აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ

აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 400060000.10.003.022787
232
19/05/2021
ვებგვერდი, 21/05/2021
400060000.10.003.022787
აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №232

2021 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცდეს თანდართული „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები

მუხლი 1. მოწესრიგების სფერო

1. აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები (შემდგომში – წესი) აწესრიგებს აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს:

ა)  ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების მეშვეობით აკვაკულტურის განხორციელებისას;

ბ) აკვაკულტურის კონსტრუქციების მეშვეობით საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის განხორციელებისას (მარიკულტურა);

გ) საქართველოს შიდა წყლებში (წყალსატევებში) აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსებით აკვაკულტურის განხორციელებისას.

2. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სხვა დადგენილებით.

3. აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 3. აკვაკულტურის ნებართვა

აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება აკვაკულტურის ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 4. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები

1. ნებართვას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიზნებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები არიან:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თუ აკვაკულტურის საწარმოებლად საჭიროა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გამოყოფა;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო, აკვაკულტურის  საწარმოებლად შერჩეულ ფართობზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ან გამოვლინების არარსებობის დასადასტურებლად ან, თუ აკვაკულტურის წარმოება იგეგმება წიაღის ფონდის მიწაზე, ამ მიწის სარგებლობის ან სხვა ფორმით გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სსიპ – სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური და სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ნებართვის საზღვაო სივრცის ფარგლებში გაცემაზე;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ნებართვის საზღვაო სივრცის ფარგლებში გაცემაზე;

ე) სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო,  თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ნებართვის დაცული ტერიტორიების ფარგლებში გაცემაზე;

ვ) სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ნებართვის სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფარგლებში გაცემაზე;

ზ) სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო;

თ) სამინისტრო – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების, აგრეთვე ბიომრავალფეროვნებასთან ან ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას;

ი) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ნებართვის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში გაცემაზე;

კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონაში ნებართვის გაცემაზე, ასევე აკვაკულტურის საწარმოებლად საზღვაო სივრცის გამოყოფის შემთხვევაში;

 ლ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – აკვაკულტურის საწარმოებლად საზღვაო სივრცის გამოყოფის შემთხვევაში;

მ) ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო – ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ნებართვის საზღვაო სივრცის ფარგლებში გაცემაზე;

ნ) იმ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნებართვის გაცემის თაობაზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

 

მუხლი 5. განაცხადის წარდგენა

1. ნებართვის მაძიებლის განაცხადი წარედგინება სააგენტოს. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, სააგენტოსგან მოითხოვოს წინასწარი კონსულტაცია ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით.

2. საზღვაო წყლებში ნებართვა გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საზღვაო წყლებში ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, წარადგინონ მოსაზრებები განაცხადთან დაკავშირებით.

3. საზღვაო წყლებში ნებართვის გაცემაზე განაცხადის განხილვისთვის სავალდებულოა, აკვაკულტურის საქმიანობისთვის მოთხოვნილი არეალი მდებარეობდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონაში.

4. სახელმწიფო ტყის/დაცული ტერიტორიების ფარგლებში ნებართვის გაცემისთვის სავალდებულოა სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს/სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობა.

5. თუ ნებართვის მაძიებელი აპირებს უცხო სახეობის მოშენებას, ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნა.

 

მუხლი 6. განაცხადისთვის დასართავი ინფორმაცია/დოკუმენტაცია

1. ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის   25-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის წარმოების მიზნით, სააგენტოს უნდა წარუდგინოს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია. განაცხადს ასევე თან უნდა ერთოდეს:

ა) აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად მოთხოვნილი სივრცის ელექტრონული ვერსია UTM – WGS 1984 კოორდინატთა სისტემაში (shape-ფაილი);

ბ) გამოსაყენებელი აკვაკულტურის კონსტრუქციის აღწერილობა/დიზაინი და მოწყობის (ინსტალაციის) გეგმა და სტანდარტები;

გ) ინფორმაცია მეთევზეობის/აკვაკულტურის სფეროში ნებართვის მაძიებლის გამოცდილების შესახებ;

დ) ინფორმაცია აკვაკულტურის საქმიანობის დაფინანსების მოცულობისა და წყაროების შესახებ;

ე) საინვესტიციო ან/და ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენების შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია. განაცხადს ასევე თან უნდა ერთოდეს:

ა) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული/საკადასტრო რუკა, არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 - 1:1000) და აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით;

ბ) აკვაკულტურის კონსტრუქციის პროექტი, მდინარესთან/მდინარეებთან, გზებსა და შენობა-ნაგებობებთან მიმართებით;

გ) მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი წერილობითი შეტყობინების ასლი, ხოლო მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული დოკუმენტი სივრცითი მოწყობის გეგმასთან შესაბამისობის დადასტურების თაობაზე;

დ) ინფორმაცია ზედაპირული წყლის ობიექტიდან ამოსაღები წყლის რაოდენობის, წყალაღების წერტილის და ასევე, ზედაპირული წყლის ობიექტის ზოგადი ჰიდროლოგიური მონაცემების თაობაზე („გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებული „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები);

ე) კომპეტენტური სპეციალისტის/ორგანიზაციის მიერ შედგენილი წყლის ხარისხის ანალიზი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ პარამეტრებს:

ე.ა) წყალში გახსნილი ჟანგბადის შემცველობა;

ე.ბ) ჟანგბადის ბიოქომიური მოთხოვნილება (Biochemical Oxigen Demand);

ე.გ) ამონიუმის აზოტი (NH4);

ე.დ) ნახშირორჟანგი (CO2);

ე.ე) საერთო სიხისტე (Total Hardness);

ე.ვ) PH;

ე.ზ) ნიტრატები;

ე.თ) ფოსფატები;

ვ) მიწაზე მისი საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. თუ აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსება იწვევს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროსთან შეთანხმებული დოკუმენტი, „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. აკვაკულტურის საქმიანობის მიზნით მიწისქვეშა წყლების გამოყენების შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წყალპუნქტის სახეობის (ჭა, ჭაბურღილი), მისი ადგილმდებარეობის (კოორდინატები UTM – WGS 1984 სისტემაში) და შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის შესახებ.

5. თუ ნებართვის მაძიებელი ითხოვს წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობას ან აკვაკულტურის მიზნით შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ3-ზე მეტია, ნებართვის მაძიებელმა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, უნდა წარადგინოს სამინისტროს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

6. შიდა წყალსატევზე აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების მიზნით, ნებართვის მაძიებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებითა და ამ  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ –„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

7. წყალსატევზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის არსებობისას, ამ წყალსატევზე აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების მიზნით, წარდგენილი უნდა იქნეს წყალსატევზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

8. ნებართვის მაძიებელმა განაცხადში უნდა მიუთითოს მოთხოვნილი ნებართვის მოქმედების ვადა.

 

მუხლი 7. განაცხადის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის გაგზავნა

1. ნებართვის მაძიებლის განაცხადი, მისი სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში, ეგზავნება ამ წესით განსაზღვრულ ყველა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ გადაწყვეტილება ნებართვის მაძიებლის მიერ განაცხადში მითითებულ პირობებსა და შესაბამის ქონებაზე სხვა უფლებების (მათ შორის, იჯარის უფლების) მოპოვებასთან დაკავშირებით.

2. დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, განმცხადებელს ეგზავნება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია და ეძლევა გონივრული ვადა საკითხის შესახებ წერილობითი მოსაზრებების წარდგენისთვის.

3. იმ შემთხვევაში, თუ ხმელეთზე აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსებისთვის საჭირო მიწა წარმოადგენს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ნებართვის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის მაძიებლისთვის მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში.

4. აკვაკულტურის საქმიანობის წარმოების მიზნით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების პირობები შესაძლოა, მოიცავდეს სააგენტოსთან შეთანხმებულ პირობებს.  მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა არ უნდა იყოს აკვაკულტურის ნებართვის განაცხადით მოთხოვნილ ვადაზე ნაკლები.

5. თუ ნებართვის გაცემა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას საჭიროებს, აკვაკულტურის საქმიანობის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.

6. ნებართვის მაძიებლის განაცხადში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოსაზრებების წარდგენიდან 1 თვის ვადაში სააგენტო განაცხადს წინასწარ შეისწავლის და, დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციის საფუძველზე, ნებართვის მაძიებელს წარუდგენს იმ პირობებსა და მოთხოვნებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც სააგენტო გასცემს ნებართვას.

7. საზღვაო წყლებში ნებართვის გაცემამდე, ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ განაცხადსა და დაინტერესებულ პირთა მოსაზრებებს (მათი არსებობის შემთხვევაში), განიხილავს აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო.

 

მუხლი 8. ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები

1. ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საერთო ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ, შესაბამისი გარემოებიდან გამომდინარე, ნებართვის ამ ვადაში გაცემა შეუძლებელია, ვადა გრძელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. შესაძლებელია ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება, კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 9. ნებართვის მოწმობის ფორმა

ნებართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

 

მუხლი 10. ნებართვის გაცემის წესი

1. ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით.

2. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური და ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არსებობს სააგენტოს დასაბუთებული შუამდგომლობა, სამინისტრო მომართავს საქართველოს მთავრობას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე, საქართველოს მთავრობის თანხმობით, ნებართვის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე.

3. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის შემთხვევაში, ნებართვის გაცემაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს პირდაპირი წესით, თუ ნებართვის მაძიებელი წარადგენს მიწაზე საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს და აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.

 

მუხლი 11. ნებართვის გაცემა აუქციონის წესით

1. აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემის საფუძველია ნებართვის მაძიებლის განაცხადი, რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სააგენტოს გადაწყვეტილება.

2. აუქციონის წესით ნებართვა გაიცემა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც იკისრებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს ნებართვის გამცემის მიერ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნები და წამოადგენს ყველაზე მაღალ ფასს.

3. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით. აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას, აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, სააგენტო აქვეყნებს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge.

4. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი გადახდილი უნდა იქნეს აუქციონის გამართვიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში.

5. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

 

მუხლი 12. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები

1. აუქციონის წესით ნებართვის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ პირობებს.

2. აუქციონში მონაწილეობის პირობები და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა, ამ წესის შესაბამისად, განისაზღვრება სააგენტოს მიერ.

3. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადი მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განაცხადების მიღების საბოლოო ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს სააგენტო.

4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ნებართვის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის საწყისი ფასის 10%-ით.

5. თუ აკვაკულტურის საქმიანობის მიზნით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, მიღებულ იქნა საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდა ისეთი პირობები, რომლებიც არსებითად ცვლის აუქციონის პირობებს, ნებართვის მაძიებელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონზე დაფიქსირებული და გადახდილი საბოლოო/შემოთავაზებული თანხა უბრუნდება.

 

მუხლი 13. სანებართვო პირობები

ნებართვის მფლობელი ვალდებულია: 

ა) დაიცვას      ნებართვით     განსაზღვრული პროდუქციის წარმადობის ზღვრული მოცულობები;

ბ) უზრუნველყოს აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

გ) განახორციელოს ღონისძიებები თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

დ) მოაშენოს აკვაკულტურის ობიექტის ის სახეობა, რომელიც განსაზღვრულია ნებართვით. დაიცვას ჰიდრობიონტის ჩასმის სიმჭიდროვის მოთხოვნები;

ე) წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შემთხვევაში, წყალაღება უზრუნველყოს იმგვარად, რომ შენარჩუნებულ იქნეს ზედაპირული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური რეჟიმი, ბუნებრივ გარემოში არსებული თევზის თავისუფალი მიგრაციის მიზნით;

ვ) უზრუნველყოს წყლის ხარისხის სისტემატური მონიტორინგი და მოხმარებული წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებამდე მისი გაწმენდა, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

ზ) უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების (ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები) დაცვისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება და აწარმოოს მონიტორინგი ბიომრავალფეროვნების მდგომარეობაზე;

თ) უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირთა აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილზე დაშვება;

ი) უზრუნველყოს თევზის დაავადების ან/და დაღუპვის, აკვაკულტურის ობიექტის გარემოში გაღწევის (გაქცევის) შემთხვევის შესახებ სამინისტროსათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება;

კ) აანაზღაუროს აკვაკულტურის ობიექტის გაქცევით გარემოსთვის მიყენებული ზიანი;

ლ) აწარმოოს და შეინახოს ჩანაწერები აკვაკულტურის საქმიანობის არეალში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და სამკურნალო საშუალებების, წყლის ცხოველური ორგანიზმების მიღებისა და გადატანის შესახებ;

მ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს წარუდგინოს აკვაკულტურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და მის მიერ მოთხოვნილი, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემები და ჩანაწერები;

ნ) აკვაკულტურის კონსტრუქცია უზრუნველყოს მტაცებლისგან დამცავი ბადით, აგრეთვე უზრუნველყოს საზღვაო წყლებში ან წყალსატევში არსებულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში შუქურების განთავსება და მონიშვნების მოწყობა;

ო) შეასრულოს აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები;

პ) აკვაკულტურის კონსტრუქციაში განათავსოს ჩასასმელი მასალა, რომელიც აკმაყოფილებს თევზის ჯანმრთელობის მოთხოვნებს;

ჟ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მოთხოვნები და საინვესტიციო ან/და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

მუხლი 14. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის, ნებართვის გაუქმების შედეგები

1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ნებართვის მოქმედების ვადის გასვლიდან ან ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება/ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის შემთხვევაში, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რის უზრუნველსაყოფადაც ვალდებულია, ნებართვის მოქმედების ვადის გასვლიდან ან ნებართვის გაუქმებიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს აღდგენის ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი.

2. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა და ნებართვის გაუქმება გამოიწვევს ამ მუხლით განსაზღვრული ქონებით სარგებლობის უფლების შეწყვეტას.

 

მუხლი 15. ხმელეთზე განთავსებული 50 მ3-მდე მოცულობის აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელება

1. ხმელეთზე განთავსებული 50 მ3-მდე მოცულობის აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი თავისუფლდება ნებართვის აღების ვალდებულებისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია, სააგენტოს შეატყობინოს ინფორმაცია საქმიანობის ადგილისა და მოსაშენებელი სახეობების შესახებ (სამეცნიერო ლათინური სახელწოდებით), ასევე, მიაწოდოს წყალსარგებლობის დოკუმენტაცია.

 

მუხლი 16. გარდამავალი დებულება

1. იმ პირებს, რომლებიც „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ აკვაკულტურის საქმიანობას, უფლება აქვთ, გააგრძელონ ეს საქმიანობა. აღნიშნული პირები ვალდებული არიან, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში (2023 წლის 1 მარტამდე) უზრუნველყონ ნებართვის აღება.

2. ამ წესის დებულებები საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით ძალაშია აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.