დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 274 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.022826 |
|
„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.018733) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესი“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების დანართით ჩამოყალიბებული წესის მე-12 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობაზე, რომელზეც უკვე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან მშენებლობის ნებართვა.
|
მუხლი 3 |
2023 წლის პირველ იანვრამდე ჯილეხით მკვდარი ცხოველის განკარგვასთან მიმართებით, როგორც გამონაკლისი და დროებითი ზომა, ჯილეხით მკვდარი ცხოველი დაექვემდებაროს დაწვას ან/და დამარხვას, რაც უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
1. დაწვისას: ა) დაწვა უნდა განხორციელდეს შესაფერის ადგილას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცეცხლის გავრცელების რისკები; ბ) უნდა გაიჭრას 0.5 მ სიღრმის ორმო, რომლის სიგრძე და სიგანე აღემატება ლეშის ზომას 30 სანტიმეტრით თითოეულ მხარეს. 30 სმ სიგანისა და 30 სმ სიღრმის თხრილი უნდა ამოითხაროს ორმოს ფსკერის ცენტრში, მის მთელ სიგრძეზე, რათა შეასრულოს ჰაერის სადინრის ფუნქცია ცეცხლისთვის ლეშის ქვეშ. თხრილი და ორმოს ფსკერი უნდა დაიფაროს ჩალით, რომელიც გაჟღენთილი უნდა იყოს დიზელის საწვავით. შეშა და/ან ნახშირი უნდა მოთავსდეს ორმოში თითქმის მიწის დონემდე. ყველა მასალა გაჟღენთილი უნდა იყოს დიზელის საწვავით; გ) ლეში და მასთან დაკავშირებული ყველა მასალა (ქვეშსაფენი, საკვები და ნებისმიერი სითხე, რომელიც გამოყოფილია ლეშიდან, ნიადაგი, რომელიც პოტენციურად დაბინძურებულია (ლეშის გარშემო, სულ მცირე, 20-30 სმ-ით მოჭრილი ნიადაგი) და ნებისმიერი სხვა მასალა, რომელიც შეიძლება, იყოს დაბინძურებული) განთავსებულ უნდა იქნეს დასაწვავად გამოყოფილ ადგილზე; დ) დიზელის დამატებითი საწვავი უნდა მოესხუროს ლეშზე; ე) სრული დაწვის შემდეგ ნამწვავი მიწით უნდა დაიფაროს. 2. თუ დაწვა არ არის შესაძლებელი, მისაღებია ღრმა დამარხვა: ა) თუ ერთი ან რამდენიმე ლეში უნდა დაიმარხოს, რეკომენდებულია ადგილზე დამარხვა, რათა შემცირდეს ლეშის გადაადგილების არეალი, დაბინძურების შესაძლო გავრცელება და სხვა ცხოველებსა და ხალხზე ზემოქმედების რისკი. დასამარხი ადგილი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მიწის დაბინძურება. ამისთვის უნდა ამოიჭრას არანაკლებ 2-მეტრიანი ორმო, ლეშის ზედა ნაწილი უნდა იყოს, სულ მცირე, 1 მ მიწის ქვეშ და ლეშ(ებ)ის და მასთან/მათთან დაკავშირებული ყველა მასალა უნდა მოთავსდეს ორმოში და სრულად დაიფაროს კირით. ამ ფენას უნდა მოესხას კირიანი წყალი და ლეში დაიფაროს მიწით; ბ) დიდი რაოდენობით ცხოველების დამარხვის შემთხვევაში, დასამარხი ადგილის შერჩევა ხდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით. დამარხვისას შემდეგი გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული: ბ.ა) ორმო უნდა იყოს მინიმუმ 150 მეტრში ნებისმიერი ზედაპირული წყლისა და ჭისგან; ბ.ბ) დამარხვა სითხის გამტარ ნიადაგში, როგორიცაა, ხრეშები, ქვიშები ან თიხნარი ნიადაგი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული; ბ.გ) დიდი ზომის ცხოველთა ლეშები უნდა განთავსდეს ერთ ფენად. პატარა ცხოველების ლეშები შეიძლება განთავსდეს ფენებად, რომლებიც არ აღემატება დიდი ცხოველის ლეშის სიღრმეს, მაგრამ არა უმეტეს ორი ფენა ლეშისა. დასამარხად შესაბამის ტერიტორიაზე უნდა გაიჭრას 3 მ სიღრმის ორმო, რომლის ფსკერი ისტორიულად დაფიქსირებული მიწისქვეშა წყლის დონიდან უნდა იყოს არანაკლებ 3 მ-ზე ზემოთ; ლეშ(ებ)ი თავსდება ორმოში ფენად ან ფენებად, იფარება კირით და ფენა სველდება კირიანი წყლით, შემდეგ იფარება ნიადაგით ისე, რომ ლეშები არ ჩანდეს, მეორე ფენად თავსდება სხვა ლეშები, კვლავ იფარება კირით და სველდება კირიანი წყლით და ეყრება ნიადაგი ისე, რომ ლეშები არ გამოჩნდეს. ბოლო ფენაზე ნიადაგის გორაკი უნდა გაკეთდეს.
|
მუხლი 4 |
დადგენილება, გარდა დადგენილებით ჩამოყალიბებული „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-14 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
მუხლი 5 |
დადგენილებით ჩამოყალიბებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
მუხლი 6 |
დადგენილებით ჩამოყალიბებული წესის მე-14 მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
„დანართი №2
|
ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო
წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ჯილეხი – შინაური და გარეული ცხოველის, აგრეთვე ადამიანის განსაკუთრებით საშიში ინფექციური (ზოონოზური) დაავადება, რომელიც ხასიათდება სეპტიცემიის მოვლენებით, მძიმე ინტოქსიკაციით და კარბუნკულების წარმოქმნით. დაავადებას ახასიათებს ზემწვავე (ელვისებური), მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული და აბორტული მიმდინარეობა. დაავადების აღმძვრელი მიეკუთვნება სპორაწარმომქმნელ მიკროორგანიზმებს, რომლებსაც ნიადაგში განსაზღვრულ პირობებში გამრავლების უნარი აქვთ და შეუძლიათ წლობით შეინარჩუნონ თავისი ცხოველმყოფელობა და ვირულენტური თვისებები. სპორებით დაინფიცირებული ნიადაგი ხანგრძლივი დროით რჩება ინფექციის აღმძვრელის გადაცემის ფაქტორად. 2. დაავადების აღმძვრელია გრამდადებითი, სპორაწარმომქმნელი, ჩხირისებური აერობული ბაქტერია Bacillus anthracis. ჯილეხის ამთვისებელია მრავალი სახის შინაური და გარეული ცხოველი, ზოგიერთი სახეობის ფრინველი. ავადდება აგრეთვე ადამიანი. უპირატესად ამთვისებელია მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ცხენი და სხვა კენტჩლიქიანი ცხოველი – ვირი, ჯორი, აქლემი, ირემი, შველი, ჯიხვი და სხვა გარეული ბალახისმჭამელები. შედარებით ნაკლებად ამთვისებელია ღორი, ძაღლი, კატა და სხვა ხორცისმჭამელი შინაური ბინადარი და გარეული ცხოველები, ისინი ავადდებიან მხოლოდ აღმძვრელის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში. ჯილეხი დიაგნოსტირებულია აფრიკულ სირაქლემაში, იხვსა და არწივში. 3. ინფექციის აღმძვრელის წყაროა ჯილეხით დაავადებული ცხოველი ან ცხოველის ლეში. დაავადების აღმძვრელი ხვდება გარემოში და ახდენს ნიადაგის დაბინძურებას (ლეში, დაინფიცირებული სისხლი და ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური ქსოვილები ან/და გამონაყოფები), შედეგად კი ფორმირდება ნიადაგობრივი კერა. დაავადების ინკუბაციური პერიოდი ხშირად მერყეობს 1-3 დღემდე, შესაძლებელია გაგრძელდეს 20 დღემდე. 4. ცხოველის დასნებოვნების ძირითადი გზა არის ალიმენტალური, დაავადების აღმძვრელი საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხვდება ინფიცირებულ საკვებთან ან წყალთან ერთად, დასნებოვნებას ხელს უწყობს პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება, გამორიცხული არ არის დასნებოვნების აეროგენული გზა - აღმძვრელის სპორების შემცველი მტვერის ჩასუნთქვისას, შესაძლოა ცხოველი დასნებოვნდეს ტრანსმისიული გზითაც, ამ შემთხვევაში ძირითადი გადამტანებია ბუზანკალი, მაწუხარა და კოღო. ჯილეხის აღმძვრელი გამოიყოფა ასევე მღრღნელებისაგან, გარეული ცხოველებისაგან (მელა, ტურა), ფრინველისაგან (ქორი, ქორცქვიტა, ბუ და სხვა). ისინი იჭერენ და ჭამენ მღრღნელებს, აღმძვრელებს გამოყოფენ ფეკალიებთან ერთად და იწვევენ ნიადაგის (საძოვრის) დაბინძურებას. ამის გამო ჯილეხს მიაკუთვნებენ ფაკულტატურ ტრანსმისიულ ინფექციათა ჯგუფს. ჯილეხი უპირატესად სეზონურ ხასიათს ატარებს და იგი გვხვდება წლის თბილ პერიოდში, კერძოდ უკავშირდება საძოვრულ პერიოდს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ეპიზოოტიური ანალიზის დროს. 5. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-3 დღე, შესაძლებელია გაგრძელდეს 20 დღემდე. ჯილეხის ორი ძირითადი ფორმა არსებობს; სეპტიკური და კარბუნკულური. პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით არჩევენ კანის, ნაწლავების, ფილტვებისა და ანგინის ფორმას. ჯილეხი ჩვეულებრივად მიმდინარეობს ელვისებურად და მწვავედ, რაც შეეხება ქრონიკულ მიმდინარეობას ის ძალიან იშვიათია და ცხოველებში შეუმჩნევლად მიმდინარეობს. 6. ცხოველთა ორგანიზმის ქსოვილებში დაზიანებული ლორწოვანი გარსიდან ან კანიდან მოხვედრილი ჯილეხის სპორა განიცდის ჟანგბადით შიმშილს, სწრაფად გადადის ვეგეტატიურ ფორმაში და იწყებს ინტენსიურ გამრავლებას. მიკრობი თავისი აგრესიით ანეიტრალებს ორგანიზმის დამცავ საშუალებებს, შეაღწევს ლიმფურ სისტემაში, შემდგომ კი სისხლში და იწვევს ღრმა პათოლოგიურ ცვლილებებს. ჯილეხის აღმძვრელი ხელს უშლის ცხოველის დამცველობით კერძოდ ფაგოციტოზის მოქმედებას. სამაგიეროდ თვითონ ბაქტერიული უჯრედის მიერ გამოყოფილი ტოქსიური პროდუქტები შლიან უჯრედებს, განთავისუფლებული ბაცილები ხელახლა გადადიან სისხლში, იწვევენ სეპტიცემიას და ორგანიზმის ძლიერ ინტოქსიკაციას, ვითარდება ჰიპოქსია, რის გამოც სისხლი კარგავს შედედების უნარს. თუ ცხოველი სუსტია ან დაბალრეზისტენტული, ჯილეხით მისი მაღალვირულენტური შტამით დასნებოვნებისას, შეიძლება განვითარდეს პირველადი სეპტიცემია და ცხოველი რამდენიმე საათში მოკვდეს. კარბუნკულოზური მიმდინარეობისას, ადგილი აქვს კარბუნკულებში ჯილეხის აღმძვრელის გამრავლებას, შემდეგ ლიმფურ სისტემაში მოხვედრას, იქიდან კი სისხლში, რასაც მოჰყვება სეპტიცემია და 2-3 საათში ცხოველის სიკვდილი. 7. დაავადებულ ცხოველს აღენიშნება წონაში კლება, ცხელება, წველისა და მადის დაქვეითება ან/და შეწყეტა, დიარეა, ტიმპანია, ქოშინი, ლორწოვანი გარსის შეშუპება, ციანოზი (ცხენებში - კოლიკი, სისხლიანი შარდი), რასაც მოყვება კრუნჩხვები, სისხლნარევი ქაფიანი გამონადენი ბუნებრივი ხვრელებიდან, სიკვდილი ან/და უეცარი სიკვდილი. დაავადებული ცხოველის ლეში გაბერილია, სწრაფად იხრწნება, აღენიშნება არასრული გაშეშება, შეუდედებელი სისხლი, მუქი სისხლიანი გამონადენი ბუნებრივი ხვრელებიდან. ყბისქვეშა მიდამოში, კისერზე, მკერდის ქვეშ, მუცელზე შეიძლება აღენიშნებოდეს ცომისებური შემსივნებები. 8. დიფერენციალური დიაგნოზისას უნდა გამოირიცხოს: ა) მხსხვილფეხა საქონელში – ემფიზემატოზური კარბუნკული (ემკარი), ავთვისებიანი შეშუპება, ჰემორაგიული სეპტიცემია (პასტერელოზი), არაინფექციური ტიმპანია, პიროპლაზმიდოზები და მოწამვლები; ბ) წვრილფეხა საქონელში – ბრადზოტი, ინფექციური ენტეროტოქსემია, ჰემორაგიული სეპტიცემია (პასტერელოზი), პიროპლაზმიდოზები და მოწამვლები; გ) ღორში – აფრიკული ცხელება (ჭირი), კლასიკური ჭირი, წითელი ქარი, პასტერელოზი და მოწამვლები; დ) ცხენებში – ავთვისებიანი შეშუპება, ინფექციური ანემია, პიროპლაზმიდოზები, მოწამვლები. 9. ცხოველებში ჯილეხზე დიაგნოზის დადგენა ხდება, კლინიკური ნიშნების, ლეშის დათვალიერების, ეპიზოოტიური მონაცემების გათვალისწინებითა და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული მეთოდებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals-ის განახლებული ვერსიის შესაბამისად). 10. ჯილეხით ადამიანის დაინფიცირება ხდება დაავადებულ ცხოველთან, ინფიცირებულ ლეშთან, ინფიცირებულ ცხოველურ პროდუქტებთან (ხორცი, ტყავი, ძვალი და სხვა) უშუალო კონტაქტით. აგრეთვე, შესაძლებელია დაინფიცირება მოხდეს აღმძვრელით დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტით, ასევე ასპირაციული და ტრანსმისიური გზით. 11. ჯილეხთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევებზე პასუხისმგებელია სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – სმსლ). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ (შემდგომში – წესი) მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეპიზოოტიური კერა – კონკრეტული ადგილი ან/და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც არის აღმძვრელის წყარო და შესაძლებელია ამთვისებელი ცხოველის ან/და ადამიანის დაავადება. ეპიზოოტიური კერის საზღვრებს ადგენს სააგენტო; ბ) საფრთხის შემცველი ტერიტორია – დასახლებული პუნქტი, ცხოველთა გადასარეკი ტრასა, საძოვარი, ადმინისტრაციული ერთეული, სადაც არის ცხოველისა და ადამიანის ჯილეხით დაავადების საშიშროება. საფრთხის შემცველი ტერიტორიის საზღვრებს ადგენს სააგენტო, ეპიზოოტიური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, მანიფესტური და არამანიფესტური პუნქტების, ნიადაგურ - გეოგრაფიული, ბუნებრივ – კლიმატური პირობების და ცხოველთა მომთაბარეობის გათვალისწინებით; გ) მანიფესტური პუნქტი – ადგილი, სადაც პერიოდულად ვლინდება ჯილეხის დაავადების შემთხვევები 1-დან 10 წლის ინტერვალით; დ) არამანიფესტური პუნქტი – ადგილი, სადაც ჯილეხის დაავადების ბოლო რეგისტრაციიდან გასულია 10 წელი და მეტი; ე) რისკის ქვეშ მყოფი ცხოველები – დაავადების მიმართ მაღალი მგრძნობელობის ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ან/და უწევთ გადაადგილება საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე; ვ) დაავადების საეჭვო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენას ან/და ცხოველის უეცარ სიკვდილს; ზ) დაავადების სავარაუდო შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენას ან/და ცხოველის უეცარ სიკვდილს ეპიზოოტიურ კერაში ან/და სხვა ეპიდკავშირს ადამიანის/ცხოველის დადასტურებულ შემთხვევასთან. ასევე დაავადების სავარაუდო შემთხვევად მიიჩნევა ლაბორატორიული გამოკვლევით - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) აღმოჩენილი შემთხვევა; თ) დაავადების დადასტურებული შემთხვევა – შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიულად; ი) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ცხოველს ან/და პასუხისმგებელია ცხოველის მოვლა-შენახვაზე; კ) ცხოველური პროდუქტი – ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი; ლ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (ცწადპ (animal by-products) – ცხოველის მთლიანი სხეული ან მისი ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ოოციტი, ემბრიონი და სპერმა. მუხლი 3. ჯილეხის შესახებ შეტყობინების ვალდებულება 1. ჯილეხის დაავადების საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევისას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს. 2. დაავადების საეჭვო და სავარაუდო შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება: ა) პასუხისმგებელ პირს; ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ცხოველების ტრანსპორტირებისას, მათ შორის, გადარეკვისას; გ) კერძო ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ცხოველების ჯანმრთელობის სერვისში; დ) სახელმწიფო ვეტერინარს, სმსლ-ს ან კერძო ლაბორატორიებს; ე) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც პროფესიული შეხება აქვს ცხოველების ამთვისებელ სახეობებთან ან ასეთი ცხოველებისგან მიღებულ პროდუქტებთან. 3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება სმსლ-ს. 4. სააგენტო ვალდებულია ცხოველის ჯილეხით დაავადების დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – დკსჯეც) შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს. 5. ადამიანის ჯილეხით საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დკსჯეც ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 4. პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას; ბ) ჯილეხის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული ცხოველის დაკვლა განახორციელოს ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციის გათვალისწინებით; გ) ჯილეხის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული ცხოველებიდან მიღებული რძე და ხორცი გამოიყენოს ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციის გათვალისწინებით; დ) დაავადებაზე საეჭვო და სავარაუდო შემთხვევის თაობაზე აცნობოს სააგენტოს დაუყოვნებლივ; ე) სააგენტოს მითითებების შესაბამისად: ე.ა) დაუყონებლივ მოახდინოს დაავადებაზე საეჭვო და სავარაუდოდ დაავადებული ცხოველების იზოლირება; ე.ბ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და დაავადებაზე საეჭვო და სავარაუდოდ დაავადებული ცხოველთა ჯგუფების ცალ-ცალკე კვება და დაწყურება; ე.გ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე, არ დაუშვას ჯილეხით დაავადებაზე საეჭვო და სავარაუდოდ დაავადებული ცხოველების გადაადგილება, რეალიზაცია და დაკვლა; ე.დ) არ დაუშვას დაავადებაზე საეჭვო და სავარაუდოდ დაავადებული ცხოველის ლეშის გაკვეთა და გატყავება; ე.ე) უზრუნველყოს დაავადებაზე საეჭვო ან სავარაუდოდ დაავადებული ცხოველიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, ცწადპ-ის, სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების გადატანა და რეალიზაცია ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე; ე.ვ) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები; ე.ზ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე არსებულ სადგომში ახალი ცხოველების შეყვანის შესახებ. მუხლი 5. სააგენტოს ვალდებულებები 1. სააგენტო ვალდებულია ზრუნველყოს: ა) საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე ცხოველების (მსხვილფეხა, წვრილფეხა, კენტჩლიქიანი) ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის საორიენტაციო გეგმის შემუშავება, ვაქცინაციის ღონისძიების ორგანიზება, ჩატარება და მონიტორინგი; ბ) საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე შემოყვანილი ყველა არაიმუნიზირებული ცხოველის ვაქცინაცია, პასუხისმგებელი პირის შეტყობინების საფუძველზე. 2. დაავადებაზე საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე; ბ) ჩაატაროს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ამ მუხლის 3-4 პუნქტების შესაბამისად; გ) განახორციელოს ცხოველების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი, დაავადებაზე საეჭვო და სავარაუდოდ დაავადებული ცხოველების ცალ-ცალკე ჯგუფებად განცალკევებაზე და სადგომში არსებული ცხოველური პროდუქტების, ასევე ცხოველის საკვების მარაგის დადგენა/აღწერა და მონაცემების შენახვა; დ) აიღოს მკვდარი ან დაკლული ცხოველისაგან პათოლოგიური მასალა ან/და ნიადაგის, ცხოველის საკვების, წყლის ან სხვა საჭირო ნიმუში და ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით გადააგზავნოს სმსლ-ში; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს ინფორმაციის განთავსება დაავადებების ზედამხედველობის ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში (დზეის); ვ) დაადგინოს საფრთხის შემცველი ტერიტორიის საზღვრები, შეაფასოს ეპიზოოტიური სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ მყოფი ცხოველების ვაქცინაციასთან დაკავშირებით; ზ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს დაავადებაზე საეჭვო ცხოველის ან/და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის გადაადგილებისა და რეალიზაციის შეზღუდვაზე. 3. ჯილეხის საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული საგანგებო გეგმის ფარგლებში. 4. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა უნდა ითვალისწინებდეს: ა) დროის ინტერვალს, ჯილეხის გამომწვევის სადგომში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან დაავადების შეტყობინებამდე; ბ) სადგომში ჯილეხის შესაძლო წარმოშობასა და სხვა სადგომების იდენტიფიკაციას, სადაც ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდეს იმავე წყაროდან; გ) შესაძლო მასშტაბს, რომლითაც სხვა ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ ან მოხდა კონტამინაცია; დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ამთვისებელი ცხოველების, ცხოველური პროდუქტის ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია გამომწვევის გადატანა დაინფიცირებული სადგომიდან სხვა სადგომ(ებ)ში. 5. დაავადების სავარაუდო შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტიპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაავადებაზე სავარაუდო ცხოველის სადგომში, ცხოველის დაკვლის ან/და ლეშის განთავსების ადგილზე, ჩაატაროს შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები. 6. დაავადების დადასტურებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ჩაატაროს შემდეგი ქმედებები: ა) GPS-აპარატით დააფიქსიროს ყოველი ახალი კერა და აღრიცხოს კერები; ბ) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები; გ) შეიმუშავოს პროექტი კარანტინის დაწესებაზე სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად; დ) ეპიზოოტიურ კერაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზება (ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, საჭიროების შემთხვევაში პათოლოგიური მასალის აღება, დეზინფექციის ჩატარების შემდგომ ჯილეხის დაავადების აღმძვრელის არსებობაზე ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, ლაბორატორიაში გადაგზავნა), შესრულება ან/და ზედამხედველობა. მუხლი 6. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან 1. ჯილეხის დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს, ჯილეხის გამომწვევის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას. 2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ; ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ. მუხლი 7. ჯილეხის დაავადებაზე გამოსაკვლევი მასალის აღება 1. დაავადების საეჭვო ან/და სავარაუდო შემთხვევის დროს: ა) დაუშვებელია ლეშის გაკვეთა; ბ) გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება და სმსლ-ში გადაგზავნა დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარის მიერ, ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით; გ) ვეტერინარი აღჭურ ვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით (ბიოუსაფრთხოების სპეციალური ტანსაცმელი, ჩექმა, ორმაგი ხელთათმანი, ქუდი, რესპირატორი, სათვალე). 2. ჯილეხის დაავადებაზე გამოსაკვლევად (ცხოველიდან, ცხოველის სადგომიდან, ცხოველის საკვებიდან და გარემოდან: ნიადაგიდან, წყლიდან) ნიმუშების აღებას ახორციელებს ვეტერინარი ბიოუსაფრთხოების პროცედურების დაცვით. 3. ჯილეხზე სადიაგნოსტიკოდ შეიძლება აღებული იქნეს: სისხლი, მკვდარი ცხოველის მოკვეთილი ყური, ტყავი, პარენქიმული ორგანოები, ცხოველის სხვა ქსოვილები, მატყლი, ბეწვი, ჯაგარი, ცხოველის საკვები, ნიადაგისა და წყლის ნიმუშები, ნაცხი (საეჭვო ადგილებიდან ჩამონარეცხი/ჩამონაფხეკი), კერძოდ: ა) სისხლი – ანტიკოაგულანტიან ვაკუუმურ სინჯარაში არანაკლებ 3-5 მლ; ბ) ჯილეხით მკვდარი ცხოველის ლეშიდან – ყურის ნიჟარას ფუძეზე მჭიდროდ უნდა დაედოს ლიგატურა, პირველი ლიგატურიდან 1 – 1,5 სმ-ის ზემოთ უნდა დაედოს მეორე ლიგატურა. ლიგატურებს შორის ყური უნდა მოიჭრას და მოთავსდეს შესაბამის კონტეინერში. ყურის მოჭრის ადგილი უნდა მოიწვას; გ) მატყლი, ბეწვი, ჯაგარი აღებული უნდა იქნეს 20 - 30 გ.-ის ოდენობით; დ) ტყავის ნიმუშები აღებული უნდა იქნეს თითოეული ტყავიდან სულ მცირე 5სმX5სმ რამოდენიმე ნაჭერი, არანაკლებ 2 გრამისა; ე) წყლის ნიმუში – ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავების ზედაპირიდან (10 – 15სმ. სიღრმიდან) და ფსკერიდან. თოთოეული ნიმუში უნდა იყოს არანაკლებ 0.5 ლიტრის ოდენობის, რომლის საერთო რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ ერთი ლიტრისა; ვ) ბუნებრივი ნალექის შედეგად მიღებული გუბურებიდან – ნიმუშები აღებული უნდა იქნეს გუბურის ნაპირებიდან, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ზ) ცხოველის საკვების (მარცვლეული, კომბინირებული საკვები, ქატო) ჯილეხის აღმძვრელით დაბინძურებაზე საეჭვო შემთხვევაში – ნიმუში აღებული უნდა იქნეს შენახვის პირობის გათვალისწინებით, კერძოდ: ზ.ა) შეუფუთავი გროვებიდან (ნაყარიდან) ნიმუშებს იღებენ შემდეგი გაანგარიშებით: 1 ნიმუში არანაკლებ 400 გრ-ს ოდენობით 4 მ2 ზედაპირიდან, ერთ პარტიაზე არანაკლებ 5 ნიმუშისა; ზ.ბ) შეფუთული საკვებიდან ნიმუშებს იღებენ თანაბრად, როგორც ზედაპირიდან, ასევე მისი სიღრმიდან. ნიმუშის აღება ხდება ყოველი შეფუთული ერთეულიდან, მშრალი სტერილური ნიმუშის ასაღები მოწყობილობით; ზ.გ) უხეში საკვების (ნამჯა, თივა) ზვინებიდან (ბულულებიდან) 1 ნიმუშს იღებენ 4 მ2 ფართობიდან 40 გ-ის ოდენობით; ზ.დ) საკვები ძირხვენებიდან (მისი სიდიდის მიხედვით) ნიმუშს იღებენ 4 მ2 -ზე 1 ცალის ოდენობით. აღებული ძირხვენებიდან უნდა მოხდეს ნიადაგის ნაწილების მოცილება, რომელიც შემდეგ გამოყენებული უნდა იქნეს დიაგნოსტიკისათვის; თ) ცხოველის დაკვლის ან დამუშავების პროცესში, ჯილეხის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მუშაობის შეჩერება, ლაბორატორიაში უნდა გაიგზავნოს - პარენქიმული ორგანოები (ელენთის ნაწილი) და დაზიანებული ლიმფური ჯირკვლები (3-5 გრ.), პატარა ცხოველების მთლიანი ტანხორცი; ი) ჯილეხის გამომწვევით დაბინძურებაზე (კონტამინაციაზე) საეჭვო ადგილიდან ნიადაგის ნიმუშების აღებისას: ი.ა) გამოსაკვლევი ნაკვეთი უნდა დაიყოს კვადრატებად (კონვერტისებურად), გვერდები არაუმეტეს 4 მეტრისა. ნიადაგის ნიმუშები აღებული უნდა იქნეს თითოეული კვადრატის კუთხეებში და ცენტრში, რომლის საერთო წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 გრამს; ი.ბ) ნიადაგის ზედაპირულ ინფიცირებაზე (ცხოველის იძულებით დაკვლის ან/და სიკვდილის ადგილი, სადგომი) ეჭვის შემთხვევაში ნიმუშები აღებული უნდა იქნეს 15 სმ-ის სიღრმიდან, ამ პუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ი.გ) ცხოველის სამარხებიდან მიწის ზედაპირული ნაწილის 2-3 სმ-ის მოცილების შემდეგ ნიმუშები აღებული უნდა იქნეს 1,5 მ - 2 მ-ის სიღრმეზე ყოველ 25 სმ-ზე, გამოსაკვლევი სამარხიდან კონვერტისებურად, თითოეული ნიმუში არანაკლებ 200 გრამისა (სასურველია სამუშაოები განხორციელდეს ნიადაგის ბურღის საშუალებით); კ) დიდი ფართობზე კვლევების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, ნიადაგის ნიმუში მინიმალური რაოდენობის შერჩევისას უნდა იყოს არანაკლებ 200 გრამი და აღებული არანაკლებ: 0,5 ჰა-ზე 15 ნიმუშისა, 1 ჰა-ზე 25 ნიმუშისა, 5 ჰა-ზე 85 ნიმუშისა, 0,25 მ-ზე 6 ნიმუშისა. მუხლი 8. ჯილეხის დაავადებაზე გამოსაკვლევი მასალის ნიმუშის შეფუთვა-ტრანსპორტირება. ჯილეხის დაავადებაზე გამოსაკვლევად აღებული ნიმუში უნდა მოთავსდეს ძირითად კონტეინერში, უნდა იყოს გაჟონვისაგან დაცული და წყალგაუმტარი, მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური. კონტეინერს ჩაუტარდეს გარე ზედაპირის დეკონტამინაცია 0,5%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ხსნარით, თუ დეკონტამინაცია შეუძლებელია უნდა მოთავსდეს ბიოუსაფრთხოების პარკში. ძირითად კონტეინერზე სათანადოდ უნდა იყოს მონიშნული თარიღი, ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ნიმუშის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ნიმუშის სახე და ა.შ). წარწერა გარკვევით უნდა გაკეთდეს კონტეინერის იმ ნაწილზე, რომელშიც უშუალოდ ნიმუშია მოთავსებული და არა თავსახურზე. ნიმუში შენახული უნდა იქნეს გრილად. ლაბორატორიაში ტრანსპორტირებისთვის ძირითადი კონტეინერი უნდა მოთავსდეს მეორად კონტეინერში (ისე, რომ ჩვეულებრივ პირობებში ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს ან არ მოხდეს სითხის გაჟონვა მეორად კონტეინერში). რამდენიმე ძირითადი კონტეინერი შეიძლება მოთავსდეს ერთ მეორად კონტეინერში. ძირითად კონტეინერში თხევადი მასალის მოთავსების შემთხვევაში მეორად კონტეინერში უნდა მოთავსდეს საკმარისი რაოდენობის აბსორბენტი, (ძირითადი კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში დაღვრილი სითხის შეწოვის მიზნით). დაუშვებელია მინის კონტეინერის გამოყენება. მუხლი 9. გაუვნებლობა 1. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდეგ ერთჯერადი სპეციალური ტანსაცმელი, გარდა სათვალეებისა, უნდა მოთავსდეს ბიოუსაფრთხოების პარკში, შეიკრას, დამუშავდეს 0.5%-ანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ხსნარით, მოთავსდეს მეორე პარკში, შეიკრას და მოთავსდეს პლასტმასის ან მეტალის ჭურჭელში, სათვალეები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით. ხელები უნდა იქნეს დამუშავებული 70%-იანი სპირტით ან სადეზინფექციო ჟელეთი და დაბანილი წყლით. 0,5%-იანი აქტიური ქლორის შემცველი ხსნარით უნდა დამუშავდეს ნიმუშის აღების დროს გამოყენებული მრავალჯერადი გამოყენების ინვენტარი. ბიოუსაფრთხოების პარკები უნდა დაიწვას ინსენერატორში. 2. ცხოველის სიკვდილის, იძულებით დაკვლის ან ლეშის გაკვეთის ადგილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. მოირწყას ქლორიანი კირის ხსნარით (რომელიც შეიცავს 5% აქტიურ ქლორს, დოზით: 10 ლიტრი 1მ2 -ზე. ამის შემდეგ ნიადაგი უნდა გადაიხნას ან გადაიბაროს 20-25 სმ-ის სიღრმეზე და მოეყაროს მშრალი ქლორიანი კირი – 5 კგ/მ2 -ზე, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 25% აქტიურ ქლორს). ასევე დასაშვებია ნიადაგის მოჭრა 20 სმ-ის სიღრმეზე, მოწვა ან სითბურად გაუვნებლობა (1210C ტემპერატურაზე 60 წთ-ის განმავლობაში). თუ არა არის შესაძლებელი ნიადაგის სითბურად და მოწვით გაუვნებლობა, უნდა ჩატარდეს დეზინფექცია 10% ფორმალინით ყოველ მ2-ზე 50 ლიტრის ოდენობით. გაუვნებლობის შემდეგ ნიადაგის კერა ითვლება ლიკვიდირებულად და შეზღუდვები იხსნება. 3. სადაც აუცილებელია ცხოველთა სამარხების ნიადაგის დეკონტამინაცია, რათა ცხოველთა სამარხების გაუვნებლობა მოხდეს მეტ სიღრმეში 30 მლ-ი 10%-იანი ფორმალინი უნდა მოესხას ყოველ 10 სმ სიღრმეზე, დაბინძურებული ტერიტორიიდან ჰორიზონტალურად 0.5მ ინტერვალით. 4. ნიადაგის ნიმუშის აღების შემდეგ არასაანალიზო მიწას გაუვნებლობის მიზნით ურევენ მშრალ ქლორიან კირს (25% აქტიური ქლორის შემცველობით) შეფარდებით: 1 ნაწილი ქლორიანი კირი, 3 ნაწილი ნიადაგი. ხდება ნარევის დატენიანება და ორმოში ჩაყრა. ნიმუშების აღების ადგილის სადეზინფექციოდ გამოიყენება ქლორიანი კირის ხსნარი, რომელიც უნდა შეიცავდეს 5%-იან აქტიურ ქლორს. 5. ავადმყოფი ცხოველის გამონადენით დასვრილ ნაკელს, ქვეშსაფენს და საკვების ნარჩენებს დეზინფექცია უტარდება ნატრიუმის ტუტის 10 %-იანი ცხელი ხსნარით, ხოლო შემდეგ იწვება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვით. ნაკელის წუნწუხს ერევა ანაბაკლებ 25%-ანი აქტიური ქლორის შემცველი ქლორიანი კირი, გაანგარიშებით: ყოველ 20 ლიტრ ნაკელის წუნწუხზე 1 კგ. კირის ოდენობით. 6. ცხოველის სადგომში, სადაც იმყოფებოდა დაავადებული ან/და მკვდარი ცხოველი იატაკის დეზინფექცია ტარდება 10%-იანი ნატრიუმის ტუტის ცხელი ხსნარით ან 4%-იანი ფორმალდეჰიდის ხსნარით, ასევე გამოიყენება ქლორის შემცველი პრეპარატების ხსნარები: ქლორიანი კირი, კალციუმის ნეიტრალური ჰიპოქლორიდი, ან ტექსანიტი და სხვა. ხსნარში 5 %-იანი აქტიური ქლორის შემცველობით. 10 %-იანი ერთქლორიანი იოდი, მხოლოდ ხის ზედაპირისათვის. წყალბადის ზეჟანგის 7%-იანი ხსნარი ან 2 %-იანი გლუტარის ალდეჰიდის ხსნარი. დეზინფექცია მითითებული საშუალებებით ერთქლორიანი იოდის წყალბადის ზეჟანგის და გლუტარის ალდეჰიდის გარდა, ტარდება 3-ჯერადად 1 საათის შუალედით, 1მ2 -ზე 1ლ. ხსნარის გაანგარიშებით ტიპიურ სადგომებში და 2ლ. ხსნარი 1 მ2 -ზე ცხოველის შენახვისათვის გამოყენებულ არატიპიურ შენობაში. ერთქლორიანი იოდის გამოყენებისას შენობის დამუშავება ხდება 2-ჯერადად, 15-30 წთ-ის შუალედით 1 ლიტრა 1მ2 ფართობზე, ხოლო წყალბადის ზეჟანგი და გლუტარის ალდეჰიდი გამოიყენება იმავე რაოდენობის გაანგარიშებით 1 საათის შუალედით. 7. დეზინფექტანტის უკანასკნელი მოსხურების შემდეგ შენობები იკეტება 3 საათის განმავლობაში და შემდეგ ნიავდება. საკვებური და საწყურებელი ჩამოირეცხება წყლით. 8. ხის იატაკი და ტიხრები უნდა დაიწვას, ნიადაგს აუვნებლებენ მშრალი ქლორიანი კირით, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მეთოდით. 9. ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დეზინფექციის შემდეგი მეთოდები: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკელი, ექსკრემენტები ან ქვეშსაფენი შეიძლება იყოს დაბინძურებული Bacillus anthracis (B. anthracis) სპორებით, რეკომენდებულია ერთ-ერთი შემდეგი: ა.ა) მცირე მოცულობების ინსინერაცია; ა.ბ) ქიმიოთერმული დამუშავება კომპოსტირების საშუალებით შემდეგი მეთოდით: ა.ბ.ა) ნაკელის, ექსკრემენტების ან ქვეშსაფენის ერთ-ერთ ქვემო აღნიშნულთან შერევა თანაფარდობით 1-1.5 ლიტრი/მ3: ა.ბ.ა.ა) 10% ფორმალდეჰიდი (დაახლოებით 30% ფორმალინი); ა.ბ.ა.ბ) 4% გლუტერალდეჰიდი (pH 8.0–8.5); ა.ბ.ბ) ხუთი კვირის შემდეგ ნარევის არევა; ა.ბ.გ) შემდგომი ხუთი კვირისათვის მასალის დატოვება; ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც წუნწუხი შეიძლება იყოს დაბინძურებული B. anthracis სპორებით, რეკომენდებულია დეზინფექცია ფორმალინით (ფორმალდეჰიდის 35%-იანი წყალხსნარი) ყოველ დღე ერთი საათის განმავლობაში შემდეგთან არევით: ბ.ა) წუნწუხისთვის, რომელიც 5%-მდე მშრალ მასას შეიცავს, 50 კგ ფორმალინი მ3-ზე 4 დღის განმავლობაში; ბ.ბ) წუნწუხისთვის, რომელიც 5%-დან 10%-მდე მშრალ მასას შეიცავს, 100 კგ ფორმალინი მ3-ზე 4 დღის განმავლობაში; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ზედაპირები ცხოველთა სადგომებში, თავლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში და ა.შ. შეიძლება დაბინძურებული იყოს B. anthracis სპორებით, რეკომენდებულია შემდეგი სამსაფეხურიანი გეგმა: გ.ა) წინასწარი დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ქვემოთ მოცემული დეზინფექტებიდან ერთ-ერთის საშუალებით, თანაფარდობით 1-1.5 ლიტრი/მ3-ზე, ორი საათის განმავლობაში; გ.ა.ა) 10% ფორმალდეჰიდი (დაახლოებით 30% ფორმალინი); გ.ა.ბ) 4% გლუტარალდეჰიდი (pH 8.0–8.5); გ.ბ) ყოველი ზედაპირი უნდა იყოს გარეცხილი და გაწმენდილი საკმარისი რაოდენობის ცხელი წყლით, და, როდესაც ისინი გასუფთავებულია და ჩამდინარე წყალი თავისუფალია ნაწილაკებისგან, ზედაპირები უნდა გაშრეს; გ.გ) დეზინფექციის ბოლო საფეხური უნდა განხორციელდეს ქვემოთ მოცემული დეზინფექტანტებიდან ერთ-ერთი საშუალებით, გამოყენებული თანაფარდობით 0.4 ლიტრი/მ3, ორი საათის განმავლობაში; გ.გ.ა) 10% ფორმალდეჰიდი (დაახლოებით 30% ფორმალინი), გამეორებული ერთი საათის შემდეგ; გ.გ.ბ) 4% გლუტარალდეჰიდი (pH 8.0–8.5) გამეორებული ერთი საათის შემდეგ; გ.გ.გ) 3% წყალბადის პეროქსიდი; გ.გ.დ) 1% პეროქსიძმარმავა, გამეორებული ერთი საათის შემდეგ; გ.გ.ე) 5-10% ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ხნსნარი. 10. დაავადებული, საეჭვო და სავარაუდოდ დაავადებული ცხოველის რძე ნადგურდება, მას ემატება 25%-იანი აქტიური ქლორის შემცველი 1 კგ. კირი 20 ლიტრ რძეზე. რძე გაუვნებელყოფილად ითვლება 6 სთ ექსპოზიციის შემდეგ. 11. ჯილეხის აღმძვრელით დაინფიცირებული შენობის ფუმიგაციის მეთოდები: დასნებოვნებული შენობები, რომელთა განთავისუფლება ვერ ხერხდება მორეცხვისა და დეზინფექციის წინ, შესაძლებელია ჩაუტარდეს ფუმიგაცია, რომლისთვისაც რეკომენდებულია შემდეგი მეთოდები: ა) ყველა ფანჯარა, კარი და შენობის სხვა ღია ადგილი, რომელიც დაკავშირებულია გარემოსთან, უნდა ჩაიკეტოს მჭიდროდ, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მკვრივი წებოვანი ლენტი; ბ) შენობის 30მ3 მოცულობაზე საჭიროა 4 ლ წყალზე 400 მლ კონცეტრირებული ფორმალინი (ფორმალდეჰიდი 37% წყლის მოცულობით), დასამუშავებელ შენობაში უნდა იქნეს დატოვებული მთელი ღამის განმავლობაში. შენობაში ტემპერატურა უნდა იყოს 15 °C-ზე მეტი. შენიშვნა: 1) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ფორმალდეჰიდი და გლუტარალდეჰიდი არ უნდა იქნეს გამოყენებული 10°C -ზე ნაკლები ტემპერატურის დროს. წყალბადის პეროქსიდი და პეროქსიძმარმჟავა არ არის მიზანშეწონილი გამოყენებულ იქნეს სისხლის არსებობის შემთხვევაში. როგორც ყველა სხვა ქიმიკატის შემთხვევაში, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და შესაბამისი უსაფრთოხების ტრენინგის ჩატარება საშიში ქიმიკატების დამმუშავებელი პერსონალისთვის. 2) ფორმალინი საშიში ქიმიკატია და მასთან მუშაობისას, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და შესაბამისი უსაფრთოხების ტრენინგის ჩატარება დამმუშავებელი პერსონალისთვის. ფორმალდეჰიდის ფუმიგაციის დროს ოპერატორი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი რესპირატორით. 3) ფუმიგაციის პროცესის ეფექტურობა უნდა დადასტურდეს B. subtilis var. globigii ან B. cereus სპორების ან შტერნის B. anthracis ვაქცინის შტამების სუსპენზიაში ჩაშვებული საფილტრავი ქაღალდის მშრალი დისკების ექსპოზიციითა და ფუმიგაციის დაწყებამდე მათი ოთახში მოთავსებით. ფუმიგაციის დასრულებისას, დისკები უნდა მოთავსდეს საკვებ აგარზე, რომლებიც შეიცავენ 0.1% ჰისტიდინს და ინკუბირებულები არიან ღამით 37°C ტემპერატურაზე. თუ ფუმიგაცია ეფექტურია, ბაქტერიული ზრდა არ იქნება. მუხლი 10. ჯილეხთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები 1. დადასტურებული შემთხვევის დროს ეპიზოოტიური კერა ცხადდება საკარანტინო ზონად, სადაც იკრძალება: ა) ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა; ბ) ცხოველის სახორცედ დაკვლა; გ) ცხოველთა გადაჯგუფება; დ) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი შემთხვევების გარდა; ე) ცხოველის დაწყურება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან; ვ) დაავადებული, დაავადებაზე საეჭვო და სავარაუდოდ დაავადებული ცხოველების რძის გამოყენება; ზ) ცხოველური პროდუქტების დამზადება და გამოტანა; თ) ცხოველებით და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობა; ი) ბაზრობის, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან; კ) მკვდარი ცხოველის ლეშის გაკვეთა ან/და გატყავება; ლ) უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა/გამოსვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის საკარანტინო ზონაში არსებულ ობიექტების მომსახურებასთან; მ) ცხოველის გადაადგილების და სიკვდილის ადგილზე ცხოველების დაშვება შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე. 2. კეთილსაიმედო სათესი მონაკვეთიდან, საძოვრიდან, სათიბ-სავარგულიდან დამზადებული მარცვლის, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ ჯილეხით ავადმყოფ ცხოველთან და არ არიან დაბინძურებული მისი გამონადენებით მათი გამოტანა დაიშვება მხოლოდ კარანტინის მოხსნის შემდეგ. 3. მარცვალი, უხეში და წვნიანი ცხოველის საკვები, რომლებიც დამზადებულია ან ინახება იმ ადგილებში, რომელიც უშუალო შეხებაშია ჯილეხით დაავადებულ ან მკვდარ ცხოველებთან დაუშვებელია საკარანტინო ზონიდან გატანა და გამოიყენება ადგილზე ჯილეხის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული ცხოველის საკვებად. 4. საკარანტინო ზონაში ცხოველების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს სპეციალური ტანსაცმლით. ერთჯერადი გამოყენების სპეც. ტანსაცმელი ექვემდებარება გამოყენების შემდეგ განადგურებას, ხოლო მრავალჯერადი - გაუვნებლობას. 5. საკარანტინო ზონაში ყველა ცხოველის შემოწმების შემდეგ ვეტერინარი ჰყოფს მათ ორ ჯგუფად: ა) პირველი ჯგუფი – ჯილეხით დაავადებული და სავარაუდოდ დაავადებული ცხოველები, რომლებსაც აღენიშნებათ დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები; ბ) მეორე ჯგუფი – ყველა დანარჩენი ამთვისებელი ცხოველი, რომელსაც არ აქვს დაავადების კლინიკური ნიშნები და იმყოფება საკარანტინო ზონაში. 6. პირველი ჯგუფის ცხოველების მკურნალობას უზრუნველყოფს პასუხისმგებელი პირი. კლინიკური გამოჯანმრთელებიდან 14 დღის შემდეგ ცხოველები ექვემდებარებიან ვაქცინაციას, რომლის ორგანიზებასაც ახდენს სააგენტო. 7. მეორე ჯგუფის ცხოველები ექვემდებარებიან ვაქცინაციას. 8. მკვდარი ცხოველის სხეულის ყველა ნაწილი უნდა დაექვემდებაროს განკარგვას „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის,, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილების შესაბამისად. 9. მკვდარი ცხოველის დამარხვის შემთხვევაში, ცხოველის სამარხს უნდა გაუკეთდეს დემარკაცია, ხოლო სამრხზე არსებული ნიადგის გროვის დაწევის შემდეგ - მოეწყოს ბეტონის საფარი არანაკლებ 10 სმ-ის სიმაღლის, ადგილი შემოიღობოს და გაუკეთდეს წარწერა „ჯილეხი“. 10. სააგენტოს პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა განხორციელდეს სადეზინფექციო სამუშაოები. 11. ცხოველის პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა განხორციელდეს სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები. მუხლი 11. კარანტინის მოხსნა 1. ჯილეხზე კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ბოლო შემთხვევიდან 20 დღის გასვლის შემდეგ, თუ აღნიშნულ პერიოდში: ა) ადგილი არ ჰქონდა ცხოველის სიკვდილს ან/და ჯილეხით დაავადების კლინიკურ გამოვლინებას; ბ) ვაქცინაციიდან გასულია ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციით იმუნიტეტის ჩამოსაყალიბლებლად გათვალისწინებული პერიოდი; გ) ადგილი არ ჰქონდა დეზინფექციის ჩატარების შემდგომ, ჯილეხის დაავადების აღმძვრელის არსებობას ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. 2. კარანტინი იხსნება: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ; ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ. მუხლი 12. ზოგიერთი საქმიანობის დროს განსახორციელებელი ქმედებები 1. ხაზობრივი (ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, გზა, რკინიგზა, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზი, სამელიორაციო და საკანალიზაციო სისტემები, არხი, ტრანშე), კაშხლების, ჯილეხის ამთვისებელი ცხოველების (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, კენტჩლიქიანებისა და მეღორეობის) ფერმების მშენებლობის პროექტების განხორციელებისას/მშენებლობისას, წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებისას და მათთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვამდე დაინტერესებულმა პირმა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ჯილეხის შესაძლო აღმძვრელის არსებობაზე უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია სააგენტოდან ან უზრუნველყოს ნიადაგის ნიმუშების აღება და სმსლ-ში ლაბორატორიული გამოკვლევა. ჯილეხის დაავადებისაგან პერსონალის დაცვის მიზნით ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე ვეტერინარის მიერ. 2. დაავადების შესაძლო ან მოსალოდნელი აფეთქების რისკის განსაზღვრის და საფრთხის (ეპიზოოტიურ-ეკოლოგიური) მინიმიზებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების განხორციელებამდე, ტერიტორიის ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობაზე ინფორმაციის გამოთხოვა სააგენტოდან. ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში ან/და იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია, არ შეიცავს ეპიზოოტიურ კერას და მოიცავს მხოლოდ საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე დაავადების აღმძვრელის არსებობის შესახებ ინფორმაციას ან/და ცხოველთა სიკვდილი გამოწვეულია სპონტანურად და სააგენტოსთვის უცნობია აღნიშნული ფაქტები, უნდა მოხდეს ნიადაგიდან ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა სმსლ-ში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რათა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შეიცავდეს ინფორმაციას – სამუშაოების დაწყებამდე ან/და შემდგომი სამშენებლო სამუშაოებების ჩატარების პროცესში – პროექტის განხორციელების ადგილზე, გეოგრაფიულ არეალში/ლანდშაფტებში, ჯილეხის დაავადების მონიტორინგის/გამოკვლევის შედეგების შესახებ. აღნიშნული რედაქციით დაზუსტდება ის გარემოებები, თუ რა შემთხვევებში ხდება სააგენტოსთვის მიმართვა ან/და ნიმუშის აღება. 3. იმ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის ან/და სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გამცემ კომპეტენტურ ორგანოში. 4. აკრძალულია ჯილეხით მკვდარი ცხოველის ლეშის სამარხის ტერიტორიის გამოყენება რაიმე სამშენებლო და მიწის სხვა სამუშაოებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს სამარხის გაუვნებლობას ჯილეხის აღმძვრელისაგან. 5. სამუშაოების წარმოების პროცესში ჯილეხზე ეჭვის მიტანისას ან/და ჯილეხის შემთხვევის დაფიქსირებისას დაინტერესებულმა პირმა უნდა შეაჩეროს საქმიანობა და აცნობოს სააგენტოს. მუხლი 13. საგანგებო გეგმა 1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშავოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა; ბ) რეგიონებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები; გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა; დ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა; ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტური კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა; ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ჯილეხის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა; ზ) საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ვაქცინაციის, მათ შორის, გადაუდებელი ვაქცინაციის, დეტალური გეგმები (გადაუდებელ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რეგიონები, ვაქცინაციისათვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა, სახეობა და სხვ.). 2. პერსონალმა რეგულარულად უნდა გაიაროს სწავლებები ჯილეხის ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემიოლოგიურ) გამოკითხვას, კლინიკურ ნიშნებსა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით. 3. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა. მუხლი 14. კომპენსაცია 1. ცხოველის ჯილეხით დაცემის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდისა და ამ კომპენსაციის ოდენობის საკითხს ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პასუხისმგებელ პირზე კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) ადგილი აქვს ამ წესის შესაბამისად ჯილეხის დადასტურებულ შემთხვევას; ბ) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის N483 დადგენილების შესაბამისად: ბ.ა) სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში; ბ.ბ) პასუხისმგებელი პირი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს; ბ.გ) ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე; გ) პასუხისმგებელი პირის მიერ დაცულია ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები; დ) სააგენტოში არსებულ ჩანაწერებში ცხოველი დაფიქსირებულია, როგორც „ობიექტურად აუცრელი“. 3. კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი, პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე. მუხლი 15. ვაქცინის შესყიდვა, გამოყენება და მარაგები 1. აკრძალულია გარდა ამ წესში მითითებული შემთხვევებისა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება. 2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებაზე, შენახვასა და დისტრიბუციაზე. 3. სააგენტოს მიერ ვაქცინის შესყიდვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ვაქცინის შესყიდვის ტექნიკურ პირობებს ადგენს სააგენტო. 5. სააგენტომ საგანგებო გეგმის ფარგლებში უნდა იქონიოს საქართველოში რეგისტრირებული ვაქცინ(ებ)ის გადაუდებელი ვაქცინაციისთვის საჭირო რეზერვები. 6. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ვაქცინების უსაფრთხო შენახვისა და გამოყენების პირობების დაცვა. 7. სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს გამოყენებისთვის გამიზნული ვაქცინების იმუნოგენობა და უვნებლობა.“.
|
დოკუმენტის კომენტარები