უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018090
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
90/ნ
18/10/2021
ვებგვერდი, 19/10/2021
430210000.22.022.018090
უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/10/2021 - 06/02/2023)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 90/ნ

2021 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ3“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები“. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი

უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების

წესი და პირობები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ - სისტემა) შექმნისა და ადმინისტრირების წესს, პირობებს, სისტემაში ინფორმაციის შეტანისათვის პასუხისმგებელ სუბიექტებს, სისტემაში ინფორმაციის შეტანის, შეტანილ ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისა და სისტემიდან ინფორმაციის ამოღების წესებს.

2. სისტემაში აისახება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ამ პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ.

3. სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ - მართვის სისტემა), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ წესის მე-6 მუხლის თანახმად ასახული ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ - ცენტრი), ხოლო მართვის სისტემა უზრუნველყოფს ცენტრის ტექნიკურ მხარდაჭერას.

5.  სისტემა წარმოადგენს მართვის სისტემის სერვერზე განთავსებულ ბაზას, რომელიც აერთიანებს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას და მასში ინფორმაციის ხედვის/შეტანის/დამუშავების/ამოღების მიზნით, ავტორიზებული მომხმარებლები იყენებენ სპეციალურად შექმნილ აპლიკაციებს.

6. სისტემის მეშვეობით ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის მიზანია:

ა) უმაღლესი განათლების სისტემაში ზუსტი, დროული და რელევანტური ინფორმაციის არსებობის უზრუნველყოფა, ანალიტიკის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის, უმაღლესი განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და შეფასებისათვის, ასევე საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება;

ბ) აბიტურიენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების, ასევე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხული პირების სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების აღრიცხვა, მართვის სისტემის მიერ უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების გაანგარიშების, ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცესის ადმინისტრირებისა და  საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების უზრუნველყოფის და სისტემის მეშვეობით კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისთვის;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად, საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმება.

მუხლი 2. სისტემის ადმინისტრირება და სისტემით სარგებლობის უფლება

1. მართვის სისტემა და ცენტრი უფლებამოსილნი არიან, სისტემის ფუნქციონირებისა და ადმინისტრირების მიზნით, განსაზღვრონ სისტემაზე წვდომის/დაშვების დონეები.

2.   მართვის სისტემა და ცენტრი უფლებამოსილნი არიან, სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების/ვერიფიკაციის ან/და მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის/კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სტატუსის არსებობის ფაქტის დადგენის/გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშავოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული, ფიზიკური პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ა) სახელი, გვარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

ბ) პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) სქესი;

ე) მოქალაქეობა;

ვ) იურიდიული მისამართი;

ზ) ინფორმაცია პირის გარდაცვალების შესახებ.

3. გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტისა და აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტისა, ელექტრონული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისათვის მართვის სისტემა უფლებამოსილია მიიღოს და გამოიყენოს ასევე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არსებული სხვა პერსონალური მონაცემებიც, მართვის სისტემის მიერ სახელმწიფო დაფინანსების გაანგარიშების, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის, მაგისტრების ჩარიცხვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცესის ადმინისტრირების და   მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელების მიზნით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მართვის სისტემას წარუდგენს შემდეგ მონაცემებს:

ა) საქართველოს მოქალაქის/საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგამოცდო ნომერი, საკონკურსო ქულა, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი (მუნიციპალიტეტი). საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, საგამოცდო ნომერი, საკონკურსო ქულა.

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და კოდი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება და კოდი, წლიური საფასური, ასევე ჩაბარებული საგნები მიღებული შეფასებებით და ჩარიცხვის ბრძანების რეკვიზიტები (მაგისტრანტების შემთხვევაში);

გ) მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულები პირების შემთხვევაში ასევე საგნის სახელწოდება, საგამოცდო წელი, ქულა, ჩაბარებული აქვს თუ არა საგნის გამოცდა წარმატებით/დადასტურებული აქვს თუ არა საგნობრივი კომპეტენცია.

5. სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს.

მუხლი 3. სისტემის მომხმარებლები და ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის უფლებები

1. მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, სისტემის მომხმარებლები არიან:

ა) საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო;

ბ) მართვის სისტემა;

გ) ცენტრი;

დ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

2. სისტემა მოიცავს ინფორმაციაზე/მონაცემზე წვდომის შემდეგი სახის უფლებებს:

ა) ინფორმაციის/მონაცემის ხედვა;

ბ) ინფორმაციის/მონაცემის ასახვა/რედაქტირება.

3.   ინფორმაციაზე/მონაცემზე ხედვის უფლება გულისხმობს სისტემის მომხმარებლის მიერ ინფორმაციის/მონაცემების მხოლოდ დათვალიერების შესაძლებლობას.

4.   ინფორმაციის/მონაცემის ასახვა/რედაქტირების უფლება გულისხმობს სისტემის მომხმარებლის მიერ ინფორმაციის/მონაცემის ასახვის, შეცვლისა და ამოღების შესაძლებლობას.

5.   შესაძლებელია სისტემის მომხმარებელს ერთდროულად გააჩნდეს ინფორმაციის/მონაცემის ხედვისა და ინფორმაციის/მონაცემის ასახვის/რედაქტირების უფლება.

6.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების/უფლებების მინიჭება კონკრეტული პირისათვის განხორციელდება უფლებამოსილი დაწესებულების მიერ მართვის სისტემისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ შესატანი ინფორმაცია

1. სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, (შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მითითებით);

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართ(ებ)ი, საფოსტო კოდი, ტელეფონის  ნომერი, ელექტრონული ფოსტისა და ვებგვერდის მისამართი;

გ) დამფუძნებელი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სახელმწიფო) და მისი საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

დ) სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი, ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციისა და სახელწოდების ცვლილების შესახებ შესაბამისი აქტების მითითებით (აქტის ნომერი, მისი მიღებისა და ძალაში შესვლის თარიღები);

ე) საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხელმოწერების დასკანერებული ვერსია, პირადი ნომერი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, უფლებამოსილების მინიჭებისა და შეწყვეტის თარიღი შესაბამისი აქტების მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ, პერიოდის მითითებით, შესაბამისი აქტის დასახელება, ნომერი და მიღების თარიღი;

ზ) საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების პერიოდში არსებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატისა და ვეტერინარის მომზადების სერტიფიკატის ფორმების დასკანერებული ნიმუშები, მათი მოქმედების ვადის მითითებით;

თ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკონტაქტო პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი);

ი) საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდის, შტამპის და სატიტულო ფურცლის დასკანერებული ნიმუშები, მათი დამტკიცების/გაუქმების თარიღების მითითებით;

კ) ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღის, მათი მოქმედების ვადისა და იმ შესაბამისი საფეხურების მითითებით, რომელზეც განხორციელდა დაწესებულებისათვის ავტორიზაციის მინიჭება;

ლ) საგანმანათლებლო დაწესებულების სახე;

მ) სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა.

2. სისტემაში დაწესებულების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას  –   შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და „კ“-„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები სისტემაში აისახება მართვის სისტემის მიერ, რისთვისაც ცენტრი, მასსა და მართვის სისტემას შორის შეთანხმებული ფორმით, მართვის სისტემას აწვდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე არსებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს მისი მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას - გამოქვეყნებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 5. საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შესატანი ინფორმაცია

1. სისტემა ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარის მომზადებისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო და სხვა პროგრამების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება და მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები;

ბ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზებულ რეჟიმში მოქმედების თაობაზე, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღისა და მოქმედების ვადის მითითებით;

გ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღისა და მოქმედების ვადის მითითებით;

დ) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა;

ე) საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები სისტემაში აისახება მართვის სისტემის მიერ, რისთვისაც ცენტრი, მასსა და მართვის სისტემას შორის შეთანხმებული ფორმით, მართვის სისტემას აწვდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 6. საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირების შესახებ შესატანი ინფორმაცია

1. სისტემა საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი და გვარი (ქართულად/ინგლისურად), პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის ნომერი), დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის(მათ შორის, მობილური ტელეფონის) ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის  და დასრულების თარიღებისა და დოკუმენტის ნომრის მითითებით, აგრეთვე დასრულების თარიღისა და შესაბამისი დოკუმენტის ნომრის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია აფილირების შესახებ, აფილირების წარმოშობის თარიღისა და დასრულების თარიღის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ინფორმაცია სამუშაო დატვირთვის (სასწავლო, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, არასაგანმანათლებლო და სხვა) შესახებ;

ე) ინფორმაცია განათლების/კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის შესახებ;

ვ) საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები (პროგრამის დასახელება, სწავლების საფეხური, სასწავლო /სამეცნიერო კვლევითი კომპონენტი, სფერო/დარგი, სასწავლო წელი, სემესტრი), რომლის/რომელთა განხორციელებაშიც მონაწილეობს პირი;

2. სისტემა დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი და გვარი (ქართულად/ინგლისურად), პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნომერი), დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი/მობილური/ელექტრონული ფოსტის მისამართი);

ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღისა და დასრულების თარიღის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია სამუშაო დატვირთვის შესახებ;

დ) ინფორმაცია განათლების/აკადემიური ხარისხის შესახებ;

3. სისტემა მოიცავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი და გვარი (ქართულად/ინგლისურად), პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი/მობილური/ელექტრონული ფოსტის მისამართი);

ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების წარმოშობის თარიღისა (შესაბამისი კოლეგიური ორგანოს მიერ არჩევის თარიღის) და დასრულების თარიღის მითითებით (უფლებამოსილების ვადის ხანგრძლივობა);

გ) ინფორმაცია განათლების/აკადემიური ხარისხის შესახებ.

4. სისტემაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ მუხლის პირველი, მე–2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიტანება შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის ასახვის განსხვავებული ვადები).

მუხლი 7. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ შესატანი ინფორმაცია

1. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ სისტემა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა;

ბ) მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი);

გ) ჩარიცხვის ბრძანების ნომერი და თარიღი;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური;

ე) საგანმანათლებლო პროგრამა (მისანიჭებელი კვალიფიკაციის და კოდის მითითებით), რომელზეც განხორციელდა ჩარიცხვის უფლების მინიჭება;

ვ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სწავლის საფასური;

ზ) ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი საფუძვლის მითითებით (მათ შორის, ბრძანების ნომერი და თარიღი);

თ) საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, რომლის დამთავრების საფუძველზეც პირი ჩაირიცხა შესაბამის საფეხურზე, დამთავრების წელი, ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის ნომერი და ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის გაცემის თარიღი (არსებობის შემთხვევაში);

ი) ჩარიცხვის ფორმა/მეთოდი;

კ) ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი, ასევე შესაბამისი დოკუმენტის დასკანერებული ვერსია;

ლ) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული საგამოცდო ნომერი/საკონკურსო/ სკალირებული ქულა, ასევე ჩარიცხვის უფლების მქონე პირის მიერ წარმატებით დაძლეული საგნების ჩამონათვალი;

მ) პირის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2. სისტემაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, გარდა ამ მუხლის  მე-3 - მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას - შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა (აბიტურიენტების) შესახებ, მართვის სისტემის მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია (გარდა „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელისა და გვარისა ინგლისურ ენაზე და ბინადრობის მოწმობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, გარდა დაბადების თარიღის, სქესის და მოქალაქეობისა),  სსიპ  –  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტსა და აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში ასახულ და ამავე ცენტრის მიერ მოწოდებულ დამატებით ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციის მართვის სისტემისათვის მიწოდებიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.

4. საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული მაგისტრანტების შესახებ, მართვის სისტემის მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“, „გ“ „დ“, „ე“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ ინფორმაციის მართვის სისტემისათვის ელექტრონული ფორმით მიწოდებიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში. ამ მონაცემთა წყაროს წარმოადგენს  „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაწესებულების მიერ ჩარიცხული პირების შესახებ ასახული ინფორმაცია.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა  შესახებ მართვის სისტემის მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მართვის სისტემისათვის წარდგენიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.

6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების სავალდებულოდ დადგენამდე ჩარიცხული პირების შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სისტემაში აისახება მართვის სისტემის მიერ. მართვის სისტემა უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და დაამუშაოს მონაცემების დაინტერესებული პირის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, სწავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე.

მუხლი 8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კოდის მინიჭება

1. თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას იდენტიფიცირებისათვის ენიჭება ინდივიდუალური ხუთნიშნა კოდი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღრიცხვა იწყება ინდექსით - 3.

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინდივიდუალური კოდი ენიჭებათ უწყვეტობის პრინციპის შესაბამისად, დაწესებულების ტიპის გათვალისწინებით.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რიგითობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თანმიმდევრობის მიხედვით.

მუხლი 9. სისტემის მონიტორინგი და რეგისტრირებულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანა.

1. სისტემაში შეტანილი ინფორმაციის გადამოწმება (მონიტორინგი) ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

2. იმ გარემოებათა შეცვლისას, რაც საფუძვლად დაედო სისტემაში ინფორმაციის შეტანას, სისტემაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, სისტემაში ჩანაწერის ცვლილების/ამოღების საფუძველია აგრეთვე სისტემაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგები მართვის სისტემის მიერ ეგზავნება ცენტრს.

5.  ცენტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის/აკრედიტაციის პირობების შემოწმების შესახებ. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მისთვის წარდგენილი მონიტორინგის შედეგებიდან იკვეთება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის/აკრედიტაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მუხლი 10. სისტემაში ინფორმაციის შეტანის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის სისწორეზე

1. საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე ამ წესით განსაზღვრული სხვა სუბიექტები,  ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში დადგენილ ვადებში ასახვა.

2. სისტემაში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა ან არასწორად/არასრულად ასახვა შეიძლება გახდეს სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ განსახორციელებელი მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.

3. სისტემაში ასახული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.

მუხლი 11. სისტემაში ასახული ინფორმაციის უტყუარობის პრეზუმფცია 

1. სისტემაში ასახული ინფორმაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება სისტემის მონაცემები.

მუხლი 12. სისტემაში მომხმარებელთა ავტორიზაცია

1. სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია.

2. ავტორიზაციის გავლის შემდეგ თითოეულ მომხმარებელს ელექტრონულ სისტემაში გააჩნია მონაცემებზე მისთვის მინიჭებული წვდომის მასშტაბი.

3. პაროლით სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში, პაროლის აღდგენა შესაძლებელია მართვის სისტემისთვის მიმართვის საფუძველზე, მისთვის სისტემაში რეგისტრირებულ ელექტრონულ ფოსტაზე პაროლის გაგზავნის გზით.

4. სისტემაში შესაბამისი თანამშრომლის/თანამშრომლების მომხმარებლად რეგისტრაცია და  შესაბამისი უფლების/უფლებების მინიჭება კონკრეტული პირისათვის ხორციელდება უფლებამოსილი დაწესებულების მიერ მართვის სისტემისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 13. სისტემის უსაფრთხოება

1. სისტემის ვებგვერდი განთავსებულია მართვის სისტემის სერვერებზე, რომლის უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურობას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.

2. დაუშვებელია ავტორიზებული მომხმარებლის მიერ მომხმარებლის სახელის და პაროლის გადაცემა სხვა პირებზე. უსაფრთხოების აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია არაავტორიზებული წვდომით მიღებულ შედეგზე.

3. ავტორიზებული მომხმარებლის სესიის ხანგრძლივობა სისტემაში უმოქმედობის შემთხვევაში განისაზღვრება 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად ხდება სისტემიდან გამოსვლა (Log out) და სესიის გასუფთავება.

მუხლი 14.  სისტემაში არსებული მონაცემების კონფიდენციალობა და შენახვის ვადა

1. სისტემაში ასახული ზოგიერთი მონაცემი წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს.

2. სისტემაში ასახული პერსონალური მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და დაცულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

3. სისტემაში ასახულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გააჩნია:

ა) სისტემის სუბიექტის თანამშრომლებს, რომელთაც გააჩნიათ სისტემაში მონაცემებზე წვდომის შესაბამისი მასშტაბი;

ბ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომელთაც საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით ესაჭიროებათ მონაცემებზე წვდომა და გააჩნიათ სისტემაში მონაცემებზე წვდომის შესაბამისი მასშტაბი;

გ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობენ სისტემის შექმნაში (დეველოპერი), დახვეწაში ან/და მართვაში;

დ) სხვა პირებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან სისტემაში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. სისტემაში ასახული პერსონალური მონაცემები ინახება:

ა) აბიტურიენტების შესახებ - 1 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდგომ - მონაცემები წაიშლება;

ბ) აქტიური და შეჩერებული პირების შესახებ - აქტიური/შეჩერებული სტატუსის განმავლობაში;

გ) შეწყვეტილი სტატუსის მქონე და კურსდამთავრებული პირების შესახებ  - ელექტრონულად არქივდება და ინახება 75 წლის განმავლობაში. დაარქივებული მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის სისტემის მომხმარებლებისათვის. დაარქივებულ მონაცემებზე წვდომა ექნება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს/პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 75 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ - მონაცემები წაიშლება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის აქტიური სტატუსის შეწყვეტაში იგულისხმება -  საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირებისათვის სტატუსის შეწყვეტა კვალიფიკაციის/კურსდამთავრებულის სტატუსის მინიჭებით, ხოლო დაწესებულებაში დასაქმებული ნებისმიერი პირისთვის - ამავე დაწესებულებასთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

მუხლის 15. სისტემაში განხორციელებული ოპერაციების შენახვა (ლოგირება)

1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფილია ე.წ. ლოგირების საშუალებებით. მომხმარებლის სამუშაო გარემოდან განხორციელებული წარმატებული და წარუმატებელი ოპერაციების და მცდელობების 100% (წაკითხვა, დამატება, რედაქტირება და წაშლა-CRUD) ინახება (ლოგირება), წაკითხვის შემთხვევაში, განხორციელდება მხოლოდ იმ გვერდების ლოგირება, სადაც ფიქსირდება პერსონალური მონაცემი.

2. სისტემისგან დამოუკიდებლად განხორციელდება მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებების (CRUD) ლოგირება.

3. ავტორიზებული მომხმარებლის ქმედების ლოგირება:

ა) ქმედების ტიპი-CRUD;

ბ) ქმედების ობიექტი;

გ) ქმედების დრო;

დ) მომხარებლის სახელი;

ე) IP მისამართი.

4. შეცდომის ლოგირება:

ა) შეცდომის ტიპი;

ბ) შეცდომის დაშვების დრო;

გ) ქმედების ობიექტი;

დ) IP მისამართი.

მუხლი 16. სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების ელექტრონული აღრიცხვა

1. მართვის სისტემა აწარმოებს სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების აღრიცხვას. აღირცხვის მიზნით, მართვის სისტემა ინახავს გამოთხოვილი ინფორმაციის საერთო რაოდენობას, თითოეული მოთხოვნის გაგზავნის დროს და შინაარსს, მიღებული ინფორმაციის შინაარსსა და დროს. ასევე, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მისგან გაგზავნილი ყოველი მოთხოვნის ავტორის (მომხმარებლის) იდენტიფიცირებას და აღრიცხვას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია ინახება 6 თვის ვადით.

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი წარმოადგენს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განუყოფელ ნაწილს და მის მონაცემთა წყაროს.

2. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სრულად შექმნამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახული ინფორმაცია ჩაითვალოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციად, გარდა დაწესებულების შეხედულებისამებრ ან/და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ასახული ინფორმაციისა.

3. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სრულად ამოქმედებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ელექტრონულ სისტემებთან/მონაცემთა ბაზებთან ავტომატური წვდომის სრულყოფილად უზრუნველყოფის შემდგომ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ამ პროგრამების განმახორციელებელი პირებისა და ამ პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ ინფორმაცია სისტემაში გენერირდება ავტომატურად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

4. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სრულად შექმნამდე, უმაღლესი განათლების დაფინანსების გაანგარიშების, საგანმანათლებლო დაწესებულებების თავისუფალი ადგილების გაანგარიშებისა და სტატისტიკის წარმოების მიზნით,  სისტემაში არსებული ინფორმაციის სარეზერვო ასლის შექმნა ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სარეზერვო ასლების და ჩანაწერების შენახვის წესის შესაბამისად.

5. მართვის სისტემა ვალდებულია 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს წინამდებარე წესით გათვალისწინებული სისტემის შექმნა და გამართული ფუნქციონირება.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი