დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 497 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/10/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 370060000.10.003.023049 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/10/2021 - 29/03/2022)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა. |
მუხლი 2 |
დაევალოს სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, ხოლო სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს − ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. |
მუხლი 3 |
ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის
სახელმწიფო პროგრამა |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ერთ-ერთ ღონისძიებას. 2. პროგრამის მიზნებია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალური გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; ბ) საძოვრების დეგრადაციის პრევენცია; გ) საქართველოში მეცხოველეობის განვითარებისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; დ) მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ პროგრამის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პრეტენდენტი – ფიზიკური პირი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), გარდა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებისა ან/და ამ უკანასკნელთა წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა, ან ამხანაგობა, რომელსაც ან/და რომლის მეპაიეს/წევრს მფლობელობაში ჰყავს მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი და მათი გამოკვების მიზნით, პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგენს განაცხადს; ბ) მონაწილე − პრეტენდენტი, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტოს მიერ შერჩეულ იქნა პროგრამაში მონაწილეობისათვის; გ) იჯარის ხელშეკრულება − სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომში – ქონების ეროვნული სააგენტო) და მოიჯარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საძოვრით სარგებლობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა უფლება-მოვალეობებს; დ) საძოვარი – სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთი, გარდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთებისა; ე) მოიჯარე – პროგრამის მონაწილე, რომელთანაც გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება; ვ) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ასევე ამხანაგობა, რომელიც დაინტერესებულია, მის მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს სახელმწიფო საკუთრებად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწად ან/და დაინტერესებულია, კატეგორიის გარეშე სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს განესაზღვროს საძოვრის კატეგორია, შემდგომ იჯარის უფლებით, პროგრამის ფარგლებში აუქციონზე გასაცემად; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; თ) პროგრამაში ჩართული პირუტყვი – მოიჯარის მფლობელობაში არსებული მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იდენტიფიცირებულია ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მუხლი 4. იჯარით გასაცემი საძოვრების შერჩევა 1. პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით, აუქციონის ფორმით, გაიცემა საძოვრები, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით დადგენილი პირობებით. 2. იჯარით გასაცემი საძოვრის შერჩევა ხორციელდება სააგენტოს მიერ შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით. 3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში არსებული იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შერჩევა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შერჩევა ხდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 5. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე საძოვრის შერჩევა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომში – წიაღის სააგენტო) შეთანხმებით, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში, აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. 6. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები შესაბამის ინფორმაციას სააგენტოს წარუდგენენ არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო შესაბამის ინფორმაციას სააგენტოს წარუდგენს არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. 8. სააგენტო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემის მიზნით შერჩეული საძოვრ(ებ)ის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი), ამ მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების დადებით პოციზიებთან ერთად, შესათანხმებლად წარუდგენს ქონების ეროვნულ სააგენტოს. 9. ქონების ეროვნული სააგენტო შესაბამის ინფორმაციას სააგენტოს წარუდგენს არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. 10. ამ მუხლის მე-2 – მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების უარი უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ მოსაზრებას მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. 11. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საძოვრის იჯარით გაცემის თაობაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს უარი დასაშვებია, თუ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებზე გაცემულია შესაბამისი ლიცენზია ან/და დაგეგმილია შესაბამისი ლიცენზიის გაცემა სააგენტოს მიმართვიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. 12. სააგენტო უფლებამოსილია, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს: ა) არანაკლებ 100 ჰა ფართობის უფლებადაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, კანონმდებლობის შესაბამისად შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი) შესაბამისი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით, საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაციის მიზნით; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კატეგორიის გარეშე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი), მისი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაციის მიზნით. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიწის ნაკვეთების დანიშნულებებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიების იდენტიფიცირებისთვის, ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია. 14. სააგენტო შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდგომ, პროგრამის ფარგლებში იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge; www.land.gov.ge), განაცხადების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე. მუხლი 5. პროგრამაში მონაწილეობის პირობები 1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პრეტენდენტს, რომელსაც შერჩეული აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვარი და, ამავდროულად, განაცხადის წარდგენისას მას ან/და მის მეპაიეს/წევრს მფლობელობაში აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა განაცხადის რეგისტრაციისას სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, მის ან/და მისი მეპაიის/წევრის მფლობელობაში არსებული მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შესახებ, გაცემული განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით ადრე; ბ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1 მისი ან/და მისი მეპაიის/წევრის მფლობელობაში არსებული მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის თაობაზე, გაცემული განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით ადრე; გ) ინფორმაცია მისი ან/და მის მეპაიეთა/წევრთა საკუთრებაში არსებული საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის შესახებ, ასევე მის ან/და მის მეპაიეთა/წევრთა სარგებლობაში არსებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრ(ებ)ის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ამონაწერ(ებ)ით საჯარო რეესტრიდან გაცემული განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით ადრე; დ) პრეტენდენტი: დ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო თუ პრეტენდენტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რეესტრის ასლი; დ.გ) ამხანაგობის შემთხვევაში – ამხანაგობის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. პრეტენდენტს უფლება აქვს, იჯარის უფლებით მიიღოს საძოვარი ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ოდენობის პროპორციულად, მის ან/და მისი მეპაიის/წევრის მიერ სახელმწიფოსაგან სარგებლობის უფლებით მიღებული საძოვრის ფართობის გამოკლებით. მუხლი 6. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენა 1. პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია წარმოებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადებში. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ქვეყნდება პერიოდულად და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს. განაცხადის ფორმას ამტკიცებს სააგენტო. 2. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ქვეყნდება სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge; www.land.gov.ge). 3. სააგენტოში განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა წარმოებს მატერიალური ფორმით. 4. სააგენტო ამოწმებს პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობას. მუხლი 7. სააგენტოს მიერ განაცხადის განხილვა 1. პრეტენდენტ(ებ)ის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული მონაცემების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო განაცხად(ებ)ის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე ხარვეზის დადგენის შესახებ და პრეტენდენტს აძლევს 10 (ათი) კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განაცხადის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში პრეტენდენტის მიერ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. პრეტენდენტი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმეორებით წარადგინოს განაცხადი. 3. სააგენტო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას და ადგენს მონაწილეთა სიას კონკრეტული საძოვრის მიწის ნაკვეთებზე წარდგენილი დაინტერესებების მიხედვით, რომელსაც აგზავნის ქონების ეროვნულ სააგენტოში. მუხლი 8. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გადაცემის წესი და პირობები 1. პროგრამით განსაზღვრული საძოვრის იჯარით გაცემის მიზნით ქონების ეროვნული სააგენტო ატარებს აუქციონს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. შესაბამისი საძოვრის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სააგენტოს მიერ შერჩეულ პროგრამის მონაწილე(ებ)ს. 3. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ შესაბამისი საძოვრის იჯარით გაცემის მიზნით შერჩეულია მხოლოდ ერთი მონაწილე, პროგრამაში მონაწილეს საძოვარი სარგებლობის უფლებით გადაეცემა აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის გზით. 4. იჯარით გასაცემი საძოვრების ზღვრული დატვირთვის ნორმები განისაზღვრება: ა) ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის – არანაკლებ 1 ჰექტრისა და არაუმეტეს 1.5 ჰექტრისა; ბ) ერთი სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის – არანაკლებ 0.2 ჰექტრისა და არაუმეტეს 0.5 ჰექტრისა. 5. ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქონების ეროვნული სააგენტო განიხილავს სააგენტოს ინფორმაციას და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს აუქციონის გამოცხადებას, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 10 (ათი) დღეს. 6. აუქციონი ტარდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, პროგრამის მონაწილეთა შორის, რომლის დროსაც საძოვრის საწყისი სარგებლობის საფასური განისაზღვრება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების შესაბამისად. 7. პროგრამის ფარგლებში აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იჯარით გადაეცემა საძოვარი 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო საძოვარი, რომელიც მდებარეობს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე – ერთი წლის ვადით, თუ ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით სხვა ვადა არ იქნა განსაზღვრული. 8. აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს, ქონების ეროვნულ სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეს შორის ფორმდება იჯარის ხელშეკრულება. მუხლი 9. მოიჯარის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები 1. მოიჯარე ვალდებულია: ა) გადაიხადოს ყოველწლიური საიჯარო ქირა, მათ შორის, პირველი წლის საიჯარო ქირა – აუქციონის დასრულებიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში; ბ) უზრუნველყოს იჯარით მიღებული საძოვრის მოვლა-პატრონობა. არ დაუშვას საძოვარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის პირუტყვის ძოვება; გ) უზრუნველყოს იჯარის უფლებით მიღებულ საძოვარზე მხოლოდ პროგრამაში ჩართული პირუტყვის ძოვება; დ) არ დაუშვას საძოვრის დაბინძურება მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის გაპარსვის ან/და დაკვლის შედეგად მიღებული ნარჩენებისაგან. 2. იჯარის უფლების მესამე პირისთვის დათმობა ან/და საძოვრის ქვეიჯარით გაცემა დასაშვებია მხოლოდ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სააგენტოსთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. მუხლი 10. პროგრამის პირობების დარღვევის შედეგები 1. პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ ან/და სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მონაწილეს განესაზღვრება დამატებითი ვადა შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის. 2. პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა ან/და პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულად/ არასწორად წარდგენა წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს. 3. ამ მუხლის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მონაწილე იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში კარგავს პროგრამაში მონაწილეობის უფლებას. მუხლი 11. საინფორმაციო კამპანია 1. პროგრამის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს სააგენტო მედიის, ბეჭდური მასალის, მოსახლეობასთან შეხვედრებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით. 2. საინფორმაციო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სააგენტოს ასიგნებების ფარგლებში. |
დოკუმენტის კომენტარები