პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018048
48/ნ
19/07/2021
ვებგვერდი, 19/07/2021
430060000.22.022.018048
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №48/ნ

2021 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების თანდართული წესი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი



პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების პროცედურას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტეგრირებული ზოგადი მოდულები – „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ინტეგრირებული ზოგადი მოდულები;

ბ) პროფესიული სტუდენტის ელექტრონული პორტფოლიო  (შემდგომში – პორტფოლიო) –  პროფესიული სტუდენტის  შეფასების პროცესისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს სტუდენტის მიღწევების ამსახველ მასალებს, ორგანიზებულს კომპლექსური დავალებებისა და სასწავლო თემების მიხედვით;

გ) კომპლექსური დავალება -  შემოქმედებითი პროდუქტი,  რომლის საშუალებითაც წარმოჩინდება პროფესიული სტუდენტის მიღწევები   ინტეგრირებული ზოგადი მოდულით განსაზღვრულ სწავლის შედეგთან/შედეგებთან მიმართებით;

დ) თემა –  ინტეგრირებული ზოგადი მოდულის  შემადგენელი  სტრუქტურული ერთეული, რომლის ფარგლებშიც, კომპლექსური დავალებების საშუალებით ხდება სწავლის ყველა შედეგზე მუშაობა;

ე) ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლის შედეგების შეფასების ტაქსონომია –  შეფასების ჰოლისტური რუბრიკა, რომლის საშუალებითაც ხდება პროფესიული სტუდენტის მიღწევების  შეფასება;

ვ) ვერიფიკაცია – დადასტურების კომისიის მიერ ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების სისტემის შესაბამისობის შემოწმება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.

მუხლი 3.  დადასტურების მიზანი და შეფასების სისტემის მახასიათებლები

1. დადასტურება გულისხმობს პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ფორმალურ დამოწმებას.

2. ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების შეფასების სისტემა უნდა იყოს:

ა) ვალიდური;

ბ) სანდო;

გ) გამჭვირვალე;

დ) სამართლიანი;

ე) ობიექტური.

მუხლი 4.  ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) უზრუნველყოფს თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის პროგრესის შეფასებას.

2. შეფასება არის განმსაზღვრელი და განმავითარებელი. ამასთან, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში გამოიყენება არადიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასება.

3. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის მიღწევას ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგებთან მიმართებაში.

4. განმავითარებელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას, მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და გამოიყენება პროფესიული სტუდენტის მხარდაჭერის მიზნებისათვის.

5. პროფესიული სტუდენტი ფასდება შეფასების ტაქსონომიის გამოყენებით თითოეული თემის კონტექსტში და სწავლის შედეგებთან მიმართებაში.

6. ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტი ერთსა და იმავე სწავლის შედეგთან მიმართებით რამდენიმე კომპლექსურ დავალებას ასრულებს. თითოეული თემის ფარგლებში სავალდებულოა ყველა სწავლის შედეგზე მუშაობა (კომპლექსური დავალებების საშუალებით).

7. შეფასებისას, სავალდებულოა კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალების გამოყენება. დასაშვებია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთი კომპლექსური დავალებით შეფასება.

8. კომპლექსური დავალების შეფასების რუბრიკა ეფუძნება ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგების შეფასების ტაქსონომიას.

9. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პორტფოლიოს სრულფასოვნად შევსებისათვის აუცილებელი აქტივობების განხორციელება.

10.  საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სწავლის შედეგის მიღწევის განმეორებითი შეფასების ორგანიზება, მის მიერ დადგენილი წესით.

11. პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია, კომპლექსური დავალების შეფასებიდან დაწესებულების მიერ განსაზღვრულ  ვადაში, პორტფოლიოში ასახოს სტუდენტის პროგრესის ამსახველი მტკიცებულებები.  

12. პორტფოლიოში პროფესიული სტუდენტის მიღწევების ამსახველი მტკიცებულებები ინახება დადასტურების კომისიის ოქმის გაფორმებიდან სამი წლის ვადით, რის შემდეგაც მონაცემები არქივდება და ინახება 5 წლის განმავლობაში. 5 წლის გასვლის შემდეგ დაარქივებული მონაცემები ავტომატურად იშლება.

13. პორტფოლიო შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) პროფესიული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება;

გ) ინტეგრირებული მოდულის სახელწოდება;

დ) თემის დასახელება;

ე) კომპლექსური დავალების შინაარსი და ნომერი;

ვ) პროფესიული სტუდენტის მიერ კომლექსური დავალების შესრულების მტკიცებულება;

ზ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასება და მიცემული უკუკავშირი;

თ) კომპლექსური დავალების მიცემის, შესრულების და პორტფოლიოში მისი განთავსების თარიღები.

14. ინტეგრირებული ზოგადი მოდული დაძლეულად ჩაითვლება, თუ ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგი მიღწეულია.     

15. სწავლის შედეგი მიღწეულად ითვლება, თუ მასთან დაკავშირებული ყველა კომპლექსური დავალება შეფასებულია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ და მათგან მინიმუმ ერთი შეფასებულია მიმართებით ან აბსტრაქტულ დონეზე (დანართი №1).

მუხლი 5.  ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურება

1. პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წინაპირობაა თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევა.  

2. პორტფოლიოში წარმოდგენილი სტუდენტების მიღწევების ამსახველი მტკიცებულებების განხილვის და მისი ვერიფიკაციის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების კომისია (შემდგომში – დადასტურების კომისია) ადგენს, რამდენად მოხდა ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული თითოეული სწავლის შედეგის მიღწევა  და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

ა) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება;

ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა ვერ დასტურდება.

3. პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დადასტურდება, თუ პორტფოლიოში წარმოდგენილია პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი ყველა ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. დადასტურების კომისიის მიერ გაკეთებული არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 6. დადასტურების კომისია

1. დადასტურების კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დაწესებულების მიერ დამტკიცებული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენელთა მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

3. დადასტურების კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან.

4. დადასტურების კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა.

5. დადასტურების კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება  სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. დადასტურების კომისიის წევრი უფლებამოსილია მისი განსხვავებული მოსაზრება წერილობით დაურთოს ოქმს.

7. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დადასტურების კომისიის მიერ ვერიფიკაციის პროცესის სრულფასოვანი განხორციელების ხელშეწყობა.

მუხლი 7. პროფესიული სტუდენტის ინფორმირება

დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პროფესიული სტუდენტის ინფორმირება ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურების პროცესის თაობაზე.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

1. დაევალოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურებისთვის საჭირო ელექტრონული სისტემის შექმნა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. აღნიშნული ელექტრონული სისტემა წარმოადგენს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელ ელექტრონულ მოდულს და მასზე ვრცელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ XIV თავით განსაზღვრული წესები სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, გარდა სისტემაში ინფორმაციის შენახვის ვადისა.

2. აღნიშნული ელექტრონული სისტემის შექმნამდე, დაწესებულება, პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოს აწარმოებს მის მიერვე დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პორტფოლიო უნდა განადგურდეს ამ წესის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

4. ამ წესის ამოქმედებამდე დადასტურებული სწავლის შედეგები ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად დადასტურებულად.

5. პირებს, რომლებიც 2019 წლის პირველ მაისამდე ჩაირიცხნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებული იყო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები და კანონმდებლობის შესაბამისად დაასრულეს სწავლა, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში დადასტურებული სწავლის შედეგები ჩაეთვალოთ კანონმდებლობის შესაბამისად დადასტურებულად.

6. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელმა დაწესებულებებმა, ამ წესის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყონ ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე.

7. დაწესებულებებმა, რომლებთან მიმართებითაც მიმდინარეობს ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება ან პირველად მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლების მოპოვებიდან 2 თვის ვადაში  უზრუნველყონ ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე.

 

 

დანართი №1

 

1: პრესტრუქტურული დონე

პროფესიულ სტუდენტს  არ აქვს გააზრებული საკითხი, იყენებს შეუსაბამო, არარელევანტურ ინფორმაციას ან/და საერთოდ აცდენილია საკითხს.

2: უნისტრუქტურული დონე

პროფესიულ სტუდენტს შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტის განხილვა და მარტივი, აშკარა/ცხადი კავშირების დამყარება.

პროფესიულ სტუდენტს შეუძლია ტერმინოლოგიის გამოყენება, ზეპირად გადმოცემა (გახსენება), მარტივი ინსტრუქციების/ალგორითმების შესრულება; პარაფრაზირება, ამოცნობა,  დასახელება ან დათვლა.

3: მულტისტრუქტურული დონე

პროფესიულ სტუდენტს შეუძლია რამდენიმე ასპექტის განხილვა განცალკევებულად, ერთმანეთთან კავშირის გარეშე. მას შეუძლია ჩამოთვლა, აღწერა, კლასიფიცირება, კომბინირება; მეთოდების, სტრუქტურის გამოყენება;  პროცედურების შესრულება, სხვ.

4: მიმართებითი დონე

პროფესიულ სტუდენტს შეუძლია გაიაზროს კავშირი  რამდენიმე ასპექტს შორის, აგრეთვე ისიც, თუ როგორ ერგება/შეესაბამება ეს ასპექტები ერთმანეთს და ქმნის მთელს, მთლიანობას.  მისი ნააზრევი სტრუქტურირებულია და ამგვარად, პროფესიულ სტუდენტს აქვს იმის უნარი, რომ შეადაროს, დააკავშიროს, გააანალიზოს, გამოიყენოს თეორია, ახსნას საკითხი მიზეზშედეგობრიობის კუთხით.

5:  აბსტრაქტული დონე

პროფესიულ სტუდენტს შეუძლია სტრუქტურის განზოგადება და აღქმა სხვადასხვა კუთხიდან/თვალთახედვიდან, იდეების გადატანა ახალ სფეროში. მას შეუძლია განზოგადება, ჰიპოთეზის წამოყენება, კრიტიკული გაანალიზება ან თეორიის ჩამოყალიბება.