თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016349
7
07/04/2021
ვებგვერდი, 08/04/2021
010250050.35.126.016349
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2021 წლის 7 აპრილი

ქ. თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს`მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №40 დადგენილება (ვებგვერდი სსმ, 09/12/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016174).  
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიამირან ვერულაშვილი



დანართი №1

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისათვის;

ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან;

გ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას;

დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას.

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია – www.terjola.gov.ge.


მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ბრძანებით განსაზღვრული საჯარო მოხელ(ებ)ი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

გ) პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დროულ განთავსებას;

დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების, წერილების სისტემატიზაციას და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემას;

ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან.

3. საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის გადაწყვეტილებით, ვებგვერდის დიზაინის მომზადების ან მასში ცვლილების განხორციელების და ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია მოწვეულ იქნას ამ დარგის სპეციალისტი (პროგრამისტი, IT-სპეციალისტი).


მუხლი 3. ინფორმაციის წყაროებიკატეგორიები და სტატუსი
 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, იგი საჯარო და უსასყიდლოა.

2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.

3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია და საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:

 ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;

დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;

ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) მუდმივი (ყოველდღიური);

ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);

გ) ერთჯერადი.


მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები საკრებულოს აპარატისა ან/და მერიის უფლებამოსილ პირებს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ბრძანებით განსაზღვრული პირები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარესთან ან/და მერთან შეთანხმებით.


მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
1. ვებგვერდის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.