პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018042
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
42/ნ
02/07/2021
ვებგვერდი, 02/07/2021
430030000.22.022.018042
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/07/2021 - 14/02/2022)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №42/ნ

2021 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




დანართი

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში - პროგრამა) ჩარიცხვის წესი და პირობები (შემდგომში - წესი)  ადგენს პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის პროცედურას.

 

მუხლი 2. წესის მიზანი

1. ამ წესის მიზანია პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესის რეგულირება, ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით.

2. პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის მიზანია დეცენტრალიზებული, სტუდენტთა ინტერესებზე ორიენტირებული, ობიექტური და გამჭვირვალე მიდგომით,  პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 3. დაინტერესებულ პირთა კონსულტირება

1. დაინტერესებული პირის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში - დაწესებულება) /საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში - რესურსცენტრი), მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია დაინტერესებულ პირს:

ა) გააცნოს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები;

ბ) მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და შერჩევის თავისებურებების შესახებ;

გ) მიაწოდოს ინფორმაცია პროგრამაზე ამ წესით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს რეგისტრაციაში.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, დაწესებულება ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ გასაწევი საგანმანათლებლო სერვისების, მათ შორის, პროგრამის თავისებურებების (მისანიჭებელი კვალიფიკაცია, სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების შესაძლებლობები, სწავლის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების ფორმა, თანაგანმახორციელებელი ორგანიზაციები, დაფინანსების შესაძლებლობები და სხვა მახასიათებლები) შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის დაუშვებელია საფასურის დადგენა.

4. დაინტერესებულ პირთა კონსულტირება ხორციელდება მიმართვის შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში.

 

 

თავი II

პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება

 

მუხლი 4. პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები

პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება;

ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია;

გ) შერჩევა;

დ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა,  რომლის ფორმა მტკიცდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში - მართვის სისტემა) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე) შედეგების გამოცხადება და პროგრამაზე ჩარიცხვა, რის საფუძველზეც აპლიკანტს ენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი;

ვ) დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში).

 

მუხლი 5. დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება

1. პროგრამაზე მიღების გამოცხადების მიზნით, დაწესებულება, შესაბამისი წლის 1 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ავსებს ანკეტა-კითხვარს ელექტრონულად.  

2. ანკეტა-კითხვარი წარმოადგენს დაწესებულების მიერ მიღების გამოცხადების მიზნით შექმნილ მოდულს, რომელშიც აისახება ინფორმაცია დაწესებულების, მისი პროგრამების, მისაღები ადგილებისა და სხვა პირობების შესახებ. ანკეტა-კითხვარი არის აპლიკანტთა რეგისტრაციის მიზნით შექმნილი სარეგისტრაციო სისტემის ინფორმაციის წყარო. ანკეტა-კითხვარის ფორმა მტკიცდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაწესებულება ვალდებულია მიღება გამოაცხადოს ორი სასწავლო გეგმით (სასწავლო გეგმა, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს და სასწავლო გეგმა, რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს), თუ თავისუფალი ადგილების რაოდენობა იძლევა ორი დამოუკიდებელი ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაწესებულებების და მათი პროგრამების შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მართვის სისტემისთვის მიწოდებული მონაცემები, რომლებიც აისახება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ხოლო ამავე სისტემაში დაწესებულების მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია თავად დაწესებულება.

5. მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპით:

ა) პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა და მიღებული სხვაობა ემატება ამ პროგრამაზე სწავლის დაწყების დროისათვის დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობას;

ბ) აქტიური პროფესიული სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების შესაბამისად, ანკეტა-კითხვარის შევსების დაწყების წინა დღის მდგომარეობით;

გ) დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის მდგომარეობით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად.

6. მართვის სისტემა ამუშავებს ანკეტა-კითხვარში ასახულ მონაცემებს ელექტრონულად და განათავსებს სარეგისტრაციო სისტემაში.

7. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შერჩევის პერიოდის დასრულებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში დაწესებულება უფლებამოსილია მისაღები ადგილები გაზარდოს შესაბამის პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობის ფარგლებში.

 

მუხლი 6. აპლიკანტთა რეგისტრაცია

1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში და რეგისტრირდება აპლიკანტად.

2. სარეგისტრაციო სისტემა წარმოადგენს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელ ელექტრონულ მოდულს. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის N11/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIV თავით განსაზღვრული წესები - სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.

4.  ელექტრონული რეგისტრაციისას შესავსები ველების ჩამონათვალი დგინდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. რეგისტრაციისას აპლიკანტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროგრამა.

6. რეგისტრაციისას სარეგისტრაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი. სარეგისტრაციო სისტემაში მცდარი მონაცემების ასახვა შესაძლოა გახდეს აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის ან პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად/ბათილად ცნობის საფუძველი.

7. რეგისტრაცია დასტურდება აპლიკანტის ელექტრონულ ფოსტასა და მობილური ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით. შევსებული მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური ანგარიშის მეშვეობით.

8. აპლიკანტს არჩევანის შეცვლა შეუძლია რეგისტრაციისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში.

9. მართვის სისტემა უფლებამოსილია რეგისტრაციის პროცესში პირის იდენტიფიცირება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.

10. მართვის სისტემა აპლიკანტის განათლების მიღწეული დონის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში, აპლიკანტის შესახებ მონაცემების არსებობის შემთხვევაში.  

11. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სარეგისტრაციო სისტემაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.

12. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მართვის სისტემა იტოვებს შესაძლებლობას ტესტირების მიზნით, აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ქალაქში/მუნიციპალიტეტში.

 

თავი III

აპლიკანტთა შერჩევა

 

მუხლი 7.   აპლიკანტთა შერჩევა

1. აპლიკანტთა შერჩევა გულისხმობს პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა შეფასებას.

2. შერჩევის პერიოდი, ტესტირებისა და სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით/აქტებით.

3. შერჩევა ხორციელდება ქართულ ენაზე, გარდა ამ წესის 24-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მუხლი 8. შერჩევა საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს:

ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირების ფორმებს;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

2. თითოეულ საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს  სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

3. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი და აპელაციის კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას.

5. დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში  სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს.

6. შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შერჩევის ეტაპის დაწყებამდე.

7. მართვის სისტემა, რეიტინგულ სიას ადგენს, აპლიკანტის შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით, რომელიც მტკიცდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული ქულის 1.1. კოეფიციენტზე  გამრავლებით.

10. საბაზო პროფესიულ პროგრამაზე დგება ორი რეიტინგული სია განათლების მიღწეული დონის მიხედვით:

ა) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური;

ბ) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონე აღემატება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს.

11. თუ აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე, რეიტინგულ სია დგება ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებით (მიუხედავად განათლების მიღწეული დონისა), რომელთა რეიტინგული ქულა უტოლდება ან აღემატება დაწესებულების მიერ პროგრამისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

12. თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

13. მართვის სისტემა, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის  აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით.

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული  ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით.

 

მუხლი 9. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები

1. შერჩევა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ სასწავლო გეგმით, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს (შემდგომში - ინტეგრირებული პროგრამა), აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს:

ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირებას;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების  წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

2. თითოეულ ინტეგრირებულ პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს  სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

3. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემუშავებული წესით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას.

5. დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს.

6. შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7.  მართვის სისტემა, რეიტინგულ სიას ადგენს, აპლიკანტის შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსის  გათვალისწინებით. რეიტინგული სია მტკიცდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული ქულის 1.1. კოეფიციენტზე  გამრავლებით.

10. პროგრამაზე რეიტინგული სია დგება მხოლოდ იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.

11. თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

12.  მართვის სისტემა, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით.

 

მუხლი 10. შერჩევა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

1. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის იმ სასწავლო გეგმით, რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს (შემდგომში - საშუალო პროფესიული პროგრამა) აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს:

ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირებას;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

2. თითოეულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს  სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

3. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემუშავებული წესით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას.

5. დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შერჩევის დადგენილ პერიოდში, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს.

6. შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7. მართვის სისტემა, რეიტინგულ სიას ადგენს, აპლიკანტის შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით, რომელიც მტკიცდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული  ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული ქულის  1.1. კოეფიციენტზე  გამრავლებით.

10. საშუალო პროფესიულ პროგრამაზე დგება ორი რეიტინგული სია განათლების მიღწეული დონის მიხედვით:

ა) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლების საფუძველზე მიღებული პროფესიული ან სრულ ზოგად განათლებასთან გათანაბრებული პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.   

11. თუ აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე, რეიტინგულ სია დგება ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებით (მიუხედავად განათლების მიღწეული დონისა), რომელთა რეიტინგული ქულა უტოლდება ან აღემატება დაწესებულების მიერ პროგრამისთვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს.

12. თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

13.  მართვის სისტემა, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის  აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით.

 

მუხლი 11. შერჩევა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

1.  უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე, რომლის ჩატარების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების გარდა, დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს შეფასების დამატებითი მექანიზმები, რომელიც არეგულირებს:

ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირებას;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების  წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თითოეულ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს  სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

4. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულების შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ადგენს ცენტრის დირექტორი.

8. იმ შემთხვევში, თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ამ მუხლის  მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დაკარგავს ჩარიცხვის უფლებას.

9. იმ შემთხვევში, თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, დაწესებულება უფლებამოსილია არ დაუშვას აპლიკანტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევაზე.

10. მართვის სისტემა, შესაბამისი პროგრამისთვის რეიტინგულ სიას ადგენს, ტესტირებისა და დაწესებულების შეფასების საბოლოო შედეგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სოციალური სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით, რომელსაც მართვის სისტემის უფროსი ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

11. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12. თუ პროგრამაზე მიღებისთვის ტესტირებასთან ერთად დადგენილია დაწესებულების შეფასება,  საბოლოო შედეგის გაანგარიშების მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს ტესტირებისა და დაწესებულების შეფასების შედეგების განათავსებას ერთიან სკალაზე, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მეთოდით.  თითოეული შეფასების შედეგების ხვედრითი წილი საბოლოო შედეგის გაანგარიშებისას არის 50%.

13.  თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული  ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული ქულის  1.1. კოეფიციენტზე  გამრავლებით.

14. უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე დგება ორი რეიტინგული სია განათლების მიღწეული დონის მიხედვით:

ა) იმ აპლიკანტთა რეიტინგული  ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ აპლიკანტთა რეიტინგული  ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა პროფესიული ან უმაღლესი განათლება. 

15. თუ აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე, რეიტინგულ სია დგება  ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებით (მიუხედავად განათლების მიღწეული დონისა), რომელთაც გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

16. თანაბარი რეიტინგული  ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

17. მართვის სისტემა, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის  აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით.
 

მუხლი 12. შერჩევა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში

1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში (შემდგომში - რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებული პროგრამა) აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს შემდეგ საკითხებს:

ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;

ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირებას;

გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;

დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების  წესს;

ე) აპელაციის წესსა და ვადებს;

ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;

ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.

2. რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელებულ პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს  სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

3. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემუშავებული წესით.

4. შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამის თანაგანმახორციელებელი და სხვა პარტნიორი ორგანიზაციის/ორგანიზაციების მონაწილეობას.

5. დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შერჩევის პერიოდში, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს.

6. შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

7.  აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ  ქულას.

8. დაწესებულება რეიტინგულ სიას ადგენს აპლიკანტის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ინფორმაციას ასახავს სარეგისტრაციო სისტემაში.

9. თანაბარი რეიტინგული  ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

10.  მართვის სისტემა, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით.

11. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ პროგრამებზე, რომელთა განხორციელების ერთადერთ შესაძლებლობად საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრულია სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტის მიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში. ამ შემთხვევაში,  შერჩევა ხორციელდება შესაბამისი სახის პროგრამისთვის დადგენილი წესით.

 

თავი IV
ტესტირება

 

მუხლი 13. ტესტირებაში მონაწილეობის უფლება

ტესტირებაში მონაწილეობს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტი.

 

მუხლი 14. ტესტირების შინაარსი

1. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, აუცილებელია ტესტირების გავლა აკადემიური უნარებში.

2. ჩასაბარებელი ტესტების შესაბამისობას „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N69/ნ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომში -  სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებულ დეტალურ სფეროსთან და საგამოცდო პროგრამას ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროს შესაბამისად, აკადემიური უნარების ტესტირება შეიძლება დაწესდეს:

ა) წიგნიერებაში;

ბ) რაოდენობრივ წიგნიერებაში;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი).

4. თუ სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროსთვის განისაზღვრა ტესტის რამდენიმე ტიპი, აპლიკანტი აბარებს ამ ტესტის ყველა ტიპს.

 

მუხლი 15. ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. ტესტირების კოორდინაციას და ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში საგამოცდო ცენტრების მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო.

2. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ტესტირებაზე აპლიკანტთა რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას, საგამოცდო ცენტრების მიხედვით აპლიკანტთა განაწილებას  შერჩეული საგამოცდო ცენტრების მიხედვით.

3. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს ტესტირების პროცესის კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფას, ხოლო ტესტირების პროცესში, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.

4. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ამ მიზნით, ცენტრი:

ა) შეიმუშავებს ტესტირებისთვის სხვადასხვა სირთულის დავალებებს;

ბ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს  საგამოცდო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასა და სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს საცდელი ტესტირების ჩატარებას, რომლის საფუძველზეც დგინდება დავალებების საბოლოო ფორმატი და სამუშაო დრო;

დ) მართვის სისტემის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ტესტირებისთვის ადამიანური რესურსის მობილიზებასა და ტესტირების ჩატარებისთვის სხვა საორგანიზაციო საკითხების განხორციელებას;

ე) მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა);

5.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მართვის სისტემის მიერ შერჩეული სამინისტროს სისტემაში შემავალი ის იურიდიული პირი, რომლის შენობაშიც განთავსებულია საგამოცდო ცენტრი ვალდებულია:

ა) სამინისტროს/მართვის სისტემის მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი;

ბ) ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს მართვის სისტემისა და ცენტრის თანამშრომლების მითითებები;

გ) გამოყოს აპლიკანტთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი;

დ) ტესტირების პერიოდში დაიცვას საგამოცდო ცენტრში წესრიგი და არ დაუშვას ტესტირებისთვის გამოყოფილ შენობაში/შენობის ნაწილში სხვა პირების დაშვება, გარდა ცენტრის, სამინისტროსა და მართვის სისტემის მიერ მივლინებული პირებისა;

ე) დაიცვას და არ დააზიანოს საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განთავსებული ქონება;

ვ) აიღოს მატერიალური პასუხისმგებელობა სამინისტროს, ცენტრისა და მართვის სისტემის იმ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე, რომლებიც ინახება და გამოიყენება საგამოცდო ცენტრში;

ზ) ხელი შეუწყოს ცენტრის მიერ საცდელი ტესტირებების ჩატარებას, მათ შორის, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში ცენტრს გამოუყოს შენობის ნაწილი;

თ) შეასრულოს სამინისტროს/მართვის სისტემის/ცენტრის კონკრეტული მითითებები ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;

ი) უზრუნველყოს სხვა ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ტესტირების ჩატარებას.

 

მუხლი 16. საგამოცდო ცენტრების შერჩევა და აპლიკანტთა განაწილება

1. ტესტირების დაგეგმვის მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში საგამოცდო ცენტრების შერჩევას, რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

2. მართვის სისტემა რეგისტრაციის დასრულებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს შერჩეული საგამოცდო ცენტრების შესაბამისად აპლიკანტთა განაწილებას. ამ მიზნით:

ა) მართვის სისტემა რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ტესტირების ჩატარებამდე 10 დღით ადრე ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობის, აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობისა და მათ მიერ ჩასაბარებელი ტესტის ტიპის/ტიპების შესახებ;

ბ) ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მართვის სისტემას წარუდგენს ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების მიხედვით აპლიკანტთა რაოდენობის განაწილების შესახებ;

გ) მართვის სისტემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის აპლიკანტთა განაწილების თაობაზე ინფორმაციას (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის სხვა მონაცემები).

3. სამინისტრო, ტესტირებამდე 7 სამუშაო დღით ადრე, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას იმ აპლიკანტთა თაობაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა). მართვის სისტემა, მომდევნო სამუშაო დღეს, უზრუნველყოფს ამ მონაცემების ცენტრისთვის მიწოდებას ელექტრონული ფორმით.

 

მუხლი 17. საგამოცდო ბარათი

1. თითოეულ აპლიკანტზე, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სარეგისტრაციო სისტემაში გენერირდება საგამოცდო ბარათი.

2. საგამოცდო ბარათში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის შემდეგი პერსონალური მონაცემები – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი და აპლიკანტის ფოტოსურათი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აპლიკანტის ფოტოსურათი ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ბარათში ასევე მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი, სადაც აპლიკანტი გაივლის ტესტირებას, ჩასაბარებელი ტესტი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

 

მუხლი 18. ტესტირების პროცესი

1. ტესტირების პროცესი (მათ შორის, ტესტირების მიმდინარეობასთან და ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვასთან დაკავშირებული საკითხები) რეგულირდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად.

2. აპლიკანტმა ტესტირებაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციისას აპლიკანტი წარადგენს: პირადობის (ბინადრობის) მოწმობას/პასპორტს, ხოლო ასეთის არქონის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ სათანადო წესით დამოწმებულ განაცხადს/განცხადება-ანკეტას, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი. ასევე, აპლიკანტი წარადგენს სარეგისტრაციო სისტემიდან ამობეჭდილ საგამოცდო ბარათს.

 

მუხლი 19. შედეგები

ამ წესის მე-11 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შედგენის მიზნით:

ა) ცენტრი, ტესტირებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში, მართვის სისტემას ელექტრონული ფორმით აწვდის აპლიკანტთა ტესტირების შედეგებს.

ბ) დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით შერჩევისთვის განსაზღვრულ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

 

თავი V

შედეგების გამოცხადება და ჩარიცხვა

 

მუხლი 20. შედეგების გამოცხადება

ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილი შერჩევის პერიოდის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მართვის სისტემა უზრუნველყოფს:

ა) დაწესებულებისთვის  აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სარეგისტრაციო სისტემაში, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული  ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვით.

 

მუხლი 21. დაწესებულებაში ჩარიცხვა

1. დაწესებულება ვალდებულია, აპლიკანტები ჩარიცხოს პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აპლიკანტის მიერ წერილობით გამოხატული ნების საფუძველზე.

2.  საბაზო პროფესიულ პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის:

ა) 70%-ის ფარგლებში, ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური;

ბ) 30%-ის ფარგლებში, ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული  ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონე აღემატება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს.

3. საშუალო პროფესიულ და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობის:

ა) 70%-ის ფარგლებში, აპლიკანტთა ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული  ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება;

ბ) პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობის 30%-ის ფარგლებში, რეიტინგული სია დგება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.

4. დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება წესი, რომელიც განსაზღვრავს:

ა) აპლიკანტის მიერ ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;

ბ) დოკუმენტების წარდგენის ფორმას;

გ) დოკუმენტების წარდგენის ვადებს;

დ) ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძვლებს;

ე) ხელშეკრულების გაფორმების პირობებსა და ვადებს;

ვ) სხვა საკითხებს, დაწესებულების გადაწყვეტილებით.

5. მინისტრის მიერ დადგენილ ვადებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესისა და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპლიკანტთა პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;

6. დაწესებულება უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია  მართვის სისტემის მიერ.

7. აპლიკანტი, რომელსაც რეგისტრაციისას არჩეული აქვს რამდენიმე პროგრამა,  უფლებამოსილია ჩაირიცხოს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

8. რეიტინგულ სიაში, აპლიკანტის ადგილს იკავებს რეიტინგული სიის მიხედვით შემდეგი აპლიკანტი:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე დაწესებულების მიერ აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ბ) აპლიკანტის მიერ ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში;

გ) აპლიკანტის სხვა პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში.

9. პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის ფარგლებში მიღწეული განათლების დონის მიხედვით გამოყოფილი ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, ეს ადგილები გამოიყენება მეორე რეიტინგულ სიაში მყოფ აპლიკანტთა ჩარიცხვისთვის.

10. თუ ორი ან ორზე მეტი აპლიკანტი რეიტინგულ სიაში მოხვდა თანაბარი რეიტინგული ქულით და მათი პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილების რაოდენობას, დაწესებულებას შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აპლიკანტების ჩასარიცხად.

11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება  მოცემულ პროგრამაზე შემდეგ წელს მისაღებ ადგილებს, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში - სწავლების შესაბამის ფორმაზე/სასწავლო გეგმაზე არსებულ თავისუფალ ადგილებს. 

12. დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაციის ასახვა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.

 

მუხლი 22. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში)

1. პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, დაწესებულება უფლებამოსილია ინფორმაცია შესავსები ადგილების შესახებ, მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2. შესავსები ადგილების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, დაწესებულება იყენებს ჩარიცხვის დასრულების შემდეგ პროგრამაზე მისაღები ადგილებიდან დარჩენილ თავისუფალ ადგილებს;

3. დაწესებულება უფლებამოსილია თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ინტეგრირებულ პროგრამაზე მისაღები ადგილების ფარგლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობა გამოიყენოს მეორე სასწავლო გეგმით განხორციელებულ პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამ პროგრამაზე შესაბამისი სასწავლო გეგმისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

4. მართვის სისტემა უზრუნველყოფს დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ მოიპოვეს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

5. აპლიკანტი, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა.

6. პროგრამაზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, აპლიკანტთა შერჩევა, რეიტინგული სიების ფორმირება, შედეგების ასახვა და ჩარიცხვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად და ამ მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

7.  თავისუფალი ადგილების შევსების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვაზე არ ვრცელდება ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.

8. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის უფლება აქვს იმ აპლიკანტს, რომელსაც ჩარიცხვის წელს ჩაბარებული აქვს შესაბამისი პროგრამისთვის დადგენილი ტესტი.

9. უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტის რეიტინგული ქულა დგინდება ჩარიცხვის წლის ტესტირების შედეგის საფუძველზე. თუ დაწესებულებას დადგენილი აქვს შერჩევის დამატებითი ეტაპი, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ამ შერჩევის ორგანიზება.

10. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.

 

 

თავი VI

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვა

 

მუხლი 23. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვა

1.  უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლება შესაძლოა მიენიჭოთ:

ა) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

ბ) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან ჩარიცხვის წინა წელს და რომელთა განათლება აღიარებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს მოქალაქეებს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან ჩარიცხვის წინა წელს და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

დ) თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება რეგისტრაციისთვის ამ წესით განსაზღვრული პირობები, ხოლო შერჩევის წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეული აპლიკანტების შესახებ ინფორმაციას დაწესებულება ასახავს სარეგისტრაციო სისტემაში ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შერჩევის პერიოდში.

4. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით შერჩეული აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ინფორმაცია ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აპლიკანტების ჩარიცხვა სრულდება ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ეტაპამდე.

 

თავი VII

უცხოენოვან პროგრამებზე ჩარიცხვა

 

მუხლი 24. უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხვა

1. უცხოენოვან პროგრამაზე მიღების გამოცხადება, აპლიკანტთა რეგისტრაცია, შერჩევა და პირთა ჩარიცხვა ხორციელდება დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ამ წესით განსაზღვრული ჩარიცხვის პროცედურისგან განსხვავებულ ვადებსა და ეტაპებს.

2. დაწესებულების მიერ უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დადგენილი პირობები და პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამაზე დაშვების წინაპირობების შემოწმებას, ასევე პროგრამაზე ისეთ პირთა დაშვებას, რომელთა წინარე განათლება ან/და გამოცდილება უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების ვადაში პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

3. დაწესებულება უფლებამოსილია უცხოენოვან პროგრამაზე შერჩევა განახორციელოს პროგრამის განხორციელების ენაზე.

4. უცხოენოვანი პროგრამა არ უნდა ითვალისწინებდეს პროგრამის განხორციელების ენის, ასევე იმ მოდულების სწავლებას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 

5. უცხოენოვან პროგრამაზე მიღება ცხადდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება:

ა) მისაღები პროგრამების ჩამონათვალი და ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად, ჩარიცხვის ეტაპები და ვადები;

ბ) პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა;

გ) პროგრამის განხორციელების ენის ფლობის დონე და შესაბამის დონეზე ენის ფლობის დადასტურების პირობები;

დ) დაწესებულების მიერ დადგენილი სხვა პირობები.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულებამ კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია უნდა ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ასევე უნდა განათავსოს დაწესებულების ვებგვერდზე.

7. დაწესებულება ვალდებულია პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

 

თავი VIII

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამაზე

 ჩარიცხვის პროცედურები

 

მუხლი 25. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროგრამაზე ჩარიცხვა

1.ყველა პირისთვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, ეს თავი განსაზღვრავს პროგრამებზე  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ჩარიცხვის წესს.

2.ყველა პროგრამა, რომელზეც შესაბამის წელს გამოცხადებულია მიღება, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15%-ის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.პირს, რომელსაც მულტიდისციპილინური გუნდის მიერ დადასტურებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და დადგენილი წესით გავლილი აქვს პროფესიული ორიენტაცია, უფლება აქვს ჩარიცხვის მიზნით სარეგისტრაციო პორტალზე გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. სისტემა უზრუნველყოფს პირისათვის მხოლოდ იმ პროგრამების შეთავაზებას, რომელზე ჩარიცხვის მიზნითაც პირის მიმართ გაცემულია დადებითი რეკომენდაცია. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

4.იმ  პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მიღება შესაძლებელია პროგრამის თანაგანმახორციელებელი ორგანიზაციის წინასწარ თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, პროგრამაზე მისაღები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რაოდენობას დაწესებულება ასახავს ანკეტა-კითხვარში.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი გადის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შერჩევას.

6.დაწესებულება განიხილავს შესაბამისი გუნდის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას პირის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

7.თუ პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა აღემატება  პროგრამისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის გათვალისწინებულ ადგილების რაოდენობას ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს, რომელიც პირველად მოიპოვებს პროფესიული სტუდენტის სტატუსს. ამასთან, დაწესებულებას უფლება აქვს განსაზღვროს დამატებითი პირობები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

8.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამებზე ჩარიცხვით მიზნით, დაწესებულება გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მონაცემებს ასახავს სარეგისტრაციო სისტემაში და უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინფორმირებას ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული შერჩევის პერიოდში.

 

მუხლი 26. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში)

1.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, დაწესებულება უფლებამოსილია ინფორმაცია შესავსები ადგილების შესახებ, მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2.შესავსები ადგილების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, დაწესებულება იყენებს ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, პროგრამაზე მისაღები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის განსაზღვრული ადგილებიდან დარჩენილ თავისუფალ ადგილებს.

3.მართვის სისტემა უზრუნველყოფს დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ მოიპოვეს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

4.აპლიკანტი უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს პროგრამა.

5. პროგრამაზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, აპლიკანტთა შერჩევა, ხორციელდება ამ წესის 25-ე მუხლის მე-3  პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. თავისუფალი ადგილების შევსების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვაზე არ ვრცელდება ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.

7. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.

 

მუხლი 27. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროგრამაზე ჩარიცხვა

1. დაწესებულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს  პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და მათი წარდგენის ვადებს.

2. დაწესებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ,  პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებს შესაბამის პროგრამაზე და აფორმებს ხელშეკრულებას ამ აპლიკანტთან/მის კანონიერ წარმომადგენელთან.

3. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემებს დაწესებულება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე ასახავს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

 

თავი IX

გარდამავალი დებულებანი

 

მუხლი 28. გარდამავალი დებულებები

1. 2021 წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით:

ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) შერჩევა შესაძლებელია განახორციელდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე. დაწესებულება ვალდებულია ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:

ბ.ა) სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით კანონდებლობით დადგენილი წესით;

ბ.გ) ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ბ.დ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

2. 2021 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით,  განისაზღვრება შემდეგი ტესტის ტიპები:

ა) ზოგადი უნარები;

ბ) ბიოლოგია;

გ) ქიმია.

3. 2021 წლის ტესტირებიდან გათავისუფლდეს ის პირი, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ ახერხებს ტესტირებაზე გამოცხადებას შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

გ) საკარანტინო ზონაში;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

6. ამ მუხლით გათვალისწინებული პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხვის თაობაზე, შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობას და მუშაობის წესს ამტკიცებს მინისტრი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული მინისტრის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხული პირები არ აისახებიან ამ წესის რეიტინგულ სიაში. მათი ჩარიცხვა მოხდება რეიტინგულ სიაზე დამატებით.

9. საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან რეგისტრაციის დაწყებამდე უზრუნველყონ შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან და ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე მიაწოდონ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. 

10. იურიდიული პირები, რომელთა მიმართაც დაწყებულია ავტორიზაციის მოპოვების/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება და ავტორიზაცია/პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭებათ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდეგ, ვალდებულნი არიან უფლების მოპოვებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან და ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე მიაწოდონ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

11. 2021 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა განხოციელდეს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების  დაცვით, აღნიშნული ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში. ამასთან, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შერჩევა წარიმართოს დაწესებულებების მიერ დადგენილი წესით, პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის/აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე, როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროფესიასთან/პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას.

12. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პრაქტიკული მოსინჯვის ვადების განსაზღვრისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც, იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება პრაქტიკული მოსინჯვის გავლის შესაძლებლობა.

13. 2021 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის მიზნით, მულტიდისციპლინური გუნდი, მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსით რეგისტრირებული აპლიკანტის შეფასებას, ამ აპლიკანტის შეფასების დასკვნის მომზადებას და სარეგისტრაციო სისტემაში დასკვნის განთავსებას, რომლითაც დასტურდება აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება,  მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა ასევე მიეწოდება შეფასებულ პირს/მის კანონიერ წარმომადგენელს.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგი (სტატუსის მინიჭება ან მინიჭებაზე უარი) აისახება სარეგისტრაციო სისტემაში.

15. პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით შეფასება არ ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებობს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა, რომლის მომზადებიდან არ გასულა 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აპლიკანტი/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს განმეორებით შეფასებას ან მულტიდისციპლინური გუნდი საჭიროდ მიიჩნევს განმეორებით შეფასებას.  თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხდება აპლიკანტის განმეორებითი შეფასება, გამოყენებულ უნდა იქნას მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისთვის განსაზღვრული წესით შედგენილი ბოლო დასკვნა.

16. 2021 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით,  თავისუფალი ადგილების გამოცხადება ხორციელდება  ამ წესის 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. აპლიკანტი, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს აპლიკანტთა შერჩევა პრაქტიკული მოსინჯვის გზით, თუ მითითებულ პროგრამაზე/პროგრამებზე აპლიკანტს შერჩევის ეტაპი არ გაუვლია. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.