ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების გაგრძელებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების გაგრძელებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35-97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 20/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016644
35-97
30/11/2020
ვებგვერდი, 13/07/2021
480610000.03.030.016644
ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების გაგრძელებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი

„საქართველოს მთავრობასა

და

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას

შორის

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“

შეთანხმების გაგრძელებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ


საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),

აღიარებენ რა, რომ 2009 წლის 6 აგვისტოს თბილისში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში „შეთანხმებად“ წოდებული) ვადა ამოიწურა 2019 წლის 5 ნოემბერს.

სურთ რა გაახანგრძლივონ თანამშრომლობა და შეცვალონ შეთანხმება;

მოქმედებენ რა შეთანხმების XI მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად;

თანხმდებიან შემდეგზე:

 

მუხლი I

 

შეთანხმების ვადა გაგრძელდეს ათი წლით, 2019 წლის 5 ნოემბრიდან.

 

მუხლი II

 

შეთანხმების დანართი I უნდა ჩანაცვლდეს შემდეგი ტექსტით:

 

დანართი I

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

 

I. ზოგადი ვალდებულება

მხარეები უზრუნველყოფენ იმ ინტელექტუალური საკუთრების ადეკვატურ და ეფექტურ დაცვას, რომელიც შექმნილია ან წარმოდგენილია წინამდებარე შეთანხმების და შესაბამისი განსახორციელებელი ღონისძიებების შედეგად. უფლებები ასეთ ინტელექტუალურ საკუთრებაზე მინიჭებული იქნება წინამდებარე დანართის შესაბამისად.

II. გამოყენების სფერო

  1. წინამდებარე დანართი გამოყენებადია ყველა თანამშრომლობითი საქმიანობისას, რომელიც განხორციელებულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად სპეციალურად არ შეთანხმდებიან მხარეები ან მათი წარმომადგენლები.

  1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, „ინტელექტუალური ქონება“ გულისხმობს 1967 წლის 14 ივლისს, სტოკჰოლმში ხელმოწერილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების შესახებ კონვენციის მე-2 მუხლში მოცემულ საგანს და შესაძლებელია მოიცავდეს სხვა საგანსაც, როგორც მხარეები შეთანხმდებიან.

  1. საჭიროების შემთხვევაში, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საკუთარ მონაწილეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ან სხვა სამართლებრივი საშუალებებით, მეორე მხარემ მოიპოვოს უფლებები იმ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რომელიც მინიჭებულია წინამდებარე დანართის შესაბამისად. წინამდებარე დანართი არ ცვლის ან ზიანს არ აყენებს მხარესა და მის მონაწილეებს შორის უფლებების მინიჭებას, რომელიც უნდა განისაზღვროს მხარეთა კანონმდებლობითა და ნორმებით.

  1. წინამდებარე შეთანხმებით, თუ სხვაგვარად არ არის უზრუნველყოფილი, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება დაინტერესებულ მონაწილე ინსტიტუციებს, ან საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა და მათ წარმომადგენლებს  შორის მოლაპარაკებების გზით. მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დავა შესაძლებელია განსახილველად გადაეცეს საარბიტრაჟო სასამართლოს სავალდებულო გადაწყვეტილების გამოსატანად, საერთაშორისო სამართლის მოქმედი წესების შესაბამისად. გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესები იქნება მარეგულირებელი, თუ მხარეები ან მათი წარმომადგენლები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან წერილობით.

  1. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა ან ვადის გასვლა გავლენას არ იქონიებს წინამდებარე დანართის ფარგლებში უფლებებსა და ვალდებულებებზე.

 

III. უფლებების მინიჭება

  1. თითოეულ მხარეს ექნება უფლებამოსილება მსოფლიო მასშტაბით მოქმედ, არაექსკლუზიურ, შეუქცევად, უსასყიდლო ლიცენზიაზე, რათა თარგმნოს, აწარმოოს და საჯაროდ გაავრცელოს მონოგრაფიები, სამეცნიერო და ტექნიკური ჟურნალების სტატიები, ანგარიშები და წიგნები, რომლებიც შექმნილია წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის შედეგად. საავტორო უფლებით დაცული ნაშრომის ყველა საჯაროდ გავრცელებული ასლი უნდა მიუთითებდეს ნაშრომის ავტორების სახელებს, თუ ავტორი პირდაპირ არ იტყვის უარს სახელის მითითებაზე.

  1. უფლებები ინტელექტუალური საკუთრების ყველა ფორმაზე, გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც აღწერილია III პარაგრაფის A ნაწილში, მიენიჭება შემდეგნაირად:

(1) მოწვეული მკვლევარის მიერ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობით საქმიანობაში მონაწილეობის მიღებამდე, მასპინძელმა მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა და იმ მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა, რომელიც ასაქმებს ან აფინანსებს მოწვეულ მკვლევარს, შესაძლებელია განიხილონ და განსაზღვრონ იმ ინტელექტუალური საკუთრებისათვის უფლების მინიჭების საკითხი, რომელიც შექმნილია მოწვეული მკვლევარის მიერ. ასეთი განსაზღვრის არარსებობის შემთხვევაში, მოწვეული მკვლევარები მიიღებენ უფლებებს, ჯილდოებს, ბონუსებსა და ჰონორარებს მასპინძელი დაწესებულების პოლიტიკის შესაბამისად. წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, მოწვეული მკვლევარი არის მკვლევარი, რომელიც სტუმრობს მეორე მხარის დაწესებულებას (მასპინძელ დაწესებულებას) და ჩართულია იმ სამუშაოებში, რომელიც დაგეგმილია მასპინძელი ინსტიტუტის მიერ, ერთპიროვნულად.

(2) (a) ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც შექმნილია პიროვნებების მიერ, რომლებიც დასაქმებულები ან დაფინანსებული არიან ერთი მხარის მიერ სხვა თანამშრომლობითი საქმიანობისთვის, ვიდრე გათვალისწინებულია III პარაგრაფის (B)(1) ქვეპუნქტით, იქნება იმ მხარის საკუთრება. ინტელექტუალური საკუთრება, რომელსაც ქმნიან ორივე მხარის მიერ დასაქმებული ან დაფინანსებული პიროვნებები, იქნება მხარეების ერთობლივი საკუთრება. დამატებით, თითოეულ შემქმნელს ექნება უფლებამოსილება ჯილდოებზე, ბონუსებსა და ჰონორარებზე იმ დაწესებულების პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ასაქმებს ან აფინანსებს შემქმნელს.

(b) თითოეულ მხარეს ექნება უფლება საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს და მისცეს სხვებს უფლება გამოიყენონ ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც შექმნილია თანამშრომლობითი საქმიანობის შედეგად, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული.

(c) მხარის უფლებები მისი ტერიტორიის გარეთ განსაზღვრული იქნება ორმხრივი შეთანხმებით და მხედველობაში იქნება მიღებული, მაგალითად, მხარეთა და მათ მონაწილეთა მიერ შეტანილი შესაბამისი წვლილი თანამშრომლობით საქმიანობაში, ვალდებულების ხარისხი სამართლებრივი დაცვის და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოპოვების საკითხში და სხვა მსგავსი ფაქტორები, რომლებიც მიჩნეული იქნება შესაფერისად.

(d) მიუხედავად ზემოთ მოყვანილი III პარაგრაფის B (2) (a) და (b) ქვეპუნქტებისა, თუ რომელიმე მხარეს სწამს, რომ რომელიმე კონკრეტული პროექტი გამოიწვევს ან უკვე გამოიწვია ინტელექტუალური საკუთრების შექმნა, რომელიც არ არის დაცული მეორე მხარის კანონმდებლობით, მხარეები დაუყოვნებლივ გამართავენ მოლაპარაკებას, რათა განსაზღვრონ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების მინიჭების საკითხი. თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა მოლაპარაკებების ინიცირებიდან სამი თვის ვადაში, თანამშრომლობა სადავო პროექტთან დაკავშირებით შეწყდება რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ინტელექტუალური საკუთრების შემქმნელები უფლებამოსილნი იქნებიან მიიღონ ჯილდოები, ბონუსები და ჰონორარები როგორც ეს უზრუნველყოფილია III პარაგრაფის B (2)(a) ქვეპუნქტით.

(e) ნებისმიერი თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში შექმნილ თითოეულ გამოგონებაზე მხარე, რომელიც ასაქმებს ან აფინანსებს გამომგონებელს(ბლებს), დაუყოვნებლივ გაუმხელს გამოგონებას მეორე მხარეს, ყველა საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან ერთად, რათა მეორე მხარემ შეძლოს ყველა იმ უფლების მოპოვება, რაზეც ის შეიძლება იყოს უფლებამოსილი. ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება წერილობით სთხოვოს მეორე მხარეს, გადაავადოს ასეთი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოქვეყნება ან საჯაროდ გამჟღავნება, რათა დაიცვას საკუთარი უფლებები ამ გამოგონებაზე. გასაჯაროების გადავადების დრო არ უნდა აღემატებოდეს გამომგონებელი მხარის მიერ მეორე მხარისათვის გამხელის თარიღიდან ექვსი თვის პერიოდს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან წერილობით.

IV. ბიზნესკონფიდენციალური ინფორმაცია

იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია, რომელიც წარდგენილია ან შექმნილია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, დროულად იქნება იდენტიფიცირებული როგორც ბიზნესკონფიდენციალური, თითოეული მხარე და მისი მონაწილეები დაიცავენ ასეთ ინფორმაციას შესაბამისი კანონმდებლობის, რეგულაციების და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისად. ინფორმაცია შესაძლებელია იდენტიფიცირებულ იქნას როგორც „ბიზნესკონფიდენციალური“, თუ პიროვნებამ, რომელიც ფლობს ამ ინფორმაციას შეიძლება მიიღოს ეკონომიური სარგებელი მისგან ან მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა მათზე, ვინც არ ფლობს მას, ინფორმაცია არ არის ზოგადად ცნობილი და საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა წყაროებიდან, მფლობელს არ გაუხდია ინფორმაცია ხელმისაწვდომი კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულების დროულად დაკისრების გარეშე.

 

მუხლი III

წინამდებარე ოქმი ძალაში შევა იმ უკანასკნელი შეტყობინების დღიდან, რომლითაც მხარეები წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს, რომ მათ დაასრულეს ძალაში შესასვლელად თავიანთი შიდა საკანონმდებლო მოთხოვნები და ამოქმედდება 2019 წლის 5 ნოემბრიდან.

 

წინამდებარე ოქმი მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე დროებით გამოიყენება 2019 წლის 5 ნოემბრიდან.

 

დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2020 წლის 30 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

საქართველოს მთავრობის სახელით:

 

ბატონი მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით:

 

ქალბატონი კელი კ. დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში