„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1020-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 450030000.05.001.020421
1020-VIმს-Xმპ
16/11/2021
ვებგვერდი, 25/11/2021
450030000.05.001.020421
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) ძეგლის დაზიანება – ძეგლის ან მისი ნაწილის ან უძრავი ძეგლის ტერიტორიის იმგვარი ცვლილება, რომელიც აუარესებს მის ფიზიკურ მდგომარეობას ან ხელყოფს მის მახასიათებლებს და ამცირებს მის კულტურულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან მატერიალურ ღირებულებას;“;

ბ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1“ ქვეპუნქტი:

„წ1) ძეგლის დისკრიმინაციული დაზიანება – დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის ან მისი ნაწილის ან უძრავი ძეგლის ტერიტორიის იმგვარი ცვლილება, რომელიც აუარესებს მის ფიზიკურ მდგომარეობას ან ხელყოფს მის მახასიათებლებს და ამცირებს მის კულტურულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან მატერიალურ ღირებულებას;“;

გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ძეგლის განადგურება – ძეგლის მოსპობა ან ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა;“;

დ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი:

„ჭ1) ძეგლის დისკრიმინაციული განადგურება – დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის მოსპობა ან ძეგლზე ან მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა;“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დისკრიმინაციული დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვაზე;“.         

3. 30-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ან/და ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ ამ კანონით განსაზღვრული ძეგლზე ნებართვის მფლობელი, რომელიც იმავდროულად არ არის ძეგლის მესაკუთრე, არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს, მას სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლზე კონკრეტული მოქმედებების განხორციელების პირობებს და გონივრულ ვადას მათი განხორციელების უზრუნველყოფისთვის.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ან 11 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში დამრღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება ჯარიმა და დამრღვევის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

4. დამრღვევის დაჯარიმებიდან 6 თვის ვადაში მის მიერ წერილობით გაფრთხილებაში მითითებული პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს)/ძეგლზე ნებართვის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არ არის ძეგლის მესაკუთრე, ყოველ ექვს თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობის ჯარიმა და სამინისტრო/მუნიციპალიტეტი განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისთვის.“.

4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. პასუხისმგებლობა ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისთვის

დისკრიმინაციული ნიშნით ან სხვა მოტივით ძეგლის დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.

5. 49-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგების აღწერა;

ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან 1:2000), ტოპოგრაფიული გეგმა (მასშტაბი 1:500 ან 1:200) და გენერალური გეგმა (მასშტაბი 1:500 ან 1:200);“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი, ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის ჩამონათვალი) და რეკომენდაციები;“;

ა.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დასკვნა ძეგლზე სამუშაოების ჩატარებისას გამოსაყენებელი მასალის არსებულ მასალასთან თავსებადობის შესახებ;“;

ა.დ) „ნ“−„პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) შესაბამისი ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარების პროექტი (მასშტაბი 1:500 ან 1:200);

ო) სამუშაო პროექტი: არქიტექტურული ნაწილის განმარტებითი ბარათი, არქიტექტურული სამუშაო ნახაზები და შაბლონები (მასშტაბი 1:100, 1:50, 1:1); კონსტრუქციული ნაწილის განმარტებითი ბარათი და კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები (მასშტაბი 1:100, 1:50); საინჟინრო ქსელების განმარტებითი ბარათი, გარე და შიდა საინჟინრო ქსელების (ელექტროგაყვანილობა, წყალმომარაგება-კანალიზაცია, თბომომარაგება და სხვა საინჟინრო კომუნიკაციები) სამუშაო ნახაზები/სქემები (მასშტაბი 1:100, 1:200);

პ) სამუშაოების ჩატარების ორგანიზაციული პროექტი, სამუშაოთა გეგმა და დასაბუთება, რომელშიც ნაჩვენებია პროცესის თანამიმდევრობა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი;“;

ბ) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების (ფასადის სამღებრო სამუშაოები; საინჟინრო კომუნიკაციებისა და სარინების მოწყობა-დამონტაჟება მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე; ცალკეული არქიტექტურული დეტალების (მათ შორის, ღიობების, კიბეების, აივნების, დეკორატიული ელემენტების) სახეცვლილება, ინტერიერში ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო სამუშაოები, ძეგლის გაწმენდის სამუშაოები) პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ა) განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);

ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან 1:2000);

გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა;

დ) სამუშაოების ამსახველი გრაფიკული მასალა, რომელშიც ნაჩვენებია შესაბამისი ნიშნულები;

ე) ძეგლის შესაბამისი ნაწილის ანაზომები;

ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევა ჩასატარებელი სამუშაოების დასაბუთებით;

ზ) სამუშაოთა გეგმა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი;

თ) პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი;

ი) ფასადისა და ინტერიერში ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო სამუშაოებისას თავდაპირველ (ადრეულ) ფერთა სპექტრის ანალიზი.

41. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე აბრებისა და შუქფარების განთავსებას, ძეგლის სახურავის (საბურველის) საფრის (ყავარი, კრამიტი, ლორფინი და სხვა) გამოცვლას, სარინების შეკეთებას/გამოცვლას, საინჟინრო კომუნიკაციების შეკეთებას/გამოცვლას, შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ა) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა;

ბ) პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი;

გ) განმარტებითი ბარათი (შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);

დ) სამუშაოთა გეგმა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი;

ე) აბრებისა და შუქფარების განთავსების შემთხვევაში − სამუშაოების ამსახველი გრაფიკული მასალა, რომელშიც ნაჩვენებია შესაბამისი ნიშნულები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2021 წ.

N1020-VIმს-Xმპ