„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.022913
358
13/07/2021
ვებგვერდი, 15/07/2021
430060000.10.003.022913
„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №358

2021 წლის 13 ივლისი   

ქ. თბილისი

„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/03/2019, 430060000.10.003.021146) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების მიზნით, იქმნება საბჭო. საბჭოს წევრებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) შექმნილი საბჭოს აპარატის მეშვეობით.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბჭოს აპარატისა და ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის მიერ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ამ წესით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება;

დ) საბჭოს აპარატისა და ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის მომზადება და საბჭოსთვის წარდგენა;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან 60 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო იღებს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას, პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან 80 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ელექტრონული განაცხადის წარდგენა და განხილვა

1. იურიდიული პირი, რომელსაც სურს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ელექტრონულ განაცხადს აკეთებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესი მტკიცდება სამინისტროს მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარდგინების საფუძველზე.

2. პროგრამა ცალკე პროგრამად განიხილება,  თუ იურიდიული პირი ითხოვს იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებას სხვა მუნიციპალიტეტში ან იმისგან განსხვავებულ ენაზე, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე აქვს მოპოვებული.

3. ელექტრონული განაცხადი, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, უნდა შეიცავდეს:

ა) იურიდიული პირის სახელწოდებასა და სამართლებრივ ფორმას;

ბ) იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;

გ) იურიდიული პირის მისამართსა (იურიდიული და ფაქტობრივი) და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი);

დ) იურიდიული პირის საქმიანობის სფეროს, რომელიც განისაზღვრება ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესახებ საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის შესაბამისად;

ე) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის სახელწოდებასა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) და პროგრამის სახეს (პროფესიული მომზადების პროგრამა ან პროფესიული გადამზადების პროგრამა);

ვ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონულ ფორმას, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

ზ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების ადგილს;

თ) მსმენელთა რაოდენობას (მოთხოვნილი რაოდენობის დასაბუთებით);

ი) ინფორმაციას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსისა (განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თანამშრომლობასთან დაკავშირებით არანაკლებ პროგრამის განხორციელების ვადით გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმება) და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი მატერიალური რესურსის შესახებ;

კ) ინფორმაციას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის შესახებ;

ლ) ინფორმაციას მსმენელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემულ დასკვნას შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ან უფლებამოსილი ორგანოს/პირის  მიერ გაცემულ მიწერილობას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრაზე;

მ) დასაბუთებას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების საჭიროების შესახებ;

ნ) ინფორმაციას მსმენელის შერჩევისა და პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურის შესახებ;

ო) ინფორმაციას საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ;

პ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ჩართულ მეწარმე სუბიექტთან ან სახელმწიფო ორგანოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანამშრომლობის ფორმატის შესახებ, მათ შორის, რესურსების გამოყენების შესახებ, არანაკლებ პროგრამის განხორციელების ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად თავად ფლობს შესაბამის რესურსს;

ჟ) შესაბამისი სახელმწიფო დარგობრივი მარეგულირებელი უწყების/ორგანოს პოზიციას პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია გარკვეული რეგულაციები დარგობრივი უწყების მიერ;

რ) დანართის სახით საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. საფასური განისაზღვრება სამინისტროს მიერ;

ს) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებულ სწავლის სფეროს ვიწრო სფეროს კოდს.  

4. საბჭოს აპარატი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ელექტრონული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, საბჭოს აპარატი განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა საბჭოს აპარატის მიერ იურიდიული პირისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ელექტრონული განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც ეცნობება იურიდიულ პირს. 

 6. ელექტრონული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენისათვის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდეგ, ცენტრი 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული დონის შესაბამისობას ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონესთან. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დონე ცდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს  მე-2 – მე-5 დონის ფარგლებს ან შეუძლებელია დონის განსაზღვრა, საბჭოს აპარატის რეკომენდაციის საფუძველზე, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს აპარატი და ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფენ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ამ წესით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ექსპერტის იურიდიულ პირთან ვიზიტის განხორციელების ან ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ვიზიტის განხორციელების შესახებ, რომელიც ეგზავნება იურიდიულ პირს.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული პირის მიერ წარდგენილი ელექტრონული განაცხადის, დოკუმენტაციის შესწავლისა და განხორციელებული ვიზიტის შედეგების გათვალისწინებით,  საბჭოს აპარატი და ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფენ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის მომზადებას, რომელიც ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხელმისაწვდომია როგორც იურიდიული პირისთვის, ასევე საბჭოსთვის.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის ან/და განხორციელებული ვიზიტის შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს აპარატი ან ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფს შესაბამისი დასკვნის მომზადებას, რომელიც ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხელმისაწვდომია როგორც იურიდიული პირისთვის, ასევე საბჭოსთვის.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბჭოს აპარატი და ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან, მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საბჭოს აპარატისა და ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.“.

7. მე-11 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტები:

„დ) ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ;

ე) მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ;

ვ) მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ წარდგენილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ სტანდარტებს, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ და განსაზღვრავს მსმენელთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ერთ-ერთ სტანდარტს, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ვადის მიცემას შედეგი არ მოჰყვება. საბჭო უფლებამოსილია, ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვროს არაუმეტეს 30 კალენდარული დღე.

22. ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით საბჭოს აპარატის მიერ შემოწმების განხორციელების შესახებ ან ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის მიერ შესწავლის შესახებ. ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის მიერ ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების საფასური განისაზღვრება სამინისტროს მიერ. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა საბჭოს მიერ იურიდიული პირისათვის/საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, საბჭო იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.“.

8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების წესი და პირობა

1. ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – საგანმანათლებლო დაწესებულება) უფლებამოსილია, დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული. საგანმანათლებლო დაწესებულება ელექტრონულ განაცხადს აკეთებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. პროგრამა ცალკე პროგრამად განიხილება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ მუხლით დადგენილი წესით, ითხოვს იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებას სხვა მუნიციპალიტეტში ან იმისგან განსხვავებულ ენაზე, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე აქვს მოპოვებული.

3. ელექტრონული განაცხადი, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „გ“, „ე“ – „თ“, „პ“ – „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შეიცავს ინფორმაციას იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ (პროგრამის სახელწოდება, მოდულის/მოდულების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი, სწავლის შედეგის დასახელება და რიგითი ნომერი), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა.

4. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ელექტრონული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა ცენტრის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ელექტრონული განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც ეცნობება საგანმანათლებლო დაწესებულებას.

6. ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეფასებას შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) მოწმდება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შესაბამისობა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესთან“;

ბ) ცენტრის მიერ დადგენილი წესით მოწმდება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შესაბამისობა იმ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია პროგრამა.

7. ცენტრი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონის ცვლილება მე-2 – მე-5 დონის ფარგლებში, რაც აისახება  პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის თაობაზე ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

8. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ელექტრონული განაცხადისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, ცენტრი ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებას უარს ეუბნება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოთხოვნა. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის უნიკალური კოდის მინიჭებას.

9. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა 3 წლის ვადით. თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ამ 3 წლის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას, იგი უფლებამოსილია, შეუფერხებლად განახორციელოს შესაბამისი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაც.“.

9.  თავი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი V. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების ვადაში ცვლილებების შეტანის წესი

          მუხლი 14. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების ვადაში ცვლილებების შეტანა

1. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს აცნობოს:

ა)  პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის ან სახელმწიფო ორგანოს ცვლილების ან დამატების შემთხვევაში და წარადგინოს ახალ პარტნიორ იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას  თანამშრომლობის ფორმატის შესახებ; 

ბ) პროგრამის განმახორციელებელი პირის/პირების ცვლილების შესახებ და წარადგინოს მათი განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მათთან გაფორმებული ხელშეკრულება;

გ) პროგრამის  სახელწოდების, მოცულობის, განხორციელების ადგილის ან სწავლის შედეგის/შედეგების ცვლილების შესახებ და წარადგინოს განახლებული პროგრამა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების/ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს აცნობოს ცვლილების შესახებ მსმენელთა ახალი ნაკადის მიღების გამოცხადებამდე 30 სამუშაო დღით ადრე.

 

მუხლი 15. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ცვლილების ან გაუქმების შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებები

1. იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება, უფლებამოსილია, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან იმ კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა, შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელებს დაასრულებინოს სწავლა. აღნიშნულ პროგრამაზე იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება ვეღარ მიიღებს ახალ მსმენელებს.

2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში, იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება პროგრამაზე შემდეგი მიღების გამოცხადებამდე ვალდებულია, უზრუნველყოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეცვლილ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა. იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მსმენელებს სწავლა დაასრულებინოს იმ პროგრამაზე, რომელზეც ისინი ჩაირიცხნენ, ხოლო ახალი მსმენელები მიიღოს შეცვლილ პროგრამაზე.

3. თუ იურიდიულმა პირმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა პროგრამის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია, უკვე ჩარიცხულ მსმენელებს დაასრულებინოს სწავლება არსებული პროგრამით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ცვლილების/ცვლილებების შემთხვევაში, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირი/საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს აცნობოს ცვლილების შესახებ მსმენელთა ახალი ნაკადის მიღების გამოცხადებამდე 30 სამუშაო დღით ადრე.

 

მუხლი 16. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობების გაზრდა

1. მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების/იურიდიული პირის მიერ ცენტრში წარდგენილი მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ელექტრონულ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.

2. საგანმანათლებლო დაწესებულება/იურიდიული პირი, ელექტრონულ განაცხადთან ერთად, წარადგენს მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. საფასური განისაზღვრება სამინისტროს მიერ.

3. მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრისათვის წარსადგენი ელექტრონული განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

4. იურიდიული პირის მიერ პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრში წარდგენილ ელექტრონულ განაცხადს შეისწავლიან საბჭოს აპარატი და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფი, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ ელექტრონულ განაცხადს − საბჭოს აპარატი.

5. იურიდიული პირის მიერ წარდგენილი ელექტრონული განაცხადისა და მასზე დართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ვიზიტის შედეგების, მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამის სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საბჭოს აპარატი და ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფენ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის მომზადებას. დასკვნა ხელმისაწვდომია როგორც იურიდიული პირისათვის, ასევე საბჭოსთვის, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე.

6. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ელექტრონული განაცხადისა და მასზე დართული დოკუმენტაციის შესწავლისა და მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამის სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს ანგარიშის მომზადებას, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის ან გაზრდაზე უარის თქმის შესახებ.

7. მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის ან რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო/ცენტრის დირექტორი იღებს მსმენელთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან 60 სამუშაო დღის განმავლობაში.

8. პროგრამაზე მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობების გაზრდა ხდება პროგრამის განხორციელების დარჩენილი ვადით.“.

10. V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VI და VII თავები:

 

„თავი VI. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების პირობების შესრულების მონიტორინგი

მუხლი 17. სტანდარტების შესრულების მონიტორინგი

1. საგანმანათლებლო დაწესებულების/იურიდიული პირის მიერ სტანდარტების პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით, გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით.

2. ცენტრი უფლებამოსილია, მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობისას, შეამოწმოს საგანმანათლებლო დაწესებულების/იურიდიული პირის პროგრამის შესაბამისობა ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან.

3. სტანდარტების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, იურიდიული პირისგან/საგანმანათლებლო დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექსპერტის მიერ მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების ან ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების შესახებ. ცენტრი უფლებამოსილია, საბჭოს აპარატს/ექსპერტს/ექსპერტთა ჯგუფს მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების გარეშე დაავალოს დოკუმენტაციის შესწავლა. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მონიტორინგის ვიზიტის შესახებ იურიდიულ პირს/საგანმანათლებლო დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ.

4. იურიდიული პირის შემოწმების შედეგად თუ გამოვლინდა, რომ დარღვეულია ერთ-ერთი სტანდარტი, საბჭო უფლებამოსილია, მონიტორინგის ფარგლებში მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ ან იურიდიულ პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. მონიტორინგის დასკვნა ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხელმისაწვდომია იურიდიული პირისა და საბჭოსთვის.

5. საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგად თუ გამოვლინდა, რომ დარღვეულია ერთ-ერთი სტანდარტი, ცენტრი მონიტორინგის ფარგლებში მომზადებული დასკვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ელექტრონული სისტემიდან პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ამოღებას ან საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. მონიტორინგის დასკვნა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

6. ადმინისტრაციული წარმოება სტანდარტების შესრულების მონიტორინგის შესახებ უნდა დასრულდეს 60 სამუშაო დღის განმავლობაში. ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

 

თავი VII. გარდამავალი დებულება

მუხლი 18. გარდამავალი დებულება

1. ამ წესით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ელექტრონული სისტემის შექმნამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 ნოემბრისა, წარიმართება მატერიალური სახით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამასთან, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცებამდე ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელებულ პროცესებს გააჩნიათ იგივე იურიდიული ძალა, რაც დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელებულ წარმოებას.

2. ექსპერტთა კორპუსის ფორმირებამდე ცენტრი უფლებამოსილია, ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად მიიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი ან/და შესაბამისი დარგის წარმომადგენელი.

 3. ელექტრონული სისტემის შექმნამდე პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის უნიკალური კოდის მინიჭება განხორციელდება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ელექტრონული სისტემის შექმნამდე ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის წარდგენა განხორციელდება მატერიალური სახით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

 5. ელექტრონული სისტემის შექმნამდე ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაცვლად, რომელიც ეხება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას ან რეგისტრაციაზე უარს, გამოიცემა ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დადასტურების ან დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. დადასტურების შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს მსმენელთა მიღება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე.

6. ელექტრონული სისტემის შექმნამდე, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი, რაც გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვას, განხორციელდეს ცენტრის მიერ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის გადაწყვეტილების მიწოდების გზით.

7. ელექტრონული სისტემის შექმნამდე, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ნაცვლად, რომელიც ეხება შეცვლილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემიდან ამოღებას ან ელექტრონულ სისტემაში ასახვას, გამოიცემა ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეცვლილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დადასტურების შესახებ ან ცვლილებების გათვალისწინებით დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 8. ელექტრონული სისტემის შექმნამდე, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემიდან ამოღების ნაცვლად გამოიცემა ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დადასტურების გაუქმების შესახებ.

9. ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდში ექსპერტთა, საბჭოს აპარატისა და საბჭოს წევრების ამ წესით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია, განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

10. ცენტრის ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულების მიზნით, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ცენტრის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლის შეუფერხებელ წვდომას ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ ინფორმაციაზე.“.

11.  დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის უფლების მოპოვების სტანდარტები“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით, ასევე მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მე-17 მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით, ასევე მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით ელექტრონული სისტემის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ უზრუნველყოს არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებამდე სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე გავრცელდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე არსებული და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მე-18 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტებით  დადგენილი რეგულაციები.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის უფლების მოპოვების სტანდარტები

 


  1. პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამა

სტანდარტის აღწერა

შეფასების კრიტერიუმი

ინდიკატორი / მტკიცებულებები

პროგრამა შედგენილია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის მოთხოვნათა დაცვით.

  • პროგრამა უკავშირდება შრომის ბაზრის მოთხოვნებს და დასაქმების / მეწარმეობის / პიროვნული განვითარების პერსპექტივებს;

 

  • პროგრამის სახელწოდება შეესაბამება პროგრამის შინაარსს;

 

  • მიზანი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და შესაბამისობაშია პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან;

 

  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობები მისაღწევი სწავლის შედეგების ადეკვატურია და უზრუნველყოფს ისეთ მსმენელთა დაშვებას, რომელთა წინარე ცოდნა, უნარები ან/და გამოცდილება იძლევა სწავლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობას პროგრამის განხორციელების ვადაში;

 

 

  • პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე -2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს;

 

  • პროგრამის სწავლის შედეგები აღწერილია ცოდნა - გაცნობიერებით, აგრეთვე უნარით ან/და კომპეტენციით;

 

 

  • პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა/ მსმენელის სასწავლო დატვირთვა პროგრამით განსაზღვრული სწავლის შდეგების ადეკვატურია;

 

  • სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას, მსმენელთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

 

 

  • პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას;

 

  • მსმენელის შეფასების სისტემა უზრუნველყოფს პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის ვალიდურ, სანდო, გამჭვირვალე, სამართლიან/ობიექტურ დადასტურებას.

ანალიზის დოკუმენტი/ კვლევა / დასაბუთება

 

 

პროგრამა

 

 

პროგრამა

 

 

 

პროგრამა

 

 

 

 

 

 

 

 

პროგრამა

 

 

 

 

პროგრამა

 

 

 

 

 

პროგრამა

 

 

 

 

პროგრამა

 

 

 

 

 

პროგრამა

 

 

პროგრამა

 

 

 

  1. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო რესურსი

სტანდარტის აღწერა

შეფასების კრიტერიუმი

ინდიკატორი / მტკიცებულებები

 

 

იურიდიული პირის რესურსები შესაბამისობაშია პროგრამის შინაარსთან და სწავლის შედეგებთან.

 

  • პროგრამა უზრუნველყოფილია სწავლის შედეგების მისაღწევად საჭირო ადამიანური რესურსით;

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • პროგრამა უზრუნველყოფილია სწავლის შედეგების მისაღწევად საჭირო მატერიალური რესურსით, მსმენელთა რაოდენობისა და პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით;

 

 

  • სასწავლო რესურსი ხელმისაწვდომია პროგრამის მსმენელებისათვის და მორგებულია მათ საჭიროებებზე;

 

 

  • სასწავლო პროცესი მიმდინარეობს უსაფრთხო სასწავლო/სამუშაო გარემოში.

 

პროგრამის განმახორციელებელი პირის/ პირების შესაბამისი განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტიაცია. პროგრამის განმახორციელებელ პირთან / პირებთან გაფორმებული ხელშეკრულება შეთანხმება თანამშრომლობასთან დაკავშირებით არანაკლებ პროგრამის განხორციელების ვადით.

მსმენელთა გამოკითხვის შედეგები

 

 

მატერიალური რესურსის ფლობის ან სარგებლობის უფლების შესახებ დოკუმენტაცია/ ვიზუალური დათვალიერების შედეგები

 

 

ინფორმაცია რელევანტური სასწავლო რესურსების შესახებ.

მსმენელთა გამოკითხვის შედეგები

 

 

ინფორმაციას მსმენელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე და უფლებამოსილი ორგანოს/პირის  მიერ გაცემულ დასკვნას შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ან  გაცემული მიწერილობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრაზე;

 

 

  1. პროგრამის ადმინისტრირება

 

სტანდარტის აღწერა

შეფასების კრიტერიუმი

ინდიკატორი / მტკიცებულებები

იურიდიული პირი უზრუნველყოფს პროგრამის მდგრად და ეფექტურ ადმინისტრირებას.

  • იურიდიული პირი აცნობიერებს  საკუთარ, როგორც საგანმანათლებლო მომსახურების მიმწოდებლის როლსა და ადგილს შესაბამისი დარგის განვითარებაში;

 

  • იურიდიული პირი აწარმოებს მსმენელთა შერჩევის გამჭვირვალე პროცედურებს, რომელიც შესაბამისობაშია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესთან და პირობებთან;

 

 

  • იურიდიული პირი უზრუნველყოფს მის მიერ გაწეული  საგანმანათლებლო სერვისების შესახებ საზოგადოების სანდო და უტყუარ ინფორმირებას;

 

  • საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტური განხორციელებისთვის იყენებს საგანმანათლებლო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის რელევანტურ მექანიზმებს;

 

  • იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მონაცემთა ელექტრონულ სისტემაში ასახვას;

 

 

  • თანამშრომლობს მის საგანმანათლებლო საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ უწყებებთან, ახორციელებს დროულ ანგარიშგებას და ინფორმაციის მიწოდებას

 

  • გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის შესაბამისად მომზადებულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ზეპირი მოსმენის შედეგები

 

 

 

 

მსმენელების შერჩევისა და პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურა,

მსმენელების შერჩევის პროცესის  ამსახველი დოკუმენტაცია და შედეგები;

მსმენელთა გამოკითხვის შედეგები

 

 

სოციალური  / მასობრივი მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია

მსმენელთა გამოკითხვის შედეგები

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები  და მათი გამოყენების მტკიცებულებები

 

 

 

მონაცემთა ბაზები

 

 

 

წარდგენილი ანგარიშები,  კორესპონდენცია

 

 

 

 

ელექტრონულ სისტამაში ასახული დოკუმენტაცია