ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების უფლების შეზღუდვის შესახებ

ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების უფლების შეზღუდვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13617
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 29/04/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016625
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13617
29/04/2021
ვებგვერდი, 21/05/2021
000000000.00.00.016625
ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების უფლების შეზღუდვის შესახებ
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/05/2021 - 05/08/2021)

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №13617

2021 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

ცალკეულ  შემთხვევებში  გადასახადის  გადამხდელისათვის  საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურებისა  და  საგადასახადო  დოკუმენტების  გამოწერის/დადასტურების  უფლების  შეზღუდვის  შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56 3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ჩაითვალოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად.

2. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია).

3. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მქონე კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

5. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.

6. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა გავრცელდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში.

7. იმ საანგარიშო პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პროგრამულად განხორციელდეს ზემოაღნიშნულ პერიოდში/პერიოდებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შეზღუდვა.

8. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეიწავლის აუდიტის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს, მიეცემა საშუალება მოახდინოს, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

9. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 იანვრის №107 ბრძანება.

10. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე, გარდა ამ ბრძანების მე-3, მე-7 და მე-8 პუნტებისა.

11. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველ მაისს.

12. ამ ბრძანების მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის შექმნისთანავე.

სამასახურის უფროსი ლევან კაკავა.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.