„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016566
69/04
01/06/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
220020000.18.011.016566
„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №69/04

2021 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 27/09/2018 ს/კ: 220020000.18.011.016343) დამტკიცებულ კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბანკის გრძელვადიანი მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით, ბანკი ვალდებულია, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance –  ESG) საკითხები ბანკის სტრატეგიაში გაითვალისწინოს. ESG საკითხები მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებმაც შესაძლოა, არსებითი გავლენა მოახდინოს ბანკის საოპერაციო საქმიანობაზე, მათ შორის, თანამშრომელთა გენდერულ მრავალფეროვნებას. ESG საკითხები ასევე მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილების რისკი, თუ მათ შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონდეთ ბანკის ინვესტიციებზე, სესხებსა და სხვა საბანკო საქმიანობის ხარისხზე.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ბანკი ვალდებულია აქციონერთა კრების ოქმები ხელმისაწვდომობისთანავე, თუმცა არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მიაწოდოს ეროვნულ ბანკს.“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) უზრუნველყონ ESG საკითხების სათანადო ასახვა ბანკის სტრატეგიაში და  მონიტორინგი გაუწიონ მათ ეფექტიან განხორციელებას. აღნიშნული მოიცავს არა მხოლოდ ბანკის საქმიანობის ფინანსური შედეგების, არამედ ბანკის საქმიანობის პოტენციური გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტების გათვალისწინებას და შეფასებას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის განსახორციელებლად, სამეთვალყურეო საბჭო უნდა ფლობდეს სათანადო ცოდნას და იღებდეს შესაბამის ინფორმაციას ESG საკითხების შესახებ. ბანკი ვალდებულია გამოყოს შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები, რაც, მათ შორის, შესაძლოა მიზნად ისახავდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ისეთ პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ გათვითცნობიერებას გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მიმართულებით.“.

3. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) მონიტორინგი გაუწიოს პილარ 3-ის ანგარიშგების პროცესს, მათ შორის, ESG საკითხების ანგარიშგებას და დაამტკიცოს გამოსაქვეყნებელი წლიური პილარ 3-ის ანგარიშგება, თუ აღნიშნული, ბანკის შიდა პოლიტიკის შესაბამისად, აუდიტის კომიტეტის ფუნქციას წარმოადგენს.“.

4. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) მონიტორინგს უწევს პილარ 3-ის ანგარიშგების პროცესს, მათ შორის, ESG საკითხების ანგარიშგებას და ამტკიცებს გამოსაქვეყნებელი წლიური პილარ 3-ის ანგარიშგებას, თუ აღნიშნული, ბანკის შიდა პოლიტიკის შესაბამისად, რისკების კომიტეტის ფუნქციას წარმოადგენს.“.

5. მე-17 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სამეთვალყურეო საბჭო, ფინანსურ რისკებთან ერთად, უნდა აფასებდეს არაფინანსურ რისკებს, რომელიც მოიცავს ESG, მათ შორის, კლიმატის ცვლილების რისკებს. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს ESG რისკების სრულად ინტეგრირება ბანკის რისკების მართვის ჩარჩოში. რისკების მართვის სისტემის ზედამხედველობის ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭო რეგულარულად უნდა აფასებდეს ESG რისკებს და ამოწმებდეს, რამდენად სათანადოდ ხორციელდება აღნიშნული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, მონიტორინგი და მათი ეფექტების შერბილება.“.

6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ინფორმაციის გამჟღავნება

ბანკი ვალდებულია, დაინტერესებულ მხარეებთან სათანადოდ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავის საქმიანობაზე, მათ შორის, ბანკის კორპორაციულ მართვაზე და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს. ბანკი ვალდებულია კორპორაციული მართვის სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესის“ მიხედვით მომზადებულ წლიურ ანგარიშგებაში გაამჟღავნოს, რაც ასევე მოიცავს ინფორმაციას ESG საკითხების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე