საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.023065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
507
15/10/2021
ვებგვერდი, 18/10/2021
040110030.10.003.023065
საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/10/2021 - 31/12/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №507

2021 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 493 მუხლის მე-3 პუნქტისა და  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 09/06/2021, 040110030.05.001.020336) მე-3 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები“ (შემდგომში – წესი).

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები

 


1. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლის მხარეც არის სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები გათავისუფლდნენ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.

2. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეს, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ გადახდილი აქვს ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასური ან/და პირგასამტეხლო, გადახდილი საფასური და პირგასამტეხლო ჩაეთვალოს გადაუხდელი პერიოდის სარგებლობის საფასურის ანგარიშში.

3. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლის მიერ გადახდილი, ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის საფასური და პირგასამტეხლო არ ექვემდებარება დაბრუნებას.

4. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებმა, მუნიციპალიტეტებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, გარდა ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე მხარეთა მიმართ ამ წესის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების დადგენის თაობაზე ამავე პუნქტებით დადგენილ ფარგლებში.

5. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განიხილონ და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა 2020 წლის 21 მარტიდან 2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე პერიოდის სარგებლობის საფასურისაგან ან/და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადაუხდელობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე.

6. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმოებმა განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონებით მოსარგებლე მხარეთა მიმართ ამ წესის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების დადგენის თაობაზე ამავე პუნქტებით დადგენილ ფარგლებში.

7. ამ წესით განსაზღვრული შეღავათები შესაძლებელია, აისახოს იმ ქვემოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვთ ამ წესით გათვალისწინებული მოსარგებლეებისგან, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შესაბამის მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

8. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებზე, გარდა ე. წ. სწრაფი გადახდის აპარატის განსათავსებელად გადაცემული უძრავი ნივთისა;

ბ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებზე ელექტრონული საკომუნიკაციო ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით გადაცემული უძრავი ნივთის ნაწილში;

გ) იმ მოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ნივთი გადაეცათ მასზე გარე რეკლამის განთავსების მიზნით.