დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1313-VIIრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.020512 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მონაცემთა მიმღები − კერძო ან საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელსაც გადაეცა მონაცემები, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა; მ) მესამე პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც თანამდებობაზე აირჩევა ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით და ახორციელებს ამ კანონით ან/და სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“; გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“−„უ6“ ქვეპუნქტები: „უ1) ფარული საგამოძიებო მოქმედება − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება; უ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო; უ3) კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; უ4) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; უ5) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; უ6) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;“. 2. 31 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისთვის, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენებამდე მონაცემთა დამმუშავებელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უნდა მიაწოდოს იგივე ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მონაცემთა სუბიექტს, კერძოდ, ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნისა და მონაცემთა დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.“. 4. მე-19 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია აწარმოოს ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი. აღნიშნულ რეესტრში შეტანილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნებას.“. 5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება 1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ აღნიშნული ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 30 დღისა. 3. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, წარედგინება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ მონაცემების გადაცემიდან 24 საათში. 5. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. 6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტო მისი მიღებისთანავე აწვდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“. 6. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონაცემთა დამმუშავებელმა ყველა მონაცემთა მიმღებს უნდა აცნობოს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.“. 7. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მონაცემთა დამმუშავებლის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ისე უნდა ეცნობოს, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.“. 8. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია აგრეთვე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი მონაცემთა სუბიექტის მიმართვას განიხილავს ამ კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.“. 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1−V3 თავები: „თავი V1 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები, მისი არჩევა, ხელშეუხებლობა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მუხლი 40 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპები 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. მუხლი 40 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ბ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს; დ) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებსა და მოვალეობებს და ახდენს უფლებამოსილების მათთვის დელეგირებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს; ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (შემდგომ − სპეციალური წოდება) და აქვეითებს სპეციალურ წოდებაში; ზ) წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; თ) უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ი) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას. მუხლი 40 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადა 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი ცხადდება და საკონკურსო კომისია იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. ამ საკონკურსო კომისიის წევრები არიან: ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი; ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ე) საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი; ზ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან ღია კონკურსის წესით შერჩეული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ან/და მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 11 კვირისა და არაუგვიანეს 10 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებები და დაწესებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობას. საკონკურსო კომისიის წევრთა წარდგენის ვადის გასვლიდან 7 დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს საკონკურსო კომისიის პირველ სხდომას. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის ვადაში ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და მათ წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შერჩეული კანდიდატურების რაოდენობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სხვადასხვა სქესის კანდიდატების წარდგენა. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად. 6. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თუ საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს კენჭისყრით ვერ აირჩევს ან თუ ორივე კანდიდატი კენჭისყრამდე უარს იტყვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. 7. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე იქნა არჩეული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ იქნა არჩეული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომდევნო დღიდან. 8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. პირი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ. მუხლი 40 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც იგი თანამდებობებზე ნიშნავს ბრძანებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას ამ კანონით დადგენილი წესით. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების, ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებითა და სამართლებრივი გარანტიებით. მუხლი 40 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ხელშეუხებლობა 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირად უსაფრთხოებას დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები. მუხლი 40 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობებისა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩეული პირი ვალდებულია არჩევიდან 10 დღის ვადაში შეწყვიტოს თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან გადადგეს მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობიდან. სანამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩეული პირი არ შეწყვეტს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ან არ გადადგება მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობიდან, იგი არ არის უფლებამოსილი, შეუდგეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების განხორციელებას. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი აღნიშნულ ვადაში არ შეასრულებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება. მუხლი 40 7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) იგი სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ე) მან დაიკავა მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) იგი ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან; ზ) იგი გარდაიცვალა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე. მუხლი 40 8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობისა და თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებების განაწილების წესები დგინდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე დადგენილი წესით ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სამსახურის გავლის წესს ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. მუხლი 40 9. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოსამსახურეზე რაიმე ზემოქმედება და მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. ეს უფლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. მუხლი 40 10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიში 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ინფორმაციას წლის განმავლობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, ზოგად სტატისტიკურ ინფორმაციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და იმავე კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრულ პარლამენტის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, მიეწოდება საზოგადოებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით. თავი V2 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებები მონაცემთა დაცვის სფეროსა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში მუხლი 40 11. მონაცემთა დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს. ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ბ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა; გ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); დ) საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ინფორმირებულობის გაზრდა. მუხლი 40 12. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს შემოწმება. ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, ამ მონაცემთა დამუშავება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის. 7. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 4014 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის თაობაზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში აცნობებს მონაცემთა სუბიექტს და მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს. მუხლი 40 13. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის შემოწმება. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება გულისხმობს: ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადგენას; ბ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებებისა და პროცედურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) ფაილური სისტემის კატალოგთან, ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრსა და მონაცემთა გაცემის აღრიცხვასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას; დ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას; ე) მონაცემთა დაცვისთვის ამ კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დაცვის შემოწმებას. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განხორციელებისას ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა ან/და დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და აუცილებელია შემოწმების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფარგლებში განსახორციელებლად. 4. მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიაწოდოს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან ამ დაწესებულებასთან ან ერთეულთან კონსულტაციას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიებასა და დამუშავებას. 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განსახორციელებლად შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინფორმაციას, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და მონაცემების შემცველ ინფორმაციას, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველ მასალას ან/და დოკუმენტაციას ან/და ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა. 7. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის 4014 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. 8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გახდა ცნობილი. ეს ვალდებულება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. მუხლი 40 14. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება 1. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოავლენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევას, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე: ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ღონისძიებები და პროცედურები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მონაცემთა გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს მის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში; ვ) დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 2. მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს მისი მოთხოვნები და მათი შესრულების შესახებ აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. 3. თუ მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოს ან/და შესაბამისი სფეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედამხედველ (მარეგულირებელ) სახელმწიფო დაწესებულებას. 4. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 5. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს. 6. მონაცემთა დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა და იგი კანონით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. მუხლი 40 15. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მუხლი 40 16. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის − ჩატარების დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკონტროლებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით − მონაცემთა დამუშავების კანონიერებას; ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით − მონაცემთა დამუშავების კანონიერებას; გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას (ინსპექტირება). 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს სასამართლოს, პროკურატურისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით), ამ კანონით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილე პირის (გარდა მონაცემთა სუბიექტისა, გამომძიებლისა და პროკურორისა) ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და მისი შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელების პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს გამოყენებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური აღჭურვილობის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელება არ მოიცავს ფარული საგამოძიებო მოქმედების მომზადების/ჩატარების პროცესში უშუალო მონაწილეობას და შენიღბული საცხოვრებელი ან სამსახურებრივი ან სხვა შენიღბული ობიექტისა და შენობა-ნაგებობის ადგილზე შემოწმებას. 5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკონტროლებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 6. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 7. სააგენტოს შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია: ა) შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას; ბ) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს; გ) მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა; დ) სააგენტოს მოსამსახურეებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; ე) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 8. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია ითანამშრომლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სრულად მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე მისცეს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. თავი V3 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი მუხლი 40 17. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. 2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ან მოადგილის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მისი/მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში. 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. 8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 9. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი. მუხლი 40 18. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სოციალური დაცვა 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები). 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი იღებს: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს; ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს; გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს; დ) წელთა ნამსახურობის დანამატს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების გამო, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი. 7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 40 19. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შერჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და უფლებამოსილებანი 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე დასანიშნი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც არ უნდა იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებზე ნაკლები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს. 2. დასაშვებია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის უკონკურსოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობით გადაყვანა ან ჰორიზონტალური გადაყვანა. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.“. 10. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა გადაცემა შეიძლება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნებართვის მიღების შემდეგ.“. 11. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე.“. 12. 53-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინფორმაციისა და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა, მათ შორის, ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 13. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 55. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 1. ამ კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 552 მუხლი: „მუხლი 552. გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველად არჩევამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეირჩეს და საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინოს ამ კანონის 403 მუხლის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადოს და ამ კანონის 403 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უწყებებმა და დაწესებულებებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა გააცნონ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნას და საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა მოიწვიოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში; გ) ამ კანონის 403 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილმა ვადებმა შეინარჩუნოს მოქმედება და ისინი ხელახალი კონკურსის გამოცხადების მომენტიდან აითვალოს. 2. თუ საქართველოს პარლამენტი მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტისა და ამ კანონის 403 მუხლის შესაბამისად წარდგენილ კანდიდატთაგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტამდე აირჩევს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს 2022 წლის 1 მარტიდან. თუ საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანდიდატთაგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტის შემდეგ აირჩევს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს მისი არჩევის მომდევნო დღიდან. 3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 4. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სათანადო ქონებით აღჭურვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობა 2022 წელს ფინანსდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00). 6. ამ კანონის 4010 მუხლით გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2022 წელს არ წარედგინება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებისა, მე-9 პუნქტით გათვალისწინებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 401, 402, 404 და 408−4019 მუხლებისა და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-10−მე-13 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-8 პუნქტები, მე-9 პუნქტით გათვალისწინებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 401, 402, 404 და 408−4019 მუხლები და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-10−მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 30 დეკემბერი 2021 წ. N1313-VIIრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები