ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 925-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.020389
925-VIმს-Xმპ
07/09/2021
ვებგვერდი, 08/09/2021
080050000.05.001.020389
ამნისტიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ამნისტიის შესახებ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიზანია, შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს აცილებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხის გადაჭარბებული პოლიტიზება, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის შესაბამისად აცხადებს ამნისტიას.

მუხლი 1

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, აგრეთვე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

3. პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება. 

4. მსჯავრდებულისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება.

მუხლი 2

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

მუხლი 3     

1. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს შესაბამისი პროკურორი. აღნიშნული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.  

2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, აგრეთვე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს შესაბამისი სასამართლო. აღნიშნული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.          

3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს  მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.  

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს:

ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის;

ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება;

გ) სააღსრულებო საქმის მასალებს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.                 

5. ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე, ამ კანონით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს:

ა) სააპელაციო სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით; 

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. 

6. თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.   

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წერილობით მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

მუხლი 4  

1. იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, მისთვის სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

2. იმ პირს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე.

3. თუ პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე თავისი უარი წერილობით გამოიხმო:

ა) სისხლის სამართლის საქმის არსებითად განსახილველად სასამართლოსთვის გადაცემამდე აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უარის გამოხმობისთანავე იღებს შესაბამისი პროკურორი;

ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ ამ პირის მიმართ განაჩენის გამოტანამდე აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო;      

გ) სისხლის სამართლის საქმის სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე ამ პირის სასჯელისა და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო;

დ) აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ამ პირის სასჯელისა და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე თავისი უარის გამოხმობის შესახებ წერილობით მიმართავს და მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს აღნიშნულ წერილობით მიმართვას:

ა) მსჯავრდებულის პირად საქმესთან და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციასთან ერთად უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის;

ბ) მსჯავრდებულის პირად საქმესთან და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციასთან ერთად უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება;

გ) სააღსრულებო საქმის მასალებთან ერთად უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.

მუხლი 5

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება მისთვის ბრალის წაყენების მომენტიდან.

მუხლი 6

ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გაუვრცელებლობის თაობაზე გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს მისთვის ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. აღნიშნული სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ამ საჩივრის მისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 სექტემბერი 2021 წ.

N925-VIმს-Xმპ