„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1377-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.020525
1377-VIIIმს-Xმპ
15/02/2022
ვებგვერდი, 23/02/2022
430040000.05.001.020525
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) 28-ე მუხლის:

ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნებისთვის გარდამავალ პერიოდად ითვლება პერიოდი 2030 წლის 1 იანვრამდე.

7. გარდამავალ პერიოდში დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ − ცენტრი).“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8−25-ე პუნქტები:

„8. გარდამავალ პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესს (შემდგომ − დროებითი წესი).

9. გარდამავალ პერიოდში დაწესებულებების ავტორიზაციის  განსახორციელებლად:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა ქმნის შესაბამის ელექტრონულ სისტემას (შემდგომ − რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა);

ბ) დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებს საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულება ვალდებულია ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის გავლის განრიგი.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ითვლება შესაბამისი დაწესებულების მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძვლად  ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის გავლის განრიგის გათვალისწინებით აღნიშნული დაწესებულების მიმართ ავტორიზაციის გავლის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

12. დაწესებულებას, რომელიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასებას ან იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს, უუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.

13. დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე არ ახორციელებდა საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, გარდამავალ პერიოდში ავტორიზაციას გაივლის დროებითი წესის შესაბამისად. ეს წესი ვრცელდება გარდამავალ პერიოდში დაწესებულების მიერ ხელახალი ავტორიზაციის განაცხადის (ავტორიზაციაზე უარის მიღების შემთხვევაში) ან ახალი ავტორიზაციის განაცხადის (დამატებით ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების სურვილის შემთხვევაში) წარდგენაზე ან ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულებისთვის საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმებაზე.

14. გარდამავალ პერიოდში დაწესებულების ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო). ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება დროებითი წესით.

15. ავტორიზაციის საბჭო დროებითი წესის შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის მინიჭების შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ;

დ) ავტორიზაციის შეჩერების შესახებ.

16. დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება დროებითი წესით.

17. დაწესებულებისთვის საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრს ავტორიზაციის განაცხადი წარუდგინოს საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების თარიღიდან ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

18. ავტორიზაციის მინიჭების შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ ავტორიზაციის განაცხადის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

19. გარდამავალ პერიოდში ცენტრი უზრუნველყოფს ავტორიზებული დაწესებულების მიერ მიწოდებული ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის განხორციელებას დროებითი წესის შესაბამისად. გარდამავალ პერიოდში ცენტრი ასევე ვალდებულია დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების მონიტორინგი.

20. ამ კანონით გათვალისწინებული ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ დაწესებულების საქმიანობის კონტროლს, ვალდებული არიან კონტროლის  (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა) განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ცენტრს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელოს დაწესებულების მონიტორინგი.

21. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ან ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოს მიერ აღნიშნული დაწესებულებისთვის შესაბამისი ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

22. გარდამავალ პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის შესაბამისად უზრუნველყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება და აღნიშნული სისტემის მუნიციპალიტეტებისა და ცენტრისთვის ხელმისაწვდომობა.

23. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებულ მონაცემთა საჯაროობა, აგრეთვე ამ მონაცემების საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ხელმისაწვდომობა.

24. გარდამავალ პერიოდში დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების ავტორიზაციის 4-წლიანი ვადა აღნიშნული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის თარიღიდან აითვლება.

25. გარდამავალ პერიოდში დროებითი წესით შესაძლებელია დადგინდეს ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში: 

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ეტაპობრივად მისაღწევად;

ბ) მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება მის ტერიტორიაზე მდებარე/მოქმედი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ეტაპობრივად მისაღწევად;

გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ეტაპობრივად მისაღწევად;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების დროს უზრუნველყონ მათ განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე/მოქმედი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის შესაბამისად;

ვ) მუნიციპალიტეტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლების მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულია საქართველოს მთავრობას დადგენილებით დასამტკიცებლად არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესი. 

3. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა უზრუნველყონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 თებერვალი 2022 წ.

N1377-VIIIმს-Xმპ