ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/5/1565,1568,1569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 05/04/2021
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016593
3/5/1565,1568,1569
05/04/2021
ვებგვერდი, 14/04/2021
000000000.00.000.016593
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო

ჩანაწერი №3/5/1565,1568,1569

2021 წლის 5 აპრილი

ქ. ბათუმი

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №153-IVმს-Xმპ დადგენილების, „თამარ კორძაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №119-IVმს-Xმპ დადგენილებისა და „ელენე ხოშტარიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №150-IVმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1565) მომართა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1568) მომართა თამარ კორძაიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1569) მომართა ელენე ხოშტარიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2021 წლის 17 თებერვალს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წინადადებით №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციური სარჩელების პლენუმის მიერ განხილვის შესახებ.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2021 წლის 26 თებერვლის №3/1-1/1565,1568,1569 საოქმო ჩანაწერით №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციური სარჩელები მიიღო პლენუმზე განსახილველად და კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ. კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 5 აპრილს.

3. №1565 და №1568 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი,  21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 23-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. №1569 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.

4. კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი დადგენილებებით, საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც ისინი ითხოვდნენ პირადი განცხადებით. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებას, გადაწყვიტოს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი ვადამდე შეწყვეტის საკითხი. ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრავს მის პირად განცხადებას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულება საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს, პარლამენტის წევრის მიერ შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღოს ფორმალური პროცედურით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის შეფასების გარეშე.

5. მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს პარლამენტის, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება წარმოუდგენელია პარლამენტის წევრის, როგორც ხალხის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების უშუალოდ განმახორციელებელი პირის დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციური გარანტიების არსებობის გარეშე. სწორედ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის, ფუნქციური მნიშვნელობისა და უმაღლესი ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის წევრთა უფლებების დაცვის კონკრეტულ საშუალებებს.

6. კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად განსაზღვრავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს და კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტში არსებული ჩამონათვალი არ ექვემდებარება გაფართოებას ქვემდგომი საკანონმდებლო აქტებით. ნებისმიერი სხვა საფუძვლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, თავისთავად, შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას. შესაბამისად, სხვა სახელმწიფო თანამდებობებისაგან განსხვავებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კონსტიტუციურობის შემოწმებისას სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა შეზღუდვის პროპორციულობის ან/და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმებით, არამედ იმის შეფასებით, თუ რამდენად სწორად გამოიყენა საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ესა თუ ის დებულება, რომელიც სადავო დადგენილების მიღებას დაედო საფუძვლად.

7. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციაში ჩამოთვლილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები შესაძლოა, დაიყოს ორ კატეგორიად - როდესაც პარლამენტის წევრის მიერ ადგილი აქვს კონსტიტუციის ან/და კანონმდებლობის დარღვევას და როდესაც პარლამენტის წევრს, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ შეუძლია, განახორციელოს დაკავებული თანამდებობისთვის საჭირო ფუნქციები. თუმცა ორივე შემთხვევას აერთიანებს ის, რომ, თუ სახეზე არის რომელიმე საფუძველი, აუცილებელია, გამოყენებულ იქნეს მანდატის შეწყვეტის მექანიზმი, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, არ შეილახოს პარლამენტის, როგორც სახალხო სუვერენიტეტის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოსადმი საზოგადოებრივი ნდობა.

8. №1565 და №1569 კონსტიტუციური სარჩელების მოსარჩელეები დამატებით განმარტავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმების საფუძველზე, პარლამენტის წევრს აქვს ვალდებულება,  თავი შეიკავოს ზოგიერთი ქმედების განხორციელებისგან - მაგალითად, მას ეკრძალება, განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, მას ეკისრება მთელი რიგი ვალდებულებები, მაგალითად, როგორიცაა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შესაძლოა, პარლამენტის წევრს დაეკისროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობა. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ, თუკი პარლამენტს ექნება უფლებამოსილება, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე არ შეწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრის სურვილს არ წარმოადგენს პარლამენტის წევრისთვის დაკისრებული ვალდებულებების განხორციელება, აღნიშნული პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, პარლამენტის სავალდებულო წევრობის ბერკეტით მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. ამასთან, ამგვარი მიდგომა შეზღუდავდა კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ იმ პირის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო თანამდებობის დაკავების თავისუფლების, პიროვნული განვითარების უფლებებს, რომელსაც აღარ სურს იყოს პარლამენტის წევრი.

9. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №153-IVმს-Xმპ დადგენილება, „თამარ კორძაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №119-IVმს-Xმპ დადგენილება  და „ელენე ხოშტარიასათვის  საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №150-IVმს-Xმპ დადგენილება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციური სარჩელები სრულად აკმაყოფილებენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 212 მუხლის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, მე-40 მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციური სარჩელები („ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.

6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

თამაზ ცაბუტაშვილი