საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.017190
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
88
31/12/2021
ვებგვერდი, 04/01/2022
140060000.22.034.017190
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2022 - 23/09/2022)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №88

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანება (სსმ, 148, 31/10/2006, 140.060.000.22.034.009.524);

ბ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის №649 ბრძანება (სსმ, 63, 22/05/2009, 140.060.000.22.034.013.126);

გ) „სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 5 აპრილის №518 ბრძანება (სსმ, 52, 16/04/2007, 140.060.000.22.034.010.186).

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესი

თავი I

საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების ზოგადი მოთხოვნები


მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის საქმიანობის მიზანს, ამოცანებს, ზოგად მოთხოვნებსა და აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის მოთხოვნებს, კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზებისა და მისი განხორციელების ზოგად წესს, სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლის საქმიანობის ინსპექტირების/შემოწმების დაგეგმვისა და ჩატარების საკითხებს.

2. ამ წესის მიზანია სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემდებარე სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად ზოგადი პრინციპებისა და სისტემური მოთხოვნების განსაზღვრა.

3. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი შემადგენლობის მომზადების პროგრამა, ასევე, სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალური სამაშველო-ტაქტიკური მომზადების ნორმატივები მტკიცდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები შესაძლოა დარეგულირდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფი − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის (შემდგომ − დეპარტამენტი) ტერიტორიული დანაყოფების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც შექმნილია ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ასევე, შესაბამისი აკვატორიის სამაშველო ზონაში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საფრთხეში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დასაცავად;

ბ) ტერიტორიული დანაყოფი − დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფი და მის შემადგენლობაში შემავალი კოორდინაციის განყოფილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას;

გ) დეპარტამენტის დანაყოფი − დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული, გარდა ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალსწინებული სტრუქტურული ერთეულებისა;

დ) გათვლა – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილში განთავსებული შემადგენლობა (პირველადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელსაც ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას აქვს ცალკეული ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებამოსილება;

ე) მორიგე ცვლა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთი ან მეტი გათვლის შემადგენლობა (ძირითადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელიც ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს და რომელსაც შეუძლია მთავარი მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარება;

ვ) მორიგეობა – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში მორიგე ცვლის შემადგენლობა უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;

ზ) ოპერატიული ვითარება – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გასვლის რაიონში არსებული ვითარების და პირობების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტაქტიკასა და წესზე, განსაზღვრავს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მეთოდებს და ამ მიზნით რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოყენების მიმართულებებს;

თ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გასვლის რაიონი (შემდგომ გასვლის რაიონი) – ტერიტორია, რომელზეც რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის განრიგით გათვალისწინებულია შესაბამისი დანაყოფის პირველ რიგში გაგზავნა ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;

ი) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის განრიგი (შემდგომ - ჩაბმის განრიგი) – ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი დანაყოფების რეაგირების ძალებისა და საშუალებების ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებიში/სამაშველო სამუშაოებში ჩაბმის წესს;

კ) რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის გეგმა – ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეაგირების ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესს;

ლ) რეაგირების ძალები და საშუალებები – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობა, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები, კავშირის და მართვის საშუალებები, ცეცხლმაქრი ნივთიერებები და დანაყოფში არსებული სხვა ტექნიკური საშუალებები;

მ) გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურები – საგანგებო სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისათვის მუდმივი მზადყოფნის სამსახურები (საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, გაზის, წყალსადენის, კანალიზაციის საავარიო, ელექტროქსელების ტექნიკურ ინციდენტებზე რეაგირების სამსახურები და სხვ.);

ნ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა ტექნიკური საშუალებები, მათ შორის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისი განვითარების შეზღუდვის და ლიკვიდაციის, აგრეთვე, ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვის მიზნით საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;

ო) სახანძრო ავტომობილი ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ხანძარზე მიმართული მთავარი მოქმედებების განსახორციელებლად;

პ) საავარიო-სამაშველო ავტომობილი ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე გათვლის მისაყვანად და სპეციალური საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გადასატანად, აგრეთვე, საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება-ორგანიზებისათვის;

ჟ) ტექნიკური მომსახურება პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება სახანძრო და საავარიო-სამშველო ავტომობილების მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით;

რ) დახურული ავტოსადგომი დანაყოფის შენობის ან სხვა შენობის სათავსი, რომელიც განკუთვნილია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის სადგომად ან/და მათ შესაკეთებლად;

ს) სახანძრო სახელო შემაერთებელი თავაკებით მოწყობილი და ცეცხლმაქრი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მოქნილი მილსადენი;

ტ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაცია ტექნიკის აღრიცხვის, ტექნიკური მომსახურების, დანიშნულებისამებრ გამოყენების, შეკეთების და შენახვის მიზნით განხორციელებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების ერთობლიობა;

უ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის მუშაუნარიანი მდგომარეობა ტექნიკის მდგომარეობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური და მისი მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური დოკუმენტაცის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში უზრუნველყოფს განსაზღვრული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობას;

ფ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გაუმართაობა ტექნიკის მუშაუნარიანობის დარღვევა, რომელიც იწვევს ხანძარზე მიმართული მოქმედებების ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების შეწყვეტას ან მათი ეფექტიანობის მკვეთრ დაქვეითებას;

ქ) კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის მოქმედებები, რომელთა მიზანია სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობა, საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება;

ღ) კვამლდამცველი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურე, რომელსაც სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობისთვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება;

ყ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლი ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე შექმნილი კვამლდამცველთა ჯგუფი;

შ) კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ტექნიკური საშუალება შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღჭურვილობაში შემავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად და კვამლდამცველთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ჩ) კვამლდამცველის აღჭურვილობა კვამლდამცველის დამცავი ტანსაცმელი და სასუნთქი საშუალება;

ც) სასუნთქი საშუალება სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კომპლექტი (ჰაერის ბალონი, პანორამული ნიღაბი, სამაშველო მოწყობილობა და სხვ.), რომელიც უზრუნველყოფს სასუნთქი ორგანოების დაცვას გარემოს საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან და ადამიანის სუნთქვისათვის ვარგისი გაზის სასუნთქი ნარევით მიწოდებას;

ძ) სასუნთქი საშუალების სამაშველო მოწყობილობა სასუნთქი საშუალების კომპლექტში შემავალი პანორამული ნიღბის დამატებითი კომპლექტი, რომელიც გამოიყენება სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში ადამიანის გადასარჩენად;

წ) სარეზერვო სასუნთქი საშუალება სასუნთქი საშუალება, რომელიც არ არის გადაცემული კვამლდამცველზე და ინახება შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეზერვში;

ჭ) დამცავი ტანსაცმელი მაიზოლირებელი ტიპის ან მომეტებული სითბური ზემოქმედებისაგან დამცავი ტანსაცმელი;

ხ) სპეციალური დამცავი ტანსაცმელი ტანსაცმელი, რომელიც ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველის (კვამლდამცველის) დაცვას საშიში ფაქტორების ზემოქმედებისგან;

ჯ) მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმელი ტანსაცმელი, რომელიც ხანძრის ჩაქრობისას ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უზრუნველყოფს კვამლდამცველის კანის საფარის ჰერმეტულ იზოლირებას და იცავს მას ძლიერ მოქმედი შხამიანი ნივთიერებების, ჰაერგაზების ნარევის, ტუტეს, მჟავას წყალ-ხსნარების, რადიაქტიული დასხივების და სხვა მავნე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისაგან;

ჰ) მომეტებული სითბური ზემოქმედებისაგან დამცავი ტანსაცმელი ტანსაცმელი, რომელიც ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უზრუნველყოფს კვამლდამცველის დაცვას ინტენსიური სითბური გამოსხივებისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან;

1) საკონტროლო-გამშვები პუნქტი ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, საიდანაც ხორციელდება კვამლსაწინააღმდეგო რგოლების მუშაობის ორგანიზება;

2) უსაფრთხოების საგუშაგო სუნთქვისთვის არახელსაყრელი გარემოს შესასვლელთან გამოყოფილი ადგილი, საიდანაც ხორციელდება სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვება და მისი მუშაობის კონტროლი;

3) მიმართულების ბაგირი საშუალება, რომელიც გამოიყენება სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლდამცველის გადაადგილების მიმართულების აღსანიშნად;

4) დასაწყვილებელი ბაგირი კვამლდამცველთა ერთმანეთთან გადასაბმელი მოქნილი მოწყობილობა, რომელიც ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას გამორიცხავს კვამლდამცველის გაუთვალისწინებელ გადაადგილებას სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში;

5) საკონტროლო საგუშაგო სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალურად გამოყოფილი სათავსი;

6) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისული სამსახურის დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც მართავს ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს და სხვა ძალებს/პირებს.

2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. საქმიანობის ორგანიზების მიზანი

1. საქმიანობის ორგანიზების მიზანია ხანძრის ჩაქრობისთვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისთვის რეაგირების ძალებისა და საშუალებების მუდმივი მზადყოფნისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა, მათი ეფექტიანად გამოყენებისათვის საჭირო პირობებისა და მართვის ერთიანი სისტემის შექმნა, გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და სხვადასხვა სახანძრო-სამაშველო/სამაშველო დანაყოფთან თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება.

2. საქმიანობის ორგანიზების მიზნით:

ა) მუშავდება და მტკიცდება საქმიანობის ორგანიზებაში ჩართული რეაგირების ძალებისა და საშუალებების რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის გეგმა და ჩაბმის განრიგი;

ბ) ხორციელდება საქმიანობის ორგანიზებაში ჩართული რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა და მათი მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობის კონტროლი;

გ) ხორციელდება შემადგენლობის, მათ შორის, თანამდებობის პირების პროფესიული მომზადება, მათთვის სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალური სამაშველო-ტაქტიკური სწავლების, შეჯიბრებისა და სხვა ღონისძიების ჩატარების გზით;

დ) ხორციელდება სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან კავშირის ორგანიზება და მისი გაუმჯობესების ღონისძიებები;

ე) ხდება გამოძახების მიღების და რეგისტრაციის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) მუშავდება და ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მორიგეობიდან თავისუფალი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებები;

ზ) მუშავდება და მტკიცდება გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთკოორდინაციის შეთანხმებები (მემორანდუმი);

თ) ტარდება სხვა ღონისძიებები, რომლებიც საჭიროა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ორგანიზებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 4. საქმიანობის ორგანიზების და განხორციელების ძირითადი მოთხოვნები

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი. დანაყოფის უფროსს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლას უშუალოდ ხელმძღვანელობს ცვლის მეთაური.

3. მორიგე ცვლის შემადგენლობის მორიგეობა მოიცავს მათ მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში, აგრეთვე, დანაყოფის ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებას დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში.

4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობა სამსახურებრივი საქმიანობისათვის იყენებს სამსახურის ბალანსზე არსებულ სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობას.

5. საქმიანობის ორგანიზებისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები და ამ წესის მე-7 მუხლში განსაზღვრული მორიგე ცვლის სხვა მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ სამსახურებრივი მოვალეობა, მათ შორის, ხელმძღვანელის ცალკეული დავალებები;

ბ) ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემური მოთხოვნები (შემდგომ - უსაფრთხოების მოთხოვნები);

გ) იცოდნენ და დაიცვან სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის მოთხოვნები;

დ) განახორციელონ მათ სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;

ე) მუდმივად იზრუნონ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

6. ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ძალებისა და საშუალებების რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. განსაკუთრებით რთული ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში მონაწილე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოქმედებებს ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი, ასევე, დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირი.

მუხლი 5. საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები

1. ამ წესის მიზნებისათვის საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი პირები არიან:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფში - დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოსა და ტერიტორიული დანაყოფების კოორდინაციის განყოფილებების უფლებამოსილი პირები.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელნი არიან:

ა) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მზადყოფნაზე;

ბ) ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად საქმიანობის ორგანიზებაზე, რაც გულისხმობს:

ბ.ა) შემადგენლობის სამსახურეობრივი მომზადების ორგანიზებას;

ბ.ბ) შემადგენლობის შერჩევასა და მორიგე ცვლაში განაწილებას;

ბ.გ) შემადგენლობის მიერ დისციპლინის დაცვას, მათ შორის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ტარებას;

ბ.დ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამართულ მდგომარეობაში შენახვა-ექსპლუატაციას.

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

ა) დანაყოფის შემადგენლობის მიერ სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შესრულება;

ბ) შემადგენლობის სათანადო პროფესიული მომზადება;

გ) შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;

დ) მორიგე ცვლის (გათვლების) შემადგენლობის შერჩევა და გადანაწილება;

ე) სათანადო დონეზე დისციპლინის და შემადგენლობის მიერ დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დაცვა;

ვ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, კვამლსაწინააღმდეგო რგოლის საშუალებების და შემადგენლობის აღჭურვილობის სათანადო შენახვა და ექსპლუატაცია;

ზ) მორიგე ცვლის შემადგენლობის მუდმივი მზადყოფნა ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების განსახორციელებლად;

თ) სათანადო პირობები ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების განხორციელების შემდეგ რეაგირების ძალებისა და საშუალებების გათვლაში დროულად ჩაყენებისათვის;

ი) მორიგე ცვლის მიერ გასვლის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების (მათ შორის სახანძრო-ტაქტიკური სწავლების ჩატარების პერიოდში), კავშირის საშუალებების, გასასვლელების გამართულობის სათანადო კონტროლი;

კ) შემადგენლობის მიერ გასვლის რაიონში პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების სახანძრო საშიშროების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკისათვის მისასვლელების და გასასვლელების, აგრეთვე, გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების განლაგების ადგილების შესწავლა;

ლ) კავშირი სხვა შესაბამის დანაყოფებთან და გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან;

მ) დანაყოფის ტერიტორიაზე და სათავსებში უცხო პირთა დაშვების დადგენილი წესის დაცვა და დღის განწესის შესრულება;

ნ) დაქვემდებარებული დანაყოფის ხანძრის ჩაქრობისთვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზადყოფნის შეფასება;

ო) ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება, წარმოება და კორექტირება;

პ) მორიგეობიდან თავისუფალი შემადგენლობის შეტყობინების, შეკრების და ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში ჩაბმის, საქმიანობის ორგანიზების გაძლიერებულ მზადყოფნაზე და საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ღონისძიებების შემუშავება;

ჟ) შესაბამის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.

4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ, დაქვემდებარებულ დანაყოფებში:

ა) დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმონ დანაყოფის შემადგენლობის მიერ საქმიანობის ორგანიზება;

ბ) გასცენ შესაბამისი განკარგულებები დანაყოფის შემადგენლობისათვის და გააკონტროლონ მათი შესრულება;

გ) მოამზადონ წინადადებები შემადგენლობის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) მოამზადონ წინადადებები უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მორიგე ცვლის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო პირობების შექმნის შესახებ;

ე) საჭიროების შემთხვევაში, დაქვემდებარებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთ-ერთ მოსამსახურეს დააკისრონ ცვლის მეთაურის მოვალეობების შესრულება;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია გასვლის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ, გაეცნონ საქმიანობის ორგანიზების სხვა დოკუმენტებს.

5. დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს და ტერიტორიული დანაყოფის კოორდინაციის განყოფილების უფროსი და განყოფილების სხვა უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლის საქმიანობის ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზებისა და განხორციელების ინსპექტირება/შემოწმება, აგრეთვე, მეთოდური დახმარების აღმოჩენა ამ თავის მე-20 - 22-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის მუდმივ მზადყოფნაზე კონტროლი;

გ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ჩართულობის შემთხვევაში, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის და მისი ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მითითებების/განკარგულებების შესრულებაზე კონტროლი;

დ) მორიგე ცვლის შემადგენლობის სამსახურეობრივი მომზადების ორგანიზებაზე კონტროლი;

ე) პრაქტიკული და მეთოდური დახმარების აღმოჩენა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისათვის სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალურ სამაშველო-ტაქტიკური სწავლების და მომზადების ჩატარებაში;

ვ) მორიგე ცვლაში არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე კონტროლი, მორიგეობის პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე, მორიგეობიდან თავისუფალი შემადგენლობის ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში ჩაბმის, გაძლიერებულ მზადყოფნაზე და საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ღონისძიებების ორგანიზება;

ზ) განსაკუთრებით რთული ხანძრის ან/და მსხვილი მასშტაბის მქონე საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მთავარი მოქმედებების მომზადების, ჩატარების და მართვის ორგანიზება;

თ) ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭირო რეაგირების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა, რეაგირების ძალებისა და საშუალებების დახვედრა-აღრიცხვის ორგანიზება, მათი განლაგება ხანძრის ჩაქრობის უბნებზე (სექტორებზე) და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;

ი) ხანძარზე სპეციალური სამუშაოების ჩატარების ორგანიზება, რეაგირების ძალების შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ორგანიზება;

კ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და სხვა მობილური ტექნიკის (მათ შორის ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებიდან დაბრუნებული) გათვლაში დროულად ჩაყენება, გათვლიდან სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გამოყვანის საფუძვლების განხილვაში მონაწილეობა.

მუხლი 6. მორიგე ცვლის ორგანიზება

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფისათვის ხორციელდება მორიგე ცვლის ორგანიზება. ამ მიზნით, შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისაგან ყოველდღიურად ირჩევა და ინიშნება პასუხისმგებელი მორიგე.

2. მორიგე ცვლის ორგანიზების მიზანია:

ა) მორიგეობის პერიოდში მორიგე ცვლის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;

ბ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მორიგე ცვლის ძალებისა და საშუალებების სწრაფი აღდგენისათვის პირობების შექმნა;

გ) გასვლის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების, კავშირის საშუალებებისა და გზების მდგომარეობის კონტროლი (მათ შორის სახანძრო-ტაქტიკური სწავლების ჩატარებისას);

დ) პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ხანძარსაშიშროების, სახანძრო ტექნიკის მისასვლელი და გასასვლელი გზების, ასევე, გასვლის რაიონში გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების ადგილმდებარეობის შესწავლა;

ე) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის დისციპლინის მაღალი დონის უზრუნველყოფა;

ვ) შესაბამის სამსახურებთან კავშირის უზრუნველყოფა;

ზ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე არსებულ შენობებსა და სათავსებში გარეშე პირთა დაშვების დადგენილი წესის შესრულების უზრუნველყოფა, დღის განწესის დაცვა, სამსახურებრივი სათავსების და ტერიტორიის სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად სამსახურეობრივ-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება.

3. მორიგე ცვლის შემადგენლობა მორიგეობას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული მორიგე ცვლის დღის განწესის (დანართი 1) შესაბამისად.

4. მორიგე ცვლის ორგანიზებისას ხორციელდება:

ა) მორიგე ცვლის შემადგენლობის მომზადება;

ბ) პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ხანძარსაშიშროების და თავისებურებების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ტექნიკისათვის გასასვლელების და მისასვლელების, აგრეთვე, გასვლის რაიონში გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყაროების მდგომარეობის შესწავლა;

გ) ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება;

დ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;

ე) გასვლის რაიონში მდებარე პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების და გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან კავშირის არსებობის კონტროლი;

ვ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილი ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე, მორიგეობიდან თავისუფალი შემადგენლობის ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში ჩაბმის, სამსახურის ორგანიზების გაძლიერებულ მზადყოფნაზე და საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ღონისძიებები;

ზ) მორიგე ცვლის ორგანიზებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.

5. მორიგე ცვლაში მოვალეობის შესასრულებლად არ დაიშვება პირი, რომელსაც არ აქვს გავლილი პირველდაწყებითი მომზადება და არ აქვს მიღებული ჩათვლები უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნაში, აგრეთვე, მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) რომელსაც არ აქვს შესაბამისი მართვის მოწმობა.

6. მორიგე ცვლის გათვლაში უნდა იყოს მხოლოდ გამართული სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა.

7. სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გაუმართაობის შემთხვევაში, გაუმართაობის აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს ახორციელებს მორიგე ცვლის შემადგენლობა. გაუმართაობის დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები უნდა შეიცვალოს, ხოლო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა მოიხსნას გათვლიდან და შეიცვალოს სათადარიგოთი. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელს და სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს.

8. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკისა და შესაბამისი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაბამისი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია აგრეთვე, ცვლის მეთაურს.

9. დანაყოფში სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი ან ცვლის მეთაური სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს ატყობინებს გასვლის რაიონში სახანძრო უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მიზნით სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოყენების შესახებ.

მუხლი 7. მორიგე ცვლის შემადგენლობა

1. მორიგე ცვლის შემადგენლობაში შედიან:

ა) ცვლის მეთაური;

ბ) გათვლის უფროსი;

გ) მეხანძრე-მაშველი;

დ) მეხანძრე-მაშველი (მძღოლი);

ე) ოპერატორი;

ვ) უმცროსი ინსპექტორი, ინსპექტორი და უფროსი ინსპექტორი (განსაკუთრებულ სიტუაციებაზე რეაგირების მთავარ სამმართველოში).

2. აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს მათი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება დაეკისროთ დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები.

მუხლი 8. ცვლის მეთაური

1. ცვლის მეთაური არის მორიგე ცვლის შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი, რომელიც ემორჩილება შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელებს.

2. ცვლის მეთაური უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:

ა) გააკონტროლოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულება;

ბ) შეისწავლოს გასვლის რაიონში პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;

გ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს დანაყოფის შემადგენლობის სამსახურებრივი მომზადების გეგმისა და სწავლების განრიგის შესრულება, პირადად ჩაატაროს სწავლება, გააკონტროლოს გათვლის უფროსის მიერ სწავლების ჩატარების დროულობა და მომზადების ხარისხი;

დ) ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების უზრუნველყოფისათვის განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის, კავშირის საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის და რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების მზადყოფნის მიზნით;

ე) დაადგენილი წესის შესაბამისად გააკონტროლოს გასვლის რაიონში გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების, გასასვლელებისა და მისასვლელების მდგომარეობა;

ვ) დაადგენილი წესის შესაბამისად მოახსენოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის, კავშირის საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის, რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების გაუმართაობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესრულება, დისციპლინის და დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დაცვა;

თ) გააკონტროლოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების ტექნიკური მომსახურების და კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დოკუმენტაციის წარმოების სისწორე;

ი) უზრუნველყოს დანაყოფის დღის განწესით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;

კ) მორიგე ცვლის შემადგენლობის წევრის ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება დადგენილი წესის შესაბამისად მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან დროებით გათავისუფლების შესახებ და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსს;

ლ) უზრუნველყოს დანაყოფის სამსახურებრივ სათავსებში უცხო პირთა დაშვების დადგენილი რეჟიმის დაცვა;

მ) უზრუნველყოს მორიგე ცვლის ორგანიზების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება-კორექტირება;

ნ) უზრუნველყოს მორიგე ცვლაში ახლად მიღებული მოსამსახურეების პირველდაწყებითი სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათთან გეგმიური სწავლების პირადად ჩატარება სწავლების განრიგის შესაბამისად;

ო) გააკონტროლოს მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) მიერ მორიგე ცვლაში საწვავ-საპოხი მასალების ხარჯვის აღრიცხვა;

პ) გააკონტროლოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;

ჟ) არ დატოვოს მორიგე ცვლის ადგილმდებარეობა, გარდა ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

რ) არ დაუშვას მორიგე ცვლის შემადგენლობის რომელიმე წევრის შეცვლა ან გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია მორიგე ცვლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

ს) გათვლიდან არ მოხსნას სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ცვლის მეთაურს კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და მიიღოს გასვლის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ საჭირო ინფორმაცია, აგრეთვე, გაეცნოს საქმიანობის ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დოკუმენტაციას;

ბ) უკიდურეს და გადაუდებელ შემთხვევაში, უსაფრთხოების მოთხოვნების და დისციპლინის დამრღვევი პირი დროებით ჩამოაშოროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელსა და ტერიტორიული დანაყოფის უფროსს ან მის მოადგილეს;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად, მიაწოდოს წინადადებები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს მორიგე ცვლის შემადგენლობის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე, საქმიანობის ორგანიზებისათვის პირობების გაუმჯობესების შესახებ.

4. ცვლის მეთაურის მიერ ავადმყოფობის ან სხვა გარემოების გამო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები იღებენ გადაწყვეტილებას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან დროებით გათავისუფლების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცვლის მეთაურის მოვალეობების შესრულება ეკისრება დანაყოფის ერთ-ერთ მოსამსახურეს.

მუხლი 9. გათვლის უფროსი

1. გათვლის უფროსი ექვემდებარება ცვლის მეთაურს და ითვლება მორიგე ცვლაში შემავალი გათვლის შემადგენლობის უშუალო უფროსად.

2. გათვლის უფროსი უფლებამოსილებების განხორციელებისას ვალდებულია:

ა) იცოდეს გასვლის რაიონი მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;

ბ) მორიგე ცვლების შეცვლისას უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, სათავსების ინვენტარის და სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება;

გ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების მზადყოფნა;

დ) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების, კავშირის საშუალებების მდგომარეობა, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის მოძრაობის შესაძლებლობა გასვლის რაიონის საზღვრებში;

ე) გააკონტროლოს გათვლის შემადგენლობის მიერ დისციპლინის და ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დაცვა;

ვ) შეასრულოს დანაყოფის დღის განწესით გათვალისწინებული ღონისძიებები და ჩაატაროს სწავლება შემადგენლობასთან;

ზ) განახორციელოს გათვლის შემადგენლობის მიერ სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალური სამაშველო-ტაქტიკური ნორმატივების შესრულებისათვის შესაბამისი ვარჯიშების ჩატარების ორგანიზება;

თ) გააკონტროლოს მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების შენახვის წესი გათვლაზე მიმაგრებულ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე;

ი) გააკონტროლოს გათვლის შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მათი შესრულება;

კ) მოახსენოს ცვლის მეთაურს გათვლის შემადგენლობაზე მიმაგრებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დაკარგვის ან გაუმართაობების შესახებ.

3. გათვლის უფროსს, დისციპლინისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, უფლება აქვს წინადადებებით მიმართოს ცვლის მეთაურს გათვლის შემადგენლობის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახებ.

მუხლი 10. მეხანძრე-მაშველი

1. მეხანძრე-მაშველი უშუალოდ ექვემდებარება გათვლის უფროსს და ცვლის მეთაურს.

2. მეხანძრე-მაშველი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:

ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღოს მასზე მიმაგრებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატაროს მასზე მიმაგრებული მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების შემოწმება და ტექნიკური მომსახურება;

გ) გავიდეს გამოძახების ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, უზრუნველყოს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება საავარიო-სამაშველო ღონისძიებების დროს, აგრეთვე, განახორციელოს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაზე მიმართული სამუშაოები;

დ) განახორციელოს დაზარალებულთა ძებნა, გამოყვანა და ტრანსპორტირება სხვადასხვა პირობებში, აგრეთვე, აღმოუჩინოს მათ პირველადი დახმარება;

ე) მუდმივად იზრუნოს საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობებთან და მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე;

ვ) მორიგეობის პერიოდში განუხრელად დაიცვას უსაფრთხოების წესები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ფორმის ტანსაცმელის ტარების მოთხოვნები;

ზ) გაუფრთხილდეს დანაყოფის ქონებას, უზრუნველყოს მასზე მიმაგრებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის კავშირის საშუალებების გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა.

3. დანაყოფის მეხანძრე-მაშველს უფლება აქვს დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ისარგებლოს საჭირო სახანძრო ტექნიკური, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ინდივიდუალური აღჭურვილობებით და მოწყობილობებით.

4. მეხანძრე-მაშველი უფლებამოსილია წარადგინოს წინადადება საქმიანობის ორგანიზების, აგრეთვე, მორიგე ცვლაში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესების შესახებ.

5. აუცილებლობის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველს შესაძლებელია დაეკისროს მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) ფუნქცია-მოვალეობები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

მუხლი 11. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი)

1. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) უშუალოდ ემორჩილება გათვლის უფროსს და ცვლის მეთაურს.

2. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია:

ა) იცოდეს საქმიანობის ორგანიზაცებისა და განხორციელების წესი;

ბ) მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუდმივი მზადყოფნა ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებზე მიმართული მოქმედებებისათვის;

გ) იცოდეს და შეეძლოს დანაყოფში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის სპეციალურ აგრეგატებთან და მოწყობილობებთან მუშაობა;

დ) იცოდეს გასვლის რაიონი, მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების, ქუჩებისა და გასასვლელების განლაგება;

ე) მორიგეობის დაწყებისას შეამოწმოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუშაუნარიანობა, გაუმართაობის აღმოჩენის შესახებ მოახსენოს გათვლის უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლის მეთაურს და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად;

ვ) დაიცვას და განახორციელოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, საავარიო-სამაშველო სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება ქარხანა-დამამზადებელის ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად;

ზ) დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, უსაფრთხოებისა და ფორმის ტანსაცმელის ტარების მოთხოვნები;

თ) განახორციელოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, აგრეთვე, საწვავ-საპოხი მასალების კონტროლი;

ი) გათვლის უფროსს მოახსენოს მისი არყოფნისა და ცვლის მეთაურის მორიგეობის პერიოდში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ.

3. მეხანძრე-მაშველს (მძღოლი) უფლება აქვს დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ისარგებლოს საჭირო სახანძრო ტექნიკური, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ინდივიდუალური აღჭურვილობებით და მოწყობილობებით.

4. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) უფლებამოსილია წარადგინოს წინადადება საქმიანობის ორგანიზების, აგრეთვე, მორიგე ცვლაში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესების შესახებ.

5. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) არ დაიშვება მორიგეობაზე, თუ მას თან არ აქვს მართვის მოწმობა.

6. მეხანძრე-მაშველს (მძღოლი) მორიგეობის პერიოდში ეკრძალება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის სხვა პირებისათვის (მათ შორის, ზემდგომი თანამდებობის პირისთვის) სამართავად გადაცემა.

7. აუცილებლობის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველს (მძღოლი) შესაძლებელია დაეკისროს მეხანძრე-მაშველის ფუნქცია-მოვალეობები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

მუხლი 12. ოპერატორი

1. ოპერატორი უშუალოდ ემორჩილება ცვლის მეთაურს, ხოლო ოპერატიულ საკითხებში − სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს. ოპერატორი პასუხისმგებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფში შემოსული შეტყობინების დროულ მიღებასა და რეგისტრაციაზე, გადაცემაზე, გამოძახების ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეაგირების ძალებისა და საშუალებების დროულ გაგზავნაზე.

2. დანაყოფის ოპერატორი ვალდებულია:

ა) მორიგეობის დაწყებისას დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩაიბაროს სამორიგეოში არსებული დოკუმენტაცია, ქონება და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე, შეამოწმოს ტექნიკური საშუალებების მუშაუნარიანობა მორიგეობის დაწყებისთანავე, მოახსენოს ცვლის მეთაურს გაუმართაობის აღმოჩენის შესახებ და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი კავშირის საშუალებების გაუმართაობების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 4);

ბ) დაუყოვნებლივ უპასუხოს შემოსულ ზარს;

გ) ტელეფონით გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას ზარის ინიციატორს მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის დასახელების შესახებ;

დ) დადგენილი წესის თანახმად შესაბამის ჟურნალში ასახოს შეტყობინების შინაარსი და მიიღოს თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ზომები;

ე) იცოდეს გასვლის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარება (გასასვლელები და მისასვლელები, წყლის წყაროების მდგომარეობა, უწყლო რაიონები და სხვ.), ობიექტების ნუსხა, რომელზეც შედგენილია ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების გეგმები და ბარათები და იგზავნება სამსახურის რეაგირების ძალების და საშუალებების გამოძახების მაღალი ნომრით, აგრეთვე, პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების განლაგების ადგილები;

ვ) გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას აამოქმედოს „განგაშის“ სიგნალი სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ზ) შეავსოს და ხელი მოაწეროს საგზურს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გამოძახების ადგილზე გასასვლელად (საგზური გაიცემა თითოეულ ავტომობილზე, ასლი რჩება საოპერატოროში);

თ) საჭიროების შემთხვევაში იქონიოს კავშირი გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან;

ი) იმ შემთხვევაში, თუ რეაგირების ღონისძიებებში ჩართული არ არის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, დაუყოვნებლივ მოიპოვოს ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მისული ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელისგან ხანძრის ობიექტზე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრო სადენების და დანადგარების გათიშვის აუცილებლობის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი სამსახურის მიერ ელექტრო ძაბვის დროულ გათიშვას. შესაბამისი სამსახურიდან ძაბვის გათიშვის შესახებ მიღებული ინფორმაცია (ინფორმაციის მომწოდებელი შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელის და გვარის ფიქსირებით) დაუყოვნებლივ გადასცეს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელს და სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს;

კ) მიაწოდოს ინფორმაცია ცვლის მეთაურს და ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს გასვლის რაიონში ოპერატიული ვითარების შეცვლის შესახებ (გზების გადაკეტვა, გასასვლელების, გარე ხანძრსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების მწყობრიდან გამოსვლა და ოპერატიული ვითარების სხვა ცვლილებები) და გააკეთოს ჩანაწერი გასვლის რაიონში გადაკეტილი გასასვლელებისა და გაუმართავი ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების უბნების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 5);

ლ) გასვლის რაიონის საზღვრებს მიღმა მომხდარი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ შემოსული ინფორმაცია შეატყობინოს ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს ან/და იმ დანაყოფის ოპერატორს, რომლის გასვლის რაიონშიც მოხდა ხანძარი, ასევე, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ცვლის მეთაურს;

მ) საოპერატორო სათავსში არ დაუშვას უცხო პირი, გარდა ცვლის მეთაურისა და ამ უკანასკნელის განკარგულებით დაშვებული სხვა პირისა;

ნ) იქონიოს კავშირი გამოძახების ადგილზე გასულ (გამოძახების ადგილზე მომუშავე), სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებაზე მყოფ გათვლებთან. მათგან მიღებული ინფორმაცია შეიტანოს დანაყოფის შესაბამის ჟურნალში, აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს და დანაყოფის ხელმძღვანელებს დადგენილი წესის შესაბამისად;

ო) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის მითითებით დაადგინოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გამოძახების ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური თავისებურებები, დაგაზიანების დონე, რადიაციული ფონის შესახებ საცნობარო დოკუმენტაციისა და შესაბამისი სამსახურების მეშვეობით;

პ) მოახსენოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელებს გათვლის ან მორიგე ცვლის რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის შესახებ;

ჟ) აამოქმედოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის შეტყობინების და შეკრების სქემა უფლებამოსილი თანამდებობის პირების განკარგულებით და საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის ფუნქციონირების რეჟიმების შესაბამისად;

რ) დაიცვას კავშირის საშუალებების ექსპლუატაციის, უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და ფორმის ტანსაცმლის ტარების წესები, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

მუხლი 13. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების სამმართველოს, სწრაფი რეაგირების სამმართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ განყოფილებებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო განყოფილებების ცვლის მეთაური, უფროსი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი (მყვინთავი), ინსპექტორი (მყვინთავი), მეხანძრე-მაშველი, მეხანძრე-მაშველი (გემთწამყვანი)

1. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების სამმართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო განყოფილებების უფროსი ინსპექტორი, მეხანძრე-მაშველი, მეხანძრე-მაშველი (გემთწამყვანი) (შემდგომ - წყალზე მაშველი) უშუალოდ ექვემდებარებიან ცვლის მეთაურს. სწრაფი რეაგირების სამმართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ განყოფილებების უფროსი ინსპექტორი (მყვინთავი), ინსპექტორი (მყვინთავი) (შემდგომ - მყვინთავი) ექვემდებარებიან განყოფილების უფროსს.

2. წყალზე მაშველი და მყვინთავივალდებულნი არიან:

ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღონ მათზე მიმაგრებული სპეციალური, წყალზე და წყალქვეშ საჭირო სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა, აგრეთვე, უზრუნველყონ მათი მუდმივი მზადყოფნა წყალზე და წყალქვეშ მომხდარ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირებისთვის;

ბ) გავიდნენ გამოძახების ადგილზე და უზრუნველყონ წყალზე და წყალქვეშ სამაშველო და საძიებო სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე, განახორციელონ ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის, სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაზე მიმართული სამუშაოები;

გ) სრულყონ საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე და წყალზე და წყალქვეშ სამაშველო აღჭურვილობასთან და მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;

დ) უზრუნველყონ უსაფრთხოების წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ფორმის ტანსაცმლის ტარების მოთხოვნების განუხრელი დაცვა მორიგეობისას და სამაშველო/საძიებო სამუშაოების ჩატარებისას;

ე) გაუფრთხილდნენ დანაყოფის ქონებას, უზრუნველყონ მათზე მიმაგრებული, წყალზე და წყალქვეშ სამაშველო მოწყობილობის, ინდივიდუალური აღჭურვილობის და კავშირის საშუალებების გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა;

ვ) წყლის სანაპიროზე სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ აკვატორიის სამაშველო ზონაში არსებულ ვითარებაზე კონტროლი და მიიღონ შესაბამისი ზომები წყალზე ადამიანთა სიცოცხლის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის.

3. წყალზე მაშველსა და მყვინთავს უფლება აქვთ დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ისარგებლონ საჭირო სამაშველო მოწყობილობებით და ინდივიდუალური აღჭურვილობით.

მუხლი 14. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეგირების და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოების ცვლის მეთაური, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი

1. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ინსპექტორისა და უმცროსი ინსპექტორის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების, მთაში (მთის წვერზე, ხევში, კანიონში, კლდის ციცაბო ფერდობზე, ზვავში), მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ადამიანთა ძებნისა და გადარჩენის სამუშაოების განხორციელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები უშუალოდ ემორჩილებიან ცვლის მეთაურს ან/და უფროს ინსპექტორს და უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულნი არიან:

ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღონ მათზე მიმაგრებული საავარიო-სამაშველო ტექნიკა, აღჭურვილობა და მოწყობილობა;

ბ) გავიდნენ გამოძახების ადგილზე და შეასრულონ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისაკენ მიმართული საძიებო-სამაშველო, ასევე, ავარიის, კატასტროფის და სხვა საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიმართული სამუშაოები;

გ) სრულყონ საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობასთან, სამაშველო მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, ასევე, უზრუნველყონ მათი გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა;

დ) მორიგეობის პერიოდში დაიცვან უსაფრთხოების წესები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ფორმის ტანსაცმლის ტარების მოთხოვნები;

ე) საავარიო-სამაშველო, სამაშველო და საძიებო სამუშაოების ჩატარებისას განუხრელად დაიცვან შესაბამისი უსაფრთხოების წესები.

3. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ინსპექტორისა და უმცროსი ინსპექტორის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტების (შემდგომ - ქბრბ ინციდენტი) დროს ადამიანების ძებნისა და გადარჩენის საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე, დაზარალებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო ზონიდან მათი უსაფრთხოდ გაყვანა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები, მორიგე ცვლაში უშუალოდ ემორჩილებიან უფროს ინსპექტორს და უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულნი არიან:

ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღონ მათზე მიმაგრებული ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისათვის განკუთვნილი საავარიო-სამაშველო ტექნიკა, აღჭურვილობა და მოწყობილობა, აგრეთვე, უზრუნველყონ მათი მუდმივი მზადყოფნა;

ბ) გავიდნენ გამოძახების ადგილზე და შეასრულონ ქბრბ ინციდენტების დროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისაკენ მიმართული საძიებო-სამაშველო, ასევე, ავარიის, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიმართული სამუშაოები;

გ) სრულყონ საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე და ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისათვის განკუთვნილ საავარიო-სამაშველო აღჭურვილობასთან, სამაშველო მოწყობილობებთან და კავშირის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, ასევე, უზრუნველყონ მათი გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა;

დ) დაიცვან უსაფრთხოების წესები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ფორმის ტანსაცმლის ტარების მოთხოვნები.

მუხლი 15. მორიგე ცვლის ორგანიზების თავისებურებები განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების დროს

1. ხანძრის გაჩენის მომეტებული საშიშროების, აგრეთვე, ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ან წარმოქმნის საშიშროების არსებობის შემთხვევაში, გარკვეულ ტერიტორიაზე შეიძლება დადგინდეს განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული რეჟიმის მოქმედების პერიოდში სახანძრო-სამაშველო დანაყოფები გადადიან საქმიანობის ორგანიზების სპეციალურ რეჟიმზე.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლის ორგანიზების სპეციალურ რეჟიმზე გადასვლისას ხორციელდება:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის სადღეღამისო მორიგეობა შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად;

ბ) საჭიროების შემთხვევაში რეაგირების ძალებისა და საშუალებების გადაუდებელი ევაკუაციისათვის მომზადება;

გ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადთან გუშაგის სადღეღამისო მორიგეობა;

დ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის სრულად გამართვა საწვავ-საპოხი, სხვა საექსპლუატაციო მასალებით და ცეცხლმაქრი ნივთიერებებით;

ე) სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკაზე მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) სადღეღამისო მორიგეობა;

ვ) განგაშის სიგნალზე შემადგენლობის შეკრების შესახებ შეტყობინების წესის ამოქმედება;

ზ) განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის და საგანგებო სიტუაციის პირობებში მოსახლეობის შეტყობინების სისტემის მუშაუნარიანობის შემოწმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) გათვლებში სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ჩაყენება, მორიგე ცვლების შემადგენლობით სრულად დაკომპლექტება, მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალი შემადგენლობის შეკრება;

ი) საჭიროების შემთხვევაში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეაგირების ძალებისა და საშუალებების დისლოკაციის ადგილის დროებით შეცვლა;

კ) რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვის სათადარიგო პუნქტების მზადყოფნაში მოყვანა;

ლ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემადგენლობის საკვებით და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა;

მ) გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთკოორდინაციის წესის შეჯერება.

მუხლი 16. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის განთავსება და ტექნიკის განლაგება

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი სათავსები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სათავსებში, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომში (შემდგომ − ავტოსადგომი), სასწავლო კლასებსა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობისათვის განკუთვნილ სხვა სათავსებში, დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული უნდა იყოს:

ა) მორიგე ცვლის გათვლის შემადგენლობის ძირითადი მოვალეობები სახანძრო ავტოცისტერნაზე (დანართი 6);

ბ) სწავლების განრიგი;

გ) დღის განწესი;

დ) შიდა განწესით გათვალისწინებულ პირთა მოვალეობები;

ე) სახანძრო უსაფრთხოების წესები და საჭირო ინსტრუქციები.

3. მორიგე ცვლის შემადგენლობის ღამის საათებში დასასვენებლად განკუთვნილი სათავსი მოწყობილი უნდა იყოს ტიპური ავეჯით (საწოლები და სხვ.), რომელიც იძლევა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დასვენების შესაძლებლობას მორიგე ცვლის სრული შემადგენლობისთვის.

4. მორიგე ცვლის შემადგენლობის გასახდელ ოთახში განთავსებული უნდა იყოს ინდივიდუალური კარადები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, სპეციალური დამცავი ტანსაცმლის, აღჭურვილობის, პირადი ჰიგიენის ნივთების შესანახად. კარადების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს მორიგე ცვლის სრული შემადგენლობისთვის.

5. ავტოსადგომში მოწყობილი უნდა იყოს თაროები სპეციალური დამცავი ტანსაცმლის და აღჭურვილობის დასაწყობად. თაროების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს მორიგე ცვლის სრული შემადგენლობისთვის.

6. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ძირითადი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის გათბობის მქონე სათავსებში.

7. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ყველა სათავსისათვის შედგენილი უნდა იყოს მათში არსებული ქონების აღწერის ნუსხა.

8. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შენობის ფასადზე უნდა განთავსდეს აბრა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის დასახელებით და ხმოვანი სიგნალი − მორიგე ცვლის შემადგენლობის გამოსაძახებლად.

9. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადზე, როგორც წესი, გათვალისწინებული უნდა იქნეს სათავსი (ჯიხური) გუშაგისათვის.

10. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე მორიგე ცვლის შემადგენლობის საკუთრებაში არსებული ავტომობილების განთავსების წესს ადგენს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი.

11. აკრძალულია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის საკუთრებაში არსებული ავტომობილების გაჩერება სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის შესასვლელთან, ავტოსადგომთან და შენობის ფასადთან.

მუხლი 17. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის მიერ დღის განწესის შესრულება

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლის შემადგენლობა საქმიანობის განხორციელებისას ატარებს სეზონის მიხედვით დადგენილ ფორმის ტანსაცმელს.

2. მორიგე ცვლის შემადგენლობა უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის განთავსების ადგილზე. მორიგე ცვლის შემადგენლობას შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიის დატოვების უფლება აქვს ცვლის მეთაურის ნებართვით, მხოლოდ მორიგე ცვლის ორგანიზებისათვის საჭირო დავალების შესრულების მიზნით.

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის მიერ დღის განწესის დარღვევა დაუშვებელია, გარდა ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან, სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებასთან და  ცვლის მეთაურის განკარგულებით სხვადასხვა ღონისძიებაზე გასვლასთან დაკავშირებული შემთხვევებისა.

4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ოპერატორის მიერ საკვების მიღების და ღამის საათებში დასვენების მიზნით, ცვლის მეთაური უზრუნველყოფს მის შეცვლას მორიგე ცვლის შემადგენლობის სხვა წევრით, რომელიც დადგენილი წესით დაშვებულია ოპერატორის მოვალეობების შესასრულებლად.

5. მორიგე ცვლის სამსახურებრივი სათავსების და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიის დალაგება, სისუფთავის და წესრიგის დაცვა, აგრეთვე, სხვა სამეურნეო სამუშაოების განხორციელება ევალება მორიგე ცვლის შემადგენლობას.

6. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილიდან, სახანძრო-ტაქტიკური სწავლებიდან დაბრუნების შემდეგ მორიგე ცვლის რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნაში მოყვანის მიზნით, ცვლის მეთაურის კონტროლის ქვეშ და მისი უშუალო მონაწილეობით დაუყოვნებლივ ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გამართვას საწვავ-საპოხი მასალით (სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალით გამართვისას გათვლის მთელი შემადგენლობა გადის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებით);

ბ) მორიგე ცვლის შემადგენლობა უზრუნველყოფს გაუმართავი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების შეცვლას, აგრეთვე, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების გამართვას ცეცხლმაქრი ნივთიერებებით. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) და შემადგენლობის სხვა მოსამსახურეები ახორციელებენ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებას;

გ) ცვლის მეთაური აწვდის ინფორმაციას ოპერატორს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გათვლაში ჩაყენების და დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად მორიგე ცვლის მზადყოფნის შესახებ.

მუხლი 18. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა და მოქალაქეთა დაშვება სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სამსახურებრივ სათავსებში

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სამსახურებრივ სათავსებში დაიშვებიან პირები:

ა) მორიგე ცვლის ინსპექტირების მიზნით;

ბ) ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების გადაცემის მიზნით;

გ) სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით;

დ) დელეგაციების და ექსკურსიების შემადგენლობიდან, რომლებიც ეწვივნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ან დეპარტამენტის დანაყოფს, მხოლოდ სამსახურის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით.

2. ცვლის მეთაური ადგენს სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მოსულ პირთა ვიზიტის მიზეზს და საჭიროების შემთხვევაში აცილებს მათ შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელთან.

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სამსახურებრივ სათავსებში დაუბრკოლებლად დაიშვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და სხვა უფლებამოსილი პირები. ცვლის მეთაური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობის წარმოდგენა.

4. პირებს, რომლებიც არ შედიან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ჩამონათვალში, ცვლის მეთაური სთხოვს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით უშვებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სათავსებში. ამასთან, თუ აღნიშნული პირი ითხოვს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სათავსებში დაშვებას მიზნობრივი შემოწმებისათვის, ცვლის მეთაური მას დამატებით სთხოვს შემოწმების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ასეთი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში პირი არ დაიშვება სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე და სათავსებში.

მუხლი 19. მორიგე ცვლის შეცვლა

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფად ხორციელდება მორიგე ცვლის შეცვლა. მორიგე ცვლის შეცვლა მოიცავს შეცვლისთვის მომზადებას, მორიგეობის გადაბარების პროცესს და მორიგე ცვლის შეცვლას.

2. მორიგე ცვლის შეცვლის და მორიგეობის გადაბარების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.

3. მორიგე ცვლის შეცვლაზე იკრიბება შემცვლელი და შესაცვლელი მორიგე ცვლების სრული შემადგენლობა. მორიგე ცვლების შეკრებას ატარებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.

4. მორიგე ცვლის შეცვლა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ტარდება სამსახურის უფროსის მიერ დადგენილ ერთსა და იმავე დროს.

5. მორიგე ცვლის შეცვლისათვის მომზადების დროს შემცვლელი ცვლის მეთაური შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელისაგან ან მის მიერ უფლებამოსილი პირისაგან იღებს ინსტრუქტაჟს, ხოლო შესაცვლელი ცვლის მეთაურისაგან − ინფორმაციას რაიონში ოპერატიული ვითარების შესახებ (დანართი 4, დანართი 5), რის შემდეგაც ადგენს მორიგე ცვლის განწესს და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სამსახურის წიგნში (დანართი 2), ხოლო წყალზე რეაგირების სამაშველო დანაყოფებისათვის - წყალზე რეაგირების სამაშველო დანაყოფების სამსახურის წიგნში (დანართი 3).

6. დღის განწესით დადგენილ დროს შემცვლელი ცვლის მეთაური იძლევა განკარგულებას: „ცვლაზე!“, ხოლო ოპერატორი აწვდის სამ მოკლე სიგნალს. შემცვლელი და შესაცვლელი მორიგე ცვლების შემადგენლობა დგება მწყობრში სპეციალური დამცავი ტანსაცმლით და აღჭურვილობით (შემცვლელი მორიგე ცვლა დამატებით - მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის  საშუალებებით, მათი გათვლაში არსებობის შემთხვევაში) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე.

7. მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების შემოწმებას შემცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობა ატარებს ცვლის გადაბარების პროცესში შემცვლელი ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით.

8. მორიგე ცვლების გადაბარების პროცესში შემცვლელი ცვლის მეთაური:

ა) ამოწმებს შემადგენლობის გამოცხადებას და საქმიანობის განხორციელებისათვის მზადყოფნას, ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დაცვას, სპეციალური დამცავი ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მდგომარეობას, აგრეთვე, იღებს ზომებს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;

ბ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ტექნიკაზე აცხადებს გათვლის შემადგენლობას, შიდა განწესის პირთაგან ერთ-ერთს ავალებს საგუშაგოზე შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებას;

გ) ამოწმებს შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ცოდნას, აგრეთვე, ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების (მძღოლი) მართვის მოწმობებს;

დ) მორიგე ცვლის შემადგენლობას აცნობს გასვლის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას.

9. შესაცვლელი ცვლის მეთაური აჯამებს გასული დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს, აფასებს დაქვემდებარებული შემადგენლობის მუშაობას, ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში მიუთითებს მათი აღმოფხვრის გზებს.

10. შემცვლელი ცვლის მეთაური ატყობინებს შესაცვლელი ცვლის მეთაურს შეცვლისათვის მზადყოფნის შესახებ.

11. შესაცვლელი ცვლის მეთაური, შემცვლელი ცვლის მეთაურისაგან შეცვლისათვის მზადყოფნის შესახებ შეტყობინების მიღებისას, აწყობს შემადგენლობას შემცვლელი მორიგე ცვლის მწყობრის წინ.

12. შემცვლელი ცვლის მეთაური მოახსენებს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მის მოადგილეს, მორიგეობის გადაბარებისთვის მზადყოფნის შესახებ, რის შემდეგაც დგება მწყობრში.

13. შესაცვლელი ცვლის მეთაური მოახსენებს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მის მოადგილეს, მორიგეობის ჩასაბარებლად მზადყოფნის შესახებ. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მოადგილე) ესალმება შემადგენლობას, ამოწმებს შემცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობის მზადყოფნას და შემადგენლობის მიერ თავისი მოვალეობების ცოდნას, აფასებს შესაცვლელი მორიგე ცვლის მიერ განხორციელებულ მორიგე ცვლას, განსაზღვრავს მორიგე ცვლის მიერ განსახორციელებელ ამოცანებს, რის შემდეგაც შემადგენლობა იწყებს მორიგეობის მიღება-ჩაბარებას.

14. მორიგე ცვლების შეკრება და შეცვლა შეიძლება ჩატარდეს დანაყოფის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გარეშე, შესაცვლელი ცვლის მეთაურის მიერ.

15. შესაცვლელი ცვლის მეთაური გადასცემს შემცვლელი ცვლის მეთაურს მორიგე ცვლის განხორციელებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას დანაყოფში სამსახურის ორგანიზების მარეგულირებელი დოკუმენტების ნუსხის შესაბამისად და იღებს შესაბამის ზომებს აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად.

16. შემცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობა შესაცვლელი მორიგე ცვლისაგან იბარებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკას, სახანძრო ტექნიკურ და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობას და მოწყობილობებს, კავშირისა და სიგნალიზაციის საშუალებებს, ხოლო შემცვლელი ცვლის მეთაური პირადად ან მისი დავალებით − გათვლების უფროსები, მორიგეობის ჩაბარებისას ამოწმებენ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, კავშირის საშუალებების გამართულობას, სათავსების და ტერიტორიის მდგომარეობას.

17. შესაცვლელი და შემცვლელი მორიგე ცვლების შემადგენლობები მორიგეობის ჩაბარებისა და მიღების შედეგების შესახებ მოხსენებას აკეთებენ შემდეგი წესით:

ა) მეხანძრე-მაშველი, მეხანძრე-მაშველი (მძღოლი), ინსპექტორი ან/და უმცროსი ინსპექტორი მოახსენებენ შესაბამისი გათვლების უფროსს ან/და უფროს ინსპექტორს;

ბ) გათვლის უფროსი და ოპერატორი მოახსენებენ შესაცვლელი/შემცვლელი ცვლის მეთაურს ან/და უფროს ინსპექტორს;

გ) შიდა განწესის პირები მოახსენებენ დანაყოფის ცვლის მორიგეს.

18. მორიგეობის შეცვლის დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებები უნდა აღმოიფხვრას შესაცვლელი მორიგე ცვლის მიერ, შესაცვლელი ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით.

19. მიღება-ჩაბარებაზე მოხსენების შემდეგ შესაცვლელი/შემცვლელი ცვლის მეთაური აკეთებს საჭირო ჩანაწერს სამსახურის წიგნში და შეცვლის შესახებ მოახსენებს დანაყოფის ხელმძღვანელს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მის მოადგილეს.

20. შესაცვლელი/შემცვლელი ცვლის მეთაურისგან მორიგეობის მიღება-ჩაბარებაზე მოხსენების შემდეგ დანაყოფის ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მისი მოადგილე, ამოწმებს შესაცვლელი მორიგე ცვლის ჩანაწერებს სამსახურის წიგნში, ამტკიცებს მორიგეობაზე გამოსული მორიგე ცვლის განწესს და სწავლების ჩატარების გეგმა-კონსპექტებს, აძლევს ინსტრუქციებს შემცვლელი ცვლის მეთაურს და განსაზღვრავს მორიგეობის პერიოდში განსახორციელებელ ამოცანებს, გასცემს განკარგულებას მორიგე ცვლების შეცვლის დამთავრების შესახებ. განკარგულების მიღებისას ოპერატორი აწვდის ორ მოკლე სიგნალს. შემცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობა ამოწმებს ავტომობილებში განთავსებულ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს. ამ მომენტიდან შესაცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ მორიგე ცვლაში მორიგეობა ითვლება დასრულებულად.

21. მორიგეობის მიღების შემდეგ შემცვლელი ცვლის მეთაური გადასცემს დანაყოფის ოპერატორს მონაცემებს მორიგე ცვლის შემადგენლობის შესახებ.

22. მორიგეობის შეცვლის დროს განგაშის გამოცხადებისას, შემთხვევაზე გადის შესაცვლელი მორიგე ცვლა, ხოლო შემცვლელი რჩება შენობაში დანაყოფის უფროსის განკარგულების მიღებამდე. თუ მორიგე ცვლების შეცვლის დროს შესაცვლელი მორიგე ცვლა იმყოფება ხანძარზე ან სხვა ინციდენტზე, როგორც წესი, შემცვლელი მორიგე ცვლა გადადის შემთხვევის ადგილზე და აღნიშნულ ადგილზე ტარდება შეცვლა.

მუხლი 20. შიდა განწესი

1. შესაბამის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში შიდა განწესი დგება მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ სამსახურებრივ სათავსებში წესრიგის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გამართულობის, ასევე, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიასა და სათავსებში უცხო პირთა დაშვების დადგენილი წესის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

2. მორიგე ცვლის შიდა განწესის პირები უშუალოდ ემორჩილებიან ცვლის მეთაურს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − შესაბამის უფლებამოსილ პირს.

3. მორიგე ცვლის შიდა განწესის შემადგენლობაში არიან:

ა) ცვლის მორიგე;

ბ) ავტოსადგომის მორიგე (საჭიროების შემთხვევაში);

გ) სათავსების მორიგე (საჭიროების შემთხვევაში);

დ) გუშაგი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადთან.

4. მორიგე ცვლის შემადგენლობის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, დასაშვებია შიდა განწესის შემადგენლობის შემცირება და არაუმეტეს ორი სახეობის შიდა განწესის მოვალეობების შეთავსება.

5. შიდა განწესის ცვლების რაოდენობას, მორიგე ცვლის განგაშის სიგნალზე გასვლის დროს, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სამსახურებრივი სათავსების დაცვის წესს, აგრეთვე, შიდა განწესის შეცვლის წესს განსაზღვრავს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი.

6. შიდა განწესის პირთა შეცვლის კონტროლს ახორციელებს ცვლის მეთაური, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ცვლის მორიგე.

7. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ცვლის მორიგედ ინიშნება გათვლის უფროსი, რომელსაც ემორჩილება შიდა განწესის შემადგენლობა.

8. ცვლის მორიგე საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) მორიგე ცვლის შეცვლისას მიიღოს სამსახურებრივ-საყოფაცხოვრებო სათავსები, მოწყობილობები და ინვენტარი;

ბ) ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი შიდა განწესის შემადგენლობას, შეამოწმოს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ცოდნა;

გ) შეამოწმოს შიდა განწესის პირების მიერ მოვალეობის შესრულება და აღნიშნულის შესახებ მოახსენოს ცვლის მეთაურს.

9. ცვლის მორიგის დასვენებისას მის მოვალეობებს ასრულებს ცვლის მეთაური.

10. შესაბამის დანაყოფში, საჭიროების შემთხვევაში, ავტოსადგომის მორიგედ დღის განმავლობაში ინიშნება მეხანძრე-მაშველი (მძღოლი), ხოლო ღამის საათებში – მეხანძრე-მაშველი.

11. ავტოსადგომის მორიგე საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) დაუშვას მეხნძრე-მაშველი (მძღოლი) და მორიგე ცვლის შემადგენლობა მიმაგრებულ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკასთან მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, ცვლის მეთაურის განკარგულებით;

ბ) უზრუნველყოს ავტოსადგომში დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის, სისუფთავის და წესრიგის დაცვა;

გ) დაუყოვნებლივ მოახსენოს ცვლის მეთაურს სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ტექნიკის, გათბობის სისტემის გაუმართაობის და სხვა ნაკლოვანებების აღმოჩენის შესახებ.

12. სათავსების მორიგედ, საჭიროების შემთხვევაში, დღისა და ღამის საათებში ინიშნება მეხანძრე-მაშველი. სათავსების მორიგე საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) დაიცვას სისუფთავე და წესრიგი შესაბამისი დანაყოფის ყველა სათავსში, გარდა ავტოსადგომის და ოპერატორის სათავსისა;

ბ) უზრუნველყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა საკვების მიღების ადგილებში;

გ) თვალყური ადევნოს ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვას დანაყოფის სამსახურებრივ-საყოფაცხოვრებო სათავსებში.

13. გუშაგი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადთან ინიშნება მეხანძრე-მაშველთაგან. მისთვის გამოყოფილია სპეციალური სათავსი (საგუშაგო). გუშაგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) იცოდეს და დაიცვას შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე შემადგენლობის, სამსახურის მოსამსახურეთა, მოქალაქეებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაშვების წესი;

ბ) მიიღოს მოქალაქეებისაგან ინფორმაცია ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ, განმცხადებლები გადაამისამართოს ოპერატორთან და აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ მოახსენოს ცვლის მეთაურს;

გ) მუდმივად აკონტროლოს ვითარება და ხილვადობის საზღვრებში აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ დაუყონებლივ მოახსენოს ცვლის მეთაურს და ოპერატორს;

დ) არ დაუშვას სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დანაყოფის შესასვლელთან, სადგომთან და შენობის ფასადთან;

ე) დაიცვას სისუფთავე და წესრიგი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადთან.

მუხლი 21. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის კონტროლი

1. ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ შესაბამისი უფლებამოსილი პირები.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საქმიანობის კონტროლის განხორციელებამ, რომლის შედეგები შეიტანება სამსახურის წიგნში, ხელი არ უნდა შეუშალოს შემადგენლობის სასწავლო პროცესის ორგანიზებას.

მუხლი 22. კონტროლის დაგეგმვა და ჩატარება

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის კონტროლის მიზნით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, ტარდება:

ა) საერთო შემოწმება –ოთხ წელიწადში ერთხელ და ფასდება შესამოწმებელ სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საქმიანობის ორგანიზების/განხორციელების და მორიგე ცვლის საქმიანობის შესაბამისობას ამ წესისა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მომზადების დონე, აგრეთვე, ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების განხორციელების უნარ-ჩვევები;

ბ) საკონტროლო შემოწმება –საერთო შემოწმების განხორციელებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა და ფასდება საერთო შემოწმებით გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიმდინარეობა;

გ) მიზნობრივი შემოწმება – უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების ცალკეული საკითხების შერჩევითი შემოწმება. მიზნობრივი შემოწმება აგრეთვე, ხორციელდება სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი განსაკუთრებით რთული ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვისას, ასევე, დასახული ამოცანების და მოქმედებების შესრულებისას/განსაზღვრისას შეცდომების/დარღვევების გამოვლენის მიზნით.

2. შემოწმების დროს დგინდება:

ა) საქმიანობის ორგანიზების სისწორე;

ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მორიგე ცვლების მზადყოფნა, მორიგე ცვლების გათვლების შემადგენლობებს შორის შეთანხმებული ურთიერთმოქმედება;

გ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის ორგანიზების მდგომარეობა;

დ) უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების სისწორე;

ე) კავშირგაბმულობის, დამცავი ტანსაცმლის, სასუნთქი საშუალების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო მოწყობილობის და აღჭურვილობის გამართულობა და მოვლა-პატრონობის მდგომარეობა;

ვ) ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების გამართულობაზე კონტროლის მდგომარეობა;

ზ) მეთაურთა შემადგენლობის მომზადების დონე, რომლებიც ხელმძღვანელობენ მორიგე ცვლის შემადგენლობის პირველდაწყებითი და სამსახურებრივი სწავლების ჩატარებას;

თ) მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ ფუნქციონალური მოვალეობების ცოდნა, შესრულების უნარი და დისციპლინის დაცვა;

ი) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური და სპეციალურ სამაშველო-ტაქტიკური მომზადების დონე;

კ) საქმიანობის ორგანიზების მარეგულირებელი დოკუმენტების სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არსებობა და მათი მოთხოვნების ცოდნა;

ლ) სასწავლო-საწვრთნელი ობიექტების, სამსახურებრივი სათავსებისა და ტერიტორიის მდგომარეობა, აგრეთვე, მათი შესაბამისობა მომზადების პროგრამასთან, ნორმატიულ აქტებთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთან.

მუხლი 23. შემოწმების შედეგების გაფორმება

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში განხორციელებული შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი. აქტში მიეთითება გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების განხორციელების გეგმა და ვადები, აგრეთვე, გეგმის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირები. აქტის შენახვის ვადაა 5 წელი.

2. კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირები შემოწმების ჩატარებისას ვალდებულნი არიან, საჭიროების შემთხვევაში, გაუწიონ პრაქტიკული დახმარება შესაბამის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს მორიგე ცვლის, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ორგანიზების და განხორციელების სფეროში.

 

თავი II

უსაფრთხოების მოთხოვნები

მუხლი 24. ზოგადი დებულებები

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში უსაფრთხოების მოთხოვნების ორგანიზება-განხორციელების მიზანია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფი თავისი საქმიანობის ორგანიზება-განხორციელებისას მოქმედებს ამ თავით დადგენილი წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების სხვა მოთხოვნების შესაბამისად.

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი;

ბ) ცვლის მეთაური ან/და უფროსი ინსპექტორი;

გ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობის ჩატარებისას - ის თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ და ხელმძღვანელობენ სამუშაოების შესრულებას;

დ) სწავლებისა და შეჯიბრების ხელმძღვანელები.

4. სწავლებაზე, რომელიც ტარდება განსაკუთრებით მნიშვნელოვან, პოტენციურად საშიშ ობიექტზე და რომლის ოპერატიულ-ტაქტიკურ და საინჟინრო-ტექნიკური თავისებურებები სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის უცნობია ან ნაკლებად ცნობილია, ასევე, პრაქტიკულ სწავლებაზე, სადაც სასწავლო-საწვრთნელ ვარჯიშებს შემადგენლობა ასრულებს პირველად, ასევე, შეჯიბრების ჩატარებისას, სწავლების ან/და შეჯიბრების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეებთან შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარება სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამოყენების დროს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის შესახებ. ინსტრუქტაჟის ჩატარების ფაქტი ფორმდება შესაბამის აქტით.

მუხლი 25. უსაფრთხოების მოთხოვნები მორიგე ცვლის ორგანიზებისას

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ცვლისათვის მომზადებისას ცვლის მეთაური ვალდებულია შეამოწმოს:

ა) მეხანძრე-მაშველის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი და აღჭურვილობა;

ბ) მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებები;

გ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკისა და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების მდგომარეობა;

დ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებსა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფში სამედიცინო აფთიაქის დაკომპლექტება;

ე) გარაჟის კარების ჩამკეტების გამართულობა;

ვ) განგაშის სიგნალზე შემადგენლობის სამოძრაო გზებზე დაბრკოლებების არარსებობა;

ზ) შემადგენლობის მიერ ამ წესების მოთხოვნების ცოდნა (შერჩევითი პრინციპით).

2. მორიგე ცვლის შეცვლისას ავტომობილის ძრავა შეიძლება ჩაირთოს მხოლოდ სახანძრო-ტექნიკური, სავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დათვალიერებისა და მიღების შემდეგ, აგრეთვე, ავტომობილის გამოსაბოლქვი სისტემის გამწოვი ვენტილაციის აირსარინის სისტემასთან მიერთების შემდეგ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, აგრეთვე, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველი აღჭურვილობის და მოწყობილობის მოვლა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის მიერ დღის განწესით დადგენილ დროს, ხოლო სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოდ და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად განკუთვნილი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამართულობა (ხელის სახანძრო კიბეები, მაშველი თოკები, სახანძრო/სამაშველო ქამრები, სახანძრო/სამაშველო კარაბინები და სხვა სამაშველო მოწყობილობა) უნდა შემოწმდეს პირადად გათვლის უფროსის მიერ მორიგე ცვლის შეცვლისას.

4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სათავსში აკრძალულია:

ა) ინვენტარისა და მოწყობილობების განთავსება კიბის უჯრედების მარშებსა და ბაქნებზე, ჩამოსასრიალებელ ბოძთან და კარის ღიობებთან;

ბ) სამორიგეო სათავსების, სასწავლო კლასების და ავტოსადგომების იატაკზე, აგრეთვე, განგაშის სიგნალზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის სამოძრაო გზებზე ნოხის, ფარდაგის დაგება.

მუხლი 26. უსაფრთხოების მოთხოვნები ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში განგაშის სიგნალზე მორიგე ცვლის შემადგენლობა ავტომობილებთან იკრიბება დადგენილი წესით. ავტომობილთან მისასვლელ გზებზე დაუშვებელია ტანსაცმლის, პირადი მოხმარების ნივთების და სხვა საგნების დატოვება.

2. ჩამოსასრიალებელი ბოძის გამოყენებისას მორიგე ცვლის შემადგენლობა იცავს სათანადო ინტერვალს და ჩამოსრიალების შემდეგ დროულად ათავისუფლებს ადგილს.

3. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებში მორიგე ცვლის შემადგენლობის ჩასხდომისას დაუშვებელია მოძრავი ავტომობილების წინ გადარბენა. ავტოსადგომის გარეთ ჩასხდომისას მორიგე ცვლის შემადგენლობა ჩასასხდომ მოედანზე გამოდის მხოლოდ ავტომობილის ავტოსადგომიდან გამოსვლის შემდეგ.

4. ავტომობილის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ჩასხდომის დასრულების შემდეგ. ჩასხდომა დასრულებულად ითვლება მორიგე ცვლის შემადგენლობის ავტომობილის კაბინაში განთავსებისა და ყველა კარის დაკეტვის შემდეგ.

5. ავტომობილში უცხო პირები არ დაიშვებიან. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა პირს შეუძლია მიუთითოს მოძრაობის მიმართულება გამოძახების ადგილისაკენ.

6. ავტოსადგომიდან ავტომობილის ქუჩაში გამოსვლისას საქალაქო ტრანსპორტისა და მოქალაქეების არსებობისას გამაფრთხილებელ სიგნალს იძლევა სპეციალური შუქნიშანი, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში გუშაგი – წითელი დროშით, ხოლო ღამის საათებში წითელი ფარნით. ავტოსადგომიდან გამოსვლისა და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობისას მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) რთავს სპეციალურ ხმოვან სიგნალსა და ციმციმა სიგნალს და სარგებლობს მოძრაობის უპირატესობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მოძრაობისას დაუშვებელია კაბინის კარების გაღება, საფეხურებზე დგომა, კაბინიდან თავის გამოყოფა, მოწევა და ღია ცეცხლის გამოყენება.

8. დაუშვებელია სპეციალური ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ავტომობილი ბრუნდება ხანძრიდან ან/და სხვა საგანგებო სიტუაციიდან (გამოძახებიდან) ან გადის სხვა დავალებაზე.

9. ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე მისული მორიგე ცვლის შემადგენლობის გადმოსვლა ავტომობილიდან დასაშვებია მხოლოდ უფროსი თანამდებობის პირის განკარგულებით.

მუხლი 27. უსაფრთხოების მოთხოვნები ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე დაზვერვის ჩატარებისას

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დაზვერვა ტარდება განუწყვეტლივ, ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის მომენტიდან მის ლიკვიდაციამდე, ან რეაგირების ღონისძიებების დასრულებამდე. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში დაზვერვის ჩასატარებლად იქმნება სასუნთქი საშუალებებით აღჭურვილი კვამლსაწინააღმდეგო რგოლი არანაკლებ სამი მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით, ხოლო რთული ნაგებობების დასაზვერად (მეტროპოლიტენი, შენობების მიწისქვეშა ფოიეები, მომეტებული სირთულის შენობები, გემების ტრიუმები, საკაბელო გვირაბები, რთული დაგეგმარების სარდაფები) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობა იზრდება ხუთ მეხანძრე-მაშველამდე. სასუნთქი საშუალების გარეშე დაზვერვის ჩატარებისას კვამლსაწინააღმდეგო რგოლში შეიძლება შედიოდეს მინიმუმ ორი მეხანძრე-მაშველი.

2. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში დაზვერვის ჩატარებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ამ თავის მოთხოვნების დაცვა დანაყოფში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) დასახული ამოცანის შესასრულებლად შეამოწმოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობის საჭირო მინიმუმის არსებობა და მათი გამართულობა;

გ) უზრუნველყოს შემადგენლობის მიერ სასუნთქი საშუალებების შემოწმებაზე და გამოყენების სისწორეზე კონტროლი;

დ) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მუშაობის დაწყებამდე შეამოწმოს სასუნთქი საშუალებების ბალონებში ჰაერის წნევა და შეატყობინოს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგს ბალონებში წნევის უმცირესი მაჩვენებელი;

ე) გააკონტროლოს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგის შესაბამისი ჩანაწერების სისრულე და სისწორე;

ვ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობის ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის კერასთან მისვლისთანავე აცნობოს მას ჰაერის საკონტროლო წნევის ის მაჩვენებელი, რომლის დროსაც აუცილებელია უსაფრთხოების საგუშაგოსთან დაბრუნება;

ზ) სუნთქვისათვის არახელსაყრელი გარემოდან გამოსვლის დროს განსაზღვროს სასუნთქი საშუალების გამორთვის ადგილი და გასცეს ბრძანება მათი გამორთვის შესახებ.

3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაკვამლიანებულ ზონაში ან სუნთქვისათვის არახელსაყრელ სხვა გარემოში მუშაობის დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) კაპიტალური ან ფანჯრებიანი კედლების გასწვრივ გადაადგილება;

ბ) გადაადგილების დროს მზიდი კონსტრუქციების მდგომარეობაზე, ცეცხლის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობასა და აფეთქების ან ჩამონგრევის საშიშროებაზე მეთვალყურეობის დაწესება;

გ) იმ სათავსებში შესვლა, სადაც არის მაღალი ძაბვის დანადგარები ან მაღალი წნევის ქვეშ მყოფი აპარატები (ჭურჭელი), აგრეთვე, ფეთქებადი, მომწამლავი, რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური ნივთიერებები, დასაშვებია მხოლოდ ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და მათ მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით.

4. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობის შერჩევისას გამოყენებულ უნდა იქნეს:

ა) ერთი ტიპის სასუნთქი საშუალებები;

ბ) გადარჩენის და თვითგადარჩენის საშუალებები;

გ) კონსტრუქციის გასახსნელ-დასაშლელი ინსტრუმენტები;

დ) განათებისა და კავშირგაბმულობის ხელსაწყოები;

ე) მაშველი თოკი;

ვ) ხანძრის ჩაქრობის ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა.

5. დიდი ფართობის დაგაზიანების დროს სასუნთქ საშუალებაში მუშაობისას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მთელი პერიოდის განმავლობაში იქმნება უსაფრთხოების საგუშაგო და საკონტროლო-გამშვები პუნქტი, სადაც ტარდება დასახული ამოცანების გათვალისწინებით უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქტაჟი იმ პირებთან, რომლებიც მიემართებიან ხანძრის ჩასაქრობად ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად.

6. დაზვერვის ორგანიზებისას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელმა ან/და სხვა თანამდებობის პირებმა მაქსიმალურად უნდა მოიზიდონ გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურები აგრესიული, ქიმიურად საშიში და რადიოაქტიური ნივთიერებების ხასიათის, მათი კონცენტრაციის დონის და დაბინძურების ზონის საზღვრების, აგრეთვე, უსაფრთხოების საჭირო ზომების დასადგენად.

7. აკრძალულია ღია ცეცხლით სათავსებში შესვლა, სადაც ინახება და ბრუნვაშია ადვილადაალებადი და წვადი სითხეები, ჭურჭელი წვადი აირით, აგრეთვე, სადაც შესაძლებელია წვადი მტვრის და ბოჭკოების გამოყოფა.

მუხლი 28. უსაფრთხოების მოთხოვნები ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანის და ქონების გადარჩენისას

1. ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე შექმნილი ვითარებიდან და გადასარჩენი ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ვალდებულია განსაზღვროს ადამიანის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის წესი და ხერხები, მიიღოს ზომები ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის საშიში ფაქტორებისაგან მათ დასაცავად.

2. სიმაღლიდან ადამიანთა და ქონების გადასარჩენად გამოიყენება სტაციონარული და გადასატანი ხელის სახანძრო კიბეები, ავტოკიბეები და სახანძრო ავტოამწე, მაშველი თოკები და სახელოები, პნევმატური სამაშველო მოწყობილობები და სხვა ხელსაწყოები, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი გამოცდა საიმედოობასა და გამართულობაზე.

3. გადარჩენისა და თვითგადარჩენის მოქმედებების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაშველი თოკის სიგრძე საკმარისია მიწაზე დასაშვებად, მაშველი მარყუჟი საიმედოდ არის დამაგრებული გადასარჩენ ადამიანზე, ხოლო მაშველი თოკი სწორად დახვეული სახანძრო/სამაშველო კარაბინზე და საიმედოდ დამაგრებული შენობა-ნაგებობის კონსტრუქციაზე.

4. აკრძალულია გადარჩენისა და თვითგადარჩენისათვის სველი ან ძლიერ ნოტიო მაშველი თოკების, აგრეთვე, არამიზნობრივი თოკების გამოყენება.

5. ავტოკიბის ლიფტის კაბინით ადამიანთა აყვანა-ჩამოყვანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომატური გამორთვის ელექტროქსელი და სიგნალიზაცია გამართულ მდგომარეობაშია. ხმოვანი სიგნალის ჩართვისას სახანძრო ავტოკიბის ლიფტის კაბინის მოძრაობა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და დაუბრუნდეს საწყის პოზიციას. ადამიანთა რაოდენობამ (ტვირთის მასამ) ლიფტის კაბინაში არ უნდა გადააჭარბოს ავტოკიბის ექსპლუატაციის ინსტრუქციით დადგენილ სიდიდეს (წონას).

მუხლი 29. უსაფრთხოების მოთხოვნები ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლისას

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლისას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ან/და შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირები უზრუნველყოფენ:

ა) სახელოების ხაზების გაშლის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, მოწყობილობის და ინვენტარის გადატანის უმოკლესი და უსაფრთხო გზის შერჩევას, ასევე, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებისა და მოწყობილობების განთავსებას საევაკუაციო გზების ჩახერგვის გარეშე;

ბ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მშენებლობადაუმთავრებელი შენობა-ნაგებობებიდან ან ავარიული ობიექტებიდან განთავსებას არანაკლებ ამ ობიექტების სიმაღლის ტოლ მანძილზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის ტრანსპორტის გაჩერებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ერთიანი სიგნალის დაწესებას და ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე მომუშავე დანაყოფის შემადგენლობის ინფორმირებას;

ე) რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ სახელოების ხაზების გაყვანისას უსაფრთხოების საგუშაგოების მოწყობას რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ (ორივე მხარეზე), მოძრავი შემადგენლობის მიახლოების შესახებ შემადგენლობისათვის ინფორმაციის დროულად მისაწოდებლად.

2. რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლისას აკრძალულია:

ა) რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლის დაწყება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის გაჩერებამდე;

ბ) სახანძრო ჰიდრანტების, გაზის და თბოკომუნიკაციების ჭების გასანათებლად ღია ცეცხლის გამოყენება;

გ) წყლის, გაზის და ტექნიკური კომუნიკაციების ჭებში სამაშველო თოკისა და სასუნთქი საშუალების გარეშე ჩასვლა;

დ) სახელოების ხაზებთან შეერთებული სახანძრო ლულის ღვედის ტანზე დამაგრება სიმაღლეზე ასვლისას და მუშაობისას;

ე) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკური აღჭურვილობისა და მოწყობილობების სამაშველო თოკით ატანა-ჩამოტანისას ტვირთის ქვეშ დგომა;

ვ) ხელის მექანიზებული და ელექტრო ინსტრუმენტების მუშა მდგომარეობაში გადატანა მოძრაობის მიმართულებისაკენ მობრუნებული სამუშაო ზედაპირით (მჭრელი, მჩხვლეტავი და სხვ.), ასევე, ბირდაბირების და ხერხუნების შალითების გარეშე გადატანა;

ზ) წყლით შევსებული სახელოს ხაზის ატანა სიმაღლეზე;

თ) წყლის მიწოდება დაუმაგრებელი სახელოების ხაზებში, მელულეების საწყის პოზიციებზე გასვლამდე ან სიმაღლეზე ასვლამდე.

3. ვერტიკალური სახელოების ხაზები თითოეულ სახელოზე უნდა დამაგრდეს არანაკლებ ერთი დამჭერის ანგარიშით.

4. სახელოების ხაზებში წყალი უნდა მიეწოდოს თანდათანობით, წნევის მომატებით. სახანძრო ჰიდრანტის გამოყენებისას მისი ხუფი უნდა გაიხსნას სპეციალური კაკვით ან ძალაყინით.

5. სახელოების და ტუმბოსახელოების სახანძრო ავტომობილებიდან სახელოს ხაზის გაყვანისას მეხანძრე-მაშველმა (მძღოლი) უნდა გააკონტროლოს მოძრაობის სიჩქარე (არა უმეტეს 10 კმ/სთ), ხოლო მეხანძრე-მაშველმა თვალყური ადევნოს სპეციალური ხმოვანი სიგნალისა და ციმციმა სიგნალის მუშაობას, საიმედოდ დააფიქსიროს სახანძრო ავტომობილის სექციების კარები.

6. სახელოების დასაწყობი ამწე მექანიზმის პნევმოსისტემის გამოყენებისას საჭიროა სამუხრუჭე სისტემაში ისეთი წნევის უზრუნველყოფა, როგორიც განსაზღვრულია მანქანის ტექნიკური პასპორტით.

7. სახელოებიან ავტომობილში სახელოს ხვეულების დაწყობისას აკრძალულია ამწე მექანიზმის ტვირთამწეობის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება. ავტომობილის სახურავზე სახელოების დაწყობისას შემომღობი მოწყობილობები საიმედოდ უნდა იქნეს დამაგრებული ვერტიკალურ მდგომარეობაში.

8. აფეთქების საშიშროების არსებობისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის მიერ სახელოების ხაზების გაყვანა უნდა განხორციელდეს არსებული თავშესაფრების (არხები, კედლები და სხვ.), დაცვის საშუალებების (ფოლადის ჩაფხუტები, ფარების, ჯავშანჟილეტები) გამოყენებით, აგრეთვე, ჯავშანფარების, ჯავშანტექნიკისა და ავტომობილების დაცვის ქვეშ.

9. ხელის სახანძრო კიბეები უნდა დაიდგას ისე, რომ ხანძრის განვითარების შემთხვევაში ისინი არ აღმოჩნდეს წვის ზონაში. მათი გადატანის შემთხვევაში საჭიროა ამ კიბით სიმაღლეზე ასული მეხანძრე-მაშველების გაფრთხილება, კიბის ახალი ადგილმდებარეობის ან სხვა ჩამოსასვლელის მითითება.

10. აკრძალულია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის დაყენება გზის სავალი ნაწილის გარდიგარდმო. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის ქუჩის, გზის სავალ ნაწილზე გაჩერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეფერხება, დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირების ან ცვლის მეთაურის ბრძანებით, ამასთან, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე ჩართული უნდა იქნეს ავარიული შუქსიგნალი. ღამის საათებში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილი უნდა განათდეს გვერდითი, გაბარიტული ან სადგომი შუქებით.

მუხლი 30. უსაფრთხოების მოთხოვნები ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისას

1. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელმა, ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე დანაყოფების თანამდებობის პირებმა და შემადგენლობამ უნდა იცოდნენ ამ წესის დანართი 8-ით განსაზღვრული ნივთიერებების და მასალების სახეობები და ტიპები, რომელთა ჩასაქრობად წყლისა და წყლის შემცველი ცეცხლსაქრობი ნივთიერებების გამოყენება დაუშვებელია.

2. დანაყოფების შემადგენლობის მუშაობა სათავსებში (უბნებზე), სადაც ინახება ან გამოიყენება ქიმიურად საშიში ნივთიერებები ან წვის დროს შესაძლებელია ასეთი ნივთიერებების გამოყოფა, დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ დამცავ კომპლექტებსა და სასუნთქი საშუალების გამოყენებით.

3. დანაყოფის მეხანძრე-მაშველი ხანძრის სითბური რადიაციის, სამშენებლო კონსტრუქციების რღვევის ან სხვა გარემოებათა შედეგად წარმოქმნილი მექანიკური და ხანძრის სხვა საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან ინდივიდუალური დაცვის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო-სამაშველო დამცავი ტანსაცმლით, მათ შორის სპეციალური დამცავი ტანსაცმლითა და აღჭურვილობით.

4. ძლიერი სითბური რადიაციის უბნებზე მომუშავე სამსახურის დანაყოფის შემადგენლობის და ტექნიკის ჯგუფური დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წყლის ფარდით (ეკრანით), ხოლო ინდივიდუალური დაცვა – გამაფრქვეველი ლულებით.

5. შენობის ზედა სართულებზე წვის ლიკვიდაციისას აკრძალულია სატვირთო და სამგზავრო ლიფტების გამოყენება შემადგენლობის ასაყვანად და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების ასატანად. გამონაკლისია ლიფტები, რომლებიც განკუთვნილია სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ტრანსპორტირებისათვის.

6. ხანძრის ჩაქრობის მონაწილე დანაყოფების შემადგენლობა ვალდებულია თვალყური ადევნოს ხანძარზე ვითარების ცვლილებას, სამშენებლო კონსტრუქციების, ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობას და საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააფრთხილოს ხანძრის ჩაქრობის უბანზე მომუშავე ყველა პირი, ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები.

7. რეზერვუარებში და სარეზერვუარო პარკებში ნავთობის და ნავთობპროდუქტების წვის ლიკვიდაციის დროს საჭიროა შემადგენლობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის ცეცხლმოდებული რეზერვუარებიდან უსაფრთხო მანძილზე განთავსება, წვადი სითხეების შესაძლო ადუღების, ამოფრქვევის, დაღვრის და დაკვამლიანების ზონის გათვალისწინებით. ამასთან, საჭიროა სწრაფი შეტყობინების ერთიანი სიგნალის დადგენა და აღნიშნულის შესახებ დანაყოფების შემადგენლობის ინფორმირება, ასევე, უსაფრთხო ადგილამდე უკან დასახევი გზების განსაზღვრა. დაუშვებელია ტექნიკის ქარზურგა მხარეს განთავსება.

8. გადაუმუშავებელი ნავთობის რეზერვუარებში ხანძრის ჩაქრობისას (ავარიის ლიკვიდაციისას) აკრძალულია სახანძრო ავტომობილების განლაგება ან მათი წყლის წყაროებზე დაყენება ცეცხლმოდებული რეზერვუარიდან 120 მ-ზე ახლოს.

9. დაუშვებელია ცეცხლმოდებულ მიწისქვეშა რკინაბეტონის, მიწისზედა ავარიულ (ცეცხლმოდებულ) და მათთან მეზობლად მდებარე რეზერვუარების სახურავზე (მცურავ სახურავზე) შემადგენლობის განთავსება. გამონაკლის შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის თანხმობით დასაშვებია რეზერვუარების სახურავზე იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც ჩაუტარდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი. აკრძალულია მელულეების ყოფნა ცეცხლმოდებული რეზერვუარების შემოზვინვაში, თუ დაღვრილი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები არ არის დაფარული ქაფით და შემადგენლობის სამუშაო ადგილებზე არ არის მომუშავე ქაფგენერატორები ან ქაფის ლულები.

10. ელექტროენერგეტიკული მრეწველობის (ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, აირტურბინული ელექტროსადგური, ელექტროქვესადგური) და სხვა ობიექტების ელექტროდანადგარების სათავსებში, აგრეთვე, მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობებში და რკინიგზის ტრანსპორტზე წვის ლიკვიდაციაში მონაწილე სამსახურის დანაყოფების შემადგენლობას ეკრძალება ელექტროხაზების და ელექტროდანადგარების გაუდენურების რაიმე მოქმედების თვითნებურად ჩატარება, აგრეთვე, ცეცხლმაქრი ნივთიერებების გამოყენება ობიექტის ადმინისტრაციისაგან დადგენილი წესით წერილობითი დაშვების (დანართი 17, დანართი 18) მიღებამდე.

11. მეტროპოლიტენის გვირაბებსა და სადგურებზე ხანძრის დროს მაგისტრალური სახელოების ხაზების გაყვანა ხდება სადგურების ბაქნებამდე სახელოს განშტოებების დაყენებით, ამასთან, ყველა შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს სათადარიგო მაგისტრალური ხაზის გაყვანა.

12. ობიექტებზე, სადაც ინახება და ბრუნვაშია ფეთქებადი მასალები, წვის ლიკვიდაციის დროს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით ორგანიზება გაუწიოს იმ შემადგენლობის ინსტრუქტაჟს, რომელიც მიემართება სამუშაოების შესასრულებლად;

ბ) დაადგინოს ფეთქებადი მასალების დასახელებები;

გ) განსაზღვროს ცეცხლმაქრი ნივთიერება, რომლის გამოყენებაც არ გამოიწვევს აფეთქებას;

დ) არ დაუშვას დანაყოფის შემადგენლობის საშიშ ზონაში თავმოყრა;

ე) უზრუნველყოს დანაყოფის შემადგენლობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დაცვა შესაძლო დარტყმითი (აფეთქების) ტალღისა და ნამსხვრევებისაგან;

ვ) გამოიყენოს თავშესაფარი, აგრეთვე, ჯავშანტექნიკა სახელოების ხაზების გასაყვანად და მელულეების პოზიციების დასაცავად;

ზ) წვის ლიკვიდაციისათვის გამოიყენოს გაფრქვეული წყალი ან ქაფი, მოერიდოს წყლის კომპაქტური ჭავლის გამოყენებას;

თ) ფეთქებადი მასალების ევაკუაციისა და კონსტრუქციების დაშლა-გახსნის დროს უზრუნველყოს დანაყოფის შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, ფეთქებად მასალებზე მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული შესაძლო აფეთქების პრევენციის მიზნით.

13. გაზნავთობის შადრევნების ხანძრის ჩაქრობის და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შემადგენლობის დაცვა ძლიერი ხმაურისაგან დამხშობების, ანტიფონების და ხმაურის საწინააღმდეგო ყურსაცმების გამოყენებით;

ბ) ორგანიზება გაუწიოს მელულეების ეშელონირებულ დაცვას თბური რადიაციის ზემოქმედებისაგან.

14. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე (ბირთვული რეაქტორები, საწარმოები), სადაც ინახება და ბრუნვაშია რადიოაქტიური მასალები, რადიოაქტიური მასალების ან მაიონებელი გამოსხივების წყაროების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით (შემდგომ - რადიაციულად საშიში ობიექტები) წვის და საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად ობიექტის ადმინისტრაციის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად შემუშავებულ ინსტრუქციაში ასახული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

ა) ობიექტზე არსებული რადიოაქტიური ნივთიერებების ნუსხა, მათი აქტიურობის აღნიშვნით;

ბ) ხანძრის ჩაქრობისას და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ამა თუ იმ სალიკვიდაციო სამუშაოს ჩატარების შესაძლებლობა და პირობები (ქონების ევაკუაცია და სხვ.) ობიექტის ადმინისტრაციის მისვლამდე;

გ) დოზიმეტრული კონტროლის უზრუნველყოფის ორგანიზება და საშუალებები;

დ) დანაყოფის შემადგენლობის დაცვის ზომები და წესი, რადიაციის დონის შესაძლო ცვლილების გათვალისწინებით;

ე) დანაყოფის შემადგენლობის დასხივების დასაშვები დონე, რადიაციის დონის შესაძლო ცვლილების გათვალისწინებით;

ვ) სხვადასხვა კატეგორიის სათავსებში დანაყოფის შემადგენლობის ყოფნის დასაშვები დრო ნორმალურ პირობებში და საგანგებო სიტუაციის დროს, რადიაციის დონის შესაძლო ცვლილებების გათვალისწინებით;

ზ) საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის საშუალებები და ხერხები სხვადასხვა კატეგორიის შენობა-ნაგებობებში;

თ) საგანგებო სიტუაციის ლიკვადაციისას და მის შემდეგ დანაყოფის შემადგენლობისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის და სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის და ფორმის ტანსაცმლის დეზაქტივაციის წესი, ადგილი და საშუალებები;

ი) რადიაციულად საშიშ ობიექტებზე წვის და საგანგებო სიტაუციის ლიკვიდაციისას დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოზიდვის, აგრეთვე, დანაყოფებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან და ობიექტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის წესი;

კ) რადიაციულად საშიშ ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისა და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისას დანაყოფის შემადგენლობის ნებაყოფლობითი მონაწილეობის წესი და მათი ინფორმირება დასხივების შესაძლო დოზებისა და ჯანმრთელობისათვის არსებული რისკის შესახებ.

15. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ დანაყოფების შემადგენლობის ჭარბი დასხივება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების და ღონისძიებების დაცვა-განხორციელება:

ა) ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები უნდა წარმოებდეს რადიაციული კონტროლის ქვეშ, სპეციალური ნებართვით, რომელშიც განსაზღვრულია მუშაობის ზღვრული ხანგრძლივობა, დაცვის დამატებითი საშუალებები, რეაგირების ძალების და სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების გვარები;

ბ) ობიექტზე, სადაც ინახება ან ბრუნვაშია რადიაციული ნივთიერებები, დანაყოფის შემადგენლობის დასხივებისაგან დაცვის საშუალებებით, დოზიმეტრული კონტროლის ხელსაწყოებით, ადამიანთა ინდივიდუალური სანიტარული დამუშავების და ტექნიკის დეზაქტივაციის საშუალებებით უზრუნველყოფა ეკისრება ობიექტის ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია აგრეთვე, ორგანიზება გაუწიოს რეაგირების ძალების დასხივების დოზიმეტრულ და რადიაციულ კონტროლს, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დასრულების შემდეგ (არაუმეტეს ერთი დღე-ღამისა) გასცეს თითოეული მონაწილის მიერ მიღებული დასხივების დოზის შესახებ დადგენილი დოკუმენტი. ობიექტის ადმინისტრაცია ვალდებულია შეატყობინოს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელს მონაცემები დასაშვებ ზღვართან მიახლოებული დოზების შესახებ;

გ) წვის ლიკვიდაციის დროს საჭიროა წვრილად გაფრქვეული ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მიწოდება მძლავრი იმპულსური ნაკადებით, რომლებიც იფრქვევა დიდ მანძილზე და მხოლოდ ცეცხლმოდებულ ფართობზე, ამასთან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ცეცხლმაქრი ზემოქმედების მაღალი სიზუსტე და ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მცირე ხარჯი, შემცირდეს რადიაქტიური მტვრის მიმოფანტვის დონე და ხანძრის ხელახლად გაჩენის შესაძლებლობა;

დ) ხანძრის ჩაქრობისა და საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემადგენლობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და რადიაციის ზემოქმედების პირობებში სამუშაოდ მორგებული სხვა ტექნიკის მინიმალური რაოდენობის მოზიდვა. სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის დანაყოფების მიერ საჭიროა სასუნთქი საშუალების და კონკრეტული ობიექტებისათვის გათვალისწინებული დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება;

ე) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელმა, ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით უნდა გაუწიოს ორგანიზება რეაგირების ძალების შემადგენლობის რადიაციული უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს (სამუშაოების ხასიათის და თანმიმდევრობის განმარტებით), აგრეთვე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადმინისტრაციის (დოზიმეტრული სამსახურის) მიერ დადგენილ ვადებში მათი საშიშ ზონაში ყოფნის და დროულად შეცვლის კონტროლი;

ვ) საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის შემდეგ სამუშაოებში მონაწილე რეაგირების ძალების მთელმა შემადგენლობამ უნდა გაიაროს გამოკვლევა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

16. რადიაციულად საშიშ ობიექტზე ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს:

ა) რადიაციული დაზვერვის უწყვეტ განხორციელებას;

ბ) ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის ადგილმდებარეობის თავისებურებების დროულ და მოხერხებულ გამოყენებას;

გ) რადიაციასაწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიდოტების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებების გამოყენებას;

დ) მოწამვლის ზონაში გადაადგილების და ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ეფექტიანი ხერხების შერჩევას;

ე) მოწამვლის ზონაში სამსახურის შემადგენლობის მიერ ქცევის დადგენილი წესების მკაცრ დაცვას.

17. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე მაღალი რადიაციის პირობებში საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოები სამსახურის დანაყოფების მიერ ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაგირების ძალები და საშუალებები საკმარისი რაოდენობისაა და მათი მოსალოდნელი დასხივების დოზა არ აღემატება ზღვრულ დასაშვებ დოზას.

18. ავარიული ქიმიურად საშიში და აგრესიული ნივთიერებების მქონე ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) ხანძრის ჩაქრობის საშუალებები შეარჩიოს ცეცხლმოდებული ნივთიერებების ხასიათის გათვალისწინებით და ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული საშუალებების გამოყენებით (მათი არსებობის შემთხვევაში);

ბ) ავარიული ქიმიურად საშიში და აგრესიული ნივთიერებების ევაკუაციის დროს გაითვალისწინოს ობიექტის ადმინისტრაციის რეკომენდაციები;

გ) ხანძრის ზონაში არაორგანული მჟავებისა და ქიმიური დამწვრობების გამომწვევი სხვა ნივთიერებების არსებობის შემთხვევაში, ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით, უზრუნველყოს სამსახურის დანაყოფის შემადგენლობა დამცავი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით;

დ) დადგენილი წესით დანიშნოს უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები.

19. საცხოვრებელ სახლებში ხანძრის ჩაქრობის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

ა) გაზგაყვანილობაზე საკვალთეების გადაკეტვა;

ბ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრო სადენების და ელექტროდანადგარების გათიშვის აუცილებლობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ორგანიზება;

გ) სათავსიდან კვამლის მოცილება და ტემპერატურის დაწევა;

დ) გაზის ბალონების აღმოჩენისას მათი გაგრილება და ევაკუაცია წყლის ჭავლის დაცვის ქვეშ.

20. აკრძალულია სამსახურის დანაყოფის რეაგირების ძალებისათვის ღამის საათებში დასასვენებელი ადგილების მოწყობა ტყისა და ტორფის ხანძრების წვის გავრცელების ფრონტის წინ და სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის განთავსება იმ ადგილებში, სადაც ცეცხლმა შეიძლება მოჭრას უკან დასახევი გზები ან შექმნას დიდი დაკვამლიანება.

21. სიმაღლეზე ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხოების შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

ა) ხელის სახანძრო კიბეზე სახანძრო ლულით (სხვა სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობით და მოწყობილობით) მუშაობა, მხოლოდ საფეხურზე მეხანძრე-მაშველის სახანძრო-სამაშველო კარაბინით დამაგრების შემდეგ;

ბ) სახურავზე მუშაობის დროს მეხანძრე-მაშველების დამაგრება შენობის კონსტრუქციაზე სამაშველო თოკით (აკრძალულია თოკის დამაგრება სახურავის შემომღობ კონსტრუქციებზე);

გ) სიმაღლეზე და გადახურვაზე სამუშაოების ჩატარება არანაკლებ ორი მეხანძრე-მაშველის მიერ;

დ) სახელოს ხაზის და სახანძრო კიბეების საიმედო დამაგრება.

22. აკრძალულია სახანძრო ლულის დატოვება უმეთვალყურეოდ წყლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი, აგრეთვე, შემადგენლობის გაჩერება გადმოკიდებულ სახურავზე და გადახურვის იმ უბანზე, სადაც შეიმჩნევა წვის ნიშნები.

23. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობის ჩატარებისას მეხანძრე-მაშველს (მძღოლი) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის და სხვა თანამდებობის პირების ბრძანების გარეშე ეკრძალება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, მოტოპომპების, ავტოკიბეების და ავტოამწეების გადაადგილება, აგრეთვე, მათი უმეთვალყურეოდ დატოვება.

მუხლი 31. უსაფრთხოების მოთხოვნები ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე სპეციალური სამუშაოების შესრულებისას

1. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლა-გახსნის სამუშაოების ორგანიზება უნდა განხორციელდეს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ დანიშნული უფლებამოსილი თანამდებობის პირების უშუალო ხელმძღვანელობით, აგრეთვე, დაშლილი კონსტრუქციების დასაწყობი (ჩამოსაგდები) ადგილის მითითებით. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლა-გახსნის სამუშაოების დაწყებამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უბანზე არსებული ელექტროქსელის, (0.38 კვტ) გაზის კომუნიკაციების გათიშვა (ან დაზიანებისაგან დაცვა) და ხანძრის შესაძლო (ფარული) კერის ჩაქრობის საშუალებების მომზადება.

2. 0.38 კვ-ზე მეტი ძაბვის მქონე ელექტროქსელის და დანადგარების გათიშვას ახორციელებენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე დაშვების ნებართვას (დანართი 17, დანართი 18). ხანძრის ჩასაქრობად ქაფის ან წყლის მიწოდებისას საჭიროა სახანძრო ავტომობილების ტუმბოების და ლულების დამიწება.

3. ელექტროსადენების გადაჭრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფაზური ძაბვა არ აღემატება 220 ვოლტს ან ელექტროქსელის გათიშვა შეუძლებელია სხვა ხერხებით.

4. ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსადენების გათიშვის დროს საჭიროა:

ა) ქსელის იმ უბნის განსაზღვრა, სადაც ელექტროსადენების გადაჭრა უსაფრთხოა და უზრუნველყოფს ელექტროქსელის გათიშვას შესაბამის ფართობზე (შენობა, სართული, სექცია და სხვ.);

ბ) მკვებავი გარე სადენების გადაჭრა იზოლატორებთან, ელექტროენერგიის მოხმარების მხრიდან ისე, რომ ჩამოწყვეტილი სადენები არ იყოს ძაბვის ქვეშ. სადენების გადაჭრა იწყება ქვედა რიგიდან.

5. აკრძალულია მრავალძარღვიანი, აგრეთვე, საიზოლაციო მილებსა (გარსში) და ლითონის სახელოებში ჯგუფებად გაყვანილი ერთძარღვიანი სადენების და კაბელების ერთდროულად გადაჭრა.

6. სახურავიდან და სართულებიდან კონსტრუქციების (საგნების) გადმოყრისას სახიფათო ზონაში ადამიანთა მოხვედრის პრევენციის მიზნით გამოიყოფა გუშაგი. ღამის საათებში კონსტრუქციების ჩამოყრის ადგილი უნდა იქნეს განათებული.

7. სახურავის ერთ ადგილზე დანაყოფების შემადგენლობის ერთდროული თავმოყრა დაუშვებელია.

8. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლისას დაუშვებელია მათი სამაგრების (საყრდენების, დამჭიმების, განმბრჯენების და ა. შ.) დარღვევა. აუცილებლობის შემთხვევაში საკვამლე მილების, დამწვარი საყრდენების ან შენობის ნაწილების ჩამოგდება უნდა განხორციელდეს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ დანიშნული სამსახურის დანაყოფის უფლებამოსილი თანამდებობის პირების უშუალო ხელმძღვანელობით, საშიში ზონიდან ადამიანებისა და ტექნიკის გაყვანის შემდეგ.

9. ხის კონსტრუქციების ჯაჭვური ხერხით გახსნისას დაუშვებელია ჯაჭვის ზედა ნაწილის გაჭედვა პროფილში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსტრუმენტის უკუგდება ოპერატორზე.

10. ავტოკიბე შენობისგან ისეთი მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რაც უზრუნველყოფს მუხლების გაშლას დახრის დასაშვები კუთხის ფარგლებში. გაშლილი ავტოკიბე უნდა ცდებოდეს სახურავის კარნიზს (მოედანს, შემოღობვას) 1–1,5 მ-ით. მოცემულ სიგრძეზე გაშლისას ავტოკიბე უნდა დაფიქსირდეს ჩამკეტებით.

11. სამშენებლო კონსტრუქციაზე მიდგმულ ავტოკიბეზე მუშაობისას ავტომობილის ძრავა გამორთულია, ხოლო თუ ავტოკიბეს აქვს საკიდელა – ძრავა არ ითიშება.

12. ავტოკიბის და ავტოამწის მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე (სწავლებაზე) მუშაობს ჩაფხუტით.

13. ავტოკიბეზე (ავტოამწეზე) მუშაობისას მეხანძრე-მაშველი (მძღოლი):

ა) უზრუნველყოფს ავტოკიბეზე (ავტოამწეზე) მომუშავე მეხანძრე-მაშველთა მიერ ავტოკიბის (ავტოამწის) ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვას;

ბ) უზრუნველყოფს, კიბის მუხლებზე (ამწის ისარზე) არ მოხდეს წყლის (ქაფის) დაღვრა (განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში);

გ) -10°C -ზე ნაკლები ჰაერის ტემპერატურის პირობებში ახორციელებს ჰიდროტუმბოს ამუშავებას შეჭიდულობის ფოლხვის სატერფულის ხანმოკლე აშვებით, ხოლო ძრავის თანაბარი ბრუნვის შემთხვევაში ახდენს სატერფულის ბოლომდე აშვებას;

დ) ხანმოკლე შესვენებების დროს ჰიდროტუმბოსა და ძრავას ტოვებს ჩართულ მდგომარეობაში.

14. ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე სპეციალური სამუშაო ადგილის შეცვლისას საჭიროა კიბის მუხლების (ავტოკიბის ისრების) დაწყობა ტრანსპორტირების მდგომარეობაში, საყრდენების აწევა, რესორების განბლოკვა და სიმძლავრის კოლოფის გათიშვა.

15. ავტოკიბის (ავტოამწის) ამწედ გამოყენების შემთხვევაში, მუხლები უნდა დაიკეცოს. ტვირთის მაქსიმალური წონა ტალის მასის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ დაშვებულ სიდიდეს. მუშაობის დროს გამოყენებულ ჯამბარებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გამოცდა და გააჩნდეთ მარკირება.

16. ავტოკიბის მარშებზე, როდესაც კიბის თავი არაფერს ეყრდნობა, დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის გადაადგილება, თუ კიბის დახრის კუთხე 50°-ზე ნაკლებია და არა უმეტეს ორი ადამიანის ერთდროულად გადაადგილება, თუ კიბის დახრის კუთხე 50°-ზე მეტია. მიყრდნობილ კიბეზე შემადგენლობას შეუძლია გადაადგილდეს ჯაჭვურად არანაკლებ 3 მ-ის ინტერვალით, ხოლო 100-120 კგ წონის ტვირთის გადატანისას – არანაკლებ 8 მ-ის ინტერვალით, ამასთან, შეწყობილი ნაბიჯით გადაადგილება დაუშვებელია.

17. ავტოკიბის (ავტოამწის) გასაჩერებელი მოედანი უნდა იყოს დახრილი არა უმეტეს 6°-ით ან ჰქონდეს მყარი საფარი ან მყარი გრუნტი. რბილი გრუნტის შემთხვევაში საყრდენი დისკებისთვის გათვალისწინებულია ქვესადებები, რომლებიც შედის ავტოკიბის (ავტოამწის) კომპლექტში.

18. ავტოკიბის თავზე დამაგრებული სახანძრო ლულის მუშაობისას:

ა) ავტოკიბე უნდა გაიშალოს მთელი სიგრძის არა უმეტეს 2/3-ზე, თუ გაშლის კუთხე არ აღემატება 75°-ს;

ბ) სახელოს ხაზი გაყვანილ უნდა იქნეს ავტოკიბის საფეხურების ცენტრის გასწვრივ და საიმედოდ დამაგრდეს სახელოს დამჭერებით;

გ) სახელოს ხაზში წყლის მიწოდება და შეწყვეტა უნდა განხორციელდეს თანაბრად, მკვეთრი რხევების გარეშე, ლულასთან წნევა უნდა იყოს არანაკლებ 0,4 მპა.

19. სპეციალური სამუშაოების შესრულებისას, საჭირო რეაგირების ძალებისა და საშუალებების თავმოყრის, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების და ავტოკიბის (ავტოამწის) გამოყენებით სხვა სამუშაოების ჩატარებისას აკრძალულია:

ა) ავტოკიბის (ავტოამწის) დაყენება ჭისა და ლიუკის სახურავებზე;

ბ) ავტოკიბის (ავტოამწის) დაყენება მაღალძაბვიანი ელექტროგადამცემი ხაზის განაპირა სადენიდან 30 მ-ზე ახლოს და მასზე მუშაობა;

გ) ავტოკიბის მუხლებზე (ავტოამწის ისრებზე) ელექტროკაბელების და სატელეფონო ხაზების გადატარება;

დ) გვერდითი მათანაბრებლის ავტომატის გამორთვა კიბის გაშლისას;

ე) მოძრაობის არედან გამოსვლა ხელით მართვის მექანიზმით მუშაობის დროს;

ვ) ჰიდროსისტემაში მუშა წნევის ზრდის დამცავი სარქველის რეგულირება ავტოკიბის (ავტოამწის) მუშაობის დროს;

ზ) ავტოკიბეზე (ავტოამწეზე) მუშაობა, თუ ქარის სიჩქარე აღემატება 10 მ/წმ-ს, აგრეთვე, თუ აწეული მუხლის ან საკიდელას ქვეშ იმყოფებიან ადამიანები;

თ) ავტოამწის საკიდელადან ხელის ან ლაფეტის სახანძრო ლულებით მუშაობა, თუ მასში იმყოფება ორზე მეტი ადამიანი;

ი) მუხლებით (ისრებით) საჰაერო ელექტროგადამცემ ქსელებზე შეხება ავტოკიბის (ავტოამწის) მუშაობისა და აკეცვის დროს;

კ) ავტოკიბის (ავტოამწის) ნებისმიერ მოძრაობაში მოყვანა ხელით ან მექანიკური ხერხის გამოყენებით, თუ მასზე იმყოფებიან ადამიანები;

ლ) ავტოკიბის (ავტოამწის) დატოვება უმეთვალყურეოდ, თუ კიბის მუხლები აწეულ მდგომარეობაშია.

მუხლი 32. უსაფრთხოების მოთხოვნები შეკრების და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებისას

ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ან რეაგირების ღონისძიებების დასრულების შემდეგ ვალდებულია:

ა) შეამოწმოს დანაყოფის შემადგენლობის ადგილზე ყოფნა, აგრეთვე, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების განთავსება და დამაგრება ავტომობილებზე;

ბ) მიიღოს ზომები ხანძრის ჩაქრობის დროს გამოყენებული ჰიდრანტების უსაფრთხო მდგომარეობაში მოსაყვანად.

მუხლი 33. უსაფრთხოების მოთხოვნები დანაყოფის სათავსისათვის

1. დანაყოფის სათავსში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 18°C. კედლები უნდა იყოს ღია ფერის, იატაკი ხის, ხოლო სხვა სათავსებში – ბეტონის ან რკინაბეტონის.

2. ჩამოსასრიალებელი ბოძის ძირში, იატაკზე, უნდა იყოს დაფენილი არანაკლებ 1 მ. დიამეტრის მსუბუქი მკვრივი ლეიბები ჩამოხტომის შესამსუბუქებლად.

3. ჩამოსასრიალებელი ბოძის კაბინას უნდა ჰქონდეს რბილი შუასადებებიანი, ღრეჩოებში შემჭიდროვებული, კარგად მორგებული კარი ავტოსადგომიდან გამონაბოლქვი აირების შეღწევის პრევენციისთვის. კარი უნდა იღებოდეს შიგნით და ქონდეს კარის ღია და დახურულ მდგომარეობაში დასაფიქსირებელი მოწყობილობები.

4. მორიგე ცვლის სათავსების რემონტის დროს აკრძალულია ჩამოსასრიალებელი ბოძის დიამეტრის შეცვლა, მკვრივი ლეიბების აღება ბოძის ძირიდან და კაბინის კარის ღია მდგომარეობაში დასაფიქსირებელი მოწყობილობების დემონტაჟი.

 

მუხლი 34. უსაფრთხოების მოთხოვნები ავტოსადგომისათვის

1. პირდაპირი დინების ვიწრო ტიპის სათვალიერებელი ორმოს სიგანე განისაზღვრება ავტომობილის ლიანდით და რებორდის კონსტრუქციიდან გამომდინარე შეიძლება მიაღწიოს 1,0-1,1 მ-ს. დასათვალიერებელი ორმოს სიღრმე სათავსის იატაკის დონიდან შეიძლება იყოს 1,2-1,4 მ. დასათვალიერებელ ორმოს უნდა ჰქონდეს ორი ჩასასვლელი – ტორსული მხრიდან საფეხურებიანი, ხოლო საპირისპირო მხრიდან კავებიანი.

2. სათვალიერებელ ორმოში ადამიანების ჩავარდნის პრევენციის მიზნით საჭიროა მისი დახურვა მოსახსნელი ბადეებით ან ფარებით.

3. ავტოსადგომში აკრძალულია იმ ავტომობილების გაჩერება, რომლებიც არ ირიცხება დანაყოფის სარგებლობაში, აგრეთვე, სააკუმულატორო ბატარეების დატუმბვა, ღია ცეცხლის გამოყენება, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებში დანაყოფის შემადგენლობის ყოფნა დასვენების მიზნით, ავტომობილების გამართვა საწვავ-საპოხი მასალებით და მათი შენახვა.

4. სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მათი განთავსება დახურულ, გათბობის სისტემით მოწყობილ გარაჟში, სადაც ჰაერის საანგარიშო ტემპერატურა არ უნდა იყოს +16°С-ზე ნაკლები. ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე და სწავლებაზე ყოველი გასვლის შემდეგ საჭიროა სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილების გასუფთავება და გამშრალება.

5. თითოეული მეხანძრე-მაშველის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი და აღჭურვილობა უნდა განთავსდეს კარების ღია მდგომარეობაში დაფიქსირების შესაძლებლობის მქონე, კედელთან მდგარ (სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილების უკან) სპეციალურად მოწყობილ სტელაჟებზე ან ტუმბოებში. დასაშვებია მათი განთავსება ავტომობილის გვერდითი მხრიდან, თუ მანძილი სტელაჟიდან ავტომობილამდე აღემატება 1,5 მ.

მუხლი 35. უსაფრთხოების მოთხოვნები სასწავლო კოშკისათვის

1. სასწავლო კოშკი, როგორც წესი, უნდა განთავსდეს დანაყოფის ეზოში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე ან მიეშენოს (ჩაეშენოს) დანაყოფის შენობას. მიშენებული (ჩაშენებული) სასწავლო კოშკი უნდა შეესაბამებოდეს შენობის ცეცხლმედეგობის ხარისხს და ჰქონდეს ცალკე შესასვლელი.

2. ცალკე მდგომი სასწავლო კოშკი შეიძლება იყოს ნებისმიერი ხარისხის ცეცხლმედეგობის.

3. სასწავლო კოშკის ვერტიკალური ფასადის მხარე იფარება გაშალაშინებული დაფებით და ითვლება მუშა მხარედ, მასზე გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) 1,1 მ X 1,87 მ ზომის ორი და მეტი ფანჯრის ღიობი ყველა სართულზე, გარდა პირველისა;

ბ) მანძილი ფანჯრიდან კედლის ნაპირამდე არანაკლებ 65 სმ;

გ) მანძილი ფანჯრებს შორის არანაკლებ 60 სმ;

დ) რაფის სიგანე 38-40 სმ;

ე) რაფის სიმაღლე იატაკის დონიდან 80 სმ (±5 სმ);

ვ) მეორე სართულზე რაფის სიმაღლე მიწის დონიდან 4,25 მ, მე-2, მე-3, მე-4 სართულებს შორის – 3,3 მ.

4. სასწავლო კოშკს, გარდა ფანჯრისა, მუშა მხარეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ღიობი და გამოშვერილი ნაწილი. მეორე სართულის ფანჯრების ქვეშ, საიერიშო კიბის მე-3 საფეხურიდან 5 სმ-ით დაბლა, კოშკის ფასადზე მაგრდება 6X6 სმ კვეთის ძელაკი, მეორე სართულის ფანჯრებს ქვემოთ მიწამდე დასაშვებია გაიკრას ფურცლოვანი ლითონი, რეზინა, პლასტიკი ან ფანერი.

5. კოშკის თითოეულ სართულზე გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ სიღრმის ბაქნები, ამასთან თითოეულ ბაქანს უნდა ჰქონდეს გასასვლელი კოშკის შიგნით მოწყობილ (რომელიმე არამუშა მხრიდან) და შემოღობილ სტაციონარულ კიბეზე.

6. სასწავლო კოშკი უნდა იყოს მოწყობილი დამზღვევი საშუალებებით. კოშკის მუშა მხრიდან გრუნტში მოწყობილი უნდა იყოს დამზღვევი ბალიში (არანაკლებ 1 მ სისქის, ხოლო ფასადის მხრიდან 4 მ სიგანის), რომელიც კოშკის გაბარიტებს სცდება არანაკლებ 1 მ-ით. საფუძველსა და დამზღვევ ბალიშს შორის უნდა იყოს ჭილობის საფენი, ხოლო თანაორმოდან წყლის დასაწრეტად უნდა იყოს მოწყობილი დრენაჟი ან სხვა მოწყობილობა.

7. სასწავლო კოშკზე სწავლების (შეჯიბრის) ჩატარებამდე დამზღვევი ბალიშის ზედაპირი უნდა იყოს გაფხვიერებული. დამზღვევი ბალიშის განახლება ხორციელდება არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, რის თაობაზეც ფორმდება შესაბამისი აქტი.

8. სასწავლო კოშკის წინ უნდა მოეწყოს არანაკლებ 35 მ სიგრძის და არანაკლებ 10 მ სიგანის (თუ სასწავლო კოშკს აქვს ფანჯრების 4 რიგი) მოედანი.

9. სასწავლო კოშკს უნდა ჰქონდეს დარაბები ჩამკეტი მოწყობილობებით, აგრეთვე, ბალიშის თოვლისაგან დამცავი ფარები.

10. სასწავლო კოშკის დამზღვევი მოწყობილობები გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს. თოკი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული ჩამკეტზე და დატვირთვის მოხსნის შემდეგ მას არ უნდა ჰქონდეს დაზიანება და დეფორმაციის ნიშნები.

11. სასწავლო კოშკზე უნდა იყოს გათვალისწინებული დამზღვევი მოწყობილობა ფანჯრების ერთ ვერტიკალურ რიგზე ერთი მოწყობილობის ანგარიშით და ყოველ წელს უნდა გამოიცადოს დადგენილი წესის შესაბამისად.

12. სასწავლო კოშკის სახანძრო სახელოების გასაშრობად და გასარეცხად გამოყენების შემთხვევაში საშრობი შახტა და სამრეცხაო სათავსი გამოიყოფა სასწავლო კოშკის სხვა სათავსებისაგან მთლიანი კედლით. შახტის ზედა მუშა ბაქანზე და სახელოების სამრეცხაო სათავსში გასვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო კოშკის სათავსის გავლით. ზედა მუშა ბაქანს სახელოების ასატანად უნდა ჰქონდეს 1,25 მ სიმაღლის ჯალამბარი. შახტა მოწყობილი უნდა იყოს გამშვები აპარატურით, რომელიც განთავსებულია ზედა და ქვემო ბაქანზე. კოშკის საშრობს უნდა ჰქონდეს კალორიფერი ან ჰაერის გასათბობი სხვა ხელსაწყოები. სახელოები გასაშრობად უნდა დაეწყოს თანაბრად შახტის მთელ ჭრილზე.

13. სახელოების სამაგრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამარჯვებით, რომლებიც იძლევა მათი მარტივი და სწრაფი დამაგრების და გათავისუფლების საშუალებას, აგრეთვე, გამორიცხავს სახელოების თვითნებურ ჩამოვარდნას.

14. აკრძალულია სასწავლო კოშკების გამოყენება მოწყობილობებისა და სხვადასხვა საგნების შესანახად, გარდა გასაშრობად გაფენილი სახანძრო სახელოებისა.

მუხლი 36. უსაფრთხოების მოთხოვნები თბოკვამლსაკნისათვის

1. თბოკვამლსაკანი ეწყობა დანაყოფის შემადგენლობის სუნთქვისათვის არახელსაყრელ პირობებში სამუშაოდ მომზადებისა და ადაპტაციისათვის სწავლების ჩასატარებლად.

2. თბოკვამლსაკანში შესაძლებელია კვამლსაკნის და თბოსაკნის ცალ-ცალკე განთავსება.

3. თბოკვამლსაკნის ელექტრომოწყობილობის სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) თბოკვამლსაკნის ელექტრომოწყობილობის სისტემა უნდა იქნეს მოწყობილი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მოიცავდეს შემდეგი სახის განათებას: მუშა (საერთო და ადგილობრივი) – 220 ვ; ავარიული – 220 ვ; საევაკუაციო – 220 ვ; საშემკეთებლო – 36 ვ;

ბ) ხანძრის (ავარიის) ვითარების იმიტატორების ჩასართავად დასაკვამლიანებელ სავარჯიშო სათავსებში უნდა მოეწყოს დენცქვიტები 36 ვ კვების ძაბვით;

გ) დასაკვამლიანებელ სათავსებში მოწყობილ უნდა იქნეს კიბის უჯრედები და ავარიული განათება;

დ) ავარიული განათება უნდა იყოს მიერთებული ორ დამოუკიდებელ წყაროსთან.

4. თბოკვამლსაკნის დაკვამლიანების და ვენტილაციის სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დაკვამლიანებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სავარჯიშო სათავსები. კვამლწარმომქმნელი საშუალებების სახით გამოყენებულ უნდა იქნეს იმიტატორები და შემადგენლობები, რომლებიც არ გამოიწვევენ დაკვამლიანებულ სათავსებში სასუნთქი საშუალების გარეშე მყოფი კვამლდამცველების მოწამვლასა და დამწვრობას;

ბ) თბოკვამლსაკნებში აკრძალულია ნავთობპროდუქტების, წვადი ფირებისა და პოლიმერული მასალების გამოყენება;

გ) ხმაურის ეფექტი არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ნორმას;

დ) სავარჯიშო სათავსებიდან კვამლის მოსაცილებლად უნდა არსებობდეს კვამლის მოსაცილებელი სამი განცალკევებული სისტემა, რომელიც მოიცავს გამწოვ, მომდენ და ავარიულ დანადგარებს. თითოეული სისტემის მწარმოებლურობა უნდა უზრუნველყოფდეს მომსახურე სათავსში ათჯერად ჰაერმიმოცვლას;

ე) ავარიული იძულებითი ვენტილაცია უნდა მიერთდეს ძირითად და დამოუკიდებელ სათადარიგო კვების წყაროზე და უზრუნველყოს კვამლსაკნის სათავსში 2 წთ-ის განმავლობაში ნახშირორჟანგის 5%-ზე, ხოლო ნახშირჟანგის 0.24%-ზე ნაკლები ოდენობით შემცირება.

5. დამატებითი მოთხოვნები კვამლსაკნებისათვის:

ა) სავარჯიშო სათავსი უნდა მოეწყოს კვამლდამცველების ადგილმდებარეობის მაკონტროლებელი სისტემებით;

ბ) სავარჯიშო სათავსის ფართობი უნდა იძლეოდეს ორი კვამლსაწინააღმდეგო რგოლის ერთდროულად ვარჯიშის შესაძლებლობას (არანაკლებ 102 მ თითოეულ კვამლდამცველზე), ხოლო სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 2,5 მ;

გ) სავარჯიშო სათავსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი გასასვლელი. სათავსში გასასვლელების თავზე უნდა მოეწყოს შუქმაჩვენებლები წარწერით ,,გასასვლელი“, რომლებიც იმართება მართვის პუნქტიდან;

დ) დაკვამლიანებისათვის განკუთვნილი სათავსების წინ უნდა მოეწყოს დაუკვამლიანებელი ტამბურები შენობის სხვა სათავსებში კვამლის შეღწევის გამოსარიცხად;

ე) სათავსის იატაკი უნდა იყოს გლუვი, არასრიალა (ბეტონი, ასფალტი და სხვა სამშენებლო მასალა), დახრილი ტრაპებისაკენ. კედლებისა და ჭერისათვის გამოყენებული მასალები უნდა იძლეოდეს მათი წყლით გარეცხვის შესაძლებლობას.

6. დამატებითი მოთხოვნები თბოსაკნებისათვის:

ა) თბოსაკნები შედგება ტამბურით ერთმანეთთან შეერთებული წინასაკნისა და საკნისაგან. მათ გამყოფ კედელში საჭიროა სათვალთვალო ფანჯრის მოწყობა. კვამლის და თბოსაკნებს შეიძლება ჰქონდეთ საერთო წინასაკანი;

ბ) ვარჯიშის პირობებიდან გამომდინარე, ჰაერის ტემპერატურა თბოსაკანში უნდა მერყეობდეს 30-60°C;

გ) ჰაერის გათბობა საკანში უნდა ხორციელდებოდეს ელექტროგამახურებელი ღუმელით ან თბოვენტილატორით;

დ) საკანში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა უნდა შეადგენდეს 25-30% და მოწმდებოდეს ფსიქომეტრის საშუალებით;

ე) საკნის კედლებს, ჭერსა და კარების კალთას უნდა ჰქონდეთ თბოიზოლაცია, ხოლო იატაკი უნდა იყოს ბეტონის.

მუხლი 37. უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურებისა და გამოცდის დროს

1. აკრძალულია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, დამცავი ტანსაცმლის და ინდივიდუალური აღჭურვილობის ექსპლუატაცია გაუმართავ მდგომარეობაში.

2. სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამოცდა უნდა წარმოებდეს გათვლაში ჩაყენებამდე, ასევე, პერიოდულად მათი ექსპლუატაციის პროცესში. გამოცდის შედეგები უნდა იქნეს შეტანილი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გამოცდის შედეგების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 7).

3. სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო მოწყობილობის ტექნიკური მომსახურებისა და გამოცდის პერიოდულობა და ძირითადი ოპერაციების ჩამონათვალი დგინდება მათი მწარმოებლის მიერ გაცემული ინსტრუქციების  შესაბამისად.

4. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დროულ და ხარისხიან ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და გამოცდაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტერიტორიული დანაყოფისა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელებს, ცვლის მეთაურს და სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილებზე მიმაგრებულ მეხანძრე-მაშველს (მძღოლი), რომლებიც ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურებისა და გამოცდების ჩატარება მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების, სტანდარტების, აგრეთვე, ამ წესით დამტკიცებული სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის მოთხოვნების შესაბამისად.

5. სახანძრო და სავარიო-სამაშველო ავტომობილზე სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები უნდა განთავსდეს მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი საიმედოდ დამაგრება და ადვილად მოხსნა, ამასთან უნდა გამოირიცხოს მეხანძრე-მაშველების ტრავმირება.

6. ყველა სახის სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო მოწყობილობა, სასუნთქი საშუალებები, ხელსაწყოები და ინდივიდუალური აღჭურვილობა დანაყოფში შეტანისთანავე ექვემდებარება აღრიცხვასა და მარკირებას.

7. სახანძრო-ტექნიკური მოწყობილობის ტექნიკური მომსახურებისა და გამოცდის პერიოდულობა და ძირითადი ოპერაციების ჩამონათვალი დგინდება მწარმოებლის ინსტრუქციებით.

8. სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა, სასუნთქი საშუალებები და ხელსაწყოები, რომლებსაც არ აქვთ საინვენტარო ნომერი და გამოცდის ვადა, ითვლება გაუმართავად და იხსნება გათვლიდან.

9. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) მხარეს კარებს და გათვლის კაბინებს, აგრეთვე, ძარის ნაკვეთურების კარებს უნდა ჰქონდეს ავტომატური ჩამკეტი მოწყობილობა, რომელიც საიმედოდ იკეტება და ფიქსირდება ღია მდგომარეობაში. კარები უნდა აღიჭურვოს მოწყობილობით, რომელიც კარის გაღების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) კაბინაში ხელსაწყოების ფარზე გადასცემს სიგნალს.

10. ლიფტიან ავტოკიბეზე არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს ლიფტის კაბინების დამჭერების მუშაუნარიანობა. ლიფტის კაბინის დამჭერების შემოწმებისა და დამხმარე ტვირთდამჭერი მოწყობილობების შემოწმების შედეგები ფორმდება დადგენილი წესით.

11. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების სამართავად და სპეცაგრეგატებთან სამუშაოდ დაიშვება მეხანძრე-მაშველი (მძღოლი), რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება.

მუხლი 38. უსაფრთხოების მოთხოვნები გასაშლელი სახანძრო კიბისათვის

1. გასაშლელი სახანძრო კიბის დაყენებისას საჭიროა:

ა) გასაშლელი კიბე დაიდგას კედლიდან 1,5-2 მ მანძილზე, 800-830 დახრის კუთხით;

ბ) მუხლების გამოწევა მოხდეს თანაბრად, ბიძგების გარეშე, ამასთან, გამოირიცხოს თოკის ხელზე დახვევა;

გ) კიბის გაშლისას მისი დამაგრება მოხდეს პირველი მუხლის ჩანებით, ამასთან, გამოირიცხოს ჩანზე შიდა მხრიდან ხელის შემოვლება;

დ) კიბის გაშლის დროს შენარჩუნებულ იქნეს წონასწორობა;

ე) კიბის გაშლისას შემოწმდეს ფიქსატორები.

2. გაშლილ სახანძრო კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა დასაშვებია, თუ:

ა) საჩერებელი ლილვაკის მუშტა დაეყრდნობა გასაშლელი კიბის მუხლის საფეხურს;

ბ) შენობა-ნაგებობაზე მიყუდებულ გასაშლელ კიბეს იჭერს მეხანძრე-მაშველი პირველი მუხლის ჩანებით;

გ) კიბის მუხლის არანაკლებ ორი საფეხური სცდება შენობის ლავგარდანს, ფანჯრის რაფას.

3. გასაშლელი სახანძრო კიბით მუშაობისას:

ა) იგი უნდა დაიდგას ისეთ ადგილას, რომ დახრის ან ვარდნის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული ელექტრო და სხვა დანიშნულების ქსელის ხაზებთან შეხება. ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში გასაშლელი კიბის დადგმა-აღებისას საჭიროა სამი ადამიანის გამოყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი სამუშაოების დასრულებამდე რჩება კიბის ძირში ამსვლელების დასაზღვევად და გაშლილი კიბის ვარდნისაგან დასაცავად;

ბ) ლითონის სახურავზე გასაშლელი კიბის მიყუდება შესაძლებელია მხოლოდ ობიექტის გაუდენურების შემდეგ.

4. საიერიშო და გასაშლელი კიბის გამოყენებით მუშაობის შემსწავლელი ვარჯიშების ჩატარებისას სასწავლო კოშკის სართულების ბაქნებზე უნდა გამოიყოს შემადგენლობა, შემსწავლელთათვის დახმარების გასაწევად. ვარჯიშები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწავლების ხელმძღვანელი პირადად შეამოწმებს დამზღვევი მოწყობილობების, სასაწავლო კოშკის დამზღვევი ბალიშების მდგომარეობას და ჩაუტარებს ინსტრუქტაჟს სართულებზე გამოყოფილ პირებს.

5. სწავლებაზე ან ხანძარზე მუშაობის დროს:

ა) დაუშვებელია გასაშლელი კიბის ერთ მუხლზე, აგრეთვე, საიერიშო კიბესა და ჯოხ-კიბეზე ერთდროულად ერთზე მეტი ადამიანის ასვლა-ჩამოსვლა;

ბ) გასაშლელ ან საიერიშო კიბეზე ლულით ან აღჭურვილობით მუშაობისას მეხანძრე-მაშველის დამაგრება უნდა მოხდეს სახანძრო-სამაშველო კარაბინით კიბის საფეხურებზე.

6. მეხანძრე-მაშველების მიერ პირველდაწყებითი მომზადების გავლის პერიოდში საიერიშო კიბის გამოყენებით მუშაობა დამზღვევი მოწყობილობების გამოყენების გარეშე დაუშვებელია.

მუხლი 39. უსაფრთხოების მოთხოვნები მეხანძრე-მაშველის დამცავი ტანსაცმლისათვის

1. დამცავი ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული და უზრუნველყოფდეს მეხანძრე-მაშველის უსაფრთხოებას ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე მუშაობისას, სახანძრო-ტექნიკურ და რთულ პირობებში სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებაზე, აგრეთვე, მათ დაცვას სხივური ენერგიისა და ალის სითბური ნაკადების, მაიონებელი დასხივების, ძლიერმოქმედი შხამიანი და ქიმიური ნივთიერებების, წყლისა და ქიმიური ნაერთების ხსნარების ზემოქმედებისაგან.

2. აკრძალულია დამცავი ტანსაცმლის გამოყენება:

ა) თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ ნიმუშს, გამოუსადეგარია დადგენილი წესით ექსპლუატაციისთვის და არ გააჩნია ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი;

ბ) იმ ნივთიერებების, შემადგენლობების, დასხივების ადგილებში, რომელთა ზემოქმედებისაგან დასაცავად არ არის განკუთვნილი ან/და ეს ზემოქმედება აღემატება მის დამცავ თვისებებსა და დამცავი თვისებების ხანგრძლივობას;

გ) ექსპლუატაციის ინსტრუქციისგან განსხვავებულად;

დ) სითბოდამცავი შრის გარეშე.

მუხლი 40. უსაფრთხოების მოთხოვნები მეხანძრე-მაშველის სახანძრო-სამაშველო ქამრის, კარაბინის, დამცავი ხელთათმანებისა და ჩაფხუტისათვის

1. მორიგეობის დაწყებამდე მეხანძრე-მაშველების მიერ სახანძრო-სამაშველო ქამარი, კარაბინი, ასევე, დამცავი ხელთათმანები და ჩაფხუტი ექვემდებარება საგულდაგულო ვიზუალურ შემოწმებას მწარმოებლის საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

2. სახანძრო-სამაშველო ქამარი იხსნება გათვლიდან, თუ:

ა) ქამრის ზონარი დაზიანებულია (ჩახეულია ან გაჭრილია);

ბ) აბზინდა და მისი სარჭები დაზიანებულია (დამტვრეულია ან გადაღუნულია);

გ) დარღვეულია მოქლონების მთლიანობა და არ გააჩნია საყელურები;

დ) ქამრის ლენტი დაზიანებულია მოქლონებით ან ბლოკებით;

ე) არ აქვს ჩარჩიკი;

ვ) ბლოკების ზედაპირი დაზიანებულია ან ერთ-ერთი ბლოკი აკლია;

ზ) ქამრის ტყავის პირი ჩახეულია.

3. სახანძრო-სამაშველო კარაბინი იხსნება გათვლიდან, თუ:

ა) არის დეფორმირებული (საკეტი არ იღება ან ბოლომდე არ იკეტება);

ბ) ზამბარა არ უზრუნველყოფს კარაბინის საკეტის ჩაკეტვას, აგრეთვე, საკეტის სახსრიანი დამაგრების ადგილები დახორკლილია და გააჩნია შვერილები.

მუხლი 41. უსაფრთხოების მოთხოვნები სახანძრო და სამაშველო ტექნიკური არამექანიზებული ინსტრუმენტისა და სამაშველო თოკისათვის

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილში განთავსებული ლითონის გისოსების საჭრელი მაკრატელი, ხერხი, ნაჯახი უნდა ინახებოდეს შალითებში. ნაჯახის და ბარჯის ლითონის ელემენტები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული ტარზე. დამაგრების სიმყარე კონკრეტული ინსტრუმენტისათვის განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტებითა და ტექნიკური პირობებით. ტარი უნდა იყოს დამზადებული მყარი მერქნისაგან, არ უნდა ჰქონდეს ლპობის ნიშნები, ბზარები, კორძები და ამონატეხი. აკრძალულია ხის ზედაპირების შეღებვა.

2. სამაშველო თოკი უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ნორმებს, ჰქონდეს კოუშები, ინახებოდეს შალითებში, იყოს გორგლად დახვეული.

3. სამაშველო თოკს მარყუჟთან უნდა ჰქონდეს 2-5 სმ სიგანის თეთრი თასმა, ხოლო შალითს − საჭდე, რომლებზეც აღინიშნება საინვენტარო ნომერი და უკანასკნელი გამოცდის თარიღი. თოკის ბოლოების სამაგრების ლითონის რგოლებზე საინვენტარო ნომრის დადება ხორციელდება მხოლოდ გრავირებით.

4. სამაშველო თოკი არანაკლებ ათ დღეში ერთხელ უნდა შეამოწმოს გათვლის უფროსმა გარე დათვალიერებით და სახანძრო-ტექნიკური მოწყობილობის გამოცდების ჟურნალში შედეგების შეტანით, ხოლო ცვლის მეთაურმა თოკის სიმტკიცის პრაქტიკული შემოწმება უნდა განახორციელოს ყოველ სწავლებამდე და ხანძარზე გამოყენების შემდეგ. დასაშვებია ცალკეული ძაფების გაწყვეტა, მაგრამ არა უმეტეს 15 ძაფისა თოკის სიგრძის 200 მმ-ზე.

5. სამაშველო თოკის სიმტკიცის შემოწმების მიზნით გაშლილ და მთელ სიგრძეზე დამაგრებულ სამაშველო თოკზე 1-2 წამის განმავლობაში უნდა დაეკიდოს სამი მეხანძრე-მაშველი. თუ დატვირთვის მოხსნის შემდეგ სამაშველო თოკის დეფორმაცია შენარჩუნდება, იგი მიიჩნევა სამაშველო სამუშაოების (სწავლების) ჩატარებისათვის უვარგისად და იხსნება გათვლიდან.

მუხლი 42. უსაფრთხოების მოთხოვნები სასუნთქი საშუალებისათვის

1. სასუნთქი საშუალების ექსპლუატაცია, აღრიცხვა, შენახვა, შეკეთება, შემოწმება და მათი გამოყენებით მუშაობისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა ხორციელდება ამ წესის IV თავის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ჟანგბადის მაიზოლირებელი აირწინაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მეხანძრე-მაშველისათვის, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და პირველდაწყებითი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასუნთქი საშუალება შეკუმშული ჰაერით გამოიყენება მორიგე ცვლის მიერ, როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალება.

3. მეხანძრე-მაშველს ეკრძალება შემოწმებების დროს გამოვლენილი გაუმართავი სასუნთქი საშუალების გამოყენება გაუმართაობის აღმოფხვრამდე, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა დადგენილი ფორმის ჟურნალში.

4. გათვლაში არსებული, სასუნთქი საშუალება ინახება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კაბინებში, საამორტიზაციო მასალით შემოკრულ ყუთებში (ბუდეებში), ვერტიკალურ მდგომარეობაში. გათვლაში ოთხზე მეტი ადამიანის ყოფნისას სასუნთქი საშუალების ტრანსპორტირება დასაშვებია სპეციალურად მოწყობილი ბუდეებით.

5. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებით სასუნთქი საშუალების ჰაერის სათადარიგო ბალონების (შეკუმშული ჰაერით) შენახვა-ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება ყუთების სპეციალური ბუდეები. მორიგეობიდან თავისუფალი მეხანძრე-მაშველის სასუნთქი საშუალებები, აგრეთვე, სათადარიგო სასუნთქი საშუალებები ინახება შესაბამის დანაყოფში სპეციალური კარადების ან სტელაჟების ბუდეებში. თითოეული ბუდე, სადაც ინახება სასუნთქი საშუალებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაფებით, სადაც აღნიშნულია მორიგე ცვლის და გათვლის ნომერი, სასუნთქი საშუალებების ნომერი და მფლობელის გვარი.

მუხლი 43. უსაფრთხოების მოთხოვნები პნევმო-ჰიდროინსტრუმენტისათვის

1. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტის საიმედოობა და მასთან მუშაობის უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი შენახვის წესების დაცვა, მათ მდგომარეობაზე ყოველდღიური კონტროლი და დროული ტექნიკური მომსახურების ჩატარება. ინსტრუმენტის გამართულობა დგინდება გარე დათვალიერებით და გამოცდით.

2. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტის გამოყენებით სამუშაოები ხორციელდება სპეცტანსაცმლით (კომბინიზონით), დამცავი ხელთათმანებითა (კრაგებით, ხელჯაგებით) და დამცავი მინიანი ჩაჩქნით.

3. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტი უნდა შეესაბამებოდეს კომპლექტში არსებული თითოეული აგრეგატის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, ჰქონდეს ვიბრაციის პარამეტრები, რომლებიც არ აღემატება სტანდარტებით დადგენილ მნიშვნელობებს, აგრეთვე, ხმაურის პარამეტრები, რომლებიც არ აღემატება კონკრეტული სახის მანქანაზე არსებული ტექნიკური დოკუმენტაციითა და სტადარტებით დადგენილი ხმაურის სიმძლავრის ოქტავურ დიაპაზონს.

4. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტის მომსახურებას და მის რეგულირება-მომართვას ახორციელებს მეხანძრე-მაშველი, რომელმაც გაიარა სპეციალური სწავლება.

5. დენგამტარ მექანიზმებსა და კონსტრუქციებზე მუშაობისას საჭიროა:

ა) მათი ელექტროქსელიდან გამორთვა;

ბ) ინსტრუმენტის მუშა მაგისტრალზე მეთვალყურეობა, მათი გადატეხვის, გადაგრეხის და სხვა დაზიანების პრევენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მექანიზმის გაჩერება ან გაფუჭება;

გ) მუშა ზონაში შექმნილ ვითარებაზე მეთვალყურეობა, ინსტრუმენტთან მუშაობა უსაფრთხო ხერხებით, ინსტრუმენტთან უშუალო კონტაქტში მყოფი მოწყობილობის კონსტრუქციის თავისებურებებისა და მასალის სახის გათვალისწინებით.

მუხლი 44. უსაფრთხოების მოთხოვნები ელექტროფიცირებული ინსტრუმენტისა და ელექტროგანათების ხელსაწყოსათვის

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე განთავსებული ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოს ტექნიკური მომსახურება და გამართულობის შემოწმება ტარდება ყოველდღიურად, მორიგე ცვლების შეცვლისას, ყოველი გამოყენების, შეკეთების შემდეგ, აგრეთვე, ტექნიკურ პასპორტებსა ან ექსპლუატაციის ინსტრუქციებში მითითებულ ვადებში.

2. ელექტროდანადგარებზე მომუშავე გათვლის უფროსსა და მეხანძრე-მაშველებს გავლილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მომზადება დადგენილი წესით.

3. კვამლსაწოვებისა და ვენტილატორების კორპუსებზე ისრით უნდა იყოს აღნიშნული მუშა მექანიზმის ბრუნვის და ჰაერის ნაკადის მიმართულება. მუშა მექანიზმს უნდა ჰქონდეს დამცავი შემოღობვა. კვამლსაწოვებისა და ვენტილატორების მართვის დანადგარი უნდა განთავსდეს უსაფრთხო ზონაში. გადასატან სახელურს უნდა ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობის უნარის მქონე მასალისაგან დამზადებული შალითა.

4. ელექტროინსტრუმენტებითა და ხელსაწყოებით მუშაობისას საჭიროა:

ა) დიდი დიამეტრის რეზინის საფარის მქონე ან რეზინის ხელთათმანების (ხელჯაგების) გამოყენება;

ბ) დამცავი სათვალის გამოყენება;

გ) პროჟექტორების მყარ და მდგრად საფუძველზე დამაგრება ისე, რომ გამოირიცხოს მათზე წყლის (ქაფის) მოხვედრის საშიშროება;

დ) ელექტროინსტრუმენტის გამორთვა დენის მიწოდების შეწყვეტისა და სხვა სამუშაო ადგილზე გადატანის შემთხვევაში;

ე) დენმიმღებების გამორთვა ელექტროინსტრუმენტის ან ხელსაწყოს კორპუსზე ძაბვის გადასვლისას, აგრეთვე, სხვა გაუმართაობის აღმოჩენისას.

5. ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოების გამოყენება აკრძალულია, თუ:

ა) დარღვეულია სადენების, ინსტრუმენტების და ხელსაწყოების ელექტროიზოლაციის მთლიანობა;

ბ) ინსტრუმენტების, ხელსაწყოების მოძრავი (მბრუნავი) ნაწილები (კვანძები) სუსტად არის დამაგრებული;

გ) ინსტრუმენტები ან/და ხელსაწყოები ძლიერ დეფორმირებულია.

6. ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოების გამოყენებისას, ასევე, დაცული უნდა იქნეს ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნები.

მუხლი 45. უსაფრთხოების მოთხოვნები ელექტროდამცავი საშუალებისათვის

1. ელექტროდამცავ საშუალებებს მიეკუთვნება:

ა) რეზინის დიელექტრიკული ხელთათმანები;

ბ) რეზინის დიელექტრიკული ბოტები;

გ) რეზინის დიელექტრიკული ნოხი, არანაკლებ 50X50 სმ ზომის, დაღარული ზედაპირით;

დ) ელექტროსადენის საჭრელი მაკრატელი იზოლაციის მქონე სახელურებით;

ე) სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილების (რომელთა ძირითადი დაცვის სისტემა დამცავი დამიწებაა) გადასატანი დამამიწებლები – არანაკლებ 12 მმ2 კვეთის ნებისმიერი სიგრძის მოქნილი სპილენძის სადენები.

2. ელექტროდამცავი საშუალების ვარგისიანობა განისაზღვრება გარე დათვალიერებით და გამოცდით. დანაყოფის მეხანძრე-მაშველის მიერ მასზე მიმაგრებული ელექტროდამცავი საშუალებების გარე დათვალიერება ტარდება ყოველდღიურად, მორიგეობის დაწყებამდე.

3. ელექტროდამცავი საშუალება ექვემდებარება გამოცდას შემდეგი პერიოდულობით:

ა) რეზინის დიელექტრიკული ხელთათმანები – 6 თვეში ერთხელ;

ბ) რეზინის დიელექტრიკული ბოტი – 3 წელიწადში ერთხელ;

გ) რეზინის დიელექტრიკული ნოხი – 3 წელიწადში ერთხელ;

დ) ელექტროსადენის საჭრელი მაკრატელი იზოლაციის მქონე სახელურებით – წელიწადში ერთხელ;

ე) რეზინის დიელექტრიკული ნოხის წუნდება გარე დათვალიერებით – არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

4. ელექტროდამცავი საშუალების გამოუსადეგარობის განმსაზღვრელი გარე ნიშნებია:

ა) მაკრატლისათვის – სახელურებზე იზოლაციის დაზიანება და საბრჯენი რგოლების და სახელურების ბოლოებზე რეზინის ჩამოსაცმელების არარსებობა;

ბ) რეზინის ხელთათმანების, ბოტების და ნოხისათვის – ნახვრეტები და ნახევები;

გ) გადასატანი დამამიწებლისათვის – საკონტაქტო შეერთებების დაშლა, სპილენძის სადენების მექანიკური სიმტკიცის დარღვევა (10%-ზე მეტი სპილენძის სადენის გაწყვეტა).

5. ელექტროდამცავი საშუალება, რომელმაც დადგენილ ვადაში არ/ვერ გაიარა გამოცდა, გამოყენებისათვის უვარგისია.

6. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე ელექტროდამცავი საშუალებები ინახება შალითაში, სახანძრო-ტექნიკური მოწყობილობისა და სასანგრე ინსტრუმენტისაგან განცალკევებით.

მუხლი 46. უსაფრთხოების მოთხოვნები კონსტრუქციების გახსნა-დაშლისათვის განკუთვნილი მექანიზებული ინსტრუმენტისა და მოწყობილობისათვის

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე განთავსებული მექანიზებული ინსტრუმენტის ტექნიკური მომსახურება და გამართულობის შემოწმება ტარდება მორიგე ცვლის შეცვლისას, ყოველი გამოყენების ან შეკეთების შემდეგ, აგრეთვე, ტექნიკურ პასპორტში ან ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებულ ვადაში.

2. მექანიზებულ ინსტრუმენტთან მუშაობისას:

ა) მართვის სისტემებზე ზემოქმედების შეწყვეტისას მბრუნავ მჭრელ ნაწილებს უნდა ჰქონდეს ავტომატური გამორთვის ფუნქცია;

ბ) ინსტრუმენტს უნდა ქონდეს დამცავი გარსაცმი, რომელიც ფარავს აბრაზიული ქარგოლის მჭრელ ნაწილს არანაკლებ 1700-ით;

გ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გადამუშავებული აირების გამონაბოლქვის გადინება ოპერატორის სასუნთქი ორგანოების საწინააღმდეგო მიმართულებით და მისი სუნთქვის ზონის მავნე მინარევებით დაბინძურების პრევენცია.

3. მექანიზებულ ინსტრუმენტთან სამუშაოდ დაიშვება პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება.

4. მექანიზებული ინსტრუმენტით მუშაობისას საჭიროა შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

ა) ძრავის გაშვებამდე ჩარჩოს, მისადგმელის, სალტის, საჭრელი ქარგოლის და ხერხის ჯაჭვის დაჭიმულობის შემოწმება;

ბ) ძრავის გაშვებამდე ხერხის ჯაჭვი და საჭრელი ქარგოლი არ უნდა ეხებოდეს რაიმე საგანს. ამასთან, აკრძალულია სტარტერის გვარლის ხელზე დახვევა;

გ) უქმი სვლის დროს, ზებრუნვის პრევენციის მიზნით, გაშვებული უნდა იქნეს გაზის მართვის ბერკეტი;

დ) ინსტრუმენტის საწვავით დამატებითი გამართვა დასაშვებია მხოლოდ ძრავის გამორთვის შემდეგ;

ე) ჭრის დაწყება და დასრულება (ინსტრუმენტის მუშა ნაწილის გამოტანა განახერხიდან) უნდა მიმდინარეობდეს მდორედ, ბიძგების გარეშე;

ვ) ამუშავებული ინსტრუმენტის გადატანა დასაშვებია მხოლოდ ძრავის უქმი ბრუნვის დროს;

ზ) ძრავის გამორთვა ხერხის ჯაჭვის გაწყვეტის ან ამოვარდნის, მისადგმელის, სალტის, საჭრელი ქარგოლის, დამცავი გარსაცმის დამაგრების მოსუსტებისას და სამუშაოს შესრულების პროცესში აღმოჩენილი სხვა გაუმართაობების შემთხვევაში.

5. ბენზოძრავიანი ხერხით, სანგრევი ჩაქუჩით, კვამლსაწოვით მუშაობისას სამსახურის დანაყოფის მეხანძრე-მაშველებს ეკრძალებათ:

ა) გაუმართავი ინსტრუმენტით მუშაობა და ძრავის ამუშავება მისადგმელის გარეშე;

ბ) შეჭიდულობის ჩართვა უქმ რეჟიმში ძრავის მუშაობისას;

გ) სარეგულირებელი სამუშაოების წარმოება მისადგმელზე და გაუმართაობების აღმოფხვრა ძრავის მუშაობისას;

დ) ძრავის გაჩერება აალების სანთლის მაღალი ძაბვის სადენის ხუფის მოხსნით;

ე) სანგრევი ჩაქუჩით მუშაობა და აბრაზიული ქარგოლით საჭრელი სამუშაოების ჩატარება დამცავი სათვალეების ან სახანძრო ჩაჩქნის დამცავი მინის გარეშე.

მუხლი 47. უსაფრთხოების მოთხოვნები პნევმოკომპრესორისათვის

1. სტაციონარული და გადასატანი პნევმოკომპრესორის ექსპლუატაცია, რემონტი და გამოცდა უნდა განხორციელდეს წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.

2. პნევმოკომპრესორზე სამუშაოდ დაიშვება პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური სწავლება.

3. კომპრესორი, რომელიც გამოიყენება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების დროს, უნდა დამონტაჟდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილზე, მათი უსაფრთხო მუშაობის უზრუნველმყოფი მოთხოვნების დაცვით.

4. პნევმოკომპრესორების ექსპლუატაციისას საჭიროა:

ა) თითოეულ კომპრესორთან უსაფრთხოების მოთხოვნების გამოკვრა;

ბ) ავტოსადგომში კომპრესორის ლითონის ბადით ან გისოსით შემოღობვა;

გ) კომპრესორის მბრუნავი ნაწილების და მისი ამძრავის დაფარვა შემოღობვით;

დ) კომპრესორული დანადგარების უზრუნველყოფა აუცილებელი საკონტროლო-საზომი აპარატურით;

ე) ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენისას კომპრესორის მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

ვ) განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დამზღვევი სარქველების მდგომარეობასა და მათი ამოქმედების ზღვრულ წნევაზე, მუშაობის პერიოდში მათი გაქრევა (ცვლაში არანაკლებ ერთხელ);

ზ) ზამთრის პერიოდში რეზერვუარიდან და ზეთტენშთანმთქმელებიდან კონდენსატის მოცილება კომპრესორის ყოველი გაჩერების შემდეგ.

5. ზამბარიანი დამცავი სარქველების მანომეტრები და დამჭიმი ქანჩები უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. მანომეტრების შემოწმება და დალუქვა ხორციელდება ყოველწლიურად, აგრეთვე, დანადგარების შეკეთების შემდეგ.

მუხლი 48. უსაფრთხოების მოთხოვნები აირსაჭრელი აპარატებისათვის

1. აირსაჭრელ აპარატთან სამუშაოდ დაიშვება მეხანძრე-მაშველი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.

2. აირსაჭრელ აპარატზე მომუშავე მეხანძრე-მაშველი მორიგეობის დაწყებამდე ვალდებულია:

ა) შეამოწმოს აპარატი, სპეციალური ტანსაცმელი და დამცავი სათვალეები;

ბ) გარე დათვალიერებით შეამოწმოს საჭრელი, შლანგები, რედუქტორი, ხელსაწყოები და ბალონები;

გ) შეამოწმოს წნევა აპარატის ბალონებში (აცეტილენის – არანაკლებ 1 მპა, ჟანგბადის – არანაკლებ 10 მპა).

3. ბალონის (სავსე და ცარიელის) გადატანა-გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვენტილების შტუცერებზე ხუფებისა და სახშობების არსებობისას. აკრძალულია ბალონის დამცავი ხუფის მოხსნა ჩაქუჩის ან სხვა ლითონის საგნის დარტყმით.

4. ბალონის ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ:

ა) არ აქვს დაღი;

ბ) ვენტილები გაუმართავია, ბუნიკები კი დაზიანებული (სუსტად წამოცმული);

გ) დაზიანებულია კორპუსი (კოროზია, შეჭეჭყილობა და სხვა დაზიანებები);

დ) შტუცერი ცხიმიანი, ზეთიანი ან დაბინძურებულია;

ე) ხელახლა შემოწმების და ფოროვანი მასის (აცეტილენის ბალონებისათვის) შემოწმების ვადები ამოწურულია.

5. თუ ვენტილის გაუმართაობის გამო ბალონის გამოყენება შეუძლებელია, მასზე კეთდება წარწერა ,,ფრთხილად! სავსეა“ და იგი უბრუნდება ქარხანა-დამამზადებელს.

6. ხანძარზე ან სწავლებაზე აირსაჭრელი აპარატების ყოველი გამოყენების შემდეგ მოწმდება მისი გამართულობა ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

7. შეერთებების ჰერმეტულობის შემოწმება დასაშვებია მხოლოდ საპნის ხსნარის გამოყენებით. ბალონების ხელახალი შემოწმება ტარდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

8. აირსაჭრელ აპარატზე მომუშავე მეხანძრე-მაშველი ვალდებულია შეასრულოს მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის (უშუალო უფროსის) მიერ დავალებული სამუშაოები, ამასთან, იგი პირადად უნდა დარწმუნდეს, რომ ამ უბანზე აპარატით მუშაობა არ გამოიწვევს აფეთქებას, ხანძარს ან ავარიას, აგრეთვე, ტრავმას ან დასახიჩრებას.

მუხლი 49. უსაფრთხოების მოთხოვნები ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობისათვის

1. ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის დაიშვება მეხანძრე-მაშველი, რომელმაც გაიარა სწავლების სპეციალური კურსი ნაკეთობის ქარხანა-დამამზადებელის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ხელახალ ტექნიკურ დათვალიერებას და გამოცდას ახორციელებს დანაყოფის შესაბამისი უფლებამოსილი პირი მისი ექსპლუატაციაში მიღების, შეკეთების და ყოველი გამოყენების შემდეგ, ხოლო აღნიშნულის შემდეგ – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ.

3. ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობით დაშვება უნდა განხორციელდეს მდორედ, ბიძგების გარეშე, ქარხანა-დამამზადებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სქემით. მოწყობილობის გამოყენების ტაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული მოწყობილობის ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური პასპორტის მოთხოვნებს.

4. აკრძალულია:

ა) ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის დაშლა;

ბ) ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ექსპლუატაცია, თუ ლუქები ჩამოგლეჯილია, აღმოჩენილია გაუმართაობები ან დეფორმირებულია მუშა ნაწილები;

გ) შეუმოწმებელი და გაცვეთილი ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ექსპლუატაცია;

დ) ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ექსპლუატაცია გაუმართავი სახანძრო-სამაშველო ქამრით;

ე) დაშვების სწავლება დაზღვევის გარეშე.

მუხლი 50. უსაფრთხოების მოთხოვნები სამაშველო სახელოსათვის

1. სამაშველო სახელოსთან სამუშაოდ დაიშვება მეხანძრე-მაშველი, რომელმაც გაიარა სწავლების სპეციალური კურსი ნაკეთობის მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სამაშველო სახელოს მუშაუნარიანობის შემოწმებისას შემმოწმებლის დაზღვევა უნდა განხორციელდეს სამაშველო თოკით.

3. სამაშველო სახელოს ექსპლუატაციისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული ან შემცირდეს (განსაკუთრებით სამაშველო თოკის ქვედა ნაწილში) სტატიკური ელექტროობის მუხტების დაგროვება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მეხანძრე-მაშველის და გადასარჩენი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

4. ევაკუაციის დროს ევაკუირებულს არ უნდა ჰქონდეს მჩხვლეტავი (მჭრელი) საგანი.

5. ადამიანზე ელექტროობის სტატიკური ძაბვის ზემოქმედების შემცირების/პრევენციის მიზნით საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

ა) სამაშველო სახელოს დამუშავება ანტისტატიკური საშუალებებით;

ბ) სამაშველო სახელოს ქვედა ნაწილის პერიოდული დატენიანება (ჰაერის ტემპერატურის არანაკლებ 0°C პირობებში);

გ) ჩამომსვლელის დაზღვევისას სამაშველო თოკის დაჭერა ხელთათმანიანი ხელით.

6. სამაშველო სახელოების ექსპლუატაცია აკრძალულია:

ა) არადანიშნულებისამებრ;

ბ) მორიგი ტექნიკური შემოწმების გავლის გარეშე;

გ) გამჭოლი დაზიანების ან ისეთი გაცვეთილობის არსებოსას, რომელიც არ ექვემდებარება შეკეთებას.

მუხლი 51. უსაფრთხოების მოთხოვნები პნევმატური სახტომი სამაშველო მოწყობილობისათვის

1. პნევმატური სახტომი სამაშველო მოწყობილობა გამოიყენება შენობა-ნაგებობაში ხანძრების ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანთა სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში დაცემის შესამსუბუქებლად, როდესაც ადამიანთა გადარჩენის სხვა ხერხების და საშუალებების გამოყენება შეუძლებელია.

2. დანაყოფში პნევმატური სახტომი სამაშველო მოწყობილობის ექსპლუატაცია, შენახვა და შეკეთება ხორციელდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის და ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

3. პნევმატური სახტომი სამაშველო მოწყობილობის გამოყენება აკრძალულია:

ა) არადანიშნულებისამებრ;

ბ) მეხანძრე-მაშველების მიერ ვარჯიშის ჩასატარებლად;

გ) მისი გაცვეთისას ან მოხმარების ვადის გასვლისას;

დ) დაზიანებისას.

4. პნევმატური სახტომი სამაშველო მოწყობილობის გამოყენებისას აკრძალულია მისი გრუნტზე დაგდება, აგრეთვე, შტუცერზე შეერთებული შლანგის დატოვება მოწყობილობის დატუმბვის შემდეგ.

 

თავი III

სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის მოთხოვნები

მუხლი 52. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კლასიფიკაცია

1. სახანძრო ავტომობილები დანიშნულების მიხედვით იყოფა:

ა) ძირითადი სახანძრო ავტომობილი – განკუთვნილია დანაყოფის შემადგენლობის გამოძახების ადგილზე მისაყვანად, ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, აგრეთვე, მათზე განთავსებული ცეცხლმაქრი ნივთიერებების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გამოყენებით წვის ზონაში წყალმომარაგების სხვა წყაროებიდან ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად;

ბ) სპეციალური სახანძრო ავტომობილი – განკუთვნილია ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე სპეციალური სამუშაოების (კავშირგაბმულობის ორგანიზება, ინციდენტის ადგილის განათება, კონსტრუქციების გახსნა-დაშლა, სიმაღლეზე ასვლა-ჩამოსვლა, დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და სხვ.) ჩასატარებლად;

გ) დამხმარე სახანძრო ავტომობილი – სატრანსპორტო საშუალება (მოძრავი ავტოგასამართი სადგური, მოძრავი ავტოშემკეთებელი სახელოსნო, ავტობუსი, მსუბუქი ან ოპერატიულ-სამსახურებრივი ავტომობილები, აგრეთვე, სხვა სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება), რომელიც უზრუნველყოფს დამხმარე სამუშაოების შესრულებას ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე.

2. ძირითადი სახანძრო ავტომობილები გამოყენების მიხედვით იყოფა საერთო გამოყენების (ხანძრების ჩასაქრობად ქალაქებსა და სხვა დასახლებებში) და მიზნობრივი გამოყენების (აერო­დრომის, ჰაერქაფით ჩაქრობის, ფხვნილით ჩაქრობის, აირით ჩაქრობის, კომბინირებული ჩაქრობის, სწრაფი რეაგირების პირველადი დახმარების) ავტომობილებად.

3. სახანძრო ავტომობილები დასაშვები სრული მასის მიხედვით იყოფა:

ა) მსუბუქი, სრული მასით – 2000-დან 7500 კგ-მდე  (L -კლასი);

ბ) საშუალო, სრული მასით – 7500-დან 14000 კგ-მდე  (М -კლასი);

გ) მძიმე, სრული მასით – 14000 კგ-ზე მეტი (S -კლასი).

4. სახანძრო ავტომობილები გამავლობის მიხედვით იყოფა კატეგორიებად:

ა) I კატეგორია – სახანძრო ავტომობილი არასრული ამძრავით მყარი საფარის მქონე გზებისათვის;

ბ) II კატეგორია – სახანძრო ავტომობილი სრული ამძრავით (მომეტებული გამავლობის) ყველა ტიპის გზაზე გადასაადგილებლად;

გ) III კატეგორია – ყველგანმავალი (მაღალი გამავლობის) სახანძრო ავტომობილი რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად.

5. საავარიო-სამაშველო ავტომობილები დასაშვები სრული მასის მიხედვით იყოფა შემდეგ კლასებად:

ა) მსუბუქი, სრული მასით – 1100 - დან 3000 კგ-მდე  (L -კლასი);

ბ) საშუალო, სრული მასით – 3100-დან 6000 კგ-მდე  (М -კლასი);

გ) მძიმე, სრული მასით – 6100 -დან 9000 კგ-მდე (S -კლასი).

6. საავარიო-სამაშველო ავტომობილები გამავლობის მიხედვით იყოფა კატეგორიებად:

ა) I კატეგორია – საავარიო-სამაშველო ავტომობილი არასრული ამძრავით მყარი საფარის მქონე გზებისათვის;

ბ) II კატეგორია – საავარიო-სამაშველო ავტომობილი სრული ამძრავით (მომეტებული გამავლობის), ყველა ტიპის გზაზე გადასაადგილებლად;

გ) III კატეგორია – ყველგანმავალი (მაღალი გამავლობის) საავარიო-სამაშველო ავტომობილი რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად.

მუხლი 53. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის ორგანიზება

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები გამოიყენება შესაბამისად ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციოდ, საავარიო-სამაშველო/სამაშველო და დამხმარე სამუშაოების ჩასატარებლად.

2. ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას შემადგენლობის მოქმედებების ეფექტიანობის გაძლიერების, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების და მუდმივი მზადყოფნის გაუმჯობესებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, აგრეთვე, ცეცხლმაქრი ნივთიერებების განთავსება. გათვლაში და თადარიგში მყოფი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები უნდა იყოს მუშაუნარიან და ტექნიკურად მზადყოფნის მდგომარეობაში.

3. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მუშაუნარიანი და ტექნიკურად მზადყოფნის მდგომარეობა მოიცავს:

ა) მათ საწვავ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალებით, აგრეთვე, ცეცხლმაქრი ნივთიერებებით უზრუნველყოფას;

ბ) მათი იმ სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამშველო აღჭურვილობით და მოწყობილობებით დაკომპლექტებას, რომელთა ზოგადი ჩამონათვალი „M“ კლასის სახანძრო ავტოცისტერნებისათვის მოცემულია დანართ 16 -ში;

გ) გარეგნული იერსახის, ფერის და წარწერების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას.

4. მუშაუნარიან და ტექნიკურად მზადყოფნის მდგომარეობაში ითვლება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილი, რომლის ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური და ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო გაუმართავად – რომლის ტექნიკური მდგომარეობა არ შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური და მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ თუნდაც ერთ-ერთ მოთხოვნას. ამ შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია აკრძალულია.

5. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად.

6. დანაყოფში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციისას დაცული უნდა იქნეს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები.

მუხლი 54. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და მათი მუშაობის შედეგების აღრიცხვა

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების სააღრიცხვო დოკუმენტებია:

ა) ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა (ტექნიკური პასპორტი), სატრანსპორტო საშუალების პასპორტი;

ბ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის საგზური.

2. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის საგზური ივსება დანაყოფის ოპერატორის მიერ და გადაეცემა ცვლის მეთაურს რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის ან სწავლებაზე გასვლის წინ.

მუხლი 55. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკური მომსახურება, ტექნიკური მომსახურების სახეობა, პერიოდულობა და ჩატარების ადგილი

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკური მომსახურება შესასრულებელი სამუშაოების, ჩატარების ადგილის, პერიოდულობის და შრომატევადობის მიხედვით იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) ყოველდღიური ტექნიკური მომსახურება;

ბ) ტექნიკური მომსახურება ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებასა ან/და სხვა ღონისძიებაზე;

გ) ტექნიკური მომსახურება ხანძრიდან, სხვა საგანგებო სიტუაციიდან, სწავლებიდან ან/და სხვა ღონისძიებიდან დაბრუნებისთანავე;

დ) ტექნიკური მომსახურება მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი გარბენის შემდეგ, სპიდომეტრის ჩვენების მიხედვით;

ე) სეზონური ტექნიკური მომსახურება.

2. ყოველდღიური ტექნიკური მომსახურება ტარდება მორიგე ცვლების შეცვლისას, მორიგეობაზე მოსული გათვლის მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) და შემადგენლობის მიერ, ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით.

3. მორიგე ცვლების შეცვლის წინ გათვლაში და თადარიგში მყოფი ყველა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილი უნდა იყოს სუფთა, მუშაუნარიან და ტექნიკურად მზადყოფნის მდგომარეობაში, გამართული საექსპლუატაციო მასალებით და ცეცხლმაქრი ნივთიერებებით, დაკომპლექტებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობით და მოწყობილობებით.

4. მორიგე ცვლის შემადგენლობა ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით ახორციელებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და სახანძრო ტექნიკური და სავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების მომზადებას გათვლის შემადგენლობის მოვალეობების შესრულების მიზნით.

5. მორიგეობის ჩაბარებისას, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მიმღები მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) შესაცვლელი მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) თანდასწრებით ამოწმებს ავტომობილის მდგომარეობას. ამასთან, ძრავის მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით (მისი არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრულ დროს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის საექსპლუატაციო დოკუმენტში მორიგე ცვლის შეცვლისას და გადაბარებისას ავტომობილის ძრავის მუშაობის სარეკომენდაციო ხანგრძლივობის დროის მაჩვენებელი, ამ პირობებში ძრავის მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ პარამეტრებს:

ა) 3 წუთს – კარბიურატორიანი ძრავის მქონე საერთო გამოყენების ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილებისათვის;

ბ) 5 წუთს – დიზელისძრავიანი საერთო და მიზნობრივი გამოყენების ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილებისათვის, ასევე, მრავალკონტურიანი სამუხრუჭე პნევმოსისტემის მქონე ავტომობილებისათვის;

გ) 7 წუთს – სპეციალური სახანძრო ავტომობილებისათვის;

დ) 10 წუთს – სახანძრო ავტოკიბეებისა და მუხლა ამწეებისათვის.

6. მორიგეობის ჩაბარებისას, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გაუმართაობის აღმოჩენისას მიიღება შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად. თუ გაუმართაობის აღმოფხვრა დაუყოვნებლივ შეუძლებელია, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა უნდა შეიცვალოს, ხოლო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები გამოყვანილ იქნეს გათვლიდან და შეიცვალოს სათადარიგოთი. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის უფლებამოსილ პირს. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების შეცვლაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დანაყოფის უფროსი.

7. სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების არარსებობის ან მათი არამუშაუნარიან მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი აღნიშნულის შესახებ აცნობებს სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს, რომელიც იღებს ზომებს გასვლის რაიონში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

8. მორიგეობის ჩაბარებისას, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების უმნიშვნელო გაუმართაობა აღმოიფხვრება დანაყოფის შესაცვლელი და შემცვლელი მორიგე ცვლების მეხანძრე-მაშველების (მძღოლი) მიერ, ხოლო ისეთი გაუმართაობების აღმოფხვრა, რომლებიც მორიგე ცვლების შემადგენლობის ძალებით შეუძლებელია, ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

9. მორიგე ცვლაში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გამართულობასა და სისუფთავეზე პასუხისმგებელია ცვლის მეთაური.

10. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების მოვლა-პატრონობა ხორციელდება ყოველდღიურად მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ დღის განწესით დადგენილ საათებში. სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გამართულობას, რომელიც გამოიყენება სიმაღლეზე სამუშაოდ და ადამიანთა გადასარჩენად (კიბეები, მაშველი თოკები, ქამრები და კარაბინები), უშუალოდ ამოწმებს გათვლის უფროსი.

11. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილით გადასატანი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული.

12. დაუშვებელია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის გადაკეთება და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ავტომობილზე განლაგების ადგილის შეცვლა, თუ არ არსებობს შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია.

13. შემცვლელი გათვლის შემადგენლობამ და მეხანძრე-მაშველმა (მძღოლი) გათვლის უფროსს უნდა მოახსენონ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გამართულობის შესახებ, ხოლო გათვლის უფროსი მოახსენებს ცვლის მეთაურს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის ტექნიკური მზადყოფნის შესახებ.

14. ტექნიკური მომსახურება ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებასა ან/და სხვა ღონისძიებაზე ტარდება სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) მიერ ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

15. ტექნიკური მომსახურება ხანძრიდან ან/და სხვა საგანგებო სიტუაციიდან, სწავლებიდან ან სხვა ღონისძიებიდან დაბრუნებისას ტარდება მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) და შემადგენლობის მიერ, ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით. ამასთან, მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ათვალიერებს ავტომობილის შასის მდგომარეოებას, ამოწმებს საწვავ-საპოხ მასალას, ხოლო შემადგენლობა ამოწმებს სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ავტომობილის ცეცხლმაქრი ნივთიერებებით უზრუნველყოფას და გაუმართავი აღჭურვილობისა და მოწყობილობების შეცვლას.

16. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი გარბენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ავტომობილის დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს ტექნიკური მომსახურება დადგენილი წესის შესაბამისად.

17. სეზონური ტექნიკური მომსახურება ტარდება ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წელიწადში ორჯერ და მოიცავს სამუშაოებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების წელიწადის ცივი და ცხელი პერიოდისათვის მოსამზადებლად.

18. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებლია:

ა) ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებასა ან/და სხვა ღონისძიებაზე ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას – სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მეხანძრე-მაშველი (მძღოლი);

ბ) ხანძრიდან, სხვა საგანგებო სიტუაციებიდან, სწავლებიდან ან სხვა ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ ყოველდღიური ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას – ცვლის მეთაური.

19. ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი გარბენის შემდეგ ჩასატარებელი ტექნიკური მომსახურების და სეზონური ტექნიკური მომსახურების ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დანაყოფის უფროსის ცნობების საფუძველზე.

20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პირის მიერ ავტომობილის ტექნიკური მომსახურების განხორციელების შეუძლებლობისას,  ეცნობება სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ორგანიზებას უწევს ტექნიკური მომსახურების ჩატარებას.

მუხლი 56. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, რეცხვისა და დასუფთავების საგუშაგო

1. ტექნიკური მომსახურების საგუშაგო განკუთვნილია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურებისა და მუშაუნარიანობის აღდგენის მიზნით მიმდინარე სამუშაოების ჩასატარებლად.

2. ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს, როგორც წესი, აქვს სახელოსნო, დასათვალიერებელი ორმო, საპოხი მასალების საწყობები და საკუჭნაო. აღნიშნული სათავსები შეიძლება ემიჯნებოდეს უშუალოდ ავტოფარეხს ან განლაგებული იყოს ცალკე, მაგრამ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების რეცხვისა და დასუფთავების საგუშაგოსთან ახლოს.

3. დასათვალიერებელი ორმო უნდა მოეწყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და პასუხობდეს დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს.

4. ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს საკუჭნაო განკუთვნილია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, მოწყობილობების, სამარჯვებისა და საექსპლუატაციო მასალების შესანახად. საკუჭნაოში უნდა მოეწყოს თაროები და კარადები, რომლებიც გამოიყენება სათადარიგო ნაწილების, იარაღებისა და საექსპლუატაციო მასალების ცალ-ცალკე შესანახად.

5. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების რეცხვისა და დასუფთავების საგუშაგო განკუთვნილია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების დასუფთავებისთვის, მათ გასარეცხად, გასამშრალებლად და გასაწმენდად. დასუფთავების საგუშაგო, როგორც წესი, თავსდება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების სადგომ სათავსში ან ცალკე. საგუშაგო აღჭურვილია სარეცხი დანადგარით, საჭირო მოწყობილობებითა და ინვენტარით.

მუხლი 57. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საბურავებისა და აკუმულატორების ექსპლუატაციის მოთხოვნები

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საბურავების ექსპლუატაციის ორგანიზებისას საჭიროა მათი მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება.

2. საბურავის ექსპლუატაცია ითვალისწინებს:

ა) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის საბურავებით სწორ დაკომპლექტებას;

ბ) საბურავის სწორ მონტაჟსა და დემონტაჟს;

გ) საბურავში ჰაერის წნევის ნორმების დაცვას;

დ) საბურავის გადახურებისა და მომეტებული ცვეთის გამომწვევი პირობების გამორიცხვას;

ე) დაზიანებული საბურავის დროულ შეკეთებას;

ვ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის სწორ მართვას.

3. საბურავების სამონტაჟო სამუშაოები უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალური სახსნელების გამოყენებით ამ სამუშაოებისათვის განკუთვნილ ადგილზე, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.

4. საბურავების წნევა უნდა შეესაბამებოდეს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მწარმოებლის მიერ გაცემულ ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნებს და დატანილ იქნეს სახანძრო ავტომობილის ფრთებზე ან ბორტზე შესაბამისი საღებავით. საბურავის წნევა უნდა შემოწმდეს არანაკლებ 10 დღეში ერთხელ. წნევის შემოწმებისას საბურავი უნდა იყოს ცივი, ხოლო წნევა უნდა შეესაბამებოდეს ნორმას.

5. ყოველდღიური ტექნიკური მომსახურების დროს, საბურავის მდგომარეობა მოწმდება გარე დათვალიერებით.

6. ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას დაუშვებელია ავტომობილის საბურავის გადახურება. საჭიროების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველმა (მძღოლი) უნდა მიიღოს მათი მაღალი ტემპერატურისაგან დაცვის ზომები. დაუშვებელია საბურავში გახურებით გამოწვეული მომეტებული წნევის დაწევა. საჭიროა საბურავების დაცვა ბენზინის, ნავთისა და ზეთის მოხვედრისაგან.

7. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საბურავების გადაადგილება უნდა განხორციელდეს ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, ავტომობილების ქარხანა-დამამზადებლის შასის ექსპლუატაციის ინსტრუქციით განსაზღვრული სქემის მიხედვით.

8. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საბურავების ჩამოწერა ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად.

9. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების აკუმულატორების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მათი მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 58. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კონსერვაცია

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კონსერვაცია გულისხმობს ტექნიკურად გამართული, სრულად დაკომპლექტებული, საწვავით გამართული და სპეციალურად მომზადებული ავტომობილებისა და მოწყობილობების ისეთ მდგომარეობას, რომელიც უზრუნველყოფს მათი დიდი ხნით შენახვასა და უმოკლეს ვადაში მზადყოფნაში მოყვანას.

2. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კონსერვაციაზე დაყენებას ექვემდებარება ყველა ის ავტომობილი, მისაბმელი და მოწყობილობა, რომელთა გამოყენება არ იგეგმება სამ თვეზე მეტი პერიოდისათვის.

3. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კონსერვაცია შეიძლება იყოს ხანმოკლე (ერთ წელზე ნაკლები) და ხანგრძლივი (ერთ წელზე მეტი).

4. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, მისაბმელებისა და სხვა მოწყობილობის კონსერვაციაზე დაყენება და მოხსნა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით. ავტომობილის კონსერვაციისას განსაზღვრულ უნდა იქნეს კონსერვაციის სახეობა და კონსერვაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები.

მუხლი 59. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გადაცემა და ჩამოწერა

სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გადაცემა ერთი დანაყოფიდან მეორესთვის და მათი ჩამოწერა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 60. ცეცხლმაქრი ნივთიერებები

სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ცეცხლმაქრი ნივთიერებების საჭირო რაოდენობა განისაზღვრება გაანგარიშებით, რომლის საწყისი მონაცემებია:

ა) ძირითადი და სპეციალური სახანძრო ავტომობილების რაოდენობა;

ბ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯვის შესახებ გასული წლის (წლების) საშუალო მონაცემები;

გ) ერთ წლის განმავლობაში დასაგეგმი სახანძრო-ტაქტიკური სწავლების რაოდენობა;

დ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების საჭირო მარაგი.

მუხლი 61. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე მომხდარი შემთხვევისა და სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გაუმართაობის, პრევენციისა და აღმოფხვრის ღონისძიებები

1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილთან დაკავშირებულ შემთხვევებს მიეკუთვნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, აგრეთვე, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობისა და მოწყობილობების გაუმართაობა ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას.

2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს მიეკუთვნება საავტომობილო გზაზე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მოძრაობისას და მათი მონაწილეობით შექმნილი ნებისმიერი ვითარება (შეჯახება, გადაბრუნება, დაჯახება), რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი ან/და დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, შენობა-ნაგებობა.

3. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის პრევენციის ღონისძიებების ორგანიზებას ახორციელებს დანაყოფის ხელმძღვანელი, ცვლის მეთაური და გათვლის უფროსი.

4. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის პრევენციის ძირითადი ღონისძიებებია:

ა) დისციპლინისა და მიმაგრებულ ტექნიკაზე შემადგენლობის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ორგანიზება;

ბ) საგზაო მოძრაობისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ავტომობილის მართვის წესების დაცვის უზრუნველყოფა;

გ) მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) მიერ გასვლის რაიონში მოძრაობის მარშრუტისა და წყლის წყაროების განლაგების შესწავლა;

დ) მორიგეობის დაწყებამდე და შესაბამისი დავალების შესრულებამდე მეხანძრე-მაშველებისა (მძღოლი) და გათვლის უფროსებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება გასვლის რაიონში ოპერატიული ვითარების შეცვლის შესახებ;

ე) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე მომხდარი თითოეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზების შესწავლა და კონკრეტული ზომების მიღება, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრა;

ვ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების დროული და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება;

ზ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მართვისათვის მეხანძრე-მაშველების (მძღოლი) მომზადებისა და დაშვების დადგენილი წესის დაცვა;

თ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მეხანძრე-მაშველებთან (მძღოლი) სწავლების ჩატარება მოძრაობის წესებისა და ავტომობილის სპეციალური აგრეგატების მუშაობის შესწავლის, აგრეთვე, რთულ საგზაო პირობებში ავტომობილის მართვის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით.

5. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ხორციელდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აღრიცხვა, მისი ადგილის, შედეგებისა და მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) ბრალეულობის, აგრეთვე, სახანძრო-სამაშველო ავტომობილის დაზიანებისა და გაუმართაობის მიუხედავად.

6. დანაყოფის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან აცნობონ სამსახურის ხელმძღვანელ პირებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკასთან დაკავშირებული ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, დაზიანებისა და გაუმართაობის შესახებ.

მუხლი 62. სახანძრო სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ორგანიზება

1. სახანძრო სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ორგანიზება მოიცავს:

ა) სახანძრო სახელოების პირველად კონტროლს (სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მიღებისას) და შემაერთებელი თავაკების მორგებას;

ბ) სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების პირველად კონტროლსა და გამართულობის შემოწმებას დანაყოფში მიღებისას;

გ) სახანძრო სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გამოყენებას ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, სწავლების დროს;

დ) სახანძრო სახელოების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებას;

ე) სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების შეკეთებასა და შენახვას;

ვ) სახანძრო სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების აღრიცხვასა და ჩამოწერას.

2. სახანძრო სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობის მოვლა-პატრონობა ხორციელდება უშუალოდ სახანძრო-სამაშველო/სამაშველო დანაყოფებსა ან/და შესაბამის ბაზებზე, სადაც ტარდება მათი შეკეთება და გამოცდა.

3. სახანძრო სახელოებისა და სახანძრო-ტექნიკური, სავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობის სწორ ექსპლუატაციაზე, შენახვასა და დროულ შეკეთებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი.

4. განსხვავებული ტიპის ან მოქმედების პრინციპის მქონე სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ექსპლუატაცია და გამოცდა, რომლის პირობებიც განსაზღვრული არ არის ამ წესით, ხორციელდება მათი მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად.

5. დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს გათვლაში არსებულ ძირითად და სპეციალური დანიშნულების სახანძრო ავტომობილებზე განთავსებული სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის შემუშავება დანართი 16-ის შესაბამისად, ასევე, მორიგე ცვლის შეცვლისას - მიღება-ჩაბარებაზე კონტროლი ნუსხის შესაბამისად.

მუხლი 63. სახანძრო სახელოების სახეობები, დანიშნულება და კონსტრუქციული თავისებურებები

1. სახანძრო სახელო სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ერთ-ერთი ძირითადი სახეა. სახელოების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია ხორციელდება უშუალოდ სახანძრო-სამაშველო დანაყოფში.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, როგორ წესი, იყენებს ორი სახის სახანძრო სახელოს:

ა) შემწოვი სახანძრო სახელო – გამოიყენება წყლის წყაროდან სახანძრო ტუმბოს შემწოვ მილყელთან წყლის მისაწოდებლად;

ბ) გამდენი სახანძრო სახელო – გამოიყენება წნევით წყლის, ქაფწარმომქმნელისა და ქაფის წყლის ხსნარების ხანძრის ადგილზე მისაწოდებლად.

3. სახანძრო სახელოები დანიშნულების მიხედვით იყოფა:

ა) სახანძრო ონკანებისა და გადასატანი მოტოტუმბოების სახელოები, გათვალისწინებული 1,0 მპა მუშა წნევაზე;

ბ) სახანძრო ავტომობილის სახელოები, გათვალისწინებული 1,6 მპა და 3,0 მპა მუშა წნევაზე.

4. კონსტრუქციული თავისებურებებისა და მასალების მიხედვით სახანძრო სახელოები იყოფა:

ა) ნატურალური ბოჭკოს (სელი, ჯუთი, ქერელი და სხვა მასალა) სახელოები;

ბ) სახელოები სინთეტიკური ბოჭკოს კარკასით (ლავსანი, კაპრონი და სხვა მასალა) და შიდა ჰიდროიზოლაციის შრით (რეზინის კამერა, პოლიმერული მასალების კამერა და სხვა) გარე საფარის გარეშე;

გ) სახელოები შიდა ჰიდროიზოლაციის შრითა და კარკასზე იმავე ნივთიერებით გაჟღენთილი, რაც ჰიდროიზოლაციის შრეა (ლატექსირებული ტიპი);

დ) ორმხრივი საფარით და სინთეტიკური ბოჭკოს კარკასის სახელოები.

მუხლი 64. სახანძრო სახელოს პირველადი კონტროლი და შემაერთებელი თავაკების მორგება

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მიღებული სახანძრო სახელოს პირველადი კონტროლი მოიცავს:

ა) სახანძრო სახელოს ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმებას;

ბ) სახანძრო სახელოს გარე დათვალიერებას;

გ) სახანძრო სახელოს გამოცდის ჩატარებას;

დ) სახანძრო სახელოს მარკირების დატანას.

2. სახანძრო სახელოს გარე დათვალიერების დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გარე დაზიანებების, აგრეთვე, ჰიდროსაიზოლაციო შრის დაზიანებების აღმოჩენა, სახელოს კარკასის სიმტკიცის დადგენა. სახელოს გარე ზედაპირის ფერი არ უნდა იყოს შეცვლილი, მას არ უნდა გააჩნდეს ცხიმისა და ობის კვალი.

3. გარე დათვალიერების შემდეგ გამდენი სახელოს ხვეულები უნდა გაიშალოს, მათზე მოინიშნოს 20±1 მ სიგრძის მონაკვეთები და დაიჭრას.

4. სახანძრო სახელოზე შემაერთებელი თავაკების მიერთებისას გამოიყენება მოთუთიებული მავთული ან მოთუთიებული ცალუღი და რგოლი.

5. სახანძრო სახელოების წნევის ქვეშ, გამოცდის დროს, შემაერთებელი თავაკების მიერთების ადგილები უნდა ინარჩუნებდეს ჰერმეტულობასა და სიმტკიცეს.

მუხლი 65. სახანძრო სახელოს გამოცდა

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში სახელოს გამოცდა ტარდება:

ა) ახალი სახელოს – ექსპლუატაციის დაწყებამდე;

ბ) ექსპლუატაციაში მყოფი სახელოს – მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პერიოდულობითა და პარამეტრების გათვალისწინებით;

გ) შეკეთებული სახელოს – შეკეთების შემდეგ.

2. სახანძრო სახელოს გამოცდასა და მისი შედეგების გაფორმებაზე პასუხისმგებელია ცვლის მეთაური.

3. შემწოვი სახელოს გაიშვიათებაზე შემოწმება ტარდება შემდეგი წესითა და თანმიმდევრობით:

ა) სახელოს ერთი ბოლო უერთდება ავტოცისტერნის ტუმბოს ან გაიშვიათების წარმომქმნელ აპარატს, ხოლო მეორეზე მაგრდება სახშობი;

ბ) სახელოში იქმნება 0,08±0,01 მპა სიდიდის ვაკუუმი;

გ) იკეტება ვაკუუმწარმომქმნელი ხაზი, ამასთან, 3 წუთის განმავლობაში გაიშვიათების ვარდნა სახელოში არ უნდა აღემატებოდეს 0,015 მპა-ს;

დ) გამოცდის პროცესში სახელოს გარე ზედაპირზე არ უნდა წარმოიქმნას ნაკეცი ან გაბრტყელებული უბანი;

ე) გამოცდის დასრულების შემდეგ საჭიროა სახელოს შიდა ღრუს დათვალიერება სინათლეზე. გამოცდაგავლილი სახელოს შიდა ღრუს ზედაპირი არ უნდა იყოს დაზიანებული, ჩახეული, ამოზნექილი;

ვ) სახელოები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ გამოცდის პირობებს, გამოიყენება სასწავლო ან სამეურნეო მიზნით.

4. შემწოვი სახელოს ჰიდრავლიკურ წნევაზე შემოწმება ტარდება შემდეგი წესითა და თანმიმდევრობით:

ა) სახელოს ერთი ბოლო უერთდება ავტოცისტერნის ტუმბოს (ჩამკეტი ლულის, წყლის ამღების გამოყენებით) ან ჰიდრავლიკური წნევის წარმომქმნელ აპარატს, ხოლო მეორე იკეტება სახშობით;

ბ) სახელო ნელ-ნელა ივსება წყლით (სახანძრო ავტომობილის ტუმბოდან მუშაობისას სახელოები ივსება თვითდინებით) ჰაერის სრულ მოცილებამდე, რის შემდეგაც ონკანი იკეტება;

გ) 1-2 წუთის განმავლობაში სახელოში ზრდიან წყლის წნევას მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ სიდიდემდე და აჩერებენ 10 წუთის განმავლობაში, ამასთან, სახელო არ უნდა დაზიანდეს ან ამოიბურცოს, ლითონის სპირალმა არ უნდა განიცადოს დეფორმაცია, არ უნდა დაფიქსირდეს ჟონვის ნიშნები.

5. გამდენი სახელოს გამოცდა ჰიდრავლიკურ წნევაზე ხორციელდება ჰიდრავლიკური წნევის წარმომქმნელ აპარატზე თითოეული სახელოს რიგრიგობით ან ხაზში გადაბმული რამდენიმე (არაუმეტეს 5) ერთი დიამეტრის, კატეგორიის, სახეობის, ჯგუფისა და ტიპის სახელოს მიერთებით.

6. გამოცდის დაწყებამდე საჭიროა სახელოს დათვალიერება, პასპორტის მონაცემების მიხედვით სახელოს მუშაობის შეჯამება და მათი ექსპლუატაციის ვადიდან, მუშაობის ხანგრძლივობისა და მდგომარეობიდან გამომდინარე, დაბალ კატეგორიაში გადაყვანა, მაღალი კატეგირიის სახელოების გამოცდისთვის განკუთვნილი წნევის ზემოქმედებით დაზიანების პრევენციისთვის.

7. გამდენი სახელოს 3 მპა მუშა წნევაზე გამოცდა ხდება მაღალი წნევის ტექნიკური საშუალების ტუმბოს მუშა წნევის პირობებში. გამოსაცდელ წნევას ინარჩუნებენ სახელოს ხაზის დასათვალიერებლად საჭირო დროის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 2 წუთისა.

8. გამოცდის ჩატარებამდე საფარის არმქონე ნატურალური ბოჭკოს სახელოს ავსებენ წყლით და აჩერებენ 5 წუთის განმავლობაში.

9. გამდენი სახელოს ჰიდრავლიკურ წნევაზე შემოწმება ტარდება შემდეგი წესითა და თანმიმდევრობით:

ა) სახელოს (სახელოს ხაზის) ერთი ბოლო უერთდება ავტოცისტერნის ტუმბოს ან ჰიდრავლიკური წნევის წარმომქმნელ აპარატს, ხოლო მეორეზე მაგრდება ჩამკეტი ლულა;

ბ) სახელო (სახელოს ხაზი) ნელ-ნელა ივსება წყლით (სახანძრო ავტომობილის ტუმბოდან მუშაობისას სახელოები ივსება თვითდინებით) ჰაერის სრულ მოცილებამდე, რის შემდეგაც ლულა იკეტება;

გ) 1-2 წუთის განმავლობაში სახელოში (სახელოს ხაზში) ზრდიან წყლის წნევას ზღვრულად დასაშვებ სიდიდემდე და ინარჩუნებენ 2 წუთის განმავლობაში;

დ) ათვალიერებენ სახელოს (სახელოს ხაზს) და აღნიშნავენ დაზიანებებს მათი არსებობის შემთხვევაში;

ე) განმეორებით განდევნიან ჰაერს და ავსებენ სახელოს (სახელოს ხაზს) წყლით;

ვ) 2-3 წუთის განმავლობაში სახელოში (სახელოს ხაზში) ზრდიან წნევას საგამოცდო წნევის მნიშვნელობამდე, აჩერებენ 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამცირებენ წნევას ნულამდე;

ზ) გამოცდის დროს, არ უნდა დაირღვეს სახელოების შემაერთებელ თავაკებთან მიერთების ჰერმეტულობა. გამოცდაგავლილად ითვლება სახელო, რომელსაც არ აღენიშნება დაზიანებები, გამჭოლი ნახვრეტები და ჟონვის ნიშნები;

თ) სახელო, რომელიც არ აკმაყოფილებს გამოცდის პირობებს, გამოიყენება სასწავლო ან სამეურნეო მიზნით.

მუხლი 66. სახანძრო სახელოს მარკირება

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მიღებულ სახელოზე დატანილ უნდა იქნეს მარკირება, სადაც მითითებულია დანაყოფის დასახელება/ნომერი და სახელოს რიგითი ნომერი.

2. სახელოს მარკირება დაიტანება 500-1000 მმ მონაკვეთზე სახელოს შემაერთებელი თავიდან, საღებავით, ტრაფარეტის გამოყენებით. ციფრებისა და ასოების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 60 მმ-ს. სახელოების მარკირებისთვის დასაშვებია ყველა კონტრასტული ფერის საღებავის გამოყენება, გარდა ყვითლისა.

3. მარკირების განახლება მიმდინარეობს საჭიროების მიხედვით, ამასთან, წარწერა უნდა იკითხებოდეს მარტივად.

მუხლი 67. სახანძრო სახელოს გამოყენების ზოგადი მოთხოვნები ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციასა და სწავლებაზე

1. ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციასა და სწავლებაზე სახელოს გამოყენებისას აკრძალულია სახელოს ხაზებზე კონსტრუქციების ჩამოყრა.

2. შემწოვის ხაზების გაყვანისას საჭიროა ყველა შეერთების ჰერმეტულობის შემოწმება. სახელო უნდა იქნეს დაცული მკვეთრი მოკეცვისა და მექანიკური დაზიანებისაგან. დაუშვებელია შემწოვი სახელოს ასაწევად უკანა სარქველის ან შემწოვი ბადის ჩამკეტის ასაწევი თოკის გამოყენება.

3. ტექნიკური საშუალების კომპლექტში არსებული სხვადასხვა კატეგორიის სახელოებით ხაზების გაყვანისას საჭიროა მეტად გამძლე სახელოს გამოყენება მაგისტრალური და განშტოებული ხაზების საწყის უბნებზე, ხოლო ნაკლებად გამძლე სახელოს გამოყენება – ამ ხაზების დასასრულს.

4. სახელოს ხაზების შენობის კონსტრუქციაზე მიმაგრებისას საჭიროა სახელოს დამჭერების გამოყენება (ერთ სახელოზე – ერთი დამჭერი). სიმაღლიდან სახელოს დაშვება ხდება თოკებით ან სხვა მოწყობილობების გამოყენებით.

5. ჰიდრავლიკური დარტყმისაგან სახელოს გაწყვეტის პრევენციის მიზნით, სახელოს ხაზში წყლის მიწოდებისას საჭიროა ტუმბოსა და განშტოებების სადაწნეო მილყელის სარქველების თანდათანობით გახსნა. აკრძალულია ტუმბოში წნევის მკვეთრი ზრდა.

6. სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური ნორმატივების შესრულებისას, რომელიც არ არის დაკავშირებული წყლის (ქაფწარმომქმნელი ხსნარის) მიწოდებასთან, საჭიროა სასწავლო ან სამეურნეო სახელოს გამოყენება, სამსახურის დანაყოფში მათი არსებობის შემთხვევაში.

7. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში, ზამთრის პერიოდში, სახელოს ექსპლუატაციისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) წყლის მიწოდებისას ღია წყლის წყაროებიდან წყლის აღება საჭიროა სიღრმიდან, სადაც წყლის ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე ზედაპირთან;

ბ) წყლის მიწოდება ხდება ერთი მაგისტრალური ხაზით, ამასთან, ტუმბო უნდა მუშაობდეს მაღალ ბრუნვაზე ნახევრად გახსნილი სადაწნეო მილყელებით, რაც იძლევა წყლის ტემპერატურის აწევის შესაძლებლობას.

8. სახანძრო სახელოში გაჩენილი ჟონვის ნიშნები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღმოფხვრილი სახელოს მომჭერების გამოყენებით. სახელოში გაჩენილი დეფექტების ზომების მიხედვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტიპის მომჭერები:

ა) ზონარის ტიპის – 20 მმ-მდე დიამეტრის ნახვრეტებიდან ან 30 მმ სიგრძის გახეთქილ უბნებზე ჟონვის ნიშნების ლიკვიდაციისათვის;

ბ) კორსეტის ტიპის – 100 მმ-მდე გრძივი გახეთქილი უბნებიდან ჟონვის ნიშნების ლიკვიდაციისათვის.

9. სახელოს მომჭერის სახით გამოიყენება იგივე დიამეტრის 150-200 მმ სიგრძის სახელო, რომელიც სახელოს შემაერთებელ თავზე მიმაგრებამდე ეცმევა სახელოს. მუშაობის დროს, ჟონვის ნიშნების გაჩენისას, წნევა სახელოში უნდა შემცირდეს და მომჭერი გადაადგილდეს სახელოს დაზიანებულ უბანზე.

10. გამდენი სახელოს მუშაობის ხანგრძლივობა, წყლის გაშვების გარეშე, სახელოს ხაზების გაყვანისას, უნდა ჩაითვალოს სახელოს მუშაობის 20 წუთად. სახელოების მუშაობის ხანგრძლივობა წნევის ქვეშ ემატება ამ პუნქტით განსაზღვრულ დროს.

11. შემწოვი სახელოს მუშაობის ხანგრძლივობა, წყლის გაშვების გარეშე, სახელოს ხაზების გაყვანისას, უნდა ჩაითვალოს სახელოს მუშაობის 5 წუთად.

12. სახელოს მუშაობის დრო უნდა იქნეს შეტანილი სახელოს მუშაობის აღრიცხვის ჟურნალში დანართი 9-ის შესაბამისად.

მუხლი 68. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. ჰიდრავლიკური ტუმბოს გამოყენებამდე მოწმდება ავზში ჰიდრავლიკის და ძრავის ზეთის რაოდენობა, მათი ნაკლებობის შემთხევაში, ავზი ივსება და ხდება მისი ამოქმედება.

2. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს მაღალი წნევის მიმწოდებელი მილები მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ. მათი უმნიშვნელო დაზიანების შემთხვევაშიც კი მისი გამოყენება აკრძალულია.

3. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს მაღალი წნევის მიმწოდებელი მილები, მუშაობის დროს, დაცული უნდა იყოს მკვეთრი მოკეცვისაგან, ასევე, მჭრელი საგნების, ქიმიური სითხეებისა და ნარჩენების ზემოქმედებისაგან. აღნიშნული მილების შეერთების დროს, მოწმდება ჩამკეტების სისუფთავე და შემდეგ ხდება მათი შეერთება და ჩამკეტების დაზღვევის პოზიციაზე დაყენება.

4. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს გამოყენების დროს, უნდა დაიტვირთოს მხოლოდ ხელსაწყოს მუშა პირები. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს მუშა პირების გადახრის ან დაცურების საშიშროების შემთხვევაში, მოქმედება უნდა შეჩერდეს, ხელსაწყო დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას და მოქმედება უნდა შესრულდეს თავიდან.

5. ჰიდრავლიკური ხელსაწყოთი მუშაობის დროს, ზემოქმედების (გაჭრა, გაფართოება, გაჭიმვა და სხვა) ქვეშ არსებული ადგილი უნდა იყოს მხედველობის არეში.

6. ჰიდრავლიკური ხელსაწყოთი მუშაობის დროს, დაუშვებელია ხელსაწყოსა და სხვა საგანს შორის სხეულის (სხეულის ნაწილების) ჩაჭედვა.

7. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს გადატანა-გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მასზე არსებული სახელურებით.

8. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს გამოყენება დაუშვებელია მათი შემაერთებელი ჩამკეტების მწყობრიდან გამოსვლის, წნევის მიმწოდებელი მილების გაჭრისა და სხვადასხვა ნივთიერების ან ცეცხლის ზემოქმედების შედეგად დაზიანების შემთხვევაში.

მუხლი 69. ტვირთის ასაწევი ბალიშის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. ტვირთის ასაწევი ბალიშით მუშაობის დაწყებამდე, მოწმდება ასაწევი ტვირთისა და საყრდენი ზედაპირების მდგომარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, ისინი სუფთავდება ან ბალიშზე მაგრდება სპეციალური დამცავი ფირფიტა.

2. ბალიშის სამუშაო წნევა განისაზღვრება მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

3. ბალიშის არასათანადო სიმაღლის შემთხვევაში, ხდება ორი ან მეტი ბალიშის გადაბმა სპეციალური დამაკავშირებლების საშუალებით, ისე, რომ ზედა ბალიშის ტვირთამწეობა იყოს ქვედა ბალიშის ტვირთამწეობაზე ნაკლები ან თანაბარი და შეესაბამებოდეს ტვირთის წონას.

4. ტვირთის აწევის დროს, გადაბმული ბალიშების სამუშაო წნევაზე გაბერვა ხდება თანმიმდევრობით – ზემოდან ქვემოთ, ხოლო ტვირთის დაშვებისას ბალიშებიდან ჰაერის გამოშვება ხდება თანმიმდევრობით – ქვემოდან ზემოთ.

მუხლი 70. შიდაწვის ძრავიანი ხის საჭრელი ხერხის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. შიდაწვის ძრავიანი ხის საჭრელი ხერხის ამუშავებამდე, მოწმდება საჭრელი ჯაჭვისა და მუხრუჭის ვარგისიანობა, აგრეთვე, საჭრელი პირის დაფაზე.ჯაჭვის დაჭიმულობის ხარისხი.

2. შიდა წვის ძრავიან ხის საჭრელ ხერხზე მუშაობის დაწყების წინ და მუშაობის პროცესში მოწმდება რედუქტორში ზეთის არსებობა და საჭრელი პირის შეზეთვის ხარისხი.

3. შიდაწვის ძრავიანი ხის საჭრელი ხერხით ჭრის განხორციელება შესაძლებელია საჭრელი პირის ნებისმიერი მონაკვეთითა და დახრის კუთხით.

4. შიდა წვის ძრავიანი ხის საჭრელი ხერხის ხელით გადატანა ხდება ხერხის შუაში არსებული სახელურით. ამ დროს, ხერხის საჭრელი პირი მიმართულია მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ და ჯაჭვის მოძრაობა დაბლოკილია მუხრუჭის საშუალებით.

5. შიდაწვის ძრავიანი ხის საჭრელი ხერხის გამოყენება დაუშვებელია გაუზავებელი ბენზინით ავზის შევსების, საჭრელი ჯაჭვის დაზიანების (კბილების მტვრევა, ბლაგვი კბილები) და საჭრელი პირის დაფის დეფორმაციის დროს.

მუხლი 71. შიდაწვის ძრავიანი რკინის საჭრელი ხერხის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. შიდაწვის ძრავიანი რკინის საჭრელი ხერხის ამუშავებამდე, მოწმდება საჭრელი პირის ვარგისიანობა.

2. რკინის საჭრელი ხელსაწყოს მუშაობის დროს სწორდება დამცავი ფარი.

3. შიდაწვის ძრავიანი რკინის საჭრელი ხერხით რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გადაჭრისას, გამოიყენება სპეციალური საჭრელი პირი და მისი გაგრილების სისტემა.

4. შიდაწვის ძრავიანი რკინის საჭრელი ხელსაწყოს მუშაობის დროს, თუ ღერძზე მოთავსებული საჭრელი ფირფიტა ჭრილშია შესული, მისი გადახრა დაუშვებელია.

5. შიდაწვის ძრავიანი რკინის საჭრელი ხერხის გამოყენება დაუშვებელია გაუზავებელი ბენზინით ავზის შევსების, საჭრელი ფირფიტის დაზიანებისა და საჭრელი პირის ღერძის დეფორმაციის დროს.

მუხლი 72. მექანიკური ჯალამბარის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. მექანიკური ჯალამბარის გამოყენების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მისი ტვირთამწეობა, ტვირთის გადაადგილებისთვის საჭირო ძალა და საყრდენი წერტილის მდგრადობა.

2. მექანიკური ჯალამბარის გამოყენების დროს, ტვირთზე კავის ჩაბმა და დამზღვევი ფირფიტის ჩაკეტვა ხდება მხოლოდ ჯალამბარის საყრდენ წერტილზე დაფიქსირების, მასში ბაგირის გატარებისა და ბაგირის ჩამკეტი სახელურის დაკეტვის შემდეგ.

3. ჯალამბარზე გადაჭარბებული ძალის ზემოქმედების შედეგად, მის სახელურზე არსებული თითის გატეხვის შემთხვევაში, იხსნება ტვირთი, ადგილზე იცვლება გატეხილი დეტალი და გრძელდება მუშაობა სხვა მეთოდების გამოყენებით.

4. მექანიკური ჯალამბარის გამოყენება დაუშვებელია სახელურზე არსებული კუსტარულად დამზადებული დამცავი თითის გამოყენების, ბაგირის ჩამკეტი მექანიზმისა და ბაგირის დაზიანების (მავთულის ამოყრა, გადატეხვა) შემთხვევაში.

მუხლი 73. დამხმარე ხელსაწყოს (გორგოლაჭი (ბლოკი), შაკალი, მაგარი ქსოვილის ტვირთის ამწევი ღვედი (სტროპი)) ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. დამხმარე ხელსაწყოს, რომელიც გამოიყენება სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, უნდა ჰქონდეს დამღა ან ეტიკეტი, რომელზეც დატანილია შესაბამისი მონაცემები.

2. დამხმარე ხელსაწყო, რომელსაც აღენიშნება მექანიკური ან სხვა დაზიანება, აგრეთვე, არ იკითხება ან არ აქვს დამღა ან ეტიკეტი, სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად არ გამოიყენება.

მუხლი 74. რკინის საჭრელი ელექტროხერხის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. რკინის საჭრელი ელექტროხერხის ამუშავებამდე და გამოყენებამდე, მოწმდება მისი ელექტროსადენი და საჭრელი ფირფიტა.

2. რკინის საჭრელი ელექტროხერხის მუშაობის დროს, სწორდება უსაფრთხოების დამცავი ფარი.

3. რკინის საჭრელი ელექტროხერხის მუშაობის დროს, თუ ღერძზე მოთავსებული საჭრელი ფირფიტა ჭრილშია შესული, მისი გადახრა დაუშვებელია.

4. რკინის საჭრელი ელექტროხერხის გამოყენება დაუშვებელია ელექტროსადენის ან საჭრელი ფირფიტის დაზიანების დროს.

მუხლი 75. ხის საჭრელი ელექტროხერხის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. ხის საჭრელი ელექტროხერხის ამუშავებამდე მოწმდება ელექტროსადენის, საჭრელი ჯაჭვისა და მუხრუჭის ვარგისიანობა, აგრეთვე, საჭრელი პირის დაფაზე ჯაჭვის დაჭიმულობის ხარისხი.

2. ხის საჭრელ ელექტროხერხზე მუშაობის დაწყების წინ და მუშაობის პროცესში მოწმდება ზეთის არსებობა რედუქტორში და საჭრელი პირის შეზეთვის ხარისხი.

3. ხის საჭრელი ელექტროხერხით ჭრის განხორციელება შესაძლებელია საჭრელი პირის ნებისმიერი მონაკვეთითა და დახრის კუთხით.

4. ხის საჭრელი ელექტროხერხის ხელით გადატანა ხდება ხერხის შუაში არსებული სახელურით. ამ დროს, ხერხის საჭრელი პირი მიმართული უნდა იყოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ და ჯაჭვის მოძრაობა უნდა დაიბლოკოს მუხრუჭის საშუალებით.

5. ხის საჭრელი ელექტროხერხის გამოყენება დაუშვებელია ელექტროსადენისა და საჭრელი ჯაჭვის დაზიანების (კბილების მტვრევა, ბლაგვი კბილები), ასევე, საჭრელი პირის დაფის დეფორმაციის დროს.

მუხლი 76. საბურღი და სანგრევი ხელსაწყოების, გენერატორის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. ხელსაწყოზე ბურღი ან სანგრევი პირი არ უნდა დამაგრდეს, თუ იგი დენის წყაროდან გამორთული არაა.

2. მუშაობის დაწყების წინ და მუშაობის პროცესში, ხდება ხელსაწყოს შეზეთვა დადგენილი წესების მიხედვით.

3. ელექტრო გენერატორის გამოყენებამდე მოწმდება, ძრავის ზეთის რაოდენობა შეესაბამება თუ არა ნორმას.

4. ელექტრო გენერატორის გამოყენების დროს, მისი დატვირთვა განისაზღვრება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი სიმძლავრის შესაბამისად.

მუხლი 77. მყვინთავის აღჭურვილობის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. მყვინთავის აღჭურვილობა მოწმდება გამოყენების წინ, მექანიკური ან სხვა დაზიანებების გამოსავლენად.

2. ბალონში მოწმდება არსებული წნევა, რეგულატორი და წყალტივტივადობის ჟილეტი ერთდება ბალონზე, მყვინთავი ხსნის ბალონის ონკანს და რწმუნდება აღჭურვილობის გამართულობაში.

3. მყვინთავის აღჭურვილობის ექსპლუატაციის ვადა და უსაფრთხოების ნორმები განისაზღვრება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 78. მაღალი წნევის ჰაერის კომპრესორისა და ჰაერის ბალონის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. მაღალი წნევის ჰაერის კომპრესორიდან მყვინთავის ბალონის დატენვის დროს, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ჰაერის ბალონში სუფთა ჰაერის მიწოდება.

2. ჰაერის ბალონის დატენვის წინ მოწმდება მაღალი წნევის მიმწოდებელი მილების, ბარომეტრისა და ფილტრების მდგომარეობა.

3. მაღალი წნევის ჰაერის კომპრესორის ჰაერის ფილტრი იცვლება მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ვადებში.

4. ჰაერის ბალონი ტექნიკურად უნდა შემოწმდეს და დასუფთავდეს მწარმოებლის მიერ დადგენილ ვადაში.

5. მექანიკური დაზიანების დროს, ჰაერის ბალონის გამოყენება შემოწმების გარეშე დაუშვებელია.

მუხლი 79. მთაში სამაშველო აღჭურვილობის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. მთაში სამაშველო აღჭურვილობა მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

2. უსაფრთხოების ღვედი, სხვადასხვა სახის დაზიანებებზე, ვიზუალურად მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ.

3. კარაბინი სხვადასხვა მექანიკურ დაზიანებაზე მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ. ამავე სიხშირით მოწმდება მისი ჩამკეტი მექანიზმის გამართულობა.

4. თოკი, მექანიკურ ან სხვა სახის დაზიანებაზე მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ, ახვევის დროს.

5. სამაშველო საქმიანობაში გამოსაყენებელი კაბელისებური თოკის ექსპლუატაციის ვადა და უსაფრთხოების ნორმები განისაზღვრება მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 80. დენის წყაროზე მომუშავე ქიმიური უსაფრთხოების დეტექტორის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. დენის წყაროზე მომუშავე ქიმიური უსაფრთხოების დეტექტორი უნდა ჩაირთოს სუფთა გარემოში.

2. დენის წყაროზე მომუშავე ქიმიური უსაფრთხოების დეტექტორით მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ მისი ავტომატური კალიბრაციის დასრულების შემდეგ. სხვა შემთხვევაში, მისი გამოყენება აკრძალულია.

3. დენის წყაროზე მომუშავე ქიმიური უსაფრთხოების დეტექტორის სპეციალური საშუალებებით დაკალიბრება აუცილებელია სამ თვეში ერთხელ.

4. დენის წყაროზე მომუშავე ქიმიური უსაფრთხოების დეტექტორით მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება ელემენტების ამოღება.

მუხლი 81. მექანიკური ქიმიური ნივთიერების დამდგენი დეტექტორის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1.მექანიკური ქიმიური ნივთიერების დამდგენი დეტექტორისა და სპეციალური ამპულის გამოყენებამდე, აუცილებელია მათი შემოწმება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. აკრძალულია დაზიანებული მექანიკური ქიმიური ნივთიერების დამდგენი დეტექტორის (ხელის ტუმბო) გამოყენება.

3. აკრძალულია ვადაგასული (ვადა დადგენილია ქარხანა-დამამზადებლის მიერ) ან დაზიანებული სპეციალური ამპულის გამოყენება.

მუხლი 82. ლაკმუსის ქაღალდის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. ლაკმუსის ქაღალდი ერთჯერადია და გამოიყენება მხოლოდ თხევად ნივთიერებებთან.

2. გამოყენებამდე ლაკმუსის ქაღალდი არ უნდა იყოს დანესტიანებული ან დასველებული.

3. აკრძალულია ვადაგასული (ვადა დადგენილია ქარხანა-დამამზადებლის მიერ) ლაკმუსის ქაღალდის გამოყენება.

მუხლი 83. რადიაციული ფონისა და წყაროს აღმომჩენი დეტექტორის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. რადიაციული ფონისა და წყაროს აღმომჩენი დეტექტორი უნდა ჩაირთოს სუფთა გარემოში.

2. რადიაციული ფონისა და წყაროს აღმომჩენი დეტექტორის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ავტომატური დაკალიბრების დასრულების შემდეგ.

3. დეტექტორით მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება ელემენტების ამოღება.

მუხლი 84. ბიოლოგიური საფრთხის აღმომჩენი ტესტის ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

ბიოლოგიური საფრთხის აღმომჩენი ტესტის გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს მისი მოქმედების ვადა, რომელიც დადგენილია ქარხანა-დამამზადებლის მიერ.

მუხლი 85. „A-დონის“ (მაღალი დაცვის) მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმლის (კომბინიზონი) ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. კომბინიზონი გამოყენებამდე მოწმდება მეხანძრე-მაშველის/უფროსი ინსპექტორის/ინსპექტორის/უმცროსი ინსპექტორის მიერ. დაზიანების შემთხვევაში, აკრძალულია მისი გამოყენება.

2. მეხანძრე-მაშველი/უფროსი ინსპექტორი/ინსპექტორი/უმცროსი ინსპექტორი ვალდებულია კომბინიზონი მოარიდოს ხანძარსა და ბასრ საგნებს.

3. აკრძალულია კომბინიზონის გამოყენება ვადის ამოწურვის შემდეგ ან მისი არასწორი მოვლის შემთხვევაში.

4. კომბინიზონი მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ მეხანძრე-მაშველის/ უფროსი ინსპექტორის/ინსპექტორის/უმცროსი ინსპექტორის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით, დათვალიერებითა და გაბერვით.

მუხლი 86. ,,B-დონის“ (საშუალო) მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმლის (კომბინიზონი) ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. მრავალჯერადი კომბინიზონი გამოყენებამდე მოწმდება და, დაზიანების შემთხვევაში, აკრძალულია მისი გამოყენება.

2. მეხანძრე-მაშველი/უფროსი ინსპექტორი/ინსპექტორი/უმცროსი ინსპექტორი ვალდებულია მრავალჯერადი კომბინიზონი მოარიდოს ხანძარსა და ბასრ საგნებს.

3. მრავალჯერადი კომბინიზონის გამოყენება აკრძალულია ვადის ამოწურვის შემდეგ ან მისი არასწორი მოვლის შემთხვევაში.

4. მრავალჯერადი კომბინიზონი მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ მეხანძრე-მაშველის/უფროსი ინსპექტორის/ინსპექტორის/უმცროსი ინსპექტორის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით, დათვალიერებითა და მათი გაბერვით.

მუხლი 87. სახანძრო სახელოს და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების მოვლა - შენახვა

1. სახანძრო ავტომობილში შემწოვი სახელო ინახება ქარხანა-დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ სპეციალურად მოწყობილ ნაკვეთურში.

2. სახანძრო ავტომობილის სახელოს ნაკვეთურიდან სახელოს გადმოღება უნდა მოხდეს ფრთხილად, სახელოს ნაკვეთურის კონსტრუქციაზე შეხებისა და მყარ ზედაპირზე დარტყმისაგან დაცვის მიზნით.

3. აკრძალულია სახანძრო ავტომობილის დაკომპლექტება გაუმართავი ან დაბინძურებული სახელოებით, გარდა ხანძრიდან ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილიდან დაბრუნების შემთხვევისა, როდესაც სახელოების ტექნიკური მომსახურების ადგილზე ჩატარება შეუძლებელი იყო.

4. სახელოს დათვალიერება საჭიროა სახანძრო ავტომობილის მორიგეობის მიღება-ჩაბარების დროს და ხანძარზე (საგანგებო სიტუაციაზე) ან/და სწავლებაზე ყოველი გამოყენების შემდეგ.

5. დაბინძურების კვალის აღმოჩენისას საჭიროა სახელოს გაწმენდა, გარეცხვა, გაშრობა, შიდა და გარე ზედაპირის დათვალიერება გარე დაზიანების და შიდა ჰიდროსაიზოლაციო შრის დარღვევის აღმოსაჩენად, ასევე, შემაერთებელი თავაკების მიმაგრების სიმტკიცის, გამართულობის და მათში შემამჭიდროებელი რგოლების არსებობის დასადგენად.

6. სახელოს მუშაობა აღირიცხება სახელოების მუშაობის აღრიცხვის ჟურნალში, ხოლო დაზიანების შემთხევაში – დანაყოფის სამსახურის წიგნში.

7. სახელო უნდა გაირეცხოს სახელოს სარეცხ მანქანაში, როფებში ან მყარი საფარის მქონე სუფთა მოედანზე, ბეწვის ან კაპრონის ჯაგრისით. აკრძალულია ლითონის ჯაგრისის გამოყენება.

8. გაყინული სახელო გარეცხვამდე უნდა გალღვეს. ქაფწარმომქმნელის გამოყენების ან დაბინძურებული წყალსაცავიდან წყლის აღების შემთხვევაში უნდა გაირეცხოს სახელოს შიდა და გარე ზედაპირი.

9. სახელო უნდა გაშრეს სპეციალურად ამ მიზნისთვის მოწყობილ კოშკურ, კამერის ან სხვა ტიპის საშრობზე. გაშრობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +50°C. გაშრობის შემდეგ სახელო დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი საშრობიდან.

10. კოშკურ საშრობს უნდა ჰქონდეს კალორიფერი ან სხვა ხელსაწყო ჰაერის გასათბობად. სახელოები გადაკიდებული უნდა იყოს თანაბრად შახტის მთელ სიგრძეზე. შევსების სიმჭიდროვე უნდა იყოს 10-15 სახელო 1 მ2-ზე. სახელოს აწევა ხდება ჯალამბრით.

11. გარემოს 20°C და მეტი ტემპერატურის, ასევე, 80%-ზე ნაკლები ტენიანობის პირობებში დასაშვებია სახელოს გაშრობა შენობის გარეთ. სახელო უნდა იყოს ჩამოკიდებული ან დაწყობილი გისოსებიან დახრილ სტელაჟზე, ამასთან, საიმედოდ უნდა იყოს დაცული მზის სხივების და ნალექის პირდაპირი ზემოქმედებისგან. შრობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

12. აკრძალულია სახელოების გაშრობა გამათბობლებზე ან მათგან ერთ მეტრზე ნაკლებ მანძილზე და შენობების სახურავზე. აგრეთვე, დაუშვებელია სახელოს დაწყობა ლითონის და სხვა წვეტიან საგნებზე.

13. დაშვებულია მხოლოდ სუფთა სახელოს შენახვა. დაუშვებელია სახელოს შენახვა ოზონის გამომყოფ მუშა მდგომარეობაში მყოფ მოწყობილობასთან, ასევე, ულტრაიისფერი სხივების გამომყოფ სინათლის ხელოვნურ წყაროებთან. სახელო დაცული უნდა იყოს მზის და სითბური სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან. დაუშვებელია სახელოზე ზეთის, ბენზინის, ნავთის, მჟავას და სხვა ნივთიერებების მოხვედრა.

14. გამდენი სახელო ინახება სტელაჟის მთელ სიგრძეზე. სამ თვეში ერთხელ საჭიროა სახელოს შემობრუნება სტელაჟზე შეხების ადგილის შეცვლით.

15. სათადარიგო გამდენი სახელო ინახება ორმაგად დახვეული, ხოლო დასაწყობებული სახელო – ერთმაგად დახვეული.

16. ჰიდრავლიკური ტუმბო და ხელსაწყოები მუშაობის დამთავრების შემდეგ უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ნაჭრით, დაბინძურების შემთხვევაში მაღალი წნევის მილების შეერთების ადგილები და მათი სარქველები გაირეცხოს მსუბუქი სარეცხი საშუალებებით (თხევადი საპონი, თბილი წყალი).

17. შიდაწვის ძრავიანი და ელექტრო ხის საჭრელი ხერხით სამუშაოების დამთავრების შემდეგ, საჭრელი პირი უნდა დაიშალოს და გასუფთავდეს უცხო სხეულებისგან, ასევე, უნდა გასუფთავდეს შეზეთვის სისტემა, ნესტიანი ნაჭრით გაიწმინდოს ხელსაწყოს კორპუსი და მომზადდეს შემდგომი მუშაობისთვის.

18. დატენილი მყვინთავის ბალონი ერთი თვის შემდეგ უნდა დაიცალოს ნელ-ნელა, რათა არ მოხდეს ბალონში წყლის კონდესატისა და კოროზიის წარმოქმნა, ხოლო დაცლილი ბალონი ხელახლა უნდა დაიტენოს.

19. კაბელისებრი თოკის გაჭუჭყიანების შემთხვევაში იგი ირეცხება მტკნარი, გამდინარე წყლით, ხოლო შრება მზისგან დაცულ ადგილას გაუჭიმავ მდგომარეობაში. თოკი ინახება ახვეულ (მარკირებულ) მდგომარეობაში მწარმოებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

20. ტვირთის ასაწევი ბალიშის გადატანა ხდება მათზე დამაგრებული სახელურების საშუალებით. ბალიში შენახვამდე უნდა გაიწმინდოს რბილი ნესტიანი ნაჭრით, ზედაპირზე წაესვას სპეციალური საცხი და დასაწყობდეს მშრალ, მზისგან და ყინვისგან დაცულ ადგილას. ჰაერის მიმწოდებელი მილები უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ნაჭრით, დაბინძურების შემთხვევაში მილების შეერთების ადგილები გაირეცხოს მსუბუქი სარეცხი საშუალებებით (თხევადი საპონი, თბილი წყალი).

21. დენის წყაროზე მომუშავე ქიმიური უსაფრთხოების დეტექტორის სახიფათო ნივთიერებებით გარე დაბინძურების შემთხვევაში, დეტექტორი უნდა გაიწმინდოს სველი ნაჭრით ან საპნიანი ქაფით. დეტექტორი უნდა ინახებოდეს თავისივე ჩასადებში, საწყობში ან ოთახში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში.

22. მექანიკური ქიმიური ნივთიერების დამდგენი დეტექტორის სახიფათო ნივთიერებებით გარე დაბინძურების შემთხვევაში, დეტექტორი უნდა გაიწმინდოს სველი ტილოთი ან საპნიანი ქაფით. დეტექტორი უნდა ინახებოდეს თავისივე ჩასადებში, საწყობში ან ოთახში საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში.

23. ლაკმუსის ქაღალდი უნდა ინახებოდეს თავისივე ჩასადებში, საწყობში ან ოთახში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში.

24. რადიაციული ფონის და წყაროს აღმომჩენი დეტექტორი უნდა ინახებოდეს თავისივე ჩასადებში, საწყობში ან ოთახში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში.

25. ბიოლოგიური საფრთხის აღმომჩენი ტესტის შენახვა აუცილებელია მაცივარში, მშრალ გარემოში.

26. „A-დონის“ (მაღალი დაცვის) მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმელი (კომბინიზონი) ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს თბილი საპნიანი წყლით და ჩამოიკიდოს (თავისივე საკიდით) ოთახში ან საწყობში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში. იგი უნდა ინახებოდეს საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში, დაკიდებულ-ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

27. ,,B-დონის“ (საშუალო) მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმელი (კომბინიზონი) ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს თბილი საპნიანი წყლით და ჩამოიკიდოს (თავისივე საკიდით) ოთახში ან საწყობში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში. კომბინიზონი შეფუთვიდან ამოღების შემდეგ უნდა ეკიდოს (თავისივე საკიდით) საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში. მისი შენახვა დასაშვებია ოთახში ან საწყობში, საშუალო ტემპერატურაზე, მშრალ გარემოში.

მუხლი 88. სახანძრო სახელოს და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის აღრიცხვა და ჩამოწერა

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში უნდა აღირიცხოს სახელოები და მათი მდგომარეობა. სახელოების და მათი მდგომარეობის აღრიცხვისა და ჩამოწერის დოკუმენტებს განეკუთვნება სახანძრო სახელოს პასპორტი (დანართი 9).

2. დანაყოფში ჩამოწერას ექვემდებარება ექსპლუატაციისთვის (რემონტისთვის) გამოუსადეგარი ან ჰიდრავლიკური გამოცდის დროს დაწუნებული სახელო და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა, აგრეთვე, ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებასა ან სხვა ღონისძიებაზე დაზიანებული/დაკარგული სახელო, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა.

3. სახანძრო სახელოს ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს სახელოს დასახელება, დიამეტრი, ნომერი, სიგრძე, გამოშვების თარიღი, ექსპლუატაციის დაწყების თარიღი, ნამუშევარი საათების რაოდენობა, მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. სახელოს ჩამოწერის საფუძველია მისი შეკეთების შემდეგ ჰიდრავლიკური გამოცდის არადამაკმაყოფილებელი შედეგი. ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებაზე ან სხვა ღონისძიებაზე მწყობრიდან გამოსული და შეკეთებისთვის გამოუსადეგარი სახელოს ჩამოწერისათვის აქტში უნდა მიეთითოს დაზიანების თარიღი, მისამართი, სახელოს დაზიანების გარემოება. აქტს თან უნდა ერთვოდეს ჩამოსაწერი სახელოს პასპორტი.

4. დასაშვებია გათვლისთვის გამოუსადეგარი სახელოს გადატანა „სასწავლო“ ან „სამეურნეო“ კატეგორიაში, სახელოზე შესაბამისი წარწერის „სასწავლო“ ან „სამეურნეო“ დატანით. აღნიშნული სახელო უნდა ინახებოდეს ცალკე, რათა გამოირიცხოს მათი ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებაზე ან სხვა ღონისძიებაზე გამოყენება.

5. ახალი სახელო ითვლება წუნდებულად, თუ მან ვერ გაიარა გამოცდა. ექსპლუატაციისა და შენახვის საგარანტიო ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსულ და წუნდადებულ ახალ სახელოზე დგება აქტი დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 89. სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამოცდა

1. დანაყოფში სახანძრო ავტომობილის ტუმბოს და ძრავიანი ტუმბოს გამოცდა ტარდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ ვადებში. გამოცდის შედეგები შეიტანება სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამოცდის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 7).

2. სახანძრო ლულის, სახანძრო სვეტის, განშტოების, გადამყვანის, წყალშემკრების დანადგარის კორპუსის სიმტკიცე (გამძლეობა) და ჰერმეტულობა მოწმდება ჰიდრავლიკური წნევით. გარე ზედაპირზე და შეერთების ადგილებში წყლის წვეთის ნიშნის წარმოქმნა დაუშვებელია.

3. სასუნთქი საშუალების გამოცდა (შემოწმება) ტარდება კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. სახანძრო-სამაშველო დამცავი ტანსაცმლის გამოცდა (შემოწმება) ტარდება მწარმოებლის მიერ დადგენილი ან/და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

5. ხელის სახანძრო კიბის გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ და ყოველი შეკეთების შემდეგ. შეჯიბრებაში გამოყენებამდე მასზე წარმოდგენილი უნდა იქნეს გამოცდის აქტი. აკრძალულია ისეთი სახანძრო ხელის კიბის გამოყენება, რომელიც გაუმართავია, რომლის ძირითადი ნაწილები დაზიანებულია ან რომელიც ვერ პასუხობს გამოცდის მოთხოვნებს.

6. გამოცდის დროს გასაშლელი კიბე უნდა დაიდგას მყარ გრუნტზე, გაიშალოს მთელ სიმაღლეზე და დაეყრდნოს კედელს 750 კუთხით ჰორიზონტალთან (2,8 მ კედლიდან კიბის ბუნიკებამდე). ასეთ მდგომარეობაში ყოველი მუხლი უნდა დაიტვირთოს შუაში, კიბის ორივე ჩანზე 100 კგ წონის ტვირთით, 2 წთ-ის განმავლობაში. ბაგირმა უნდა გაუძლოს 200 კგ დაჭიმულობას დეფორმაციის გარეშე.

7. გამოცდის შემდეგ გასაშლელ კიბეს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება, კიბის მუხლები უნდა გაიხსნას და დაეშვას ჩაჭედვის გარეშე.

8. გამოცდის დროს საიერიშო კიბე უნდა დაეკიდოს თავისუფლად კაკვის ბოლოზე და ყოველი ჩანა მე-2 საფეხურის დონეზე ქვევიდან დაიტვირთოს 80 კგ წონის ტვირთით (სულ 160 კგ) 2 წუთის განმავლობაში. გამოცდის შემდეგ კიბეს არ უნდა ჰქონდეს ბზარი და კაკვს ნარჩენი დეფორმაცია.

9. გამოცდის დროს ჯოხ-კიბე უნდა დაიდგას მყარ გრუნტზე, დაეყრდნოს კედელს 750 კუთხით ჰორიზონტალთან და დაიტვირთოს ორივე ჩანაზე 120 კგ წონის ტვირთით 2 წთ განმავლობაში. დატვირთვის მოხსნის შემდეგ კიბეს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება, უნდა იკეცებოდეს ადვილად და მჭიდროდ.

10. ავტოკიბის სტატიკური გამოცდა ტარდება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო უსაფრთხოების ველის ტექნიკური მომსახურება არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ავტოკიბის და ავტოამწის გამოცდა ტარდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოყვანილი წესის შესაბამისად.

11. ელექტროიარაღის, ელექტროგანათების ხელსაწყოს და აირსაჭრელი აპარატის გამოცდა ტარდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად.

12. პნევმატური სამაშველო მოწყობილობის გამოცდა ტარდება გათვლაში მიღებამდე. გამოცდა ტარდება პნევმატურ სამაშველო მოწყობილობაზე 20 მ სიმაღლიდან 100 კგ მასის ტვირთმაკეტის (ქვიშიანი ტომარა) ჩამოგდებით. ტვირთმაკეტის ვარდნისას პნევმატური სამაშველო მოწყობილობის მუშა ზედაპირი არ უნდა შეეხოს გრუნტს.

13. პნევმატური სამაშველო მოწყობილობის პირველი გამოცდისა და შემდგომი გამოყენების შესახებ ჩანაწერი შეტანილ უნდა იქნეს მოწყობილობის პასპორტის შესაბამის გრაფაში.

14. სამაშველო თოკის გამოცდა სიმტკიცეზე უნდა ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ. გამოცდის ჩასატარებლად თოკი უნდა დაიშვას მთელ სიგრძეზე და მის ბოლოზე დაიკიდოს 350 კგ ტვირთი 5 წთ-ის განმავლობაში. დატვირთვის მოხსნის შემდეგ თოკს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება და თოკის წაგრძელებული ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს მისი პირველადი სიგრძის 5%-ს. სამაშველო თოკი შეიძლება გამოიცადოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ბლოკის საშუალებით.

15. სამაშველო თოკის სტატიკური გამოცდა გულისხმობს სამაშველო თოკის გატარებას ბლოკებსა და საკეტში. ამასთან საკეტმა მყარად უნდა დააფიქსიროს სამაშველო თოკი. დატვირთვის მოხსნის შემდეგ თოკს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება და წაგრძელებული ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს მისი პირველადი სიგრძის 5%-ს.

16. სამაშველო თოკის დინამიკური გამოცდა გულისხმობს ბლოკებსა და საკეტში გატარებული თოკის ბოლოს კარაბინზე 150 კგ ტვირთის დაკიდებას და მე-3 სართულის რაფიდან გადმოგდებას. ტვირთის გადაგდების დროს თოკის უკუქცევა არ უნდა აღემატებოდეს 30 სმ-ს.

17. სხვა სამაშველო მოწყობილობების გამოცდა უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად, ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად.

18. სახანძრო-სამაშველო ქამარი და კარაბინი უნდა გამოიცადოს სიმტკიცეზე წელიწადში ერთხელ. გამოცდისათვის ქამარი ჩამოცმულ უნდა იქნეს არანაკლებ 300 მმ დიამეტრის მყარ კონსოლურ ან კოჭისებრ კონსტრუქციაზე და შეიკრას აბზინდაზე. ქამრის ნახევარრგოლზე დამაგრებულ კარაბინზე ბიძგის გარეშე 5 წთ-ის განმავლობაში უნდა დაეკიდოს 350 კგ ტვირთი (სახანძრო მაშველი ქამრისათვის – 300კგ ტვირთი 5წთ-ის განმავლობაში).

19. დატვირთვის მოხსნის შემდეგ ქამარს არ უნდა ჰქონდეს გაწყვეტები და ქამრის ლენტის, აბზინდის, მოქლონის და სხვა დაზიანებები. კარაბინს არ უნდა ჰქონდეს შეცვლილი ფორმა და მასალის მთლიანობა.

20. კარაბინის საკეტი უნდა გაიხსნას თავისუფლად და დაიკეტოს მჭიდროდ. მისი გამოცდა შეიძლება ჩატარდეს სტენდზე დინამომეტრის მეშვეობით.

21. სახელოს დამჭერის გამოცდა სიმტკიცეზე უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ. გამოცდისათვის დამჭერი კაკვით უნდა დაეკიდოს კოჭს, რაფას ან სხვა ბრტყელ ზედაპირს, ხოლო მის შეკრულ მარყუჟზე 5 წუთის განმავლობაში დაიკიდოს 200 კგ ტვირთი. დატვირთვის მოხსნის შემდეგ სახელოს დამჭერის კაკვი არ უნდა იყოს დეფორმირებული, ხოლო ზონარი – გაწყვეტილი ან დაზიანებული.

22. ჯოხ-კიბის, საიერიშო კიბის, კიბის გამოსაწევი სარტყელების, სახანძრო-სამაშველო ქამრის და კარაბინის, ასევე, მაშველი თოკის გამოცდა შეიძლება ჩატარდეს სახანძრო ტექნიკური მოწყობილობის და მეხანძრე-მაშველის აღჭურვილობის გამოსაცდელ სტენდზე, ხოლო სახანძრო სვეტის, სახელოს განშტოების და ხელის სახანძრო ლულის – სახანძრო დანადგარის ჰიდრავლიკური გამოცდის სტენდზე.

23. მყვინთავის და აირმაიზოლირებელი მოწყობილობის ბალონების გამოცდა ტარდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ ვადაში. ბალონის ყოველი გამოცდის შემდეგ ხდება მასზე შესაბამისი მარკირების ამოტვიფრვა.

24. კაბელისებრი თოკის, მთაში სამაშველო სხვა აღჭურვილობისა და დამხმარე საშუალებების გამოცდა დაუშვებელია. მათი შემოწმება ხორციელდება ყოველი გამოყენების შემდეგ მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების მიხედვით.

 

თავი IV

კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელების მოთხოვნები

მუხლი 90. კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოები

კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოები მოიცავს:

ა) სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;

ბ) კვამლდამცველის მომზადებას;

გ) კვამლდამცველის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მუხლი 91. კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები და მათი უფლებამოსილებები

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში, ტერიტორიულ დანაყოფსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები არიან დეპარტამენტისა და ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოსა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (შემდგომ - პასუხისმგებელი თანამდებობის პირები).

2. პასუხისმგებელი თანამდებობის პირები (გარდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოსი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზებასა და საქმიანობის კონტროლს;

ბ) ორგანიზებას უწევენ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების საქმიანობის სფეროში;

გ) გეგმავენ და ახორციელებენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების სასწავლო-მატერიალური ბაზის შექმნის და განვითარების ღონისძიებებს.

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, ტერიტორიული დანაყოფებისა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობენ და ორგანიზებას უწევენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოფენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ძალების და საშუალებების, მათ შორის კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოებისათვის განკუთვნილი დაზიანებული ტექნიკური საშუალებების აღრიცხვას;

გ) უზრუნველყოფენ კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელებისათვის შემადგენლობის მზადყოფნას;

დ) უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ სასუნთქი საშუალებების ექსპლუატაციის წესების დაცვას და აღნიშნული საშუალებების შენახვას.

4. პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს უფლება აქვთ, ამ წესით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელება კომპეტენციის შესაბამისად დაავალონ დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს და კოორდინაციის განყოფილების უფროსებს, ხოლო სახანძრო-სამაშველო დანაყოფებსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში ცვლის მეთაურებს.

5. ცვლის მეთაური უზრუნველყოფს მორიგე ცვლის შემადგენლობის მუდმივ მზადყოფნას ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ჩასატარებლად.

მუხლი 92. კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზება

1. კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზება ხორციელდება შესაბამის დანაყოფებში.

2. კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზება მოიცავს:

ა) კვამლდამცველის უზრუნველყოფას კვამლდამცველის აღჭურვილობით;

ბ) კვამლდამცველისთვის სწავლების ჩატარებას;

გ) სასუნთქი საშუალების და დამცავი ტანსაცმლის ექსპლუატაციას;

დ) კვამლდამცველის პირადი ბარათის გახსნას;

ე) კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ძალების და საშუალებების გამოყენებას ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას.

მუხლი 93. კვამლდამცველის აღჭურვილობით უზრუნველყოფა

1. კვამლდამცველს სასუნთქი საშუალება და დამცავი ტანსაცმელი გადაეცემა ინდივიდუალურად დადგენილი წესის შესაბამისად შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. მორიგე ცვლაში სასუნთქი საშუალების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯგუფური სასუნთქი საშუალებები. ამ შემთხვევაში სასუნთქი საშუალებები მორიგე ცვლის კვამლდამცველზე ინდივიდუალურად არ გამოიყოფა და გადაეცემა მორიგე ცვლას, იმ პირობით, რომ ყოველ კვამლდამცველს ინდივიდუალურად გადაეცემა სასუნთქი საშუალების პანორამული ნიღაბი.

3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ერთი და დამცავი მოქმედების ერთი ტიპისა და ხანგრძლივობის მქონე სასუნთქი საშუალებებით.

4. მორიგე ცვლის შეცვლისას გათვლის უფროსი უზრუნველყოფს კვამლდამცველის აღჭურვილობის დაკომპლექტებას (მათ შორის სარეზერვო ჰაერის ბალონებით) და კვამლდამცველის აღჭურვილობის სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსებას.

5. სასუნთქი საშუალების სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსებისას ჰაერის ბალონებში წნევა უნდა იყოს არა ნაკლებ 24,5 მპა (250კგ/სმ2) თუ ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით სხვა პარამეტრი არ არის დადგენილი.

მუხლი 94. კვამლდამცველისთვის სწავლების ჩატარება

1. შესაბამის დანაყოფში კვამლდამცველის სწავლებას აორგანიზებს და ახორციელებს:

ა) პასუხისმგებელი თანამდებობის პირი;

ბ) ცვლის მეთაური და გათვლის უფროსი.

2. კვამლდამცველის მომზადების ხარისხის ამაღლების მიზნით შესაბამის დანაყოფში ეწყობა თბოკვამლსაკანი.

3. დანაყოფში ყოველ კვარტალურად იგეგმება და ტარდება კვამლდამცველების სწავლება დამცავი ტანსაცმლით შესაბამისი მოქმედებების განხორციელებაში.

მუხლი 95. კვამლდამცველის პირადი ბარათი

1. შესაბამის დანაყოფში თითოეულ კვამლდამცველზე იხსნება კვამლდამცველის პირადი ბარათი (დანართი 10).

2. კვამლდამცველის პირადი ბარათის გახსნას უზრუნველყოფს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი, ხოლო კვამლდამცველის პირადი ბარათის შენახვასა და წარმოებას კი ცვლის მეთაური.

3. კვამლდამცველის პირად ბარათში ჩანაწერი კეთდება კალმით. დაუშვებელია კვამლდამცველის პირად ბარათში ჩანაწერის ჩასწორება.

4. კვამლდამცველის პირად ბარათში შეიტანება ინფორმაცია კვამლდამცველის სასუნთქი საშუალების მუშაობის დროის შესახებ, რომლის საფუძველზეც ყოველ კვარტალურად ჯამდება კვამლდამცველების სასუნთქი საშუალებებით მუშაობის დრო.

5. შესაბამის დანაყოფში აღირიცხება კვამლდამცველის პირადი ბარათები რა დროსაც რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები:

ა) კვამლდამცველის პირადი ბარათის ნომერი (კვამლდამცველის პირადი ბარათის გახსნის თანმიმდევრობის შესაბამისად);

ბ) კვამდლამცველის თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი, მამის სახელი;

გ) მონაცემები კვამლდამცველის მიერ გავლილი სწავლების შესახებ;

დ) სასუნთქი საშუალების გადაცემის შესახებ განკარგულების ნომერი და თარიღი;

ე) მონაცემები კვამდამცველის პირადი ბარათის დაკარგვისა და დაკარგულის სანაცვლოდ ახალი ბარათის გაცემის შესახებ;

ვ) მონაცემები კვამლდამცველის სხვა დანაყოფში გადასვლისას მისი პირადი ბარათის შესაბამის დანაყოფში გადაგზავნის შესახებ.

6. კვამლდამცველის პირადი ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, კვამლდამცველი ახალი პირადი ბარათის გაცემის თხოვნით მიმართავს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც შესაბამისი მიმართვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს კვამლდამცველისთვის ახალი პირადი ბარათის გახსნას.

7. კვამლდამცველის ახალი პირადი ბარათის მარჯვენა ზედა კუთხეში კეთდება ჩანაწერი „პირადი ბარათი გაცემულია დაკარგულის სანაცვლოდ“.

მუხლი 96. სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნები

1. შესაბამის დანაყოფში სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციის მოთხოვნების დაცვაზე კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ დანაყოფის ხელმძღვანელი.

2. კვამლდამცველზე გადაცემული სასუნთქი საშუალების გამართულობასა და მის სწორ გამოყენებაზე, აგრეთვე, ტექნიკური მომსახურების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელია კვამლდამცველი.

3. აკრძალულია სასუნთქი საშუალების გამოყენება თუ:

ა) მას არ გააჩნია უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი;

ბ) გამოუვლინდა მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით და ამ წესით დადგენილი ძირითადი პარამეტრების მაჩვენებლებიდან გადახრა;

გ) არ არის განკუთვნილი ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის.

4. სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციის ეტაპებია:

ა) სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანა;

ბ) სასუნთქი საშუალების გამოყენება;

გ) სასუნთქი საშუალების ტექნიკური მომსახურება.

5. შესაბამის დანაყოფში კვამლდამცველის აღჭურვილობის და კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სხვა საშუალებების შენახვა და შესაბამისი ტექნიკური მომსახურება ხორციელდება საკონტროლო საგუშაგოზე.

მუხლი 97. სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანა

1. შესაბამის დანაყოფებში სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანა ხორციელდება სასუნთქი საშუალებების ტექნიკური დამოწმების შემდეგ.

2. თითოეულ სასუნთქ საშუალებაზე იხსნება სასუნთქი საშუალების აღრიცხვის ბარათი (დანართი 11), რომელიც ინახება სასუნთქი საშუალების პასპორტთან ერთად, შესაბამის დანაყოფში, სასუნთქი საშუალების ჩამოწერამდე.

3. ტექნიკური დამოწმება მოიცავს:

ა) სასუნთქი საშუალების ლუქის მთლიანობის შემოწმებას;

ბ) სასუნთქი საშუალების დაკომპლექტების შემოწმებას;

გ) სასუნთქი საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის საექსპლუატაციო დოკუმენტების ნომრებთან შესაბამისობის დადგენას;

დ) სასუნთქი საშუალების №2 შემოწმებას (დანართი 13).

4. სასუნთქი საშუალების ტექნიკური დამოწმების ჩატარებისას დეფექტების და შეუსაბამობების არარსებობის შემთხვევაში ხორციელდება მისი გაწმენდა და დეზინფექცია და სასუნთქი საშუალების პასპორტსა და სასუნთქი საშუალების აღრიცხვის ბარათში კეთდება ჩანაწერი სასუნთქი საშუალების ექსპლუატაციაში გაშვების ნებართვის თაობაზე.

მუხლი 98. სასუნთქი საშუალების გამოყენება

1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობისა ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის გამოიყენება ის სასუნთქი საშუალება, რომელსაც გავლილი აქვს სასუნთქი საშუალების №1 შემოწმება (დანართი 12).

2. სასუნთქი საშუალების გამოყენებამდე კვამლდამცველი:

ა) ახორციელებს სასუნთქი საშუალების სპეციალურ შემოწმებას;

ბ) ირგებს სასუნთქ საშუალებას;

გ) მოახსენებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს სასუნთქი საშუალების ბალონში არსებული ჰაერის წნევის მაჩვენებელს და სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მოქმედებების ჩასატარებლად მზადყოფნას.

3. კვამლდამცველების სასუნთქ საშუალებებში ჩართვა ხორციელდება კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების რგოლის მეთაურის ბრძანებით.

4. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილას ნებადართულია სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონის შეცვლა. ასეთ შემთხვევებში სასუნთქი საშუალების ტექნიკური მომსახურება ტარდება სპეციალური შემოწმების მოცულობით.

მუხლი 99. სასუნთქი საშუალების ტექნიკური მომსახურების სახეები

დანაყოფში სასუნთქი საშუალების ტექნიკური მომსახურების სახეებია:

ა) სასუნთქი საშუალების სპეციალური შემოწმება;

ბ) სასუნთქი საშუალების №1 შემოწმება;

გ) სასუნთქი საშუალების №2 შემოწმება;

დ) სასუნთქი საშუალების №3 შემოწმება (დანართი 14);

ე) სასუნთქი საშუალების გაწმენდა და დეზინფექცია;

ვ) სასუნთქი საშუალების შეკეთება.

მუხლი 100. სასუნთქი საშუალების სპეციალური შემოწმება

1. სპეციალური შემოწმება ხორციელდება სასუნთქი საშუალების ყოველი ჩართვის წინ, სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შესვლამდე.

2. სპეციალური შემოწმება ხორციელდება 1 წთ-ის განმავლობაში. ამ დროს მოწმდება:

ა) სასუნთქი საშუალების ნიღბის გამართულობა და მისი მიერთების საიმედოობა;

ბ) სასუნთქი საშუალების ჰერმეტულობა გაიშვიათებაზე;

გ) სასუნთქი საშუალების ავტომატის და ამოსასუნთქი სარქველის მუშაობა;

დ) სასუნთქი საშუალების ბალონში არსებული ჰაერის წნევა მანომეტრის მაჩვენებლის მიხედვით;

ე) სასიგნალო მოწყობილობის გამართულობა.

3. სასუნთქი საშუალების პანორამული ნიღბის შემოწმება ტარდება მისი ვიზუალური დათვალიერებით. პანორამული ნიღაბი ითვლება გამართულად, თუ ის სრულად არის დაკომპლექტებული და არ აღინიშნება ცალკეული ელემენტის დაზიანება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება ხორციელდება ამ წესის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურის მიხედვით.

მუხლი 101. სასუნთქი საშუალების №1 შემოწმება

1. სასუნთქი საშუალების №1 შემოწმება ხორციელდება მორიგე ცვლის შეცვლის დროს სასუნთქი საშუალების სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსებამდე, თუ მათი ბოლო №2 შემოწმებიდან არ გასულა ერთი თვე.

2. სასუნთქი საშუალების №1 შემოწმებას ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით ახორციელებს კვამლდამცველი, რომელზეც გადაცემულია აღნიშნული სასუნთქი საშუალება.

3. სასუნთქი საშუალების №1 შემოწმება მოიცავს:

ა) ნიღბის გამართულობის შემოწმებას ვიზუალური დათვალიერებით, რის შემდეგაც ხდება მისი მიერთება სასუნთქი საშუალების სხვა ნაწილებთან;

ბ) სასუნთქი საშუალების ღვედების მორგებას, ყველა კვანძის შეერთების სისწორისა და საიმედოობის შემოწმებას;

გ) სასუნთქი საშუალების ჰერმეტულობის შემოწმებას გაიშვიათებაზე, რისთვისაც საჭიროა ნიღბის მორგება, ვენტილის გადაკეტვა და ჩასუნთქვა. დიდი წინააღმდეგობის შექმნის შემთხვევაში, რომელიც არ მცირდება 2-3 წმ-ის განმავლობაში და არ იძლევა შემდეგი ჩასუნთქვის შესაძლებლობას, სასუნთქი საშუალება ითვლება ჰერმეტულად;

დ) მაღალი წნევის სისტემის ჰერმეტულობის შემოწმებას, რა დროსაც იკეტება სასუნთქი საშუალების ბალონის ვენტილი და მანომეტრის საშუალებით მოწმდება წნევის მაჩვენებელი. თუ 1 წთ-ის განმავლობაში წნევა მანომეტრის მაჩვენებლის მიხედვით რჩება უცვლელი, მაღალი წნევის სისტემა ითვლება ჰერმეტულად;

ე) სასუნთქი საშუალების ავტომატის და ამოსასუნთქი სარქველის მუშაობის შემოწმებას, რა დროსაც ხორციელდება ჭარბი წნევის მექანიზმის გათიშვა, ბალონების ვენტილების გახსნა, 2-3 ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. სასუნთქი საშუალების ავტომატის და ამოსასუნთქი სარქველის გამართულობის დროს ხდება ჭარბი წნევის ავტომატური ჩართვა, ამასთან სუნთქვის დროს არ უნდა იგრძნობოდეს წინააღმდეგობა;

ვ) ბალონში ჰაერის წნევის და სასიგნალო მოწყობილობის გამართულობის შემოწმებას რა დროსაც ხორციელდება ბალონის ვენტილის გახსნა და ჰაერის წნევის შემოწმება მანომეტრით, შემდეგ ბალონების ვენტილის ჩაკეტვა, რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, გამოსატანი მანომეტრის მაჩვენებელსა და ხმოვანი სიგნალის ჩართვაზე დაკვირვება. გამართული სასიგნალო მოწყობილობის ამუშავება ხდება 5±0.5 მპა წნევის პირობებში.

4. სარეზერვო სასუნთქი საშუალების №1 შემოწმებას ახორციელებს სამსახურის დანაყოფის მორიგე ცვლის გათვლის უფროსი.

5. სასუნთქი საშუალების №1 შემოწმების შედეგები აღირიცხება №1 შემოწმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 12).

მუხლი 102. სასუნთქი საშუალების №2 შემოწმება

1. სასუნთქი საშუალების №2 შემოწმებას ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით ახორციელებს კვამლდამცველი, რომელზეც გადაცემულია სასუნთქი საშუალება.

2. სასუნთქი საშუალების №2 შემოწმება ხორციელდება მწარმოებლის საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არანაკლებ თვეში ერთხელ, თუ ამ დროის განმავლობაში იგი არ იქნა გამოყენებული, აგრეთვე:

ა) სასუნთქი საშუალების კვამლდამცველზე გადაცემის შემდეგ;

ბ) სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონის შეცვლის შემდეგ;

გ) სასუნთქი საშუალების გამოყენების შემდეგ;

დ) სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების და შეკეთების შემდეგ;

ე) სასუნთქი საშუალების გაწმენდისა და დეზინფექციის შემდეგ.

3. სარეზერვო სასუნთქი საშუალების №2 შემოწმება ტარდება ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით მორიგე ცვლის გათვლის უფროსის მიერ.

4. სასუნთქი საშუალების №2 შემოწმების განხორციელების შემდეგ, შესაბამისი ჩანაწერი კეთდება სასუნთქი საშუალების №2 შემოწმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 13), ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელების შემდეგ აგრეთვე, სასუნთქი საშუალების №2 შემოწმების სარეგისტრაციო ჟურნალში.

მუხლი 103. სასუნთქი საშუალების №3 შემოწმება

1. სასუნთქი საშუალების №3 შემოწმება ხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად არანაკლებ წელიწადში ერთხელ, სასუნთქი საშუალებების შემოწმების წლიური და თვიური გეგმა-გრაფიკების შესაბამისად.

2. ახალი სასუნთქი საშუალების №3 შემოწმება პირველად ტარდება მწარმოებლის მიერ დადგენილი მუშაობის საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდეგ.

3. კვამლდამცველზე გადაცემული სასუნთქი საშუალების №3 შემოწმება ხორციელდება დადგენილი გრაფიკით.

4. სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების დროს დასაშვებია სასუნთქი საშუალების კვანძების და დეტალების შეცვლა, რის შესახებაც აღნიშვნა კეთდება სასუნთქი საშუალების აღრიცხვის ბარათში და სასუნთქი საშუალების პასპორტში.

5. სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების ჩასატარებლად მიღების და შემოწმების შემდეგ შესაბამისი დანაყოფისთვის მისი გადაცემის თაობაზე მონაცემები შეიტანება სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 14) და სასუნთქი საშუალების აღრიცხვის ბარათში.

მუხლი 104. სასუნთქი საშუალების დეზინფექცია და გაწმენდა

სასუნთქი საშუალების გაწმენდა და დეზინფექცია ხორციელდება მწარმოებლის მიერ კონკრეტული სასუნთქი საშუალებისათვის დადგენილი საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების მიხედვით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სასუნთქი საშუალების №3 შემოწმების ჩატარებისას;

ბ) სასუნთქი საშუალების მორიგე ცვლის სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსებისას – კვამლდამცველის მიერ;

გ) სასუნთქი საშუალების გამოყენების შემდეგ – კვამლდამცველის მიერ;

დ) სასუნთქი საშუალების პანორამული ნიღბის სხვა პირის მიერ გამოყენების შემდეგ – კვამლდამცველის მიერ;

ე) სასუნთქი საშუალების რეზერვში გადატანისას – რეზერვში გადატანის ადგილის მიხედვით გათვლის უფროსის მიერ.

მუხლი 105. სასუნთქი საშუალების შეკეთება

1. სასუნთქი საშუალების შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში წყდება მისი ექსპლუატაცია და დადგენილი წესით ხდება მისი ჩამოწერა.

2. კვამლდამცველს ეკრძალება სასუნთქი საშუალების შეკეთების და პარამეტრების რეგულირების სამუშაოების დამოუკიდებლად განხორციელება.

3. სასუნთქი საშუალების შეკეთების დასრულების შემდეგ, სასუნთქ საშუალებას უტარდება სასუნთქი საშუალების №2 შემოწმება.

მუხლი 106. დამცავი ტანსაცმლის ექსპლუატაცია

1. მეხანძრე-მაშველს (კვამლდამცველს) სპეციალური დამცავი ტანსაცმელი გადაეცემა სპეციალური დამცავი ტანსაცმლის მწარმოებლის საექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ.

2. დამცავი ტანსაცმლის მუშაობის დასაშვები რეჟიმი, ტექნიკური მომსახურება და ჩაცმა-გახდის წესი, აგრეთვე, მაიზოლირებელი ტიპის დამცავი ტანსაცმლის გამოყენების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება მწარმოებლის სექსპლუატაციო ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ.

3. დამცავი ტანსაცმელი, რომელსაც აქვს დეფექტი და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, ექვემდებარება გათვლიდან ამოღებას და დადგენილი წესით ჩამოწერას.

მუხლი 107. სასუნთქი საშუალებისა და დამცავი ტანსაცმლის ტრანსპორტირების ზოგადი მოთხოვნები

1. სასუნთქი საშუალების სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსება და ტრანსპორტირება ხორციელდება ვერტიკალურ მდგომარეობაში, სპეციალურად მოწყობილ უჯრედში, რომელიც ფიქსირდება სპეციალური სამაგრებით. მექანიკური დაზიანების პრევენციისთვის უჯრედის ძირი და კედლები იფარება ამორტიზაციის მქონე რბილი მასალით.

2. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილი, როგორც წესი, კომპლექტდება სარეზერვო სასუნთქი საშუალებებით, რომლებზეც გათვალისწინებული უნდა იყოს სარეზერვო ჰაერის ბალონი და ხელსაწყო მათი მომსახურებისთვის.

3. სარეზერვო ჰაერის ბალონის განთავსება და ტრანსპორტირება ხორციელდება ვერტიკალურ მდგომარეობაში ბალონის ხრახნიანი საცობის გამოყენებით, ავტომობილის ნაკვეთურში სპეციალურად მოწყობილ ყუთში, რომლის ძირი და კედლები დაფარულია ამორტიზაციის მქონე მასალით. ყუთი ტრანსპორტირების პერიოდში ილუქება, ხოლო ყუთის გარეთა მხარეს კეთდება წარწერა ბალონის ნომრის და მისი შევსების თარიღის მითითებით.

4. სარეზერვო ჰაერის ბალონის ვერტიკალურ მდგომარეობაში განთავსების შეუძლებლობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ჩამკეტი არმატურით გარეთ. ამ შემთხვევაში, თითოეული სარეზერვო ჰაერის ბალონი დამატებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სამაგრით, ყუთიდან გადმოვარდნის პრევენციისთვის.

5. დამცავი ტანსაცმლის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებით გადატანა ხორციელდება სპეციალური ჩანთებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ დაცვას დასველებისგან და მექანიკური დაზიანებისგან.

6. გარემოს დაბალი ტემპერატურის პირობებში (0°C-ზე დაბალი) სასუნთქი საშუალება, სასუნთქი საშუალების სამაშველო მოწყობილობა და სიმაღლიდან დასაშვები სპეციალური სამაშველო საშუალება უნდა განთავსდეს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილის გათვლის კაბინაში.

მუხლი 108. საკონტროლო საგუშაგო

1. ცვლის მეთაური, აორგანიზებს საკონტროლო საგუშაგოს საქმიანობას, აკონტროლებს საკონტროლო საგუშაგოზე განთავსებული კვამლდამცველის აღჭურვილობისა და კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ტექნიკური საშუალებების მდგომარეობას.

2. საკონტროლო საგუშაგოზე სასუნთქი საშუალებები, სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონები და სასუნთქი საშუალების ინდივიდუალური პანორამული ნიღბები ინახება ერთმანეთისგან განცალკევებით, ვერტიკალურ მდგომარეობაში, ინდივიდუალურად მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ნაკვეთურებში ისე, რომ არ დაზიანდეს მათი კვანძები და დეტალები.

3. სასუნთქი საშუალების შესანახი ნაკვეთურის ძირი და გვერდები იფარება ამორტიზაციის მქონე მასალით.

4. სასუნთქი საშუალებისა და პანორამული ნიღბის შესანახ ნაკვეთურებზე კეთდება აღნიშვნა შესაბამისი აღჭურვილობის ნომრის და მისი მფლობელის სახელის და გვარის მითითებით.

5. საკონტროლო საგუშაგოზე შენახულ სარეზერვო სასუნთქ საშუალებაზე და სარეზერვო ჰაერის ბალონზე კეთდება შესაბამისი წარწერა „სარეზერვო“.

6. შევსებული და ცარიელი ჰაერის ბალონები ინახება ცალ-ცალკე, შესაბამისი წარწერით „შევსებული“ და „ცარიელი“.

7. დამცავი ტანსაცმელი ინახება სპეციალურ შესაფუთ ჩანთებში, რომლებიც შეიძლება დალაგდეს ერთმანეთზე, მაგრამ არაუმეტეს ორი რიგისა, ვერტიკალურ მდგომარეობაში.

მუხლი 109. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ორგანიზება

1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილას ქმნის კვამლსაწინააღმდეგო რგოლს, კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტსა და უსაფრთხოების საგუშაგოს.

2. საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობისა ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი ნიშნავს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელ პირებს.

3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მიერ სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მოქმედებების ჩატარებისას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი განსაზღვრავს:

ა) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში განსახორციელებელ მოქმედებებს;

ბ) უსაფრთხოების საგუშაგოს განთავსების ადგილს და სამოქმედო ტერიტორიას;

გ) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მოძრაობის მიმართულებას;

დ) კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლის განთავსების ადგილს;

ე) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობას.

მუხლი 110. კვამლსაწინააღმდეგო რგოლი

1. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი განსაზღვრავს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს და კვამლდამცველთა რგოლების რაოდენობას.

2. კვამლსაწინააღმდეგო რგოლი შედგება არანაკლებ სამი კვამლდამცველისგან, რგოლის მეთაურის ჩათვლით.

3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურად შეიძლება დაინიშნოს:

ა) ცვლის მეთაური;

ბ) გათვლის უფროსი;

გ) შები.

მუხლი 111. კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლი

1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამი კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შექმნის შემთხვევაში დამატებით იქმნება ერთი კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლი.

2. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სათავსებში, გვირაბებში, მიწისქვეშა ნაგებობებში, ცხრაზე მეტი სართულის მქონე შენობებში, გემის ტრიუმებსა და პოტენცურად საშიშ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ყოველი კვამლსაწინააღმდეგო რგოლისათვის იქმნება დამატებით ერთი კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლი.

მუხლი 112. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობა

1. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობა შედგება:

ა) სასუნთქი საშუალებებისაგან;

ბ) სასუნთქი საშუალების სამაშველო მოწყობილობებისაგან – ერთი სამაშველო მოწყობილობა თითოეულ კვამლდამცველზე;

გ) კავშირის საშუალებებისაგან;

დ) განათების საშუალებებისაგან – ერთი ჯგუფური ფარანი კვამლდამცველთა რგოლზე და ინდივიდუალური ფარანი თითოეულ კვამლდამცველზე;

ე) სახანძრო-სამაშველო თოკისაგან;

ვ) დასაწყვილებელი და მიმართულების ბაგირებისაგან;

ზ) კონსტრუქციების გასახსნელი ინსტრუმენტებისაგან.

2. ცალკეულ შემთხვევში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობას შეიძლება დაემატოს:

ა) ხანძრის ჩაქრობის საშუალებები;

ბ) ავარიული სიგნალის მიწოდების ხმოვანი ხელსაწყო;

გ) გარემოს მდგომარეობაზე კონტროლის ხელსაწყოები (გაზის ანალიზატორი, რენტგენომეტრი, სითბური გამოსახულების აპარატი და ა.შ.);

დ) დამცავი ტანსაცმელი;

ე) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალებები სამედიცინო ჩანთა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ხელსაწყო;

ვ) სიმაღლიდან დასაშვები სპეციალური სამაშველო საშუალებები;

ზ) დამზღვევი ქამრები, დიელექტრიკული ხელსაწყოს კომპლექტი, სამშენებლო დგარები (დონკრატი) და სხვა საავარიო-სამაშველო ხელსაწყოები.

3. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის კერის და ავარიის წარმოშობის ადგილამდე მოკლე მანძილის არსებობის, დაკვამლიანების დაბალი დონის ან შესასრულებელი მოქმედებების ხასიათიდან გამომდინარე, ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, დასაწყვილებელი და მიმართულების ბაგირები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული.

4. გამონაკლის შემთხვევაში დასაწყვილებელი და მიმართულების ბაგირების ნაცვლად შესაძლებელია სახანძრო სახელოების გამოყენება.

5. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოების ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებების მქონე ობიექტებში ან/და მათი გაჟონვის ადგილას ჩატარების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველი (კვამლდამცველი) იცვამს მაიზოლირებელი ტიპის სპეციალურ დამცავ ტანსაცმელს ან მომეტებული სითბური ზემოქმედებისაგან დამცავ ტანსაცმელს.

6. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას აკრძალულია ჟანგბადის სასუნთქი აპარატების გამოყენება მომეტებული სითბური ზემოქმედებისაგან დამცავ ტანსაცმელთან ერთად.

მუხლი 113. საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნა

1. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს საჭიროების შემთხვევაში ქმნის და მის ხელმძღვანელს, განთავსების ადგილსა და სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

2. იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო-გამშვები პუნქტი არ იქმნება, მის ფუნქციებს ასრულებს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი.

3. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია საკონტროლო-გამშვები პუნქტის ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით.

4. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციებია:

ა) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში დაშვების რეჟიმის განსაზღვრა და დაშვებაზე ნებართვის გაცემა;

ბ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი;

გ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლთან კავშირი;

დ) საფრთხეების და პოტენციურად საშიში პირობების დროული გამოვლენა და კვამლდამცველთა რგოლისთვის შეტყობინება.

5. საკონტროლო-გამშვები პუნქტის აღჭურვილობაა:

ა) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვების კონტროლის საშუალებები;

ბ) ფიზიკური ბარიერები კვამლსაწინააღმდეგო რგოლის უსაფრთხოების საგუშაგოსთან დაშვების განსახორციელებლად;

გ) კავშირის საშუალებები;

დ) სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონების შევსებისა და კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინსტრუმენტები და მოწყობილობები, სპეციალური ხელსაწყოები და მოწყობილობები სასუნთქი საშუალების დოზიმეტრული კონტროლისა და დეკონტამინაციის ჩასატარებლად.

მუხლი 114. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელის უფლებამოსილება

საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი:

ა) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვების რეჟიმს;

ბ) აორგანიზებს და აკონტროლებს უსაფრთხოების საგუშაგოების მუშაობას;

გ) ატარებს ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგებისთვის სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვებისა და კონტროლის შესახებ;

დ) უზრუნველყოფს უწყვეტი კავშირის არსებობას უსაფრთხოების საგუშაგოებთან, აგრეთვე, უსაფრთხოების საგუშაგოებსა და მომუშავე კვამლსაწინააღმდეგო რგოლს შორის;

ე) უზრუნველყოფს გადასატანი საკომპრესორო სადგურის მუშაობასა და მათ აღჭურვას სასუნთქი საშუალების სარეზერვო ბალონებით;

ვ) საჭიროების შემთხვევაში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მოქმედებებს ათანხმებს ობიექტის ადმინისტრაციასთან;

ზ) უზრუნველყოფს კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოებზე მომუშავე, დასვენებაზე და რეზერვში მყოფი რგოლების აღრიცხვას, განსაზღვრავს მათი შეცვლის წესს, სასუნთქი საშუალებების დამცავი მოქმედების დროის გათვალისწინებით;

თ) განსაზღვრავს კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოებზე მომუშავე კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლების თავშეყრის, დამცავი ტანსაცმლის განთავსების, დეგაზაციის, დეაქტივაციის, აგრეთვე, სასუნთქი საშუალების ან/და დამცავი ტანსაცმლის გაწმენდისა და დეზინფექციის ჩატარების ადგილს;

ი) ახორციელებს გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურების მიერ კვამლდამცველის სამედიცინო-სანიტარიულ კონტროლს;

კ) უზრუნველყოფს კვამლსაწინააღმდეგო რგოლების მუშაობის აღრიცხვის ჟურნალისა და სხვა დოკუმენტების წარმოებას.

მუხლი 115. უსაფრთხოების საგუშაგოს შექმნა

1. თითოეული კვამლსაწინააღმდეგო რგოლისთვის ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ იქმნება შესაბამისი უსაფრთხოების საგუშაგო.

2. უსაფრთხოების საგუშაგოს განთავსების ადგილს და გუშაგს განსაზღვრავს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი, ხოლო საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნის შემთხვევაში – საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი.

3. საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნის შემთხვევაში, მის დაქვემდებარებაში გადადის ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ადგილზე შექმნილი უსაფრთხოების საგუშაგო.

4. უსაფრთხოების საგუშაგო თავსდება სუნთქვისათვის არახელსაყრელი გარემოს შესასვლელთან მაქსიმალურად ახლოს, უსაფრთხო ზონაში.

5. უსაფრთხოების საგუშაგოსთან თავსდება აბრა წარწერით ,,უსაფრთხოების საგუშაგო“.

6. უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგს უნდა ჰქონდეს სპეციალური სამკლავური, სამაგიდო საათი და უსაფრთხოების საგუშაგოებისთვის დადგენილი საძახისების ცხრილი.

მუხლი 116. უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგის უფლებამოსილება

1. უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი:

ა) ახორციელებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვებას სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში;

ბ) აღრიცხავს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მყოფი და იქიდან დაბრუნებული კვამლდამცველების რაოდენობასა და ვინაობას;

გ) უზრუნველყოფს მუდმივ კავშირს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მყოფ კვამლსაწინააღმდეგო რგოლთან;

დ) უზრუნველყოფს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლდამცველების მუშაობის ხანგრძლივობისა და სხვა აუცილებელი პარამეტრების გამოთვლას დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) იცავს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დაშვების რეჟიმის მოთხოვნებს;

ვ) უზრუნველყოფს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში იმ პირის არ დაშვებას, რომელიც არ შედის კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობაში.

2. უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი ავსებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მუშაობის აღრიცხვის ჟურნალს (დანართი 15), ხოლო კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური ამოწმებს ჟურნალში არსებული ჩანაწერების სისრულესა და სისწორეს.

3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ყოფნის პერიოდში, უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი ვალდებულია:

ა) იქონიოს ინფორმაცია კვამლსაწინააღმდეგო რგოლების ფაქტობრივი ადგილმდებარეობის, სამუშაო პირობების, აგრეთვე, მათი დაბრუნების დროის შესახებ;

ბ) სასუნთქი საშუალების ჰაერის მაქსიმალური მოხმარების ან/და ბალონში წნევის ვარდნის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დაუყოვნებლივ გამოითვალოს და კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) სასუნთქი საშუალების ჰაერის ბალონში ჰაერის წნევის მაჩვენებელი, რომლის შესაბამისად კვამლსაწინააღმდეგო რგოლი უნდა დაბრუნდეს სუფთა ჰაერზე;

ბ.ბ) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის ყოფნის სავარაუდო დარჩენილი დრო;

გ) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში საშიშროების წარმოქმნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დაუყონებლივ შეატყობინოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს საშიშროების ხასიათი და მასთან ერთად განსაზღვროს შემდგომი მოქმედებები;

დ) კვამლსაწინააღმდეგო რგოლთან კავშირის დარღვევისას ან/და უბედური შემთხვევის ან კვამლსაწინააღმდეგო რგოლის უკან დაბრუნებისას შექმნილი შეფერხების თაობაზე მიღებული ინფორმაცია:

დ.ა) დაუყოვნებლივ მოახსენოს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელს;

დ.ბ) დაუყონებლივ გასცეს ბრძანება კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სასუნთქ საშუალებებში ჩართვაზე და ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელთან შეთანხმებით გაგზავნოს კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლი სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლადმცველთა რგოლისთვის დახმარების აღმოსაჩენად;

ე) ყოველ 10 წუთში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მეტი სიხშირით, კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს მიაწოდოს ინფორმაცია სასუნთქ საშუალებაში ჩართვის მომენტიდან გასული დროის შესახებ.

მუხლი 117. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ზოგადი მოთხოვნები

1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შესვლამდე კვამლდამცველის ჩართვა სასუნთქ საშუალებაში და დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა ხორციელდება უსაფრთხოების საგუშაგოზე.

2. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით კვამლსაწინააღმდეგო რგოლზე შეიძლება დაიშვას სხვა პირი კვამლდამცველის მიერ დამცავი ტანსაცმლის ჩაცმაში დასახმარებლად. დამხმარე პირთა რაოდენობა განისაზღვრება კონკრეტული სახეობის დამცავი ტანსაცმლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად.

3. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შესვლამდე ამოწმებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სათანადო აღჭურვილობის გამართულობას და შემადგენლობის მიერ სასუნთქი საშუალების სპეციალური შემოწმების განხორციელების სისწორეს.

4. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სათავსებში, გვირაბებსა და მიწისქვეშა დიდი ფართობის მქონე ნაგებობებში დაზვერვის ჩატარებისთვის ერთდროულად იგზავნება არანაკლებ სამი კვამლსაწინააღმდეგო რგოლი.

5. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შესაბამისი მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგი და კვამლდამცველი უზრუნველყოფენ სასუნთქ საშუალებებში მუშაობის პარამეტრების გამოთვლას. ამ შემთხვევაში კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მუშაობის დრო განისაზღვრება სასუნთქ საშუალებაში ჰაერის ბალონის წნევის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის შესაბამისად.

6. კვამლსაწინააღმდეგო რგოლი სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში შესაბამის მოქმედებებს ახორციელებს სასუნთქი საშუალების დაცვის მოქმედების დროის ხანგრძლივობის შესაბამისად. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ იცვლება კვამლსაწინააღმდეგო რგოლი.

7. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შეცვლა, ხორციელდება უსაფრთხო ზონაში, ცალკეულ შემთხვევებში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის ან საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. კვამლდამცველთა რგოლის შეცვლა შეიძლება განხორციელდეს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოშიც.

8. კვამლსაწინააღმდეგო შეცვლილი რგოლი დასვენების შემდეგ ირიცხება კვამლსაწინააღმდეგო სარეზერვო რგოლების შემადგენლობაში.

მუხლი 118. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში კვამლსაწინააღმდეგო რგოლი ერთმანეთთან დაკავშირებულია დასაწყვილებელი ბაგირით. კვამლსაწინააღმდეგო რგოლს გადაადგილებისას სათავეში უდგას კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური, ხოლო ბოლოში დგება გამოცდილი კვამლდამცველი.

2. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში სამუშაოების ჩატარებისათვის კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური:

ა) მიმართულების ბაგირის ერთ ბოლოს ამაგრებს უსაფრთხოების საგუშაგოსთან ახლოს შესაბამის კონსტრუქციაზე;

ბ) გადაადგილდება დანიშნულების ადგილისკენ;

გ) დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე ამაგრებს მიმართულების ბაგირის მეორე ბოლოს და უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგს აცნობებს დანიშნულების ადგილზე მისვლის და ამ მომენტისათვის ჰაერის ბალონში არსებული წნევის მაჩვენებლის შესახებ;

დ) კვამლდამცველებს აცნობებს სასუნთქი საშუალებების ბალონებში საკონტროლო წნევის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება მათი უსაფრთხოების საგუშაგოს განთავსების ადგილზე დაბრუნების დრო;

ე) იწყებს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის შემადგენლობასთან ერთად ხანძრის ჩაქრობას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების შესრულებას და ხელმძღვანელობს მათ.

3. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში სამუშაოების ჩატარებისას კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური ვალდებულია:

ა) დაიმახსოვროს სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში გადაადგილების მიმართულება;

ბ) დაიცვას სასუნთქი საშუალებები ღია ცეცხლის უშუალო ზემოქმედებისა და სხვა სახის დაზიანებისგან;

გ) არ დაუშვას კვამლდამცველის მიერ პანორამული ნიღბის მოხსნა ან ჩამოწევა;

დ) უზრუნველყოს სასუნთქი საშუალების მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში ყოფნა;

ე) იცოდეს და აკონტროლოს მუშაობის დასაშვები დრო და საფრთხის შესახებ შეტყობინების სიგნალები;

ვ) აკონტროლოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის აღჭურვილობის მდგომარეობა, კონსტრუქციების, აფეთქების და ჩამონგრევის საშიშროება და ცეცხლის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობა;

ზ) უზრუნველყოს მუდმივი კავშირი კვამლსაწინააღმდეგო რგოლის წევრებთან და უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგთან;

თ) დადგენილი პერიოდულობით გადასცეს ინფორმაცია უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგს დასახული მოქმედებების შესრულების მსვლელობასა და დაგეგმილ მოქმედებებზე;

ი) თვალყური ადევნოს კვამლდამცველების მდგომარეობას და ვითარების მიხედვით აღჭურვილობის სწორად გამოყენებას;

კ) სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში შესაბამისი მოქმედებების ჩატარებისას აკონტროლოს სასუნთქი საშუალებების ხმოვანი სიგნალის მოწყობილობის ამუშავების დრო;

ლ) სუნთქვისთვის არახელსაყრელ გარემოში შესაბამისი მოქმედებების ჩატარებისას თანაბრად დატვირთოს კვამლდამცველები და პერიოდულად დაასვენოს ისინი ღრმა, თანაბარი სუნთქვის აღდგენამდე;

მ) მანომეტრის მაჩვენებლის მიხედვით თვალყური ადევნოს სასუნთქი საშუალებების ბალონებში ჰაერის წნევას და ჰაერის ავარიული (დამატებითი) მიწოდება გამოიყენოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევებში;

ნ) დასახული ამოცანის შესრულების შემდეგ აღჭურვილობა და სასუნთქი საშუალებები მოიყვანოს მზადყოფნაში სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში შემდგომი გამოყენებისათვის.

4. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას შეცვალოს ან შეწყვიტოს განსახორციელებელი მოქმედებები შემდეგ შემთხვევებში:

ა) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში გაუთვალისწინებელი ვითარების წარმოშობისას, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის კვამლსაწინააღმდეგო რგოლის უსაფრთხოებას;

ბ) კვამლდამცველების ჯანმრთელობის და სასუნთქი საშუალების ან/და დამცავი ტანსაცმლის ტექნიკური მდგომარეობის გამო.

5. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური უზრუნველყოფს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის სრული შემადგენლობით სუნთქვისათვის არახელსაყრელი გარემოდან დაბრუნებას.

6. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ადამიანის ყოფნის შემთხვევაში, პირველ რიგში ხორციელდება მისი გადარჩენა.

7. კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაური განსახორციელებელი მოქმედებების შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ატყობინებს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგსა და ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელს.

8. სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში სამუშაოების ჩატარებისას კვამლდამცველი ვალდებულია:

ა) იცოდეს და მკაცრად დაიცვას კვამლსაწინააღმდეგო რგოლის გადაადგილების მიმართულება და უსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) არ დატოვოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლი კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურის ნებართვის გარეშე, აკონტროლოს გადაადგილების მიმართულებაზე ვითარების შეცვლა და სამშენებლო კონსტრუქციების მდგომარეობა;

გ) მოახსენოს კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურს დასახული მოქმედებების შესრულების ადგილზე ვითარების შეცვლის, სასუნთქ საშუალებაში აღმოჩენილი გაუმართაობის, სასუნთქი საშუალების ხმოვანი სიგნალის ამუშავების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად.

9. კვამლდამცველის გამორთვა სასუნთქი საშუალებიდან ხორციელდება კვამლსაწინააღმდეგო რგოლის მეთაურის ბრძანებით.