სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.024.016719
1-1/6
12/01/2022
ვებგვერდი, 13/01/2022
240140000.22.024.016719
სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/6

2022 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესის დამტკიცების თაობაზე

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა



სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დაშლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი განსაზღვრავს იმ საწარმოების დაშლის წესს, რომელთა წილების/აქციების 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო (შემდგომში – სამეწარმეო საზოგადოება/საწარმო).

2. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლებია:

ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;

ბ) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;

დ) სამეწარმეო საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

3. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პარტნიორთა/აქციონერთა მიერ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ¾-ის უმრავლესობით.

მუხლი 2. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყება

1. საწარმოს დაშლის თაობაზე გადაწყვეტილება არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).

2. დაშლის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) საწარმოს სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) ყველა პარტნიორის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს (პარტნიორი იურიდიული პირ(ებ)ის შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს, (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (შემდგომში – რეესტრი)), პარტნიორთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

გ) საწარმოს ლიკვიდატორის პირად მონაცემებს.

3. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია იწვევს სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების ქონების მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოება ინარჩუნებს იურიდიული პირის სტატუსს და იყენებს თავის საფირმო სახელწოდებას დამატებით „ლიკვიდაციის პროცესში“.

5. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები ინარჩუნებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, რომლებსაც ლიკვიდატორების რეგისტრაციისთანავე უწყდებათ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები.

6. სამეწარმეო საზოგადოების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე დაუშვებელია სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოების მიმართ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.

7. ლიკვიდატორმა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან საწარმოს ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით არაუგვიანეს საწარმოს დაშლის რეგისტრაციიდან მეორე სამუშაო დღისა უნდა შეატყობინოს კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და უნდა მოიწვიოს ისინი მოთხოვნების განსაცხადებლად. ამასთან, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სალიკვიდაციო საწარმოს სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) ლიკვიდატორის ვინაობას;

გ) კრედიტორების მოთხოვნების წარდგენის ვადას და წესს.

8. მარეგისტრირებელი ორგანო საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), რომელიც შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სამეწარმეო საზოგადოების მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსალოდნელია საწარმოს საგადასახადო ვალდებულების არსებობა, უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ვადაზე, რომელშიც ჩატარდება საგადასახადო შემოწმება საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების არსებობის შემოწმების მიზნით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების ჩატარების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 2 (ორი) თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, აგრეთვე ამ ინფორმაციაში მითითებული საგადასახადო შემოწმების ჩატარების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონედ მიიჩნევა.

მუხლი 3. ლიკვიდატორი

1. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესს ერთობლივად ხელმძღვანელობენ ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ინიშნებიან ლიკვიდატორებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წესდება ან საერთო კრების გადაწყვეტილება ლიკვიდატორებად სხვა პირების დანიშვნას ითვალისწინებს. იურიდიული პირის იძულებითი დაშლის შესახებ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, იურიდიული პირის იძულებით ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი.

2. ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირისთვის წაყენებულ მოთხოვნებს.

3. საერთო კრება უფლებამოსილია ნებისმიერ მომენტში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი სასამართლოს მიერ არის დანიშნული.

4. ხელმძღვანელი პირი ვალდებულია, ხოლო პარტნიორი უფლებამოსილია, მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს განცხადებით ლიკვიდატორების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

5. ლიკვიდატორის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს სანოტარო წესით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული, ან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილი დოკუმენტი ლიკვიდატორის დანიშვნის ან გათავისუფლების და მისი უფლებამოსილების შესახებ, ლიკვიდატორის ხელმოწერის ნიმუში, ხოლო თუ ლიკვიდატორი ხელმძღვანელი პირი არ არის − აგრეთვე ლიკვიდატორის თანხმობა.

6. ლიკვიდატორის ან მისი უფლებამოსილების ყოველი ცვლილებისას ცვლილების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას წარადგენენ ლიკვიდატორები. ყოფილი ლიკვიდატორი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს მიღება-ჩაბარების აქტით გადააბაროს საწარმოს ქონება, დოკუმენტაცია და მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია საწარმოს ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

7. ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობები:

ა) ლიკვიდატორი უფლებამოსილია განახორციელოს ის უფლებები და მოვალეობები, რაც გააჩნიათ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს, გარდა კონკურენციის აკრძალვისა;

ბ) დანიშვნისთანავე შეადგინოს საწარმოს ბალანსი ლიკვიდაციის დაწყების დღის მდგომარეობით;

გ) დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღის ვადაში საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ;

დ) დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების რეგისტრაციიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მოგების გადასახადისა და ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციები;

ე) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მეშვეობით შეაფასოს საწარმოს ქონება დაშლის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში;

ვ) ლიკვიდატორი ვალდებულია დაასრულოს მიმდინარე საქმეები და მოახდინოს აქტივების რეალიზაცია სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების შესრულების მიზნით;

ზ) წარმოადგინოს საწარმო გარიგებებში, მათ შორის, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) თანხმობით დადოს ახალი გარიგებები, თუ ეს აუცილებელია ლიკვიდაციისთვის;

თ) უზრუნველყოს საწარმოს დებიტორული დავალიანებების ამოღების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა;

ი) დაამთავროს საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები სააგენტოსთან შეთანხმებით;

კ) თუ სამეწარმეო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა უნდა განაცხადოს გადახდისუუნარობის შესახებ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ლ) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები.

8. ლიკვიდატორები საწარმოს საქმეებს უნდა გაუძღვნენ მართლზომიერად, გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. თუ ლიკვიდატორები არ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით პარტნიორ(ებ)ის წინაშე.

9. ლიკვიდატორი საწარმოს დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგენს საწარმოს დაშლის გეგმას, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაცია/დოკუმენტაციას:

ა) საწარმოს სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) ინფორმაციას საწარმოს ვალდებულებების შესახებ;

გ) ინფორმაციას საწარმოს აქტივების შესახებ;

დ) ინფორმაციას საწარმოს მიერ სხვა კომპანიაში წილის/აქციების ფლობის შესახებ;

ე) ინფორმაციას მიმდინარე სასამართლო პროცესების და სააღსრულებო საქმისწარმოებების შესახებ;

ვ) დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასატარებელ ღონისძიებებს;

ზ) კრედიტორული დავალიანების დასაფარად გასატარებელ ღონისძიებებს;

თ) კრედიტორთა მოთხოვნების ცნობისა და უარყოფის შესახებ;

ი) ქონების საბაზრო ღირებულებასა და მისი რეალიზაციის გზებს;

კ) საწარმოს ლიკვიდაციისას სოციალური შედეგების ასაცილებლად გასატარებელ ღონისძიებებს;

ლ) კრედიტორებთან ანგარიშსწორების წესს;

მ) წინადადებებს კრედიტორების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი ფულადი სახსრების განაწილების შესახებ.

10. საწარმოს დაშლის გეგმას თან უნდა ახლდეს:

ა) საწარმოს ბალანსი დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის;

ბ) კრედიტორების სია, კრედიტორული დავალიანებების საერთო თანხის მითითებით;

გ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნა საწარმოს ქონების საბაზრო ღირებულების თაობაზე;

დ) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საწარმოს საბანკო ანგარიშების შესახებ და ბოლო 1 (ერთი) წლის საბანკო ამონაწერი;

ე) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობას საწარმოს საკუთრებად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.

11. ლიკვიდატორის გასამრჯელო ანაზღაურდება საწარმოს ქონებიდან.

მუხლი 4. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება

1. კრედიტორები დადგენილ ვადაში განაცხადებენ საწარმოს მიმართ თავიანთი მოთხოვნების შესახებ. კრედიტორთა განცხადებაში აისახება:

ა) კრედიტორის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და მისამართი;

ბ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და პერიოდი;

გ) ვალდებულების ოდენობა (გამოხატული ფულად თანხაში).

2. კრედიტორის მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კრედიტორი წარმოდგენილია სხვა პირის მეშვეობით.

3. კრედიტორის მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტები აღირიცხება ლიკვიდატორის მიერ.

4. თუკი ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთი მოთხოვნების შესახებ საწარმოს დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან ამავე განცხადებით განსაზღვრულ ვადაში, მათი მოთხოვნების შესაბამისი ღირებულება განთავსდება სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

5. თუ ვალდებულება სადავოა ან მისი შესრულების ვადა არ დამდგარა, კრედიტორს წარედგინება ვალდებულების ტოლფასი უზრუნველყოფა, პარტნიორთა შორის ქონების განაწილებამდე.

6. კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება საწარმოს ქონებიდან, მათ შორის, საწარმოს აქტივების ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიდან.

7. საწარმოს ქონების გაყიდვის შედეგად კრედიტორები დაკმაყოფილდებიან შემდეგი რიგითობით:

ა) სალიკვიდაციო ხარჯები;

ბ) იმ პირთა მოთხოვნები, რომელთა წინაშეც საწარმოს ეკისრება პასუხისმგებლობა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისათვის, შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნები;

გ) ის მოთხოვნები, რომელთა მოთხოვნის უფლება უზრუნველყოფილია სალიკვიდაციო საწარმოს ქონებაზე გირავნობით/იპოთეკით;

დ) დავალიანებები ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების მიმართ;

ე) კანონით გათვალისწინებული სხვა კრედიტორების მოთხოვნები.

მუხლი 5. საწარმოს აქტივების რეალიზაციის წესი

1. საწარმოს დაშლის რეგისტრაციიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით, ელექტრონული აუქციონის წესით.

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანება, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით.

3. საწარმოს ქონების აუქციონის მოწყობის გარეშე რეალიზაცია ხდება სააგენტოსთან შეთანხმებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, ტარდება განმეორებითი აუქციონი.

5. საწარმოს ქონების რეალიზაციის საფასური მყიდველმა უნდა დაფაროს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მაგრამ არაუგვიანეს აუქციონის ჩატარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.

6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდა ქონების გაყიდვა, დარჩენილი ქონება კრედიტორებს უნაწილდებათ ნატურით მათი რიგითობის მიხედვით, კრედიტორული დავალიანების პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორები უარს აცხადებენ მოთხოვნის ნატურით დაკმაყოფილებაზე ან/და კანონით დადგენილ სალიკვიდაციო ვადაში ვერ ხერხდება საწარმოსა და კრედიტორებს შორის ან თავად კრედიტორებს შორის ქონების განაწილების თაობაზე შეთანხმება, ქონება გადაეცემა პარტნიორებს მათი წილის პროპორციულად.

7. ნატურით დაკმაყოფილება არ ვრცელდება ლიკვიდატორის მიერ ლიკვიდაციის პროცესში გაწეულ ხარჯებზე.

8. ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს ქონების გასხვისება, გარდა კრედიტორთა დაკმაყოფილებისა.

მუხლი 6. ქონების განაწილება

1. კრედიტორებთან საბოლოო ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ ლიკვიდატორი ადგენს საწარმოს სალიკვიდაციო ბალანსს, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ. პარტნიორები საერთო კრებაზე ამტკიცებენ საწარმოს სალიკვიდაციო ბალანსს და ხელს აწერენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე.

2. თუ წესდებით სხვა წესი არ არის დადგენილი, კრედიტორთა ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დაკმაყოფილების/შესაბამისი თანხების სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების/კრედიტორისათვის უზრუნველყოფის წარდგენის შემდეგ, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ქონება ნაწილდება პარტნიორთა შორის, მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.

3. თუ შენატანები სრულად არ იყო განხორციელებული, თავდაპირველად ბრუნდება შენატანები ან მათი ღირებულება, ხოლო ნარჩენი ქონება ნაწილდება პარტნიორთა წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.

4. თუ ქონება შენატანების დასაბრუნებლად საკმარისი არ არის, ნარჩენი ქონება ნაწილდება წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად, ხოლო თუკი შენატანები სრულად არ იყო განხორციელებული − განხორციელებული შენატანების პროპორციულად.

5. ქონება შეიძლება განაწილდეს მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების დაფარვიდან და სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) თვის შემდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონება შეიძლება განაწილდეს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 (სამი) თვის შემდეგ, თუ არსებობს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის მესამე პირთა უფლებებს.

მუხლი 7. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელება

1. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე დაშლილმა სამეწარმეო საზოგადოებამ შეიძლება გააგრძელოს არსებობა, თუ ამას გადაწყვეტს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით და სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება არ დაწყებულა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ხმათა უფრო დიდი რაოდენობის ან სხვა წინაპირობების არსებობის აუცილებლობას.

2. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მარეგისტრირებელ ორგანოს რეესტრში რეგისტრაციისთვის ლიკვიდატორები წარუდგენენ. მათვე ეკისრებათ იმის დადასტურების ვალდებულება, რომ სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება დაწყებული არ არის.

3. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ რეესტრში მისი რეგისტრაციის შემდეგ.

მუხლი 8. სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება, დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება

1. სამეწარმეო საზოგადოების ქონების სრულად განაწილება იწვევს საწარმოს ლიკვიდაციის დასრულებას. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) თვისა, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ ინფორმაციის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა.

2. ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართონ ლიკვიდაციის რეგისტრაციის მოთხოვნით, რომლის საფუძველზედაც მარეგისტრირებელი ორგანო გააუქმებს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციას.

3. საწარმოს ლიკვიდაციის შედეგად მისი უფლებები და მოვალეობები არ გადადის სამართალმემკვიდრეობის წესით სხვა პირებზე.

4. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოების გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი სასამართლო განჩინება მისი გამოტანიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, რის შედეგადაც სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება.

5. ლიკვიდირებული სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტაცია შენახული უნდა იქნეს მისი შექმნიდან 6 (ექვსი) წლის განმავლობაში, ხოლო თუ ეს დოკუმენტაცია მოიცავს სამეწარმეო საზოგადოების მიერ დადებულ ხელშეკრულებას − ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 6 (ექვსი) წლის განმავლობაში, უსაფრთხო ადგილზე, რომელსაც განსაზღვრავენ ლიკვიდატორები. ყოფილ პარტნიორებსა და კრედიტორებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გაეცნონ ამ დოკუმენტაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

6. თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვა, რომ დარჩენილია ქონება ან აუცილებელია დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელება, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი მიმართავს სასამართლოს ლიკვიდატორის ხელახლა დანიშვნის თაობაზე.