საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.017189
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
87
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
140060000.22.034.017189
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2021 - 02/08/2023)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №87

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 21 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი პრეამბულა

სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა, უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციებისგან ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოსა და ქონების დაცვა. ამ მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ −  სამსახური) კანონის განუხრელი დაცვით უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისაკენ მიმართული ქმედებების განხორციელებას.

მეხანძრე-მაშველის პროფესიული საქმიანობის მაღალი რისკის გათვალისწინებით, მეხანძრე-მაშველს/მაშველს უნდა ჰქონდეს თვითდისციპლინა, გუნდის ერთიანობის შეგრძნება, პროფესიული პასუხისმგებლობა და ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებების უსაფრთხოებას, დაზარალებულის, კოლეგისა და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას.

შესაბამისად, ეთიკის კოდექსის ამოცანაა მოსამსახურის პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულებისა და მაღალზნეობრივი ღირებულებების განმტკიცება, სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება.

ეთიკის კოდექსით გაცხადებული პრინციპებისა და ნორმების განუხრელმა დაცვამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების მხრიდან მოსამსახურისადმი ნდობის განმტკიცებას, მისი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამაღლებას, ასევე, საზოგადოების ნებაყოფლობით ჩართვას საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და  რეაგირების პროცესში.

ეთიკის კოდექსი ადგენს მოსამსახურის ეთიკის ძირითად პრინციპებსა და ქცევის წესებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა მოსამსახურისთვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ასევე სამსახურს გარეთ.

ეთიკის კოდექსის მოქმედება ვრცელდება სამსახურის სისტემაში დასაქმებულ ყველა მოსამსახურეზე. მოსამსახურე ვალდებულია, დაიცვას აღნიშნული კოდექსი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

სამსახური, როგორც საზოგადოების სამსახურში მდგომი სახელმწიფო ორგანო, ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.


თავი 1. მოსამსახურის საქმიანობის პრინციპები

1.1. მოსამსახურე ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს კანონის უზენაესობის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის, გამჭვირვალობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, თანაზომიერების, ჰუმანიზმის, ჩართულობისა და თანამშრომლობის, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.

1.2. მოსამსახურემ პატივი უნდა სცეს და დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები.

1.3. მოსამსახურე საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში.

1.4. მოსამსახურე უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ეთიკური ნორმებით.

1.5. მოსამსახურემ პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანის პიროვნულ ღირსებას, მოეპყრას მათ სამართლიანად და მიუკერძოებლად, განურჩევლად მათი რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილებისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, ასაკისა, აღმსარებლობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, სოციალური კუთვნილებისა, წარმომავლობისა, განათლებისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნისა.

 

თავი 2. მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები

2.1. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა იყოს მოწესრიგებული და შესაფერისად ჩაცმული.

2.2. მოსამსახურე ვალდებულია, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას სამუშაო დრო გაანაწილოს რაციონალურად და სრულყოფილად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები.

2.3. მოსამსახურე ვალდებულია არ გაახმაუროს მისთვის ცნობილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, ან სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის ინტერესის შელახვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოსამსახურემ სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას უნდა გამოიჩინოს ზომიერება და სიფრთხილე.

2.4. მოსამსახურემ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.5. მოსამსახურეს ეკრძალება სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა. ფორმის ტანსაცმლის ტარების დროს მოსამსახურეს ეკრძალება ისეთ გარემოში ყოფნა, რომელიც შეუფერებელია მისი პროფესიისთვის.

2.6. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სასმელის მიღება.

2.7. მოსამსახურემ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

2.8. მოსამსახურემ უარი უნდა თქვას წინასწარი შეცნობით მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურემ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში უნდა აცნობოს შესაბამის ხელმძღვანელ პირს ან/და სტრუქტურულ ერთეულს. მოსამსახურეს, რომელიც უარს ამბობს წინასწარი შეცნობით მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მოსამსახურისთვის მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.9. მოსამსახურე მუდამ მზად უნდა იყოს პროფესიული მოვალეობების შესრულებისათვის. დაუშვებელია ამ მოვალეობებისაგან თავის არიდება არასაპატიო მიზეზით.

2.10. საგანგებო სიტუაციაზე მორეაგირე დანაყოფის მოსამსახურე, რომელსაც მუშაობა უხდება არაერთგვაროვან და სხვადასხვა საფრთხის შემცველ გარემოში, ვალდებულია იყოს მუდმივ მზადყოფნაში, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შეძლოს მასზე დაკისრებული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.

2.11. მოსამსახურე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მოწოდებული უნდა იყოს, თავისი ცოდნა და უნარები გამოიყენოს მაქსიმალურად.

2.12. მოსამსახურემ მუდმივად უნდა იზრუნოს თვითგანვითარებასა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე მორეაგირე დანაყოფის მოსამსახურემ − ასევე ჯანსაღი ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე.

2.13. მოსამსახურემ რეაგირება უნდა მოახდინოს კოლეგის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე; კორუფციის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ აცნობოს ხელმძღვანელს ან/და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

2.14. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის, მათ შორის, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის პირადი ინტერესებისათვის გამოყენება. მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. მოსამსახურემ არ უნდა შესთავაზოს პირს რაიმე სახის სარგებლის მიღების სანაცვლოდ გარკვეული სამსახურის გაწევა და არ უნდა გამოიყენოს სამსახურებრივი ქონება არამიზნობრივად.

2.15. მოსამსახურე იღებს პასუხისმგებლობას არ გამოიყენოს სოციალური ქსელი, ელექტრონული კომუნიკაციები ან სხვა მედია ტექნოლოგიები იმგვარად, რომ მოახდინოს სამსახურის დისკრედიტაცია ან ზიანი მიაყენოს მის რეპუტაციას.

2.16. მოსამსახურემ სამსახურში არყოფნის დროსაც, უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში მყოფ ადამიანს და მიიღოს ყველა ზომა ზიანის თავიდან ასაცილებლად. არასამუშაო საათებში თხოვნით ან შეკითხვით მიმართვისას, მოსამსახურემ უნდა გამოიჩინოს თავაზიანობა და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს პირს.

 

თავი 3. საზოგადოებასთან ურთიერთობა

3.1. მოსამსახურე საქმიანობის განხორციელებისა და ადამიანებთან ურთიერთობისას, შესაძლებლობის ფარგლებში, ითვალისწინებს მათ ტრადიციებსა და ადათ-წესებს.

3.2. მოსამსახურე ვალდებულია, ადამიანებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი, მათდამი წაყენებული მოთხოვნები და შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.

3.3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ადამიანებთან ურთიერთობისას, მოსამსახურეს ეკრძალება სიგარეტის მოწევა და საღეჭი რეზინის მოხმარება.

 

თავი 4. კოლეგებთან ურთიერთობა

4.1. მოსამსახურეებს შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, სუბორდინაციისა და კოლეგიალობის პრინციპებს.

4.2. მოსამსახურე კოლეგიალური უნდა იყოს თანამშრომლების მიმართ, მხარს უჭერდეს და იცავდეს მათ.

4.3. მოსამსახურე უნდა დაეხმაროს თანამშრომელს, რომელიც დაშავდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

4.4. მოსამსახურემ კოლეგებს უნდა მიაწოდოს აუცილებელი ინფორმაცია და გაუწიოს მათ დახმარება.

 

თავი 5. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის

ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, მათ შორის, დისციპლინურ პასუხისმგებლობას.