ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.017187
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
85
31/12/2021
ვებგვერდი, 04/01/2022
140060000.22.034.017187
ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2022 - 17/11/2022)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №85

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი

 

ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. რეგულირების სფერო
ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − სამსახური) სახანძრო-სამაშველოდანაყოფების, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში დადგენილი წესით ჩაბმული სხვა რეაგირების ძალების მიერ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების პირობებს და პროცედურებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ხანძარი − უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას;

ბ) ხანძრის საშიში ფაქტორები − ალი, ნაპერწკალი, გარემოს მაღალი ტემპერატურა, კვამლი, წვის და თერმული დაშლის ტოქსიკური პროდუქტები, ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია და სხვა;

გ) მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიში ფაქტორები − დამსხვრეული აპარატების, აგრეგატების, დანადგარების და კონსტრუქციების ნამსხვრევები; დამსხვრეული აპარატებიდან და დანადგარებიდან გამოჟონილი რადიოაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებები და მასალები; აპარატების და აგრეგატების კონსტრუქციების დენგამტარ ნაწილებზე ძაბვის გადატანის შედეგად წარმოქმნილი ელექტრული დენი; ხანძრის შედეგად მომხდარი აფეთქების საშიში ფაქტორები, ცეცხლმაქრი ნივთიერებები;

დ) ხანძრის ჩაქრობა − ხანძარზე რეაგირების ოპერატიულ-ტაქტიკური და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლის, გარემოსა და ქონების გადარჩენისკენ;

ე) ხანძრის ლიკვიდაცია − წვის პროცესის შეწყვეტაზე და მისი ხელახლა წარმოქმნის პირობების აღმოფხვრაზე მიმართული მოქმედებები;

ვ) ხანძრის ლოკალიზაცია − წვის პროცესის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებისაკენ და მისი ლიკვიდაციისათვის პირობების შექმნისაკენ მიმართული მოქმედებები;

ზ) ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულება − სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მიერ მთავარი მოქმედებებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულება და ხანძრის მეორადი გამოვლინების საშიში ფაქტორების წარმოქმნის აღკვეთა;

თ) საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები − მოქმედებები, რომელთა მიზანია ინციდენტისგან/საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლის, გარემოს და ქონების გადარჩენა, აგრეთვე ავარიისათვის, კატასტროფისათვის, ინციდენტისათვის/საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების მინიმუმამდე შემცირება;

ი) გამოძახება − ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი ფორმით ასახვა;

კ) რეაგირების ძალები − სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები (შემდგომ − სამსახურის დანაყოფები);

ლ) სხვა რეაგირების ძალები − ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, ასევე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული მორეაგირე დანაყოფები, გარდა სამსახურის დანაყოფებისა;

მ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლა − სამსახურის დანაყოფის მიერ ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე სამსახურის დანაყოფის ძალების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო-ტექნიკურ და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების და აღჭურვილობის მზადყოფნაში მოყვანა;

ნ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონის დაზვერვა (შემდგომში − დაზვერვა) − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ტარდება ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ ვითარების შესაფასებლად ინფორმაციის შეკრების მიზნით და მთავარი მოქმედებების ორგანიზებისათვის გადაწყვეტილებების მისაღებად;

ო) ძირითადი პოზიცია − ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში უშუალოდ მონაწილე სამსახურის დანაყოფის შემადგენლობის ან/და სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის განთავსების ადგილი;

პ) მთავარი მოქმედებები ხანძარის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას − სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მიერ დადგენილი წესით ჩასატარებელი შესაბამისი მოქმედებები, რომლებიც მიმართულია სამსახურის დანაყოფებისათვის განსაზღვრული ამოცანების შესრულებისაკენ;

ჟ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას მხარდაჭერა (შემდგომ − მხარდაჭერის უზრუნველყოფა) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ სამსახურის მოსამსახურეებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისთვის უზრუნველყოფს ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მხარდაჭერას;

რ) პირველადი დახმარება − გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევამდე ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ქმედებები;

ს) ევაკუაცია − ადამიანთა გადაადგილება/გადაყვანა, უსაფრთხო ზონაში იმ სათავსებიდან, რომლებშიც არსებობს მათზე საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობა;

ტ) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი (შემდგომ − ხელმძღვანელი) − ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისული, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული პირი, რომელიც მართავს ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სამსახურის დანაყოფებს და სხვა რეაგირების ძალებს/პირებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

უ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების უბანი (შემდგომ − უბანი) − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების განაწილების ადგილი, რომელიც განსაზღვრულია ხელმძღვანელის მიერ;

ფ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების სექტორი (შემდგომ − სექტორი)ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორ ან მეტ უბანზე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების განაწილების ადგილი, რომელიც განსაზღვრულია ხელმძღვანელის მიერ;

ქ) გათვლა − სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილში განთავსებული შემადგენლობა (პირველადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელსაც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას მინიჭებული აქვს ცალკეული ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებამოსილება;

ღ) მორიგე ცვლა − სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთი ან მეტი გათვლის შემადგენლობა (ძირითადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელიც ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს და რომელსაც აქვს მთავარი მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების უნარი;

ყ) ტერიტორიული დანაყოფი − სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფი და მის შემადგენლობაში შემავალი კოორდინაციის განყოფილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას;

შ) ხანძრის ჩაქრობის გეგმა − ხანძრის ჩაქრობის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძირითად მონაცემებს ხანძარზე შესაძლო ვითარების წინასწარი პროგნოზირებისათვის და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზებაზე მიმართული მოქმედებების წინასწარი დაგეგმვისათვის;

ჩ) ხანძრის ჩაქრობის ბარათი − ხანძრის ჩაქრობის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძირითად მონაცემებს ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური დახასიათებისა და საევაკუაციო გზების შესახებ და ეს მონაცემები შესაძლებლობას იძლევა ადამიანთა გადარჩენასა და ხანძრის ჩაქრობაზე მიმართული მოქმედებების სწრაფად და ეფექტურად ორგანიზებისათვის;

ც) ხანძრის ნომერი − ხანძრის სირთულის ციფრული პირობითი მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ხანძრის ჩაქრობისა და ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილებზე განთავსებული მორიგე ცვლის გათვლების რაოდენობას მუნიციპალიტეტებში სამსახურის ორგანიზების შესაძლებლობიდან გამომდინარე.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

მუხლი 3. სამსახურის დანაყოფის ამოცანები და მოქმედებები

1. ადამიანის სიცოხლისა და ჯანრთელობის, გარემოს და ქონების ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის საშიში ფაქტორებისაგან დაცვისთვის, სამსახურის დანაყოფის ამოცანებია:

ა) ხანძრის ლოკალიზაცია;

ბ) ხანძრის ლიკვიდაცია;

გ) ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულება;

დ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ე) სამაშველო სამუშაოების ჩატარება.

2. ხელმძღვანელის მიერ დაზვერვით მოპოვებული ინფორმაციისა და ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განისაზღვრება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მიერ ჩასატარებელი შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის ჩასატარებელი მთავარი მოქმედებები, და დადგენილი წესით ხორციელდება:

ა) ადამიანის გადარჩენის ღონისძიებები − თუ ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს იქმნება ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის საშიში ფაქტორების ადამიანებზე ზემოქმედების საფრთხე და მათი დამოუკიდებელი ევაკუაცია შეუძლებელია;

ბ) აფეთქების ან/და სამშენებლო კონსტრუქციების ჩამონგრევის თავიდან აცილების ღონისძიებები − თუ ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს იქმნება აფეთქების ან/და სამშენებლო კონსტრუქციების ჩამონგრევის საფრთხე;

გ) ხანძრის გავრცელების თავიდან აცილების და საგანგებო სიტუაციის ლოკალიზაციის ღონისძიებები − თუ ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს იქმნება ხანძრის შენობა-ნაგებობების სხვა ნაწილებზე ან მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე გავრცელების, ასევე საგანგებო სიტუაციის ზონის ფარგლებს გარეთ გავრცელების საფრთხე;

დ) ხანძრის მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ან/და დანადგარზე გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებები − თუ ხანძრით მოცულია შენობა-ნაგებობა ან/და დანადგარი და ხანძრის შედეგად მისი განადგურების თავიდან აცილება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებებით შეუძლებელია, ამასთან არსებობს ხანძრის გავრცელების საშიშროება მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ან/და დანადგარზე;

ე) ხანძრის ლიკვიდაცია − თუ ხანძრით მოცულია ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობა ან/და დანადგარი და არ არსებობს მისი გავრცელების საშიშროება მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ან/და დანადგარზე.

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ამოცანების შესრულების მიზნით, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სამსახურის დანაყოფების შემადგენლობის მიერ გამოიყენება:

ა) ცეცხლმაქრი ნივთიერებები;

ბ) ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები;

გ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები;

დ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარები;

ე) სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები;

ვ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

ზ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები;

თ) კავშირისა და საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების სისტემები;

ი) შიდა და გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემები;

კ) სხვა დამხმარე და სპეციალური ტექნიკა.

4. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, ამ წესის გარდა, აგრეთვე გამოიყენება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი რეგულაციები.

თავი II

ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვა

მუხლი 4. სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვა

სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვა მოიცავს:

ა) ხანძრის ჩაქრობისა ან/და საავარიო სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრას, რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვას;

ბ) ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სამსახურის დანაყოფებისა და სხვა რეაგირების ძალებისათვის ამოცანების დასახვას, ვითარების შეცვლაზე კონტროლს და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფას;

გ) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების მართვის საველე ოპერაციების შტაბის შექმნასა და მისი შემადგენლობის განსაზღვრას;

დ) უბნებისა და სექტორების შექმნას;

ე) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებელი ტერიტორიის (საგანგებო სიტუაციის ზონა) საზღვრების დადგენას;

ვ) ხანძრის ნომრის განსაზღვრას.

მუხლი 5. ხელმძღვანელი

1. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვას უშუალოდ ან ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების მართვის საველე ოპერაციების შტაბის მეშვეობით უზრუნველყოფს ხელმძღვანელი, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე ერთი მორიგე ცვლის ან ერთი გათვლის მუშაობისას − ცვლის მეთაური ან გათვლის უფროსი;

ბ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე რამდენიმე სამსახურის დანაყოფის მუშაობისას − იმ დანაყოფის უფროსი თანამდებობის პირი, რომლის გასვლის რაიონს წარმოადგენს ხანძრისა ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილი;

გ) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ადგილზე მისულ ხელმძღვანელზე თანამდებობით უფროსი პირი;

დ) ხანძრის ჩაქრობისა ან/და საავარიო სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ადგილზე მისული სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

2. განსაკუთრებით რთული ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში მონაწილე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოქმედებებს ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილი პირი, ასევე სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ხელმძღვანელებად ითვლებიან განკარგულების გაცემის მომენტიდან. ისინი პასუხისმგებელნი არიან ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე ყოფნის განმავლობაში განხორციელებულ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების შედეგებზე, მიუხედავად იმისა დაიკისრა თუ არა მან ხელმძღვანელობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები მაღალი ნომრის ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღებისას შეიძლება გავიდნენ სხვა ხანძრის ან/და საგანგებო სიტუაციის ადგილზე. ასეთ შემთხვევაში, ისინი ხელმძღვანელობას აკისრებენ სამსახურის დანაყოფის სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია გადაეცემა სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს (შემდგომ − სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველო). პასუხისმგებლობა ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების შედეგებზე ეკისრება იმ პირს, რომელმაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

6. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დასახული მოქმედებების შესრულებაზე, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების უსაფრთხოებაზე.

7. ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) გადასცეს ინფორმაცია სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს და მორიგე ცვლის ოპერატორს ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის გარე ნიშნების, ობიექტის მისამართის და მისი ფუნქციური დანიშნულების, შენობა-ნაგებობების მახასიათებლების და ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის გავრცელების ფართობის, ცეცხლმოდებული მასალებისა და საშიში ნივთიერებების შესახებ, აგრეთვე ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის და ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის გავრცელების საშიშროების არსებობის, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ჩაბმული სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების საკმარისობისა და გამოძახების ობიექტზე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსადენების და დანადგარების გათიშვის აუცილებლობის თაობაზე;

ბ) ჩასატარებელი მთავარი მოქმედებების გათვალისწინებით განახორციელოს რეაგირებაში ჩაბმული სხვა ძალებისა და საშუალებების განლაგება, უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობისათვის ცეცხლმაქრი ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდება და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების მუშაობა;

გ) უზრუნველყოს ურთიერთმოქმედება ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მოზიდული გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან;

დ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ზომები ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების კვებით უზრუნველყოფისა და დასვენების ორგანიზებისათვის;

ე) საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაობის მართვისათვის უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების მართვის საველე ოპერაციების შტაბის შექმნა;

ვ) უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების მართვის საველე ოპერაციების შტაბის უფროსის მოვალეობების შესრულების ორგანიზება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად, თუ ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების მართვის საველე ოპერაციების შტაბი არ იქმნება;

ზ) განსაზღვროს ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონიდან სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაყვანის რიგითობა.

8. ხელმძღვანელს თავისი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:

ა) გასცეს სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობისათვის, ობიექტის ადმინისტრაციისათვის და მოქალაქეთათვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებები იმ ტერიტორიის ფარგლებში, რომელზეც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებები;

ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაობის მართვისათვის შექმნას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების მართვის საველე ოპერაციების შტაბი და მის წევრებს დააკისროს ამ წესით განსაზღვრული მოვალეობები;

გ) მიიღოს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ორგანიზებისათვის საჭირო ინფორმაცია ობიექტის ადმინისტრაციისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებიდან;

დ) მიიღოს გადაწყვეტილებები საგანგებო სიტუაციის ზონაში უბნებისა და სექტორების შექმნის, ხანძრის ჩაქრობისათვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების განთავსების ადგილის შეცვლის შესახებ;

ე) განსაზღვროს საგანგებო სიტუაციის ზონიდან სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაყვანის წესი.

მუხლი 6. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების მართვის საველე ოპერაციების შტაბი

1. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების მართვის საველე ოპერაციების შტაბი (შემდგომ − საველე ოპერაციების შტაბი) არის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სამსახურის დანაყოფების მოსამსახურეებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის სამსახურის სტრუქტურული და ტერიტორიული დანაყოფების ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს და კოორდინაციის განყოფილებების შემადგენლობისგან შექმნილი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ერთიან მართვასა და კოორდინაციას.

2. სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ერთიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით ხელმძღვანელმა საგანგებო სიტუაციის ზონაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება შექმნას საველე ოპერაციების შტაბი.

3. საველე ოპერაციების შტაბი იქმნება:

ა) ხანძრის მაღალი ნომრის (კატეგორია) შემთხვევაში;

ბ) საგანგებო სიტუაციის ზონაში სამი და მეტი უბნის არსებობისას;

გ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, როდესაც აუცილებელი ხდება ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული მოქმედებების ორგანიზება.

4. ხელმძღვანელი ნიშნავს საველე ოპერაციების შტაბის უფროსს და მასთან შეთანხმებით განსაზღვრავს საველე ოპერაციების შტაბის შემადგენლობას.

5. ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით საველე ოპერაციების შტაბის შემადგენლობაში შედის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელი თანამდებობის და სხვა უფლებამოსილი პირები, მხარდაჭერის უზრუნველყოფის უფროსი, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი. საველე ოპერაციების შტაბის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შევიდეს კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი, ორგანიზაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა პირები.

6. საველე ოპერაციების შტაბის მუშაობას ხელმძღვანელობს საველე ოპერაციების შტაბის უფროსი, რომელიც ამასთანავე არის ხელმძღვანელის მოადგილე.

7. ხელმძღვანელი უფლებამოსილია ხანძარი №1-ის მიხედვით გამოძახებულ ხანძარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საველე ოპერაციების შტაბის შექმნის გარეშე დანიშნოს ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული საველე ოპერაციების შტაბის შემადგენლობაში შემავალი შესაბამისი თანამდებობის პირები.

8. საველე ოპერაციების შტაბის ფუნქციებია:

ა) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;

ბ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ მონაცემების შეკრება, დამუშავება, ანალიზი და აღნიშნული ინფორმაციის ხელმძღვანელისათვის, მორიგე ცვლის ოპერატორისა და სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოსათვის გადაცემა;

გ) რეაგირებისათვის საჭირო სამსახურის დანაყოფების, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა და მათი განლაგების უზრუნველყოფა;

დ) ხელმძღვანელის მითითებების და დასახული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;

ე) კავშირის უზრუნველყოფა;

ვ) ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოება (დანართი 1, დანართი 2 და დანართი 3);

ზ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების და საშუალებების განთავსების გეგმა-სქემების შედგენა, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების სხვადასხვა ეტაპზე;

თ) მხარდაჭერის უზრუნველყოფის ორგანიზება;

ი) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნა, რომელიც საჭიროა ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის;

კ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

ლ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა, მათ შორის, სამსახურის დანაყოფების შემადგენლობის კვებით და დასვენებით უზრუნველყოფა;

მ) გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა.

9. ხელმძღვანელი განსაზღვრავს საველე ოპერაციების შტაბის განთავსების ადგილს. საველე ოპერაციების შტაბი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საჭირო მოწყობილობებით და უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ნიშანი: დღისით − წითელი ფერის მაჩვენებელი წარწერით „შტაბი“, ღამით − წითელი ფარანი ან წითელი ფერის სხვა შუქნიშანი.

10. საველე ოპერაციების შტაბის დოკუმენტაციის წარმოებისას გამოიყენება ტერმინების სპეციალური შემოკლებები და დადგენილი ნიმუშის პირობითი გრაფიკული ნიშნები (დანართი 4).

11. საველე ოპერაციების შტაბის უფროსი ემორჩილება ხელმძღვანელს, ორგანიზებას უწევს საველე ოპერაციების შტაბის საქმიანობას და უზრუნველყოფს საველე ოპერაციების შტაბის ამოცანების შესრულებას.

12. საველე ოპერაციების შტაბის უფროსს უფლება აქვს:

ა) გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობისათვის, აგრეთვე, გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებისათვის, ობიექტების ხელმძღვანელებისა და მოქალაქეებისათვის, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ტარდება ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებზე/სამაშველო სამუშაოებზე მიმართული მოქმედებები;

ბ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობას მისცეს მითითებები;

გ) გააუქმოს ან შეაჩეროს ადრე გაცემული მითითებების შესრულება ადამიანის, მათ შორის სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში.

მუხლი 7. სამსახურის დანაყოფის ცვლის მეთაური

1. სამსახურის დანაყოფის ცვლის მეთაური ხელმძღვანელობს მორიგე ცვლის ერთი ან მეტი გათვლის შემადგენლობას და წარმოადგენს მორიგე ცვლის შემადგენლობის უშუალო უფროსს, რომელიც ახორციელებს მორიგე ცვლის სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვას ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე.

2. სამსახურის დანაყოფის ცვლის მეთაური, რომელიც პირველი მივიდა ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე, ვალდებულია უზრუნველყოს მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელობა და პასუხისმგებელია მათ წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლისას, ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს სამსახურის დანაყოფის ცვლის მეთაურზე თანამდებობით უფროსი პირი, ცვლის მეთაური მოახსენებს მას მისვლის შესახებ და ასრულებს მის მითითებებს.

4. ცვლის მეთაური მის დაქვემდებარებაში მყოფი მორიგე ცვლის შემადგენლობის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებისას:

ა) უზრუნველყოფს ურთიერთმოქმედებას გათვლებს შორის, აგრეთვე მორიგე ცვლასა და სამსახურის სხვა დანაყოფებს შორის;

ბ) უზრუნველყოფს შემადგენლობის მიერ ბრძანებების შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გამართულ მუშაობას;

დ) უზრუნველყოფს შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას;

ე) ახორციელებს კავშირს სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან და აწვდის ინფორმაციას ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე არსებული ვითარების შესახებ.

5. ცვლის მეთაურის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს გათვლის უფროსი.

მუხლი 8. სამსახურის დანაყოფის გათვლის უფროსი

1. სამსახურის დანაყოფის გათვლის უფროსი ხელმძღვანელობს მორიგე ცვლაში დაქვემდებარებულ შემადგენლობას და პასუხისმგებელია მათ წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლისას, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს სამსახურის დანაყოფის გათვლის უფროსზე თანამდებობით უფროსი პირი, გათვლის უფროსი მოახსენებს მას მისვლის შესახებ და ასრულებს მის დავალებებს.

3. გათვლის უფროსი ასრულებს ცვლის მეთაურის მიერ დასახულ ამოცანებს, მათ შორის:

ა) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებულ შემადგენლობას;

ბ) უთითებს გათვლის შემადგენლობას ხანძარსაწინააღმდეგი წყალმომარაგების წყაროს, სახელოს ხაზების გაყვანის მიმართულებასა და ხერხებს, განშტოების დაყენების ადგილს, ლულების რაოდენობასა და სახეობებს, მელულეების პოზიციებს, სახანძრო კიბეების დაყენების ადგილებს, ელექტრული კაბელების გაყვანის მიმართულებებსა და ხერხებს, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დაყენების ადგილს, მათ რაოდენობასა და სახეობებს;

გ) უზრუნველყოფს სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გამართულ მუშაობას;

დ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას;

ე) უზრუნველყოფს კავშირს ცვლის მეთაურთან ან/და მისი დავალებით სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირთან;

ვ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ან/და რეაგირების ღონისძიებების დასრულების შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შეკრებისთანავე ამოწმებს დაქვემდებარებული შემადგენლობის ადგილზე ყოფნას, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების არსებობას, მოახსენებს ცვლის მეთაურს ან სხვა უფლებამოსილ პირს სამსახურის დანაყოფის გათვლის მუდმივი განლაგების ადგილზე დაბრუნებისათვის მზადყოფნის შესახებ.

მუხლი 9. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი)

1. სამსახურის დანაყოფის მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) შეიძლება იყოს განსაკუთრებულ სიტუაციაზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი რომლებიც ასრულებენ სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე მძღოლის მოვალეობას ახორციელებენ სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მართვას და უზრუნველყოფენ მის მუშაობას ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე.

2. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ემორჩილება გათვლის უფროსს, ცვლის მეთაურს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ხელმძღვანელის მიერ.

3. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ვალდებულია:

ა) განათავსოს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილი მითითებულ წყლის წყაროზე ან შესაბამისი საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე;

ბ) ხანძრის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე ვითარების გართულების შემთხვევაში უზრუნველყოს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა;

გ) უზრუნველყოს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილის აგრეგატების შეუფერხებელი მუშაობა, თვალი ადევნოს ხანძრის ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე არსებულ ვითარებას;

დ) გააკონტროლოს საწვავ-საპოხი, სხვა საექსპლუატაციო მასალებისა და ცეცხლმაქრი ნივთიერებების მარაგი და დროულად მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს მათი შევსების საჭიროების შესახებ;

ე) განახორციელოს მიმაგრებული სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის, სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება ან დროებითი შეკეთება ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს.

მუხლი 10. სამსახურის დანაყოფის მეხანძრე-მაშველი, განსაკუთრებულ სიტუაციაზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე

1. სამსახურის დანაყოფის მეხანძრე-მაშველი, განსაკუთრებულ სიტუაციაზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი (შემდგომში − მეხანძრე-მაშველი) ახორციელებენ ხანძრის ლოკალიზაცია−ლიკვიდაციას და ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს და სპეციალურ სამუშაოებს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

2. მეხანძრე-მაშველი ვალდებულია დაემორჩილოს გათვლის უფროსს, ცვლის მეთაურს უბნის და სექტორის უფროსს.

3. დასახული ამოცანების შესრულებისას მეხანძრე-მაშველი მოქმედებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ხელმძღვანელის, უბნის და სექტორის უფროსის მიერ, იგი აგრეთვე ვალდებულია:

ა) არ მიატოვოს პოზიცია ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და იქონიოს კავშირი ხელმძღვანელთან და გათვლის მეხანძრე-მაშველებთან;

ბ) გააფრთხილოს ადამიანები შესაძლო საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში და მიიღოს ზომები ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისათვის, ქონების გადარჩენისათვის, რის შესახებაც მოახსენოს მის ხელმძღვანელს;

გ) აღმოუჩინოს პირველადი დახმარება დაზარალებულებს;

დ) აკონტროლოს სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების მუშაობა და სამუშაოების დასრულების შემდეგ შეამოწმოს მათი არსებობა;

ე) დაიცვას უსაფრთხოების მოთხოვნები.

4. დაზვერვის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:

ა) იქონიოს საჭირო სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები;

ბ) არ მოსცილდეს პირს, რომელიც ხელმძღვანელობს დაზვერვას და თვალი ადევნოს არსებულ ვითარებას;

გ) დაუყოვნებლივ მოახსენოს დაზვერვის ხელმძღვანელს საფრთხეში მყოფი ადამიანის აღმოჩენის, აგრეთვე, ცეცხლის ან კვამლის წარმოქმნის შესახებ.

5. ადამიანთა გადარჩენისას მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:

ა) იქონიოს სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები, რომელიც საჭიროა გათვლის უფროსის, ცვლის მეთაურის მიერ შერჩეული გადარჩენის ხერხისათვის;

ბ) სათავსში შესვლისთანავე შეატყობინოს იქ მყოფ პირებს მათთვის დახმარების გაწევის შესახებ;

გ) შეარჩიოს გადარჩენის უმოკლესი გზა და უსაფრთხო ხერხი;

დ) მაღალი ტემპერატურის და დაკვამლიანების ზონები დაზარალებულთან ერთად გაიაროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და მიიღოს ზომები, რათა დაიცვას იგი ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციის საშიში ფაქტორებისაგან.

6. სახელოს ხაზების გაყვანისას მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:

ა) შეარჩიოს მოხერხებული და უმოკლესი გზები მელულეების პოზიციებამდე;

ბ) მოარიდოს სახელოები და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების შლანგები ბასრ ან ცეცხლმოდებულ საგნებს, აგრეთვე ქიმიურად საშიშ ნივთიერებებს. სახელოების დაზიანებებისაგან დასაცავად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება;

გ) არ დაუშვას სახელოს ხაზებით შენობის გასასვლელების და საევაკუაციო კიბეების ჩახერგვა, გაიყვანოს სახელოს ხაზები ქუჩის, გზის, ეზოს განაპირას (შეძლებისდაგვარად მოარიდოს სავალ ნაწილს), ხოლო რკინიგზაზე ლიანდაგების ქვეშ;

დ) დაიცვას გზის სავალ ნაწილზე გაყვანილი სახელოები და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების შლანგები გადაგრეხისა და გაწყვეტისაგან, დაბრკოლებებზე გადატარების დროს მკვეთრი გადაკეცვისაგან, ხოლო შემაერთებელი თავები დაიცვას გზის ხისტ საფარზე დარტყმებისაგან, დაამაგროს სიმაღლეზე გაყვანილი სახელოს ხაზები სახელოს დამჭერებით;

ე) გაითვალისწინოს სახელოს ხაზების და საავარიო-სამაშველო მოწყობილობის, შლანგების ისეთი სიგრძე, რომელიც უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველის თავისუფალ გადაადგილებას, ლულითა და შესაბამისი საავარიო-სამაშველო ინსტრუმენტით მანევრირების შესაძლებლობას;

ვ) სახელოს ხაზი გაიყვანოს ავტოკიბის საფეხურების ცენტრის გასწვრივ და დაამაგროს სახელოს დამჭერებით.

7. მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის დროს მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:

ა) დაიცვას გათვლის უფროსის ან ცვლის მეთაურის მიერ მითითებული ევაკუაციის თანმიმდევრობა;

ბ) არ ჩახერგოს საევაკუაციო გზები.

8. სახანძრო ლულით მუშაობისას მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:

ა) შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს წვის კერას, ამასთან შექმნას სახელოს ხაზების სიგრძის მარაგი;

ბ) გადაადგილდეს წინ სახანძრო ლულით ხელში და მიმართოს წყლის ჭავლი ინტენსიური წვის ადგილებისაკენ, ცეცხლმოდებული კონსტრუქციებისა და საგნებისაკენ;

გ) მიმართოს წყლის ჭავლი ცეცხლის გავრცელების გზების შემხვედრი მიმართულებით, პირველ რიგში კონსტრუქციის იმ ნაწილებზე, რომელთა დაწვას ან გახურებით გამოწვეულ სიმტკიცის შეცვლას შეიძლება მოჰყვეს ნაგებობის მთელი კონსტრუქციის ან მისი ნაწილის ჩამონგრევა;

დ) ვერტიკალური ზედაპირების ჩაქრობისას წყლის ჭავლი მიმართოს ზემოდან ქვემოთ;

ე) წვის ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ გადაკეტოს და გამოიტანოს სახანძრო ლულა;

ვ) სიმაღლეზე მუშაობისას გამოიყენოს დამცავი მოწყობილობები, დაიმაგროს თავი კიბეზე სახანძრო ლულით მუშაობისას;

ზ) არ დატოვის სახანძრო ლულა უმეთვალყურეოდ წყლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც;

თ) არ შეეხოს და არ მიმართოს წყლის ჭავლი ძაბვის ქვეშ მყოფ ელექტროსადენებზე თუ არ არის დაცული უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა;

ი) დაიცვას თბური ზემოქმედებისაგან ადვილად აალებადი და წვადი სითხეებიანი რეზერვუარები, ბალონები შეკუმშული აირით, წნევის ქვეშ მყოფი დანადგარები და აპარატები მათი გახურებული ზედაპირების თანაბარი გაგრილებით.

9. შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების გახსნა-დაშლის სამუშაოების ჩატარებისას მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს სამუშაოები გათვლის უფროსის ან ცვლის მეთაურის მითითებით;

ბ) გამოიყენოს სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები, მათ შორის მექანიზირებული;

გ) წვის კერის ლიკვიდაციისათვის კონსტრუქციების გახსნა აწარმოოს მხოლოდ ჩაქრობის საშუალებების მომზადების შემდეგ;

დ) კონსტრუქციის გახსნა-დაშლის სამუშაოები ჩაატაროს ქონებისათვის მინიმალური ზიანის მიყენებით;

ე) დაშლილი კონსტრუქციების ჩამოყრა სიმაღლიდან აწარმოოს მხოლოდ გათვლის უფროსის ან ცვლის მეთაურის ნებართვით და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით;

ვ) უზრუნველყოს საკვამლე მილების, საყრდენების ან შენობების ნაწილების ჩამონგრევა ხელმძღვანელის ან მისი დავალებით სხვა უფლებამოსილი პირის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, საშიში ზონიდან ადამიანების და სახანძრო ტექნიკის გაყვანის შემდეგ.

თავი III

ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება

მუხლი 11. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება

1. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება მოიცავს:

ა) გამოძახების მიღებასა და დამუშავებას;

ბ) გასვლისთვის მომზადებას და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობას;

გ) დაზვერვას და დაზვერვის ორგანიზებას;

დ) სამუშაოებს ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვის მიზნით ღონისძიებების განხორციელებას;

ე) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლას;

ვ) მხარდაჭერის უზრუნველყოფის ორგანიზებას;

ზ) უბნის და სექტორის ორგანიზებას;

თ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;

ი) ხანძრის ლოკალიზაციას, ლიკვიდაციას და ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულებას;

კ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე სპეციალური სამუშაოების ჩატარებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ლ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;

მ) სამსახურის დანაყოფის შეკრებას და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.

2. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები ტარდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აგრეთვე არსებული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

3. ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებები იწყება ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლიდან და ითვლება დასრულებულად ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ან/და რეაგირების ღონისძიებების დასრულების მომენტიდან.

4. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები ტარდება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.

5. იმ ობიექტებზე, სადაც შემუშავებულია ხანძრის ჩაქრობის გეგმები და ბარათები, ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები ხორციელდება ამ დოკუმენტებში მოყვანილი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის გათვალისწინებით.

მუხლი 12. გამოძახების მიღება და დამუშავება

1. გამოძახების მიღება და დამუშავება მოიცავს:

ა) გამოძახების მიღებასა და შესაბამისი ფორმით ასახვას;

ბ) გამოძახებით მიღებული ინფორმაციის შეფასებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახების ადგილზე გათვალისწინებული შესაბამისი ძალებისა და საშუალებების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

გ) განგაშის სიგნალის მიცემას დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიღებისთანავე;

დ) ცვლის მეთაურისათვის ხანძარზე გასვლის საგზურისა და ხანძრის ჩაქრობის გეგმის ან ბარათის (მათი არსებობის შემთხვევაში) გადაცემას;

ე) ცვლის მეთაურის უზრუნველყოფას ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციისა და შესაბამისი ობიექტის შესახებ არსებული დამატებითი ინფორმაციით;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული გამოძახების შესახებ სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელებისათვის და სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის ინფორმაციის გადაცემას.

2. გამოძახების მიღებისას ფიქსირდება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილი, მისამართი, ხასიათი;

ბ) ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობა;

გ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ობიექტის თავისებურებები;

დ) გამოძახების ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი.

მუხლი 13. გასვლისთვის მომზადება და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა

1. გასვლისთვის მომზადება და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა ითვალისწინებს გათვლის ან მორიგე ცვლის შემადგენლობის შეკრებას და გამოძახების ადგილზე მიყვანას სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილებით, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო მოწყობილობებითა და აღჭურვილობით.

2. გასვლის მომზადებისა და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობის მიზნით ხორციელდება:

ა) გათვლის ან მორიგე ცვლის შემადგენლობის დროული შეკრება და გამოძახების ადგილზე გასვლა დადგენილი წესით;

ბ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების გამოძახების ადგილზე შესაძლო უმოკლეს დროში მისვლა.

3. გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა შეიძლება შეჩერებულ იქნეს მხოლოდ სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით.

4. გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობის გზაზე სათაო სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის იძულებითი გაჩერებისას ჩერდებიან მის უკან მიმავალი სხვა სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილებიც და მოძრაობას აგრძელებენ მხოლოდ ცვლის მეთაურის მითითებით. მეორე ან მის უკან მიმავალი სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის იძულებით გაჩერებისას დანარჩენი ავტომობილები აგრძელებენ მოძრაობას გამოძახების ადგილისაკენ.

5. სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის იძულებითი გაჩერების და გამოძახების ადგილისაკენ შემდგომი მსვლელობის შეუძლებლობის შემთხვევაში ცვლის მეთაური ან გათვლის უფროსი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს იძულებითი გაჩერების შესახებ სამსახურის დანაყოფის ოპერატორს;

ბ) დატოვოს იძულებითი გაჩერების ადგილზე სახანძრო, საავარიო-სამაშველო ავტომობილის მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ტექნიკური გაუმართაობის აღმოსაფხვრელად ან/და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის დასახვედრად;

გ) უზრუნველყოს გათვლის/მორიგე ცვლის გამოძახების ადგილზე მისვლა.

6. გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობის დროს სხვა ხანძრის ან/და საგანგებო სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის მეთაური/გათვლის უფროსი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს ოპერატორს, რომელიც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მორიგე ცვლამ გააგრძელოს მსვლელობა გამოძახების ადგილისკენ;

ბ) მორიგე ცვლა შეუდგეს ახლად აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციას;

გ) მორიგე ცვლა შეუდგეს ახლად აღმოჩენილი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთი გათვლის ძალებით, ხოლო მორიგე ცვლის დანარჩენმა სამსახურის დანაყოფებმა და სხვა რეაგირების ძალებმა და საშუალებებმა გააგრძელონ მსვლელობა გამოძახების ადგილისაკენ.

მუხლი 14. დაზვერვა

1. დაზვერვა ტარდება უწყვეტად, ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციამდე ან/და რეაგირების ღონისძიებების დასრულებამდე.

2. დაზვერვის დროს დგინდება:

ა) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონა და ფართობი, საფრთხის ხასიათი, მომწამლავი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი და სხვა წვადი ნივთიერებებისა და მასალების არსებობა, აფეთქების საშიშროება, აგრეთვე ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის გავრცელების შესაძლო გზები;

ბ) ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არსებობა, ადამიანთა ადგილსამყოფელი და მათი გადარჩენის გზები, ხერხები და საშუალებები, აგრეთვე ქონების დაცვის ან/და ევაკუაციის აუცილებლობა;

გ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის მეორადი გამოვლინების საშიში ფაქტორების არსებობა და ზემოქმედების შესაძლებლობა, მათ შორის, ობიექტის ტექნოლოგიური პროცესებით და წარმოების ორგანიზების თავისებურებებით განპირობებული;

დ) ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო (ავარიის საწინააღმდეგო) დაცვის სისტემების და საშუალებების არსებობა და გამოყენების შესაძლებლობა;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების უახლოესი წყლის წყაროების ადგილმდებარეობა და მდგომარეობა, აგრეთვე მათი გამოყენების შესაძლებლობა;

ვ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების არსებობა, მათი გათიშვის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა;

ზ) შენობა-ნაგებობების სამშენებლო კონსტრუქციების ჩამონგრევის საშიშროება, მათი გახსნის და დაშლის საჭიროება და ადგილები;

თ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შეყვანის შესაძლო გზები;

ი) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მოზიდული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების საჭირო რაოდენობა.

3. დაზვერვის დროს საჭირო ინფორმაციის შეკრების მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ობიექტის ხანძრის ჩაქრობის გეგმა ან/და ბარათი, აგრეთვე ობიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მონაცემები.

მუხლი 15. დაზვერვის ორგანიზება

1. დაზვერვის ორგანიზებას ახორციელებს ხელმძღვანელი, რომელიც ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე განსაზღვრავს/ადგენს:

ა) დაზვერვის ჩატარების მიმართულებებსა და დაზვერვის ამოცანებს;

ბ) სადაზვერვო ჯგუფების რაოდენობას და შემადგენლობას, კავშირის საშუალებებს და მათი გამოყენების წესს;

გ) დაზვერვისათვის საჭირო სახანძრო-ტექნიკურ და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობას და მოწყობილობებს;

დ) დაზვერვის უსაფრთხოდ ჩატარების ზომებს;

ე) დაზვერვის დროს მოპოვებული ინფორმაციის გადაცემის წესს.

2. დაზვერვას, საგანგებო სიტუაციის ზონაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უშუალოდ ატარებს ხელმძღვანელი ან მის მიერ შექმნილი სადაზვერვო ჯგუფი, ან მისი დავალებით, შესაბამის სამუშაო უბანზე სხვა უფლებამოსილი პირები.

3. პირი, რომელიც ატარებს დაზვერვას ვალდებულია:

ა) იქონიოს შესაბამისი აღჭურვილობა და საშუალებები საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე;

ბ) ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში ჩაატაროს სამუშაოები მათ გადასარჩენად;

გ) დაზვერვასთან ერთად, შეძლებისდაგვარად მიიღოს საჭირო ზომები ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების და ქონების დაცვის მიზნით ყველა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით.

მუხლი 16. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს და ქონების დაცვის სამუშაოები

1. საგანგებო სიტუაციის ზონაში ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები, როგორც წესი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და მთავრდება ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

2. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას განსახორციელებელი მოქმედებები განისაზღვრება ხელმძღვანელის ან მისი დავალებით სხვა უფლებამოსილი პირის მიერ, ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

3. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოები მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების, მათ განკარგულებაში არსებული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების, სოციალურ-ეკონომიკური, ბუნებრივი და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით განისაზღვრება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის, ამ წესისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, უპირველესად ხორციელდება ადამიანების გადასარჩენად მიმართული სამუშაოები, თუ:

ა) საგანგებო სიტუაციების ზონაში არსებობს ადამიანებზე ხანძრისა ან/და სხვა საგანგებო სიტუაციების საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობა;

ბ) ადამიანები დამოუკიდებლად ვერ ტოვებენ ხანძრისა ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის საშიში ფაქტორების ზემოქმედების ზონას;

გ) არსებობს საევაკუაციო გზებზე ცეცხლის, კვამლის ან სხვა საგანგებო სიტუაციის საშიში ფაქტორების, ავარიული, ქიმიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების საშიშროება;

დ) ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოიყენება ადამიანთა სიცოცხლისათვის საშიში ცეცხლმაქრი ნივთიერებები.

5. საგანგებო სიტუაციის ზონაში ადამიანთა გადარჩენა მოიცავს:

ა) ადამიანთა ძებნას და მათ ევაკუაციას;

ბ) ჩახერგილ სათავსებში ჰაერის მიწოდებას ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად;

გ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებას კონსტრუქციების, მოწყობილობების, ობიექტების გასაგრილებლად, წვის ინტენსივობის შესამცირებლად, სამშენებლო კონსტრუქციების ჩამონგრევის და ნივთიერებებისა და მასალების აალების ან აფეთქების თავიდან ასაცილებლად;

დ) სამსახურის დანაყოფების ტექნიკური საშუალებებისა და შენობა-ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების, მათ შორის კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის გამოყენებას, კვამლის გავრცელების თავიდან აცილების, საევაკუაციო გზებსა და ხანძრის კერაში ტემპერატურის შემცირების მიზნით.

6. საგანგებო სიტუაციის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია ხორციელდება საევაკუაციო გზების გამოყენებით. გადასარჩენი ადამიანების ამოყვანა ან ჩაყვანა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობების საევაკუაციო გზების და გასასვლელების გამოყენება შეუძლებელია.

7. საგანგებო სიტუაციის ზონიდან ადამიანების და ქონების გადასარჩენად გამოიყენება შემდეგი ძირითადი საშუალებები:

ა) ავტოკიბეები და ავტოამწეები;

ბ) სტაციონარული და ხელის სახანძრო კიბეები;

გ) სიმაღლეზე მყოფ ადამიანთა გადარჩენის ინდივიდუალური საშუალებები;

დ) სიმაღლეზე მყოფ ადამიანთა გადარჩენის კოლექტიური საშუალებები;

ე) მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

ვ) საავარიო-სამაშველო საშუალებები;

ზ) ვერტმფრენები.

8. სახანძრო-სამაშველო გადასარჩენი სპეციალური ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის შეცვლა, რომლებიც გამოიყენება სამსახურის დანაყოფების შემადგენლობის მიერ სიმაღლეზე ასასვლელად და ადამიანთა გადასარჩენად, დასაშვებია მხოლოდ ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე შემადგენლობის, აგრეთვე გადასარჩენი ადამიანების აუცილებელი შეტყობინების პირობით.

9. შენობა-ნაგებობებიდან ადამიანების გადასარჩენად შერჩეული უნდა იქნეს ყველაზე უსაფრთხო გზები და ხერხები, მათ შორის:

ა) შენობა-ნაგებობის ძირითადი შესასვლელები და გამოსასვლელები;

ბ) შენობა-ნაგებობის სათადარიგო გამოსასვლელები;

გ) ფანჯრის ღიობები და აივნები ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

დ) ლიუკები, თუ მათი საშუალებით შესაძლებელია უსაფრთხო ზონაში გასვლა;

ე) შენობა-ნაგებობების სამშენებლო კონსტრუქციებსა და სატრანსპორტო საშუალებების კორპუსებში (ძარებში) დაზარალებულების გამოსაყვანად მოწყობილი ღიობები.

10. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ქონების გადარჩენაზე მიმართული სამუშაოები ტარდება ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, განსახორციელებელი ღონისძიებების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.

11. სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ადამიანთა ან/და ქონების გადარჩენის სამუშაოები ხორციელდება ხანძრის ჩაქრობაზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაზე მიმართულ მოქმედებებთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების და საშუალებების რაოდენობა არ არის საკმარისი, ხანძრის ჩაქრობაზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაზე მიმართული მოქმედებები არ ტარდება/ჩერდება და ხორციელდება ადამიანების გადარჩენის უზრუნველყოფისაკენ მიმართული სამუშაოები.

12. საგანგებო სიტუაციის ზონაში ხანძრებზე ლიკვიდაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის ან სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ან ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების განკარგულებით საგანგებო სიტუაციის ზონის მეთვალყურეობის მიზნით მობილიზებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფ(ებ)ის პირადი შემადგენლობა ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციის ზონის უწყვეტი მეთვალყურეობა;

ბ) მუდმივ მზადყოფნაში იქონიოს სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები;

გ) წვის კერის ან სხვა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საშიშროების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს ოპერატორს და მიიღოს ზომები მათი ლიკვიდაციისათვის;

დ) საგანგებო სიტუაციის ზონა დატოვოს მხოლოდ სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ან ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ნებართვით და სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს ოპერატორის ინფორმირების შემდეგ;

ე) ცვლის მეთაური საგანგებო სიტუაციის ზონის დატოვების თაობაზე აცნობებს ობიექტის წარმომადგენლებს, დაზარალებულებს, რომელთა მფლობელობაში, სარგებლობასა და განკარგვაში იმყოფება ხანძრით დაზიანებული, განადგურებული შენობა-ნაგებობა, დანადგარი, ტერიტორია ან სხვა ქონება.

13. საგანგებო სიტუაციის ზონაში წვის პროცესის შეწყვეტის, ადამიანების სიცოცხლესა და ჯაბრთელობაზე, ასევე მატერიალურ ფასეულობაზე (ქონებაზე) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი მათ შორის ხანძრის მეორადი გამოვლინების საშიში ფაქტორების ზემოქმედების აღკვეთის თაობაზე აქტის (შემდგომ − აქტი) შედგენას დანართი 5-ის შესაბამისად უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის დანაყოფი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რეაგირების ღონისძიებებში და რომლის მუნიციპალურ ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს საგანგებო სიტუაციის ზონა;

ბ) სამსახურის დანაყოფი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რეაგირების ღონისძიებებში და რომლის გასვლის რაიონში/ქვერაიონში მდებარეობს საგანგებო სიტუაციის ზონა;

გ) სამსახურის დანაყოფი, რომელიც დროებით იმყოფებოდა დისლოკაციის ადგილას და უშუალოდ მონაწილეობდა რეაგირების ღონისძიებებში. ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის შემდეგ შედგენილი აქტი იგზავნება იმ სამსახურის დანაყოფში, რომლის მუნიციპალურ ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობდა საგანგებო სიტუაციის ზონა.

14. აქტის შედგენას ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებენ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამსახურის დანაყოფების ცვლის მეთაურები/ცვლის მეთაურების მოვალეობის შემსრულებლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15. აქტის შედგენაში მონაწილეობას ღებულობს ობიექტის წარმომადგენლები, დაზარალებულები, რომელთა მფლობელობაში, სარგებლობასა და განკარგვაში იმყოფება ხანძრით დაზიანებული, განადგურებული შენობა-ნაგებობა, დანადგარი, ტერიტორია ან სხვა ქონება, სადაზღვევო ორგანიზაციების, სამართალდამცავი და საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები მათი ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის ზონაში ყოფნის შემთხვევაში.

16. აქტი მის შედგენაში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერის შემდეგ რჩება შესაბამის სამსახურის დანაყოფში. აღნიშნული სამსახურის დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია არაუმეტეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიების დასრულების აქტის გაგზავნა შემთხვევის ფაქტზე წინასწარი შემოწმების ჩასატარებლად და გამოძიების დასაწყებად (ხანძრის გაჩენის მიზეზის და მის გაჩენასთან უშუალო კავშირის მქონე პირის, ხანძრით გამოწვეული ზარალის დასადგენად);

17. აქტის შენახვის ვადაა 1 წელი.

მუხლი 17. სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლა

1. სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლისათვის მომზადება;

ბ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების წინასწარი გაშლა;

გ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების სრული გაშლა.

2. სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლის შესაბამისი ეტაპი იწყება ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით და ხორციელდება მისი მითითებების შესაბამისად.

3. სახანძრო ავტოცისტერნების, ავტოტუმბოების ძირითადი სახანძრო ავტომობილების და საავარიო-სამაშველო ავტომობილების სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო ხანძრის ჩაქრობის სხვა მობილური საშუალებების და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების სამსახურის დანაყოფებისა და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლა − მათი ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციების შესაბამისად.

4. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისული პირველი სახანძრო ავტოცისტერნიდან (ავტოცისტერნის წყლის წყაროზე დაყენებით ან დაყენების გარეშე) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლა ხორციელდება სამსახურის დანაყოფის მიერ ჩასატარებელ ძირითად მოქმედებებზე პირველი ლულის მიწოდებით.

5. ძალებისა და საშუალებების გაშლისთვის მომზადება ხორციელდება ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლისთანავე, რომელიც მოიცავს:

ა) წყლის წყაროდან წყლის აღების შესაძლებლობის შემოწმებას;

ბ) სახანძრო ავტომობილის წყლის წყაროზე დაყენებას და სახანძრო ტუმბოს მუშა მდგომარეობაში მოყვანას;

გ) საჭირო სახანძრო ტექნიკურ, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების მოხსნას სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების სამაგრებიდან;

დ) ლულიანი სახელოს ხაზის მიერთებას ტუმბოს დასაწნევ მილყელთან;

ე) სხვა მოსამზადებელ მოქმედებებს ცვლის მეთაურის ან გათვლის უფროსის მითითებით.

6. სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების წინასწარი გაშლა ძირითადი სახანძრო ავტომობილებიდან ხორციელდება მას შემდეგ, რაც განისაზღვრება მაგისტრალური სახელოს ხაზების გაყვანის მიმართულება და მოიცავს:

ა) მაგისტრალური სახელოს ხაზების გაყვანას სახელოების განშტოებამდე (მათ შორის ხანძრის ჩაქრობის რამდენიმე მობილური საშუალების გამოყენებისას წყლის გადატუმბვით მიწოდების ორგანიზებისთვის);

ბ) განშტოებების დაყენებას და მათთან მუშა ხაზების გასაყვანად სახელოების და ლულების, აგრეთვე სხვა სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, მოწყობილობების მიწოდებასა და მზადყოფნაში მოყვანას.

7. სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების სრული გაშლა ხორციელდება ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში და მოიცავს:

ა) მელულეების და მეხანძრე-მაშველების პოზიციების განსაზღვრას, მათ გასვლას ამ პოზიციებზე და მათთან მუშა სახელოს ხაზების, შლანგების, ელექტრული კაბელების მიყვანას;

ბ) მაგისტრალური და მუშა (ჩამკეტი ლულების არსებობისას) სახელოს ხაზების ცეცხლმაქრი ნივთიერებებით შევსებას.

8. ძირითადი სახანძრო ავტომობილიდან სახელოების ხაზების გაყვანისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს:

ა) მელულეების პოზიციებამდე სახელოების ხაზების გაყვანის უმოკლესი და უსაფრთხო გზის შერჩევა, ადამიანებისა და ქონებისათვის საევაკუაციოდ განკუთვნილი გზის გათვალისწინებით;

ბ) სახელოს ხაზების დაზიანებისაგან დაცვა, მათ შორის, სახელოებზე ბოგირების მოწყობით და სახელოს დამჭერების გამოყენებით;

გ) განშტოებების დაყენება გზის სავალი ნაწილის საზღვრებს გარეთ;

დ) სახანძრო სახელოების მარაგის შექმნა.

9. საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია შეიზღუდოს ფიზიკური პირებისა და ტრანსპორტის გადაადგილება ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

მუხლი 18. მხარდაჭერის უზრუნველყოფის ორგანიზება

1. ხანძრებზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციებზე მხარდაჭერის უზრუნველყოფა მოიცავს:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების დაზვერვას;

ბ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების სქემის შერჩევას;

გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნას;

დ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილზე ცეცხლმაქრი ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საწვავ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალების უზრუნველყოფას;

ე) სამსახურის დანაყოფების შემადგენლობის დამცავი ტანსაცმლით, შესაბამისი აღჭურვილობითა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას;

ვ) ხანძრის ჩაქრობის დროს მაგისტრალური სახელოს ხაზების დაცვას;

ზ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სახანძრო, საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების აღდგენის/ჩანაცვლების ორგანიზებას, მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.

2. მხარდაჭერის უზრუნველყოფის ამოცანების შესრულებას ხელმძღვანელობს სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობიდან ხელმძღვანელის მიერ დანიშნული მხარდაჭერის უზრუნველყოფის უფროსი. მხარდაჭერის უზრუნველყოფის უფროსის მითითების შესრულება სავალდებულოა მხარდაჭერის უზრუნველყოფის ამოცანების შესრულებაში მონაწილე შემადგენლობისათვის, რეაგირებაში მონაწილე სხვა რეაგირების ძალებისათვის და გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებისათვის.

3. მხარდაჭერის უზრუნველყოფის უფროსი ანაწილებს ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისულ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებს გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებზე და უბნებზე.

4. მხარდაჭერის უზრუნველყოფის უფროსი ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მოზიდული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელს ან/და საველე ოპერაციების შტაბის უფროსს.

მუხლი 19. უბნის და სექტორის ორგანიზება

1. საგანგებო სიტუაციის ზონაში ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით უბნები იქმნება ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

2. სექტორი შეიძლება შეიქმნას ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე ორი და მეტი უბნის არსებობის შემთხვევაში ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

3. ხელმძღვანელი სამსახურის დანაყოფების შემადგენლობიდან ნიშნავს უბნის/სექტორის უფროსს.

4. უბნის/სექტორის უფროსი ემორჩილება უშუალოდ ხელმძღვანელს, ხოლო საველე ოპერაციების შტაბის შექმნის შემთხვევაში, აგრეთვე საველე ოპერაციების შტაბის უფროსს.

5. უბნის/სექტორის უფროსს უფლება აქვს დატოვოს უბნის/სექტორის ტერიტორია მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით.

6. უბნის/სექტორის უფროსი ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს შესაბამის უბანზე/სექტორზე, რაც მოიცავს:

ა) დაზვერვას, შექმნილი ვითარების შესწავლა-შეფასებას და დაზვერვას შედეგების ხელმძღვანელისათვის მოხსენებას;

ბ) ადამიანებისა და ქონების გადარჩენას;

გ) უბანზე/სექტორზე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების საჭირო რაოდენობის განსაზღვრასა და მათ განთავსებას;

დ) ძირითად პოზიციებზე ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებასა და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობითა და მოწყობილობებით მუშაობას;

ე) კვამლსაწინააღმდეგო რგოლების მუშაობის ორგანიზებას;

ვ) უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას;

ზ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე შემადგენლობის უსაფრთხო ზონაში გაყვანას, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში;

თ) ხელმძღვანელისათვის დასახული ტაქტიკური მოქმედებების შესრულების შესახებ მოხსენებას.

7. უბნის/სექტორის უფროსი უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია შესაბამისი პირებისაგან;

ბ) მოითხოვოს დამატებითი სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალები და საშუალებები ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;

გ) განსაზღვროს უბნიდან/სექტორიდან სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაყვანის რიგითობა.

მუხლი 20. ხანძრის ლოკალიზაცია, ლიკვიდაცია და ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულება

1. ხანძრის ლოკალიზაცია მოიცავს:

ა) წვადი სითხეების დაღვრის თავიდან ასაცილებელი წინაღობების შექმნას, მათ შორის, მიწაყრილების მოწყობას;

ბ) მომიჯნავე ობიექტებზე წვის გავრცელების თავიდან ასაცილებელი წინაღობების შექმნას, მათ შორის, შენობებს შორის ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების გაზრდასა და წყლის ჭავლების სახით სითბოდამცავი ეკრანების მოწყობას;

გ) წვად ნივთიერებებსა და მასალებზე (შემდგომ − წვადი მასალები) წვის გავრცელების თავიდან ასაცილებელი წინაღობების შექმნას, მათ შორის, ცეცხლმოუდებელი მასალების ცეცხლმაქრი ნივთიერებებით დასველებას (დანამვა), მინერალიზებული ზოლების შექმნასა და წვადი მასალების სამშენებლო კონსტრუქციების დაშლა-აღებას.

2. ხანძრის ლიკვიდაცია (წვის შეწყვეტის ხერხები) მოიცავს:

ა) წვის ზონის გაგრილებას, ცეცხლმაქრი ნივთიერებებით ან წვადი მასალების ერთმანეთში შერევით;

ბ) წვადი მასალების, დამჟანგველის ან ჰაერის გაზავებას ცეცხლმაქრი ნივთიერებებით;

გ) წვადი მასალების წვის ზონიდან ან დამჟანგველიდან იზოლირებას ცეცხლმაქრი ნივთიერებების ან/და სხვა საშუალებების გამოყენებით;

დ) წვის ქიმიური რეაქციის შეჩერებას ცეცხლმაქრი ნივთიერებებით.

3. ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულება, რაც ტარდება ხანძრის ჩაქრობისას შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოიცავს:

ა) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მიერ მთავარი მოქმედებებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებას;

ბ) ხანძრის ზონაში ხანძრის მეორადი გამოვლინების საშიში ფაქტორების წარმოქმნის აღკვეთას, რომელთა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა ან/და მატერიალური და ეკოლოგიური ზიანი.

4. ხანძრის ლიკვიდაციის დროს ცეცხლმაქრი ნივთიერების შერჩევა ხდება ცეცხლმოდებული მასალებისა და ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გათვალისწინებით, წვის შეწყვეტის ხერხისა და სხვა ვითარებიდან გამომდინარე.

5. ხანძრის ლიკვიდაციის დროს საჭირო ცეცხლმაქრი ნივთიერებების რაოდენობა და ხარჯი განპირობებულია ხანძრის განვითარების, მისი ჩაქრობის ორგანიზების და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების თავისებურებებით, სამსახურის დანაყოფების ტაქტიკური შესაძლებლობებით და გამოყენებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით.

6. თუ ხანძრის ლიკვიდაციისათვის ცეცხლმაქრი ნივთიერებების რაოდენობა არ არის საკმარისი, ორგანიზება უკეთდება ხანძრის ადგილზე მათ მიწოდებას (მათ შორის, გადატუმბვით) სახანძრო და ხანძრის ჩაქრობის მიზნებისათვის გამოსადეგი ტექნიკის, სხვა ხერხებისა და საშუალებების გამოყენებით.

7. ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებისას შეძლებისდაგვარად გამოიყენება ობიექტზე არსებული ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარები და სისტემები.

8. ხელის სახანძრო ლულებით მუშაობისას აუცილებელია:

ა) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება სამსახურის დანაყოფების მიერ ჩასატარებელ მთავარ მოქმედებებზე;

ბ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება უშუალოდ ხანძრის კერის ადგილას (ასეთი შესაძლებლობისას);

გ) მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობების გაგრილება აფეთქების, ჩამონგრევის (დეფორმაცია) თავიდან აცილების ან/და წვის განვითარების შეზღუდვის მიზნით;

დ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება ატარებდეს უწყვეტ ხასიათს და სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის სიცოცხლისათვის საფრთხის არარსებობის შემთხვევაში არ განხორციელდეს პოზიციების მიტოვება, ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე;

ე) წვადი მასალებისა და ცეცხლმაქრი ნივთიერებების თავსებადობის გათვალისწინება;

ვ) სახელოების ხაზების დაგრძელება მელულის მანევრირების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;

ზ) წყლის გადაჭარბებით დაღვრის თავიდან აცილება, მათ შორის, ჩამკეტი ლულების გამოყენებით.

მუხლი 21. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე სპეციალური სამუშაოები

1. სპეციალური სამუშაოები ტარდება საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის, აგრეთვე, მის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

2. სპეციალური სამუშაოები მოიცავს:

ა) კავშირის ორგანიზებას;

ბ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილის განათებას;

გ) კონსტრუქციების გახსნასა და დაშლას;

დ) სიმაღლეზე ასვლას ან/და ჩამოსვლას;

ე) შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულებას.

3. ხანძრის ჩაქრობის დროს კავშირის ორგანიზებას, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვასა და მათი ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფას ახორციელებს ხელმძღვანელი ან მისი დავალებით სამსახურის დანაყოფის სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

4. კავშირის ორგანიზება მოიცავს კავშირის სათანადო სქემების განსაზღვრას, კავშირის საშუალებების მომზადებასა და შემადგენლობის წინაშე შესაბამისი ამოცანების დასახვასა და რადიოგაცვლის წესების დაცვას.

5. ხანძრის ჩაქრობის ადგილის განათება ხორციელდება არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სამსახურის დანაყოფის ან/და ობიექტის სანათი საშუალებების გამოყენებით.

6. კონსტრუქციების გახსნა და დაშლა ხორციელდება ადამიანებისა და ქონების გადარჩენის, ცეცხლმოდებულ და მომიჯნავე სათავსებში შეღწევის, ხანძრის გავრცელების შეზღუდვის, წვის ზონაში ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებისა და სხვა სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. კონსტრუქციების გახსნა და დაშლა წვის ფარულ კერებთან მისვლის უზრუნველყოფისათვის ხორციელდება კონსტრუქციების გახსნის ადგილთან ცეცხლმაქრი ნივთიერებებისა და ხანძრის ჩაქრობის საშუალებების თავმოყრის შემდეგ.

7. სიმაღლეზე ასვლა ან/და ჩამოსვლა ხორციელდება ადამიანების, ქონების გადარჩენისა და დაცვის, საჭირო სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების, სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების თავმოყრის, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებისა და სხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით. სიმაღლეზე ასასვლელად ან/და ჩამოსასვლელად გამოიყენება ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტში ჩამოთვლილი საშუალებები.

8. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულებს სამსახურის დანაყოფის შემადგენლობამ უნდა აღმოუჩინოს პირველადი დახმარება.

9. ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დასაშვებია მოწყობილობების, მექანიზმების, ტექნოლოგიური აპარატების, ვენტილაციის ან აერაციის დანადგარების, ელექტროდანადგარების, გათბობის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, შიდა საობიექტო ტრანსპორტის სისტემებისა და მაღალი საშიშროების მქონე სხვა წყაროების გათიშვა, ჩართვა/ბლოკირება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათი დაშლა-დანგრევა.

10. სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების აღდგენა ითვალისწინებს ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში სახანძრო და საავარიო-სამაშ­ველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური, საავარიო-სამაშველო მოწყობილობებისა და აღჭურვილობის, კავშირისა და მართვის საშუალებების, აგრეთვე ობიექტის მოწყობილობებისა და კომუნიკაციების სარემონტო და ტექნიკური მომსახურების გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებენ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალ­ებების მხარდაჭერის უზრუნველმყოფი სამსახურის დანაყოფები.

11. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე ელექტროდანადგარებისა და ელექტროქსელების გათიშვა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტროდანადგარები და ელექტროქსელები:

ა) სახიფათოა სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებებისათვის;

ბ) ქმნიან ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის საშიშროებას;

გ) აფერხებენ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.

12. 0,38 კვ-ზე მეტი ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარებისა და ელექტროქსელების გათიშვა ხორციელდება შესაბამისი დასახლების, ორგანიზაციის (ობიექტი), ენერგოსამსახურის, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლების მიერ, ელექტრომოწყობი­ლობის გათიშვის, აგრეთვე სახანძრო ლულებისა და სახანძრო ავტომობილის ტუმბოს დამიწების მოწყობისა და დამიწების წინაღობის შემოწმების შემდეგ.

13. 0,38 კვ-ის ჩათვლით ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსადენები და სხვა ელექტროდანადგარები შეიძლება დენიდან გაითიშოს სამსახურის დანაყოფის შემადგენლობის მიერ, ხელმძღვანელის მითითებით.

მუხლი 22. ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება

ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოები მოიცავს:

ა) დაზარალებულთა ძებნასა და მათ გამოყვანას დაზიანებული და ცეცხლმოდებული შენობებიდან, დაგაზიანებული, დაკვამლიანებული და დატბორილი სათავსებიდან ან ნანგრევებიდან;

ბ) დანგრეული, დაზიანებული ან ჩახერგილი სათავსების გახსნას, მათში მოყოლილ ადამიანთა გადარჩენას;

გ) ჰაერის მიწოდებას ჩახერგილ სათავსებში მათში მოყოლილ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად;

დ) დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენას;

ე) საშიში ზონიდან მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის ორგანიზებას;

ვ) იმ შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების გამაგრებას ან დანგრევას, რომლებსაც ემუქრება ჩამოშლის საშიშროება და აფერხებენ სამუშაოების უსაფრთხო ჩატარებას.

მუხლი 23. სამსახურის დანაყოფის შეკრება და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება

1. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შეკრება და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება ხორციელდება ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

2. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შეკრება ითვალისწინებს:

ა) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის ადგილზე ყოფნის შემოწმებას;

ბ) სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შეკრებას და დაკომპლექტებას დადგენილი ნორმების შესაბამისად;

გ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე სახანძრო-ტექნიკურ, საავარიო-სამაშველო მოწყობილობებისა და აღჭურვილობის განთავსებასა და დამაგრებას;

დ) გამოყენებული გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის მუშა მდგომარეობაში მოყვანას, მათ შორის, გახსნილი სახანძრო ჰიდრანტების ჭის ხუფების დახურვასა და სხვა.

3. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შეკრების დასრულების შესახებ ცვლის მეთაური, გათვლის უფროსი მოახსენებს ხელმძღვანელსა და სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს ოპერატორს.

4. მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება ხორციელდება სახანძრო ავტოცისტერნების წყლით შევსების შემდეგ, უმოკლესი მარშრუტით და სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს ოპერატორთან კავშირის შენარჩუნების უზრუნველყოფით.

თავი IV

საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება

მუხლი 24. საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოები

1. სამსახურის დანაყოფების მიერ ჩასატარებელი საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები:

ა) სატრანსპორტო ავარიის/კატასტროფის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

ბ) მიწისქვეშა სამთო-სამაშველო სამუშაოები;

გ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

დ) ნავთობის ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

ე) მოსახლეობის, შინაური ცხოველების და მატერიალურ ფასეულობათა საევაკუაციო სამუშაოები;

ვ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

ზ) შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

თ) წყალზე სამაშველო სამუშაოები;

ი) წყალქვეშ სამაშველო სამუშაოები;

კ) მთაში სამაშველო სამუშაოები;

ლ) სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოები;

მ) საგანგებო სიტუაციების ზონაში სხვა გადაუდებელი სამუშაოები.

2. საგანგებო სიტუაციის ზონაში სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მიერ პირველ ეტაპზე ტარდება ის საავარიო-სამაშველო და გადაუდებელი სამუშაოები, რომლებიც მიმართულია საშიში ზონიდან დაშავებული ადამიანების ძებნისა და გადარჩენისაკენ, ხოლო შემდგომ ის სავარიო-სამაშველო და გადაუდებელი სამუშაოები, რომლებიც მიმართულია დაზარალებულთა სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის უზრუნველყოფისაკენ.

მუხლი 25. სატრანსპორტო საშუალებებზე ავარიის/კატასტროფის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ავარიის/კატასტროფის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება მოიცავს:

ა) ადგილზე არსებული მდგომარეობის პირველად შეფასებას;

ბ) საავარიო-სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებების განლაგების ადგილების განსაზღვრას და საჭიროების შემთხვევაში დამცავი ფარის მოწყობას;

გ) დაზარალებულების რაოდენობისა და მდებარეობის დადგენას, საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევას და მდგომარეობის მუდმივ კონტროლს;

დ) ავარიის შედეგად მეორადი დამაზიანებელი ფაქტორების განსაზღვრას და მათი აღკვეთისათვის შესაბამისი ზომების მიღებას;

ე) სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილი სამსახურის დახმარებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

ზ) ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით შემთხვევის ადგილის დეტალურ დათვალიერებას;

თ) ავტოსატრანსპორტო ავარიის/კატასტროფის ადგილის შეფასების საფუძველზე დამატებითი სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოძახების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

ი) სამუშაოების წარმოების შიდა და გარე პერიმეტრის განსაზღვრას და გადაადგილების შემზღუდავი მანიშნებლების დაყენებას;

კ) უფლებამოსილი სამსახურის დახმარებით შიდა სამუშაო პერიმეტრიდან უცხო პირების გამოყვანას და პერიმეტრში შესვლა-გამოსვლის კონტროლის ორგანიზებას;

ლ) საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების დაგეგმვას და რეაგირებაში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირებას;

მ) საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულთა გამოყვანის პრიორიტეტების განსაზღვრას;

ნ) დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების დაფიქსირებას (სტაბილიზაცია);

ო) სატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებული საავარიო-სამაშველო სამუშაობის წარმოებისთვის ხელშემშლელი და საფრთხის შემცველი მოწყობილობების გაუნებელყოფას;

პ) სატრანსპორტო საშუალებაში ბლოკირებული დაზარალებულის გამოყვანის მიზნით სივრცის მოპოვების სამუშაოების შესრულებას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით;

ჟ) დაზარალებულის მდგომარეობიდან გამომდინარე გამოყვანის მეთოდების შერჩევას;

რ) დაზარალებულის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას ან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას და, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების გაწევას;

ს) საავარიო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვასა და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაოების განხორციელებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, უზრუნველყოფს ხელმძღვანელი.

მუხლი 26. მიწისქვეშა სამთო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება

სამთო-სამაშველო სამუშაოები სამთო გამონამუშევრებში, გვირაბებში, მღვიმეებში, გამოქვაბულებში, მიწისქვეშა მაღაროებსა და შახტებში ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 27. ნავთობის ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო საავარიო-სამაშველო სამუშაოები

ნავთობის ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო საავარიო-სამაშველო სამუშაოები ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 28. მოსახლეობის, შინაური ცხოველებისა და მატერიალურ ფასეულობათა საევაკუაციო სამუშაოები

მოსახლეობის, შინაური ცხოველებისა და მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის სამუშაოებები ტარდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის, ამ წესისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 29. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. საავარიო-სამაშველო სამუშაოები ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (შემდგომ − ქბრბ) ინციდენტების დროს მოიცავს:

ა) დაზარალებულთა ევაკუაციას კონტამინირებული (დაბინძურებული) ზონიდან უსაფრთხო ზონაში;

ბ) ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებული საფრთხეების შეფასების და კვალიფიკაციისათვის დაზვერვის ჩატარების უზრუნველყოფას;

გ) ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის ზონაში დეკონტამინაციის (გასუფთავება, განეიტრალება) სპეციალური ღონისძიებებების განხორციელებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევის ადგილიდან ქბრბ მასალების ტრანსპორტირებას და უსაფრთხო ადგილზე განთავსებას;

ე) რადიაციული ფონის განსაზღვრასა და რადიოაქტიური მასალების იდენტიფიკაციას, ასევე, ქიმიურად საშიში ნივთიერების პირველადი ანალიზის უზრუნველყოფას;

ვ) ქბრბ ინციდენტზე/ავარიაზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;

ზ) ნავთობის ავარიული დაღვრის ლოკალიზაციის, დაღვრილი ნავთობის შეგროვებისა და საცავებში განთავსების, ავარიის შედეგად დაბინძირებული გარემოს რეაბილიტაციის (ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური დამუშავების ხერხებით), ავარიული დაღვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაოების განხორციელებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, ქბრბ ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის დროს უზრუნველყოფს ხელმძღვანელი.

მუხლი 30. შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოები

1. შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და ჩატარება მოიცავს:

ა) ადგილზე არსებული საგზაო მოძრაობის გათვალისწინებით საგანგებო სიტუაციის ზონის მიმდებარედ საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტოტრანსპორტის დაყოვნების ადგილის გამოყოფას;

ბ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში ჩართულ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებს შორის უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფას;

გ) საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფ უცხო პირთა ზონის გარეთ გამოყვანას და მათი შეღწევისაგან საგანგებო სიტუაციის ზონის დაცვას. საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციის ზონის, სექტორის ან უბნის ამკრძალავი მანიშნებლებით შემოფარგვლას;

დ) საგანგებო სიტუაციის ზონაში სადაზვერვო სამუშაოების ორგანიზებას და ჩატარებას;

ე) ქბრბ დაზვერვის ორგანიზებას და ჩატარებას;

ვ) საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებული ნანგრევების და დაზიანებული შენობა-ნაგებობების მდგრადობის შეფასებას, აღმოჩენილი საფრთხეების შესახებ გამაფრთხილებელ მარკირებას და სახიფათო მონაკვეთების შემოფარგვლას;

ზ) საგანგებო სიტუაციის მეორადი დამაზიანებელი ფაქტორების განსაზღვრას და მათი აღკვეთისათვის შესაბამისი ზომების მიღებას;

თ) დაზარალებულების, თვითმხილველების, ობიექტის წარმომადგენლების გამოკითხვას;

ი) საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული შენობა-ნაგებობის მდგრადობის მუდმივ კონტროლს;

კ) ნანგრევებში მოყოლილი დაზარალებულების გადასარჩენად სამუშაოების ორგანიზებას და ჩატარებას;

ლ) ნანგრევებში მოყოლილი დაზარალებულების ძებნის მეთოდების განსაზღვრას, ძებნის სამუშაოების ორგანიზებას და ჩატარებას;

მ) ძებნის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ნანგრევებში მოყოლილი დაზარალებულების გადარჩენის თანმიმდევრობის პრიორიტეტების დასახვას;

ნ) ნაგრევებში მოყოლილი დაზარალებულების გადარჩენის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისათვის გაცნობას;

ო) დაზარალებულთან მისაღწევად შენობა-ნაგებობის ნანგრევების კონსტრუქციის გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარებას;

პ) ნანგრევების ჩაკეტილ სივრცეებში შეღწევასა და სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, რომელიც მოიცავს:

პ.ა) ნანგრევების ჩაკეტილ სივრცეში შეღწევამდე მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და აღნიშნული გეგმის გაცნობას უშუალოდ შეღწევაში მონაწილე სამსახურის დანაყოფებისა და სხვა რეაგირების ძალებისათვის;

პ.ბ.) სადაზვერვო ხვრელის გაბურღვას და საძიებო კამერის მეშვეობით ნანგრევების ჩაკეტილ სივრცეში მოყოლილ დაზარალებულებთან კომუნიკაციის წარმოებასა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას;

პ.გ) საძიებო კამერის მეშვეობით ნანგრევების ჩაკეტილი სივრცის შესწავლასა და საფრთხეების იდენტიფიცირებას;

პ.დ) ნანგრევების ჩაკეტილ სივრცეში შეღწევის მიზნით გახსნის ადგილის შერჩევას;

პ.ე) დამატებითი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით კონსტრუქციული ელემენტების გამონგრევისათვის და გაჭრისათვის შესაბამისი საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის შერჩევას;

პ.ვ) ნანგრევების ჩაკეტილ სივრცეში საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებების არსებობის შემოწმებას, საჭიროების შემთხვევაში, მუდმივი მონიტორინგის ორგანიზებასა და აღნიშნულის შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირებას;

პ.ზ) საჭიროების შემთხვევაში, სავენტილაციო სისტემების მოწყობას;

პ.თ) საჭიროების შემთხვევაში, მაიზოლირებელი სასუნთქი აპარატის გამოყენებასა და მის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებას;

პ.ი) სამშენებლო კონსტრუქციების გახსნის სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების პაუზების გამოყენებას დაზარალებულის და ჩაკეტილი სივრცის მდგრადობის შემოწმებისათვის;

პ.კ) რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გაჭრის შემთხვევაში წარმოქმნილი მტვერის გაწოვის ან დანამვის საშუალებების გამოყენებას;

პ.ლ) ჩაკეტილი სივრცის გახსნის შემდეგ დაზარალებულის გამოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, სიმაღლეზე სამუშაო სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებას;

პ.მ) ჩაკეტილ სივრცეში შეღწევის შემდეგ დაზარალებულის მდგომარეობის შემოწმებასა და შესაბამისი დახმარების გაწევას;

პ.ნ) დაზარალებულის გამოყვანამდე გასავლელი კორიდორის აღჭურვილობისაგან და ნანგრევებისაგან გათავისუფლებას;

პ.ო) ცალკეულ ჩაკეტილ სივრცეში სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და აღჭურვილობის აღრიცხვას;

ჟ) ნანგრევებში მოყოლილი დაზარალებულების გამოყვანისას ზეწოლის სინდრომის გათვალისწინებას და სამედიცინო პერსონალის დახმარებით შესაბამისი ზომების მიღებას;

რ) დაზარალებულთან შეღწევის დროს შექმნილი ნანგრევების გამაგრების დროებითი კონსტრუქციების შენარჩუნებას;

ს) დაზარალებულთა და გარდაცვლილთა მოძიების მიზნით ნანგრევების ზედაპირის ან ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების შერჩევით მოხსნას;

ტ) საავარიო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული სპეციალური ტექნიკის ოპერატორსა და ხელმძღვანელს ან მის მიერ დანიშნულ პირს შორის უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფას;

უ) ნანგრევებში ცოცხალი ადამიანების არარსებობის შემთხვევაში გარდაცვლილების მოძიებასა და გამოყვანას;

ფ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვასა და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.

2. შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონებში საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) დაზვერვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების დამატებითი ძალებისა და საშუალებების გამოძახება, ასევე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შეცვლის ორგანიზება, კვებისა და მოსვენების ადგილების მოწყობა;

ბ) სამუშაოებში ჩართული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების სწრაფი შეტყობინებისათვის ხმოვანი სიგნალების გამოყენება და აღნიშნულის შესახებ რეაგირებაში ჩართული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირება;

გ) საფრთხის წარმოქმნისას, სექტორებიდან, სამუშაო უბნებიდან სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ევაკუაციის შემთხვევაში შეკრების ადგილის განსაზღვრა და აღნიშნულის შესახებ რეაგირებაში ჩართული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირება;

დ) ინციდენტის მასშტაბიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნას;

ე) საგანგებო სიტუაციის ზონაში საავარიო-სამაშველო ავტომობილების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის განთავსებისათვის ადგილის გამოყოფა და, საჭიროების შემთხვევაში, ღამის პირობებში სამუშაოდ წინასწარ განათების სისტემების მოწყობა;

ვ) დაზარალებულებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევისა და მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირების ორგანიზებისათვის დაზარალებულთა და გარდაცვლილთა განთავსების ადგილის გამოყოფა;

ზ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეცტექნიკის და ასევე სხვა გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურების ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობისათვის სატრანსპორტო კორიდორის მოწყობა;

თ) ნგრევის ზონაში შენობა-ნაგებობის სამშენებლო კონსტრუქციების სტრუქტურიდან გამომდინარე, დაზარალებულთან მისაღწევად უსაფრთხო გზისა და სამუშაოების წარმოების შესაბამისი მეთოდების შერჩევა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაოების განხორციელებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში უზრუნველყოფს ხელმძღვანელი.

მუხლი 31. წყალზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. წყალზე სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და ჩატარება მოიცავს:

ა) ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასებას;

ბ) ინციდენტის თვითმხილველების გამოკითხვას;

გ) რეაგირების დამატებითი ძალებისა და საშუალებების გამოძახების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

დ) ხელმძღვანელის ან მის მიერ დანიშნული უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ადგილზე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, აღმოჩენილი საფრთხეების შესახებ სამაშველო სამუშაოებში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირებას, მიმდინარე სამუშაოების კონტროლს;

ე) საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფი უცხო პირების ზონის გარეთ გამოყვანასა და უცხო პირების შეღწევისაგან დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციის ზონის, სექტორის ან უბნის ამკრძალავი მანიშნებლებით შემოფარგვლას;

ვ) სამუშაო ადგილზე და მის მიმდებარედ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფას;

ზ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სამუშაოების ჩატარების გეგმის შემუშავებასა და რეაგირებაში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირებას;

თ) სამუშაოების შესრულებამდე ინდივიდუალური აღჭურვილობის შესაბამისობის შემოწმებას;

ი) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში ჩაბმულ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებს შორის უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფას;

კ) დაზარალებულების გადარჩენის თანმიმდევრობის პრიორიტეტების განსაზღვრას;

ლ) სამაშველო სამუშაოების დასრულებას, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვასა და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.

2. წყალზე სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) რეაგირებაში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების დინებით მოტანილი ნარჩენების და სხვა მოტივტივე ობიექტების ზემოქმედებისაგან დაცვისათვის უზრუნველყოფილ იქნეს სამუშაოების ჩატარებისას ადგილიდან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, სამუშაო აკვატორიის მიმდებარედ, მეთვალყურეების დაყენება;

ბ) შესასრულებელი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, ვერტმფრენის გამოყენების შესაძლებლობის შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოძახება, ასაფრენი და დასაფრენი ადგილის შერჩევა-მოწყობა და ამ პროცესის მართვისათვის პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, ვერტმფრენის პილოტსა და ხელმძღვანელს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ვერტმფრენის პილოტისათვის დასახული სამუშაოების განმარტება;

გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შესაბამისად აღჭურვილი დაზღვევის ჯგუფის გამოყოფა;

დ) დაზარალებულის გადარჩენაზე პასუხისმგებელი პირის მიერ თოკით და სიმაღლეზე სამუშაო სამაშველო აღჭურვილობით მოწყობილი სისტემების გამოყენებამდე შემოწმება;

ე) წყალში მყოფი მეხანძრე-მაშველის დაზღვევის ორგანიზება ნაპირიდან ან მცურავი საშუალებიდან;

ვ) დაზარალებულთან მიღწევის შემდეგ მეხანძრე-მაშველის მიერ მისი მდგომარეობის პირველადი შეფასება და გადარჩენის შესაბამისი მეთოდების შერჩევა;

ზ) გამოყვანილი დაზარალებულის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემა, საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულებისათვის პირველადი დახმარების გაწევა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაოების განხორციელებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, უზრუნველყოფს ხელმძღვანელი.

მუხლი 32. წყალქვეშ სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. წყალქვეშ სამაშველო სამუშაოები მოიცავს:

ა) ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასებასა და საფრთხეების იდენტიფიცირებას, არსებული საფრთხეების შესახებ სამაშველო სამუშაოებში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირებას, მიმდინარე სამუშაოების კონტროლს;

ბ) შემთხვევის ადგილის/სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან უცხო პირების გაყვანასა და ტერიტორიაზე დაშვების კონტროლის დაწესებას;

გ) ინციდენტის თვითმხილველების გამოკითხვას, ასევე ამ გამოკითხვისა და ნაპირზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საფუძველზე დაზარალებულის წყალში შესვლის ადგილისა და წყლის ზედაპირიდან გაუჩინარების სავარაუდო ადგილის დადგენას;

დ) სამაშველო სამუშაოების აკვატორიის განსაზღვრასა და სწრაფი დინების არსებობის შემთხვევაში დინების სავარაუდო სიჩქარის დადგენას, სამუშაო ადგილთან მისასვლელი ნაპირების დახრის კუთხის და ზედაპირის შესწავლას, ასევე წყალში ხილვადობის მანძილის განსაზღვრას, ფსკერზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და, საჭიროების შემთხვევაში, ფსკერის მდგომარეობის შესწავლას;

ე) ნაპირზე დროებითი ბაზის მოწყობას, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, და მისი ამკრძალავი მანიშნებლებით შემოფარგვლას, წყალში შესასვლელი სამუშაო მონაკვეთის განსაზღვრასა და მიმთითებელი მანიშნებლებით გამოყოფას;

ვ) რეაგირების დამატებითი ძალების და საშუალებების ჩაბმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

ზ) სამუშაო აკვატორიიდან ყველა სანაოსნო საშუალებების გაყვანას, რომელიც არ არის ჩართული რეაგირებაში, ასევე სამუშაო აკვატორიაზე სანაოსნო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვისათვის საგუშაგოს მოწყობას რეაგირებაში ჩაბმული ერთერთი სანაოსნო საშუალების გამოყენებით;

თ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სამაშველო სამუშაოების ჩატარების გეგმის შემუშავებას და რეაგირებაში ჩართული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირებას;

ი) სამუშაოების შემსრულებელი ძირითადი და სათადარიგო ჯგუფების, მათ შორის, სანაოსნო საშუალების ეკიპაჟის და ნაპირზე მყოფი უზრუნველყოფის ჯგუფის გამოყოფასა და მათი ხელმძღვანელების დანიშვნას;

კ) შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევასა და, უშუალოდ სამუშაოების დაწყებამდე, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ან ხელძღვანელის მიერ ჯგუფების მზადყოფნის შემოწმებას;

ლ) წყლის ზედაპირზე და წყლის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუდმივი კომუნიკაციის ორგანიზებას;

მ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვასა და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.

2. წყალქვეშ სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) სამაშველო სამუშაო აკვატორიის მიმდებარედ წყალშემკრები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ტექნიკური ნაგებობების უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შესაბამისი კავშირისა და ურთიერთქმედების ორგანიზება;

ბ) რეაგირებაში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების დინებით მოტანილი ნარჩენების და სხვა მოტივტივე ობიექტების ზემოქმედებისაგან დაცვისათვის უზრუნველყოფილ იქნეს სამუშაოების ჩატარებისას ადგილიდან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სამუშაო აკვატორიის მიმდებარედ მეთვალყურეების დაყენება;

გ) სწრაფი დინების პირობებში უზრუნველყოფილ იქნეს მყვინთავის მიერ წყალქვეშ სამაშველო სამუშაოების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმებით დადგენილი საბალასტო ტვირთის წონა ვერ უზრუნველყოფს მყვინთავის ჩაძირვას;

დ) წყალში ჩაძირული საგნის ამოღების სამუშაოების დაწყება განხორციელდეს მას შემდეგ, როდესაც მყვინთავის უსაფრთხოება მთლიანად უზრუნველყოფილია;

ე) დღე-ღამის ბნელ დროს/შეზღუდული მხედველობის პირობებში წყალქვეშ სამაშველო სამუშაოების ჩატარება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დაცულია მყვინთავის და დამხმარე ჯგუფების უსაფრთხოება;

ვ) წყალქვეშ მოქცეულ ტექნიკურ ნაგებობებში, საკომუნიკაციო, დახურულ წყალგამტარ საირიგაციო სისტემებში, ჩაძირული სატრანსპორტო და სანაოსნო საშუალებების შიდა ნაკვეთურებში, ასევე დახურულ სივრცეში წყალქვეშ სამაშველო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისას, უზრუნველყოფილ იქნეს ტექნიკური ნაგებობის ადმინისტრაციასთან ურთიერთქმედების ორგანიზება და წყალქვეშ სამაშველო სამუშაოების ჩატარების უსაფრთხოების ინსტრუქციებით დადგენილი სპეციალური რეჟიმებით მუშაობის მოთხოვნების დაცვა;

ზ) უზრუნველყოფილ იქნეს წყალქვეშ სამაშველო სამუშაოების დაწყებამდე მყვინთავის აღჭურვილობაში არსებული მაღალი წნევის ჰაერის ბალონში წნევის შემოწმება და სასუნთქი საშუალებების გამოყენების დაწყებიდან დროის პარამეტრებსა და მიღწეული სიღრმეების მაჩვენებლებზე კონტროლის ორგანიზება, ასევე ფიქსირებული მონაცემების შესაბამის ჟურნალში შეტანა;

თ) მყვინთავის უსაფრთხოებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი მეთოდების გამოყენებით მასთან მუდმივი კომუნიკაცია, ასევე მყვინთავის წყალში ყოფნისას ძრავით აღჭურვილი სანაოსნო საშუალების ძრავის გათიშვა და მისი უკონტროლოდ ჩართვის გამორიცხვა;

ი) მყვინთავის უსაფრთხოებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად მისი შეცვლისა და დასვენების ორგანიზება, აგრეთვე სამაშველო სამუშაოებიდან მისი მოხსნა თუ გამოვლენილი იქნება მის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ფაქტები;

კ) მყვინთავის სიღრმიდან ავარიული ამოსვლის და სადეკომპრესიო რეჟიმების სხვადასხვა მიზეზით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ორგანიზებულ უნდა იქნეს დაშავებული მყვინთავის სამაშველო სამუშაო ადგილთან უახლოესი სამედიცინო ან კერძო ორგანიზაციაში გადაყვანა, რომლთაც გააჩნიათ სადეკომპრესიო კამერა;

ლ) მყვინთავის უსაფრთხოებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მის მიერ ბოლოს შესრულებული სამაშველო დავალებიდან შესაბამის ცხრილში მითითებული დაშვებების გამოყენება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაოების განხორციელებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, უზრუნველყოფს ხელმძღვანელი.

მუხლი 33. მთაში სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. მთაში სამაშველო სამუშაოები მოიცავს:

ა) დაკარგულების შემადგენლობისა და მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;

ბ) დაკარგულების ბოლო კონტაქტზე გამოსვლის დროის, ამ პერიოდში მათი ადგილსამყოფელისა და ამინდის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;

გ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სამაშველო სამუშაოების დაგეგმვას;

დ) რეაგირების დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოზიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

ე) საძიებო ჯგუფების გამოყოფასა და მათთვის ამოცანის დასახვას;

ვ) კლიმატური პირობებისა და შესასრულებელი ამოცანისთვის აუცილებელი ინდივიდუალური და საერთო აღჭურვილობის შერჩევას;

ზ) საძიებო ჯგუფებთან საკონტროლო კავშირის გრაფიკის შედგენას;

თ) საჭიროების შემთხვევაში სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას;

ი) დაზარალებულებთან მისაღწევად და მათი უსაფრთხო ზონაში გამოსაყვანად, უმოკლესი გზების შერჩევასა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას;

კ) დაზარალებულების გადარჩენისათვის შესაბამისი ალპინისტური აღჭურვილობისა და მეთოდების გამოყენებას;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, დაშავებულისათვის პირველადი დახმარების გაწევას სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მისვლამდე.

2. მთაში სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) დაკარგულების მოძიებისათვის მათი გადაადგილების მარშრუტის, მარშრუტიდან დაბრუნების დროის, საკომუნიკაციო საშუალებებისა და კავშირის გამოყენების გრაფიკის, მათი აღჭურვილობისა და საკვები მარაგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

ბ) დაკარგულების გადაადგილების სავარაუდო მარშრუტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფეხით ან ვერტმფრენის დახმარებით გაკონტროლება, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენიდან საძიებო ჯგუფების დესანტირების ორგანიზება;

გ) გასაკონტროლებელი ტერიტორიის დიდი ფართობის მოკლე დროში დასაფარად სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშულებების გადანაწილების ორგანიზება;

დ) დაკარგულებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობის შემთხვევაში მათი ადგილსამყოფელის კოორდინატების ან ადგილის ზუსტი აღწერილობის, ინციდენტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

ე) დაშავებულების უსაფრთხო ზონაში ხელით გამოყვანის შემთხვევაში, მათი მდგომარეობის შესაბამისი სპეციალური საევაკუაციო საშუალებების გამოყენება;

ვ) ვერტმფრენის ჯალამბრის საშუალებით დაზარალებულების/დაშავებულების ევაკუაციის დროს ჯალამბრის ოპერატორთან და ვერტმფრენის პილოტთან სამუშაოების ჩატარების კოორდინირების ორგანიზება.

3. მთაში ზვავის დროს სამაშველო სამუშაოები მოიცავს:

ა) ინციდენტის ადგილზე მისაღწევად უსაფრთხო და უმოკლესი გზებისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების შერჩევას;

ბ) საფრთხეების არსებობის შემთხვევაში საფრთხის დონის განსაზღვრასა და შესაბამისი გზის შერჩევას, მეთვალყურის დაყენებას;

გ) ინციდენტის თვითმხილველების ან გადარჩენილი ადამიანებისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას;

დ) ზვავში მოყოლილების ძებნის ორგანიზებას ელექტრონული საშუალებებით და სამაშველო ძაღლებით;

ე) დაზარალებულების უსაფრთხო ზონაში გამოყვანასა და, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის პირველადი დახმარების გაწევას;

ვ) გადარჩენილებისა და გარდაცვლილების იდენტიფიცირებას და მათ აღრიცხვას;

ზ) რეაგირების ღონისძიებების დასრულების შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვასა და მათი დისლოკაციის ადგილას უსაფრთხო დაბრუნების ორგანიზებას.

4. მთაში ზვავის დროს სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) მიმანიშნებელი ნივთების/საგნების, დაშავებულების აღმოჩენისათვის და მეორადი საფრთხეების იდენტიფიცირებისათვის ინციდენტის ტერიტორიის დათვალიერება, შეძლებისდაგვარად, ზვავის წარმოქმნის ადგილის ვიზუალური გაკონტროლება;

ბ) ძებნის სამუშაოების სწრაფი ჩატარებისათვის ზვავის ადგილის უბნებად დაყოფა, პრიორიტეტული უბნების უხეში ზონდირების მეთოდით დამუშავება და დამუშავებული უბნების მარკირების ორგანიზება;

გ) ძებნის სამუშაოების ტერიტორიის მანიშნებლებით გამოყოფა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებულების მიმღები პუნქტისათვის, ვერტმფრენის ასაფრენ/დასაჯდომი მოედნისათვის, ძებნის სამუშაოებში ჩაბმული სამსახურებრივი ძაღლებისა და მაშველების დასვენებისათვის შესაბამისი ადგილის გამოყოფა;

დ) ზონდირების უხეში მეთოდით, ადამიანების ძებნის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მონიშნული უბნების ზონდირების დეტალური მეთოდით დამუშავების ორგანიზება.

5. ამ მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაოების განხორციელებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, მთაში უზრუნველყოფს ხელმძღვანელი.

მუხლი 34. სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოების წარმოება

1. სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოები მოიცავს:

ა) ადგილზე არსებული მდგომარეობის პირველადი შეფასების ჩატარებას;

ბ) ინციდენტის თვითმხილველების გამოკითხვას;

გ) რეაგირებაში ჩაბმულ სამსახურის დანაყოფებს და სხვა რეაგირების ძალებს შორის უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფას;

დ) დაზვერვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე რეაგირების დამატებითი ძალებისა და საშუალებების გამოძახების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

ე) დაზარალებულის ადგილმდებარეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მოძრაობის შეზღუდვას (შესაძლებლობის ფარგლებში), არსებული საფრთხეების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირებას;

ვ) სამუშაოების ჩატარების გეგმის შემუშავებასა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირებას;

ზ) დაზარალებულთა ევაკუაციის ორგანიზებას, თანმიმდევრობის პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევას;

თ) ევაკუაციის მეთოდების განსაზღვრასა და საევაკუაციო სისტემების მოწყობას არსებული საფრთხეების გათვალისწინებით;

ი) სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების აღრიცხვასა და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.

2. სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფი უცხო პირების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა და შესვლა-გამოსვლაზე კონტროლის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციის ზონის, სექტორის ან უბნის ამკრძალავი მანიშნებლებით შემოფარგვლა;

ბ) დაზარალებულების ადგილსამყოფელის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების გაწევა, შესაბამისად აღჭურვილი არანაკლებ ორი მეხანძრე-მაშველით დაკომპლექტებული სადაზვერვო ჯგუფის გამოყოფა;

გ) შესასრულებელი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, ვერტმფრენის გამოყენების შესაძლებლობის შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოძახება, ასაფრენი და დასაფრენი ადგილის შერჩევა და ამ პროცესის მართვისთვის პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, ვერტმფრენის პილოტსა და ხელმძღვანელს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ვერტმფრენის პილოტისათვის დასახული სამუშაოების განმარტება;

დ) შემთხვევის მასშტაბიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის ან მის მიერ დანიშნული უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ადგილზე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება, აღმოჩენილი საფრთხეების შესახებ გამაფრთხილებელი მარკირების შესრულება და სახიფათო მონაკვეთების შემოფარგვლა, არსებული საფრთხეების შესახებ რეაგირებაში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ინფორმირება, მიმდინარე სამუშაოების შესრულებაზე მუდმივი კონტროლის ორგანიზება;

ე) დაზარალებულის ევაკუაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ თოკითა და სიმაღლეზე სამუშაო სამაშველო აღჭურვილობით მოწყობილი სისტემების გამოყენებამდე შემოწმება;

ვ) ჩამოყვანილი დაზარალებულების სამედიცინო დახმარებისათვის სამედიცინო მიმღები პუნქტის ადგილის გამოყოფა და მასთან მისასვლელი უმოკლესი უსაფრთხო გზის შერჩევა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაოების განხორციელებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, უზრუნველყოფს ხელმძღვანელი.

მუხლი 35. საგანგებო სიტუაციების ზონაში სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება

1. წყალდიდობისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) ადამიანებისა და ქონების ევაკუაციისათვის მარშრუტების მოძებნა და მათი გაყვანა;

ბ) მღობავი ჯებირების და მიწაყრილების მოწყობა;

გ) სამაშველო საშუალებების მარაგის შექმნა, რომლებიც აუცილებელია წყალზე ადამიანთა გადარჩენისათვის;

დ) ყინულხერგილების ლიკვიდაცია;

ე) მცურავი საშუალებებისათვის მისადგომების მოწყობა;

ვ) გზების დაცვა და აღდგენა;

ზ) ენერგომომარაგების აღდგენა;

თ) საგანგებო სიტაციების მეორადი დამაზიანებელი ფაქტორების ლოკალიზება.

2. რადიოაქტიური დაბინძურებისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) რადიაციული დაზვერვა;

ბ) მოსახლეობისა და ტერიტორიის დოზიმეტრული კონტროლი;

გ) საფრთხის ზონიდან გამოყვანილი პირების, სანიტარული დამუშავება და დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება);

დ) ტერიტორიის, გზების, შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკის დეზაქტივაცია;

ე) რადიოაქტიური ნივთიერების (ნარჩენები) და დაბინძურებული გრუნტის გატანა.

3. ქიმიური დაბინძურებისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) საშიში ქიმიური და სივრცეში წარმოქმნილი მომწამლავი ნივთიერებების ლოკალიზაციისა და გაუვნებელყოფა;

ბ) საფრთხის ზონიდან გამოყვანილი პირების, მათ შორის, სამსახურის დანაყოფებისა და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება);

გ) ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკის დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება);

დ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

4. მიწისძვრის დროს ან/და შენობა-ნაგებობების ნგრევისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) წარმოქმნილი ხანძრების ჩაქრობა;

ბ) შენობა-ნაგებობების ნანგრევებისაგან ტერიტორიის გაწმენდის, გასასვლელების, ადამიანებისა და ტექნიკის განთავსებისათვის მოედნების მოწყობა;

გ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციების ჩამოშლა ან გამაგრება;

დ) დაზიანებული კომუნალურ-ენერგეტიკული ქსელების გათიშვა;

ე) უბნებთან მისასვლელი გზების შეკეთება-გაწმენდა;

ვ) პირველი რიგის გადაუდებელი სასიციცხლო პროცესები და სოციალური ყოფის აღდგენა.

5. მეწყერის, თოვლის, ზვავის, ღვარცოფისა და ქარიშხლისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციების ჩამოშლა ან გამაგრება;

ბ) სამაშველო სამუშაოების ჩატარების უბნებთან მისასვლელი გზებისა და გასასვლელების მოწყობა;

გ) გზების დროებითი აღდგენა;

დ) ტერიტორიის სანიტარული გაწმენდა;

ე) მეწყერ და ღვარცოფსაწინაღმდეგო ნაგებობების მოწყობა.

თავი V

ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება რთულ პირობებში

მუხლი 36. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება მხედველობისა და სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში

1. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები მხედველობისა და სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში ხორციელდება ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით.

2. მხედველობისა და სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში სამუშაოების ჩატარებისათვის ხორციელდება კვამლდამცველი რგოლების დაკომპლექტება და კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ორგანიზება დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დაკვამლიანებული შენობა-ნაგებობებიდან კვამლის მოსაცილებლად გამოიყენება:

ა) კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სტაციონარული სისტემები, მათ შორის, დამწნევი კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაცია ჰაერის ჭარბი წნევის შესაქმნელად დასაცავ სათავსებში, ტამბურ-რაბებსა და კიბის უჯრედებში;

ბ) მექანიკური და ბუნებრივი გამწოვი, კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის მოწყობილობები და საშუალებები წვის და თერმული დაშლის პროდუქტების მოსაცილებლად;

გ) კვამლის მოცილების ავტომობილები, კვამლგამწოვები, ვენტილატორები და ბრეზენტის „ფარდები“.

მუხლი 37. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში

1. დაბალი ტემპერატურის პირობებში (-10°С და ნაკლები), ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ღია ხანძრებზე და წყლის საკმარისი რაოდენობის პირობებში დიდი დიამეტრის სახანძრო ლულების უპირატესად გამოყენება;

ბ) ჩამკეტი და გამაფრქვეველი სახანძრო ლულების გამოყენების შეზღუდვა ტუმბო-სახელოს სისტემებში წყლის გაყინვის თავიდან ასაცილებლად;

გ) ევაკუაციის და შემადგენლობის გადაადგილების გზების მოყინვის თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება;

დ) დიდი დიამეტრის რეზინის საფარის მქონე და ლატექსის სახელოების ხაზების გაყვანა;

ე) სახელოების განშტოებების შეძლებისდაგვარად შენობის შიგნით დაყენება, ხოლო შენობებს გარეთ დაყენებისას − მათი და სახელოების ხაზების შემაერთებელი თავების დათბუნება ხელმისაწვდომი ხერხებით, მათ შორის, თოვლით;

ვ) წყალსატევებიდან ან სახანძრო ჰიდრანტებიდან ტუმბოს გამოყენებით წყლის მიწოდებისას, წყლის მიწოდება თავდაპირველად თავისუფალ მილყელში და მხოლოდ ტუმბოს გამართული მუშაობის დროს − სახანძრო სახელოს ხაზში;

ზ) მშრალი სათადარიგო სახანძრო სახელოების ხაზების გაყვანა;

თ) წყლის ხარჯის შემცირების შემთხვევაში მისი გათბობა ტუმბოში, ძრავას ბრუნვათა რიცხვის მომატებით;

ი) სახანძრო ლულებისა და სახანძრო სახელოების განშტოებათა გადაკეტვისა და ტუმბოების გათიშვის თავიდან აცილება;

კ) სახანძრო სახელოების შეცვლისა და აღების, აგრეთვე ხაზების დაგრძელების სამუშაოები განხორციელდეს წყლის მიწოდების შეწყვეტის გარეშე, ხოლო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება უზრუნველყოფილ იქნეს სახანძრო ლულის მხრიდან და წნევის დაწევის შემდეგ;

ლ) გაყინული შემაერთებელი თავების, სახელოების გადაკეცვისა და შეერთების ადგილების ცხელი წყლით, ორთქლით, სარჩილი ლამპებით, ჩირაღდნებით ან გამთბარი აირით გათბობა;

მ) ადგილების მომზადება ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მონაწილეთა და დაზარალებულთა გასათბობად და აღნიშნულ ადგილებში შემადგენლობისათვის სპეციალური ტანსაცმლის მარაგის შექმნა;

ნ) სახანძრო კიბეების, კიბეებთან ახლოს სახელოს ხაზების დამაგრებისა და სახანძრო კიბეების დასველების თავიდან აცილება.

2. ძლიერი ქარის პირობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ხანძრის ჩასაქრობად დიდი დიამეტრის სახანძრო ლულების გამოყენება;

ბ) ხანძრის ჩაქრობისათვის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნა ხანძრის ახალი კერების ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;

გ) ქარზურგა მხარეზე განლაგებული ობიექტების დაცვა და მათ მდგომარეობაზე კონტროლის ორგანიზება;

დ) ცეცხლის შესაძლო გავრცელების გზებზე ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შექმნა, აუცილებლობის შემთხვევაში, ცალკეული წვადი შენობა-ნაგებობების დაშლა;

ე) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების აქტიური მანევრირების (დისლოკაციის ადგილის შეცვლა, უკან დახევა და სხვა) შესაძლებლობის გათვალისწინება, ვითარების, მათ შორის, ქარის მიმართულების, უეცარი შეცვლის შემთხვევაში.

მუხლი 38. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება წყლის უკმარისობის პირობებში

წყლის უკმარისობის პირობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) შესაბამისი ზომების მიღება სხვა ცეცხლმაქრი ნივთიერებების გამოსაყენებლად;

ბ) სახანძრო ლულების მიწოდების ორგანიზება მხოლოდ მთავარი მოქმედებების ჩატარების ადგილას, სხვა უბნებზე, ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით, კონსტრუქციების დაშლა და საჭირო ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შექმნის უზრუნველყოფა;

გ) დამატებითი დაზვერვის ორგანიზება წყლის მარაგის გამოსავლენად;

დ) დიდ ფართობზე გავრცელებული ხანძრების ჩასაქრობად წყლის მიწოდების ორგანიზება სატუმბო სადგურების, საზღვაო გემების, სახანძრო მატარებლების, აგრეთვე სახანძრო ავტომობილების ტუმბოების ან მოტოტუმბოების გამოყენებით;

ე) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის საწვავით და ცეცხლმაქრი ნივთიერებებით გამართვა;

ვ) მცირე მოცულობის წყალსატევის შევსების ორგანიზება, საიდანაც ხორციელდება წყლის მიწოდება ხანძარზე;

ზ) წყლის აღების ორგანიზება სახანძრო ჰიდროელევატორებით, მოტოტუმბოებით ან სხვა საშუალებებით იმ შემთხვევაში, როდესაც სიმაღლეთა სხვაობა სახანძრო ავტომობილსა და წყალსატევში წყლის დონეს შორის აღემატება ტუმბოს შეწოვის მაქსიმალურ სიმაღლეს ან არ არსებობს მისასვლელები წყალსატევებთან;

თ) დროებითი სახანძრო წყალსატევებისა და პირსების მშენებლობის ორგანიზება დიდი, რთული და ხანგრძლივი ხანძრების ჩაქრობისას;

ი) წყლის ეკონომიური ხარჯვის მიზნით მცირე დიამეტრის საცმიანი სახანძრო ლულების, ჩამკეტი გამაფრქვეველი ლულების, დამასველებლებისა და ქაფის გამოყენება;

კ) შესაბამისი ზომების მიღება წყალსადენში წნევის მომატების მიზნით, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, სახანძრო ჰიდრანტის ჭიდან წყლის აღება ხისტი შემწოვი სახანძრო სახელოებით.

თავი VI

ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება განსაკუთრებული საშიშროების პირობებში

მუხლი 39. რისკების ანალიზი და შეფასება განსაკუთრებული საშიშროების პირობებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას

1. განსაკუთრებული საშიშროების პირობებში ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ტარდება შემდეგ ობიექტებზე:

ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების მქონე და ბიოლოგიური საფრთხის შემცველ ობიექტებზე;

ბ) რადიოაქტიური ნივთიერებების მქონე ობიექტებზე;

გ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და მასალების განთავსების ობიექტებზე;

დ) ფენოვანი სასარგებლო წიაღისეულის, სამთო-ქიმიური ნედლეულისა და მადნის სამთომომპოვებელი მრეწველობის მიწისქვეშა შახტებსა და მაღაროებში;

ე) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგად დანგრეულ შენობა-ნაგებობებში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობისათვის და საგანგებო სიტუაციის ზონაში მოყოლილი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს:

ა) კონტაქტი საშიშ ქიმიურ და ბიოლოგიურ ნივთიერებებთან;

ბ)  რადიოაქტიური დასხივება, მათ შორის რადიოაქტიური ღრუბლის წარმოქმნისას და რადიოაქტიური ნალექის გამოყოფისას;

გ) ფეთქებადი ნივთიერებების, აირისა და მტვრის ნარევების აფეთქება;

დ) ცეცხლის სწრაფი გავრცელება, მათ შორის ტექნოლოგიურ კომუნიკაციებზე;

ე) მეთანის აფეთქების საშიშროება, ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობებისა და ნახშირის მტვრის დიდი რაოდენობით არსებობა, მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა და სხვა;

ვ) ადამიანებისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სწრაფი აღმოჩენის სირთულე და ხშირ შემთხვევებში შეუძლებლობა.

მუხლი 40. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება საშიში ქიმიური ნივთიერებების და ბიოლოგიური საფრთხის შემცველ ობიექტებზე

ობიექტებზე, სადაც იწარმოება, გამოიყენება, გადამუშავდება ან/და ინახება საშიში ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებები საჭიროა:

ა) ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება ობიექტის ადმინისტრაციისაგან ნებართვის მიღების შემდეგ;

ბ) ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის მინიმალური რაოდენობის ჩაბმით;

გ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

დ) ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების ზუსტი დასახელების, აგრეგატული მდგომარეობის, რაოდენობისა და შენახვის პირობების დადგენა;

ე) ობიექტის სპეციალისტების ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში ჩაბმა და ჩასატარებელი მოქმედებების ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმება;

ვ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების და წვის ლიკვიდაციის ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც შეესაბამება ობიექტზე არსებული ნივთიერებების თვისებებს;

ზ) დაბინძურებული წყლის მოცილება, შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით;

თ) მელულეების პოზიციების შერჩევა უპირატესად ქარპირა მხრიდან;

ი) ქიმიური საფრთხის შემცველი აირის წარმოქმნის შემთხვევაში წყლის ჭავლების მიწოდება, ასევე ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია ქარზურგა მხრიდან;

კ) ხანძრის პროცესში, მისი ლიკვიდაციის ან/და ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულების შემდეგ გარემოში არსებული საშიში ნივთიერებების კონცენტრაციის ცვლილებაზე კონტროლის ორგანიზება;

ლ) ობიექტის ადმინისტრაციასთან ერთად, საშიში ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამლულ ზონაში, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის ყოფნის ზღვრულად დაშვებული დროის განსაზღვრა;

მ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებისა და ტექნიკა-აღჭურვილობის განთავსება უსაფრთხო ზონაში;

ნ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების შემდეგ სპეციალური დეკონტამინაციის (გასუფთავება, განეიტრალება) ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 41. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენების/განთავსების ობიექტებზე

ობიექტებზე, სადაც გამოიყენება ან/და ინახება რადიოაქტიური ნივთიერებები საჭიროა:

ა) ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საველე ოპერაციების შტაბის შემადგენლობაში რადიოაქტიური ნივთიერებების მქონე ობიექტის რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ჩართვა;

ბ) რადიოაქტიური იზოტოპის განსაზღვრა და გამოსხივების ფონის დადგენა, რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ზონის საზღვრების დადგენა და მის სხვადასხვა მონაკვეთში სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის სამუშაო დროის განსაზღვრა;

გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების დაწყება, მხოლოდ ობიექტის ადმინისტრაციისაგან ნებართვის მიღების შემდეგ;

დ) ობიექტის ადმინისტრაციასთან ერთად დოზიმეტრული კონტროლი და დაბინძურების შემთხვევაში, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება);

ე) რადიოაქტიური აეროზოლების გავრცელების ზონის შემცირების მიზნით გაფრქვეული წყლის ჭავლების გამოყენება;

ვ) ვენტილაციის სისტემებისა და სხვა საშუალებების ამოქმედება ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;

ზ) ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის მინიმალური  რაოდენობის ჩაბმით; მათი ინდივიდუალური დაცვისა და დოზიმეტრული კონტროლის საშუალებებით უზრუნველყოფა;

თ) რადიაციულად დაბინძურებული ზონიდან სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის გამოყვანა და სამედიცინო გამოკვლევაზე გაგზავნა;

ი) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების, ინდივიდუალური დაცვისა და დოზიმეტრული კონტროლის საშუალებების მარაგის უზრუნველყოფა, კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების სათადარიგო რგოლების შექმნა რადიოაქტიური მოწამვლის ზონის საზღვრებს გარეთ;

კ) რადიაციული დაბინძურების ზონის შესასვლელში უსაფრთხოების საგუშაგოების მოწყობა სამსახურის დანაყოფების შესაბამისი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით და ობიექტის რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ჩართვით;

ლ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ზონაში მომუშავე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის სანიტარიული დამუშავების და დოზიმეტრული კონტროლის ორგანიზება, აგრეთვე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, აღჭურვილობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება) და დოზიმეტრული კონტროლის ჩატარება, ასევე შემადგენლობის მიერ მიღებული დასხივების დოზის აღრიცხვა.

მუხლი 42. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება ფეთქებადი ნივთიერებებისა და მასალების წარმოების, გამოყენების, გადამუშავების ან/და შენახვის ობიექტებზე

ობიექტებზე, სადაც იწარმოება, გამოიყენება, გადამუშავდება ან/და ინახება ფეთქებადი ნივთიერებები და მასალები, მათ შორის, პიროტექნიკური ნაკეთობები საჭიროა:

ა) ნივთიერებებისა და მასალების აფეთქებამდე, აგრეთვე მათი შესაფუთი მასალის დაწვამდე დარჩენილი მინიმალური დროის განსაზღვრა;

ბ) მოსალოდნელი აფეთქების საშიში ფაქტორების, საშიში ზონის ფართობის, ფეთქებადი ნივთიერებების და მასალების განთავსების ადგილის და რაოდენობის, აგრეთვე მათი უსაფრთხო ზონაში გადატანის ხერხების დადგენა;

გ) ობიექტზე არსებული ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ხანძრის ჩაქრობის დანადგარების მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, მათი ამოქმედება;

დ) საშიშ ზონაში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოებში მონაწილეთათვის საფრთხის არსებობის შესახებ ერთიანი სიგნალის დადგენა და შემადგენლობისთვის შეტყობინება;

ე) წვადი ფეთქებადი ნივთიერებების და მასალების ჩაქრობის დროს გაფრქვეული წყლის და ქაფის, აგრეთვე სპეციალური ტექნიკის გამოყენება;

ვ) წვის ლიკვიდაციასთან ერთად თბური გამოსხივების ზონაში განთავსებული ტექნოლოგიური აპარატებისა და ფეთქებადი მასალების გაგრილება;

ზ) კონსტრუქციების დაშლისა და გახსნისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული აფეთქების თავიდან აცილების მიზნით;

თ) სახანძრო სახელოს ხაზებისა და ელექტროსადენების გაყვანა შენობა-ნაგებობების კუთხეების მიმართულებით;

ი) ჰერმეტულ აპარატებში მყარი ფეთქებადი ნივთიერებების წვის დროს, აპარატების ინტენსიური გაგრილებისათვის ზომების მიღება;

კ) შესაძლო დაზიანების ზონის გარეთ მდებარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებიდან სამსახურის დანაყოფისა და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების სათადარიგო გაშლის გათვალისწინება;

ლ) შემადგენლობის დაცვა აფეთქების ტალღით, კონსტრუქციების ნამსხვრევებითა და ნანგრევებით გამოწვეული დაზიანებისაგან;

მ) შენობა-ნაგებობებისა და მასალების აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცეცხლმოდებული ნაწილებისაგან გაჩენილი ხანძრის ახალი კერების ლიკვიდაციისათვის ხანძრის ჩაქრობის საშუალებებით აღჭურვილი შემადგენლობის განთავსება.

მუხლი 43. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება შახტებსა და მაღაროებში

1. შახტაში და მაღაროში ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების ადგილზე მისვლისას საჭიროა: საველე ოპერაციების შტაბის შექმნა, სამთო სამუშაოებში მონაწილე პერსონალისა და ადმინისტრაციისათვის შეტყობინება ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ, დადგენა – გამოძახებულია თუ არა სამთო-სამაშველო სამსახური, დანიშნულია თუ არა უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი შახტის/მაღაროს ტექნიკური პერსონალიდან.

2. შახტაში/მაღაროში ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს იქმნება სადაზვერვო რგოლები. სადაზვერვო რგოლების რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს ხელმძღვანელი ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

3. შახტებში/მაღაროებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) მეთანის აფეთქების საშიშროების დადგენა;

ბ) სამთო-სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამსახურებთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა;

გ) ძაბვის ქვეშ მყოფი მოწყობილობების არსებობის დადგენა და ძაბვის მოხსნის მოთხოვნა;

დ) ძირითადი საყრდენების, ურნალისა და ბორბლების ჩამოშლის, გვარლისა და ამწე მექანიზმების გაწყვეტის შესაძლებლობის დადგენა;

ე) გალერეებსა და ესტაკადებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროების არსებობის შეფასება;

ვ) შახტის ყელსა და მომიჯნავე სათადარიგო გასასვლელებში კალორიფერული და სავენტილაციო არხებით ცეცხლის და წვის პროდუქტების გავრცელების საშიშროების დადგენა;

ზ) სავენტილაციო დანადგარების გათიშვის საჭიროების და სავენტილაციო ნაგებობების რაოდენობის დადგენა;

თ) გალერეებისა და ესტაკადების ქსელის განლაგების თავისებურებების, ჰაერის მიწოდების მიმართულების დადგენა;

ი) ურნალის, ესტაკადებისა და გალერეების მიმართულებით არსებულ ღიობებში ცეცხლის გავრცელების გზების ბლოკირება (სახურავის გახსნით, ურნალიდან ყველაზე მოშორებულ წერტილში), კვამლისა და ცხელი აირების გაწოვის უზრუნველყოფა ურნალის მიმართ ქარზურგა მხარის მიმართულებით. წყლის გაფრქვეული ნაკადების გამოყენება ნახშირის მტვრის კორიანტელის დადგომის თავიდან აცილების მიზნით ან მისი დალექვისათვის;

კ) შახტის ყელის გადაკეტვის შეუძლებლობის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღება ჰაერის მიწოდების მიმართულების შესაცვლელად (შახტის ყელში წვის პროდუქტების მოხვედრის შეზღუდვა);

ლ) ელექტროძრავებში შემავალი მაღალი ძაბვის დენის გათიშვის მოთხოვნა.

4. დახურულ გალერეებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) მაღალი ტემპერატურის აირების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სახურავის გახსნა ქარზურგა მხრიდან შახტის მიწისზედა შენობების შემოზღუდვის ადგილებში და წყლის ლულების მიწოდება;

ბ) წყლის ფარდის გამოყენება ნაგებობის ძირითადი საყრდენებისა და მოქმედი შახტების ყელის დასაცავად;

გ) ხანძრის ლოკალიზება გალერეების შემოზღუდვის ადგილებში, სადაც განთავსებულია სათავსები სატრანსპორტიორო მოწყობილობების ელექტროამძრავი დანადგარებისათვის;

დ) ლულების მიწოდება გალერეის შიგნით, სავენტილაციო ნაკადის მიმართულებით და ცეცხლის გავრცელების საპირისპირო მხარეს.

5. ამწე მანქანის შენობაში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) შენობის გაუდენურება;

ბ) ძვირადღირებული მოწყობილობების დაცვა მათში ცეცხლმაქრი ნივთიერებების და სახურავის გახსნისას სახურავის კონსტრუქციული ელემენტების ნამსხვრევების მოხვედრისაგან;

გ) ხანძრის ჩაქრობის დაწყება გვარლების (ბაგირების) გასაყვანი ღიობების მხრიდან მათი იმავდროული გაგრილებით;

დ) ჰაერმექანიკური ქაფის გამოყენება ამწე მანქანის შიდა ნაწილის ჩასაქრობად;

ე) ბაგირების გაწყვეტისა და შახტის ყელში გალის (კაბინის) ან სკიპის ჩავარდნის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის, ბაგირების გაგრილება, მათი დამაგრება  ურნალის ბორბლების ქვედა მოედანზე, გალების (კაბინების) და სკიპების ქვედა და ზედა პოზიციაში დაყენება და დამაგრება.

6. კალორიფერული დანადგარის სათავსში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) დანადგარის გაუდენურება;

ბ) კალორიფერული არხის წვად სამაგრებზე ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილება ლულების მიწოდებით შახტის ყელის მხრიდან;

გ) წვის პროდუქტების შახტაში შეღწევის შესაწყვეტად კალორიფერული არხის გადაკეტვა შახტის ყელის შემოზღუდვის ადგილებში, ან შახტის მთავარი ვენტილატორის რევერსულ სვლაზე გადაყვანა;

დ) კალორიფერულ არხსა და ზედაპირზე უბნებს შორის კავშირის ორგანიზება.

7. სავენტილატოროს შენობაში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა შახტის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან შეთანხმებით ვენტილატორის დაუყოვნებელი გაჩერება, შახტის ცეცხლმედეგი სარქველის ჩაკეტვა ან შიბერის დაკვალთვა, ძალური ელექტროხაზების გაუდენურება.

8. ბუნკერებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ბუნკერის გარე ნაწილის დასველება და ხანძრის ჩაქრობის დაწყება ბუნკერის ყველაზე მაღალი წერტილიდან;

ბ) ნახშირის გადმოტვირთვა მცირე პარტიებად, მისი გაფანტვა და საგულდაგულოდ დასველება სრულ გაგრილებამდე;

გ) ბუნკერის ლავგარდნების (კარნიზების) და სხვა შვერილების (ცეცხლის შეღწევის შესაძლო ადგილების) მდგომარეობის შემოწმება;

დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება ბუნკერის ზედა გალერეაში ხანძრის ჩაქრობისას და დახურული კიბის უჯრედებსა და გადასასვლელებში მუშაობისას;

ე) ბუნკერის ძირითადი საყრდენების დასაცავად ყველა შესაძლო ზომის მიღება, ხოლო სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების არსებობისას მათი დაუყოვნებელი გაყვანის უზრუნველყოფა.

მუხლი 44. ხანძრის ჩაქრობა ნგრევის ზონაში

1. შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) დაზვერვა და ვითარების შეფასება;

ბ) მუშა მოედნების მომზადება მანქანების და მექანიზმების განსათავსებლად;

გ) საინჟინრო კომუნიკაციების, პირველ რიგში, გაზის და ელექტროდენის გათიშვა;

დ) შენობის შენარჩუნებულ ნაწილებში, ნანგრევებში და სიცარიელეებში ადამიანთა ძებნა და გადარჩენა;

ე) არხებისა და გვირაბების მოწყობა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებისათვის ჰაერის მისაწოდებლად;

ვ) შენობის ჩახერგილი შესასვლელის (გადახურვის ან კედლის) დაშლა-გათავისუფლება;

ზ) კედლის ან გადახურვის განგრევა გასასვლელების მოსაწყობად;

თ) დაზვერვის მონაცემების, შენობის ტიპის, მისი მდგომარეობის, ჩახერგვის ხასიათის, მექანიზაციის არსებული საშუალებების გათვალისწინებით სამუშაოების განხორციელების ადგილისა და სამუშაოების ჩატარების ხერხის განსაზღვრა  კონკრეტული შემთხვევისათვის;

ი) შენობის ტიპის, მისი კონსტრუქციული თავისებურებების, ზომებისა და ფართობის გათვალისწინებით შექმნილი ვითარების შეფასება;

კ) დაზვერვის პარალელურად, ხელის, ლაფეტის ლულებიანი სახელოს ხაზების გაყვანა ნანგრევებზე მომუშავე ადამიანების ცეცხლისაგან დასაცავად;

ლ) გაზის სუნის შეგრძნებისას ადამიანების ძებნაში მონაწილე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების და ლითონის და ქვის ზედაპირებთან მკვეთრი შეხებისას აფეთქების თავიდან აცილებისათვის მათი ფრთხილი გადაადგილების უზრუნველყოფა;

მ) ავარიული საკომუნიკაციო-ენერგეტიკული ქსელების გადაკეტვა დანგრეულ შენობა-ნაგებობებთან ახლოს, წყლის ამოტუმბვა ან მოცილება, არსებული ხანძრის კერების ლოკალიზაცია, ლიკვიდაცია ან/და ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების სამუშაოების დასრულება;

ნ) ჩამონგრევის საშიშროების მქონე შენობების გამაგრება ან დანგრევა არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ო) ავარიის ადგილზე სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ჰაერის შემადგენლობის (ჟანგბადის, ტოქსიკური და ფეთქებადსაშიში კომპონენტების შემცველობის, თბური ნაკადის სიმკვრივის) მუდმივი კონტროლის ორგანიზება;

პ) უმნიშვნელო (მცირე ზომის ნატეხებისაგან შემდგარი) ჩახერგვების ხელით გასუფთავება მარტივი ინსტრუმენტების და მცირე მექანიზაციის საშუალებების გამოყენებით.

2. ჩახერგვების დასუფთავებაზე მომუშავე შემადგენლობა უნდა იყოს აღჭურვილი ხელის და მექანიზებული ინსტრუმენტებით, ცეცხლმაქრებით, დამცავი ტანსაცმლის კომპლექტებით, სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, დოზიმეტრებით, აგრეთვე ყოველ 2-3 რგოლზე უნდა იყოს გათვალისწინებული ერთი ლითონის საჭრელი ხელსაწყო.

3. ნგრევის ზონაში მუშაობისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, მათ შორის:

ა) ნგრევის ზონაში გასუფთავებაზე მომუშავე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის დამცავი ჩაჩქანებით და ხელთათმანებით, ხოლო სიმაღლეზე მუშაობისას დამცავი ქამრების და მაშველი თოკების გამოყენებით მუშაობის უზრუნველყოფა;

ბ) შენარჩუნებულ (დაუნგრეველ) სამშენებლო კონსტრუქციებზე მუდმივი კონტროლის ორგანიზება;

გ) შენობა-ნაგებობის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დაღუპვის, აგრეთვე ხანძრის წარმოქმნის ან შესაძლო აფეთქების თავიდან აცილებისათვის სამშენებლო კონსტრუქციების მონგრევის აკრძალვა;

დ) საშიში უბნების შემოღობვის ან სპეციალური ნიშნებით აღნიშვნის ორგანიზება;

ე) ნგრევის ზონაში ადამიანების გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვა და გადაადგილებისას სიფრთხილის ზომების უზრუნველყოფა და არამყარად განთავსებულ ნანგრევებზე ფეხის დაბიჯებისაგან თავის არიდება;

ვ) ნგრევის ზონიდან ნანგრევების მოცილება და საჭირო ინსტრუმენტის გადაცემის ორგანიზება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მწკრივის მეშვეობით;

ზ) ადამიანების გადაადგილების და ავტოტრანპორტის გაჩერების აკრძალვა ნაგებობის გადახურვებზე იმ კედლებთან და კონსტრუქციებთან, რომლებსაც ემუქრება ჩამონგრევის საშიშროება;

თ) კონტროლის ორგანიზება ავტოტრანსპორტის დახრილობაზე და მათი მდგრადობის დაკარგვის საშიშროების წარმოქმნისთანავე მუშაობის დაუყოვნებელი შეჩერება;

ი) მუშაობის დროს ბორბლებიანი ექსკავატორების და ამწეების აუტრიგერებზე დაყენების უზრუველყოფა;

კ) ნგრევის ზონაში  შენობა-ნაგებობების ნანგრევების მექანიკური საშუალებებით გასუფთავების დროს კონსტრუქციების ტროსებით გაწევის აკრძალვა. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისათვის ნანგრევების ფრთხილად აწევის ორგანიზება და ყოველი აწევის შემდეგ სამუშაო ადგილის დათვალიერების უზრუნველყოფა;

ლ) ექსკავატორის ციცხვის მუშაობის რაიონში აწეული ტვირთის ქვეშ, აგრეთვე მანქანის პირდაპირი წევით ნანგრევების ელემენტების გაწევისას დაჭიმულ ტროსებთან დგომის აკრძალვის ორგანიზება;

მ) დაგაზიანებულ სათავსებში მუშაობისას ნაპერწკალწარმომქნელი ინსტრუმენტის გამოყენების აკრძალვა და ელექტრული ხაზების გაუდენურების უზრუნველყოფა, ხოლო განათებისათვის აკუმულატორული ფარნებით სარგებლობის ორგანიზება.

4. ნგრევის ზონაში მომუშავე ყველა ჯგუფი უნდა იმყოფებოდეს სამსახურის დანაყოფების სპეციალურად დანიშნულ პირთა მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც პასუხს აგებენ მათ უსაფრთხოებაზე და აქვთ კავშირი შენობების შენარჩუნებული კონსტრუქციების მდგომარეობაზე მეთვალყურე საგუშაგოსთან.

5. სამუშაო უბნები ღამის საათებში უნდა იყოს განათებული. ტრანშეები, ორმოები და სხვა საშიში ადგილები უნდა იყოს შემოღობილი და აღნიშნული შუქნიშნებით.

6. ზამთარში მუშაობის დროს სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის გასათბობად საჭიროა სპეციალური, ხოლო ხანგრძლივი მუშაობისას საკვების მისაღები პუნქტების მოწყობა.

7. შენობა-ნაგებობის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანთა ძებნა და გადარჩენის სამუშაოები იწყება სამსახურის დანაყოფების მისვლისთანავე. დაზარალებულთა ძებნისა და გადარჩენისას საჭიროა:

ა) დანგრეული შენობა-ნაგებობის სრული დათვალიერების მეთოდის გამოყენება და გადაადგილებისას ისეთი მანძილის დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მხედველობით და სმენით კავშირს;

ბ) ადამიანთა ყველა შესაძლო ადგილსამყოფლის დეტალური დათვალიერება კინოლოგების დახმარებით და სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით;

გ) დროის მოკლე მონაკვეთში ხმამაღალი ხმოვანი სიგნალების გადაცემა ან ნანგრევების და შენობის შენარჩუნებულ ელემენტებზე დარტყმების წარმოება, ამასთან ნებისმიერ ხმაურზე ყურადღების გამახვილება, რადგანაც იგი შეიძლება აღმოჩნდეს დაზარალებულის საპასუხო სიგნალი;

დ) შენობა-ნაგებობის ნანგრევების ქვეშ ადამიანთა ყოფნის შემთხვევაში, მათთან შეძლებისდაგვარად კავშირის დამყარება მოლაპარაკების ან დარტყმების წარმოებით, მათი რაოდენობისა და მდგომარეობის დადგენა. ამასთან, ნანგრევების გასუფთავების ხერხის შერჩევა და სამუშაოების დაუყოვნებელი დაწყება;

ე) შენობა-ნაგებობის ნანგრევების გასუფთავების დაწყება ზედაპირიდან, თუ დაზარალებულები იმყოფებიან ნანგრევების ზედაპირთან ახლოს ან ნანგრევებს აქვს მჭიდრო სტრუქტურა;

ვ) შენობა-ნაგებობის ნანგრევების გასუფთავებისას იმ ადგილის თავზე, სადაც იმყოფებიან დაზარალებულები, უსაფრთხოების ზომების დაცვა, რადგან შესაძლებელია არამდგრადი ნანგრევების ცალკეული ელემენტების თვითნებური გადაადგილება და ნანგრევის მთელი მასის ჩამოწოლა;

ზ) შენობა-ნაგებობის ნანგრევებიდან დიდი ზომის ელემენტების ამოღებისას მათი რხევის, მკვეთრი ამოქაჩვის და სამუშაოს ჩატარების ადგილზე ძლიერი დარტყმების წარმოების აკრძალვა;

თ) სამუშაოს ჩატარების ადგილთან გამავალი საინჟინრო კომუნიკაციების დათვალიერება და აღმოჩენილი დაზიანებების დაუყოვნებელი აღმოფხვრა;

ი) ცეცხლმოდებული და მბჟუტავი საგნების შენობა-ნაგებობის ნანგრევებიდან ამოღება და ჩაქრობა;

კ) შენობა-ნაგებობის ნანგრევის სიღრმიდან დაზარალებულების ამოსაყვანად გალერეების გაყვანისას მისი კედლების გამაგრება ხელთ არსებული მასალებისაგან დამზადებული საყრდენებით. საყრდენების კონსტრუქციები უნდა სცდებოდნენ ნანგრევის საზღვრებს 1-2 მეტრით;

ლ) სამუშაოების მოცულობის შესამცირებლად შენობა-ნაგებობის ნანგრევების გავლის სწორი მიმართულების შერჩევა, უმოკლესი მანძილების, სიცარიელეების და უპირატესად ხის კონსტრუქციების და ქვის მცირე ზომის ნატეხებისაგან შემდგარი უბნების გამოყენება;

მ) ამ წესის 30-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინება.

თავი VII

ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების

ჩატარება შენობა-ნაგებობებში

მუხლი 45. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში

1. სამსახურის დანაყოფის და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობა, რომელიც პირველი მივიდა ხანძარზე, დაზვერვასთან ერთად ორგანიზებას უწევს ადამიანების გადარჩენასა და ევაკუაციას, ახორციელებს ამ წესებით გათვალისწინებულ მთავარ მოქმედებებს.

2. მრავალსართულიან შენობებში დაზვერვას, როგორც წესი, ერთდროულად ახორციელებს კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების არანაკლებ ორი რგოლი, ამასთან, უსაფრთხოების საგუშაგოზე გადაუდებელი დახმარების გასაწევად მობილიზებული უნდა იქნეს სრულ მზადყოფნაში მყოფი სათადარიგო კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოს რგოლი.

3. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ადამიანების თავშეყრის ადგილების დადგენა, მათი გადარჩენის უმოკლესი გზების და ხერხების შერჩევა, პანიკის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება (ხმამაღლამოლაპარაკე საშუალებების გამოყენება და სხვ.);

ბ) ხანძრის კერასთან მისასვლელი გზების, ხანძრის ფართობის და ცეცხლის გავრც­ე­ლების შესაძლო მიმართულებების განსაზღვრა;

გ) ლოჯიების, აივნების, გარე სახანძრო კიბეების, ავტოამწეების, ავტოკიბეების და ადამიანთა გადარჩენის სხვა საშუალებების გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

დ) ადმინისტრაციისაგან უნიკალური და ფასეული მოწყობილობების განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაციის მიღება, ცეცხლისა და კვამლისაგან წარმოქმნილი საფრთხის ხარისხის დადგენა, არსებული მოწყობილობების დაცვის და ევაკუაციის საჭიროების, წესის და რიგითობის განსაზღვრა;

ე) თვითგადარჩენის საშუალებების შეძლებისდაგვარად გამოყენება იმ ადამიანების სასუნთქი ორგანოების დასაცავად, რომლებსაც უწევენ დახმარებას;

ვ) გადარჩენის სტაციონარული მოწყობილობების, გარე სახანძრო და დაუკვამლიანებელი კიბეების, სამაშველო მოწყობილობებით აღჭურვილი ამწე ტექნიკისა და სხვა სპეციალიზებული მოწყობილობების ამოქმედება;

ზ) ლიფტების ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმში გამოყენების შესაძლებლობის დადგენა შემადგენლობის გადასაადგილებლად და სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გადასატანად;

თ) საჭიროების შემთხვევაში სახელოების შენობის გარეთ გაყვანა ორი განშტოების დაყენებით (ერთი – მაგისტრალურ ხაზში შენობის წინ, მეორე – ცეცხლმოდებული სართულიდან 1-2 სართულით ქვემოთ კონსტრუქციაზე მიმაგრებით); აუცილებლობის შემთხვევაში შენობის ზედა სართულებში, შუალედური წყალსაცავების და გადასატანი მოტოტუმბოს გამოყენებით ხანძრის ჩაქრობის საშუალებების მიწოდების ორგანიზება;

ი) აუცილებლობის შემთხვევაში და შეძლებისდაგვარად ხანძრის ჩაქრობის და გადარჩენის საშუა­ლებებით აღჭურვილი საფრენი აპარატების გამოყენება;

კ) ზომების მიღება ცეცხლმოდებული სათავსების გვერდით განთავსებული სართულების,  ოთახებისა და აივნების გაფანტული ნაპერწკლებისა და ცეცხლმოდებული საგნებისაგან დასაცავად;

ლ) ზომების მიღება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტო­მობილების, სახელოების ხაზების, შლანგების, ელექტრული კაბელების მინის ნამსხვრევებისაგან და სხვა საგნებისაგან დასაცავად;

მ) სათადარიგო სახელოების მქონე საგუშაგოს მოწყობა (ერთი საგუშაგო ერთ ვერტიკალურად გაყვანილ სახელოს ხაზზე, აგრეთვე ერთი მეხანძრე-მაშველი თითოეულ განშტოებაზე სახელოს ხაზების კონტროლისათვის და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად);

ნ) დადგინდეს, ნებადართულია თუ არა წყლის გამოყენება ხანძრის ჩასაქრობად და შესაძლებელია თუ არა შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის და ხანძრის ჩაქრობის სისტემების გამოყენების შესაძლებლობა;

ო) ძაბვის ქვეშ მყოფი დანადგარების არსებობის და მათი გათიშვის აუცილებლობის დადგენა, ძალური და გამანათებელი ქსელის გასათიშად ზომების მიღება ადმინისტრაციის დახმარებით;

პ) ხანძრის ჩაქრობა და კონსტრუქციების დაშლა შენობების, მოწყობილობების და მატერიალური ფასეულობების მინიმალური დაზიანებით;

ჟ) კონსტრუქციულ-ტექნოლოგიური გადახურვების სიცარიელების, ტიხრების, სავენტილაციო და კალორიფერული არხების შემოწმება.

4. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სართულებზე ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) სამაშველო სამუშაოების ჩატარება შენობა-ნაგებობების საევაკუაციო გზებით და პანიკის თავიდან აცილების უზრუნველყოფით;

ბ) ლულების მიწოდება კიბის უჯრედებიდან, აგრეთვე ფანჯარაში და სხვა ღიობებში ლულების მისაწოდებლად ხელის სახანძრო კიბეების, ავტოკიბეების და ავტოამწეების გამოყენება;

გ) შეძლებისდაგვარად ხანძრის ჩაქრობის განხორციელება სართულების ყველა სათავსში ერთდროულად, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ლულების მიწოდება ცეცხლის ინტესიური გავრცელების გზებზე;

დ) ლულების მიწოდება ერთდროულად ხანძრის კერაში, მომიჯნავე სართულებსა ან/და სხვენში, აგრეთვე კონსტრუქციების საკომუნიკაციო არხებსა და სიცარიელებში ცეცხლის შესაძლო გავრცელების გზებზე;

ე) ზედა სართულებზე ან სახურავზე ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად მშრალი მილების და შიდა სახანძრო ონკანების გამოყენება წნევის მოსამატებელი ტუმბოს ამუშავებით;

ვ) კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის, კვამლის მოცილების ავტომობილების, კვამლგამწოვების, გადასატანი ვენტილატორების გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრა ცეცხლმოდებული და მის ზემოთ მდებარე სართულებიდან, აგრეთვე საევაკუაციო გზებიდან კვამლის გასაწოვად;

ზ) სავენტილაციო კომუნიკაციების შემოწმების ორგანიზება ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

5. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლების სარდაფებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) შენობის სარდაფის სათავსებში, სართულებსა და სხვენში დაზვერვის ერთდროულად ჩატარების ორგანიზება;

ბ) ხანძრის ჩაქრობის ორგანიზება კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელებით ამ წესის 37-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მობილიზება ხანძრის კერის ჩასაქრობად, იმავდროულად პირველი სართულის დაცვა;

გ) კავშირის ორგანიზება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვისათვის;

დ) სარდაფის დაგეგმარების, შენახული მასალების, გადახურვის კონსტრუქციული ელემენტების ხასიათის, შენობის სართულებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროების დადგენა;

ე) ქაფის ლულების, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში წყლის (დამასველებლების დამატებით) გაფრქვეული და კომპაქტური ნაკადის მიწოდების უზრუნველყოფა;

ვ) ტემპერატურის შესამცირებლად და კვამლის გასაფანტად წვრილად გაფრქვეული წყლის ჭავლის გამოყენება;

ზ) კიბის უჯრედის დაკვამლიანების თავიდან ასაცილებლად შენობის გახსნილი ღიობების, ზღუდარების და კვამლის გაწოვის საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა. არსებული ღიობების გავლით ხანძრის კერასთან დროულად მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში გადახურვებსა ან კედლებში ახალი ღიობების გახსნის ადგილების განსაზღვრა;

თ) ვითარების უეცარი შეცვლისას სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შენობიდან გამოსვლის (უკან დახევის) შესაძლებლობის გათვალისწინება.

6. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სხვენში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ლულების მიწოდება ორი მიმართულებით – კიბის უჯრედის მხრიდან და სახურავიდან (სამერცხულიდან და გახსნილი სახურავიდან);

ბ) სახურავის გახსნა კვამლის გასაწოვად, სივრცეში ტემპერატურის დასაწევად და ლულების მისაწოდებლად;

გ) გადასაკეტი და გამფრქვევი ლულების მიწოდება, დამასველებლებისა და ქაფის გამოყენება. ლულების მიწოდება შენობის სართულების დასაცავად;

დ) ცეცხლმოდებული გადახურვის საკონტროლო გახსნა მთელ ფართობზე, როგორც სხვენის, ისე ქვემოთ მდებარე სართულის მხრიდან;

ე) სავენტილაციო, საკომუნიკაციო და ნაგავსატარი არხების შემოწმება მთელ სიგრძეზე. სართულების დაცვა ზედმეტად დაღვრილი წყლისაგან;

ვ) უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველყოფა დაქანებულ და მოყინულ სახურავებზე, მათ შორის, შემადგენლობის თავმოყრის აკრძალვა ცეცხლმოდებულ სახურავსა და მის ქვეშ, სახურავის გახსნისას ამოვარდნილი ცეცხლისა და კვამლისაგან მათი დაცვის მიზნით.

7. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საკომუნიკაციო ნაგებობებში (ტექნიკურ სართულებში) ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) მცირე წარმადობის ლულების მიწოდება. შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვით მოცულობითი ჩაქრობის საშუალებების შეძლებისდაგვარად გამოყენება ან ნაგებობის (სართულის) ქაფით შევსება;

ბ) დენსატარი და აირის კომუნიკაციების, ძალური და გამანათებელი ელექტროქსელის გათიშვის ორგანიზება ობიექტის ენერგოსამსახურების მიერ;

გ) ცეცხლის გავრცელების გზებზე (კაბელი, მილსადენების თბოიზოლაცია და ა.შ.) ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების და ხანძარსაწინააღმდეგო ეკრანების (წყლის ფარდები, ლითონის ფურცლები და ა.შ.) მოწყობა;

დ) საკომუნიკაციო კოლექტორებიდან კვამლის გაწოვის ორგანიზება.

8. საზოგადოებრივი დანიშნულების და მრავალბინიან საცხოვრებელ მშენებარე შენობებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) შენობის მზიდი და მღობავი კონსტრუქციების, ხარაჩოების, გადასასვლელების დაცვის უზრუნველყოფა, ამასთან დიდი წარმადობის წყლის ლულების მიწოდება შენობის შიგნით ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ბ) განვითარებული ხანძრების დროს დიდი წარმადობის წყლის ლულების მიწოდება შენობის შიგნით;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში ხარაჩოების და სხვა წვადი მასალების დაშლა, ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების მოწყობა;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში, ხანძრის ჩასაქრობად ლულების მიწოდება ხელის სახანძრო კიბეების, ავტოკიბეების და მუხლაამწეების გამოყენებით;

ე) სამშენებლო ტექნიკისა და მანქანების (ამწეები, ხსნარების მიმწოდებელი მანქანები, მექანიზმები და სხვ.) ამოქმედება ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად და სახანძრო ტექნიკური, სავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გადასატანად;

ვ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის განხორციელება.

მუხლი 46. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადამიანების მასობრივი თავშეყრის შენობებში

1. სამედიცინო დაწესებულებებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) იმ პაციენტების რაოდენობის და ტრანსპორტაბელურობის დადგენა, რომლებსაც ესაჭიროებათ ევაკუაცია;

ბ) პაციენტების, მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენა-ევაკუაციისათვის და პანიკის თავიდან ასაცილებლად საჭირო სამედიცინო პერსონალის, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების რაოდენობის დადგენა;

გ) პაციენტების ადგილსამყოფელის, გამოყვანის ხერხების და რიგითობის განსაზღვრა. ევაკუირებული ავადმყოფების შეკრების ადგილის განსაზღვრა;

დ) მომსახურე სამედიცინო პერსონალთან კავშირის ორგანიზება. გადარჩენილი და ევაკუირებული ავადმყოფების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა საავადმყოფოს მომსახურე პერსონალიდან;

ე) ადვილად აალებადი, ტოქსიკური ნივთიერებებისა და მასალების, ქიმიურად და რადიაციულად საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვის ადგილების დადგენა;

ვ) სახელოების ხაზების გაყვანა ისე, რომ ისინი არ აფერხებდნენ ევაკუაციასა და ადამიანების გადარჩენის სამუშაოებს;

ზ) მედიკამენტების საწყობების, აფთიაქების, ფარმაცევტული განყოფილებების და სამკურნალო კაბინეტების მოწყობილობების დაღვრილი წყლისაგან დაცვის უზრუნველყოფა;

თ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება ინფექციურ განყოფილებებსა და სათავსებში, რომლებშიც შესაძლებელია ინახებოდეს მომწამლავი სამედიცინო პრეპარატები;

ი) ინფექციურ განყოფილებებში ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის სანიტარული დამუშავების, სპეციალური ტანსაცმლის და სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დეზინფექციის ორგანიზება, შემადგენლობის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება სამედიცინო პერსონალის მითითებების შესაბამისად.

2. საგანმანათლებლო, სააღმზრდელო დაწესებუ­ლებ­ებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუ­შაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) კავშირის ორგანიზება დაწესებულების მომსახურე პერსონალთან;

ბ) საშიში ზონიდან ბავშვების ევაკუაციისათვის პერსონალის მიერ მიღებული ზომების დადგენა;

გ) ბავშვების რაოდენობის, მათი ასაკის და შესაძლო ადგილსამყოფლის დადგენა;

დ) პედაგოგებთან და მომსახურე პერსონალთან ერთად ბავშვების ევაკუაციის ორგანიზება, საევაკუაციო გზების დაცვის უზრუნველყოფა;

ე) ევაკუირებული ბავშვების შეკრების ადგილის განსაზღვრა;

ვ) გასართობი და საძინებელი ოთახების, საკუჭნაოების, კარადების, ლოგინების, ფარდებისა და სხვადასხვა ავეჯის შემოწმება, მათში ბავშვების დამალვის გამორიცხვის მიზნით;

ზ) ევაკუაციის შემდეგ ბავშვების აღრიცხვის მოთხოვნა დაწესებულების ხელმძღვანელებისაგან.

3. სანახაობრივი დანიშნულების დაწესებულებებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) კავშირის ორგანიზება დაწესებულების ადმინისტრაციასთან;

ბ) ზომების მიღება პანიკის თავიდან ასაცილებლად, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების და საშუალებების გამოყენება პირველ რიგში ადამიანების გადასარჩენად. ადამიანების ევაკუაცია მომსახურე პერსონალის დახმარებით, ევაკუაციის გეგმის მიხედვით.

4. სცენის კომპლექსში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ფარდის დაშვება (მისი არსებობისას) და მისი გაგრილება მაყურებელთა დარბაზის მხრიდან, სცენის პორტალის დრენჩერული ფარდის ჩართვა;

ბ) ცეცხლმოდებული დეკორაციების დაშვება სცენის პლანშეტზე;

გ) უპირატესობა მიენიჭოს დიდი წარმადობის ლულების გამოყენებას;

დ) ხანძრის ჩაქრობის და დაცვის სტაციონარული საშუალებების ამოქმედება;

ე) ლულების მიწოდება მაყურებელთა დარბაზის მხრიდან, ამასთან ცხაურების და სცენის ჯიბეების, აგრეთვე სცენის მომიჯნავე სათავსების ღიობების დაცვა;

ვ) საკვამლე ლიუკების გახსნა სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების და საშუალებების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, მაყურებელთა დარბაზში ცეცხლისა და კვამლის გადასვლის აშკარა საშიშროების არსებობისას, აგრეთვე დაკვამლიანების თავიდან აცილების მიზნით დარბაზში მაყურებლების ყოფნის დროს;

ზ) ტრიუმში წვის შემთხვევაში საშუალო ჯერადობის ქაფის გამოყენება, სცენის პლან­შე­ტის დაცვის უზრუნველყოფა საორკესტრო სათავსიდან, ლულების მიწოდება სხვა სათავსების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში სცენის იატაკის გახსნა ტრიუმში ცეცხლ­მაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად;

თ) პირველი ლულების მიწოდება ცეცხლმოდებული ცხაურების, მუშა გალერეების ჩასაქრობად უპირველეს ყოვლისა სცენის მხრიდან, ხოლო შემდეგ კიბის უჯრედებიდან;

ი) სახანძრო ლულების მიწოდების უზრუნველყოფა გადახურვაზე და მაყურებელთა დარბაზის სასხვენო სათავსში;

კ) ზომების მიღება მეხანძრე-მაშველების დასაცავად შენობის სხვადასხვა კონსტრუქციების, ჯალამბრების, განათების საშუალებების და სხვათა შესაძლო ჩამოვარდნისაგან.

5. მაყურებელთა დარბაზში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ლულების მიწოდება სცენური კომპლექსის, მუშა გალერეების, ჰოლების ვესტიბიულების, ფოიეს მხრიდან სცენის და საევაკუაციო გზების იმავდროული დაცვით;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ფარდის დაშვება (მისი არსებობისას) და მისი გაგრილება სცენის მხრიდან, სცენის პორტალის დრენჩერული ფარდის ჩართვა;

გ) სახანძრო ლულების მიწოდება სხვენის სათავსების მოცულობაში ტემპერატურის დასაწევად, ზომების მიღება შეკიდული გადახურვების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და სახანძრო ლულების მიწოდება გადახურვაზე;

დ) სავენტილაციო სისტემების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ჰაერსატარების გახსნა და მათში სახანძრო ლულების მიწოდება;

ე) ზომების მიღება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების დასაცავად შეკიდული ჭერის, ჩუქურთმების, განათების საშუალებების შესაძლო ჩამოვარდნისაგან.

6. მუზეუმებში, საგამოფენო პავილიონებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და წიგნსაცავებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ადამიანების ევაკუაციის ორგანიზება მომსახურე პერსონალის დახმარებით;

ბ) უნიკალურ ფასეულობათა განთავსების ადგილის, ხანძრისაგან შექმნილი საშიშროების ხარისხის, მათი ევაკუაციის საჭიროების და რიგითობის დადგენა;

გ) ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული სისტემების მდგომარეობის და მათი გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრა. შესაბამისი ზომების მიღება სათავსებში დაკვამლიანების შესამცირებლად;

დ) ხანძრის ჩასაქრობად ინერტული აირების, ცეცხლმაქრი ფხვნილების, გაფრქვეული წყლის, წყლის ჩამკეტი ლულების მიწოდება და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზება მატერიალური ფასეულობების დაღვრილი წყლისაგან დაცვით;

ე) ხანძრის ჩაქრობა და კონსტრუქციების დაშლა ექსპონატებისა (საჭიროების შემთხვევაში მათი ევაკუაცია) და სათავსების არქიტექტურული გაფორმების დაცვით;

ვ) გადახურვების, ტიხრების, სავენტილაციო არხების არქიტექტურული კონსტრუქციების სიცარიელეების შემოწმება, მათზე ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

მუხლი 47. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება სამრეწველო დანიშნულების შენობებში

1. სამრეწველო დანიშნულების შენობებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ტექნოლოგიური მოწყობილობების გაჩერების და ელექტროენერგიის გათიშვის საჭიროების და შესაძლებლობის დადგენა, აგრეთვე ზომების მიღება ჰიდრო ან ზეთსისტემებში მუშა სითხეების მიწოდების შესაწყვეტად;

ბ) ცეცხლის გავრცელების შესაძლებლობის განსაზღვრა გადასატვირთ კვანძებში, სატრანსპორტიორო გალერეებში, ზეთის და საკაბელო გვირაბებში, სარდაფებში. სატრანსპორ­ტიორო გალერეებში მზიდ კონსტრუქციებზე ხანძრის ჩასაქრობად და მათ დასაცავად დიდი წარმადობის წყლის ლულების მიწოდების ორგანიზება, მელულეების პოზიციების განსაზღვრა გალერეების გადასატვირთ კვანძებთან შეერთების ადგილებში;

გ) ქაფის მიწოდება გვირაბების, სარდაფების, კოლექტორებისა და გალერეების დასაცავად;

დ) დიდი წარმადობის წყლის ლულების მიწოდება გადახურვის ელემენტების გასაგრილებლად, მუშა სისტემებიდან გამოსული სითხეების შადრევნული წვის ჩასაქრობად;

ე) ზეთის სარდაფებში ქაფის ლულების მიწოდება ზეთის ავზების და ზეთსატარების ტრანშეებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად და მათ დასაცავად;

ვ) ზომების მიღება ავარიების შედეგად დაღვრილი გამდნარი ლითონების და წიდის ფართობის შესამცირებლად და ნადნობის სარკის გასაგრილებლად, საყალიბე მიწის, კაზმის, ქვიშის გამოყენებით, ამასთან უნდა გამოირიცხოს ნადნობში წყლის მოხვედრა;

ზ) მატერიალურ ფასეულობათა განთავსების ადგილის დადგენა და მათი ევაკუაციისათვის ან დასაცავად ზომების მიღება ჩასატვირთ-გადმოსატვირთი საშუალებების გამოყენებით; დაწყობილი წვადი მასალების ევაკუაციის ორგანიზება ობიექტის მომსახურე პერსონალის დახმარებით;

თ) ლაფეტის და დიდი წარმადობის სახანძრო ლულების მიწოდება გრძივი გასასვლელების მხრიდან, ხოლო განივ გასასვლელებში მცირე წარმადობის ან გამფრქვევი სახანძრო ლულების მიწოდება;

ი) კონტროლის ორგანიზება შენობა-ნაგებობის მზიდი და სტელაჟური კონსტრუქციების მდგომარეობაზე, მათ დასაცავად სახანძრო ლულების მიწოდების უზრუნველყოფა;

კ) ჟანგბადის გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში გადაუდებელი ზომების მიღება დაზიანებების აღმოსაფხვრელად და საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადის ინერტული აირით გასაზავებლად; ატმოსფეროს შემადგენლობის ანალიზისათვის ობიექტის აირსამაშველო სამსახურის გამოძახება (ასეთისარსებობის შემთხვევაში);

ლ) თბოიზოლაციის კონსტრუქციული თავისებურებების, ხანძარსაწინააღმდეგო სარტყელების მოწყობის ადგილების და იზოლაციაში ცეცხლის გავრცელების ფარგლების დადგენა მოსინჯვით ან საკონტროლო გახსნით მთელ სიღრმეზე. გაფრქვეული წყლის ჭავლის მიწოდება აპარატების და მილსადენების დასაცავად და გასაგრი­ლებ­ლად, მათი თბოიზოლაციის დაზიანების გარეშე;

მ) სავენტილაციო სისტემის გათიშვა და ცეცხლმოდებულ სათავსებში გამაციებელი ნივთიერე­ბების (აგენტის) მიწოდების შესაწყვეტად ზომების მიღება;

ნ) გამაციებელი აგენტის ღრუბლის გავრცელების შესაძლო მიმართულებების განსაზღვრა, მისი გავრცელების თავიდან აცილება გაფრქვეული წყლის ჭავლის გამოყენებით, გაციების სისტემებიდან სადრენაჟე რესივერში გამაციებელი აგენტის გაშვების და მაცივარი აგრეგატების გაჩერების შესაძლებლობის დადგენა;

ო) სამღებრო-მოსაპირკეთებელ საწარმოებში ხანძრის ჩაქრობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით;

პ) მიწისქვეშა ბუნკერების და ტრანსპორტიორების ლენტების დასაცავად სახანძრო ლულების მიწოდება, ბუნკერების ქვეშ არსებული ნაფოტების ინტენსიური დასველება და გატანა, ბუნკერების ამოვსებული ფანჯრების გაწმენდა;

ჟ) სახანძრო ლულების მიწოდება დახრილი გალერეების ზედა ნაწილში საამქროების მხრიდან და ჩაქრობის ორგანიზება ქვემოდან ზემოთ;

რ) გამფრქვევი ლულების გამოყენება სათავსებში, სადაც დაგროვილია მტვერი, ხოლო სათავსების დანამვის შემდეგ ხანძრის ჩაქრობის განხორციელება კომპაქტური ჭავლებით;

ს) ადამიანთა გადასარჩენად მიმართული ზომების მიღება ობიექტის აირსამაშველო და გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან ერთად ავარიების (რომლებსაც თან სდევს ხანძარი) ლიკვიდაციის გეგმის შესაბამისად;

ტ) აფეთქებების, დამწვრობის, მოწამვლის გამომწვევი, სწრაფი თერმული დაშლის ან მომეტებული საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებისა და მასალების შემადგენლობის, რაოდენობისა და განთავსების ადგილის, მათი დაცვის და საშიში ზონიდან გატანის ხერხების დადგენა. ჰაერთან, წყალთან, სხვა ცეცხლმაქრ ნივთიერებებთან, აგრეთვე მჟავეებთან, ტუტეებთან და სხვა საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან ინტენსიური ურთიერთქმედების უნარის მქონე ნივთიერებების არსებობის, მათი განთავსების ადგილის და რაოდენობის დადგენა;

უ) ჩამკეტი და სასუნთქი არმატურების, ელექტროკაბელების ტრასების, ლითონის მზიდი კონ­სტრუქციების არსებობის დადგენა და ზომების მიღება მათი მთლიანობის შესანარჩუნებლად და დასაცავად;

ფ) ტექნოლოგიური დანადგარების განსაზღვრა, რომელთა გაჩერება შეუძლებელია ტექნიკური მიზეზების გამო. იმ აპარატების, მოწყობილობების და მილსადენების არსებობის დადგენა, რომელთა მაღალ ტემპერატურამდე გახურება გათვალისწინებულია ტექნოლოგიური პირობებით;

ქ) სამრეწველო კანალიზაციის გამტარუნარიანობის დადგენა და ჩაქრობის დროს საამქროს ტერიტორიიდან, დანადგარებსა და შემოზვინვებიდან წყლის მოცილების შესაძლებლობის განსაზღვრა; ქარის მიმართულების, ობიექტის ტერიტორიის ქანობის და ადგილის რელიეფის განსაზღვრა მომიჯნავე დანადგარებსა და საამქროებში ცეცხლის გადასვლის ან ავარიის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით;

ღ) შემომღობი ზვინების მოწყობის უზრუნველყოფა წვადი სითხეებისა და გამდნარი ნივთიერებების დაღვრის თავიდან აცილების მიზნით;

ყ) ჩირაღდნული წვის ზონაში გამფრქვევი წყლის ლულების მიწოდება გამოსხივების ტემპერატურის შესამცირებლად. აირის ჩირაღდნული წვის მქონე კომუნიკაციების, აპარატების და მილსადენების გაგრილება აირის გამოსვლის სრულ შეწყვეტამდე;

შ) საგუშაგოების მოწყობა, ავტოცისტერნებით ტერიტორიის პატრულირების ორგანიზება ობიექტზე შექმნილი ვითარების შესამოწმებლად და წვის ახალი კერების აღმოსაფხვრელად;

ჩ) ყველა ტექნოლოგიური აპარატის შევსება წყლის ორთქლით ან ინერტული აირით და ინტენსიური გაგრილება აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, ცეცხლის გადასვლის ან ავარიის გავრცელების საშიშროების არსებობისას;

ც) ნარჩენების შეგროვების ადგილზე დიდი ფართობის ხანძრების ჩაქრობისას ავიატექნიკის გამოყენება;

ძ) დიდი ფართობის გადახურვებზე წვის ლიკვიდაციისას საწყის პოზიციებად ხანძარსაწინააღმდეგო ზონების და კედლების გამოყენება, საჭირო რაოდენობის სახანძრო ლულების თავმოყრის უზრუნველყოფით. მშრალი მილების არსებული სისტემების გამოყენება ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად;

წ) ცეცხლის გავრცელების შესაძლებლობის გათვალისწინება, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო ზონის ქვეშ, ისე გადახურვიდან.

2. სამრეწველო დანიშნულების შენობების შიგნით განვითარებულ ხანძრებზე საჭიროა დიდი წარმადობის ლულების მიწოდება რამოდენი­მე მიმართულებით ერთდროულად გადახურვების მზიდი კონსტრუქციების, ქვედა სარტყლის სვეტების, სახურავის და კედლების პანელების გასაგრილებლად, აგრეთვე კერების ჩასაქრობად და მატერიალური ფასეულობების დასაცავად. 

მუხლი 48. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ობიექტებსა და ელექტროდანადგარების მქონე სათავსებში

ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ობიექტებზე და იმ სათავსებში, სადაც განთავსებულია ელექტროდანადგარები ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) დაზვერვის ჩატარება ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის განვითარების ყველა შესაძლო მიმართულებაზე კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების რგოლების მიერ;

ბ) ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ობიექტის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან კავშირის დამყარება, მისგან ხანძარზე (ავარიაზე) არსებული ვითარების შესახებ მონაცემების და ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე წერილობითი დაშვების მიღება;

გ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და სახანძრო ლულების დამიწების ადგილების და მოწყობილობების არსებობის, აგრეთვე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის დიელექტრიკული საშუალებებით უზრუნველყოფის შესაძლებლობის განსაზღვრა, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას უსაფრთხოების ზომების დადგენა;

დ) პირველ რიგში, მზიდი კონსტრუქციების გაგრილების ორგანიზება და აფეთქებახანძარსაშიში მოწყობილობებისათვის საშიშროების მქონე კერების ლიკვიდაცია;

ე) ტექნოლოგიური წყალსატევების განლაგების და შევსების დონის, აგრეთვე ტექნოლოგიურ სისტემებში ორთქლის არსებობის დადგენა;

ვ) იმ უბნების და სათავსების დადგენა, რომლებშიც სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის ყოფნა დაშვებულია ან აკრძალულია;

ზ) მოწყობილობების და ელექტროდანადგარების დადგენა, რომელთა მუშაობა ხელს შეუწყობს ხანძრის (ავარიის) გავრცელებას ან წარმოადგენს საშიშროებას ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს;

თ) ელექტროდანადგარებზე ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება მხოლოდ ძაბვის მოხსნის, სახანძრო ავტომობილების და ლულების დამიწების, აგრეთვე ობიექტის ტექნიკური პერსონალის ან ობიექტის უფლებამოსილი თანამდებობის პირისაგან ინსტრუქტაჟის და წერილობითი დაშვების მიღების შემდეგ;

ი) ხანძრის გავრცელების საშიშროების არსებობისას პერსონალთან ერთად ტურბოგენერატორების გათიშვა და გაგრილების სისტემიდან ინერტული აირით წყალბადის გამოდევნა, ზეთის სისტემიდან და ავზებიდან ავარიულ ავზში ზეთის ჩაღვრა;

კ) მზიდი კონსტრუქციებისა და გადახურვების მდგომარეობაზე მუდმივი კონტროლის დაწესება;

ლ) ფხვნილის, დაბალი ჯერადობის ქაფის ან გაფრქვეული წყლის მიწოდება ტრანსფორმატორებში ან სხვა ზეთშევსებულ მოწყობილობებში სალტესადენის ღიობიდან, ტრანსფორმატორებიდან ზეთის ავარიული დაღვრის თავიდან აცილებით;

მ) თხევადი ლითონის თბომატარებლის ჩაქრობა მიზნობრივი დანიშნულების ფხვნი­ლის ცეცხლმაქრი შემადგენლობებით.

თავი VIII

ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება ღია ტერიტორიაზე

მუხლი 49. მყარი წვადი ნივთიერებების ხანძრების ჩაქრობა

1. მერქნული რესურსის საწყობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან, მომსახურე პერსონალთან და მოსახლეობასთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა;

ბ) დაზვერვასთან ერთად დიდი წარმადობის წყლის ლულების სწრაფი მიწოდება;

გ) ხანძრის ლოკალიზაციისათვის საზღვრების დადგენა და მათზე წყლის ლულების საჭირო რაოდენობის თავმოყრა (ლოკალიზაციის საზღვრებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს არანაკლებ 25 მეტრის სიგანის ხანძარსაწინააღმდეგო მანძილები);

დ) მცურავი საშუალებების გამოყენება მერქნული რესურსის საწყობების მდინარის (წყალსაცავის) ნაპირზე განთავსებისას;

ე) ამწე-სატრანსპორტო მექანიზმების გამოყენება ხანძრის ზონაში ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შესაქმნელად და შტაბელების დასაშლელად;

ვ) მიმოფანტული ნაპერწკლებისა და ნაკვერჩხლებისაგან ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით დამოუკიდებელი უბნის/სექტორის ორგანიზება, მისი საზღვრების დადგენა ქარის მიმართულების და ძალის გათვალისწინებით და საჭირო რაოდენობის სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებით და საშუალებებით უზრუნველყოფა;

ზ) მომიჯნავე შტაბელების, დასახლებების და სხვა ობიექტების დაცვის ორგანიზება;

თ) გადამუშავებული მერქნული რესურსის ერთი შტაბელის წვისას ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება შტაბელის გვერდითა ზედაპირებზე და მომიჯნავე შტაბელების დასაცავად (ერთდრო­ულად), არანაკლებ ერთი ლულის მიწოდება შტაბელის ზედა ნაწილზე ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ამასთან შტაბელის დაშლა და კერების ჩაქრობა;

ი) მერქნული რესურსის შტაბელების ჩაქრობისას ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება მორების შტაბელის ზედა ნაწილზე ინტენსიური წვის ადგილებში;

კ) მერქნის გროვების ჩასაქრობად ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება სავარაუდო კერის ზედა მხრიდან, იმავდროულად გროვების გრაიფერებით, ამწეებით დაშლის ორგანიზება წვის კერების გამოსააშკარავებლად;

ლ) მერქნული რესურსის ტექნოლოგიური ნარჩენების გროვების ჩასაქრობად ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება წვის ფრონტის გასწვრივ;

მ) ორ და მეტ შტაბელზე ხანძრის გავრცელებისას მისი ლოკალიზაციის უზრუნველყოფა ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების ხაზზე. ხანძრის ჩაქრობის უბნების/სექტორების ორგანიზება ხანძრის გავრცელების ფრონტის გასწვრივ ცეცხლის მაქსიმალური სიჩქარით გავრცელების ადგილებში;

ნ) გავრცელებული ხანძრის დროს ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება უპირველეს ყოვლისა იმ შტაბელების, გროვების და ობიექტების დასაცავად, რომლებიც არ არის მოცული ხანძრით.

2. შეკვრებსა და შტაბელებში ბოჭკოვანი მასალების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) შეკვრების და შტაბელების დაცვის უზრუნველსაყოფად მათი დანამვა;

ბ) წყლის მიწოდება დამასველებლების დამატებით, ჭავლის მიმართვა შტაბელების ზედაპირზე, ხოლო შემდეგ გვირაბებში და შეკვრებს შორის ღრეჩოებში;

გ) ხანძრის ჩაქრობასთან ერთად ცეცხლმოდებული შტაბელების დაშლის და მათი უსაფრთხო ადგილზე გადატანის ორგანიზება. შტაბელების დაშლისას თითოეული შეკვრის დასველება და ბჟუტვის მცირე კერების ზედაპირიდან მოცილება.

3. ტორფის ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) ცეცხლის გავრცელების მიმართულების და სიჩქარის, ტორფის შრის სისქის და ერთგვაროვნების, საშიში უბნების, აგრეთვე ნაგებობების და მათთვის საშიშროების არსებობის დადგენა;

ბ) ყველა შესაძლო წყლის წყაროს არსებობის დადგენა, მათი მოცულობის და ხანძრის ჩაქრობისათვის გამოყენების შესაძლებლობის დაზუსტება. საჭიროების შემთხვევაში წყლის მარაგის შექმნა ახალი წყალსატევების მშენებლობით და არხებში წყლის დონის აწევით;

გ) ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების შესაქმნელად ტორფის საწარმოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენება;

დ) შტაბელების, რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით, დაცვის ორგანიზება გაფრქვეული წყლის ჭავლის გამოყენებით და ნედლი ტორფული მასის მიყრით;

ე) ხანძრის ლიკვიდაციის ან/და ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე სადღეღამისო მეთვალყურეობის დაწესება;

ვ) ტორფის მასივის წვისას უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველყოფა ამომწვარ ადგილებსა და არხებში ადამიანთა და ტექნიკის ჩავარდნის, მათი ძლიერ დაკვამლიანებულ ზონებში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

4. ტყის ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) დიდ ფართობზე გავრცელებული დაზვერვის ჩატარება ავტოტრანსპორტით და საფრენი საშუალებებით, აგრეთვე კარტოგრაფიული მასალების ან ადგილის აეროკოსმოსური სურათების გამოყენებით;

ბ) ლოკალური კერების დაზვერვა მეტყევე სპეციალისტებისა და იმ პირების თანხლებით, რომლებიც კარგად იცნობენ ტერიტორიას;

გ) ხანძრის სახეობის და მოცულობის, ადგილის რელიეფის დადგენა, მეტეოცნობების მიხედვით ხანძრის გავრცელების პროგნოზირება, იმ უბნების განსაზღვრა, რომლებზეც შესაძლებელია მისი ინტენსიური განვითარება;

დ) ხანძრის ჩაქრობის ტაქტიკური გეგმის შემუშავება, ლოკალიზაციის საზღვრების და რეაგირების საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა, ხანძრის ჩაქრობის უბნებზე (სექტორებზე) მათი გადანაწილება, კავშირის ორგანიზება და გეგმის კორექტირება ვითარების შეცვლის გათვალისწინებით;

ე) ხანძრის ჩაქრობის ხერხის განსაზღვრა, მისასვლელი გზების, აგრეთვე ბუნებრივი წყლის წყაროების არსებობის და გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

ვ) შემხვედრი ცეცხლის გასაშვებად დამცავი მიჯნების ან საყრდენი ხაზების ორგანიზებისათვის ბუნებრივი გადამღობების მოწყობა;

ზ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობისათვის ხანძრისაგან თავშესაფრის და მასთან მისასვლელი გზების მითითება, უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა;

თ) გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზება;

ი) ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეთანხმება შესაბამის უწყებებთან.

5. თივის, ჩალის ზვინების, უხეში საკვები საწყობების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) გაფრქვეული წყლის ჭავლის მიწოდება;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებით ცეცხლმოდებული ზვინების დაშლა და ჩაქრობა, აგრეთვე მომიჯნავე ზვინების დაცვა;

გ) პნევმოტრანსპორტის და ზვინების აქტიური ვენტილაციის აგრეგატების გათიშვა სელის დამუშავების პუნქტებზე;

დ) ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ობიექტის პერსონალის მორიგეობის ორგანიზება განმეორებითი ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით.

6. მოუმკელი და მომკილი მარცვლეულის ზვინების ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა შემდეგი ტაქტიკური ხერხების გამოყენება:

ა) ცეცხლის ჩაქრობა ხელთ არსებული საშუალებებით;

ბ) მცენარეული ფენის დასველება ავტოცისტერნების და სხვა ტექნიკის გამოყენებით;

გ) ლესურების მოწყობა ხანძრის ფრონტის წინ სამკელებითა და კომბაინებით;

დ) გადამღობი სარტყელების მოწყობა ტრაქტორის გუთნით შემოხვნის გზით;

ე) შემხვედრი ან წინმსწრები ცეცხლის გაშვება;

ვ) ხანძრების ჩაქრობა ავიატექნიკის გამოყენებით;

ზ) ქარის მიმართულების მუდმივი კონტროლი და მისი შეცვლისას სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება.

მუხლი 50. წვადი სითხეების და აირების ხანძრების ჩაქრობა

1. ხანძრის ჩაქრობასა და ავარიის ლიკვიდაციაზე მიმართული ყველა მოქმედება ხორციელდება ხელმძღვანელის პასუხისმგებლობით, რომელიც მოქმედებს შემუშავებული ხანძრის (ავარიის) ჩაქრობის (სალიკვიდაციო) გეგმების შესაბამისად.

2. წვადი სითხეების და აირების ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების გაწევა, საშიში ზონის ფარგლებს გარეთ ყველა იმ ადამიანის გაყვანა, რომლებიც არ მონაწილეობენ ხანძრის ან ავარიის ლიკვიდაციაში, ხოლო ადამიანთა სიცოცხლისათვის საშიშროების არსებობისას, დაუყოვნებელი ევაკუაციის ორგანიზება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოყენებით;

ბ) ხანძრის (ავარიის) ხანგრძლივობის და ნგრევის ხასიათის დადგენა სამსახურის დანაყოფების მისვლის მომენტისათვის;

გ) ნავთობის და აირგადასატუმბი აპარატურიდან დაღვრილი პროდუქტის რაოდენობისა და თვისებების განსაზღვრა;

დ) შემოზვინვის მდგომარეობის, მომიჯნავე ნაგებობების დაზიანების საშიშროების განსაზღვრა, აგრეთვე ადგილის რელიეფის გათვალისწინებით პროდუქტის დაღვრის შესაძლო გზების დადგენა;

ე) საწარმოო და სანიაღვრე კანალიზაციის, სათვალთვალო ჭების და ჰიდროსაკვალთების არსებობის და მდგომარეობის განსაზღვრა;

ვ) რეზერვუარებიდან ნავთობპროდუქტების ამოტუმბვის ან გადმოღვრის, რეზერვუარის წყლით, ინერტული აირით ან ორთქლით შევსების მიზანშეწონილობის და შესაძლებლობის დადგენა;

ზ) საჭირო რაოდენობის ცეცხლმაქრი ნივთიერებების სწრაფად მიწოდების შესაძლებლობის განსაზღვრა;

თ) ცეცხლმოდებულ ან მეზობელ რეზერვუარში ადვილად აალებადი და წვადი სითხეების რაოდენობისა და სახეობის, ასევე შევსების დონის არსებობის დადგენა;

ი) ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარების და გამაგრილებელი საშუალებების ამოქმედება;

კ) ცეცხლმოდებული ნავთობპროდუქტების ადუღების ან ამოფრქვევის შესაძლებლობის შეფასება და საორიენტაციო დროის დადგენა;

ლ) ხანძრის ჩაქრობის დანადგარების და საშუალებების, წყალმომარაგების სისტემების და ქაფწარმომქმნელი ნივთიერებების არსებობის, მდგომარეობის, გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

მ) ცეცხლმოდებული რეზერვუარიდან ფსკერზე დარჩენილი წყლის ამოტუმბვის ან მისი დრენაჟის საშუალებით დაცლის შესაძლებლობის დადგენა;

ნ) დიდი წარმადობის წყლის ლულებით ცეცხლმოდებული და მომიჯნავე (რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით) რეზერვუარების გაგრილების ორგანიზება, აგრეთვე მომიჯნავე რეზერვუარების გაგრილების რიგითობის განსაზღვრა ხანძრის ხანგრძლივობის, ქარის მიმართულების და მათში შენახული პროდუქტის სახეობის გათვალისწინებით;

ო) საველე ოპერაციების შტაბის შექმნა და მის შემადგენლობაში ობიექტის ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირების ჩართვა;

პ) ქაფშეტევის მომზადების ორგანიზება;

ჟ) უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების მიღება.

3. მთავარი მოქმედებების ჩატარებისას საჭიროა შემდეგი ტაქტიკური ხერხების გამოყენება:

ა) საშუალო ჯერადობის ქაფის მიწოდება ქაფმიმწოდებლების, ამ მიზნებისათვის განსაზღვრული ტექნიკის ან ქაფის მიწოდების სტაციონარული საშუალებების გამოყენებით;

ბ) დაბალი ჯერადობის ქაფის მიწოდება წვადი სითხის ზედაპირზე ლაფეტის ლულების ან მონიტორების გამოყენებით;

გ) დაბალი ჯერადობის ქაფის მიწოდება წვადი სითხის შრეში (ქვეშრის ხანძრის ჩაქრობის სისტემის არსებობისას);

დ) გადახურვებზე მოწყობილი არმატურის გაგრილება მიწისქვეშა რკინაბეტონის რეზერვუარებში ხანძრის დროს;

ე) შემოზვინვაში ნავთობპროდუქტების წვისას საკვალთების მართვის კვანძების, აგრეთვე მილტუჩა შეერთებების გაგრილება;

ვ) ხანგრძლივი ხანძრების დროს შემოზვინვაში დაგროვილი წყლის გამოყენება;

ზ) რეზერვუარების ჩაქრობის, გაგრილების, ქაფშეტევის ჩატარების დროს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა;

თ) ჩამკეტ არმატურასთან პერსონალის მისვლის უზრუნველყოფა (ლულებით დაცვის ქვეშ) წვის ზონაში ნავთობის და ნავთობპროდუქტების, წვადი აირების მიწოდების გადასაკეტად და შესაწყვეტად;

ი) ქაფის ან ცეცხლმაქრი ფხვნილის მიწოდება მხოლოდ რეზერვუარების ჩასაქრობად და გასაგრილებლად საჭირო საშუალებების საანგარიშო რაოდენობის მომზადების შემდეგ (თადარიგის და წვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით). შემოზვინვაში ან მცურავი სახურავის ღრეჩოებში ნავთობის და ნავთობპროდუქტების წვისას ქაფის ლულების დაუყოვნებელი მიწოდება;

კ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება უპირატესად შემოზვინვიდან;

ლ) საშუალო ჯერადობის ქაფით ჩაქრობისას ქაფამწეების დაყენება ქარპირა მხრიდან, ქაფგენერატორებიანი ამწეების ისრების განთავსება რეზერვუარის კედლიდან არანაკლებ 0,5 მეტრის სიმაღლეზე;

მ) დაბალი ჯერადობის ქაფით ჩაქრობისას ქაფის ლაფეტის ლულების ან კომბინირებული მონიტორების გამოყენება, რომლებიც განთავსებულია შემოზვინვაზე ან მის წინ.

4. ქვედა შრის ხანძრის ჩაქრობის სისტემით აღჭურვილ რეზერვუარებში ჩაქრობა ხორციელდება ქვეშრის ხერხის გამოყენებით, ამასთან საჭიროა:

ა) უბნების განსაზღვრა და პასუხისმგებელი პირების დანიშვნა სამუშაოების, ქვეშრის ხანძრის ჩაქრობის სისტემების და საკვალთების მართვის პულტების მომსახურების უზრუნველსაყოფად;

ბ) ქაფგენერატორების მყარი საყრდენების არსებობის შემოწმება;

გ) ცეცხლმოდებულ რეზერვუარში ქაფის მიწოდების უზრუნველყოფა საკვალთების მართვით;

დ) ქაფშეტევის დროს ცეცხლმოდებული რეზერვუარიდან ნავთობპროდუქტის ამოტუმბვის შეწყვეტა;

ე) დაღვრილი პროდუქტის წვის ლიკვიდაცია ქაფის ან ფხვნილის საშუალებების გამოყენებით ხორციელდება პირველ რიგში შემოზვინვის ზონაში, ხანძრის ჩაქრობის სისტემის ქაფსადენებიდან, ხოლო კერების ლიკვიდაციისათვის და დასასველებლად გამოიყენება წყალი;

ვ) რეზერვუარში შავი ნავთობპროდუქტების წვის დროს, მათი ამოფრქვევის თავიდან ასაცილებლად დროული ზომების მიღების მიზნით, საჭიროა ნავთობპროდუქტების გახურებასა და რეზერვუარის ფსკერზე წყლის არსებობაზე მუდმივი კონტროლი;

ზ) შემოზვინვაში ცეცხლმოდებული პროდუქტის გადმოსვლის საშიშროების არსებობისას (ამოფრქვევა, ადუღება, რეზერვუარის ან მილსადენის ჰერმეტიზაციის დარღვევა) მომიჯნავე რეზერვუარების დაცვის მეორე საზღვრის მოწყობა, რაც ითვალისწინებს მოშორებულ წყლის წყაროებზე (არა უახლოეს 100 მეტრის მანძილზე) სახანძრო ავტომობილების დაყენებას და წყლის ლულებთან და ქაფგენერატორებთან მიერთებული სახელოს ხაზების გაყვანას;

თ) სამსახურის დანაყოფების იმ შემადგენლობის და ობიექტის მომსახურე პერსონალის საშიშ ზონაში შესვლის აკრძალვა, რომლებიც არ მონაწილეობენ ხანძრის ჩაქრობაში. მელულეების შეცვლა უნდა წარმოებდეს რიგრიგობით;

ი) ნავთობპროდუქტის გახურებული შრის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით პრევენტული ქაფშეტევის განხორციელება ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული სისტემების და ქაფის მიწოდების მობილური საშუალებების ამოქმედებით;

კ) ლაფეტის ლულების ან წყლის ძლიერი ჭავლის გამოყენება ტექნოლოგიური არმატურის ან რეზერვუარის ღრეჩოებში ჩირაღდნული წვის ჩაქრობისას;

ლ) წვის გავრცელებისას რამოდენიმე რეზერვუარზე და სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, არსებული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების და საშუალებების კონცენტრირება ერთი რეზერვუარის ჩასაქრობად, ხოლო მასზე წვის ლიკვიდაციის შემდეგ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება სხვა რეზერვუარებზე;

მ) ხანძრის ჩაქრობის დაწყება რეზერვუარიდან, რომელიც მეტ საფრთხეს უქმნის მეზობელ რეზერ­ვუარებს, ტექნოლოგიურ მოწყობილობებსა და შენობა-ნაგებობებს;

ნ) ცეცხლმოდებული და მომიჯნავე რეზერვუარების პერიმეტრის განსაზღვრა მიწისქვეშა რეზერვუარებში ნავთობის ან ნავთობპროდუქტების წვისას;

ო) ნავთობის ან ნავთობპროდუქტების შენარჩუნების მიზნით ცეცხლმოდებული რეზერვუარიდან კონტროლირებადი ამოტუმბვის წარმოება, იმავდროულად რეზერვუარის კედლების გაგრილება;

პ) ნავთობპროდუქტის განმეორებით აალების თავიდან აცილების მიზნით ქაფის მიწოდება რეზერვურში არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში წვის შეწყვეტის შემდეგ;

ჟ) თუ ქაფშეტევის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში წვის ინტენსიურობა არ მცირდება, უნდა განხორციელდეს ქაფის მიწოდების შეწყვეტა და მიზეზების დადგენა;

რ) მოძრავი შემადგენლობის ჩახსნის და უსაფრთხო ადგილზე გაყვანის ორგანიზება ჩასხმა-ჩამოსხმის ესტაკადაზე ხანძრის დროს;

ს) კომბინირებული ჩაქრობის ,,ფხვნილი-ქაფი“-ს დროს წვის ლიკვიდაცია ფხვნილით და ქაფის მიწოდება განმეორებითი აალების თავიდან ასაცილებლად;

ტ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯის განსაზღვრა, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ჩაქრობის საანგარიშო ფართობის 1 მ2-ზე მიწოდების ინტენსიურობიდან გამომდინარე;

უ) ხანძრის ადგილზე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების საანგარიშო რაოდენობის თავმოყრა. ქაფწარმომქმნელის რაოდენობა განისაზღვრება სამმაგი ოდენობით, ხოლო ხანძრის ჩაქრობის ხანგძლივობა − 15 წუთით;

ფ) ქაფშეტევის დაწყების და შეწყვეტის შესახებ ხმამაღლამოლაპარაკით გამოცხადება და რადიოსიგნალით დუბლირება. რეზერვუარის დაშლის ან საწვავის ამოფრქვევის საშიშროების არსებობისას შემადგენლობის ევაკუაციისათვის სიგნალის მიწოდება (ხელმძღვანელის ბრძანებით) სახანძრო ავტომობილის სირენით. სხვა სიგნალები უნდა განსხვავდებოდეს საევაკუაციო სიგნალისაგან.

5. ობიექტებზე, სადაც გამოიყენება მეთანოლი ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ქარის მიმართულების, ჰერმეტიზაციის დარღვევით გამოწვეული ორთქლის შესაძლო გავრცელების გზების და წარმოქმნილი დაგაზიანებული ზონების საშიშროების ხარისხის დადგენა, ხანძრის ჩაქრობის მოქმედებების ჩასატარებლად უსაფრთხო პოზიციების და ავარიის განვითარების შემთხვევაში უკან დასახევი გზების განსაზღვრა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენში წყლის წნევის და მისი გაზრდის შესაძლებლობის განსაზღვრა წყლის ფარდის შესაქმნელად;

გ) გადაუდებელი ზომების მიღება წვის კერაში პროდუქტის მიწოდების შესაწყვეტად;

დ) დაღვრის ფართობის შეზღუდვა;

ე) სახანძრო ლულების და მეზობელი რეზერვუარების, სხვა საცავების და ნაგებობების დაცვის სისტემების წყლით მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა, იმავდროულად ჩამკეტი არმატურის და მილტუჩა შეერთებების დაცვაზე კონტროლი;

ვ) დაღვრილი მეთანოლის ჩაქრობის განხორციელება ქარპირა მხრიდან ცეცხლმაქრი ფხვნილით, ნახშირორჟანგით, დაბალი და საშუალო ჯერადობის ქაფით;

ზ) მომიჯნავე რეზერვუარების წყლით და ქაფით გაგრილების ორგანიზება;

თ) საშიშ ზონაში სამსახურის დანაყოფების შემადგენლობის და ობიექტის მომსახურე პერსონალის,რომელიც არ მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში, შესვლის აკრძალვა, მელულეების შეცვლა რიგრიგობით;

ი) დასაცავი ობიექტის წინ წყლის ფარდების მოწყობა;

კ) დაგაზიანების ზონის მიჯნების განსაზღვრა, ნიშნულების გამოკვრის და გუშაგების დაყენების ორგანიზება, ამასთან საშიშ ზონებში გადაადგილების დაშვება მხოლოდ საველე ოპერაციების შტაბის განკარგულებით;

ლ) სათადარიგო სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების უსაფრთხო მანძილზე განთავსება.

მუხლი 51. აირის და ნავთობის შადრევნების ხანძრების ჩაქრობა

1. აირის და ნავთობის შადრევნების ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა:

ა) ჩაქრობის ტაქტიკური გეგმის შემუშავება, ხანძრის ჩაქრობის უბნებზე/სექტორებზე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების განთავსება, მუშაობის თითოეულ ეტაპზე პირადი შემადგენლობის წინაშე ამოცანების დასახვა და მუდმივი კავშირის ორგანიზება;

ბ) გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა, ამოცანების განსაზღვრა სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შეუფერხებელი მუშაობისათვის პირობების შესაქმნელად (წყლით და საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა, ჭაბურღილის შესართავთან განშტოებიანი მილსადენების გაყვანა, სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა და სხვა);

გ) ობიექტის ტექნიკური პერსონალის დახმარებით ჭაბურღილის შესართავის გათავისუფლება მოწყობილობებისაგან, ლითონის კონსტრუქციებისა და სხვა მასალებისაგან წყლის ლულებით დაცვის ქვეშ;

დ) წყალსაცავებიდან შადრევნებამდე 100-150 მმ. დიამეტრის ლითონის მილსადენების გაყვანა, მათი სახელოს თავაკებით და საკვალთებით მოწყობა;

ე) მაღალი ტემპერატურის ზონაში, სელის სახელოების გაყვანა.

2. აირის და ნავთობის შადრევნების ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა, ასევე ჩაქრობის ტაქტიკის შერჩევა და საკმარისი რაოდენობის სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა, აგრეთვე შადრევნის ტიპიდან გამომდინარე შემდეგი ტაქტიკური ხერხების გამოყენება:

ა) ჭაბურღილში წყლის ჩატუმბვა ან პრევენტორის და ამოფრქვევის საწინააღმდეგო მოწყობილობების საკვალთების გადაკეტვა;

ბ) აირწყლით ჩაქრობის სახანძრო ავტომობილებიდან (მათი არსებობის შემთხვევაში) აირწყლის ნაკადებით ჩაქრობა;

გ) სპეციალური დანადგარებით ფხვნილის იმპულსური მიწოდება;

დ) წყლის ნაკადების მიწოდება ლაფეტის ლულებიდან;

ე) ფეთქებადი ნივთიერებების მუხტის აფეთქება;

ვ) ფხვნილის მიწოდება სახანძრო ავტომობილებიდან;

ზ) ფხვნილის კორიანტელის დაყენების ხერხი;

თ) კომბინირებული ხერხი.

3. პრევენტორის საკვალთის ჩაკეტვისას ან შესართავის მოწყობილობიდან წყლის ჩატუმბვისას საჭიროა:

ა) ჭაბურღილის შესართავის მოწყობილობების გაგრილების უზრუნველყოფა;

ბ) საკვალთის ან პრევენტორის გადაკეტვაზე მომუშავეთა წყლის ნაკადებით მუდმივი დაცვა.

4. წყლის კომპაქტური ნაკადებით ჩაქრობისას საჭიროა:

ა) ლულების საჭირო რაოდენობის გაანგარიშება;

ბ) ლულების განთავსება ჭაბურღილის შესართავიდან 6-8 მეტრის მანძილზე;

გ) ლულების მიწოდება 210°-270° რკალზე თანაბარი გადანაწილებით;

დ) წყლის ნაკადის მიმართვა შადრევნის ჩირაღდნის ძირისაკენ, ხოლო შემდეგ ნაკადის სინქრონულად და ნელ-ნელა გადანაცვლება ზემოთ, ყოველ 1-2 მეტრში 30-50 წამიანი ფიქსირებით;

ე) ნაკადების სამართავად ერთი წამყვანი ლულის მიწოდება და მასზე სხვა ლულების ორიენტირება.

5. აირწყლით ჩაქრობის ავტომობილებით ხანძრის ჩაქრობისას საჭიროა:

ა) აირწყლით ჩაქრობის ავტომობილების, წყლის მიმწოდებელი ტექნიკისა და ტრაქტორების (დაზღვევის მიზნით) საჭირო რაოდენობის განსაზღვრა;

ბ) რამოდენიმე სახანძრო ავტომობილის სინქრონული მუშაობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელი პირის დანიშვნა;

გ) აირწყლით ჩაქრობის ავტომობილების დაყენება ჭაბურღილის შესართავიდან არაუმეტეს 15 მეტრის მანძილზე და მათი სამუშაოდ მომზადება;

დ) ჩაქრობის დაწყებამდე შადრევნის ირგვლივ ცალკეული კერების ლიკვიდირება;

ე) ჩაქრობის განხორციელება ძრავის მაქსიმალური ბრუნვის პირობებში;

ვ) ნაკადების მიწოდება ჩირაღდნის ძირში ალის მოწყვეტამდე, ხოლო შემდეგ, ნაკადების შადრევნის ღერძის გასწვრივ გადაადგილება.

6. ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქებით ხანძრის ჩაქრობა ხორციელდება სპეციალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით, შესაბამის ორგანიზაციებთან შეთანხმებით, თუ სხვა ხერხები არაეფექტურია.

თავი IX

ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება ტრანსპორტზე

მუხლი 52. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება რკინიგზის ტრანსპორტზე

1. რკინიგზის ტრანსპორტზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ცეცხლმოდებული ან ავარიული მოძრავი შემადგენლობის ადგილმდებარეობის დადგენა რკინიგზის ტრანსპორტის უფლებამოსილ პირთან;

ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების დაწყება მხოლოდ გადასატანი ტვირთის სახეობისა და რაოდენობის დადგენის, მათთან მისასვლელების არსებობის და სატრანსპორტო დოკუმენტებიდან საავარიო ბარათის ნომრის დადგენის შემდეგ;

გ) ხანძრის, აგრეთვე მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებებით დაზიანებული საშიში ზონიდან ადამიანების ევაკუაციისათვის და გადასარჩენად შესაბამისი ზომის მიღება;

დ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების დაწყებამდე რკინიგზის ტრანსპორტის უფლებამოსილი პირისაგან წერილობითი თანხმობის მიღება ან რადიოკავშირით გამოცხადება საკონტაქტო ელექტროქსელის გავლის რაიონში ძაბვის მოხსნის დროის და დამიწების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ხანძრის (ავარიის) ადგილზე რკინიგზის ტრანსპორტის ბრიგადის (ნარჩენი ძაბვის მოსახსნელად), სამსახურის დანაყოფების და სარემონტო-აღმდგენი მატარებლების გაგზავნის დროის დადგენა;

ვ) ცეცხლმოდებული ან მომიჯნავე ვაგონების, მატარებლების ჩახსნისა და ევაკუაციისათვის მიღებული ზომების დადგენა;

ზ) ცეცხლმოდებული ვაგონის განაპირა ლიანდაგებზე გადაყვანის შესაძლებლობის დადგენა;

თ) ადგილის ქანობის, სანიაღვრე კანალიზაციის მდგომარეობის, საქალაქო კანალიზაციასა და წყალსაცავებში ადვილად აალებადი, წვადი სითხეების, საფრთხის შემცველი ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით მისაღები ზომების დადგენა;

ი) გვირაბიდან მოძრავი შემადგენლობის გამოყვანის შესაძლებლობის დადგენა;

კ) წვის პროდუქტების მოძრაობის მიმართულების, დაკვამლიანების ზონის საზღვრების დადგენა;

ლ) რკინიგზის ტრანსპორტის უფლებამოსილ პირთან მუდმივი კავშირის ორგანიზება ვითარების შესახებ ინფორმაციის და მოძრავი შემადგენლობის ევაკუაციისა და მატარებლების გადაადგილების საკითხებზე კონსულტაციების მისაღებად;

მ) წყლის წყაროების დაზვერვის ორგანიზება წყლის გადატუმბვის ან მიტანის შესაძლებლობის დასადგენად, ან წყლის რკინიგზის ცისტერნებით მიწოდების მოთხოვნა;

ნ) მატარებლების მოძრაობის გათვალისწინებით სახელოების ხაზების გაყვანის გზების და ხერხების გამოყენება მიწისქვეშა გადასასვლელებში, ფეხით მოსიარულეთა და საავტომობილო ხიდებზე, ლიანდაგების ქვეშ ან მათ გასწვრივ, ვაგონებს შორის მანძილებში;

ო) ცეცხლმაქრი ნივთიერების მიწოდება მხოლოდ ტვირთის სახეობის დადგენის და სამსახურის დანაყოფების შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის შემდეგ;

პ) ურთიერთთანამშრომლობა რკინიგზის ადგილობრივ ტექნიკურ პერსონალთან, სამსახურის დანაყოფებთან;

ჟ) საჭიროების შემთხვევაში, შემადგენლობის ვაგონების, რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით, საშიშ ზონაში მოქცეული მომიჯნავე ლიანდაგებიდან ვაგონების (უპირატესად ფეთქებადი, რადიოაქტიური და მომწამლავი ტვირთების მქონე ვაგონების, აგრეთვე ადვილად აალებადი, წვადი სითხეებიანი და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი ცისტერნების) გაყვანა და დაცვა;

რ) გადაუდებელი ზომების მიღება რკინიგზის სადგურიდან ცეცხლმოდებული გათხევადებული ნახშირწყალბადიანი ცისტერნების ევაკუაციისათვის, ამასთან უსაფრთხოების მიზნით ცისტერნას უნდა ჩაებას 3-4 ცარიელი პლატფორმა, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს;

ს) კონტეინერებში ტვირთების ჩაქრობა, მექანიზებული ინსტრუმენტით მოწყობილი ღიობებიდან და ხვრელებიდან;

ტ) ბამბის პროდუქციის ჩაქრობა გაფრქვეული ჭავლით, წყლის ლულების მიწოდება ღია და გვერდითი ღიობებიდან, ხოლო ლითონის ვაგონებში − კარების ღიობებიდან;

უ) დაზიანებული ცისტერნებიდან წვადი სითხეების დაღვრის შეწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, სპეციალური ღარების ან სარინების მოწყობა დაღვრილი წვადი სითხეების უსაფრთხო ადგილზე ჩადინების მიზნით;

ფ) რკინიგზის ლიანდაგებზე დაღვრილი სითხეების და სხვა მასალების წვის შემთხვევაში მოძრავი შემადგენლობის სავალი ნაწილის და ლიანდაგების გაგრილება მათი დეფორმაციის თავიდან აცილების მიზნით;

ქ) უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელი პირების დანიშვნა რკინიგზის სადგურის უფლებამოსილი პირებიდან.

2. გადასარბენზე (გვირაბში) მოძრავ რკინიგზის ტრანსპორტზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) რკინიგზის შესაბამისი სამსახურებისაგან ხანძრის (ავარიის) ადგილთან სამანევრო ლოკომოტივების, სახანძრო და აღმდგენი მატარებლების, სახანძრო ტექნიკით დატვირთული პლატფორმების და წყლის ცისტერნების გაგზავნის, ელექტროქსელის გათიშვის და საკონტაქტო სადენებიდან ნარჩენი ძაბვის მოხსნის მოთხოვნა;

ბ) ხანძრის ზონასთან მისვლა სუფთა სავენტილაციო ნაკადების და პარალელურ გვირაბში არსებული გამკვეთების მხრიდან;

გ) ხანძრის ზონასთან მისვლა თბომაიზოლირებულ ტანსაცმელში და წყლის გაფრქვეული ჭავლით დაცვის ქვეშ;

დ) გვირაბის შუა ნაწილში მთავარი მოქმედებების მიმართულება შეირჩეს სუფთა სავენტილაციო ნაკადის მხრიდან, ხოლო არავენტილირებად გვირაბებში − პორტალის სიმაღლის ქვედა ნიშნულის მხრიდან;

ე) მოძრავი შემადგენლობის, ვაგონების, რკინიგზის ცისტერნების გვირაბიდან შეძლებისდაგვარად გამოყვანის ორგანიზება;

ვ) საშიში და გაუშიფრავი (უცნობი) ნივთიერებებით და მასალებით დატვირთული ვაგონების წვის ლიკვიდაციასთან ან ევაკუაციასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებაში ტვირთის გამცილებელი პირების ჩაბმა.

3. აკრძალულია ფეთქებად საშიში მასალებით დატვირთული ვაგონების (ცისტერნების) მოძრაობა ხანძრის ზონაში. ამ შემთხვევაში საჭიროა ვაგონების უწყვეტი გაგრილება ორივე მხრიდან.

მუხლი 53. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება მეტროპოლიტენის მოძრავ შემადგენლობებზე და სადგურებზე

1. მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ობიექტის უფლებამოსილ პირებთან დაკავშირება და ავარიული სიტუაციის განვითარების შესახებ მონაცემების, ჩაქრობის და გადარჩენის სამუშაოების ჩატარებაზე წერილობითი ნებართვის (დაშვების) მიღება, მორიგე პერსონალთან ან ობიექტის ადმინისტრაციასთან ხანძრის ჩაქრობაზე და ადამიანთა გადასარჩენად მიმართული მოქმედებების შეთანხმება, საველე ოპერაციების შტაბის მუშაობის ორგანიზება;

ბ) დაზვერვის ჩატარება კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების რამოდენიმე რგოლის მიერ ერთდროულად, როგორც ავარიული, ისე მომიჯნავე სადგურების მხრიდან, არანაკლებ 5 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით, ხანგრძლივი მოქმედების სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით;

გ) სრულ მზადყოფნაში მყოფი კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების ერთი რგოლის უსაფრთხოების საგუშაგოზე გამოყვანა სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მყოფი შემადგენლობისათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით;

დ) საკონტროლო-გამშვები პუნქტის (უსაფრთხოების საგუშაგოს), აგრეთვე კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების რგოლებისსამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების თადარიგის შექმნა;

ე) მოძრავი შემადგენლობის ადგილმდებარეობისა და მასში ადამიანთა ყოფნის, საშიშროების ხარისხის, ევაკუაციისა და გადარჩენის ხერხის და რიგითობის განსაზღვრა;

ვ) ევაკუაციის და გადარჩენის გზებზე განათების და ხმამაღლამოლაპარაკე საშუალებების გამოყენებით მაუწყებლობის ორგანიზება;

ზ) ადამიანების ევაკუაციისა და გადარჩენის ღონისძიებების ორგანიზება სალიანდაგო, საესკალატორო, სავენტილაციო და გადასასვლელი გვირაბების გამოყენებით;

თ) ცეცხლმოდებული მოძრავი შემადგენლობის გვირაბიდან სადგურზე შეძლებისდაგვარად გაყვანის ორგანიზება;

ი) ელექტროდანადგარების, კაბელებისა და საკონტაქტო ლიანდაგების ძაბვის მოხსნის და დამიწების არსებობის შესახებ წერილობითი თანხმობის (დაშვების) მოთხოვნა;

კ) გვირაბში ორიენტაციისათვის გამაფრთხილებელი ნიშნების გამოყენება;

ლ) დაკვამლიანების ზონის საზღვრების, კვამლის გაწოვის მიმართულების და ტემპერატურის დაწევის ხერხების დადგენა;

მ) მეტროპოლიტენის ელექტრომექანიკურ სამსახურთან ერთად ვენტილაციის ავარიული მუშაობის საჭირო რეჟიმის განსაზღვრა და ორგანიზება;

ნ) გვირაბის მზიდი კონსტრუქციების ჩამონგრევის შესაძლებლობის დადგენა;

ო) ცეცხლის გადასვლის საშიშროების შესაძლებლობის განსაზღვრა მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობებიდან მიწისზედა ნაგებობებზე;

პ) ცეცხლის და წვის პროდუქტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შიდა ხანძარსა­წინააღმდეგო წყალსადენის, სპეციალური მოწყობილობებისა და ვენტილაციის სისტემების გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

ჟ) საველე ოპერაციების შტაბის განლაგება ხანძრის ადგილიდან უახლოესი სადგურის ვესტიბიულთან. მოზიდული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად მომიჯნავე (მეზობელ) სადგურებზე საველე ოპერაციების შტაბის დამხმარე მიმართულებების ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი ხელმძღვანელების დანიშვნა;

რ) შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კავშირის საშუალებების სახით მეტროპოლიტენის ადგილობრივი კავშირგაბმულობის საშუალებების და ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობების, აგრეთვე სამსახურის დანაყოფების სარგებლობაში არსებული კავშირის საშუალებების გამოყენება;

ს) საჭიროების შემთხვევაში, სავენტილაციო შახტების ჯიხურებთან მეთვალყურეების დაყენება დაკვამლიანების საზღვრების შესაფასებლად;

ტ) გამონაკლის შემთხვევაში, სავენტილაციო შახტის ყელის გამოყენება მიწისქვეშა ნაგებობებში შესაღწევად, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გასაშლელად, გადარჩენის მოქმედებების ჩასატარებლად;

უ) სადაზვერვო-სამაშველო ჯგუფების აღჭურვა კავშირის, განათების, დამზღვევი, ხმამაღლამოლაპარაკე და ინდივიდუალური დაცვის სათადარიგო საშუალებებით;

ფ) შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის გამოყენება. მაგისტრალური ხაზების გაყვანისას უბნების მომზადება წყლის მისაწოდებლად, მუშა ხაზების გასაყვანად და წყლის ლულებით სამუშაოდ;

ქ) მაგისტრალური ხაზების გაყვანა ბალუსტრადებსა ან ერთ-ერთი ესკალატორის საფეხურებზე, მათი დამაგრება სახელოს დამჭერებით, სხვა ესკალატორების გამოყენება მგზავრების ევაკუაციისათვის და შემადგენლობის გადასაადგილებლად;

ღ) სახელოების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ავტოტუმბოზე წნევის დაწევა სადგურის სიღრმის გათვალისწინებით, აგრეთვე ესკალატორის ქვედა გადასასვლელი მოედნიდან განშტოების ერთ შტოზე მიერთებული სახელოს გამოყენება საგზაო ღარში წყლის ჩასასხმელად;

ყ) ხელის ლულების მიწოდება სავენტილაციო ნაკადის მოძრაობის მხრიდან და წყლის ფარდით დაცვის ქვეშ;

შ) იმ ვაგონების ჩახსნა და საშიში ზონიდან გაყვანა, რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით;

ჩ) წყლის გაფრქვეული ჭავლის (ფარდის) გამოყენება მელულეების დასაცავად და მზიდი კონსტრუქციების გასაგრილებლად;

ც) გაფრქვეული წყლის, საშუალო ჯერადობის ქაფის გამოყენება მოცულობითი ჩაქრობისათვის;

ძ) საგზაო გვირაბების და სავენტილაციო შახტების ყელის გამოყენება ერთი საესკალატორო ამოსასვლელის მქონე ხანძრით ბლოკირებულ სადგურზე წვის კერასთან მისასვლელად.

2. მეტროპოლიტენის საესკალატორო კომპლექსის ნაგებობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) წვის ლიკვიდაციისათვის დიდი წარმადობის წყლის ლულებიდან კომპაქტური ჭავლის გამოყენება;

ბ) გვირაბის კონსტრუქციის გასაგრილებლად გაფრქვეული წყლის გამოყენება;

გ) საესკალატორო სადგურების სათავსებში და ბალუსტრადებქვეშა სივრცეში ხანძრის ჩასაქრობად მცირე წარმადობის მანევრული ლულების გამოყენება;

დ) საშუალო ჯერადობის ქაფის გამოყენება, საესკალატორო გვირაბების და სამანქანო დარბაზების მოცულობითი ჩაქრობისათვის;

ე) მიწისზედა ვესტიბიულების ზურგის მხრიდან განლაგებული სადემონტაჟო შახტის შესასვლელის გამოყენება ქაფის მისაწოდებლად ექსკალატორის სამანქანო დარბაზში;

ვ) ქაფის გენერატორების დაყენება სუფთა ჰაერზე ან საჰაერო ჭავლის მოქმედების ზონაში.

3. მეტროპოლიტენის მოძრავ შემადგენლობაში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) გაფრქვეული წყლის გამოყენება სადგურზე ან გვირაბში ხანძრის ჩასაქრობად;

ბ) საშუალო ჯერადობის ქაფის გამოყენება მანქანის კაბინებისა და ვაგონქვეშა მოწყობილობების ჩასაქრობად;

გ) მცირე სიჩქარის სავენტილაციო ნაკადის პირობებში წვის ზონასთან მიახლოება მხოლოდ თბომაიზოლირებელ ტანსაცმელში და გაფრქვეული წყლის ჭავლით დაცვის ქვეშ;

დ) წყლის ლულების მიწოდება მატარებლის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან კარებისა და ფანჯრების ღიობებში;

ე) ვაგონების კონსტრუქციების სრული ჩაქრობა მელულეების წინ წაწევის კვალდაკვალ, სალონში შეღწევით;

ვ) გაფრქვეული წყლის ჭავლის გამოყენება გვირაბის კონსტრუქციების დასაცავად.

4. მეტროპოლიტენის საკაბელო ნაგებობებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) საშუალო ჯერადობის ქაფის, აგრეთვე ქაფგენერატორების დანადგარების გამოყენება კვამლგამწოვებთან ერთად;

ბ) ქაფის მიწოდება გამანაწილებელი დარბაზის იატაკში და ბაქანზე არსებული ლიუკებიდან;

გ) კოლექტორის ტორსებში ქაფის დაღვრის თავიდან აცილება მღობავების გამოყენებით;

დ) ქაფის მიწოდება ელექტროქვესადგურების საკაბელო სარდაფებში პირველი სართულის იატაკში არსებული ლიუკებიდან და გადასარბენ გვირაბებში გამავალი ღიობებიდან;

ე) კოლექტორში ხანძრის ჩაქრობის შეუძლებლობის შემთხვევაში წვის ზონის იზოლირება უწვი მასალის ჰერმეტული მღობავების მოწყობით;

ვ) ხანძრის ჩაქრობის შეუძლებლობის შემთხვევაში, წვის ზონის იზოლირება გვირაბში უწვი მასალის ჰერმეტული ზღუდარების მოწყობით.

მუხლი 54. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება საჰაერო ხომალდებზე

1. საჰაერო ხომალდებზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) საჰაერო ხომალდების ავარიული დაშვების შემთხვევაში ასაფრენ-დასაჯდომ ბილიკზე აუცილებელი რაოდენობის სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების თავმოყრა, შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, ევაკუაციისა და გადარჩენის საშუალებების და სასწრაფო დახმარების ავტომობილებზე სამედიცინო პერსონალის მზადყოფნაში მოყვანა;

ბ) ადამიანების ევაკუაციის და გადარჩენის მიზნით ძირითადი და ავარიული ლიუკების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად აღნიშნულ ადგილებში, კორპუსის შემონაკერების გახსნა;

გ) აეროპორტის ფრენის ხელმძღვანელთან და საავარიო-სამაშველო სამსახურთან ურთიერთმოქმედების განხორციელება, მათთან ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების შეთანხმება;

დ) ფიუზელაჟის ქვეშ საწვავის წვის ლიკვიდირება ქაფის, ფხვნილის ან წყლის ძლიერი ჭავლის გამოყენებით, პირველ რიგში, საევაკუაციო ლიუკებისა და კარებების განთავსების ადგილებში, იმავდროულად საჰაერო ხომალდების კორპუსების გაგრილება;

ე) კორპუსზე ცეცხლის სწრაფი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება საჰაერო ხომალდების მნიშვნელოვან ნაწილებზე;

ვ) ძრავის შიგნით ჩაქრობის განხორციელება ქაფით, ფხვნილით ან ნახშირორჟანგით, რომლებიც მიეწოდება შესასვლელი მოწყობილობიდან, ძრავის საქშენიდან ან/და გონდოლიდან;

ზ) სამგზავრო სალონებში წვის ლიკვიდაცია გაფრქვეული წყლით ან ქაფწარმომქმნელი ხსნარით კარების, ასევე ავარიული ლიუკების ან კორპუსის შემონაკერებში სპეციალურად მოწყობილი ხვრელების გამოყენებით;

თ) შასის წვის ლიკვიდაცია წყლის კომპაქტური ჭავლით;

ი) საჰაერო ხომალდის შეძლებისდაგვარად შემობრუნება საწევარებით, რათა შეიზღუდოს ცეცხლის გავრცელება ქარის მიმართულებით;

კ) ძლიერი ქარის დროს საჰაერო ხომალდის ქვეშ საწვავის წვის ლიკვიდაცია წყლის ძლიერი ჭავლით, მისი გადარეცხვა ბეტონიდან ნიადაგში ან სანიაღვრე კანალიზაციაში, ხოლო უქარო ამინდში დაღვრილი საწვავის ზედაპირის დაფარვა ქაფით, ფხვნილებით ან ნახშირორჟანგით.

2. საჰაერო ხომალდების სადგომებსა და ანგრებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ზონაში გაყვანა და დაცვა, მეზობელი საფრენი აპარატების წყლის ჭავლით გაგრილება;

ბ) არსებული ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარების ამოქმედება, წყლის ძლიერი ჭავლის მიწოდება ანგარის მზიდი კონსტრუქციების გასაგრილებლად;

გ) ლულების მისაწოდებლად პწკალების, სტაპელების, ტრაპებისა და სახანძრო კიბეების გამოყენება.

 

მუხლი 55. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება საზღვაო ხომალდებზე

1. პირსთან, მისადგომსა და სტაპელზე მდგომ საზღვაო ხომალდებსა და მცურავ საშუალებებზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) გემის კაპიტნისაგან, პორტის, გემთსაშენი და გემთსარემონტო ქარხნის ხელმძღვანელისაგან ცეცხლმოდებული გემის მოწყობის გეგმა-სქემის მოთხოვნა;

ბ) გემზე საშიში ტვირთების არსებობის, მათი დასახელების, რაოდენობისა და შენახვის ადგილის, შეფუთვის ხერხის, ჩასაქრობად რეკომენდებული ნივთიერებების, აგრეთვე შემადგენლობის საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან დაცვის ხერხების დადგენა;

გ) გემზე არსებული ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული დანადგარების, ადამიანების და ტვირთების ევაკუაციისათვის განკუთვნილი საშუალებებისა და მექანიზმების, აგრეთვე დოკის ან სხვა გემების პორტალური ამწეების გამოყენების შესაძლებლობის დადგენა;

დ) ცეცხლმოდებული გემის სხვა გემებისაგან ან სანაპირო ნაგებობებისაგან მოცილების საჭიროების დადგენა ჩაქრობის სამუშაოების ჩატარების სირთულის გათვალისწინებით;

ე) პორტის (ქარხნის) დისპეტჩერთან, კაპიტანთან, ხანძრის ჩაქრობის საველე ოპერაციების შტაბთან და ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე გემებთან მუდმივი კავშირის დამყარება, პორტის, სანაოსნოს, ობიექტის ადმინისტრაციასთან მოქმედებების შეთანხმება;

ვ) გემის მობრუნება წვის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და ხანძრის ჩაქრობისა და ევაკუაციისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;

ზ) ყველა ონკანისა და სარქველის გადაკეტვა საწვავსადენებზე;

თ) ხანძრის კერაში ჰაერის შეღწევის შეზღუდვა კარებების, ლიუკების ილუმინატორების ჩაკეტვისა და ვენტილაციის გათიშვის გზით;

ი) სათადარიგო და სახარჯი საწვავის ცისტერნების, ზეთიანი ცისტერნების, ჰაერგამშვები ბალონების და ლითონის ტიხრების მუდმივი გაგრილება წყლის ჭავლით;

კ) კონტროლი გემის მდგრადობაზე, საჭიროების შემთხვევაში ნაკვეთურებიდან წყლის ამოტუმბვის ორგანიზება;

ლ) ელექტრული დენით დაზიანების საშიშროების არსებობისას მელულეების უზრუნველყოფა რეზინის ბოტებით და ხელთათმანებით, ქაფის ლულებისა და გენერატორების გემის კორპუსთან დამიწება;

მ) სახელოს ხაზების გაყვანა ტრაპებსა და სატვირთო ლიფტებში, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება განათების, ჩასატვირთი, სავენტილაციო ლიუკებიდან ან სპეციალურად მოწყობილი ღიობებიდან;

ნ) გემის კონსტრუქციების გახსნა მოქმედი წყლის ლულით დაცვის ქვეშ;

ო) არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩაბმული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამანათებელი ხელსაწყოებით უზრუნველყოფა.

2. ნავთობჩამოსასხმელ გემებზე (ტანკერებზე) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ტვირთის სახეობის, ტანკერების შევსების დონის და საშიშროების ხარისხის დადგენა;

ბ) ყველა სახის სამუშაოს შეჩერება, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის ჩამოსხმასთან ან ამოტუმბვასთან, ჩასხმა-ჩამოსხმის მოწყობილობების მოცილება, იმ ტანკერების ლიუკების ჩაკეტვა, რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით;

გ) აფეთქების შემთხვევაში გემბანის დაზიანების ხასიათის დადგენა, გახსნილი რეზერვუარების რაოდენობის და მათი შევსების დონის, წვის ფართობის განსაზღვრა;

დ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების განლაგება ცეცხლმოდებული გემიდან დინების საპირისპირო მხარეს;

ე) გემის ცეცხლმოდებული რეზერვუარების, გემბანის, ბორტების გაგრილება დიდი წარმადობის ლულებიდან გაფრქვეული წყლით;

ვ) ცარიელი რეზერვუარების წყლით ან ინერტული აირით შეძლებისდაგავარად შევსება;

ზ) წყლის ზედაპირზე დაღვრილი ცეცხლმოდებული საწვავ-საპოხი მასალების ჩამორეცხვა და სხვა გემებისაგან ან სანაპირო ობიექტებისაგან მოკვეთა წყლის ძლიერი ჭავლით;

თ) აკვატორიაში ადვილად აალებადი და წვადი სითხეების დაღვრის თავიდან აცილების მიზნით ტივტივა ღობურების მოწყობა;

ი) პოზიციებზე მხოლოდ იმ შემადგენლობის დატოვება, რომელსაც უშუალოდ ევალება წვის ლიკვიდაცია;

კ) არასაკმარისი რაოდენობის სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის განხორციელება თანმიმდევრობით, დაწყებული რეზერვუარიდან, რომელიც ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის მომიჯნავე რეზერვუარს, ხოლო სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში დაიშვება რამოდენიმე რეზერვუარის ერთდროულად ჩაქრობა.

3. ბირთვული ენერგეტიკული დანადგარებისა და მათი ტექნოლოგიური მომსახურებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების მქონე საზღვაო ხომალდებზე ხანძრის დროს საჭიროა ხანძრის ჩასაქრობად დაშვების მიღება, აგრეთვე რადიაციის დონის მუდმივი შემოწმება, ხოლო რადიაციის დონის აწევისას ხანძრის ჩაქრობის ცალკეული უბნების შექმნა საზღვაო ხომალდებზე არსებული ავარიების ლიკვიდაციის გეგმების შესაბამისად.