საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 888-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.020366
888-Vრს-Xმპ
02/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
060000000.05.001.020366
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა7“ ქვეპუნქტი:

„ა7) განცხადებაზე, რომელიც შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნას;“.

2. 39-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) განცხადებაზე, რომელიც შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის მოთხოვნას, − 300 ლარს, ხოლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე განცხადებაზე − 500 ლარს.“.

3. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) უფლებამოსილების შეჩერება ისეთ საქმეზე, რომელიც აღძრულია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების პარტნიორისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ჩამორთმევის მოთხოვნით.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIV4 თავი:

„თავი XXXIV4

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი

მუხლი 309 22. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხები, გარდა ამ კოდექსის XXXIV2 თავით განსაზღვრული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმისა, განიხილება ზოგადი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ თავით განსაზღვრულ საკითხს განიხილავს სასამართლო მეწარმის ადგილმდებარეობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნილია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა.

3. ამ თავით განსაზღვრულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი პროცედურისთვის ამ თავითვე დადგენილი დასაშვებობისა და განხილვის ვადებით.

4. კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას სასამართლო ამ მუხლით დადგენილი წესით განიხილავს თავის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხს. ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხზე გამოტანილი განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

მუხლი 309 23. პირის დანიშვნის საკითხის განხილვის ზოგადი წესი

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისებისა. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს ზეპირი მოსმენა განმცხადებლის (განმცხადებლების) და დასანიშნი პირის მონაწილეობით. ზეპირ მოსმენაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

2. სასამართლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის საკითხს განიხილავს 1 თვის ვადაში და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ დანიშნული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და მის მიერ დაკავებული თანამდებობა. რამდენიმე კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს იმ კანდიდატს, რომელიც დასაკავებელ თანამდებობას ყველაზე მეტად შეესაბამება.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის (განმცხადებლების) ან დასანიშნი პირის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განჩინებით დაადგინოს დანიშნული პირის გასამრჯელოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს მისი პარტნიორის წილის სამართლიანი ფასის დასადგენად დამოუკიდებელი ექსპერტია დანიშნული.

მუხლი 309 24. განცხადება პირის დანიშვნის შესახებ

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, აგრეთვე დასანიშნი პირის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს (მიმართონ) სასამართლოს პირის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით;

დ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას კონკრეტული პირის დანიშვნის შესახებ და ამ პირის მხარდაჭერის მიზეზებს;

ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, დასანიშნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი, ამ პირის წერილობითი თანხმობა და სათანადო წესით დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში.

3. სასამართლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის შესახებ განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მისი დასაშვებობის წინაპირობებს. თუ აღნიშნული განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს ან დარღვეულია სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

მუხლი 309 25. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა

1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს (მიმართონ) სასამართლოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მოთხოვნით;

დ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის დასაბუთებას;

ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას სამეთვალყურეო საბჭოს კონკრეტული წევრის გამოწვევის შესახებ;

ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მისი დასაშვებობის წინაპირობებს. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. თუ არსებობს განცხადების დასაშვებობის წინაპირობები, სასამართლო სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევ წევრს აცნობებს სამეწარმეო საზოგადოების მოთხოვნის შესახებ, უგზავნის განცხადებასა და მისთვის დართულ მტკიცებულებებს და ნიშნავს სასამართლო სხდომას. სასამართლო სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

5. სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს პოზიცია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებასა და სამეთვალყურეო საბჭოს ოქმში მითითებული შესაბამისი საფუძვლების შესახებ.

6. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

7. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

მუხლი 309 26. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა

1. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს, რომელმაც საერთო კრებაზე სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა და რომელიც მისი წილისთვის შეთავაზებულ გამოსასყიდ ფასზე თანახმა არ არის, შეუძლია წილის გამოსასყიდი ფასის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სასამართლოს მიმართოს განცხადებით წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) დამოუკიდებელ ექსპერტად დასანიშნი პირის შესახებ მონაცემებს;

ე) იმაზე მითითებას, რომ დაცულია სასამართლოსთვის მიმართვის ვადა;

ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

ზ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს მისი პარტნიორის მოთხოვნის შესახებ და წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დასადგენად ამ კოდექსის 30912 მუხლით დადგენილი წესით დანიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს.

5. პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

6. სასამართლოს პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის საკითხზე გამოაქვს განჩინება. პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს:

ა) წილის ღირებულება;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების მიერ მისაღები სავარაუდო შემოსავლები;

გ) სამეწარმეო საზოგადოების აქტივები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების რეზერვები, საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

მუხლი 309 27. სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა

1. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორი ან პარტნიორი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს განცხადებით სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, მის (მათ) მიერ დაკავებულ თანამდებობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) სამეწარმეო საზოგადოების ყველა ლიკვიდატორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს;

ე) სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შესანახი სავარაუდო ადგილების დასახელებებსა და მისამართებს, თითოეული მათგანის უპირატესობისა და ნაკლოვანების დასაბუთებას;

ვ) სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვისთვის/გაცნობისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) ვინაობას და მის (მათ) წერილობით თანხმობას;

ზ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

თ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ი) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და ამ პირის (პირების) წერილობითი თანხმობა.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოების სხვა ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს) აცნობებს აღნიშნული განცხადების შესახებ და მისცემს საპროცესო ვადას პოზიციის წარსადგენად. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო საკითხს გადაწყვეტს განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორთა მონაწილეობით. ზეპირ მოსმენაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შესანახი ადგილი და მათი შენახვისთვის/გაცნობისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) საიდენტიფიკაციო მონაცემები.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

მუხლი 309 28. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა

1.  აქციონერთა  რიგგარეშე  საერთო  კრების  მოწვევის  საკითხს სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის (აქციონერების) განცხადების საფუძველზე.

2. თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მიზანს, მიზეზებსა და დღის წესრიგს (დღის წესრიგში ასახული უნდა იყოს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის (აქციონერების) მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი), აგრეთვე აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარედ დასანიშნი პირის ვინაობასა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, თუ მოთხოვნილია აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარის დანიშვნა;

ე) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების სავარაუდო პერიოდს;

ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

ზ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარის დანიშვნის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარედ დასანიშნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და ამ პირის წერილობითი თანხმობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს აქციონერის (აქციონერების) მოთხოვნის შესახებ და განუსაზღვრავს 3 დღის ვადას საპასუხო პოზიციის წარსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

6. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხს სასამართლო წყვეტს განჩინებით. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების კალენდარულ თვეს და განმცხადებელ აქციონერს (აქციონერებს) ანიჭებს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილებას. სასამართლოს აგრეთვე შეუძლია დანიშნოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარე.

7. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხზე გამოტანილი განჩინება ჩაბარებიდან საჩივრდება კერძო საჩივრით.

მუხლი 309 29. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება

1. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნას სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის (აქციონერების) განცხადების საფუძველზე.

2. თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხთა ჩამონათვალს და დღის წესრიგში მათი შეტანის საჭიროების დასაბუთებას;

ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს აქციონერის (აქციონერების) მოთხოვნის შესახებ და განუსაზღვრავს 3 დღის ვადას საპასუხო პოზიციის წარსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

6. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო განმცხადებელ აქციონერს (აქციონერებს) ანიჭებს გამოქვეყნებით აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების უფლებამოსილებას.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

მუხლი 309 30. კოოპერატივის საერთო კრების მოწვევა

კოოპერატივის წევრთა 10%-ის ან მისი წესდებით გათვალისწინებული რაოდენობის წევრთა მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო ამ კოდექსის 30928 მუხლით დადგენილი წესით განიხილავს განმცხადებელ კოოპერატივის წევრთათვის კოოპერატივის საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მინიჭების საკითხს.

მუხლი 309 31. სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება

1. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან ლიკვიდატორის მოთხოვნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირების საკითხს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

ე) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს) და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მომდევნო 5 დღეში საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა განმცხადებლის (განმცხადებლების) მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მისი (მათი) გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

5. შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო დაადგენს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების 3-თვიან ვადას, რომელიც აითვლება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აგვისტო 2021 წ.

N888-Vრს-Xმპ