ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2021 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2021 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.022763
208
11/05/2021
ვებგვერდი, 13/05/2021
120340000.10.003.022763
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2021 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №208

2021 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2021 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2021 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგია, თანდართული სახით.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 თებერვლის №164 დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია

2021-2030 წწ.

 


სარჩევი

1. შესავალი.

2. ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. 

2.1. პრევენცია. 

2.2. გამოვლენა. 

2.3. რეაგირება. 

3. ქიმიური უსაფრთხოების სფერო. 

3.1. არსებული მდგომარეობა. 

3.2. მიმდინარე გამოწვევები.

3.3. პრევენცია. 

3.4. გამოვლენა.

3.5. რეაგირება. 

3.6. სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები. 

4. ბიოლოგიური უსაფრთხოების სფერო. 

4.1. არსებული მდგომარეობა. 

4.2. მიმდინარე გამოწვევები. 

4.3. პრევენცია. 

4.4. გამოვლენა.

4.5. რეაგირება. 

4.6. სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები. 

5. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფერო. 

5.1. არსებული მდგომარეობა. 

5.2. მიმდინარე გამოწვევები. 

5.3. პრევენცია. 

5.4. გამოვლენა. 

5.5. რეაგირება. 

5.6. სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები. 

6. საერთაშორისო თანამშრომლობა. 

7. სტრატეგიით გათვალისწინებულ ძალისხმევაზე პასუხისმგებელი უწყებები. 

8. დასკვნითი დებულებები. 

 

1. შესავალი

„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2021-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის“ (შემდგომში – ქბრბ სტრატეგია) მიზანია ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფოს ხედვის შემდგომი ჩამოყალიბება/განვითარება (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 თებერვლის №164 დადგენილების თანახმად), ასევე, ქბრბ რისკებთან და საფრთხეებთან ეფექტურად გამკლავებისათვის სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორების, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებების განსაზღვრა.

სტრატეგია ეყრდნობა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, ეროვნულ კანონმდებლობას და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

აღნიშნული სტრატეგია, არსებული ვითარების შეფასების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების, რეზერვებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სწორად და ეფექტურად გადანაწილების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე, ქბრბ საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას, საფრთხეების დროული გამოვლენის, მზადყოფნისა და რეაგირების ერთიანი მექანიზმების დახვეწას.

დოკუმენტის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით ქბრბ საფრთხეებისადმი ერთიანი მექანიზმის გაძლიერება/განვითარებას, რომელიც ორიენტირებული იქნება ქბრბ ინციდენტების მართვის ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება.

ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) შემთხვევებს შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საზოგადოების ჯანმრთელობას, სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის ინფრასტრუქტურას. ამგვარი შემთხვევები (ინციდენტები) შეიძლება გამოწვეული იყოს სტიქიური მოვლენებით ან ჩადენილი იყოს განზრახ, სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორების და ცალკეული პირების მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველო აგრძელებს საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებას ქბრბ საფრთხეებზე მზადყოფნისა და დროული რეაგირების კუთხით. აღნიშნული ძალისხმევა ასახულია მოცემულ სტრატეგიაში, რომლის განხორციელების პროცესში საქართველო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ქბრბ უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ.

სტრატეგია განსაზღვრავს ქბრბ საფრთხეების მართვის ძირითადი და დამხმარე უწყებებისთვის სექტორულ პრიორიტეტებს და ამოცანად ისახავს ქმედითი უწყებათშორისი თანამშრომლობის გაგრძელებას და შესაბამისი მექანიზმების გაძლიერებას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებიდან, ახალი რეალობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, დადგა სტრატეგიული დოკუმენტის განახლების და მოქმედების კონკრეტული ვადების დადგენის საჭიროება.  

წინამდებარე სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 თებერვლის 164 დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტის გადამუშავებულ და განახლებულ ვერსიას.

სტრატეგიის გადახედვა/განახლება მოხდება პერიოდულად, ან ასეთი აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში.

საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე მატულობს ტვირთბრუნვა და ვიზიტორთა რაოდენობა. ეს კი, თავის მხრივ,  ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფების დაინტერესების საფუძველს წარმოადგენს. ქვეყნისა და რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ მიტოვებულ/უკონტროლო ობიექტებზე, შესაძლოა მოიპოვებოდეს რადიოაქტიური თუ ქიმიური საფრთხის შემცველი ნივთიერებები, რაც განაპირობებს ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების ფაქტორს.

საქართველოში ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური წყაროების არალეგალური მიმოქცევის მცდელობის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული. აღნიშნული ფაქტები გამოვლინდა როგორც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე დამონტაჟებული სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით.

ამასთანავე, შეზღუდვებსა და აკრძალვებს დაქვემდებარებული მაღალი რისკის მქონე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალებისა და ნივთიერებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება წესრიგდება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

რეგიონი გარკვეული ტიპის განსაკუთრებით საშიში პათოგენებისთვის ენდემურ არეალს წარმოადგენს. შესაბამისად, ქვეყანაში და რეგიონში მნიშვნელოვანია ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება ბიოუსაფრთხოების მიმართულებით.

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული თემატიკა აქტუალურია საერთაშორისო ასპარეზზე. მასობრივი განადგურების იარაღისა და მასთან დაკავშირებული სახიფათო მასალების, ასევე, მათ შესახებ ექსპერტული ცოდნის გამარტივებული ხელმისაწვდომობის და აქედან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო განზრახვით გამოყენების რისკების მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს.  საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საუკეთესო გამოცდილებისა და მიდგომების გაზიარება. მხარეების თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ნათლად მეტყველებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მოლაპარაკებების ფარგლებში აღნიშნული საკითხების აქტიური განხილვა და ამ მხრივ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. საქართველო, ასევე, აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების ინიციატივაში (European Union CBRN Risk Mitigation Centers of Exellence Initiative) და 2013 წლიდან მასპინძლობს აღნიშნული ინიციატივის რეგიონალურ სამდივნოს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.

ქბრბ ინციდენტები საზიანოა როგორც გარემოს, ასევე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ისინი საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებაზე იმის მიხედვით, თუ რა მასშტაბისაა ქბრბ შემთხვევა. აღნიშნულის ნათელი გამოვლინებაა 2019 წლის მიწურულს მსოფლიოში დაწყებული პროცესები და ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო ვითარება.

ქბრბ ინციდენტების შესაძლო სცენარებია: ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით ან ბიოლოგიური აგენტებით გარემოს, კვების პროდუქტებისა და სასმელი წყლის დაბინძურება; მცენარეებისა და ცხოველების ინფიცირება; აირადი ქიმიური ნითიერებებისა და ბიოლოგიური აგენტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში გაშვება; ქიმიური წარმოების ობიექტების დაზიანება; ბირთვული მასალის ან რადიოაქტიური წყაროების გამოყენების შედეგად განვითარებული საგანგებო სიტუაციები და სხვა. ქბრბ საფრთხეები შეიძლება წარმოიქმნას ბუნებრივი გარემოებების, ტექნიკური/ადამიანური ფაქტორისა და კრიმინალური ქმედების გზით. ქბრბ ინციდენტის წარმოქმნის შემდეგ, შესაძლოა, რთული იყოს იმის დადგენა, თუ რომელი ზემოთ ხსენებული ფაქტორი გახდა მისი წარმოქმნის მიზეზი. ამასთანავე, ფართომასშტაბიანი ქბრბ ინციდენტი სცდება ერთი უწყების კომპეტენციას და მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და შედეგების აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების გათვალისწინებით.  აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე სტრატეგია იყენებს საერთო მიდგომას ქბრბ საფრთხეებისა და მათი გამოვლინებების მიმართ.

დოკუმენტი განსაზღვრავს ერთობლივი მიდგომებისა და ძალისხმევის შემდგომ ჩამოყალიბებას სამთავრობო სტრუქტურებს, საერთაშორისო პარტნიორებს,  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის. არსებული და შესაძლო სამომავლო გამოწვევების გათვალისწინებით, ქბრბ სტრატეგიამ შესაძლოა გარკვეული მოდიფიკაცია განიცადოს.

საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო ღრმა და კომპლექსურ შესწავლას მოითხოვს, თუმცა წინამდებარე დოკუმენტში განხილულია მოცემული ეტაპისთვის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ სფეროებში არსებული უმთავრესი საჭიროებები და ქბრბ საფრთხეების შემცირების ძირითადი მიმართულებები, მიზნები, პრიორიტეტები და გასატარებელი ღონისძიებები.

2. ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები

ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია მუდმივი განახლების, ცვლილებებისა და ინოვაციების დანერგვის გარეშე. აღნიშნული პროცესი დაკავშირებულია არსებული ნაკლოვანებების იდენტიფიცირებასთან, მდგომარეობის დეტალურ შესწავლასა და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვასთან. გასული წლების განმავლობაში საქართველომ ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საგრძნობ პროგრესს მიაღწია. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებების შესრულებამ გააუმჯობესა თითოეული პასუხისმგებელი უწყების ქბრბ ინციდენტების გამოვლენის, პრევენციისა და მათზე რეაგირების ხარისხი. ამავე დროს, ამაღლდა ქბრბ საფრთხეებთან დაკავშირებული ცნობიერება და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათშორისი თანამშრომლობის მიმართულებით.

ამის მიუხედავად, კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა გადაჭრა აუცილებელია ქბრბ ინციდენტებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთ  აუცილებლობას სამართლებრივი და კონცეპტუალური ჩარჩოს განახლება წარმოადგენს. საჭიროა უწყებათშორისი თანამშრომლობის, ასევე ქბრბ ინციდენტების ბუნებასთან დაკავშირებული საკითხების სათანადოდ ასახვა სამართლებრივ აქტებში, რათა სრული სიცხადე იქნეს შეტანილი ქბრბ ინციდენტებზე პასუხისმგებელი უწყებების კომპეტენციებზე, სტანდარტულ სამოქმედო (ოპერატიულ) პროცედურებზე და მაშასადამე, ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების სრულ ციკლზე.

ქბრბ ინციდენტების რეაგირებაში ჩართული უწყებების წინაშე კვლავ დგას მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების საკითხი. ქბრბ ინციდენტების აღმოჩენის, რეაგირებისა და აღმოფხვრის ციკლში ჩართული თითოეული უწყება მზად უნდა იყოს  ფართომასშტაბიან ქბრბ ინციდენტზე საპასუხო ზომების უმოკლეს ვადებში გატარებაში და არსებული ზიანის აღმოფხვრაში, რაც თანამედროვე საშუალებების შეძენას და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად გამოყენებას საჭიროებს.

მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პირველადი მორეაგირე და დამხმარე უწყებების კოორდინირებულ მოქმედებას. უწყებებმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა ერთობლივი ტრენინგების ჩატარების კუთხით, მათ შორის, საქართველოს რეალობაზე მორგებული სხვადსხვა სიმულაციური სცენარების ორგანიზებით. გასული წლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ კოორდინაციის და უწყებათშორისი თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება ხელს უწყობს ქბრბ უსაფრთხოებაში ჩართული უწყებების ინდივიდუალური და კოლექტიური ფუნქციების გააზრებას ინციდენტებზე პრევენციის, გამოვლენის, რეაგირების თუ შედეგების აღმოფხვრის კუთხით.  

ქბრბ ნივთიერებების/მასალების აღმოჩენისა და იდენტიფიცირების შემდგომ, აუცილებელია მათი შესაბამისი წესით ტრანსპორტირებისთვის მომზადება და გადატანა შენახვის ან/და უტილიზაციისთვის განკუთვნილ სპეციალურ დაწესებულებებში. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს ქბრბ ნივთიერებებთან, მასალებთან, იდენტიფიცირებულ ნარჩენებთან ან უცნობი სუბსტანციების შენახვა-უტილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გამოწვეულია საქართველოში ქბრბ უსაფრთხოების გარკვეულ მიმართულებებზე შესაბამისი უფლებამოსილებისა და ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულებების სიმცირის ან საერთოდ არარსებობის გამო. დღეისათვის ამ კუთხით არსებულმა შეფერხებებმა შესაძლოა სამომავლოდ მდგომარეობის კიდევ უფრო მეტი გართულება გამოიწვიოს, რაც სათანადო ზომების დროულ მიღებას საჭიროებს. 

ქბრბ უსაფრთხოების სფეროში განვლილ წლებში მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ, დღეისათვის არსებული გამომწვევები1 შემდეგ კატეგორიებად შეიძლება განისაზღვროს:

სამართლებრივი და კონცეპტუალური ჩარჩო

  • ქბრბ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი ბაზის განვითარების აუცილებლობა
  • მაღალი რისკის მქონე ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების ერთიანი/კომპლექსური ნუსხის არარსებობა
  • ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქბრბ საფრთხის შემცველი ობიექტების არასრული აღრიცხვა და კონტროლი
  • ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის არასრული შეფასება
  • ქბრბ ინციდენტებზე ერთობლივი რეაგირების სამოქმედო გეგმების ნაკლოვანება/განახლების საჭიროება
  • ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებების/დანაყოფების კოორდინაციისთვის საჭირო არასაკმარისი სამართლებრივი საფუძვლები

ინფრასტრუქტურა

  • ქბრბ ობიექტების, ნივთიერებების/მასალების არასათანადო უსაფრთხოება/ფიზიკური დაცულობა
  • საფრთხის შემცველი ქბრბ მასალების უტილიზაციის არასაკმარისი ინფრასტრუქტურა

მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი

  • არსებული მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების სიმწირე
  • ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისთვის არასაკმარისი ადამიანური რესურსი პასუხისმგებელ უწყებებში
  • ქბრბ უსაფრთხოების სფეროში ჩართული პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მუდმივი მომზადება-გადამზადების საჭიროება

ზოგადი

  • ქბრბ საფრთხეებზე საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა
  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიების სიმწირე
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა
  • ტრანსნაციონალური დანაშაული

1 ჩამოთვლილი გამოწვევები უმეტესწილად საერთოა სფეროს ყველა მიმართულებისთვის, თუმცა რიგ შემთხვევებში მოიცავს ქბრბ უსაფრთხოების მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას.

 

სამართლებრივი და კონცეპტუალური ჩარჩოების განახლებითა და უწყებათშორისი თანამშრომლობის ხარისხის შემდგომი დახვეწით ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება. შესაბამისად, წინამდებარე სტრატეგია ეფუძნება წინა წლებში მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაღრმავებასა და უწყებების შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას. 

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც განამტკიცებენ და უზრუნველყოფენ პასუხისმგებელი უწყებების/დანაყოფების მუდმივ მზადყოფნასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას. აღნიშნულის განხორციელებისას, ქბრბ ინციდენტებისა და მათი შედეგების მინიმიზაციის მიზნით, ყურადღება უნდა დაეთმოს პრევენციის, გამოვლენის და რეაგირების მექანიზმების დახვეწას. ამ დოკუმენტის საფუძველზე იქმნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ქვემოთ მოყვანილ პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

2.1. პრევენცია

პრევენცია ქბრბ უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. მისი მიზანია წინასწარი ღონისძიებების გატარება ქბრბ შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით. პრევენციული ზომების გატარება უზრუნველყოფს ქბრბ ელემენტებზე უკანონო წვდომის მაქსიმალურ შეზღუდვას და ადამიანური თუ ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული ინციდენტების თავიდან აცილებას.  აქედან გამომდინარე, აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს არსებული ნაკლოვანებების გამოვლენასა და რისკების შეფასებას, რაც შემდგომში ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების (გამოვლენა და რეაგირება) საფუძველი გახდება.

მიზნები/პრიორიტეტები პრევენციის კუთხით:

ქბრბ სფეროში არსებული პრობლემების დეტალური ანალიზი, ქბრბ საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის გზების დასახვის მიზნით

  • სისტემატურად უნდა მიმდინარეობდეს ქბრბ მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარების კომპლექსური შესწავლა, აპრობირებული მეთოდიკისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით

ქბრბ  საფრთხის  შემცველი ობიექტების აღრიცხვა, რუკების შედგენა და მუდმივი განახლება

 

  • ქბრბ საფრთხის შემცველი ობიექტებისა და ადგილების (მოქმედი, მიტოვებული, მათ შორის, ქბრბ ნივთიერებების/მასალების სამარხები და სხვა) სრული აღრიცხვისა და მათი რუკების შედგენაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნა

მაღალი რისკის მქონე ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების ნუსხის შემუშავება/რეგულარული განახლება

 

  • ქბრბ ნივთიერებების/მასალების იდენტიფიცირება
  • იდენტიფიცირებული ქბრბ ელემენტების ბოროტი მიზნებისთვის გამოყენების პოტენციალის დადგენა
  • ქბრბ ნივთიერებებსა და მასალებზე წვდომის, მათ შორის, მათი დაკარგვისა და არაკანონიერი დაუფლების რისკების განსაზღვრა

ქბრბ ობიექტებისა და ნივთიერებების/მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

 

  • ქბრბ ობიექტებზე უსაფრთხოებისა და დაცვის ზომების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა
  • სათანადო უსაფრთხოებისა და დაცვის სტანდარტების, ასევე, შესაბამისი გეგმების შემუშავება
  • ქბრბ ობიექტების სათანადო უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვა
  • ქბრბ ნივთიერებების/მასალების უსაფრთხო შენახვისა და მათთან უსაფრთხო მუშაობისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა
  • ქბრბ ობიექტებზე, ნივთიერებებზე/მასალებზე სათანადო კონტროლის განხორციელება, გარემოში მათი მოხვედრის ან/და მართლსაწინააღმდეგო დაუფლების/გამოყენების პრევენციის მიზნით
  • საჭიროების შემთხვევაში, ქბრბ ობიექტების დაკომპლექტება შესაბამისი აკადემიური განათლების მქონე და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში უფლებამოსილი პერსონალით
  • სამართალდამცავთა მიერ ქბრბ ობიექტების პერსონალის პოტენციური საფრთხეების შესახებ ინფორმირება
  • ქბრბ ობიექტების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი

ქბრბ ობიექტებზე და ნივთიერებებთან/მასალებთან მომუშავე პერსონალის რეგულარული კონტროლი

 

  • ქბრბ ნივთიერებებთან/მასალებთან და ობიექტებზე მომუშავე პერსონალის დაშვების კრიტერიუმებისა და პროცედურების განსაზღვრა
  • ქბრბ ნივთიერებებთან/მასალებთან და ობიექტებზე მომუშავე პერსონალის შემოწმება/გადამოწმება და რეგულარული შეფასება

ქბრბ ობიექტებზე და ნივთიერებებთან/მასალებთან მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების კულტურა

 

  • სავალდებულო ინსტრუქციებისა და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავება
  • პერსონალის (მათ შორის, დაცვის პერსონალის) შესაბამისი მომზადება/გადამზადება
  • საეჭვო ქმედების და ტრანზაქციების იდენტიფიცირებისა და შეტყობინების მექანიზმების შემუშავება

ქვეყნის ტერიტორიაზე ქბრბ ნივთიერებების/მასალების ტრანსპორტირების უსაფრთხოება

 

  • ქბრბ ნივთიერებების/მასალების ტრანსპორტირების და ტრანსპორტირებაში ჩართული პირებისთვის უსაფრთხოების სტანდარტების (გარდა ბირთვული და რადიაციული ნაწილისა) განსაზღვრა
  • ქბრბ ნივთიერებების ადგილმდებარეობის დადგენის სისტემების დანერგვა
  • ქბრბ ნივთიერებების გადამზიდველებსა და სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობის განვითარება

საქართველოს ტერიტორიაზე და მისი გავლით ქბრბ ნივთიერებების/მასალების გავრცელების (პროლიფერაცია) პრევენცია

 

  • სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის, ასევე, საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესება
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება
  • მეზობელ და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის გაღრმავება
  • საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესწავლის და შესაბამისი რეაგირების მიზნით

სამართლებრივი ბაზის  განვითარება

 

  • ქბრბ მიმართულებით არსებული სამართლებრივი ბაზის შეფასება/შესწავლა
  • ქბრბ კუთხით შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების განხორციელება და ეროვნული ქბრბ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან

 

2.2. გამოვლენა

გამოვლენა მნიშვნელოვანი ქმედებაა ქბრბ ინციდენტების მართვის პროცესში და მათზე შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით. გამოვლენის გარეშე შეუძლებელია კონკრეტული ინციდენტის დროს გამოყენებული ნივთიერებების დადგენა. გამოვლენის ეფექტიანობა დამოკიდებულია მასში ჩართული ყველა მონაწილის, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობაზე. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აუცილებელია გამოვლენის თანამედროვე საშუალებების პერიოდული განახლება/გაუმჯობესება სახელმწიფოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტზე.

მიზნები/პრიორიტეტები გამოვლენის კუთხით:

გამოვლენის მექანიზმების დახვეწა

 

  • შესაძლო ქბრბ  ინციდენტების სცენარების შემუშავება
  • აღნიშნული სცენარების ანალიზის საფუძველზე მონიტორინგისა და გამოვლენის მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და სისტემის განსაზღვრა/ჩამოყალიბება
  • ეფექტიანი გამოვლენისთვის ქბრბ ნივთიერებების/მასალების რეფერალური ნიმუშების შექმნა
  • შესაბამისი უწყებების (განსაკუთრებით, პირველადი მორეაგირეების) უზრუნველყოფა გამოვლენისთვის აუცილებელი აღჭურვილობითა და შესაბამისი სახელმძღვანელოებით
  • ქბრბ კუთხით სპეციალიზებულ, რეფერალურ და კრიმინალისტიკურ ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება (მათ შორის, საჭიროებისამებრ, სამართლებრივი საფუძვლების შემუშავება)

სახელმწიფო საზღვარზე ქბრბ უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება

 

  • სახმელეთო საზღვრებზე და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, ასევე, საზღვაო სივრცეში არსებული ქბრბ უსაფრთხოების ზომების შეფასება
  • სახმელეთო საზღვრების და სასაზღვრო გამტარი პუნქტების, ასევე, საზღვაო სივრცის დაცვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი უწყებების ქბრბ ნივთიერებების/მასალების აღმოჩენის  შესაძლებლობების გაუმჯობესება
  • ქბრბ გამოვლენის შესაძლებლობების გაუმჯობესება აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და „მწვანე“ საზღვარზე
  • საზღვაო სივრცისა და „მწვანე“ საზღვრის მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება
  • სტანდარტული ოპერატიული პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება

ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება

 

  • ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების არსებული გეგმების (მათ შორის, მაღალი რისკის მქონე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ღონისძიებებზე) შესწავლა/შეფასება
  • ქბრბ ინციდენტებზე, როგორც უწყებრივი რეაგირების,  (საჯარო და კერძო დაწესებულებები, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე), ასევე, უწყებათშორისი ერთობლივი რეაგირების გეგმების შემუშავება/დახვეწა
  • შემუშავებულ გეგმებზე დაყრდნობით, ერთობლივი სწავლებებისა და ტრენინგების განხორციელება

 

2.3. რეაგირება

ქბრბ ინციდენტებზე რეაგირება უნდა იყოს დროული და ეფექტიანი. ამ მიმართულებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქბრბ ინციდენტებზე პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული რეაგირება.

მიზნები/პრიორიტეტები რეაგირების კუთხით:

ქბრბ ინციდენტებზე მორეაგირეებისთვის (განსაკუთრებით, პირველადი მორეაგირეები) შესაბამისი სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავება

  • ქბრბ ინციდენტებზე რეაგირეებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის, ფარმაცევტული, სამედიცინო და სხვა საშუალებების მარაგების შექმნა შესაბამის უწყებებში
  • ყველა პასუხისმგებელი უწყების მოქმედების არეალისა და უფლებამოსილების   შეფასება და საჭიროებისამებრ გადახედვა/დახვეწა

ქბრბ საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება

 

  • საექსპერტო-კრიმინალისტიკური კუთხით, მათ შორის, ბირთვული კრიმინალისტიკის მიმართულებით, ქვეყანაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება
  • ქბრბ კრიმინალისტიკურ ექსპერტიზაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება

ქბრბ ინციდენტებზე საზოგადოების მზადყოფნის გაუმჯობესება

 

  • ქბრბ ინციდენტებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისთვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავება
  • საზოგადოების (განსაკუთრებით, ქბრბ ობიექტებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის) ინფორმირება ქბრბ საფრთხის შემცველ ობიექტებზე, ადგილებსა და ნივთიერებებზე/მასალებზე და შეტყობინების სისტემების უზრუნველყოფა
  • მოსახლეობის ინფორმირება მოსალოდნელი/მომხდარი ქბრბ ინციდენტის, მისი მოსალოდნელი/დამდგარი შედეგის შესახებ და უსაფრთხოებისა და ქცევის წესების გაცნობა

საჭირო რესურსებისა და შესაძლებლობების ამოქმედება

 

  • კონკრეტული ქბრბ ინციდენტის აღმოფხვრისთვის, ადგილზე არსებული  საშუალებების შეფასება
  • ქბრბ ინციდენტზე რეაგირებისთვის საჭირო ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და შესაძლებლობების ჩართვა შესაბამის დონეებზე
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი/დამხმარე რესურსების მოთხოვნა/გამოყენება

რეაგირების ზომებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის კოორდინირება

 

  • კრიზისების მართვის ცენტრებისა და ქბრბ ექსპერტების კოორდინირებული თანამშრომლობა
  • ქბრბ ინციდენტის დროს, პირველადი და აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა/ამოქმედება
  • შესაბამისი ფუნქციების გადანაწილების მართვა კრიზისული სიტუაციის დროს

შეუფერხებელი და ეფექტიანი კომუნიკაცია

 

  • ზიანის თავიდან აცილებისა და შემცირების (მათ შორის საყოველთაო პანიკის თავიდან აცილების მიზნით), განვითარებული მოვლენების, უსაფრთხოების ზომების, გატარებული/გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საზოგადოების რეგულარული ინფორმირება ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით
  • უწყვეტი, დაცული და სწრაფი ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებებს შორის

მომხდარი ქბრბ ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ზიანის შეფასება

 

  • კომპეტენტური უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის შექმნა
  • მიზეზების დადგენის შემდგომ შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, სამართლებრივი დევნის) განხორციელება

3. ქიმიური უსაფრთხოების სფერო

3.1. არსებული მდგომარეობა

ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ქიმიური საფრთხეების მიმართ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების მსგავსად, საჭიროა აღნიშნულ მიმართულებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამოკვლევა, გამოვლენილი საჭიროებებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრისა და შესაბამისი ქმედებების განსაზღვრის მიზნით.

საქართველო არის „ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვისა და მისი განადგურების შესახებ“ პარიზის კონვენციის წევრი. კონვენციით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, 2018 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები და განხორციელდა ეროვნული სამართლებრივი აქტების სრული ჰარმონიზება ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დებულებებთან.

რაც შეეხება ქიმიური ნივთიერებების მართვას, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივ აქტებთან ერთად, საქართველო აღნიშნულ საკითხს შესაბამისი მრავალმხრივი ხელშკრულებების ვალდებულებების, საერთაშორისო პროცესების და „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებით არეგულირებს. კერძოდ: საქართველო არის „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ როტერდამის კონვენციის, „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ ბაზელის კონვენციისა და „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ სტოკჰოლმის კონვენციის მხარე. ასევე საქართველომ ხელი მოაწერა მინამატას კონვენციას „ვერცხლისწყლის შესახებ“ და მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები კონვენციასთან მიერთებისთვის. საქართველო ასევე მონაწილეობს ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის – (SAICM) განხორციელებაში.

3.2. მიმდინარე გამოწვევები

ქიმიური უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და მრავალმხრივი რეგულირების სფეროს განეკუთვნება. გამოწვევებიდან, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სამართლებრივი ბაზის განვითარების აუცილებლობა. შესამუშავებელია ქიმიური უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმები.

ქიმიური ნივთიერებების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა საჭიროებს სრულყოფილ დარეგულირებას – საქართველოში არ არსებობს ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ სათანადო რეგულაციები.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ქვეყანას აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებს ქიმიური ნივთიერებების მართვის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების თანახმად უნდა მოხდეს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის რეგულაციებთან. მნიშვნელოვანია ისეთი რეგულაციის შემუშავება, რომელიც შეეხება „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციას, ეტიკეტირებას და შეფუთვას“ (CLP რეგულაცია). უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ევროკავშირის პოლიტიკას დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირის რეგულაცია „ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, სანქცირებისა და შეზღუდვის შესახებ“ (REACH), რომელიც სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვისთვის საჭირო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. აუცილებელია განხორციელდეს ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში კანონმდებლობის შემუშავება/მიღება CLP და REACH რეგულაციების შესაბამისად.

ამასთანავე, საქართველოში არ არის ქიმიური ნივთიერებების მართვისთვის საჭირო საინფორმაციო რესურსი. ეფექტიანი ინტეგრირებული სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისა და გაცემული თანხმობის/ნებართვების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას. აღნიშნული სისტემა ასევე წვლილს შეიტანს ქიმიური ნივთიერებების მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყებების ეფექტიანობის ამაღლებაში. ქიმიური ნივთიერებების მართვის სათანადო სისტემის შექმნის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებს მათი განსაკუთრებულად სახიფათო ზემოქმედებიდან გამომდინარე.

ქიმიური უსაფრთხოების სფეროს უზრუნველყოფაში ჩართულმა უწყებებმა უნდა განავითარონ გამოვლენის, პრევენციის და რეაგირების  შესაძლებლობები (მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და პერსონალის სპეციალური ტრენინგების ჩათვლით).

ქვეყანაში ქიმიური მრეწველობის არსებობა გარკვეულწილად ქმნის ქიმიური ინციდენტების წარმოქმნის საშიშროებას. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის  მოპოვება (განსაკუთრებით ღია წესით) ტექნოგენური ინციდენტების პოტენციური წყაროა. ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული მიტოვებული ობიექტები. მათზე არასათანადო კონტროლის გამო, შესაძლებელია ქიმიური საფრთხის შემცველი ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება ან/და მათი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. მსგავსი ადგილებიდან მოპოვებული ნივთიერებების გავრცელება შესაძლოა სერიოზული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ამასთანავე, საქართველოში არ არსებობს პოტენციური საფრთხის შემცველი ობიექტების სრული რეესტრი. არსებობს მხოლოდ ცალკეული ადგილების რუკები, რომელთა შედგენა მოხდა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული რუკები ფრაგმენტული და არასრულყოფილია. ამავდროულად, მოცემული რუკები თითქმის არ შეიცავს მონაცემებს ქიმიური დაბინძურების კერების შესახებ. ამასთან, ქიმიური საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვა ხშირად არ შეესაბამება უსაფრთხოების დადგენილ სტანდარტებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არ ხდება მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (მოდ) შემცველი პესტიციდების და სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების წარმოება. ამასთან, ეროვნული კანონმდებლობით იკრძალება როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციებით რეგულირებული მოდ-ების შემოტანა. ქვეყანაში არსებული მოდ-ების შემცველი პესტიციდების წყარო ძირითადად საბჭოთა პერიოდში აკუმულირებული ვადაგასული პესტიციდებია. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს შესაბამისი რემედაციის ღონისძიებების გატარებას მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკების კონტროლის მიზნით, რისთვისაც საჭიროა დამატებითი ფინანსური და ტექნიკური რესურსები.

საქართველოში არ არსებობს ოზონ დამშლელი ნივთიერებების (ოდნ) ნარჩენების განადგურების შესაძლებლობა. შესაბამისად, ოდნ-ების ნარჩენების მართვა და უსაფრთხოდ განადგურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აუცილებელია სახიფათო ნარჩენების უტილიზაციის შესაძლებლობის გაძლიერება, რაც ქიმიური ინციდენტის აღმოფხვრის ციკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ასევე, გარემოს დაბინძურების მნიშნვნელოვან წყაროს წარმოადგენს ისტორიული ნარჩენები, მათ შორის, დარიშხანშემცველი სამთომოპოვებითი ნარჩენები. მიუხედავად აღნიშნული ნარჩენების უსაფრთხო განთავსების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, პრობლემა კვლავაც აქტუალურია და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა მინიმალურ დონემდე იქნეს დაყვანილი არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული საკითხები ზრდის საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებების/აგენტების უკანონოდ მოპოვება/დაუფლების ალბათობას და კონტრაბანდის რისკებს.

საშიში ქიმიური აგენტით გამოწვეულ შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით, ძირითად გამოწვევად რჩება აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებაზე სრულყოფილი საექსპერტო კვლევის ჩატარების შეუძლებლობა. აღნიშნული გამოწვეულია საშიში ქიმიური ნივთიერებების კვლევის სპეციალიზებული ლაბორატორიის არარსებობით, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო კვლევისა და უსაფრთხოების სპეციალური საშუალებებით. ასევე, აუცილებლობას წარმოადგენს საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობისათვის ექსპერტ-ქიმიკოსების მომზადება/გადამზადება.

დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არის შემუშავებული ქიმიურ ინციდენტებზე რეაგირების უწყებათაშორისი გეგმა, რაც გარკვეულწილად ართულებს შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. აგრეთვე, კვლავაც დღის წესრიგში რჩება ქიმიური ნივთიერებების რეესტრის შექმნისა და მასზე პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრის საკითხი. დღემდე არ ფუნქციონირებს საერთაშორისო ქიმიური ნივთიერებების რეესტრის ელექტრონული ვერსია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია განხორციელდეს ქიმიური საწარმოების, მათ საცავებში არსებული ნივთიერებების აღწერა, შეიქმნას ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკები.

ზემოხსენებული გამოწვევების ხასიათი ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიური პროცესების, სწრაფად ცვალებადი ქიმიური საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, ქიმიური უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი მიდგომების შემუშავება და განხორციელება.

3.3. პრევენცია

არსებული მდგომარეობით, საქართველოში ქიმიური უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირება და პრევენცია სხვადასხვა სამინისტროსა თუ უწყების კომპეტენციაში შედის, ხოლო რაც შეეხება კანონმდებლობას, საქართველოს ქიმიური უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება საერთაშორისო კონვენციებს.

პრევენციის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვანია ქიმიური უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის სრული და ყოვლისმომცველი შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება:

 – ქიმიური უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება/სრულყოფა;

 – სათანადო სამართლებრივი აქტების დონეზე შესაბამისი სამინისტროების/უწყებების პასუხისმგებლობებისა და უფლება-მოვალეობების მკაფიო განსაზღვრა და გამიჯვნა;

   – ქიმიურ ინციდენტებზე ერთობლივი რეაგირების უწყებრივი გეგმის შემუშავება/დამტკიცება;

 – ქიმიურ ინციდენტებზე ერთობლივი რეაგირების ეფექტურობის ამაღლების მიზნით პასუხისმგებელი უწყებების/დანაყოფების კოორდინაციის დახვეწა;

 – ქიმიური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების დროული ინფორმირების მექანიზმის ჩამოყალიბება;

 – მაღალი რისკის მქონე ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი/მომხმარებელი ორგანიზაციების, საწარმოო პროცესში გამოყენებული, მათ საცავებში არსებული ნივთიერებებისა და მასალების ერთიანი საინფორმაციო ბაზის (რეესტრის), ელექტრონული რუკების შექმნა;

 – ქვეყანაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების განვითარება, საერთაშირისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;

 – მაღალი რისკის მქონე ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი/მომხმარებელი ორგანიზაციების მონიტორინგისა და კონტროლის სისტემების ჩამოყალიბება/გაძლიერება;

 – ქიმიური საფრთხის შემცველი მასალების/ნივთიერებების შენახვისა და უტილიზაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და აღნიშნულისთვის საჭირო მოქმედებების განსაზღვრა (მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერით).

3.4. გამოვლენა

ქიმიური ნივთიერებებიდან მომდინარე საფრთხეების დროული აღმოჩენისა და ქიმიური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელ/მომხმარებელ ორგანიზაციებში, მათ საცავებში არსებულ ან საწარმოო პროცესში გამოყენებულ საწარმოებში/ორგანიზაციებში განხორციელდეს (საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) დეტექტირების (დაკვირვების) საშუალებებით უზრუნველყოფა.

ინციდენტების მართვის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების გამოვლენა. 

ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეების სწრაფი გამოვლენის და შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებების გასატარებლად აუცილებელია მოხდეს ყველა მორეაგირე უწყების სათანადოდ აღჭურვა და შესაძლებლობების გაძლიერება.

3.5. რეაგირება

ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყურადღება უნდა გამახვილდეს არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, მათი წარმოშობის ფაქტორების გათვალისწინებით. საქართველოში ბუნებრივი, კრიმინალური თუ შემთხვევითი ხასიათის მქონე ქიმიური ინციდენტების პრევენციის, რეაგირების, აღმოფხვრისა და აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების ან/და ნარჩენების შენახვა-უტილიზაციისთვის შესაბამის უწყებებში უნდა გაძლიერდეს მსგავს ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობები.   

ქიმიური ინციდენტები შესაძლოა მოხდეს როგორც დასახლებულ პუნქტში, საწარმოში, ასევე სპეციალური რეჟიმის მქონე ადგილებში, მაგალითად, გადამუშავების, გაუვნებელყოფის, განთავსების და სადემილიტარიზაციო ბაზების ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აღმოჩენილი ნივთიერებების იდენტიფიცირებას, შესაბამისი წესით ტრანსპორტირებისთვის მომზადებას, უსაფრთხო ტრანსპორტირებას, გაუვნებელყოფას,  დროებით დასაწყობებას ან/და განთავსებას.

კონტროლის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებული მექანიზმების დახვეწა მტკიცებულებების რეგისტრაციის და მიმოქცევის ყველა ეტაპზე.

ქიმიურ საფრთხეებზე რეაგირების მხრივ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სპეციალიზებული ლაბორატორიის არ არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება დაცვისა და უსაფრთხოების სათანადო პირობების გათვალისწინებით მაღალი სიზუსტის ქიმიური ექსპერტიზების ჩატარება საშიშ ქიმიურ აგენტებზე, ასევე საჭიროა ექსპერტ-ქიმიკოსთა ჯგუფის მომზადება/გადამზადება, რომლებიც ჩაატარებენ აღნიშნულ საექსპერტო კვლევებს უსაფრთხოების დადგენილი წესებისა და მეთოდოლოგიის სრული დაცვით.

ამასთანავე, ფართომასშტაბიანი ქიმიური ინციდენტის წარმოქმნის შემთხვევაში, საქართველოში არ არის მასზე რეაგირების საკმარისი რესურსი, საექსპერტო ცოდნა და შესაბამისი მექანიზმები. არსებული მდგომარეობა საჭიროებს მსგავს ინციდენტებზე რეაგირების დანაყოფების  გაძლიერებასა და განვითარებას. ფართომასშტაბიანი ქიმიური ინციდენტი სცდება ერთი უწყების კომპეტენციას და მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას და მნიშვნელოვან რესურსს, უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და შედეგების აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების გათვალისწინებით. ამ კუთხით, პირველადი მორეაგირეებისთვის მნიშვნელოვანია ქიმიურ საფრთხეებთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარება.

კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქიმიურ საფრთხეებზე რეაგირებისას საშიში ქიმიური აგენტების საიდენტიფიკაციო თანამედროვე აღჭურვილობისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგების  ნაკლებობა, ასევე, შესაბამისი ქიმიური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებით რეგიონალური დანაყოფების დაკომპლექტება.

3.6. სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები

როტერდამის კონვენციით გათვალისწინებული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების პროდუქციის ტრანსსასაზღვრო (იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი) გადაზიდვები რეგულირდება კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. როტერდამის კონვენციიდან გამომდინარე, შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილება „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“. აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს სტოკჰოლმის კონვენციის და „სახიფათო ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის შესახებ” ევროკავშირის რეგულაციის (EC) N 689/2008 მოთხოვნების შესრულებას.

ბოლო წლების განმავლობაში სტოკჰოლმის კონვენციას დაემატა ახალი მდგრადი ორგანული დამბინძურებლები (მოდ), რის გამოც საჭირო გახდა ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავება/განახლება. შესაბამისად, შემუშავდა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 23 მაისის №247 დადგენილებით დამტკიცდა მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა.

საქართველოში ნარჩენების (მათ შორის, სახიფათო ნარჩენების მართვა) რეგულირდება საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც ეფუძნება საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების მოთხოვნებს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

საქართველოში ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა რეგულირდება საქართველოს კანონის „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ და „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული კანონის შესაბამისად, აკრძალულია სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი, სახიფათო ნარჩენების ექსპორტი კი ხორციელდება ბაზელის კონვენციის პროცედურების შესაბამისად.

4. ბიოლოგიური უსაფრთხოების სფერო

4.1. არსებული მდგომარეობა

საქართველო და ზოგადად, კავკასიის რეგიონი წარმოადგენს ენდემურ არეალს გარკვეული ტიპის განსაკუთრებით საშიში პათოგენებისთვის. შესაბამისად, ქვეყანაში და რეგიონში მნიშვნელოვანია ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება ბიოუსაფრთხოებაზე. ეპიდემიის, ისევე როგორც პანდემიის პოტენციალის მქონე ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე რეალურია და ხასიათდება მზარდი ტენდენციით. გარდა ამისა, ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებები, სულ მცირე ისეთივე ზიანის მომტანია, როგორც ბუნებრივი გზით წარმოშობილი ინფექციები.

საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად საქართველო იცავს ანგარიშგების შესახებ არსებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს, კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებს (IHR), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OiE) რეკომენდაციებს, ბიოლოგიური იარაღის კონვენციის ნდობის განმტკიცების ზომებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს №1540 რეზოლუციის მოთხოვნებს.

ბიოლოგიური უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს გააჩნია ძლიერი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობები, მათ შორის, მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. ამასთან, აღსანიშნავია საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის ინტეგრირებული ლაბორატორიების ქსელი, რომლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ ბიოლოგიური საფრთხეების დროული აღმოჩენა და მათზე რეაგირება წარმოადგენს ერთიანი ჯანმრთელობის კონტექსტში.

4.2. მიმდინარე გამოწვევები

ცხოველების, ადამიანების და მათ გარშემო არსებულ ეკოსისტემას შორის ურთიერთქმედების შედეგად, წარმოიშობა ბიოლოგიური საფრთხის შემცველი ინფექციური დაავადებები, რომელთა გავრცელება არის რამდენიმე ტენდენციის შედეგი, მათ შორის: მოსახლეობის და შინაური ცხოველების რაოდენობის ზრდა, ურბანიზაციის მაღალი დონე, სოფლის მეურნეობის სწრაფად ცვალებადი სისტემები, შინაურ ცხოველებსა და გარემოს მჭიდრო ურთიერთქმედება, ცხოველებით და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობის გლობალიზაცია.

პანდემიად გადაქცევის პოტენციალის მქონე ინფექციური დაავადებები შემაშფოთებელი სიხშირით ჩნდება და უმრავლესობა ზოონოზური წარმოშობისაა (ანუ ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის). აღნიშნულს მოწმობს 2019 წლის მიწურულს ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გამოჩენა და მსოფლიოში დაწყებული პროცესები კოვიდ-19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნათელია, რომ ზოონოზურ დაავადებებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან სახელმწიფოს კეთილდღეობას ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე, იმის მიხედვით, თუ რა მასშტაბისაა ეპიდემია.

ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ბიოლოგიური საფრთხის დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია. კოვიდ 19-ის გლობალურმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა აღნიშნულის მნიშვნელობა და მასშტაბური ბიოლოგიური საფრთხის სათანადოდ შეუფასებლობის შემთხვევაში, მისი მძიმე შედეგები.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია რიგი ინიციატივების განხორციელება:

  • ბიოლოგიური საფრთხეების (მათ შორის, ახალი მიკროორაგნიზმების – ბაქტერიები, ვირუსების და სხვ.) ეტიოლოგიის, მათი გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით სამართლებრივი ბაზის განვითარება;
  • ბიოლოგიური ინციდენტების აღრიცხვის ერთიანი ბაზის შექმნა, ერთიან ელექტრონულ რუკებზე ეპიდემიურად საშიში ინფექციების გავრცელების კერების და ვექტორების (გამომწვევების/გადამტანების), ასევე საფრთხისშემცველი ზონების დატანა;
  • განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ეროვნული გეგმის განახლება;
  • ბიოლოგიურ ინციდენტებზე მორეაგირე პერსონალის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პერიოდული თეორიული და პრაქტიკული გადამზადება. ასევე ერთობლივი პრაქტიკული ვარჯიშების ჩატარება უწყებათშორისი კოორდინაციის ამაღლების მიზნით.

ამასთანავე, საჭიროა შემთხვევის ადგილზე ბიოლოგიური საფრთხის აღმოჩენის და პირველადი იდენტიფიცირებისათვის საექსპერტო-კრიმინალისტიკური ჯგუფების მომზადება/გადამზადება, მათი აღჭურვა ბიოლოგიური საფრთხეების პირველადი იდენტიფიცირების სწრაფი ტესტებით. ბიოლოგიური საფრთხეების შემცველი (ან პოტენციურად დაბინძურებული) ობიექტებიდან ტრადიციული მტკიცებულებების ამოღების ლაბორატორიამდელი მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.

4.3. პრევენცია

ბიოლოგიური მასალები, განსაკუთრებით, მაღალპათოგენური ბიოლოგიური აგენტები და მათთან მოპყრობა განსაკუთრებულ ყურადღებას და ზომებს საჭიროებს მათი ეტიოლოგიის, პათოგენურობის, კონტაგიოზურობის (გადამდებლობის/გავრცელების) და რისკის დონის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური მასალა ბოროტი მიზნით გამოყენებისთვის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა მისი მარტივად მომზადების და/ან მოპოვების გამო, მისი მცირე ოდენობით გამოყენების შემთხვევაშიც კი დიდი მასშტაბის ჯანმრთელობის  და ეკონომიკური ზიანის მიყენების, მაღალი საფრთხის შემცველობისა და სწრაფი გავრცელების გამო. ამასთან, მცირე ინციდენტისას რთულია წარმომავლობის (ბუნებრივია თუ ადამიანის მიერ შექმნილი) იდენტიფიცირება. ასევე რთულია ბოროტი ზრახვის ჩამდენი პირის/პირების დროული გამოვლენა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბიოლოგიური საფრთხეების პრევენციული ზომების გატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

პრევენციის მთავარ ქვაკუთხედს რისკების განსაზღვრა და შეფასება წარმოადგენს, რის საფუძველზეც იგეგმება პრევენციული ღონისძიებები და მუშავდება შესაბამისი ზომები.

პრევენციის კუთხით მიზნებია/პრიორიტეტებია:

  • ბიოლოგიურ სფეროში არსებული ვითარების შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება;
  • ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების/გადამტანების ენდემური კერების მონიტორინგი და კონტროლი;
  • ბიოლოგიური  საფრთხის  შემცველი ობიექტების უსაფრთხოების/ფიზიკური დაცვის გაუმჯობესება;
  • მაღალი რისკის მქონე ბიოლოგიური მასალების ნუსხის პერიოდული განახლება;
  • ბიოლოგიური პროფილის ობიექტებზე და მასალებთან მომუშავე პერსონალის რეგულარული კონტროლი, რაც გულისხმობს როგორც პერსონალური ქცევის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ ზედამხედველობას;
  • ბიოლოგიური პროფილის ობიექტებზე და მასალებთან მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების ჩვევების განვითარება;
  • ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ ბიოლოგიური მასალების ტრანსპორტირების უსაფრთხოება, გადაზიდვების ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების გათვალისწინებით;
  • საქართველოს ტერიტორიაზე და მისი გავლით ბიოლოგიური მასალების გავრცელების (პროლიფერაცია) პრევენცია.

4.4. გამოვლენა

მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება მცენარეთა დაავადებების გამომწვევი პათოგენების კვლევის სფეროში არსებულ ნაკლოვანებებზე. ქვეყანაში გასაუმჯობესებელია სათანადო კონტროლი კარანტინზე, განსაკუთრებულ საშიშ პათოგენებსა და სხვა ბიოლოგიურ აგენტებზე, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს, როგორც ბიოლოგიური იარაღი.

მიზანშეწონილია შესაბამისი უწყებების მიერ ქვეყანაში ინფექციური დაავადებების დროულად გამოვლენა, დიაგნოსტიკა და ანგარიშგება შემდგომი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით.

4.5. რეაგირება

რეაგირების კუთხით, აუცილებელია სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ უზრუნველყონ დანაშაულებრივი მიზნების მქონე პირების გამოვლენა და, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დევნის განხორციელება. მნიშვნელოვანია ბიოლოგიური მეცნიერების ბოროტად გამოყენების პოტენციალის მინიმუმამდე დაყვანა, რაც გულისხმობს აღნიშნულ სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და რეგულირების/კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას.

ბიოლოგიური საფრთხის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაციის  გაძლიერება იმ სახელმწიფო უწყებებსა და სამსახურებს შორის, რომელთა პასუხისმგებლობაშიც შედის ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე აუცილებელია მსგავსი ფორმალური არხების დახვეწა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან, აკადემიურ წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორსა და მედიასთან.

განვითარებას საჭიროებს სამართლებრივი ბაზა, რომელიც განსაზღვრავს მექანიზმებს და გამიჯნავს პასუხიმგებელი უწყებების უფლება-მოვალეობებს ბიოლოგიური საფრთხის შემცველ აგენტებთან დაკავშირებით.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიან ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირებისათვის საკმარისი რესურსის, საექსპერტო ცოდნისა და შესაბამისი აღჭურვილობის არსებობა. საჭიროა ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების დანაყოფების  გაძლიერება და მათი შესაძლებლობების განვითარება, რადგან ხშირ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი ბიოლოგიური ინციდენტი (ეპიდაფეთქება ან/და ეპიდემია) სცდება ერთი უწყების კომპეტენციას და მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას.

რეაგირების კუთხით მიზნებია/პრიორიტეტებია:

  • უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება ბიოლოგიური ინციდენტების (მათ შორის, ინფექციური დაავადებების) დროულად გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და შემდგომი რეაგირების კუთხით;
  • სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობების გაუმჯობესება ბიოლოგიური საფრთხეების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის კუთხით;
  • შესაბამისი პროტოკოლებისა და სტანდარტული ოპერაციული  პროცედურების შემუშავება და ხელმისაწვდომობა ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების მიზნით;
  • ბიოლოგიური საფრთხის შემცირებისთვის კომუნიკაციის არსებობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ჩართულ მხარეებს შორის;
  • ბიოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის განვითარება;
  • ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირებისათვის შესაძლებლობების გაძლიერება.

4.6. სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები

საქართველო ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით აღებულ ვალდებულებებს (კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები; ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შემუშავების, წარმოების, მისი მარაგის შექმნისა და განადგურების შესახებ კონვენცია; გაეროს №1540 რეზოლუცია; აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ბიოლოგიური საფრთხის შემცირების ხელშეკრულება).

აღნიშნულის მიუხედავად, საჭიროა სათანადო სამართლებრივი აქტების დონეზე შესაბამისი სამინისტროების პასუხისმგებლობებისა და უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნა. დასახვეწია ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის ნორმები და პროცედურები, რათა აღიკვეთოს მაღალპათოგენური ინფექციური აგენტების ან ბიოლოგიური საფრთხეების ზემოქმედება ადამიანებზე და გარემოზე მათი გაყიდვის, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან რაიმე სხვა გზით გარემოში მოხვედრის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმები და პროცედურები უნდა მოიცავდეს აღმკვეთი სისტემებისა და მეთოდების კომბინაციას,  ბიოლოგიურ ლაბორატორიებში მოთავსებული საფრთხის შემცველი პათოგენებისა და ტოქსინების ბოროტი განზრახვით გამოყენების წინააღმდეგ. ნორმები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სახელწიფო უწყებების (საბაჟო, სამართალდამცავი, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის) ფუნქციებსა და მოვალეობებს ბიოლოგიური აგენტების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში (როგორც ბუნებრივ, ისე ადამიანის მიერ კონტროლირებად გარემოში). ამასთან, ბიომეცნიერების არამიზნობრივი გამოყენების პოტენციალის შემცირების მიზნით, საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის, ცნობიერებისა და სიფრთხილის გასამყარებლად, რომლებიც იღებენ სარგებელს ბიომეცნიერებისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების გამოყენებით.

5. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფერო

5.1. არსებული მდგომარეობა

საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს №1540 რეზოლუციასა და  ეროვნულ კანონმდებლობას.

ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის (2015-2019 წლები) პერიოდში, შეიქმნა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. სააგენტო ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების – მაიონებელი გამოსხივების წყაროების კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენების რეგულირებასა და კონტროლს, რაც, მათ შორის, მოიცავს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზებასა და ინსპექტირებას. ამავდროულად, აღნიშნული კონტროლის მნიშვნელოვანი კომპონენტია პერსონალის კვალიფიკაცია და მომხმარებელთა/პაციენტთა რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა მრეწველობაში, მედიცინაში, განათლებასა თუ სხვა სფეროებში.

სააგენტო, ასევე, ოპერირებს რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და სამარხს, რის საფუძველზეც რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ამ ობიექტებზე გაუმჯობესდა უსაფრთხოებისა და დაცულობის სისტემა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია. რომ დღეისათვის ფუნქციონირებს რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის რადიაციული მონიტორინგის სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის განსაზღვრა და მონაცემების პირდაპირ რეჟიმში მიღება.

ასევე აღსანიშნავია სფეროს რეგულირების კუთხით განხორციელებული სხვა აქტივობები და მიღწეული პროგრესი – კერძოდ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების რეჟიმის გაძლიერების მიზნით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტებისა და სახელმძღვანელო წესების გათვალისწინებით, შემუშავდა და მიღებული იქნა ათეულობით ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

ქვეყნის რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017-2031 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება, სადაც მოცემულია სახელმწიფოს ერთიანი ხედვა აღნიშნული მიმართულებით. საგულისხმოა, რომ სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად განსაზღვრულია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების (იგულისხმება: საცავი, სამარხი, გადამამუშავებელი საწარმო) ერთ ლოკაციაზე კონსოლიდირება, უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცულობის მოთხოვნების შესაბამისად.

გაუმჯობესდა საქართველოს სტატუსი საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარების თვალსაზრისით. საქართველო შეუერთდა ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ კონვენციას, რაც ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ან/და კონვენციის წევრ სხვა სახელმწიფოებთან უზრუნველყოფს კომუნიკაციის გამარტივებულ და დაჩქარებულ ფორმატს ქვეყანაში წარმოშობილი საჭიროების ადეკვატურად.

ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის პირველი სამოქმედო გეგმის (2015-2019 წლები) პერიოდში, განხორციელდა ქვეყანაში არსებული ბირთვული და რადიაციული რისკის შემცველი ობიექტებისა და საქმიანობების ანალიზი. შეიქმნა და პერიოდულად მიმდინარეობს მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და ავტორიზებული ორგანიზაციების უწყებრივი რეესტრის განახლება.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქმიანობებისა და ობიექტების შესწავლისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი საძიებო ოპერაცია, რის შედეგად აღმოჩენილი უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიური წყაროები მოექცა მარეგულირებელი ორგანოს კონტროლის ქვეშ და უსაფრთხოდ იქნა განთავსებული რადიოაქტიური ნარჩენების საცავში.

ამავდროულად, საქართველო განაგრძობს წარმატებულ ბრძოლას ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების არალეგალური მიმოქცევის წინააღმდეგ და შესაბამის რეაგირებას ახდენს აღნიშნულ ფაქტებზე.  

5.2. მიმდინარე გამოწვევები

არსებული მდგომარეობით, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხობის სფეროში სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა. გამოწვევა განსაკუთრებით რელევანტურია იმ მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი კომუნიკაციის მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, სადაც ფუნქციონირებს ატომური ელექტროსადგურ(ებ)ი ან/და კვლევითი რეაქტორები. კომუნიკაციის მეთოდის შემუშავებისას, პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები ზემოხსენებული სადგურების გამართულობასთან დაკავშირებით.

ამ მხრივ, დამატებით გამოწვევას წარმოადგენს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ დაფიქსირებული ფაქტები რეგიონის სახელმწიფოებში ბირთვული გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს ბირთვული მრეწველობა, ეროვნული კანონმდებლობით დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული და რადიაციული საქმიანობა და შესაბამისად, ბირთვული მასალების ან რადიოაქტიური წყაროების ტრანზიტი, იმპორტი და ექსპორტი. რეგიონის ქვეყნების ნაწილს (რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, სომხეთი, ირანი) გააჩნია კარგად განვითარებული ბირთვული მრეწველობა. აქედან გამომდინარე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნებისმიერი სახის ბირთვულ ინციდენტს ნეგატიური შედეგი ექნება მოსაზღვრე და რეგიონის სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, გასათვალისწინებელია შესაძლო ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების ნეგატიური შედეგები მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის, საქართველოზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება ბირთვულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების კუთხით – პრევენციული ღონისძიებების განხორციელება (მზადყოფნა), გამოვლენა და შესაბამისი კოორდინირებული და ოპერატიული რეაგირება, რაც დამოკიდებულია შემდეგ საკითხებზე:

  • ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტებისა თუ მოთხოვნების შესაბამისი კანონმდებლობა, მათ შორის, ბირთვულ და რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების პროცედურები და გეგმები;
  • ეფექტიანი მარეგულირებელი სისტემა (ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია, ინსპექტირება, ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური წყაროების რეესტრის წარმოება, რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობა);
  • საფრთხეებისა და რისკების შეფასება;
  • სათანადო და ეფექტიანი კომუნიკაცია პასუხისმგებელ უწყებებს შორის;
  • შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა;
  • ექსპერტული ცოდნა, რაც მოიცავს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე სწავლებებისა და წვრთნების ჩატარებას;
  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

როგორც აღინიშნა, გარე საფრთხეებისა და შიდა გამოწვევების გათვალისწინებით, ბირთვულ  და რადიოლოგიურ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, პასუხისმგებელ შიდა უწყებებს შორის საჭიროა, ჩამოყალიბდეს ქმედითი და ეფექტიანი კოორდინაცია, რის საფუძველსაც ქმნის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა.  საჭიროა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება დარგთაშორისი და უწყებათშორისი მოქმედებების კოორდინაციის გასაუმჯობესებლად. მათ შორის, შესამუშავებელია ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სამედიცინო რეაგირების გეგმები. ამავდროულად, ცოდნის მუდმივი განახლების მიზნით აუცილებელია, სწავლებებში შესაბამისი უწყებების ყველა დონის წარმომადგენლების ჩართვა, თემატიკის გაფართოება, რაოდენობის გაზრდა და რეგულარული ჩატარების უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგს, გამოწვევად რჩება სრულყოფილი მონიტორინგის არარსებობა, რაც განპირობებულია ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებთან დაკავშირებული სირთულეებით. ასევე, მნიშვნელოვანია ადრეული შეტყობინების სისტემის, ავტომატური მონიტორინგის ქსელის გაფართოება.

საჭიროა გაგრძელდეს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017-2031 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად ოპერირება, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ამ ობიექტების ერთ ლოკაციაზე განთავსებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება და ფიზიკური დაცულობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის ეფექტიანი კონტროლი ბირთვული მასალების ან/და რადიოაქტიური წყაროების არალეგალური მიმოქცევის აღსაკვეთად (კვალიფიციური ადამიანური და ტექნიკური რესურსი) და შესაბამისი რეაგირების განსახორციელებლად. საკითხი მწვავეა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე – საკმაოდ მაღალია რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ტრანზიტის რისკი. შესაბამისად, სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვის, ასევე, სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანი სისტემები, მათი პერიოდულად გაუმჯობესება და საჭიროებისამებრ დახვეწა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების შესაბამისად ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა.   

არალეგალურ მიმოქცევასთან ბრძოლის მიმართულებით რესურსების მობილიზების პრიორიტეტულობა გამოწვეულია ოკუპირებული ტერიტორიების არსებობით, სადაც არსებული უკონტროლო სიტუაცია, ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენასთან ერთად, ნოყიერ ნიადაგს უქმნის უკანონო მიმოქცევასა და სხვადასხვა სახის ტრანსსასაზღვრო დანაშაულებს, მათ შორის, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების და მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირებას სახმელეთო და საზღვაო გზებით.

მიმდინარე გამოწვევაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში (იგულისხმება, როგორც სამედიცინო, ისე მრეწველობაში, განათლებაში და ნებისმიერი სხვა მიმართულებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობა) დასაქმებული ადამიანების (რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რადიოლოგი და სხვა) კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი.

5.3. პრევენცია

არსებული საფრთხეების პრევენციის კუთხით, მნიშვნელოვანია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მუდმივი განახლება საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის იმპლემენტაციის მიზნით. კანონმდებლობისა და შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილია საფრთხეების შეფასება, რაც საფუძვლად უნდა დაედოს მზადყოფნისა და რეაგირების გეგმებს ისევე, როგორც ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის სისტემას. საჭიროა, ამ უკანასკნელი მიმართულების გაუმჯობესება და შესაბამისი ძალისხმევის მიმართვა.

კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ფიზიკური დაცვის სისტემების გაუმჯოსება, როგორც მაიონებელი გამოსხივების წყაროების მფლობელი ორგანიზაციების, ისე უწყებების მხრიდან, რაც პრევენციის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან პერიოდულად ხორციელდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები მაიონებელი გამოსხივების წყაროების მფლობელი ორგანიზაციების პერსონალისა და ჩართული უწყებების წარმომადგენელთათვის. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნის მუდმივი განახლება, რაც საჭიროებს სწავლებებისა და გადამზადების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბებას მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ლიცენზიის მფლობელთა პერსონალის გადამზადება ბირთვული მასალის ან/და რადიოაქტიური წყაროს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინფორმირებას პრევენციული მნიშვნელობა გააჩნია და იგი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია. ბოლო წლების განმავლობაში მარეგულირებელმა ორგანომ შეიმუშავა შესაბამისი გამოცემები და საინფორმაციო დოკუმენტები მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, რაც საჭიროებს შემდგომ გაგრძელებას, პერიოდულ განახლებასა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას და ამ მხრივ განსახორციელებელ ღონისძიებებს, მითითებული გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელია, მეზობელ სახელმწიფოებთან შესაბამისი ორმხრივი ან/და მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბება ბირთვული მასალის ან/და რადიოაქტიური წყაროების უკანონო მიმოქცევისა თუ ბირთვული ავარიის პრევენციის მიზნებისთვის.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება საჭიროა ასევე გარემოს რადიაციული მონიტორინგის მიმართულებითაც – იგულისხმება, პირველ რიგში, გარემოს რადიაციული მონიტორინგის სფეროში არსებულ რამდენიმე საერთაშორისო ქსელში საქართველოს ტექნიკური ჩართულობის უზრუნველყოფა. 

არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს უპატრონო (უკონტროლო) წყაროების მოძიების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ამგვარი ოპერაციები საგრძნობლად ამცირებს და უმეტეს შემთხვევაში, გამორიცხავს უსაფრთხოებისა და დაცულობის მიმართულებით არსებულ რისკებს. შესაბამისად, საჭიროა მოძიების ღონისძიებების შემდგომში გაგრძელება, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ზომების შესაბამისად მათი დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, მეთოდიკის შემუშავება ჩართული უწყებებისათვის.

მიუხედავად რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და სამარხზე ამჟამად უზრუნველყოფილი უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცულობისა, აუცილებელია, არსებული ინფრასტრუქტურის არსებითი გაუმჯობესება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.  

5.4. გამოვლენა

მნიშვნელოვანია სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის ეფექტიანი კონტროლი ბირთვული მასალების ან/და რადიოაქტიური წყაროების არალეგალური მიმოქცევის აღსაკვეთად, ვინაიდან მაღალია, მათ შორის, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ტრანზიტის რისკი. შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვის, ასევე, სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანი სისტემის შემდგომი დახვეწა, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადებას და ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი ბირთვული და რადიაციული საფრთხეების გამოვლენის მნიშვნელოვანი ნაწილია, აუცილებელია, არსებული შესაძლებლობების გაძლიერება როგორც ტექნიკური, ისე ექსპერტული ცოდნის თვალსაზრისით. ამგვარი ტექნიკური გაუმჯობესება წარმოადგენს საერთაშორისო მონიტორინგის ქსელში მონაწილეობის წინაპირობას.

საგანგებო სიტუაციებისა თუ საფრთხეების ერთ-ერთ ცენტრალურ წყაროს ლიცენზიის მფლობელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს. ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაცულობასა და უსაფრთხოებაზე პირველადი პასუხისმგებლობა სწორედ შესაბამისი ლიცენზიის თუ ბირთვული მასალის მფლობელს ეკისრება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს ქმედითი მექანიზმის ფუნქციონირებას, რომელშიც მფლობელი ეფექტიანად ავლენს საფრთხეებსა თუ საგანგებო სიტუაციას. ამგვარი მექანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მუდმივი განახლება და, მეორე მხრივ, მფლობელთა პერსონალის გადამზადება.   

5.5. რეაგირება

ამჟამად არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რეაგირების ეფექტიანი ღონისძიებების განსახორციელებლად, საჭიროა, შესაბამისი კოორდინაცია ჩართულ უწყებებს შორის, რომლებიც აღჭურვილია ადეკვატური ტექნიკური საშუალებებით.

გარდა ამისა, რეაგირების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ბირთვული კრიმინალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება სახელმწიფოში, მათ შორის, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.

5.6. სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები

ამჟამად, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში  სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  სახელმწიფო რეგულირების ღონისძიებებს კი  სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. 

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობა მოიცავს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ისე ეროვნულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. საქართველო მხარეა შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებების:

  • ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება;
  • ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის შესახებ კონვენცია;
  • ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი;
  • საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე;
  • დამატებითი ოქმი საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე;
  • ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ კონვენცია;
  • ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ კონვენცია.

მითითებული საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის მიზნებისთვის, ძირითადი პრინციპები და დებულებები მოცემულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა კი რეგულირდება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით. მითითებული კანონები ქმნის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველს, სადაც დეტალურადაა დარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი რეჟიმის იმპლემენტაციის ტექნიკური დეტალები.

გარდა შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა შეესაბამება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრინციპებს, სტანდარტებს, მოთხოვნებსა და სახელმძღვანელო წესებს. კონკრეტულად, კანონმდებლობით დადგენილია: ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმა; ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესი; ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უსაფრთხოების (დაცულობის) წესი; ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი; რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესი; რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017-2031 წლების ეროვნული სტრატეგია; რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესი; ძირითადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და სამარხის უსაფრთხოების შეფასებისადმი;  მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობის ძირითადი მოთხოვნები და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები; მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესი; სამედიცინო დასხივების სფეროში, ასევე, მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები; და სხვა.

6. საერთაშორისო თანამშრომლობა

აუცილებელია პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაგრძელება და მათი შემდგომი განვითარება, ქბრბ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფართოება (მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN), ინტერპოლი და ა.შ.).

ქბრბ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:

  • აპრობირებული საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო გამოცდილების (პრევენციის, გამოვლენის, მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში) დანერგვა და განხორციელება;
  • მეზობელ და სხვა სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ქბრბ საფრთხეების პრევენციის, გამოვლენის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით;
  • ქბრბ თემატიკასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო და რეგიონალური პროექტების ინიცირება/მონაწილეობა;
  • ერთობლივი სწავლებებისა და ტრენინგების ორგანიზება;
  • ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.

7. სტრატეგიით გათვალისწინებულ ძალისხმევაზე პასუხისმგებელი უწყებები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსდ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო

სსიპ – შემოსავლების სამსახური

8. დასკვნითი დებულებები

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთ მთავარ სამოქმედო მიმართულებად იქცა. საქართველო, მისი ევროატლანტიკური კურსიდან გამომდინარე, გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ქბრბ უსაფრთხოების სფეროში ჩართულ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რეგიონულ პროექტებში მონაწილეობასა და თანამშრომლობას. ამისათვის, შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ მსოფლიოში აპრობირებული საუკეთესო მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარებას. გარდა ამისა, საქართველო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების კუთხით, შესაძლო კონტრაბანდის, ტრანსსასაზღვრო დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების და მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირების აღსაკვეთად.

ამრიგად, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის მიზანია საქართველოს წინაშე მდგარი ქბრბ საფრთხეების შემცირება, მათი პრევენცია, გამოვლენა, მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა და შესაბამისი რეაგირება.

დოკუმენტში განსაზღვრულია ქბრბ უსაფრთხოების თითოეული მიმართულებით დასახული მიზნები და პრიორიტეტები. აღნიშნული სტრატეგიის საფუძველზე იქმნება შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ინდიკატორები და განხორციელების ვადები.  

ქბრბ კუთხით არსებული მდგომარეობის მუდმივი შესწავლისა და შეფასების, ახალი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების საფუძველზე, განხორციელდება ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პერიოდული განახლება.