საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 29/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016572
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44/2021
29/07/2021
ვებგვერდი, 30/07/2021
010210010.15.008.016572
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/07/2021 - 06/08/2021)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №44/2021

2021 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულება.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძე
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი“) საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის (შემდგომში „საკონსულტაციო ჯგუფი“) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, უფლებამოსილებას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საკონსულტაციო ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით.

3. საკონსულტაციო ჯგუფი იქმნება საარჩევნო პერიოდით.

4. საკონსულტაციო ჯგუფი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ორგანოს და მის გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.


მუხლი 2. საკონსულტაციო ჯგუფის უფლებამოსილება
1. საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს ცესკოში და საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით.

2. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით დაესწროს საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს.

3. საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ვალდებულია ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომაზე დასწრებისას ატარებდეს სამკერდე ნიშანს (მოწმობას), რომლის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.


მუხლი 3. საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და შემადგენლობა
1. საკონსულტაციო ჯგუფი იქმნება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით.

2. საკონსულტაციო ჯგუფი შედგება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან.

3. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის:

ა) ერთ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს სახალხო დამცველი;

ბ) არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 კანდიდატურას ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით) წარუდგენენ ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზიაციები;

გ) არანაკლებ 1 და არაუმეტეს 3 კანდიდატურას ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით) წარუდგენენ ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზიაციები.

4. საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და საარჩევნო სფეროში საქმიანობის გამოცდილება. საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს: ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე; ბ) საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი; გ) დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი; დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.

5. საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის 1 კანდიდატურა ცესკოს უნდა წარუდგინოს არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის თაობაზე ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებით მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნიდან ორი დღის ვადაში.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში უნდა შეიკრიბონ ცესკოს ადმინისტრაციულ შენობაში, ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით) შეარჩიონ და ცესკოს წარუდგინონ საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატურები, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რაოდენობის ფარგლებში.

8. საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატების წარდგენის განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის შემთხვევაში ხელს უნდა აწერდეს საქართველოს სახალხო დამცველი, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შემთხვევაში საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე შესაბამისი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები ერთობლივად.

9. საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატის/კანდიდატურების წარდგენის განცხადებას თან უნდა ერთოდეს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საარჩევნო სფეროში საქმიანობის გამოცდილების აღწერა.

10. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ჯგუფის წევრობის კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) უმაღლესი განათლება;

გ) სამუშაო ადგილი და თანამდებობა (საქმიანობა);

დ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი.

11. საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობას არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში, განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.

12. საკონსულტაციო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც საკონსულტაციო ჯგუფის პირველივე სხდომაზე, საკონსულტაციო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, საკონსულტაციო ჯგუფის წევრთაგან ირჩევს საკონსულტაციო ჯგუფი. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსულტაციო ჯგუფის არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

13. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს საკონსულტაციო ჯგუფის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.


მუხლი 4. საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობის წესი
1. საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

2. საკონსულტაციო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.

3. საკონსულტაციო ჯგუფის სხდომა მოიწვევა საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარის მიერ.

4. საკონსულტაციო ჯგუფის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია საკონსულტაციო ჯგუფის სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნით მიმართოს საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარეს.

5. საკონსულტაციო ჯგუფი იკრიბება საჭიროებისამებრ. საკონსულტაციო ჯგუფის სხდომა შეიძლება წარიმართოს დისტანციური (ელექტრონული ფორმით).

6. საკონსულტაციო ჯგუფის სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ წინასწარ ეცნობება საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს.

7. საკონსულტაციო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონსულტაციო ჯგუფის წევრთა ნახევარზე მეტი.

8. საკონსულტაციო ჯგუფის მოსაზრებები და რეკომენდაციები საარჩევნო დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით აისახება საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებებში, რომელიც ფორმდება რეკომენდაციის ფორმით. საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციას ხელს აწერს საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე.

9. საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილება ცესკოსთვის რეკომენდაციის წარდგენის თაობაზე მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საკონსულტაციო ჯგუფის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

10. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

11. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

12. საკონსულტაციო ჯგუფის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.

13. სხდომის დისტანციური (ელექტრონული) ფორმით გამართვის შემთხვევაში სხდომის მიმდინარეობა აისახება აუდიო/ვიდეო ოქმში.

14. საკონსულტაციო ჯგუფის სხდომას უფლებამოსილია დაესწროს ცესკოს წევრი/წევრები და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი/თანამშრომლები.

15. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარის მიერ ცესკოს უნდა ეცნობოს საკონსულტაციო ჯგუფის სხდომის გამართვის დროის შესახებ სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 3 საათისა.


მუხლი 5. რეკომენდაციების წარდგენა ცესკოში საარჩევნო დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით
1. საკონსულტაციო ჯგუფი უფლებამოსილია ცესკოს წარუდგინოს რეკომენდაცია ცესკოში და საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის, განხილვის პროცედურის, სათანადო მასალების მოძიების ანდა სათანადო მტკიცებულების გამოკვლევის თაობაზე.

2. საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაცია უნდა იყოს დასაბუთებული.  

3. საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაცია უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.

4. საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ცესკო არ არის ვალდებული, გაიზიაროს რეკომენდაციაში მოყვანილი არგუმენტები.

5. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით დაესწროს საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვას და ცესკოს მისცეს ზეპირი განმარტება საკონსულტაციო ჯგუფის მიერ წარდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

6. ცესკო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით საჩივრის განხილვაზე მოიწვიოს საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ზეპირი განმარტების მისაცემად.

7. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია საჩივრის განხილვის სხდომაზე ზეპირად უპასუხოს მისთვის საარჩევნო კოდექსითა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტით უფლებამოსილი პირის მიერ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მისთვის დასმულ შეკითხვებს.

8. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრის წარდგენის, მისი განხილვის დროის და ადგილის შესახებ, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს უნდა გაეცნონ ცესკოს ოფიციალური ვებგვერდის www.cesko.ge მეშვეობით.

9. საკონსულტაციო ჯგუფი ვალდებულია ამ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი რეკომენდაცია ცესკოს წარუდგინოს საჩივრის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა.