შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 280080020.10.003.023107
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
551
29/11/2021
ვებგვერდი, 30/11/2021
280080020.10.003.023107
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/11/2021 - 12/04/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №551

2021 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (შემდგომში – კონვენცია) 33-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას კონვენციის განხორციელების/იმპლემენტაციის კოორდინაციასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი  (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში – კომიტეტის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის თანათავმჯდომარე;

დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი – კომიტეტის წევრი;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ვ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე –კომიტეტის წევრი;

ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

კ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

მ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

ო) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომიტეტის წევრი;

პ) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი – კომიტეტის წევრი;

ჟ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომიტეტის წევრი;

რ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის  დირექტორი – კომიტეტის წევრი;

ს) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – კომიტეტის წევრი;

ტ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში − კომიტეტის წევრი;

უ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი – კომიტეტის წევრი.

2. კომიტეტის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ შემდეგი დაწესებულებების/უწყებების წარმომადგენლებს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურა;

დ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

ე) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი;

ვ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

ზ) საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი; 

თ) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;

ი) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

კ) საქართველოს სახალხო დამცველი (სახალხო დამცველის აპარატი);

ლ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;

მ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

ნ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ო) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

პ) კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან თემატურად დაკავშირებული შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები.

3. კომიტეტის მუშაობაში შეიძლება, მიწვეულ იქნენ მუნიციპალიტეტებთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოებისა და ამ საკითხებზე მომუშავე სხვა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და უწყებების წარმომადგენლები.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ და  მე-2 პუნქტებში მითითებულ უწყებებს ეთხოვოთ, კომიტეტის თავმჯდომარეს დადგენილების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინონ კომიტეტის წევრობის კანდიდატურები/საკონტაქტო პირები.
მუხლი 3
დამტკიცდეს კომიტეტის თანდართული დებულება. 
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დებულება

 


ზოგადი დებულებანი

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის  უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) წარმოადგენს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (შემდგომში – კონვენცია) განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ  მექანიზმს.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური) წარმოადგენს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ  საკონტაქტო უწყებას, რომელიც, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს კომიტეტის მუშაობას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კოორდინაციაში. საკონტაქტო უწყება ასევე უზრუნველყოფს კონვენციისა და კანონის აღსრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობას.

3. კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

4. კომიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

5. კომიტეტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. კომიტეტის ამოცანები

უწყებათაშორისი კომიტეტის ამოცანებია:

ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაცია, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით;

ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაცია, მათ შორის,  მუნიციპალიტეტის ორგანოებთან  თანამშრომლობით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის კომიტეტის რეკომენდაციებისა და ეროვნული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, კონვენციის შესრულების შესახებ გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტისთვის პერიოდული ანგარიშების, ასევე, საჭიროებისამებრ, დამატებითი ინფორმაციის მომზადების პროცესის კოორდინირება;

ე) საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ასახული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით არსებული ხარვეზების, ნაკლოვანებებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება; 

თ) კონვენციის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სხვა ფუნქციების შესრულება.

მუხლი 3. კომიტეტის უფლებამოსილებები

1. უწყებათაშორისი კომიტეტის უფლებამოსილებებია:

ა) გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უწყებათაშორისი კოორდინაცია კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საჭიროებების კვლევა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა;

ბ) გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და უზრუნველყოს უწყებათაშორისი კოორდინაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი აღსრულების მიზნით;

გ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები, მოკვლევები და მოამზადოს სათანადო პროექტები, წინადადებები და რეკომენდაციები;

დ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები, ასევე მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო დაწესებულებებიდან  გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს საჭირო ინფორმაცია;

ვ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული, მაგრამ გამომდინარეობს ან/და აუცილებელია ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.

2. კომიტეტის ამოცანების აღსრულებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები გამოიყოფა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

მუხლი 4. საკონსულტაციო საბჭო

1. კომიტეტის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციათა და შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციათა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო.

2. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა:

2.1. საკონსულტაციო საბჭოს 51%-ს შეადგენს:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია (ორგანიზაცია, რომლის წევრ, ასევე ხელმძღვანელ და წარმომადგენელ ორგანოებში მყოფ პირთა ნახევარზე მეტი შშმ პირია);

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი/აქტივისტი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაცია (ორგანიზაცია, რომლის წევრ, ასევე ხელმძღვანელ და წარმომადგენელ ორგანოებში მყოფ პირთა ნახევარზე მეტი შშმ ქალია);

დ) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი;

ე) 18 წელს მიღწეული მხარდაჭერის მიმღები პირი და/ან მისი კანონიერი მხარდამჭერი;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი (ორგანიზაცია, რომლის წევრ, ასევე ხელმძღვანელ და წარმომადგენელ ორგანოებში მყოფ პირთა ნახევარზე მეტი შშმ პირი/18 წლამდე ბავშვის მშობელი/18 წელს ზემოთ მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერია და რომელიც შშმ პირებს აწვდის შემდეგ სერვისებს: ინფორმირება, მხარდაჭერილი რეფერალი, ურთიერთდახმარება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება).

2.2. საკონსულტაციო საბჭოს დანარჩენ შემადგენლობაში, რომელიც შეადგენს 49%-ს შეიძლება, შევიდნენ:

ა) სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია;

ბ) შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია;

გ) შშმ პირთათვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია;

დ) საქართველოში მოქმედი შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია.

3. განცხადების წარდგენა საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში გაწევრიანების მსურველი ორგანიზაციისათვის ან პირისთვის შესაძლებელია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი №1).

4. წევრების შერჩევა ხდება საკონკურსო კომისიის მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთვის (სამსახურისთვის) განაცხადის წარდგენის, მინიმალური ზღვრის გადალახვის საფუძველზე. განმცხადებელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მუშაობის/მოხალისეობის უწყვეტი მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი მასალა და სამოტივაციო წერილი. საკონსულტაციო საბჭოში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული და მასში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს.

5. საკონკურსო კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ა) კომიტეტის თავმჯდომარე/თანათავმჯდომარე;

ბ) ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი;

გ) საქართველოს სახალხო დამცველის (სახალხო დამცველის აპარატის) წარმომადგენელი;

დ) ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ორი საერთაშორისო ორგანიზაციის (რომელიც არ იღებს მონაწილეობას კონკურსში კანდიდატის სახით) თითო წარმომადგენელი.

6. საკონკურსო კომისია ვალდებულია, გაასაჯაროოს საკონსულტაციო საბჭოს წევრების ვინაობა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

7. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის პირველად ვერსიას, კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური)  კომიტეტის სხდომამდე ორი კვირით ადრე უგზავნის საკონსულტაციო საბჭოს ყველა წევრს.  საკონსულტაციო საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან, წარადგინონ დასაბუთებული მოსაზრებები წარმოდგენილ დღის წესრიგსა და კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური) კომიტეტის თავმჯდომარესა და თანათავმჯდომარეებთან შეთანხმებით ასახავს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში.

8. საკონსულტაციო საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან, დაესწრონ კომიტეტის სხდომებს, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტის სხდომამდე ორი კვირით ადრე საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ინფორმაციას აწვდის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური).

მუხლი 5. თემატური სამუშაო ჯგუფები

1. კონვენციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, კომიტეტი, საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციის გზით, ქმნის  თემატურ სამუშაო ჯგუფებს კონკრეტული მიზნითა და განსაზღვრული დროით.

2. თემატური სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება, შედიოდნენ  საკონსულტაციო საბჭოს წევრები, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს/დაწესებულების (ადმინისტრაციული ორგანოს) წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები, ექსპერტები და სამუშაო ჯგუფის მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები.

3. თემატური სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს თემატური მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით;

ბ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც აუცილებელია თემატური სამუშაო ჯგუფებისთვის კომიტეტის მიერ განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად.

4. თემატური სამუშაო ჯგუფი მის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, წინადადებებსა და ანგარიშებს წარუდგენს კომიტეტს და საკონსულტაციო საბჭოს.

5. საჭიროებისამებრ, თემატური სამუშაო ჯგუფის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური).

მუხლი 6. კომიტეტის ანგარიშგება

კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 მარტისა.

მუხლი 7. კომიტეტის მუშაობის ორგანიზება

1. კომიტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს და სხდომებს წარმართავს/წარმართავენ კომიტეტის თავმჯდომარე/თანათავმჯდომარეები.

2. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარეს/თანათავმჯდომარეს, უფლება აქვს, მიიწვიოს კომიტეტის რიგგარეშე სხდომა.

3. კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ და ანალიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური), რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალური, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსით.

4. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს ადგენს და საჯაროდ მისაწვდომობას უზრუნველყოფს  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური).

5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე წევრთა 1/3-ზე მეტი.

6. კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/4-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. კომიტეტის სხდომა შესაძლებელია, გაიმართოს, როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული და ჰიბრიდული ფორმით. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება ჟესტური ენის თარგმანით.

8. კომიტეტის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე/თანათავმჯდომარე  და მდივანი.

9. კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თანათავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მიწვეული იქნან სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, სამოქალაქო ან საერთაშორისო ორგანიზაციისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები, შშმ პირები, თუ მათი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესასწავლად ან/და კვალიფიციური გადაწყვეტილების მისაღებად.

10. სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური) აქვეყნებს სხდომის ოქმს, ყველასთვის მისაწვდომი ფორმით, მათ შორის, ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.