ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.022841
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
286
16/06/2021
ვებგვერდი, 17/06/2021
360160000.10.003.022841
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/06/2021 - 10/11/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2021 წლის 16 ივნისი

   ქ. თბილისი

 

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“.

2. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული  პირისთვის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოსათვის შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.   

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

 

 

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ნვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა

 

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების (შემდგომში – ქარსაფარი ზოლი) აღრიცხვისა და დაცვის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება, ინვენტარიზაცია და სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).

2. პროგრამის განმახორციელებელია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ პროგრამის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქარსაფარი ზოლი − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიან მცენარეთა მწკრივი, რომლის მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და გაბატონებული ქარებისაგან მათი დაცვა;

ბ) ქარსაფარი ზოლის ტერიტორია − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი, რომელზეც სრულად ან ნაწილობრივ შენარჩუნებულია ქარსაფარი ზოლი ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს;

გ) ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია − პროცესი, რომლის მიზანია, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოს ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების გამოვლენა და მათი ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა;

დ) გაბატონებული ქარები − ქვეყნის მხარეების მიხედვით გარკვეული მიმართულებით მოძრავი ჰაერის მასები (ქარები), რომლებიც წლის განმავლობაში სხვა მიმართულების ჰაერის მასებთან შედარებით ხანგრძლივი გავრცელებით ხასიათდებიან და მოძრაობის სიჩქარე მეტი აქვთ.

მუხლი 4. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია

1. ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია მოიცავს:

ა) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების გამოვლენას;

ბ) ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის საზღვრების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებას და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

გ) როგორც ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას, ასევე ამ ტერიტორიაზე მერქნიან მცენარეთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრას.

2. ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მიზნით, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტყის აღრიცხვის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით.

4. თუ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარი ზოლის ტერიტორიას, თუმცა მასზე არ არის შენარჩუნებული მწვანე ნარგავები და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა გამორიცხავს მიწის ნაკვეთის ქარსაფარი ზოლის ტერიტორიად გამოყენებას (მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა/ნაგებობა, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, კომუნიკაციის ობიექტები და სხვა), ამგვარ ტერიტორიაზე არ წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა.

მუხლი 5. ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის რეგისტრაცია

1. სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, სააგენტო ინვენტარიზაციის შედეგებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

2. თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებად რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის მიზნით შედგენილი დოკუმენტაცია ინახება სააგენტოში.

მუხლი 6. პროგრამის დაფინანსების წყარო

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებით.

მუხლი 7.  პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა

ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინვენტარიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას სააგენტო უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.