსენების ოფიციალურ წერილს.

ფინანსური შენატანის გადახდის ნებისმიერი დაგვიანების შემთხვევაში საქართველოს მიერ გადასახდელ  თანხას დაერიცხება  პროცენტი თანხის გადახდის გადაცილების  თარიღიდან.

საპროცენტო განაკვეთი იმ მისაღები თანხისთვის, რომელიც გადახდილი არ არის დადგენილი თარიღისთვის, იქნება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის გამოყენებული ტარიფი, როგორც გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის C სერიებში და რომელიც ძალაშია იმ თვის პირველ კალენდარულ დღეს, როდესაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, გაზრდილი ერთნახევარი პროცენტული პუნქტით.

იმ შემთხვევაში, თუ შენატანის გადაუხდელობას აქვს ისეთი ხასიათი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას  პროგრამის განხორციელებასა და მართვას, საქართველოს პროგრამაში მონაწილეობა შეიძლება შეჩერდეს კომისიის მიერ, შეხსენების ოფიციალური წერილის მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კავშირის იმ მოვალეობებისთვის ზიანის მიუყენებლად, რომლებიც განსაზღვრულია უკვე დადებული საგრანტო შეთანხმებებით და/ან კონტრაქტებით და რომლებიც ეხება იმ არაპირდაპირი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებისთვისაც შერჩეული იყო საქართველო.

 

დანართი II

რაციონალური ფინანსური მართვა
 ფინანსური ინტერესების დაცვა და კომპენსაცია

 

მუხლი 1

განხილვები და აუდიტი

1. ევროკავშირს უფლება აქვს, რომ კავშირის ერთი ან მეტი ინსტიტუტის ან ორგანოს მოქმედი აქტების საფუძველზე, შესაბამისი შეთანხმებებით და/ან კონტრაქტებით განსაზღვრული პირობების მიხედვით და მისი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ტექნიკური, სამეცნიერო, ფინანსური ან სხვა სახის განხილვა და აუდიტი საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ფიზიკური პირის ან საქართველოში დაფუძნებული ნებისმიერი იურიდიული პირის ტერიტორიაზე, რომელიც იღებს ევროკავშირის დაფინანსებას, ასევე ნებისმიერი მესამე მხარის ტერიტორიაზე, რომელიც ჩართულია კავშირის ფონდებით დაფინანსებული საქმიანობის განხორციელებაში და ცხოვრობს ან დაფუძნებულია საქართველოში. ასეთი განხილვა და აუდიტი შეიძლება ჩატარდეს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ორგანოების აგენტების მიერ, კერძოდ, ევროპული კომისიისა და ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლოს მიერ,  ან ევროპული კომისიის უფლებამოსილი სხვა პირების მიერ.

2. ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ორგანოების, კერძოდ, ევროპული კომისიისა და ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლოს აგენტები და ევროპული კომისიის მიერ უფლებამოსილი სხვა პირები უზრუნველყოფილი იქნებიან ადგილებზე, სამუშაოზე და დოკუმენტებზე (როგორც ელექტრონული, ისე ქაღალდის ვერსია) სათანადო ხელმისაწვდომობით, ასევე ყველა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით,  რომელიც საჭიროა ასეთი აუდიტის ჩასატარებლად, მათ შორის უფლებით, რომ მიიღონ ნებისმიერი დოკუმენტის ფიზიკური/ელექტრონული ასლი და მისი ნაწილი, ან ნებისმიერი ინფორმაციის მატარებლის შინაარსი, რომელსაც ფლობს აუდიტს დაქვემდებარებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან აუდიტს დაქვემდებარებული მესამე მხარე.

3. საქართველო ხელს არ შეუშლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აგენტებისა და სხვა პირების საქართველოში შესვლას და შენობებზე ხელმისაწვდომობას და არ შეუქმნის მათ ნებისმიერ კონკრეტულ დაბრკოლებას, ამ მუხლით განსაზღვრული მათი მოვალეობების განხორციელების დროს.

4. შემოწმებები და აუდიტები შესაძლოა ჩატარდეს ამ შეთანხმების ამოწურვის ან შეწყვეტის, ან საქართველოს პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის მიუხედავად, ასევე მას შემდეგ, როდესაც ძალაში შევა ამოწურვა, შეწყვეტა ან მონაწილეობის შესაბამისი შეწყვეტა, ევროკავშირის ერთი ან მეტი ინსტიტუტისა და ორგანოს მოქმედი აქტებით დადგენილი პირობების მიხედვით და როგორც განსაზღვრულია შესაბამისი შეთანხმებებით და/ან კონტრაქტებით, ევროკავშირის ბიუჯეტის შესრულების ნებისმიერ სამართლებრივ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც დადებულია ევროკავშირთან და მის მიერ ამ შეთანხმების ამოწურვის თარიღამდე ან ამ შეთანხმების შეწყვეტის ან ამოწურვის ძალაში შესვლამდე.

მუხლი 2
დარღვევების, თაღლითობის და სხვა კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც გავლენას ახდენს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე

1. ევროპულ კომისიას და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (OLAF) უფლება აქვთ, რომ აწარმოონ ადმინისტრაციული გამოძიება, მათ შორის, ადილზე შემოწმებები და ინსპექციები საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთი გამოძიებები ჩატარდება კავშირის ერთი ან მეტი ინსტიტუტის მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესების და პირობების შესაბამისად.

2. საქართველოს კომპეტენტური ორგანოები გონივრულ ვადაში აცნობებენ ევროპულ კომისიას ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ნებისმიერი ფაქტის ან საეჭვო სიტუაციის შესახებ, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა და დაკავშირებულია დარღვევებთან, თაღლითობასთან ან სხვა უკანონო საქმიანობასთან, რაც გავლენას ახდენს კავშირის ფინანსურ ინტერესებზე.

3. ადგილზე შემოწმება და ინსპექცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ფიზიკური პირის ან საქართველოში დაფუძნებული ნებისმიერი იურიდიული პირის შენობაში, რომელიც იღებს კავშირის დაფინანსებას, ასევე საქართველოში მცხოვრები ან დაფუძნებული ნებისმიერი მესამე მხარის შენობაში, რომელიც ჩართულია კავშირის მიერ დაფინანსებული საქმიანობის განხორციელებაში.

4. ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები მომზადდება და განხორციელდება ევროპული კომისიის ან ევროპის თაღლითობას წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს მიერ საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. დანიშნულ ორგანოს გონივრულ ვადაში წინასწარ ეცნობება შემოწმებებისა და ინსპექციების საგანი, მიზანი და სამართლებრივი საფუძველი ისე, რომ მან შეძლოს დახმარების გაწევა. ამ მიზნით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოს ოფიციალურ პირებს შეუძლიათ ადგილზე შემოწმებებსა და ინსპექციებში მონაწილეობა.

5. საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები შეიძლება განხორციელდეს ერთობლივად, ევროპულ კომისიასთან ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან ერთად. 

6. კომისიის აგენტებს და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს პერსონალს ექნებათ წვდომა ყველა ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე, მათ შორის, კომპიუტერულ მონაცემებზე, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს და საჭიროა ადგილზე სათანადო შემოწმებისა და ინსპექციის ჩასატარებლად. კერძოდ, მათ შეუძლიათ განახორციელონ შესაბამისი დოკუმენტების ასლების გადაღება.

7. როდესაც ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან მესამე მხარე ეწინააღმდეგება ადგილზე შემოწმებას ან ინსპექციას, საქართველოს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც მოქმედებს ეროვნული წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, დაეხმარება ევროპულ კომისიას ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს, რათა მისცეს მათ საკუთარი მოვალეობის შესრულების და ადგილზე შემოწმებისა და ინსპექციის ჩატარების საშუალება. ასეთი დახმარება მოიცავს სიფრთხილის სათანადო ზომების მიღებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, მტკიცებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავალსაზრისით.

8. ევროპული კომისია ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს ასეთი შემოწმებებისა და ინსპექციების შესახებ. კერძოდ, ევროპული კომისია ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო რაც შეიძლება სწრაფად აცნობებს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს დარღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტის ან საეჭვო სიტუაციის შესახებ, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ადგილზე შემოწმების ან ინსპექციის დროს.

9.  საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებისთვის ზიანის მიუყენებლად, ევროპულ კომისიას შეუძლია ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად დააკისროს ადმინისტრაციული სახდელები და ჯარიმები საქართველოს ფიზიკურ ან იურიდულ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამის ან საქმიანობის განხორციელებაში.

10. ამ მუხლის სათანადოდ აღსრულებისთვის საქართველოს კომპეტენტური ორგანოები და ევროპული კომისია ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას და ამ შეთანხმების ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში კონსულტაციას გაუწევენ ერთმანეთს.

11. ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით საქართველო დანიშნავს საკონტაქტო პირს.

12. საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს და ევროპულ კომისიას ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შორის ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება კონფიდენციალურობის მოთხოვნების სათანადოდ დაცვით. ინფორმაციის გაცვლისას პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი წესების შესაბამისად.

13. საქართველოს ხელისუფლება ითანამშრომლებს ევროპის საზოგადოებრივ პროკურატურასთან, რათა მისცეს მას საშუალება, რომ შეასრულოს საკუთარი მოვალეობა, კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლოს გადასცეს სისხლის სამართლის დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ფაქტები, რომლებიც გავლენას ახდენს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე.


მუხლი 3
კომპენსაცია და აღსრულება

1. ევროპული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პროგრამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც ხდება ფულადი ვალდებულების დაკისრება ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე, რომლებიც არ არიან სახელმწიფოები, აღსრულდება საქართველოში. გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს აღსრულების ბრძანება, სხვა ფორმალობების გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიზნით დანიშნული ეროვნული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების ნამდვილობის შემოწმების გარდა. საქართველოს მთავრობა კომისიას და მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს აცნობებს მის მიერ დანიშნული ეროვნული ორგანოს შესახებ. ამ დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად ევროპულ კომისიას უფლება აქვს, რომ აცნობოს ასეთი აღსრულებადი გადაწყვეტილებები პირდაპირ საქართველოში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს და საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, მისი კანონმდებლობის შესაბამისად.  აღსრულება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და პროცედურული წესების შესაბამისად.

2. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განჩინებები და ბრძანებები, რომლებიც მიღებულია კავშირის პროგრამებთან, საქმიანობასთან, ღონისძიებებთან ან პროექტებთან დაკავშირებულ კონტრაქტში ან შეთანხმებაში მოცემული არბიტრაჟის შესახებ დებულების გამოყენებით, აღსრულდება საქართველოში ისევე, როგორც პირველი პუნქტით განსაზღვრული ევროპული კომისიის გადაწყვეტილებები.

3. მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს უფლება აქვს, რომ განიხილოს კომისიის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების კანონიერება და შეაჩეროს მისი ძალაში შესვლა. თუმცა საქართველოს სასამართლოების იურისდიქცია ვრცელდება იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება აღსრულების პროცესში არსებულ დარღვევებს.


მუხლი 4
კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა

ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ორგანოებს, რომლებიც ჩართული არიან  პროგრამის განხორციელებაში ან ახორციელებენ პროგრამის კონტროლს, უფლება აქვთ, რომ დაამყარონ პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის ელექტრონული გაცვლის სისტემების მეშვეობით, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირთან ან საქართველოში დაფუძნებულ ნებისმიერ იურიდიულ პირთან, რომელიც იღებს კავშირის დაფინანსებას, ასევე - კავშირის ფონდებით დაფინანსებულ საქმიანობაში ჩართულ ნებისმიერ მესამე მხარესთან, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია საქართველოში. ასეთ პირებს, ერთეულებსა და მხარეებს შეუძლიათ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ორგანოებს პირდაპირ წარუდგინონ ყველა სათანადო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომლის წარდგენაც მოეთხოვებათ მათ კავშირის პროგრამის მიმართ მოქმედი ევროკავშირის კანონმდებლობით და პროგრამის განხორციელების მიზნით დადებული კონტრაქტებითა და შეთანხმებებით.

 


[4]ევროკავშირის შემზღუდველი ზომები მიღებულია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 29-ე მუხლის ან ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 215-ე მუხლის შესაბამისად.