ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016491
09
27/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
010250050.35.117.016491
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2021 წლის 27 მაისის

ქ. ამბროლაური

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა“, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 29/07/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016089).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი №1
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი

მუხლი 1
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურებს.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ურთიერთობა განისაზღვრება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში (შემდგომში – „სამსახური“) აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას.
მუხლი 3
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ სამსახურში აღრიცხვაზე დადგომისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების დაფუძნების ოქმის დედანი;

ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;

დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;

ე) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამხანაგობის ახალ წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;

ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო კრების ნოტარიულად დამოწმებული ოქმის დედანი;

ზ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.

2. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, მერია გასცემს აღრიცხვის ფურცელს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:

ა) აღრიცხვის ნომერს;

ბ) აღრიცხვის თარიღს;

გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;

დ) ამხანაგობის დასახელებას;

ე) ამხანაგობის მისამართს.

3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:

ა) წინამდებარე წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები.

მუხლი 4
ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:

ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;

ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;

გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;

დ) ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 5
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში, ამხანაგობების მონაწილეობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:

ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;

ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;

გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს).

მუხლი 6
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს შემდეგ მიმართულებებს:

ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და გარე ფასადების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;

ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა;

გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, სადარბაზოს შესასვლელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა;

დ) მრავალბინიანი სახოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია;

ე) ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის;

ვ) ძელსკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის.

2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები შესაძლებელია წარმოადგინოს ამხანაგობამ თანხის გადახდის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად (ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი/ქვითარი) სხვა შემთხვევაში პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს 100 % -იანი დაფინანსებით.

3. ამხანაგობის მიერ პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების წარმოდგენისას, მერია უფლებამოსილია მასში გადახდილი ღირებულება, ამხანაგობას ჩაუთვალოს პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსებისათვის პროცენტული ოდენობით გადასახდელ თანხაში, თუ იგი არ აღემატება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 2.5 %-ს.

4. პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართით.

მუხლი 7
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.

2. სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. მერიის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი.

4. ამხანაგობის მიერ დანართი №2-ით გათვალისწინებული პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსებისათვის პროცენტული ოდენობით გადასახდელი თანხა დაზუსტდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით.

5. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:

ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;

ბ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა სტიქიური მოვლენების ან ხანძრის შედეგად წარმოშობილი საჭიროებებისა.


დანართი №2
პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა

 

N

ღონისძიების დასახელება

თანადაფინანსების

წილი %

მერიის

წილი %

ამხანაგობის

წილი %

1

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და გარე ფასადების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

95/05

95

05

2

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა

3

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების,სადარბაზოების შიდა რემონტი, სადარბაზოს შესასვლელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა

4

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია

5

ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის

90/10

90

10

6

ძელსკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა

ამხანაგობებისათვის