განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე

განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/34809-21
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 29/12/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/34809-21
29/12/2021
ვებგვერდი, 04/01/2022
განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის

რეჟიმის გახსნის თაობაზე

საქმე №2/34809-21/330210321005332203

2021 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ლიანა კაჟაშვილი

განმცხადებელი/მოვალე – შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ (ს/კ 208205360)

დირექტორი – დავით გაიაშვილი

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვება

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

სასამართლომ  გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2021 წლის 22 დეკემბერს განცხადებით მომართა, მოვალე, შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ (შემდგომში – მოვალე) წარმომადგენელმა (დირექტორმა) დავით გაიაშვილმა, რომლის განმარტებით შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს, მისი ძირითადი საქმიანობაა მგზავრების და ტვირთის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა. ავიაკომპანია შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენას 1993 წლიდან ახორციელებს. 1999 წელს მოვალე საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდი გახდა. ხოლო 2000 წელს მოვალე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული ავიაკომპანია გახდა, რომელმაც დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. დღესდღეისობით მოვალის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტს. საქართველოში კორონა ვირუსთან დაკავშირებით განპირობებულმა მოვლენებმა შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური კირიზისის წინაშე დააყენა. დღეს არსებული ფინანსური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ავიაციის ისტორიაში კვლავ წვლილის შესატანად მოვალის რეაბილიტაციაა. ბოლო წლებში, მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა პანდემიამ და საქართველოში არსებულმა ეპიდოლოლოგიურმა ვითარებამ გამოიწვია მოვალის საოპერაციოს მოგების არსებითი რესტრუქტურიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ მოვალეს დღესაც შეუძლია საოპერაციო საქმიანობა განახორციელოს მომგებიანად, 2019 წლიდან მიმდინარე პანდემიის განმავლობაში დაგროვილი ვადამოსული დავალიანების ერთბაშად დაფარვის შესაძლებლობა არ გააჩნია.

ფულადი სახსრების მიმოქცევის უწყისი ცხადყოფს, რომ თვის განმავლობაში შემოსული თანხების პროგნოზი ჯამში თითქმის ორჯერ ჩამოუვარდება გასული თანხების პროგნოზს. შემდგომში 30 დღის პროგნოზით მოვალე ვერ დაფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რამდენადაც ვადამოსული მოთხოვმენი რამდენიმე ასეული პროცენტით აჭარბებს არსებულ სახრსებს. ამდენად, სახეზეა, ლიკვიდობის დეფიციტი თანახმად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილისა. პროგნოზი მით უფრო ნეგატიურია, თუკი არსებული ვალდებულებების განაწილვადება არ მოხდება რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში. უმნიშვნელოა იმის ალბათობა, რომ კანონით გათალისწინებული საპროცესო და სამართლებრივი ღონისძიებების გარეშე მოვალის საქმიანობის ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელებით აღმოიფხვრას ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით.

წინამდებარე განცხდებით წარმოდგენილი გარემოებებით დასტურდება მოვალის გადახდისუუნარობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 7.1. და 7.3. მუხლების მიხედვით. გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარდგენისთვის მოვალის აქტივების საერთო ღირებულება უტოლდება 21 378 262.60 ლარს. ამავდროულად, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების საერთო ღირებულება აღწევს 175 854 075 ლარს. მოვალის ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გარეშე უახლოეს მომავალში ვეღარ შეძლებს მოემსახუროს ვადამოსულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოვალის გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება კრედიტორთა ერთობლივი ინტერესის დაცვის აუცილებელი და სავალდებულოდ გამოსაყენებელი გზაა.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ კომპანიას არ გააჩნია ლიკვიდური აქტივები ვადამოსული ვალდებულებების შესასრულებლად და შესაბამისად წარმოადგენს გადახდისუუნარო კომპანიას, თანახმად „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილისა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებასასევე სრულად შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნიარომ განცხადება დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და მოვალის მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმიშემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ) რეაბილიტაციის რეჟიმით; გაკოტრების რეჟიმით.

ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს მოვალეს – საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნაა დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება რეაბილიტაციის გზით.

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ის ჩამონათვალი, რაც მითითებული უნდა იყოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის): ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს; ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ; გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ; დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ; გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა; დ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; ე) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ვ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია; ზ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია; თ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის წინასწარ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის არსებობის შემთხვევაში – ამ პროექტის ასლი, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული განცხადების შეტანის მომენტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლებსა და ხარჯებში შესატანი, გონივრულად მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია; ი) კრედიტორებთან წინასწარ შეთანხმებული რეაბილიტაციის გეგმა (არსებობის შემთხვევაში). მას უნდა ერთოდეს მოვალის მიერ ამ კანონით დადგენილი კრედიტორთა უმრავლესობისგან წინასწარ მიღებული თანხმობა.

კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივიგარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში მითითებული გარემოებებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა სადაოობის საკითხი და სასამართლომ შპს „ჯორჯიან ეარსერვისის“ განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს ინფორმაციას და წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს მოვალის ფინანსური აქტივებსა და ვალდებულებებზე. განმცხადებლის განმარტებით, მის საკუთრებაშია ორი უძრავი ქონება (ს/კ 01.19.30.001.037 და ს/კ 01.19.30.001.075). ასევე, განმცხადებლის ბალანსზე ირიცხება მოძრავი ქონება (აქტივები), რომლებიც მოიცავს როგორც ძირითად საშუალებებს 1 820 827 ლარის ღირებულებით, ასევე, სასაქონლო მატერიალურ მარაგს 4 095 535 ლარის ღირებულებით და არამატერიალურ აქტივებს 95 057 ლარის ღირებულებით. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით განმცხადებლის სახელზე რეგისტრირებულია 70 სატრანსპორტო საშალება, თუმცა მოვალის ფაქტობირვ საკუთრებაში 21 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. დარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები რეალურად არ არის მოვალის საკუთღებაში ან სარგებლობაში და არც არასდროს მიუღია მას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მოვალე რეგისტრირებულია ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილობრივ მონაწილედ – შპს „აირზენა ტურსტიკ“ (ს/კ 405388833), სადაც მოვალის წილი კაპიტალში 10 %-ია.

განმცხადებელს 2021 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებებში უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშები: სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“, სს „ბაზისბანკში“, სს „საქართველოს ბანკში“ და სს „ბანკი ქართუში“. გარდა ამისა, განმცხადებელს საქართველოს საზღვრებს გარეთ მოქმედ საბანკო დაწესებულებებში უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშები. (საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები შესაბამისი ნაშთის და საგარანტიო დეპოზიტების მითითებით წარმოდგენილია განცხადებაში).

მოვალეს არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები და ასევე, მოვალის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 2021 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მოვალის დავალიანება შეადგენს 175 854 075 ლარს. შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ აქვს ვალდებულებები 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლების და 16 168 მგზავრის წინაშე, რაც დასტურდება განცხადებაზე დართული მტკიცებულებებით   (საბალანსო უწყისი, კრედიტორთა ჩამონათვალი და კრედიტორ-მგზავრების სია). საქმეზე დართული ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი (20.11.2021-20.12.2021 წლის პერიოდზე) მიუთითებს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობას, ინფორმაციას მათი ოდენობის, მათ შორის დაუზუსტებელი ოდენობის შესახებ.

განმცხადებელი ასევე წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას საწარმოს ბალანსისი შესახებ, რაც ასახავს საწარმოს შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებას. ხოლო შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობა აქტივებზე შეიცავს ინფორმაციას მოვალის დებიტორული მოთხოვნების შესახებ. გარდა ამისა, მოვალის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია მიმდინარე რეგულარული ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ. მიმდინარე ვალდებულებები მოიცავს იმ კრედიტორებისადმი ანგარიშსწორებას, რომლებიც მოვალეს უწევენ ტექნიკურ/აეროპორტის მომსახურებას, გადასცემენ ქონებას ლიზინგით, აწვდიან საწვავს და სხვა აუცილებელ პროდუქციას. მოვალე ჩართულია სხვადასხვა სასამართლო დავებში (სულ ექვს საქმეში) როგორც მოპასუხე.

განმცხადებელს მენეჯმენტის რგოლის ჩათვლით ჰყავს 275 დასაქმებული, რომელთა ნაწილიც შექმნილი შეზღუდვებიდან გამომდინარე ამჟამად არ საქმიანობენ და მათი საქმიანობა აღდგება შეზღუდვების მოხსნისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს მოვალის გადახდისუნარობას და რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეების და სახრსების ნაკლებობის გამო არ შესწევს ძალა დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეაბილიტაციის რეჟიმის მიზანია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება. ამავე კანონის 44.1 მუხლის თანახმად, განცხადებაში, რომლითან გამცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს აგრეთვე იმის დასაბუთება, რომ არსებობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა.

განმცხადებელს აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და მუშავდება რეაბილიტაციის გეგმა, რაც დაეფუძნება მოვალის საქმიანობის ისტორიული მაჩენებლის გადამუშავებას და ანალიზს. რეაბილიტაციის ხედვა არსებული რეისებიდან შემოსავალს ეფუძნება, რომლებიც არსებული პანდემიის პირობებშიც კი უზრუნველყოფენ შემოსავლის გამომუშავებას. ცხადია პანდემიის გავლენის შესუსტების შემდეგ შესაძლებელია განხილულ იქნას ახალი მომგებიანი მიმართულებების და რეგულარული თუ არარეგულარული ჩარტერული რეისების დამატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოვალის შემოსავალს. მოვალის ძირითადი, მთელი წლის განმავლობაში მოგების მომტანი და ყველაზე უფრო სტაბილური მიმართულებებია: ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი. გამოთვლები მეტი სიზუსტისთვის სწორედ ამ ყველაზე სტაბილური რეისების მაჩვენებლებს დაეყრდნობა. ეს ოთხი რეისი საშუალოდ ყოველ წელიწადში 7 319 472 აშშ დოლარის ოპერატიულ მოგებას მოიტანს. დამატებით მოვალე შეასრულებს სეზონურ რეისებს, რომლებსაც ისტორიულ მაჩენებელზე დაყრდნობით ყოველწლიური ოპერატიული მოგების – 1 235 880 აშშ დოლარის მოტანა შეუძლია. ამ ოპერატიული მოგებიდან შესაძლებელი იქნება კრედიტორების ეტაპობრივი დაკმაყოფილება მოვალის ეკონომიკური გადარჩენის პარალელურად.

მიმდინარე მწვავე პერიოდშიც, კერძოდ, ბოლო პერიოდში მოვალემ მოახერხა გარემოებებთან ადაპტაცია, საქმიანობის განგრძობითობის უზრუნველყოფა და მეტნაკლებად პოზიტიური შემოსავლის შენარჩუნება. ოპერატიული შემოსავლები ამ რთულ პერიოდზეც კი ფარავდა ოპერატიულ ხარჯებს და იძლეოდა ოპერატიულ მოგებას. იმისათვის, რომ ოპერატიულ შემოსავალს გადაეფარა ოპერატიული ხარჯი, რეისების მგზავრებით დატვირთულობა უნდა ყოფილიყო საშუალოდ 51%. ბოლო სამი თვის განმავბლობაში რეისებზე დატვირთულობამ მიაღწია საშუალოდ 63%-ს. რეაბილიტაციის პერსპექტიულობაზე დამატებით მეტყველებს განმცხადებლის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორების, შპს „Ralph Trade Corporation”-ის, შპს „საქაერონავიგაციის“ და შპს „ჯორჯიან ეას სერვისის“ მზაობა, მხარი დაუჭირონ განმცხადებლის რეაბილიტაციის პროცესს და ჩაერთონ რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

ამავე კანონის 69.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს. ამავე კანონის 74.1 მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის ზედამხედველს ნიშნავს სასამართლო მხოლოდ მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალე უნდა დარჩეს მართვაში და დაინიშნოს რეაბილიტაციის ზედამხედველი კანონის მოთხოვნათა დაცვით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნაორბის განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ (არსებობის შემთხვევაში). ხოლო კანონის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია მოვალის განცხადების საფუძველზე გამოიტანოს განჩინება მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ, კერძოდ: მოვალის კონტრაქტორებს აუკრძალოს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი მომსახურებების მოვალისთვის მიწოდების შეჩერება ან/და შეფერხება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, თუ მოვალე ასრულებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს.

განმცხადებლის განმარტებით, მოვალის სპეციფიკა საჭიროებს სახასიათო სპეციალურ ცოდნის მომსახურებებს და მრავალმილიონიან აპარატებს. მოვალე თავად და თვითმყოფადად ვერ უზრუნველყოფს ოპერირებისთვის სასიცოცხლო მნიშნელობის მომსახურებების და პროდუქტების მიღებას. განმცხადებლებისათვის საოპერაციო მოგება მიიღება რეისების ფუნქციონირებით. რეისების ფუნქციონირებისას შესაბამისი მომსახურებების და პროდუქტის მიღებაზე დამოკიდებულია არამარტო მოვალის ოპერირება, არამედ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. არსებობს დიდი სრისკი. რომ გადახდისუუნარობის შესახებ მოვალის განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასიცოცხლო მომსახურების მიწოდება შეწყდეს მოვალისადმი. ამის ცალსახად მაგალითია შპს „ტავ ურბან საქართველოს“ წერილი. განმცხადებლის მომავალ თვეებზე პროგნოზირებად ფულადი სახსრების მიმოქცევის უწყისში გათვალისწინებულია მათ შორის აეროპორტის ხარჯები, ანუ მიმდინარე და საქმისწარმოების დაწყების შემდეგ წარმოქმნილი დავალიანებები უნდა დაიფაროს. მოვალე მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დაფაროს უკვე არსებული სრული ვალდებულებები, რომლებიც მთლიან აქტივებს მრავალჯერადად აღემატება. ამასთან, საქართველოს აეროპორტებში მომსახურების შეწყვეტა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მოვალეს სრულად მოუწევს ოპერირების შეწყვეტა. ამ და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების და პროდუქტების მოწოდების შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ მგზავრების სახით 15 000+ დაუკმაყოფილებელი კრედიოტრი და ამდენივე ინდივიდი, რომლებიც ვერ მიიღებენ გადაყვანის მომსახურებას,

ზემოაღნიშნული განმარტებისა და საქმეზე დართული მტკიცებულებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადახდისუუნარობის მასის დაცვისთვის, მრავალი ათასი ინდივიდისათვის გადაყვანის მომსახურების გასაგრძელებლად და მოვალის რეაბილიტაციის შესაძლებლობისათვის, აუცილებელია გაგრძელდეს შპს „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ სასიცოცხლო მომსახურების და პროდუქტების მიწოდება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული ნორმის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალეგადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამიმთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდ იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად – სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯორჯიან ეარვეისითვისს“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განცხადების დასაშვებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, მოვალის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

სასამართლომ  იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა  და  კრედიტორთა  კოლექტიური  დაკმაყოფილების  შესახებ“ საქართველოს  კანონის 1-ლიმე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, 43-, 44-, 47-, 49-, 50-, 51-, 55-, 57-, 62-, 63-, 64-, 73-, 74-  მუხლებითსაქართველოს  სამოქალაქო  საპროცესო  კოდექსის 284-285-  მუხლებით, და

       

1. შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ (ს/კ 208205360) წარმომადგენელის (დირექტორის) დავით გაიაშვილის განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ (ს/კ 208205360) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

3. შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ (ს/კ 208205360) გენერალური დირექტორი, დავით გაიაშვილი (პ/ნ 40001000330) და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე – პასუხისმგებელი დირექტორი რობერტ ოგანესიანი (პ/ნ 01027004245) დარჩნენ მართვაში.

4. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი -ნატო პაპიაშვილი (პ/ნ 14001002293), ტელეფონი 577 30 06 25, ელ. ფოსტა: nato.papiashvili@nplaw.ge, რეესტრში რეგისტრაციის N P2109112, რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს (მმართველს), რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ„ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:

ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;

ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.

7. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ: იგი

ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:

ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით; ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას; ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება; ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;

გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;

დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად;

ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება; ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;

ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;

თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება: თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;

თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.

მმართველის მიერ ზ/ხსენებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.

8. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ„ საქართველოს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით

9. განემარტოს მმართველს, (მართვაში მყოფ მოვალეს) რომ რომ იგი ვალდებულია მმართველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოის შეტყობინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზ; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.

10. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

11. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

12. განემარტოს რეაბილიტაციის ზედამხედველს, რომ იგი უფლებამოსილია: ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად; ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;

ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად;

ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით;

გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე;

დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმება ამ პროექტს;

ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;

ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით;

თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში ნებისმიერი საკითხზე;

ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები;

13. აეკრძალოთ ქვემოთ ჩამოთვლილ კონტრაჰენტებს შესაბამისი ხელშეკრულებებით ან/და ხელშეკრულებების დანართების გათვალისწინებული მომსახურებების/პროდუქტების მიწოდების შეჩერება შპს „ჯორჯიან ეარვეისისთვის“:

 

ხელშეკრულება

საგანი

კონტრაჰენტი

მოკლე აღწერა/მნიშვნელობა

21.12.2020 Contract Confirmation/ხელშეკრულების დადასტურება

საწვავის მიწოდება

Air BP Limited

ამ ხელშეკრულების საფუძველზე ხდება მიუნჰენში საწვავის მიწოდება მოვალისთვის. რამდენადაც საწვავი მოხმარებადი პროდუქტია და მისი თვითმფრინავში მუდმივ მარაგში ქონა შეუძლებელია, აუცილებელია სხვადასხვა ლოკაციებზე მარაგის შევსების შესაძლებლობა. შესაბამისად, საწვავის მიღება Air BP Limited-ისგან სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მოვალის ოპერირებისთვის.

16.10.2014 Aircraft General Terms Agreement GEI-AGTA/საფრენი აპარატის ზოგადი პირობების ხელშეკრულება GEI-AGTA

თანამშრომლობის პირობები საფრენი აპარატების შეძენის, მოვლის მათთან დაკავშირებული მომსახურებების თაობაზე

The Boeing Company

ზოგადი პირობები ვრცელდება ბოინგის თვითმფრინავების შესყიდვაზე, მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღებაზე. ამ ხელშეკრულების მოქმედების გარეშე შეიზღუდება მოვალის ძირითადი საფრენი აპარატების ნორმალური ფუნქციონირება და შეუძლებელი გახდება მოვალის ოპერირება

08.04.2013 წლის ხელშეკრულება

საავიაციო საწვავის ნასყიდობა

სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბათუმის აეროპორტში საწვავის მიმოწდებელი არის სწორედ კონტრაჰენტი. საწვავის გარეშე მოვალ ვერ განახორციელებს ავიარეისებს და, შესაბამისად მოუწევს საქმიანობის შეწყვეტა.

Airport Services Agreement For the Services Rendered by TAV Urban Georgia LLC at Tbilisi international airport 3 2676/50

შეთანხმება აეროპორტის მომსახურებაზე შპს ტავ ურბან ჯორჯიას მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასაწევი მომსახურებისთვის 3 2676/50

აეროპორტის მომსახურების გაწევა

შპს ტავ ურბან ჯორჯია/TAV URBAN GEORGIA LLC

ხელშეკრულების ფარგლებში ხდება: მგზავრთა მომსახურება, ტერმინალის შენობის გამოყენება; ჩექ-ინ დახლის გამოყენება, ქიუთ სისტემის (Common Use Terminal Equipment) გამოყენება, თვითმფრინავის დაშვება, თვითმფრინავის პარკირება. აღნიშნული მომსახურების გარეშე „მოვალისთვის“ შეუძლებელი იქნება არათუ უსაფრთხო და ორგანიზებული, არამედ საერთოდ რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ძირითდი მიმართულების ბმა)

14.07.2021 Service Agreement N 02 LN/21

14.07.2021 მომსახურების ხელშეკრულება N 02 LN/21

აიტი მომსახურების გაწევა

SIRENA-TRAVEL GmbH

ხელშეკრულების ფარგლებში ხდება PSS სისტემაზე წვდომის მინიჭებით აიიტი მომსახურების გაწევა. PSS სისტემა არის პლატფორმა, რომელიც შედგება სოფთვეირ და ჰარდვეირ ქომპლექსებისგან და აწყობილია ტრანსპორტირების/ჯორჯიან ეარვეისის მომსახურების დაჯავშნის და შესყიდვის ტექნოლოგიური პროცესის მართვისთვის. ამ პლატფორმის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ათასობით კონტრაჰენტ მგზავრთან კომუნიკაცია, ჯავშნების მიღება და მოვალე ვერ შეძლებს ოპერირებას.

02.04.2018 ხელშეკრულება N T/O/GAW/2018/01

 

შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ხელშეკრულება განსაზღვრავს ჯორჯიან ეარვეისის მიერ თბილისის აეროპორტში მოქმედი სპეციალური ფასებით სარგებლობის პირობებს. აღნიშნულის გარეშე ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი კომპანია ვერ შეძლებს დაფაროს მიმდინარე ხარჯები და განაგრძოს ფუნქციონირება რეაბილიტაციის პროცესში.

01.02.2012 ხელშეკრულება N 03/07/02/72 სააერნაოსნო, ფრენისწინა-საინფორმაციო (ბრიფინგი), რადიოშუქტექნიკური და მეტეო ინფორმაციის მომსახურების უზრუნველყოფაზე 3/1559

სააერნაოსნო, ფრენისწინა-საინფორმაციო (ბრიფინგი), რადიო- შუქტექნიკური მომსახურების გაწევა

 

შემსრულებელი გადაცემს სატელეგრაფო არხებით ჯორჯიან ეარვეისს შეტყობინებებს ფრენების შესრულებაზე, აწვდის ეკიპაშებს ოპერატიულ საერნაოსნო ინფორმაციას, უზრუნველყოფს „მოვლაის“ სააერნაოსნო მომსახურებას საქართველოს რაიონული ცენტრის ზონაში, უწევს დახმარებას ეკიპაჟებს საქართველოს რაიონული ცენტრის ზონაში ფრენის ოპტიმალური მარშრუტის შერჩევაში, უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური ინფორმაციით. შემსრულებელი წევს სააეროდრომო-სადისპეტჩერო (აფრენა-დაფრენის) მომსახურებას. ამ მომსახურების მიღების გარეშე შეუძლებელია რეისების განხორციელება.

ხელშკრულება N 261108/01 მომსახურების გაწევაზე 3.567

ტექნიკური მომსახურების გაწევა

შპს ავიადინამიკა

ხელშეკრულების ფარგლებში ხდება ტექნიკური მომსახურების მოწოდება „მოვალისთვის“ რაც მოიცავს ბოინგის, სიარჯის ტიპის თვითმფრინავის ბორბლების, მუხრუჭების, აკუმულატორების და სხვა კომპონენტების რემონტს, კაპიტალურ რემონტს. ამ მომსახურების მიღება აუცილებელია „მოვალის“ ოპერირებისთვის და მგზავრთა და ეკიპაჟის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის მინიმიზებისთვის.

31.05.2021 სტანდარტული ხელშეკრულება საჰაერო მომსახურებაზე – გამარტივებული პროცედურა ხელშეკრულება N 899.21

დანართი Nბ 2018 წლის 01 იანვარის სტანდარტულ ხელშეკრულებაზე

საჰაერო ხომალდების მომსახურების გაწევა

მინსკის ეროვნული აეროპორტი

კონტრაჰენტი უზრუნველყოფს „ჯორჯიან ეარვეისის“ საჰაერო ხომალდების მომსახურებას მინსკის ნაციონალურ აეროპორტში და უზრუნველყოფს ასაფრენ-დასაშვებ ბილიკს ხელოვნური საფარველით, პარკირების ადგილს, სისტემაზე წვდომას მგზავრების ავტომატიზებური რეგისტრაციისთვის, ბელარუსის აეროპორტებში არარეგულარული ფრენებისას დაშვებებისთვის, გამფრენი მგზავრის მომსახურებისთვის მომსახურებას, დაშვების უზრუნველყოფას. ამ მომსახურების გარეშე „მოვლე“ საერთოდ ვერ შეძლებს ბელარუსის ტერიტორიაზე ოპერირებას. ეს მიმართულება ერთერთი ძირითადი არსებული მიმართულებაა. როგორც ზემოთ აღინიშნა მინსკის მიმართულების შენარჩუნება და ოპტიმიზაცია რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

11.05.2017, 02.07.2019 და 22.06.2021 წლის ლიზინგის ნოვაციის ხელშეკრულებები

ლიზინგი ნოვაცია

UK AIRCRAFT LIMITED (ლიზინგის გამცემი), AIRCOMPANY ARMENIA (ლიზინგის ყოფილი მიმღები)

არსებული დამქირავებელი ჯორჯიან ეარვეისს ანიჭებს იმ უფლება-მოვალეობებს რაც მას გამქირავებელთან აკავშირებს 2016 წლის 5 ივლისის ხელშეკრულებით (ბოინგ 737-700 ლიზინგით აღებასთან დაკავშირებით).

ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდების გარეშე „მოვალისთვის“ შეუძლებელია ოპერირება.

Aviation Fuel Supply Agreement (Annex II Location Agreement for each Location)

საავიაციო საწვავის მიწოდების ხელშეკრულება (დანართი 1 ადგილმდებარეობიე სგანსაზღვრის ხელშეკრულება ყოველი ლოკაციისთვის)

საავიაციო საწვავის მიწოდება

Shell Nederland Verkoopmaatschappu

ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია საწვავის მიწოდება, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა „მოვალის“ ოპერირებისთვის

Standard Ground Handling Agreement – Simplified Procedure, Annex B – Location(s), Agreed Services and Charges

სტანდარტული ტერიტორიაზე მომსახურების ხელშეკრულება – გამარტივებული პროცედურა (დანართი ბ ლოკაციები, შეთანხმებული მომსახურებები და ტარიფები)

აეროპორტის მომსახურების მიწოდება

Koninklijke Luchtvaart Maatschappil N.V

ამსტერდამის ლოკაციაზე აეროპორტის მომსახურების (მოიცავს მგზავრების მომსახურებას) გარეშე „მოვალისთვის“ შეუძლებელი იქნება ამ ლოკაციაზე ოპერირება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამსტერდამის მიმართულება უმნიშვნელოვანეს ძირითადი მიმართულებებშია და რეაბილიტაციის დაგეგმვაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს. შესაბამისად, ხელშეკრულება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

 

14. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო)  მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

15. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება,  გადახდისუუნარობის  საქმის  წარმოების  ელექტრონულ  სისტემაში (ვებგვერდზე,  www.ecourt.geმისი  გამოქვეყნებიდან 05 (ხუთიდღის  ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 მოსამართლე                                                               ლიანა კაჟაშვილი