„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 455-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340150000.09.001.016654
455-IVმს-Xმპ
13/04/2021
ვებგვერდი, 14/04/2021
340150000.09.001.016654
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის მარტი−ივნისის პერიოდში შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონში 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანის შემდეგ ამ კანონის აღსრულების მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა. კერძოდ, კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დასახა მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებები. ამასთანავე, ამ კანონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომიტეტმა შეისწავლა თამბაქოს მოწევის აკრძალვის მონიტორინგის შედეგები, სავაჭრო ქსელის ანალიზის შედეგები, სავაჭრო ობიექტების შიდა რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები და ტრანსპორტის მონიტორინგის შედეგები.

მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, აგრეთვე გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად:

ა) გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების შემცირების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის (იანვარი−მარტი) მონაცემებთან (წინასწარი მონაცემები) შედარებისას საგულისხმოა სხვადასხვა ნოზოლოგიის (სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების) კლება;

ბ) გამოიკვეთა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევათა პროგრესიული შემცირებისა და, შესაბამისად, სამართალდარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების გამოძახებათა კლების ტენდენცია. კერძოდ, 2018 წლის 1 მაისიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მაჩვენებელი ზეპირი მოსმენის გამართვის დროისთვის (2019 წლის 30 მაისი) 96% იყო, ხოლო ზამთრის პერიოდში, მცირედით გაუარესების გამო − 86-87%;

გ) აღმოჩნდა, რომ სამასპინძლო ბიზნესში შემოსავლებისა და მომხმარებლების რაოდენობათა მნიშვნელოვანი მატების ტემპი შენარჩუნებულია ან გაზრდილია;

დ) გამოიკვეთა, რომ თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს;

ე) გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს;

ვ) 2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის დასაწყისისთვის სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციასთან დაკავშირებულმა დარღვევებმა მნიშვნელოვნად იკლო;

ზ) აღმოჩნდა, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის მაჩვენებელი მაღალია – 96–98%;

თ) გამოვლინდა თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი კომუნიკაციის ფორმით, ორგანიზებულად რეკლამირების (სუპერმარკეტებში თამბაქოს ნაწარმის კონკრეტული ბრენდების პრომოგოგონების საშუალებით პოპულარიზაციის) ფაქტები, რაც სახელმწიფოს მიერ რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლებელია დარღვევების არეალისა და მასშტაბის გაზრდის წამახალისებელი ფაქტორი გახდეს;

ი) გამოვლინდა თამბაქოს ინტერნეტით რეკლამირების (განსაკუთრებით − ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი ნაწარმისა და მათი აქსესუარების სოციალური და სხვა ქსელებით რეკლამირების) და საცალო რეალიზაციის ფაქტები. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთვის ეს ყურადსაღებია, რათა მან საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით ადმინისტრირების გასაძლიერებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშაოს;

კ) გამოვლინდა თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რაც ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერებას საჭიროებს;

ლ) გამოიკვეთა, რომ ტელეარხები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანი დანერგვისა და თამბაქოთი გამოწვეული ზიანის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი სოციალური რეკლამის განთავსებაზე ზოგჯერ უარს ამბობენ;

მ) გამოვლინდა, რომ საზოგადოებაში არსებობს თამბაქოსთვის თავის დასანებებლად კონსულტაციების მიღებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მოთხოვნილება, და გამოიკვეთა მისი ზრდის ტენდენცია;

ნ) გამოიკვეთა, რომ აუცილებელია თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის ადმინისტრირების გასაძლიერებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის „თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმთან“ საქართველოს შეერთებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყების საჭიროების შეფასება. ამასთანავე, აუცილებელია თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის, აგრეთვე თამბაქოს ინტერნეტით რეკლამირების (განსაკუთრებით − ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი ნაწარმისა და მათი აქსესუარების სოციალური და სხვა ქსელებით რეკლამირების) და საცალო რეალიზაციის აღკვეთის მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირების ღონისძიებების გაძლიერება და თამბაქოს ნაწარმზე კანონით დადგენილი სამედიცინო გაფრთხილების (მათ შორის, პიქტოგრამის) განთავსების პერიოდში იმპორტიორის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისთვის შემოსავლების სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის უწყებათაშორისი საკომუნიკაციო, საინფორმაციო მექანიზმის/ფორმატის შექმნა;

ო) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ძალისხმევით დანერგეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები. დღევანდელი მდგომარეობით, ამ რეფორმის განხორციელების მაჩვენებელი 96%-ია. ამასთანავე, სანიმუშოა მოსახლეობის ფართო ფენების (მათ შორის, მწეველთა) მხარდაჭერის მაჩვენებელი. კერძოდ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება, რომ აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერას და მისი განხორციელების გამო კმაყოფილებას საქართველოს მოსახლეობის 86% გამოხატავს. ამ საერთო ძალისხმევის შედეგია მსოფლიოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი თაობის ერთ-ერთ ეფექტიან კანონად აღიარება, მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის შეზღუდვის მიმართულებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობა დადებითად შეფასდეს.

2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროებისთვის მიწოდება და 1 თვის ვადაში მათ მიერ განხორციელებული სათანადო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება.

3. საქართველოს მთავრობამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტის (საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი) დროულად მიღებისთვის შესაბამის უწყებებთან ინტენსიური კომუნიკაცია განახორციელოს და დაასრულოს აღნიშნული აქტის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

თბილისი,

13 აპრილი 2021 წ.

N455-IVმს-Xმპ