საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 668-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.020343
668-IVმს-Xმპ
22/06/2021
ვებგვერდი, 24/06/2021
060000000.05.001.020343
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის „ი2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი2) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე, სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებასა და საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე;“.

2. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა7) სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 150 ლარს;“.

3. 272-ე მუხლის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) შედგენილ იქნა სამედიაციო მორიგება ან საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარემ სასამართლოს წარუდგინა საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლითაც სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია;“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე9 კარი:

 

„კარი მეშვიდე9

სასამართლოს მონაწილეობა „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებაში

 

თავი XLIV16

„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება

მუხლი 36342.  ტერმინთა განმარტება

1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონვენცია − „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენცია;

ბ) საერთაშორისო მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომელიც იმართება საქართველოს ფარგლების გარეთ და რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე უცხო ქვეყნის მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას;

გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა.

2. იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ამ თავითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 და 132 მუხლებით მოწესრიგებული არ არის, გამოიყენება კონვენციის დებულებები.

მუხლი 363 43. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება

1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. სასამართლოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებით შეიძლება მიმართოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ.

3. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარემ, რომელიც წარადგენს შუამდგომლობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ, სასამართლოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ბ) იმის მტკიცებულება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგება მიღწეულ იქნა და დაიდო საერთაშორისო მედიაციის განხორციელების შედეგად, კერძოდ:

ბ.ა) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველი მედიატორის ხელმოწერა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებაზე;

ბ.ბ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველი მედიატორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ განხორციელდა საერთაშორისო მედიაცია;

ბ.გ) იმ დაწესებულების მიერ გაცემული დასტური, რომელიც ახორციელებდა საერთაშორისო მედიაციის ადმინისტრირებას;

ბ.დ) ამ ნაწილის „ბ.ა“−„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მტკიცებულებების არარსებობისას – სასამართლოსთვის მისაღები ნებისმიერი სხვა მტკიცებულება.

4. სასამართლო უფლებამოსილია საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც იგი ამ კოდექსისა და კონვენციის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად საჭიროდ მიიჩნევს.

5. თუ სადავო საკითხი, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარის მტკიცებით, უკვე გადაწყვეტილია საერთაშორისო სამედიაციო მორიგებით, იგი უფლებამოსილია ამის დასამტკიცებლად გამოიყენოს აღნიშნული საერთაშორისო სამედიაციო მორიგება სათანადო საპროცესო კანონმდებლობისა და კონვენციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 363 44. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება

1. სასამართლო ამ კოდექსის 36343 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს ამოწმებს მისთვის საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებით მიმართვიდან 5 დღის ვადაში. სასამართლო  განმცხადებელს უდგენს იმ ხარვეზს/მიუთითებს იმ ხარვეზზე, რომლის აღმოფხვრაც აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტაციის სისრულისთვის, და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ განცხადებას განუხილველად დატოვებს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის დაუდგენლობის შემთხვევაში საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება წარმოებაში მიღებულად ითვლება.

3. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარის მიერ წარდგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება მისი წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია შუამდგომლობა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ. აღნიშნული მხარე უფლებამოსილია შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში წარადგინოს ამ კოდექსის 36345 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება.

4. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ კოდექსის 36345 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენიდან ან საამისოდ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლიდან 30 დღეში. სასამართლო უფლებამოსილია საქმე ამავე ვადაში განიხილოს ზეპირი მოსმენით, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და საკითხის გადაწყვეტას.

5. სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით. ამ განჩინებასთან ერთად საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეს გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

6. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

7. საერთაშორისო სამედიაციო მორიგება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 363 45. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

1. სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თუ:

ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია შუამდგომლობა, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარე შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები იყო;

ა.ბ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის ცნობა და აღსრულებაც მოითხოვება, იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებმა მასში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც შუამდგომლობის განმხილველმა სასამართლომ შესაბამისად მიიჩნია, ბათილია ან ძალადაკარგულია ან მისი აღსრულება შეუძლებელია;

ა.გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულება სავალდებულო არ არის, ან ის, მისი პირობების თანახმად, საბოლოო არ არის, ან მისი შინაარსი შემდგომ არსებითად შეიცვალა;

ა.დ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია ან მკაფიო ან გასაგები არ არის;

ა.ე) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამედიაციო მორიგების პირობებს;

ა.ვ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა უხეშად დაარღვია მედიატორის/მედიაციის მიმართ დადგენილი სტანდარტები, რადგან ასეთი დარღვევის გარეშე ეს მხარე არ დადებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას;

ა.ზ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს არ გაუმჟღავნა ის გარემოებები, რომლებიც მედიატორის მიუკერძოებლობაში ან დამოუკიდებლობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, და  მათმა გაუმჟღავნებლობამ არსებითად იმოქმედა ან არასათანადო გავლენა მოახდინა ერთ-ერთ მხარეზე, რადგან ამ გარემოებების გაუმჟღავნებლობის გარეშე ეს მხარე არ დადებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას;

ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს;

ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება მედიაციის გზით იქნეს განხილული.

2. თუ სასამართლოს, არბიტრაჟს ან ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს წარედგინა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა ან მოთხოვნა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული შუამდგომლობის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, თუ იგი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადადოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მეორე მხარეს დაავალოს შესაბამისი უზრუნველყოფის წარმოდგენა.“.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ამოქმედებამდე მიღწეულ და დადებულ იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგებებზედაც, რომლებიც აღსასრულებლად წარდგენილია ამ კანონისა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 ივნისი 2021 წ.

N668-IVმს-Xმპ