სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.023210
3
12/01/2022
ვებგვერდი, 13/01/2022
430060000.10.003.023210
სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №3

2022 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები

 

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში − საგანმანათლებლო დაწესებულება), სწავლის პროცესში, ყოველწლიურად იქმნება გარკვეული რაოდენობის პროდუქცია. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ასევე უფლება  აქვთ,  განახორციელონ გარკვეული სახის მომსახურება ან/და აწარმოონ სხვადასხვა სახის პროდუქცია, მოახდინონ მისი რეალიზაცია და მიიღონ შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან. აღნიშნული ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგრადობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებას, სასწავლო პროცესის განვითარებას, სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოპოვებას, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობის/პროცესების განვითარებასა და შექმნილი პროდუქციის/გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკურ საქმიანობას და აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხელს უნდა უწყობდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების შესრულებას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც შეიძლება, იყოს:

ა)  საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მისი  საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

ბ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სამეწარმეო უნარებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა;

გ) სასწავლო პროცესში ეკონომიკური საქმიანობის ინტეგრირებით პროფესიულ სტუდენტთა მომზადების  ხელშეწყობა;

დ) ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის (პროფესიული სტუდენტების სახით) სამუშაო ბაზარზე ირიბად შესვლის  ხელშეწყობა, საგანმანათლებლო  პროგრამის  დამთავრებამდე;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;

ვ) პროფესიული და სამეწარმეო  უნარების  განვითარებით კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების  ზრდის ხელშეწყობა;

ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებაში;

თ) შრომის ბაზარზე პროფესიული  განათლების კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა და მათ მიმართ  სანდოობის გაზრდა;

ი) საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული სტუდენტების/კურსდამთავრებულების ურთიერთობების გამყარება პარტნიორ-ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებთან, მათ შორის, კლიენტებთან;

კ) საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობადობის, ინტერესისა და იმიჯის ამაღლება.

მუხლი 2. რეგულირების მიზანი

ამ წესისა და პირობების (შემდგომში − წესი) მიზანია, უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სრული დანახარჯების გათვალისწინება, რესურსების განაწილება, აღრიცხვა და ანგარიშგება, მომგებიანობის გაზრდა და მიღებული შემოსავლების ეფექტიანი განაწილება, საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების მიღწევის ხელშესაწყობად.

მუხლი 3. წესის გავრცელების სფერო

1. წესი ვრცელდება სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც  ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად.

2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 − მე-6 პუნქტების, მე-10 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთი პროდუქციის რეალიზაციის ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევის შემთხვევაზე, რომელიც ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში არაორგანიზებულად (არაფორმალიზებული ეკონომიკური საქმიანობის კუთხით) და ერთჯერადად, საანგარიშო წლის განმავლობაში.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა − საგანმანათლებლო პროცესში ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის პროფილის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა;

ბ) ეკონომიკური საქმიანობის განაცხადი − საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობის დაწყების მიზნით მომზადებული  განაცხადი, რომელიც წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების გზამკვლევსა და საფუძველს;

გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ფორმა − ფინანსურ ანგარიშთა პაკეტი, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება აწარმოებს „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანების შესაბამისად;

დ) ეკონომიკური საქმიანობის რეესტრი − საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოებული  ჯამური/კრებსითი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში განხორციელებული ყველა ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ინდიკატორებსა და  პარამეტრებს;

ე) სარეზერვო დანახარჯები − საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უძრავი/მოძრავი ქონების ან/და შრომითი რესურსის უსასყიდლოდ გამოყენებისთვის დაანგარიშებული პირობითი დანახარჯის მოცულობა;

ვ) ძირითადი ინდიკატორი − ეკონომიკური და საგანმანათლებლო საქმიანობის მოცულობის უნივერსალური საზომი ერთეული (მაგ:, კაც/საათი, მანქანა/საათი, კვ/სთ და ა.შ.);

ზ) ნედლეული − პირველადი ნედლეული და მასალა, რომელზეც სამუშაო ძალით ან/და მანქანა/დანადგარების ზემოქმედების შედეგად მიიღება დასრულებული პროდუქტი;

თ) დასრულებული პროდუქტი − ნედლეულის დამუშავების შედეგად მიღებული საქონელი, რომელსაც გააჩნია სასაქონლო სახე და ექვემდებარება რეალიზაციას დასრულებული პროდუქტის სახით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

მუხლი 5. საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და უფლებამოსილება

1. საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე სასწავლო პროცესში ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის პროფილის ფარგლებში შექმნილი შესაბამისი პროდუქციის რეალიზაციით ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევით.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის შეძენილი მატერიალური მარაგების გამოყენება სასწავლო ან/და სხვა საქმიანობისათვის არ არის ნებადართული ისევე, როგორც ეკონომიკური საქმიანობისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული ის მატერიალური მარაგები, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისათვის და არ ხდება სწავლების პროცესში შექმნილი დასრულებული პროდუქტის სახით მათი რეალიზაცია ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა.

3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს როგორც საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა, ისე საგანმანათლებლო პროცესისგან განცალკევებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის პროფილის ფარგლებში, ცალკე საწარმოო ან/და მომსახურების ხაზის ჩამოყალიბება, ორგანიზება და შექმნილი პროდუქციის/მომსახურების რეალიზაცია.

4.  საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოახდინოს მხოლოდ დასრულებული პროდუქტის რეალიზაცია. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ასევე შესაძლებელია, განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ნედლეულის რეალიზაცია სათანადო დასაბუთებისა და რესურსების ეკონომიურად, პროდუქტიულად და ეფექტიანად გამოყენების პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა და მიიღოს შემოსავალი მხოლოდ ისეთი აქტივობებიდან, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე.

6. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დაცული უნდა იყოს ის თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპები და მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის პრინციპები

1. სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების რეალიზაციიდან და დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობიდან მოზიდული სახსრები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მოხმარდეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების მიღწევასა და მისი ფუნქციების შესრულებას.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები უარყოფითად აისახოს საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გადაცემულ უძრავ-მოძრავ ქონებასა და სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებაზე, სამართლებრივი, ფინანსური, მატერიალური, ფიზიკური ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით.

მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური და საგანმანათლებლო საქმიანობის სააღრიცხვო ნაწილი უნდა იყოს გამიჯნული.

2. ეკონომიკური საქმიანობის ყველა აქტივისა და ვალდებულების აღრიცხვა უნდა მოხდეს შესაბამის ანგარიშებზე (მათ შორის: სალაროს მოძრაობა, ფულადი სახსრების მოძრაობა, მატერიალური მარაგები, სავაჭრო ვალდებულებები, სახელფასო ვალდებულებები და ა.შ.).

3. ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა უნდა მოხდეს ყოველთვიურად დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების მიხედვით.

4. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ნაშთების რეგულარული ინვენტარიზაცია და შედეგების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში, მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე უფლებამოსილებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების დაკისრება და სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.

5. საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დასრულებული პროდუქტის რეალიზაციისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მოახდინოს აღნიშნული სარეალიზაციო პროდუქტის გადაცემა საგანმანათლებლო პროგრამის ანგარიშგების ერთეულიდან ეკონომიკური საქმიანობის ანგარიშგების ერთეულზე. სარეალიზაციო პროდუქტის გადაცემა გულისხმობს:

ა) სარეალიზაციო პროდუქტის რაოდენობრივ/თანხობრივ გადატანას საგანმანათლებლო პროგრამის ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური ანგარიშიდან ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალურ ანგარიშზე;

ბ) სარეალიზაციო პროდუქტის გადაცემას საგანმანათლებლო პროგრამის მატერიალური საწყობიდან ეკონომიკური საქმიანობის მატერიალურ საწყობზე;

გ) შიდასარეალიზაციო გატარებას, რომლის შედეგადაც ეკონომიკური საქმიანობის ერთეულს წარმოეშობა ვალდებულება საგანმანათლებლო პროგრამის ერთეულის წინაშე გადაცემული საქონლის თვითღირებულების ოდენობით;

დ) სხვა დაკავშირებულ ოპერაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ზემოაღნიშნული გადაცემის მოქმედების შესრულებას.

მუხლი 8. საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება

1. საგანმანათლებლო დაწესებულება, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია რესურსების კანონიერ, პროდუქტიულ გამოყენებასა და პროცესების ეფექტიან მართვაზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი მოახდენს უფლებამოსილებების დელეგირებას, შესაბამისი დოკუმენტით უნდა განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი/პირები, მათი ფუნქციები, უფლებამოსილებები, პასუხისმგებლობები და ანგარიშვალდებულებები.

3. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პერიოდული მონიტორინგი და ანალიზი განსაზღვრული კრიტერიუმებით დაგეგმილ მაჩვენებლებსა (მათ შორის, საბიუჯეტო) და მიზნების მიღწევასთან მიმართებით.

4. დაგეგმილი მაჩვენებლებისა (მათ შორის, საბიუჯეტო) და ეკონომიკური საქმიანობის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიზეზების იდენტიფიცირება, ანალიზი და სათანადო ცვლილებების განხორციელება.

5. საგანმანათლებლო დაწესებულება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ და მიუღწეველ შედეგებზე/მიზნებზე და განსაზღვრულ მაჩვენებლებზე, როგორც ფინანსურზე, ისე არაფინანსურზე, ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ეკონომიკური საქმიანობის რეესტრზე დაყრდნობით, ანგარიშვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების საზედამხედველო ორგანოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის განმხილველ საბჭოსთან (საზედამხედველო ორგანოს არარსებობის შემთხვევაში).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, საზედამხედველო ორგანო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ეკონომიკური საქმიანობის კონკრეტული მიმართულებების/აქტივობების გაგრძელების, შეწყვეტის ან ცვლილებების შესახებ. საზედამხედველო ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ ინფორმაციას განიხილავს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის განმხილველი საბჭო და იღებს დასაბუთებული სახით ზემოთ მოცემული გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთს.

7. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის განმხილველი საბჭო კომპლექტდება საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისგან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, შესაძლებელია, მოწვეული პირების ჩართვაც.

მუხლი 9.  ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად რესურსების გამოყენება, შენახვა და აღრიცხვა

1. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება, იმ დაშვებით, რომ აღნიშნული უარყოფითად არ იმოქმედებს სწავლების ხარისხზე.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გამოყენების შემთხვევაში, წარმოებული პროდუქციის ან/და მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცვეთის ხარჯები.

3. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პროფესიული განათლების მასწავლებლისა და პროფესიული სტუდენტის შრომითი რესურსი, საგანმანათლებლო პროგრამისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების გათვალისწინებით, იმ დაშვებით, რომ  უარყოფითად არ იმოქმედებს სწავლების ხარისხზე.

4. პროფესიული განათლების მასწავლებლის ან/და პროფესიული სტუდენტის მიერ გაწეული შრომა, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიიღებს უსასყიდლოდ, მმართველობითი აღრიცხვისა და სარეალიზაციო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისთვის დაანგარიშებული უნდა იყოს ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის სექტორში არსებული საშუალო სახელფასო განაკვეთის (საათობრივი/დღიური/თვიური) ოდენობით. პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაანგარიშება მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის სექტორში არსებული მინიმალური სახელფასო განაკვეთის (საათობრივი/დღიური/თვიური) ოდენობით.

5. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განცალკევებულად უნდა მოხდეს ეკონომიკური საქმიანობისთვის შესყიდული მატერიალური მარაგების შენახვა, დასაწყობება და აღრიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვერ ხერხდება მატერიალური მარაგების განცალკევებით დასაწყობება, შესაძლებელი უნდა იყოს მათი იდენტიფიცირება, ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი მარაგების აღრიცხვის მიზნით.

6. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება უნდა იყოს დოკუმენტირებული და შენახული საქართველოს კანონმდებლობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული საქმისწარმოებისა და არქივაციის წესის შესაბამისად.

მუხლი 10. ეკონომიკური საქმიანობის განაცხადი და რეესტრი

1. პროდუქციის რეალიზაციისათვის ან/და ანაზღაურებადი მომსახურების განსახორციელებლად საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეისწავლოს საკუთარი პოტენციალი ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად და უნდა მოახდინოს მისი დეტალური ანალიზი, რათა თანმიმდევრულად და ოპტიმალურად შეარჩიოს და განახორციელოს იმ პროდუქციის ან/და მომსახურების კომერციალიზაცია, რომლის ეკონომიკური და საგანმანათლებლო სარგებელიც არის მიზანშეწონილი, მომგებიანი, ითვალისწინებს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობებს და მოიცავს ყველაზე ნაკლებ რისკებს.

2. ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მოამზადოს ეკონომიკური საქმიანობის განაცხადი.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მომზადებული ეკონომიკური საქმიანობის განაცხადი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ უნდა წარედგინოს საზედამხედველო ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც განიხილავს ეკონომიკური საქმიანობის დასაბუთებას ეკონომიკური საქმიანობის განაცხადის საფუძველზე და ახდენს მის შეთანხმებას. პროდუქციის წარმოებასთან ან/და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ან/და ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა (სრულად ან ნაწილობრივ) საჭიროებს საზედამხედველო ორგანოსათვის ინფორმაციის წარდგენას სათანადო დასაბუთებით (ცვლილების შემთხვევაში, წარედგინება ეკონომიკური საქმიანობის განაცხადის ფორმით), მის მიერ განხილვასა და შეთანხმებას.

4. საგანმანათლებლო დაწესებულების საზედამხედველო ორგანო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განიხილავს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განაცხადის ფორმით წარდგენილ ინფორმაციას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის რეალიზაციასთან ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უცხადებს თანხმობას;

ბ) უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უცხადებს დასაბუთებულ უარს;

გ) ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებებით უბრუნებს უკან, შენიშვნების გათვალისწინების მიზნით.

5. საზედამხედველო ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ეკონომიკური საქმიანობის დაწყების, ცვლილების ან შეწყვეტის შესახებ იღებს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის განმხილველი საბჭო, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი ეკონომიკური საქმიანობის განაცხადის საფუძველზე.

6. საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ინდივიდუალურად უნდა მოამზადოს ეკონომიკური საქმიანობის განაცხადი, მიმართულებების მიხედვით, თითოეული კატეგორიის პროდუქციის რეალიზაციისათვის ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევისათვის.

7. ეკონომიკური საქმიანობის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებსა და ინფორმაციას:

ა) ეკონომიკური საქმიანობის დეტალურ ანალიზსა და გამოყენებულ მეთოდოლოგიებს;

ბ) პროდუქციის წარმოებისთვის ან/და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სტანდარტებს, საკანონმდებლო მოთხოვნებსა და მათთან შესაბამისობას;

გ) უპირატესობების შესწავლას;

დ) ეკონომიკური და საგანმანათლებლო სარგებლის განსაზღვრას;

ე) ეკონომიკური საქმიანობის გავლენის ანალიზს საგანმანათლებლო საქმიანობაზე;

ვ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების თანხვედრას საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო მიზნებსა და გეგმებთან;

ზ) საგანმანათლებლო და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებს შორის დატვირთულობას;

თ) ეკონომიკური აქტივობის შედეგად პრაქტიკული სწავლების ჩანაცვლების შესაძლებლობას;

ი) ეკონომიკური საქმიანობისთვის პოტენციური პროდუქციის ან/და მომსახურების აღწერილობას;

კ) რესურსებისა და შესაძლებლობების ანალიზს;

ლ) აუცილებელი რესურსების იდენტიფიცირებას, წარმოების პროცესში ჩართული სამუშაო ძალის პროგნოზსა და სასწავლო პროცესთან შეფარდებას;

მ) ხარჯ-ეფექტიანობის ან/და ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს;

ნ) ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი ინდიკატორების განსაზღვრას;

ო) სარეზერვო დანახარჯების განსაზღვრასა და დათვლის მეთოდოლოგიას;

პ) საპროგნოზო თვითღირებულების დეტალურ დაანგარიშებას, კომპონენტებისა და დანახარჯების მიხედვით;

ჟ) თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობების გათვალისწინებით, მომგებიანი სარეალიზაციო ფასის განსაზღვრას;

რ) წლიური წარმადობის მაჩვენებელს;

ს) საპროგნოზო გაყიდვების მაჩვენებლებს;

ტ) საპროგნოზო მომგებიანობის მაჩვენებლებსა და ა.შ.

8. ეკონომიკურ საქმიანობაზე გამოყოფილი და გამოყენებული რესურსების დათვლის მიზნით, ეკონომიკური საქმიანობის განაცხადში ასევე ხდება ეკონომიკური საქმიანობის  მიკუთვნება საგანმანათლებლო პროცესში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა ითვალისწინებს ზოგადი პროფილის/ფუნქციონალური დატვირთვის აქტივების იჯარას.

9. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ხარჯ-ეფექტიანობის ანალიზისა და მიზნის მისაღწევი პროცესების განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, რომ ცალკეული კატეგორიის პროდუქციის საწარმოებლად ან/და მომსახურების გასაწევად საჭირო რესურსებისა და სრული დანახარჯების ალტერნატიული გზების შედარება და განსაზღვრა განხორციელდეს ერთი და იგივე მიდგომით/მეთოდით.

10. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებს შორის დატვირთულობის დაანგარიშება უნდა მოხდეს ძირითადი ინდიკატორის მიხედვით.

11. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს პროდუქციის წარმოებისთვის ან/და მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი სტანდარტის ან/და საკანონმდებლო მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაშინ ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე უნდა განახორციელოს მასთან შესაბამისობაში მოყვანა.

12. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, შეიძინოს მხოლოდ ის საქონელი ან/და მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია ეკონომიკური საქმიანობის განაცხადის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. საგანმანათლებლო დაწესებულებამ ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად უნდა შექმნას და ყოველთვიურად აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობის რეესტრი, რომლის საფუძველზეც მოხდება თითოეული ეკონომიკური საქმიანობის (პროდუქციის წარმოების ან/და მომსახურების გაწევის) ძირითადი პარამეტრებისა და ინდიკატორების ანგარიშგება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო დაწესებულების  ეკონომიკური საქმიანობის განმხილველ საბჭოსთან (იმ შემთხვევაში, თუ არ არის საზედამხედველო ორგანო ჩამოყალიბებული).

14. ანგარიშგება ხორციელდება მინიმუმ წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან მომდევნო წლის მარტის ბოლომდე ან საზედამხედველო ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის განმხილველი საბჭოს (იმ შემთხვევაში, თუ არ არის საზედამხედველო ორგანო ჩამოყალიბებული) მიერ განსაზღვრული პერიოდულობის შესაბამისად.

15. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განაცხადი (მათ შორის, ცვლილებებთან დაკავშირებული), რომელიც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეთანხმებული იქნება საზედამხედველო ორგანოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის განმხილველ საბჭოსთან (იმ შემთხვევაში, თუ არ არის საზედამხედველო ორგანო ჩამოყალიბებული), ინფორმაციის სახით ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

16. ეკონომიკური საქმიანობის განაცხადისა და რეესტრის ფორმები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

მუხლი 11. პროდუქციისა და მომსახურების ღირებულების განსაზღვრა

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობების სრული დანახარჯები უნდა იქნეს გათვალისწინებული, აღრიცხული და ასახული წარმოებული პროდუქციის ან/და მომსახურების ღირებულებაში, ეს იქნება როგორც პირდაპირი (მასალები, ნედლეული, შრომითი რესურსი და ა.შ.), ისე არაპირდაპირი ხარჯები (საოფისე კომუნალური დანახარჯები, ადმინისტრაციული და საოფისე დანახარჯები, მარკეტინგული დანახარჯები და ა.შ.).

2. მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ გამოიყენოს სხვადასხვა მენეჯერული, დიაგნოსტიკური და ანალიტიკური მეთოდები პროდუქციის ან/და მომსახურების ღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისა და შესაფერისი კომერციული შეთავაზების მომზადების მიზნით, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველსაყოფად.

3. დანახარჯების გამომწვევი აქტივობების, მათი მოცულობის იდენტიფიკაციის, საჭირო/არასაჭირო დანახარჯების გამოვლენის, ხარჯების გადანაწილებისა (ალოცირების) და მომგებიანობის გაზრდის კუთხით, მიზანშეწონილია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ პროდუქციისა და მომსახურების ღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენოს „აქტივობაზე დაფუძნებული ხარჯთაღრიცხვის“ (Active Based Costing) მიდგომა.

4. საგანმანათლებლო დაწესებულებამ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში უძრავი-მოძრავი ქონების ან/და შრომითი რესურსის უსასყიდლოდ გამოყენებისათვის უნდა დაიანგარიშოს სარეზერვო დანახარჯები.

5. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიდგომებისგან განსხვავებული მეთოდები (მაგალითად, „პროცესებზე დაფუძნებული ხარჯთაღრიცხვა“, „სამუშაოზე დაფუძნებული ხარჯთაღრიცხვა“, „კონტრაქტზე დაფუძნებული ხარჯთაღრიცხვა“ და სხვა), ცალკეულად ან სხვა მეთოდებთან ერთად ერთობლიობაში, სათანადო საფუძვლებისა და დასაბუთების შემთხვევაში, როგორიც შეიძლება, იყოს:

ა) აქტივობების სიმარტივე და კომპლექსურობა;

ბ) პროდუქციის ან/და მომსახურების მრავალფეროვნება;

გ) პროდუქციის ან/და მომსახურების მოცულობები;

დ) პროდუქციის ან/და მომსახურების სპეციფიკიდან, სირთულეებიდან ან სფეროს თავისებურებებიდან გამომდინარე, პრაქტიკაში მეტად აპრობირებული, მორგებული და პოპულარული მეთოდები და სხვა.

6. ასევე ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ მიდგომებთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებამ მნიშვნელოვანია, რომ განახორციელოს სხვადასხვა შეფასება, როგორიც შეიძლება, იყოს:

ა) გასაყიდი საქონლის ან/და მომსახურების სარეალიზაციო ფასის ბაზრის კვლევა;

ბ) მომგებიანობის ფინანსური ანალიზი;

გ) გარე ფაქტორების ზემოქმედება (მაგალითად, სეზონურობა, მსყიდველუნარიანობა, კონკურენტების ზეგავლენა);

დ) პროცესების ოპტიმიზაციის ანალიზი;

ე) რესურსების განაწილების ანალიზი (სასწავლო და კომერციული მიზნებისათვის);

ვ) შიდა და გარე გარემოდან მომდინარე რისკების შეფასება და ანალიზი (მაგალითად, ბიზნესუწყვეტობასთან დაკავშირებული რისკები, მომწოდებლებთან დაკავშირებული რისკები, ეკონომიკის სექტორული რისკები, ტექნოლოგიური რისკები, მარეგულირებელი გარემოს ცვლილებით გამოწვეული რისკები, სავალუტო და ფინანსური რისკები, ბუნებრივი კატაკლიზმების რისკები და ა.შ.) და ა.შ.

7. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დამოუკიდებლად განსაზღვროს პროდუქციის ან/და მომსახურების სარეალიზაციო ფასი, ამ მუხლში მოცემული მიდგომებითა და მეთოდებით, რომელიც უნდა წარმოადგენდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ საბაზრო ფასს, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვის მიზნით.

8. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ან/და მომსახურების სპეციფიკიდან, სირთულეებიდან, სფეროს თავისებურებებიდან, ადამიანური რესურსებიდან ან სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, შეუძლებელია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მენეჯერული, დიაგნოსტიკური და ანალიტიკური მეთოდების დამოუკიდებლად გამოყენება და საბაზრო ფასის დადგენა, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, დასაშვებია მომსახურების შესყიდვა და გარე კონტრაქტორის დახმარებით აღნიშნულის განხორციელება პროდუქციის ან/და მომსახურების ღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მიზნით.

მუხლი 12. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლისა და სარგებლის მართვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულებამ იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბიუჯეტის შემუშავების დროს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინება და ჩამოყალიბება (შესრულების/ეფექტიანობის საფუძველზე), მნიშვნელოვანია შეიმუშაოს საგანმანათლებლო პროცესსა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიული და სამოქმედო (საოპერაციო) გეგმები და ეფექტიანობის/შედეგების შეფასების ძირითადი მაჩვენებლები.

2. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლებისა და სარგებლის მართვა და გამოყენება უნდა იყოს დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებასა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების მიზნებთან.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესისგან განცალკევებით, ცალკე საწარმოო ან/და მომსახურების ხაზის დაფინანსება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნებისათვის შესაძლებელია, მოხდეს საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ფულადი სახსრების სხვადასხვა წყაროდან.

4. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ვაუჩერული დაფინანსებით მიღებული სახსრების შედეგად საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა უზრუნველყოს ამ  მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რეგულაციის გათვალისწინებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება შემოსავალს მიიღებს საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციიდან ან/და გაწეული ანაზღაურებადი მომსახურებიდან, მიღებული შემოსავლით (წმინდა ეკონომიკური სარგებლის გარდა) და მისი ოდენობის პროპორციულად, შემდგომ საგანმანათლებლო პროცესში უნდა დაიფაროს ყველა ის ხარჯი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში იქნა გაწეული, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება კვლავ გააგრძელებს საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციას ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევას და აღნიშნული არ იქნება განხორციელებული ერთჯერადი სახით საანგარიშო წლის განმავლობაში.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება აღარ გააგრძელებს საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციას ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევას, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (წმინდა ეკონომიკური სარგებლის გარდა) გამოყენებულ უნდა იქნეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების მიზნებისათვის შესრულების/ეფექტიანობის საფუძველზე ან დაიფაროს ნებისმიერ საგანმანათლებლო პროცესში პროდუქციის შექმნისთვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გაღებული ხარჯები, რომელიც უნდა იქნეს დასაბუთებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული წერილობითი სახით.

7. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება შემოსავალს მიიღებს არა საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციიდან ან/და გაწეული ანაზღაურებადი მომსახურებიდან, არამედ ცალკე, საგანმანათლებლო პროცესისგან განცალკევებით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან, მიღებული შემოსავალი (წმინდა ეკონომიკური სარგებლის გარდა) გამოყენებულ უნდა იქნეს პროდუქციის შექმნისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გაღებული ხარჯების დასაფარად და საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების უზრუნველსაყოფად.

8. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული წმინდა ეკონომიკური სარგებელი შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების მიზნებისათვის.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციიდან გამონაკლისის დაშვება და პროდუქციის რეალიზაციიდან ან/და გაწეული ანაზღაურებადი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის მიმართვა საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების მიზნებისათვის, შესაძლებელია სათანადო დასაბუთებისა და წერილობითი ფორმით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე.

10. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გასულ წელს მიღებული შემოსავლების შედეგად დაგროვილი ნაშთის შემდგომი განკარგვა შესაძლებელია სათანადო დასაბუთების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.

მუხლი 13. გამჭვირვალობა და ინტერესთა კონფლიქტი

1. საგანმანათლებლო დაწესებულებამ ბიუჯეტის მომზადება, მასში ცვლილებების შეტანა და დამტკიცება უნდა განახორციელოს გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით.

2. ბიუჯეტის, მისი შესრულების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების (წლიური) დოკუმენტები უნდა გამოქვეყნდეს საგანმანათლებლო დაწესებულების ვებგვერდზე, მისი მომზადებიდან/დამტკიცებიდან ერთი თვის განმავლობაში.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, შემოსავლების მიღება და ხარჯვა განახორციელოს როგორც ფინანსური მართვისა და კონტროლის პრინციპების თანახმად, ისე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტებისა თუ რეგულაციების შესაბამისად.

4. საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერმა თანამშრომელმა, რომელიც ჩართული იქნება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასა და მართვაში, არ უნდა განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომელიც მის პირად ინტერესებს კონფლიქტურ მდგომარებაში მოაქცევს საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასა და  მიზნებთან.

5. იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის რისკი არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელთან მიმართებით (ხელმძღვანელი პირის გარდა), ასეთი პირის მიერ უნდა მოხდეს თავის შეკავება შესაბამისი აქტივობებისაგან და საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა განახორციელოს სათანადო ქმედება კონფლიქტის რისკების შესამცირებლად ან ასარიდებლად.

6. თუ კონფლიქტის რისკი არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან მიმართებით, მაშინ ასეთი პირის მიერ უნდა მოხდეს თავის შეკავება შესაბამისი აქტივობებისაგან და უნდა აცნობოს საგანმანათლებლო დაწესებულების საზედამხედველო ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო დაწესებულების  ეკონომიკური საქმიანობის განმხილველ საბჭოს (იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არის ჩამოყალიბებული საზედამხედველო ორგანო), რომელმაც უნდა განახორციელოს სათანადო ქმედება კონფლიქტის რისკების შესამცირებლად ან ასარიდებლად.

7. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა შეიმუშაოს და ჩამოაყალიბოს წესები, რომლითაც მოხდება ინტერესთა კონფლიქტების მართვა და პრევენცია.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.