დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 967-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 370010010.05.001.020411 |
|
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ
|
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის (შემდგომ − ქარსაფარი ზოლი) სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტასთან, ქარსაფარი ზოლის აღრიცხვასთან, აღდგენასთან, გაშენებასა და მართვასთან და ქარსაფარი ზოლით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოს ტყის კოდექსით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 2. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია, ქარსაფარი ზოლის სამართლებრივი სტატუსისა და მართვის ღონისძიებების განსაზღვრით ხელი შეუწყოს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვას და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფას და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვას, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქარსაფარი ზოლი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვა; ბ) ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა; გ) ნიადაგის ქარისმიერი ეროზია − ქარის ზემოქმედებით გამოწვეული ნიადაგის ეროზია; დ) გაბატონებული ქარები − ქვეყნის სხვადასხვა მხარეში გარკვეული მიმართულებით მოძრავი ატმოსფერული ჰაერის მასები (ქარები), რომლებიც წლის განმავლობაში სხვა მიმართულებით მოძრავ ატმოსფერული ჰაერის მასებთან (ქარებთან) შედარებით მეტად არის გავრცელებული და რომელთა გადაადგილების სიჩქარე მეტია; ე) შედარებით სუსტი ქარი − ატმოსფერული ჰაერის მასა (ქარი), რომლის გადაადგილების საშუალო წლიური სიჩქარე 2 მ/წმ-დან 5 მ/წმ-მდეა; ვ) ზომიერად ძლიერი ქარი − ატმოსფერული ჰაერის მასა (ქარი), რომლის გადაადგილების საშუალო წლიური სიჩქარე 5 მ/წმ-დან 9,9 მ/წმ-მდეა; ზ) ძლიერი (გრიგალისებური) ქარი − ატმოსფერული ჰაერის მასა (ქარი), რომლის გადაადგილების საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია. თავი II. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება და შეწყვეტა. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვა მუხლი 4. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება 1. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) სპეციალური მოკვლევის ან ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით შემუშავებული დასკვნის საფუძველზე. 2. ქარსაფარი ზოლის სტატუსი ენიჭება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთს ან მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელზედაც გაშენებულია ან უნდა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი. 3. ქარსაფარი ზოლის საზღვრების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ქარსაფარი ზოლის სტატუსი მინიჭებულად მიიჩნევა. მუხლი 5. სპეციალური მოკვლევა 1. სპეციალური მოკვლევა ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთის ან მიწის ნაკვეთის იმ ნაწილის თაობაზე, რომელზედაც შესაძლებელია გაშენდეს ქარსაფარი ზოლი. აღნიშნული სპეციალური მოკვლევა მოიცავს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ნიადაგური და კლიმატური პირობებისა და მასზე მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ მონაცემების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის შეგროვებას. 2. სააგენტო სპეციალურ მოკვლევას ატარებს: ა) საკუთარი ინიციატივით; ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე; გ) მუნიციპალიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე; დ) შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე სპეციალური მოკვლევის ჩატარების შესახებ სააგენტოსთვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე. 3. სპეციალური მოკვლევის ჩატარების შესახებ განცხადების სააგენტოსთვის წარმდგენი შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს აგრეთვე ქარსაფარი ზოლის გაშენების მიზანშეწონილობის შესაფასებლად აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4. სააგენტო სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. 5. სპეციალური მოკვლევის შედეგების საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებისა და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე. მუხლი 6. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 1. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა იმ ტერიტორიების გამოსავლენად, რომლებზედაც ქარსაფარი ზოლები სრულად ან ნაწილობრივ არის შენარჩუნებული. 2. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგებში აისახება ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობისა და საზღვრების, ქარსაფარ ზოლებზე გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლებისა და ხნოვანებითი სტრუქტურის შესახებ მონაცემები, აგრეთვე შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თაობაზე ინფორმაცია. 3. სააგენტო ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. 4. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებისა და მასზე ქარსაფარი ზოლის გაშენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე. მუხლი 7. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა და ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაცია 1. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის ღონისძიებების განსახორციელებლად იქმნება ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა, რომელსაც მართავს სააგენტო. 2. ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემა საჯაროა. აღნიშნული სისტემა მოიცავს ინფორმაციას: ა) ქარსაფარი ზოლის საზღვრების შესახებ და შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თაობაზე; ბ) გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის კატეგორიის შესახებ; გ) ქარსაფარ ზოლზე გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ. 3. ქარსაფარი ზოლის საზღვრები რეგისტრირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა. 4. ქარსაფარი ზოლის საზღვრები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. მუხლი 8. ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტა 1. ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. 2. დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესის არსებობის დასაბუთებას. 3. ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესი; ბ) ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, თუ შესაბამისი პროექტის/სამუშაოს განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) განხორციელებული ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგადაც შეუძლებელია ქარსაფარი ზოლის ან მისი ნაწილის დანიშნულებისამებრ გამოყენება მიმდებარე მიწის ნაკვეთისთვის (ნაკვეთებისთვის) და არსებობს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის, სტრატეგიული ინტერესი, რომლის განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია. 4. თუ ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი აღარ არსებობს, სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაბამის მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს შეიძლება აღუდგეს ქარსაფარი ზოლის სტატუსი. მუხლი 9. ქარსაფარი ზოლის საკუთრება 1. ქარსაფარი ზოლი შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. ეს უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან. 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი მისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაციისა და ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტს. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლი მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III. ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება და მართვა მუხლი 10. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა 1. სამინისტრო ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს და ამტკიცებს ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმას, რომელიც მოიცავს მერქნიანი მცენარეების (ხეების) აღდგენის/გაშენების ღონისძიებათა სახეებსა და მეთოდებს. 2. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობების შერჩევის სამუშაოები ტარდება ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისგან, მათ შორის, თაფლოვანი მცენარეებისგან, რომლებიც დამახასიათებელია შესაბამისი გარემო პირობებისთვის და გამოიყენება ქარსაფარი ზოლის გასაშენებლად. 3. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი კატეგორიის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი სიძლიერის გაბატონებული ქარების მიმართ მდგრადი მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები და გაშენების მეთოდები. მუხლი 11. მუნიციპალიტეტების კატეგორიები გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტები გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით იყოფა 3 კატეგორიად: ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი (გრიგალისებური) ქარი; ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტი − მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზომიერად ძლიერი ქარი; გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტი – მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით სუსტი ქარი. მუხლი 12. ქარსაფარი ზოლის მოვლა 1. ქარსაფარი ზოლის მოვლა გულისხმობს უპირატესად ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის მიერ იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა უმთავრესი მიზანია მერქნიანი მცენარეების (ხეების) ფუნქციის შენარჩუნება და გაუმჯობესება. 2. ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ხნოვანებითი სტრუქტურისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მათი მოვლის ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოვლით ჭრას, სანიტარიულ ჭრასა და სარეკონსტრუქციო ჭრას, აგრეთვე მერქნიანი მცენარეების (ხეების) სხვლა-ფორმირებასა და ამოღება-გაშენებას. მუხლი 13. ქარსაფარი ზოლის დაცვა 1. ქარსაფარი ზოლის დაცვის ღონისძიებები მოიცავს მისი ფიზიკური დაცვის ღონისძიებებსა და ბიოლოგიური დაცვის ღონისძიებებს. ქარსაფარი ზოლის ფიზიკური დაცვა გულისხმობს მის დაცვას ხანძრისგან, უკანონო ჭრისგან, ძოვებისა და ნებისმიერი სხვა ქმედებისგან, რომელიც ზიანს აყენებს მერქნიან მცენარეებს (ხეებს). ქარსაფარი ზოლის ბიოლოგიური დაცვის განხორციელებისას ხდება მერქნიანი მცენარეების (ხეების) მავნებელ დაავადებათაგან, სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა უარყოფითი (მათ შორის, ანთროპოგენური) ზემოქმედებისგან დაცვა. 2. ქარსაფარ ზოლში არსებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) ბიოლოგიური დაცვა ხორციელდება გამწვანებული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, აგრეთვე მისი მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების ინტერესების გათვალისწინებით და მოიცავს როგორც სამეურნეო, ბიოლოგიურ, ქიმიურ და მექანიკურ მეთოდებს, ისე მერქნიანი მცენარეების (ხეების) უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის სხვა ღონისძიებებს. მუხლი 14. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენება 1. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრე უფლებამოსილია ეს მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი სამეურნეო მიზნით გამოიყენოს, თუ ეს ხელს არ უშლის მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. 2. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენება გულისხმობს ქარსაფარ ზოლში არსებული ამორტიზებული მერქნული რესურსებით, აგრეთვე მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით, არამერქნული რესურსებით (სოკო, სამკურნალო და საკვები ბალახეულობა, ტექნიკური ნედლეული, თუთის ფოთოლი, ბუჩქოვანი მცენარეების პროდუქტები და სხვა) და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (თესლი, ნაყოფი, კალამი, ძირკვი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა) სარგებლობას და სხვა. 3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის სარგებლობის უფლებით გადასცეს დაინტერესებულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მუნიციპალიტეტის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული წესით. 5. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის სარგებლობის უფლებით გადასცეს დაინტერესებულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სააგენტო აღნიშნული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციას 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 15. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება 1. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება დასაშვებია სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად (მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, მილსადენების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციებისა და არხების მშენებლობისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულებისთვის), აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისთვის. 2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხითა“ და „წითელი წიგნით“ დაცული სახეობებისა) განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის/სამუშაოს განხორციელების მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხითა“ და „წითელი წიგნით“ დაცული სახეობებისა) განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის/სამუშაოს განხორციელების მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 4. თუ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო სააგენტოს მიმართავს შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესის არსებობის დასაბუთებას. 5. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას გადაიხდება შესაბამისი კომპენსაცია. აღნიშნული კომპენსაციის გადახდის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი IV. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები და პირები მუხლი 16. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სამინისტროს და სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებები 1. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სამინისტროს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის დამტკიცება; გ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. 2. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; გ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება; დ) ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ე) ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის შექმნა და მართვა; ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება; ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება ამ ქარსაფარი ზოლის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემამდე; თ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა; ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; კ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. მუხლი 17. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა; დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება; ვ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ხელშეწყობა; ზ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. მუხლი 18. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებები და ვალდებულებები 1. ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვთ, სააგენტოსთან შეთანხმებით გააშენონ ქარსაფარი ზოლი (მათ შორის, სახელმწიფოს მხარდაჭერით) და უზრუნველყონ მისი მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება. 2. ფიზიკურ პირსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს აკისრიათ ვალდებულება, ხელი არ შეუშალონ შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში. თავი V. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის (მოვლისა და დაცვის) ღონისძიებების დაფინანსება. პასუხისმგებლობა ქარსაფარი ზოლის დაზიანებისთვის მუხლი 19. ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის (მოვლისა და დაცვის) ღონისძიებების დაფინანსება ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის (მოვლისა და დაცვის) ღონისძიებების დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა წყაროები. მუხლი 20. პასუხისმგებლობა ქარსაფარი ზოლის დაზიანებისთვის ქარსაფარი ზოლის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. სამინისტრომ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის გეგმის შემუშავება და დამტკიცება. 2. სააგენტომ 2025 წლის 1 მარტამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმის შესაბამისად უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია. 3. მუნიციპალიტეტმა ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის მიზნით 2030 წლის 1 იანვრამდე, ყოველწლიურად უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ არაუმეტეს 300 ჰა ქარსაფარ ზოლში არანაკლებ 1 უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 22. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 მარტამდე: ა.ა) უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; ა.ბ) დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი; ა.გ) დაამტკიცოს ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესი; ბ) 2023 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამა. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2022 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი. მუხლი 23. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 2 ნოემბერი 2021 წ. N967-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები