საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/3/1441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 05/07/2021
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016630
1/3/1441
05/07/2021
ვებგვერდი, 08/07/2021
000000000.00.000.016630
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/3/1441

2021 წლის 5 ივლისი

ქ. ბათუმი

 

   

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები – მიხეილ შარაშიძე და მარიამ არაბული; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – რუსუდან მუმლაური და ლევან ღავთაძე; მოწმე – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი – თამთა რეხვიაშვილი.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1441) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის №1/1/1441 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №1441 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 7 აპრილს.

2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, 34-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, გამოიყენოს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დისციპლინური სახდელის სახით, განესაზღვრება სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესებს დისციპლინური სახდელის საფუძველზე სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებრივ მდგომარეობას. კერძოდ, სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მათ შორის, ეკრძალება სატელეფონო საუბარი.

4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, ბრალდებულს/მსჯავრდებულს: ა) დისციპლინური სახდელის სახით, ეზღუდება სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების უფლება; ბ) სამარტოო საკანში მოთავსებისას ეკრძალება სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

6. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს სავარაუდო წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება და შესაბამისი ადეკვატური ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რათა მათ ტერიტორიაზე მყოფი პირები არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას.

7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე აუცილებელია მყისიერი რეაგირება, რათა უფლებით სარგებლობამ არ მიიღოს ფორმალური ხასიათი. ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველის ცხელი ხაზი წარმოადგენს იმგვარ ეფექტურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას ან ამგვარი შემთხვევების პრევენციას. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში იგი მოიაზრება ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებული უფლების უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ასპექტად. შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედების ფარგლებში სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის უფლების გარკვეული წინაპირობებით შემოსაზღვრა ან მისი სრულად შეზღუდვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.

8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, სავარაუდო წამებისა და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირება, უფლებით ეფექტური სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველთან კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმის არსებობა ვერ ჩაანაცვლებს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლებას. შესაბამისად, შეუძლებელია, წერილობითი კომუნიკაცია, მასზე დროული რეაგირების კონტექსტში, ჩაითვალოს ცხელი ხაზით სარგებლობის სრულფასოვან ალტერნატივად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ცხელი ხაზი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯარდებულის სახალხო დამცველთან კომუნიკაციის ერთადერთი ქმედითი და ეფექტური საშუალებაა.

9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლების უზრუნველყოფა. იგი ადასტურებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვები, თავის მხრივ, ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა: პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, პატიმრების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების რისკის პრევენცია, ასევე, დამატებითი ადამიანური/ფინანსური რესურსების თავიდან არიდება. ამის მიუხედავად, მოსარჩელის აზრით, დაუშვებელია აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის უფლების ბლანკეტური შეზღუდვის საფუძველზე.

10. დამატებით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ შეზღუდული ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა პერმანენტული ვიზიტები პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე არ წარმოადგენს საკმარის გარანტიას სამარტოო საკანში მოთავსებულ და დისციპლინურ სახდელდადებულ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციისა თუ ამგვარ ფაქტებზე სწრაფი რეაგირების თვალსაზრისით.

11. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თაობაზე საჩივრის არსებობის შემთხვევაში, სპეციალური პრევენციული ჯგუფის 24 საათში ინფორმირების ვალდებულება, აღნიშნული პრაქტიკაში ფაქტობრივად ვერ სრულდება. შესაბამისად, ზემოხსენებული საჩივრების უფლებამოსილ ორგანომდე მიღწევას სინამდვილეში სჭირდება კანონმდებლობით დადგენილზე მეტი დრო. ეს, ერთი მხრივ, ვერ უზრუნველყოფს წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, ართულებს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებას და მნიშვნელოვნად აბრკოლებს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.

12. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა აზრით, დისციპლინური წესით დასჯილი ან/და სამარტოო საკანში მყოფი პატიმრების გამოყვანა საკნიდან და მათი ტელეფონთან მიყვანა არ გულისხმობს ავტომატურად, რომ ასეთ დროს, a priori წარმოიშობა სერიოზული საფრთხე. გარდა ამისა, სხვა ლეგიტიმური მიზნები, ისევე როგორც, პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არსებობა ვერ გაამართლებს ბლანკეტური ხასიათის აკრძალვას; მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში, ცალკეული პენიტენციური დაწესებულების ტიპის მიხედვით, ამგვარი რისკების შესაძლო პრევენციის მექანიზმები კანონმდებლობით არის დადგენილი.

13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

14. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას.

15. მოპასუხე მხარის პოზიციით, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი სახელწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, მოახდინოს წამებისა თუ სხვაგვარი არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტების პრევენცია შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების საფუძველზე, ასევე, განახორციელოს სწრაფი, მყისიერი და ეფექტური გამოძიება სავარაუდო დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით. მოპასუხემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ხსენებული პრევენციული და პროცედურული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს უშუალოდ საგამოძიებო ორგანოების უფლებამოსილებას, ხოლო სახალხო დამცველს კი კონსტიტუცია და კანონმდებლობა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას გახორციელების ფუნქციას აკისრებს საქართველოს ტერიტორიაზე.

16. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, ცხელი ხაზი შესაძლოა, მართლაც იყოს მყისიერი და ეფექტური მექანიზმი სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის, მათი დროული გამოვლენისა და გამოძიების თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნული განხილული უნდა იყოს არა სახალხო დამცველთან მიმართებით, არამედ საგამოძიებო ორგანოს, კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობის ჭრილში. ხოლო რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას აღნიშნული საგამოძიებო უფლებამოსილება არა მარტო კანონმდებლობით არა აქვს პირდაპირ მინიჭებული, არამედ, მისი ამგვარი კომპეტენცია საერთო კონსტიტუციური სულისკვეთებიდანაც არ გამომდინარეობს.

17. მოპასუხე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას.

18. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოწვეულმა მოწმემ განმარტა, რომ ზოგადად პატიმრებს, მათ შორის, დისციპლინური სახდელის მოხდის პირობებში, ისევე როგორც სამარტოო საკანში ყოფნისას, უნდა ჰქონდეთ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაუბრკოლებელი წვდომის კანონით გათვალისწინებული უფლება, თუმცა სადავო ნორმებით დაწესებული აკრძალვა თავისთავად არ გულისხმობს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლების რომელიმე ასპექტის ხელყოფას. მოწმის განმარტებით, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან არ გამომდინარეობს პატიმართა მიერ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის კონსტიტუციური უფლება.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. კერძოდ, ადამიანის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების კონსტიტუციური აკრძალვა თავისი შინაარსით აბსოლუტურია, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანის უფლება, დაცული იყოს ამგვარი მოპყრობისაგან, აბსოლუტური უფლებაა. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ყოველგვარ ჩარევას. ნებისმიერი ჩარევა შეუთავსებელია აკრძალვის აბსოლუტურობასთან და, ამდენად, არღვევს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არასათანადო მოპყრობის აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ არსებობდა ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება თუ სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება (იხ. „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-19).

2. ადამიანისადმი არასათანადო მოპყრობა, რომელიც კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით არის აკრძალული, იმის მიუხედავად, „ადამიანის წამებას“, როგორც ყველაზე მძიმე ქმედებას შეეხება საქმე თუ გაცილებით ნაკლებად მძიმე „დამამცირებელ მოპყრობას“, ყველაზე უფრო პირდაპირ და უხეშად ლახავს ადამიანის ღირსებას, რომელიც სამართლიანად განიხილება როგორც ადამიანის ყველა უფლების საფუძველთა საფუძველი და რომლის პატივისცემის იდეასაც ეფუძნება ყველა დემოკრატიული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [ღირსების პატივისცემის პრინციპით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას გააჩნია, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერცერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახავ ქმედებას ან სასჯელს” (იხ. „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-19).

3. დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლის საფუძველი და მიზანი თავისუფალი ადამიანია, შეუძლებელია, არსებობდეს ვინმეს წამების, მისდამი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საჭიროება და რაიმე გამართლება. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ ვითარება, სადაც ადამიანისადმი არასათანადო მოპყრობას შეიძლება, თუნდაც ნაწილობრივი გამართლება მოეძებნოს დემოკრატიის ინტერესების დაცვის მიზნით, რამდენადაც სწორედ ადამიანის ღირსების დაცვაა დემოკრატიული ღირებულებების ქვაკუთხედი და ამ ფუნდამენტისგან ყოველი უკანდახევა პრინციპულად შეუთავსებელია დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, „საფუძველშივე მცდარი და ცინიკურია იმის დაშვება, რომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება მიიღწევა ადამიანის წამებით, არაჰუმანური მოპყრობით, სასტიკი და ღირსების შემლახავი სასჯელებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).

4. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ ადამიანის ღირსების შემლახავია, მათ შორის, იმგვარი მოპყრობა, „რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -181).

5. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების არეალი და მიზანმიმართულება არ ამოიწურება მხოლოდ სახელმწიფოსათვის ნეგატიური ვალდებულების დაწესებით, თავი შეიკავოს ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევისაგან. წამებისა და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობა სახელმწიფოს აკისრებს მთელ რიგ პოზიტიურ ვალდებულებებს მისი იურისდიქციის ფარგლებში, მათ შორის, ვალდებულებებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები როგორც არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციის, ასევე მათზე დროული და ქმედითი რეაგირების თვალსაზრისით. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება, მატერიალურ-სამართლებრივ გარანტიებთან ერთად, აწესებს შესაბამის პრევენციულ თუ პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც სწორედ იმას უზრუნველყოფს, რომ არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობას ილუზორული ხასიათი კი არ გააჩნდეს, არამედ მან შეიძინიოს რეალური და პრაქტიკული მნიშვნელობა. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებაში ნაგულისხმები პოზიტიური ვალდებულებები სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი სამართლებრივი სივრცის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საფრთხეების პრევენცია, ყველა იმგვარი ქმედების იდენტიფიცირება და სამართალდარღვევად გამოცხადება, რომლებიც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვის მოთხოვნას ეწინააღმდეგება, ასევე, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დაუყოვნებლივი და სათანადო რეაგირება, ეფექტიანი გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა. სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პოზიტიურ ვალდებულებათა განუხრელი შესრულების შემთხვევაში არის შესაძლებელი იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანებმა რეალურად ისარგებლონ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული დაცვით.

2. სადავო ნორმების შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

6. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტს და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილს. დასახელებული სადავო ნორმები აწესებს დისციპლინური სახდელის მოქმედების პირობებში და ასევე სამარტოო საკანში მოთავსებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებრივ მდგომარეობას. კერძოდ, პატიმრობოს კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, გამოიყენოს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, განესაზღვრება სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მათ შორის, ეკრძალება სატელეფონო საუბარი. მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაციების მოქმედების პირობებში ირღვევა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის შესაძლებლობის ბლანკეტური აკრძალვით, სახელმწიფო ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლო არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეფექტური და ქმედითი მექანიზმის გარეშე ტოვებს.

7. საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, უნდა განსაზღვროს სადავო ნორმების შინაარსი და მისი გათვალისწინებით, დაადგინოს მოცემულ საქმეზე მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არსებული შესაფასებელი მოცემულობა. სადავო ნორმების ტექსტობრივი განმარტება, პატიმრობის კოდექსის ცალკეულ მუხლებთან სისტემური კავშირის ფარგლებში ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ისინი გამოიყენება როგორც დისციპლინური ღონისძიების სახე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განხორციელების გამო. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი თითოეული რეგულაცია, რომლის მოქმედების პირობებში გარკვეული ვადით იკრძალება, მათ შორის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომა, გამოიყენება როგორც დისციპლინური სანქციის სახით არსებული მექანიზმი, რომლის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის დაცვა და ასევე, მომავალში პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხო ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების პრევენცია.

8. თავისთავად, ის გარემოება, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის დროს, მათ შორის, სამარტოო საკანში ყოფნისას ეკრძალება სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის შესაძლებლობა, ან/და ის, რომ ამ უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დისციპლინური სახდელის სახეს, არ გულისხმობს per se პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას. სასამართლო საერთოდ არ დგას იმის შეფასების აუცილებლობის წინაშე, წარმოადგენს თუ არა სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვები მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებებში რაიმე ფორმით ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან, რომელზე დადებითი პასუხიც კონსტიტუციის ამ ნორმის დარღვევის მაუწყებელი იქნებოდა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობიდან გამომდინარე. სადავო ნორმები არ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან იმ ნეგატიური ვალდებულების დარღვევას, რაც წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვიდან წარმოდგება. შესაბამისად, საკითხი არ არის შესაფასებელი კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებების ჭრილში.

9. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, სასამართლოს წინაშე დგას საკითხი, შეაფასოს, წარმოეშობა თუ არა სახელმწიფოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს დისციპლინური წესით დასჯილი და/ან სამარტოო საკანში მყოფი პირების მიმართ იმაზე მეტი ხელმისაწვდომობა სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან, ვიდრე ეს სადავო ნორმების მოქმედების პირობებში არის შესაძლებელი; მოითხოვს თუ არა არასათანადო მოპყრობისაგან პატიმრის დაცვა იმის უზრუნველყოფის საჭიროებას, რომ დისციპლინური სახდელის მოქმედების/სამარტოო საკანში ყოფნის განმავლობაში იგი არ იყოს მოწყვეტილი სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომის შესაძლებლობას; წარმოადგენს თუ არა სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან ამგვარი პატიმრების ხელმისაწვდომობა ისეთ ეფექტიან საშუალებას საპატიმრო ადგილებში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისა თუ მათზე მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით, რომელთა გარეშეც დაკმაყოფილებული ვერ იქნება მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ არ დაუშვას ამგვარი ფაქტები და შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რათა სრულყოფილად იქნეს დაცული არასათანადო მოპყრობისგან თავისუფლება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

10. ამასთან, სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობა უნდა შეაფასოს იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ სამარტოო საკანში მყოფ და დისციპლინური წესით დასჯილ პირს გააჩნია სახალხო დამცველთან წერილობითი კონტაქტის, ხოლო სახალხო დამცველს კი ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგილზე მონახულების შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლომ, წინამდებარე საქმეში, პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვას: წარმოშობს თუ არა, ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, ისევე როგორც, შესაბამისი დარღვევების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზანი, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ასეთი პირებისათვის სახალხო დამცველთან კონკრეტული ფორმით – ცხელი ხაზის მეშვეობით დაკავშირების შესაძლებლობა და ეწინააღმდეგება თუ არა ამგვარი შესაძლებლობის არარსებობა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.

3. საჯარო ლეგიტიმური მიზანი

11. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სადავო ნორმების შეფასება უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, გასაჩივრებული წესით გათვალისწინებული კომუნიკაციის შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების, შეზღუდვის ხანგრძლივობის, შესაძლო საფრთხეების, ხოლო, მეორე მხრივ, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობის გათვალისწინებით და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში. შესაბამისად, საკითხის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო ნორმების მოქმედების პირობებში დისციპლინური წესით დასჯილი/სამარტოო საკანში მყოფი პირებისათვის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის შესაძლებლობის აბსოლუტური აკრძალვა.

12. მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე დაწესებული აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების რისკის პრევენცია, ასევე, დამატებითი ადამიანური/ფინანსური რესურსების თავიდან არიდება.

13. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, თითოეული ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა უდავოდ წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ინტერესებს, რომლებიც ქმნის სახელმწიფოსთვის იმის ლეგიტიმაციას, შესაბამისი საკანონმდებლო წინაპირობების არსებობისას, სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესის საფუძველზე, გარკვეული დროით დაადგინოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის შესაძლებლობის გონივრული შეზღუდვა. შესაბამისად, წამყვან საკითხს წარმოადგენს იმის შეფასება, რამდენად არის გამართლებული აკრძალვის ბლანკეტურობა, თანაც იმის მხედველობაში მიღებით, რომ ეს შეზღუდვა, კერძოდ, სახალხო დამცველთან ცხელი ხაზის მეშვეობით დაკავშირების აკრძალვა წარმოადგენს პატიმრების მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელის სახეს.

4. სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის აკრძალვის შეფასება, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საჯარო ლეგიტიმური მიზნების ჭრილში

14. საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, საკითხის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის, საჭიროდ თვლის, დაადგინოს სადავო ნორმებით დაწესებული აკრძალვის კონკრეტული ხასიათი და ასევე ადრესატთა წრე, რომელსაც მიემართება ზემოხსენებული აკრძალვა. თავის მხრივ, ხსენებული გარემოება რელევანტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ მოხდეს სახელმწიფოს შესაძლო პოზიტიური ვალდებულების წარმოშობის იდენტიფიცირება, რასაც წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობისაგან თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით დაცული სფერო მოითხოვს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში შეფასდეს საკუთრივ გასაჩივრებული წესის სამართლებრივი ბუნება, ამავე წესის მოქმედებას დაქვემდებარებულ პირთა წრე და პასუხი გაეცეს კითხვას, სახელდობრ, რა პოზიტიური ვალდებულებები წარმოეშობა სახელმწიფოს ამ კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში, კერძოდ, დისციპლინური წესით დასჯილი/სამარტოო საკანში მყოფი პატიმრების მიმართ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.

15. მოსარჩელის მიერ მითითებული სამივე სადავო ნორმა ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი ინიციატივით სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობის უპირობო, აბსოლუტური ხასიათის აკრძალვას. გასაჩივრებული ნორმები პატიმრებს, რომელთაც აქვთ დისციპლინური სახდელი შეფარდებული ან იმყოფებიან სამარტოო საკანში, მთლიანად აღუკვეთს სახალხო დამცველთან კონკრეტული ფორმით – ცხელი ხაზის მეშვეობით – დაკავშირების შესაძლებლობას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ არც პატიმრობის კოდექსის სხვა ნორმები, მათი ტექსტობრივი თუ სისტემური განმარტება იძლევა იმის საფუძველს, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, კოდექსის რაიმე სხვა ნორმებზე დაყრდნობით, ამოკითხვადი იყოს გარკვეული საგამონაკლისო შესაძლებლობების არსებობა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის საკითხში.

16. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული სადავო ნორმები მიემართება ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ზოგადად პატიმრებს. ფიზიკური თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის პირობებში, პატიმრები, რომლებიც იხდიან სასჯელს ან სხვა საფუძვლით რჩებიან პენიტენციურ დაწესებულებაში, მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, რამდენადაც მთლიანად სახელმწიფოს განკარგულებაში არიან. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარატირებული მათი უფლებების დაცულობის მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც განსაკუთრებულია, როგორც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე დროული და ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირების, ასევე მათი პრევენციის სფეროში. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით, სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის შესაძლებლობის აბსოლუტური აკრძალვისა და ამავე ნორმებით მოწესრიგებულ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, სახელმწიფოს, გასაჩივრებული წესის მოქმედების პირობებში, წარმოეშობა პოზიტიურ ვალდებულებათა ფართო სპექტრი. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად ადეკვატურად ასრულებს სახელმწიფო კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მისთვის დაწესებულ პოზიტიურ ვალდებულებას ამავე კონსტიტუციური დებულებით განსაზღვრული უფლებრივი სფეროს დასაცავად და ხომ არ არღვევს მას დისციპლინური წესით დასჯილი/სამარტოო საკანში მოთავსებული პატიმრებისთვის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის შესაძლებლობის ბლანკეტური აკრძალვით.

17. საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად ესახება, აღნიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, რომელსაც კანონმდებლობით, მინიჭებული აქვს მთელი რიგი უფლებამოსილებები დასახელებული კომპეტენციის შესასრულებლად. გამომდინარე აქედან, პატიმრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მასთან წვდომის შესაძლებლობანი ისეთი გონივრული სიხშირით, რომელიც არათუ არ შეამცირებს ან საერთოდ შეუძლებელს გახდის არასათანადო მოპყრობის ეფექტიან პრევენციას ან/და მასზე ადეკვატურ რეაგირებას, არამედ პირიქით, საამისო ქმედითი ბერკეტებით აღჭურავს მას და, იმავდროულად, სახალხო დამცველსაც, დროულად და ეფექტიანად ჩაერთოს საქმეში. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის წარმომადგენელთა პოზიციას, რომლებმაც მცირე მნიშვნელობა მიანიჭეს სახალხო დამცველის ჩართულობას არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისა და პრევენციის სფეროში იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაგულისხმები პროცედურული და პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულება, უწინარესად, ეკისრება საგამოძიებო ორგანოებს და, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სასამართლო ადასტურებს, რომ, სავარაუდოდ, ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მყისიერი და ქმედითი ღონისძიებების განხორციელება უშუალოდ საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოების პირდაპირი კომპეტენცია და მოვალეობაა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ დასახელებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოიაზრება, უწინარესად, როგორც არასათანადო მოპყრობაზე post factum, რეპრესიული ღონისძიების გატარების ფარგლებში უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოსთვის დადგენილი პროცედურული ვალდებულების შესრულება – დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლების ხელყოფის წინასწარი აღკვეთისა და ამგვარი ფაქტების გამოვლენის ნაწილში სწორედ სახალხო დამცველი წარმოადგენს იმგვარ მექანიზმს, რომელსაც ძალუძს, ეფექტიანად შეასრულოს საპატიმრო ადგილებში როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის, ისე ამგვარი ფაქტების დროული გამოვლენის ფუნქცია, რომლის წარმატებით განხორციელების წინაპირობაა, ერთი მხრივ, საკუთრივ ამ ინსტიტუციისადმი ნდობა, მისი უფლებადაცვითი ფუნქციიდან გამომდინარე და, მეორე მხრივ, სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის სისტემატური კომუნიკაციის ორმხრივი შესაძლებლობის არსებობა. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის, როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის შესასრულებლად უზრუნველყოფილი ცხელი ხაზის ბერკეტი უნდა ჩაითვალოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და სავარაუდო ფაქტების გამოვლენის ეფექტიან მექანიზმად. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ მექანიზმისადმი წვდომის შეზღუდვა ზიანს აყენებს არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და მასზე დროული რეაგირების ეფექტიანობას.

18. თუმცა დისციპლინური წესით დასჯილი/სამარტოო საკანში მყოფი პატიმრებისათვის დისციპლინური სასჯელის მოქმედების განმავლობაში სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომის შეზეღუდვა, თავისთავად, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმ დასკვნისათვის, რომ ამ შეზღუდვის დაწესებით, სახელმწიფომ დაარღვია კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებები. სასამართლომ ასევე უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა საპატიმრო ადგილებში, სადავო ნორმების მიღმა, არასათანადო მოპყრობის პრევენციის სხვა მექანიზმი/მექანიზმები, რომლებიც ცალ-ცალკე თუ ერთობლიობაში, შეიძლება ჩაითვალოს ეფექტიანად და საკმარისად არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნებისათვის. აღნიშნულის გასარკვევად აუცილებელია, გაანალიზდეს კანონმდებლობა ორი მიმართულებით: რა სახის ალტერნატიულ საკანონმდებლო ბერკეტებს ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსი პატიმართა მიერ სახალხო დამცველთან წვდომის თვალსაზრისით და რა კომპეტენციებით აღჭურავს კანონმდებლობა საკუთრივ სახალხო დამცველს, როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა იმის თაობაზე, აბალანსებს თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები დისციპლინური წესით დასჯილი/სამარტოო საკანში მყოფი პირებისათვის ცხელ ხაზზე წვდომის შესაძლებლობის ბლანკეტურ აკრძალვას დისციპლინური სახდელის აღსრულების მთელი პერიოდის განმავლობაში.

19. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს, ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მათ შორის, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, აქვთ უფლება, წერილობითი საჩივრით მიმართონ სახალხო დამცველს. აღნიშნული უფლება არ იზღუდება დისციპლინური ღონისძიების აღსრულებისას, მათ შორის, პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსების დროს. შესაბამისად, სახალხო დამცველისათვის წერილობითი ფორმით მიმართვა, თავისი არსით, წარმოადგენს შეუზღუდავ უფლებას, რომლითაც სარგებლობს ყველა პატიმარი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება იგი. ამასთან, რელევანტურია აღნიშნული უფლების განხილვა პატიმრობის კოდექსის 105-ე მუხლთან ერთობლიობაში. დასახელებული მუხლი ადგენს წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის წესს და შესაბამის ვადებს. კერძოდ, პატიმრობის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ექსპლიციტურად ადგენს, რომ ზემოხსენებული ტიპის საჩივრების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა, უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის სახალხო დამცველთან არსებულ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

20. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად პატიმრობის კოდექსის ზემოხსენებული ნორმების მიზანმიმართულებისა, მოახდინოს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენცია და ასევე მათზე ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, იგი ვერ ჩაანაცვლებს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის უფლებას ეფექტიანი პრევენციისა და მომხდარი ფაქტების გამოვლენის ნაწილში. კერძოდ, პატიმართა წერილობითი საჩივრის ადრესატამდე მისვლას, საფოსტო გზავნილის გამოყენებით, შესაძლებელია, სხვადასხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რეალურად დასჭირდეს იმაზე მეტი დრო, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის მოთხოვნილი. ამ მიმართულებით ასევე გაამახვილა ყურადღება მოსარჩელემ და მოიყვანა კონკრეტული მაგალითები, რომლებმაც ნათელი გახადა ცალკეულ შემთხვევაში საფოსტო გზავნილის არაეფექტურობა საჩივრის ადრესატისთვის კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების კუთხით. შესაბამისად, საფოსტო გზავნილის გამოყენება პატიმრის წერილობითი საჩივრის გაგზავნის მიზნებისთვის ქმნის ობიექტური ხასიათის რისკებს, რომ გზავნილი დაგვიანებით ჩაბარდეს ადრესატს ან საერთოდ არ ჩაბარდეს, მაშინ, როდესაც სახალხო დამცველის საქმის კურსში ჩაყენება და დროული ინფორმირება ფაქტების შესახებ შეიძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული რისკის გამანეიტრალებელი არგუმენტი მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

21. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლების ჩანაცვლება წერილობითი საჩივრის გაგზავნის შესაძლებლობით და მისი ეფექტიანობა, სხვა მხრივაც აწყდება დასაბუთებულობის პრობლემას. კერძოდ, წერილობითი საჩივარი წარმოადგენს ინფორმაციის გადაცემის ფორმას სუბიექტებს შორის, რომლებიც არ იმყოფებიან ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაციაში. ჩვეულებრივ, წერილობითი საჩივრის სახალხო დამცველამდე მიტანა ხდება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის გავლით. შესაბამისად, არ გამოირიცხება ის გარემოება, რომ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა დამოკიდებული იყოს ადმინისტრაციის და, კონკრეტულად, მის ცალკეულ თანამშრომელთა კეთილსინდისიერებაზე. შესაძლო ადმინისტრაციული თვითნებობის პირობებში თავს იჩენს რისკი, რომ წერილობითი საჩივარი ადრესატს ჩაჰბარდეს დაგვიანებით ან საერთოდ არ ჩაჰბარდეს. ამ მიმართულებით, არსებული ნორმატიული მოწესრიგების ანალიზიდან კი ირკვევა, რომ აღნიშნული რისკის გამაქარწყლებელ გარემოებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

22. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე იღებს მხედველობაში სადავო ნორმებით დადგენილი აკრძალვის ინტენსივობას დროში მოქმედების თვალსაზრისით. პატიმრობის კოდექსის გასაჩივრებული ნორმებით დადგენილია სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა და, აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის აკრძალვა 14 დღის, 1 თვისა და 3 თვის ვადით. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული დროის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია იმისათვის, რომ არ დაგვიანდეს და საერთოდ შეუძლებელი არ გახდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება. სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომის არარსებობის პირობებში, დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, ვერ მოესწროს და შეუძლებელი გახდეს სავარაუდო დაზიანებათა დადასტურება ან, უფრო მეტიც, მათი კვალი საერთოდ გაქრეს პატიმრის სხეულიდან. თავის მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ სახდელის მოქმედების პერიოდში შეუქცევადად გაუარესდეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამაც სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, თუკი ამას თან დაერთვება წერილობითი საჩივრის გაგზავნასა თუ ადრესატამდე მისვლასთან დაკავშირებული დაბრკოლებები. ამგვარად, სადავო ნორმები, პატიმრის ცხელ ხაზთან წვდომის აკრძალვის ბლანკეტურობისა და ამავე აკრძალვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ართულებს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების პრაქტიკულ და ეფექტიან დაცვას, ხოლო ცხელ ხაზთან წვდომის ბერკეტის ჩანაცვლება მასთან წერილობითი საჩივრის გაგზავნის გაცილებით ნაკლებად ეფექტიანი ბერკეტით, ვერ ახდენს ამ სირთულის დაძლევას.

23. საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, ასევე შეაფასოს ის საკანონმდებლო მოწესრიგება, რომლის საფუძველზე სახალხო დამცველს გააჩნია მთელი რიგი უფლებამოსილებები პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთა მიმართ როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის, ასევე, ზოგადად მათი უფლებების დაცვის ზედამხედველობის სფეროში. ზემოხსენებულ კომპეტენციათა გაანალიზება აუცილებელია იმ თვალსაზრისით, რომ შეფასდეს, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში და ალტერნატიული მოწესრიგების საფუძველზე, რამდენად ქმედითად და ეფექტიანად ასრულებს სახელმწიფო თავის პოზიტიურ ვალდებულებებს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

24. სასამართლო, უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში იღებს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა ფართო სპექტრს, რომელიც მას მინიჭებული აქვს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ორგანული კანონის“საფუძველზე. კერძოდ: ა) „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, ასევე მათი დარღვევის ფაქტებს, როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით; ბ) დასახელებული კანონის მე-15 მუხლის თანახმად, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია. მათი გახსნა და ცენზურა დაუშვებელია. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს; გ) „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანხმად, სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას დაუბრკოლებლად შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; დ) დასახელებული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შესაძლებლობას, შეამოწმოს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა, პირადად შეხვდეს და ესაუბროს დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფ პირებს და მსჯავრდებულებს. აგრეთვე, შეამოწმოს მათი აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ე) ამავე მუხლის მე-2 პუნქტი პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სახალხო დამცველს/ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს აძლევს შესაძლებლობას, პირადად, მოწმის გარეშე და, თუ საჭიროა, თარჯიმანთან ერთად, შეხვდნენ და ესაუბრონ დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ, სხვაგვარად, თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ვ) „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით, სახალხო დამცველთან შექმნილ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს გააჩნია უფლება და ვალდებულება, რეგულარულად შეამოწმოს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობა და მათდამი მოპყრობა, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის მიზნით. გარდა „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი უფლებამოსილებებისა, ასევე აღსანიშნავია პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველი, აგრეთვე მისი წინასწარი წერილობითი თანხობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება.

25. როგორც ზემოხსენებული კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, საქართველოს სახალხო დამცველს, სახელმწიფოს მხრიდან, მინიჭებული აქვს უფლებამოსილებათა საკმაოდ ფართო სპექტრი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმართა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა, პრევენციისა და მათზე რეაგირების სფეროში. თუმცა ამ სფეროში მისთვის უზრუნველყოფილ ბერკეტთა სიმრავლე ვერ იქნება თავისთავადი დასტური და თვითკმარი საფუძველი სახელმწიფოს მხრიდან მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილ პოზიტიურ ვალდებულებათა სრულყოფილად შესრულებაში დასარწმუნებლად. საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ამ ღონისძიებათა შინაარსობრივი მხარე და მათი პოტენციალი პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციისა თუ მისი დროული გამოვლენის მიზნებისთვის.

26. დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ტექსტობრივი განმარტებიდან ცალსახად იკვეთება, რომ სახალხო დამცველს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან გააჩნია სრული, შეუზღუდავი წვდომა. მას ნებისმიერ დროსა და ვითარებაში აქვს შესაძლებლობა, თავისი ინიციატივით, ადგილზე შეხვდეს და მოინახულოს ნებისმიერი ბრალდებული/მსჯავრდებული. ეს, უდავოდ, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, თუ სახალხო დამცველისათვის წინასწარ ცნობილი არ არის ინფორმაცია ამა თუ იმ კონკრეტული პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტების თაობაზე, ცხადია, ვერ იარსებებს ვერავითარი მოლოდინი და გარანტია, რომ იგი, საკუთარი ინიციატივით, სწორედ ამ პატიმარს მოინახულებს, ვისაც არასათანადოდ მოეპყრნენ და, თანაც, მოინახულებს არასათანადო მოპრობის შემთხვევიდან მოკლე ხანში, როდესაც ჯერ კიდევ დაკარგული არ არის მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. მოვლენათა ასეთი დამთხვევა მხოლოდ შემთხვევითობას შეიძლება უკავშირდებოდეს. ამიტომ აუცილებელია, პატიმრები არ იყვნენ დატოვებული ამგვარი შემთხვევითობის იმედად. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თვითონ პატიმარს ჰქონდეს სახალხო დამცველთან ცხელი ხაზის მეშვეობით დაკავშირების შესაძლებლობა საკუთარი ინიციატივით, რათა მისგან დროულად მიიღოს მხარდაჭერა და შესატყვისი დახმარება საქმის ვითარებისა და კონკრეტული გარემოებების მიხედვით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დროული, მყისიერი და ეფექტური რეაგირების ნაწილში სახალხო დამცველის ხელთ არსებულ უფლებამოსილებათა ფართო სპექტრი ვერ ჩაანაცვლებს ცხელ ხაზს და ვერ უზრუნველყოფს სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციასა თუ მათზე დროულ რეაგირებას იმგვარად, რომ დააკმაყოფილოს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ადეკვატურად შესრულების სტანდარტი კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით.

27. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველისა და მის მიერ უფლებამოსილ პირთა მხრიდან ნებისმიერ დროსა და ვითარებაში პატიმრების ადგილზე მონახულების წესი და პრაქტიკა სხვა მხრივაც ვერ პასუხობს იმგვარი ეფექტიანი ღონისძიების სტანდარტს, რომელიც სრულად ჩაანაცვლებდა სადავო ნორმების საფუძველზე დაწესებულ ცხელ ხაზზე წვდომის შესაძლებლობის ბლანკეტურ აკრძალვას. კერძოდ, პერმანენტული ვიზიტების პირობებშიც კი, ფაქტობრივად შეუძლებელია ყველა შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების იდენტიფიცირება სახალხო დამცველის ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირების მხრიდან. სასამართლოს საფუძვლიანად ესახება მოსარჩელის პოზიცია, რომ მწირი ადამიანური რესურსის გამო და პენიტენციურ დაწესებულებათა სიმრავლის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელია სახალხო დამცველმა მოახდინოს არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამომწურავად იდენტიფიცირება პენიტენციურ დაწესებულებებში თავისი პერმანენტული ვიზიტების პირობებშიც კი. შესაბამისად, მიუხედავად კანონმდებლობით სახალხო დამცველისათვის არასათანადო მოპყრობის სფეროში დაწესებული ნორმატიული ბერკეტების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ისინი არ წარმოადგენს ისეთ ალტერნატიულ საშუალებას, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო ეფექტიანად და მყისიერად უპასუხებდა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში მოაზრებულ გამოწვევებს სახელმწიფოსათვის და ადეკვატურად შეასრულებდა მის პოზიტიურ ვალდებულებებს არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად.

28. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომა მორალური თვალსაზრისითაც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინური წესით დასჯილ და, მით უფრო, სამარტოო საკანში მყოფ პატიმრებს, რომლებიც იქ იმყოფებიან 3 თვის, ერთი თვის და თუნდაც 14 დღის განმავლობაში, არ დაეუფლოთ უმწეობისა და სრული დაუცველობის განცდა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს მათი პიროვნული დათრგუნვა. ასეთი და მსგავსი შედეგები არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს დისციპლინური სახდელის მიზანს, ანდა მოეძებნოს საკმარისი გამართლება საპატიმრო ადგილებში წესრიგის დაცვის ინტერესებით, ან/და ადამიანური თუ ფინანსური რესურსების ნაკლებობის თუ სხვა გარემოებების მომიზეზებით. სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, მოიმოქმედოს ყველაფერი, რათა პატიმრები, რომლებიც სახელმწიფოს განკარგულებაში არიან, არ აღმოჩნდენ ორმაგი რისკის ქვეშ – ერთი მხრივ, დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას და, მეორე მხრივ, ხელთ არ გააჩნდეთ ამგვარი მოპყრობის ფაქტზე სახალხო დამცველის დროული ინფორმირების რეალური შესაძლებლობა.

29. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გასაგები არ არის კანონმდებლის პრინციპული მიდგომა, რომელსაც სადავო ნორმები ასახავს. კერძოდ, მხედველობაშია საკუთრივ ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების შესაძლებლობის აკრძალვა წარმოადგენს პატიმრისათვის განსაზღვრულ დისციპლინური სანქციის ერთ-ერთ სახეს. გაუგებარია, რატომ უნდა კარგავდეს დისციპლინური წესით დასჯილი პატიმარი უფლებას, დაუკავშირდეს სახალხო დამცველს ცხელ ხაზის მეშვეობით, რასაც პატიმრები მიმართავენ მათი უფლებების სავარაუდო/ნაგულვები დარღვევების დროს. მოცემულ შემთხვევაში საქმე შეეხება სახალხო დამცველის ცხელ ხაზს სწორედ როგორც არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმს. შესაბამისად, ცხადია, რომ ყველა პატიმარი, მათ შორის დისციპლინური წესით დასჯილი, თანაბრად არის კონსტიტუციით დაცული არასათანადო მოპყრობისაგან. შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები არასათანადო მოპყრობის პრევენციის სფეროში არ შეიძლება განსხვავებული იყოს პატიმრების მიმართ და დისციპლინური წესით დასჯილებისათვის უფრო ნაკლები დაცვა იყოს უზრუნველყოფილი სხვა პატიმრებთან შედარებით. პატიმრის დისციპლინური წესით დასჯის ფაქტი არ შეიძლება იყოს ისეთი გარემოება, რომელიც შეასუსტებდა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს არასათანადო მოპყრობისაგან პატიმართა დაცვის სფეროში. პრინციპულად არ არის სწორი, რომ დისციპლინური სასჯელი გულისხმობდეს რაიმე უკანდახევას არასათანადო მოპყრობისაგან ადამიანის დაცვის ვალდებულებებიდან. ეს იქნებოდა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობიდან გადახვევა და სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაგულისხმები პოზიტიური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დისციპლინური დარღვევების ჩამდენი პატიმრები არ უნდა კარგავდნენ არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ეფექტიან გარანტიებს და დისციპლინური სახდელი, როგორც ასეთი, არ შეიძლება გულისხმობდეს ამგვარი გარანტიების დაკარგვას ან შესუსტებას.

30. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ პასუხობს იმ პოზიტიურ ვალდებულებებს, რასაც კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტური ხასიათი განაპირობებს. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ, საზოგადოდ, იგი არ უარყოფს კანონმდებლის მიერ დასახელებული იმ მიზნების ლეგიტიმურობას, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წესით დასჯილი პატიმრებისათვის სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომის ბლანკეტურ აკრძალვას. თუმცა მიაჩნია, რომ ამ მიზანთა არსებობა, თავისთავად, ვერ აქარწყლებს იმის აუცილებლობას, რომ პატიმარი კვირებისა და თვეების განმავლობაში იყოს ჩამოცილებული უფლებათა დაცვის ისეთ ქმედით, მყისიერ და ეფექტიან ბერკეტს, როგორიც არის საკუთარი ინიციატივით სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება.

31. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას არ განაპირობებს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომის უფლების ნებისმიერი შეზღუდვა. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი არ აყალიბებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, პატიმრებისთვის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე ყოველდღიური, დაუბრკოლებელი და სრულიად შეუზღუდავი კონტაქტი უზრუნველყოს. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში ამგვარი მასშტაბის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და ასეთი ტვირთის სახელმწიფოსათვის დაკისრება არ არის ამოკითხვადი. აღნიშნული არ გამომდინარეობს დასახელებული კონსტიტუციური დებულების შინაარსიდან და მიზანმიმართულებიდან.

32. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია აკრძალვის ბლანკეტური ხასიათის, მისი ხანგრძლივი მოქმედებისა და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ აკრძალვას აქვს დისციპლინური სახდელის სახე. გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი წესი მთლიანად უხშობს პატიმარს შესაძლებლობას კვირებისა და თვეების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდეს სახალხო დამცველს. კანონმდებელს შეუძლია, ბლანკეტური აკრძალვის მიღმა შეიმუშაოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის იმგვარი გონივრული შეზღუდვა პატიმრებისათვის, რომელსაც არ ექნება დისციპლინური სახდელის სახე და რომელიც, ერთი მხრივ, არ დააზიანებს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, არ შეასუსტებს არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და მასზე დროული, ეფექტიანი რეაგირების გარანტიებით პატიმრების უზრუნველყოფას. ამგვარი გონივრული შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფოს გააჩნია შეფასების, პროგნოზირების და მიხედულების ფართო არეალი, ცხადია, პატიმართა უფლებების, თანასწორუფლებიანობისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობის გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით, საზოგადოდ, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეამოწმებს იმას, იპოვა თუ არა კანონმდებელმა ყველაზე ოპტიმალური და მიზანშეწონილი გამოსავალი. სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ ის შეაფასოს, რამდენად არის დაცული გარე კონსტიტუციური ზღვარი და არის თუ არა მიღწეული გამოსავალი შეთავსებადი, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ვალდებულებებთან. მოცემულ საქმეში, სწორედ ამ ვალდებულებებთან შეუთავსებლობის გამო მიიჩნევს სასამართლო სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1441 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოქმედების დროს და ასევე სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბლანკეტურად უზღუდავს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობას.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი