„ტექნიკური რეგლამენტის − ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022701
146
02/04/2021
ვებგვერდი, 05/04/2021
300160070.10.003.022701
„ტექნიკური რეგლამენტის − ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2021 წლის 2 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“.

 

მუხლი 2
ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ან/და ეტიკეტირებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

 

ტექნიკური რეგლამენტი − ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ

 


 მუხლი 1. რეგულირების  სფერო

„ტექნიკური რეგლამენტი − ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების   შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების  პირობებს.

 

მუხლი 2. მიზანი და გამოყენების  სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს: 

ა) კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელების შესახებ;

ბ) ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ;

გ) ნებაყოფლობითი (არასავალდებულო) დასაშვები ინგრედიენტების გამოყენების მიმართ;

დ) ბიზნესოპერატორის მიმართ;

ე) კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესაბამისობის შეფასების   მიმართ.

 

მუხლი 3. რეგულირების  ობიექტი

რეგულირების ობიექტებია კაკაო და შოკოლადის  პროდუქტები, მათ შორის:

ა) კაკაოს ცხიმი;

ბ) კაკაოს ფხვნილი, კაკაო;

გ) შოკოლადის ნაირსახეობები;

დ) შოკოლადის სხვა პროდუქტები;

ე) სხვადასხვა ფორმის შოკოლადი.

 

მუხლი 4. მოთხოვნები კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელებების მიმართ

ამ მუხლით განსაზღვრული სურსათის დასახელება გამოყენებუკუ უნდა იქნეს მხოლოდ ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის იმ პროდუქტისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ:

ა) კაკაოს ცხიმი ან სრესილი კაკაოს ცხიმი − ცხიმი, რომელიც მიღებულია კაკაოს მარცვლებიდან ან კაკაოს მარცვლების ნაწილებიდან და რომელშიც თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების (გამოხატული, როგორც ოლეინის მჟავა) მასური წილი შეადგენს არაუმეტეს 1,75%-ს, ხოლო გაუსაპნავი ნივთიერებების მასური წილი შეადგენს არაუმეტეს 0,5%-ს (განსაზღვრა პეტროლეინის ეთერის გამოყენებით). სრესილი კაკაოს ცხიმისათვის გაუსაპნავი ნივთიერებების მასური წილი შეადგენს არაუმეტეს 0,35%-ს;

ბ) კაკაოს ფხვნილი, კაკაო − პროდუქტი, რომელიც მიღებულია გასუფთავებული, კანგაცლილი და მოხალული კაკაოს მარცვლების  ფხვნილად დაფქვით/დაქუცმაცებით და რომელიც შეიცავს არანაკლებ 20% კაკაოს ცხიმსა (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით)  და არაუმეტეს 9% წყალს;

გ) კაკაო შემცირებული ცხიმით, კაკაოს ფხვნილი შემცირებული ცხიმით −  პროდუქტი, რომელშიც კაკაოს ცხიმის შემცველობა 20%-ზე ნაკლებია (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით);

დ) შოკოლადის ფხვნილი, შოკოლადი ფხვნილისებრი − პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს კაკაოს ფხვნილისა და შაქრის ნარევს და რომელშიც კაკაოს ფხვნილის შემცველობა შეადგენს არანაკლებ 32%-ს;    

ე) შოკოლადი სასმელი, კაკაო დამტკბარი, კაკაოს ფხვნილი დამტკბარი −  პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს კაკაოს ფხვნილისა და შაქრის ნარევს და შეიცავს არანაკლებ 25% კაკაოს ფხვნილს. იმ შემთხვევაში, თუ მასში კაკაოს ცხიმის შემცველობა 20%-ზე ნაკლებია (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით), ამ დასახელებას თან უნდა ახლდეს ტერმინი − „შემცირებული ცხიმით“;

ვ) შოკოლადი (იგივე მწარე შოკოლადი, ნახევრადტკბილი შოკოლადი, შავი (მუქი) შოკოლადი ან „chocolat fondant“)  − პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს პროდუქტებისა და შაქრებისგან და რომელიც შეიცავს არანაკლებ 35% კაკაოს მშრალ ნივთიერებას, მათ შორის, არანაკლებ 18% კაკაოს ცხიმსა და არანაკლებ 14% კაკაოს მშრალ, უცხიმო ნივთიერებებს;

ზ) „ვერმიშელის“ ან „ფანტელის“ ფორმის შოკოლადი (იგივე მწარე შოკოლადი, ნახევრადტკბილი შოკოლადი, შავი (მუქი) შოკოლადი ან „chocolat fondant“) − კაკაოს პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ვერმიშელის ან ფანტელის ფორმით; მიიღება  შერევის, ექსტრუზიისა და გამყარების ან/და სხვა პროცესებით, რომელიც პროდუქტს ანიჭებს განსაკუთრებულ ხრაშუნა თვისებას. მასში კაკაოს მშრალი ნივთიერების შემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 32%-ს, მათ შორის, არანაკლებ 12% კაკაოს ცხიმსა და არანაკლებ 14% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებებს. ვერმიშელის ფორმის შოკოლადს აქვს მოკლე, ცილინდრული გრანულების ფორმა, ხოლო ფანტელის ფორმის შოკოლადს − მცირე ზომის ბრტყელი ფირფიტების ფორმა;

თ) შოკოლადის მინანქარი/ჭიქური  (შოკოლადის „კუვერტური“) −  პროდუქტი, რომელიც  შეიცავს არანაკლებ 35% კაკაოს მშრალ ნივთიერებას, მათ შორის,  არანაკლებ  31% კაკაოს ცხიმსა და არანაკლებ 2,5% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებას;

ი)  შოკოლადი თხილით (თხილიანი შოკოლადი) „ჯანდუია“ („Gianduja“) (ან სიტყვა „Gianduja-დან“ წარმოშობილი ერთ-ერთი დასახელება) − პროდუქტი, რომელიც უპირველესად მიღებულია შოკოლადისგან, რომელშიც კაკაოს მშრალი ნივთიერების შემცველობა არანაკლებ 32%-ს შეადგენს, ხოლო კაკაოს მშრალი უცხიმო ნივთიერებების შემცველობა, სულ მცირე, 8%-ია და ძალიან წმინდად დაქუცმაცებული თხილის გამოყენებით, რომლის შემცველობა 100 გ პროდუქტში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 გ-სა და არაუმეტეს 40 გ-ს. პროდუქტს შესაძლებელია, დამატებული ჰქონდეს:

ი.ა) რძე ან/და შრობით (აორთქლებით) მიღებული რძის მშრალი ნივთიერებები, იმ რაოდენობით, რომ მზა პროდუქტში რძის მშრალი ნივთიერების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს;

ი.ბ) ნუში, თხილი ან კაკლისებრთა სხვა სახეობები, მთლიანი ან დანაწევრებული, იმ რაოდენობით, რომ დაქუცმაცებულ თხილთან ერთად მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროდუქტის საერთო წონის 60%-ს;

კ) რძიანი შოკოლადი − პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს პროდუქტებისგან, შაქრებისა და რძისაგან ან რძის ნაწარმისაგან და შეიცავს:

კ.ა) არანაკლებ 25% კაკაოს მშრალ ნივთიერებას;

კ.ბ) არანაკლებ 14% რძის მშრალ ნივთიერებას, რომელიც მიღებულია ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული მოუხდელი რძისგან, ნახევრად ან სრულად მოხდილი რძისგან, ნაღებისგან, ან ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული ნაღების, კარაქის ან რძის ცხიმისაგან;

კ.გ) არანაკლებ 2,5% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებას;

კ.დ) არანაკლებ 3,5% რძის ცხიმს;

კ.ე) საერთო ცხიმშემცველობა (კაკაოს ცხიმი და რძის ცხიმი) არანაკლებ 25%-ისა; 

კ.ვ) იმ შემთხვევაში, თუ დასახელებაში სიტყვა „რძე“ შეცვლილია:

კ.ვ.ა) „ნაღებით“,  რძის ცხიმის შემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5,5%-ს;

კ.ვ.ბ) „მოხდილი რძით“, რძის ცხიმის შემცველობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 1%-ს;

ლ)  რძიანი შოკოლადი თხილით/თხილიანი რძიანი შოკოლადი   „ჯანდუია“ („Gianduja“) (ან სიტყვა „Gianduja-დან“ წარმოშობილი ერთ-ერთი დასახელება) − პროდუქტი, რომელიც უპირველესად მიღებულია რძიანი შოკოლადისგან და შეიცავს არანაკლებ 10% რძის მშრალ ნივთიერებას, რომელიც მიღებულია ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული მოუხდელი რძისგან, ნახევრად ან სრულად მოხდილი რძისგან, ნაღებისგან, ან ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული ნაღების, კარაქის ან რძის ცხიმისაგან და ასევე წვრილად დაქუცმაცებული თხილის გამოყენებით,  რომლის შემცველობა 100 გ პროდუქტში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 გ-ს და არაუმეტეს 40 გ-ს. პროდუქტს შესაძლებელია, დამატებული ჰქონდეს ნუში, თხილი ან კაკლისებრთა სხვა სახეობები, მთლიანი ან დამტვრეული (ნატეხები), იმ რაოდენობით, რომ დაქუცმაცებულ თხილთან ერთად მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროდუქტის საერთო წონის 60%-ს. ამასთანავე, რძიან შოკოლადში:

ლ.ა)  კაკაოს მშრალი ნივთიერების შემცველობა შეადგენს არანაკლებ 25%-ს;

ლ.ბ) კაკაოს უცხიმო მშრალი ნივთიერების შემცველობა შეადგენს არანაკლებ 2,5%-ს;

ლ.გ) რძის ცხიმის შემცველობა შეადგენს არანაკლებ 3,5%-ს;

ლ.დ) საერთო ცხიმშემცველობა (კაკაოს ცხიმი და რძის ცხიმი) შეადგენს არანაკლებ 25%-ს; 

მ) რძიანი შოკოლადის მინანქარი/ჭიქური (რძიანი შოკოლადის „კუვერტური“)  − რძიანი შოკოლადის პროდუქტი, რომელშიც:

მ.ა)  კაკაოს  მშრალი  ნივთიერების შემცველობა შეადგენს არანაკლებ 25%-ს; 

მ.ბ)      რძის მშრალი ნივთიერების შემცველობა  შეადგენს  არანაკლებ 14%-ს, რომელიც მიღებულია ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული მოუხდელი რძისგან, ნახევრად ან სრულად მოხდილი რძისგან, ნაღებისგან ან ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული ნაღების, კარაქის ან რძის ცხიმისაგან;

მ.გ) კაკაოს უცხიმო მშრალი ნივთიერების შემცველობა შეადგენს არანაკლებ 2,5%-ს;

მ.დ) რძის ცხიმის შემცველობა შეადგენს არანაკლებ  3,5%-ს;

მ.ე) საერთო ცხიმშემცველობა (კაკაოს ცხიმი და რძის ცხიმი) შეადგენს არანაკლებ 31%-ს; 

მ.ვ) იმ შემთხვევაში, თუ დასახელებაში სიტყვა „რძე“ შეცვლილია:

მ.ვ.ა) „ნაღებით“,  რძის ცხიმის შემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5,5%-ს;

მ.ვ.ბ) „მოხდილი რძით“, რძის ცხიმის შემცველობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 1%-ს;

ნ) რძიანი შოკოლადი, „ვერმიშელის“ ან „ფანტელის“ ფორმის −  პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ვერმიშელის ან ფანტელის ფორმით და  მიღებულია  შერევის, ექსტრუზიის,  გამყარების ან/და სხვა პროცესებით, რომელიც პროდუქტს ანიჭებს განსაკუთრებულ ხრაშუნა თვისებას, იგი შეიცავს  არანაკლებ   20%  კაკაოს მშრალ ნივთიერებებს, არანაკლებ 12% რძის მშრალ ნივთიერებებს, რომელიც მიღებულია ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული მოუხდელი რძისგან, ნახევრად ან სრულად მოხდილი რძისგან, ნაღებისგან ან ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული ნაღების, კარაქის ან რძის ცხიმისაგან და რომლის საერთო ცხიმშემცველობა (კაკაოს ცხიმი და რძის ცხიმი ერთად) შეადგენს  არანაკლებ 12%-ს. ამასთანავე, მასში:

ნ.ა) კაკაოს უცხიმო მშრალი ნივთიერების შემცველობა შეადგენს არანაკლებ 2,5%-ს;

ნ.ბ) რძის ცხიმის შემცველობა შეადგენს არანაკლებ  3,5%-ს;

ნ.გ) იმ შემთხვევაში, თუ დასახელებაში სიტყვა „რძე“ შეცვლილია:

ნ.გ.ა) „ნაღებით“,  რძის ცხიმის შემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5,5%-ს;

ნ.გ.ბ) „მოხდილი რძით“, რძის ცხიმის შემცველობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 1%-ს;

ო) საოჯახო (ოჯახური) რძიანი შოკოლადი − პროდუქტი, რომელიც მიღებულია  კაკაოს პროდუქტებისგან, შაქრებისა და რძის ან რძის ნაწარმისაგან და  შეიცავს:

ო.ა) არანაკლებ 20% კაკაოს მშრალ ნივთიერებას;

ო.ბ) არანაკლებ 20% რძის მშრალ ნივთიერებას, რომელიც მიღებულია ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული მოუხდელი რძისგან, ნახევრად ან სრულად მოხდილი რძისგან, ნაღებისგან ან ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული ნაღების, კარაქის ან რძის ცხიმისაგან;

ო.გ)  არანაკლებ 2,5% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებებს;

ო.დ) არანაკლებ 5% რძის ცხიმს;

ო.ე) საერთო ცხიმშემცველობა (კაკაოს ცხიმი და რძის ცხიმი)  არანაკლებ 25%-ისა;

პ) თეთრი  შოკოლადი − პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს ცხიმისგან, რძის ან რძის ნაწარმისა და შაქრებისგან, რომელიც შეიცავს არანაკლებ 20% კაკაოს ცხიმს და არანაკლებ 14% რძის მშრალ ნივთიერებებს, რომელიც მიღებულია ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული მოუხდელი რძისგან, ნახევრად ან სრულად მოხდილი რძისგან, ნაღებისგან ან ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული ნაღების, კარაქის ან რძის ცხიმისაგან და რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა შეადგენს არანაკლებ  3,5%-ს; 

ჟ)  შოკოლადი გულსართით, შოკოლადი..... ის გულსართით, შოკოლადი .... ით − გულსართიანი პროდუქტი, რომლის გარეთა ზედაპირი დაფარულია  ამ მუხლის „ვ“ – „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პროდუქტით, რომლის რაოდენობა არ უნდა შეადგენდეს პროდუქტის საერთო მასის 25%-ზე ნაკლებს და რომლის გულსართის შემადგენლობა არსებითად განსხვავდება გარეთა ზედაპირის შედგენლობისაგან. ამ დასახელებას არ მიეკუთვნება პროდუქტი, რომლის შიგთავსს წარმოადგენს ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, ერბოზელილი პურფუნთუშეული ნაწარმი, ორცხობილა ან/და ნაყინის პროდუქტები;

რ) შოკოლადი a la taza − პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს პროდუქტების, შაქრებისა და ხორბლის, ბრინჯის ან სიმინდის ფქვილის ან სახამებლისაგან და რომელიც შეიცავს არანაკლებ 35% კაკაოს მშრალ ნივთიერებებს, მათ შორის, არანაკლებ 18% კაკაოს ცხიმს, არანაკლებ 14% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებებსა და არაუმეტეს 8% ფქვილს ან სახამებელს;

ს) a la taza-ის მსგავსი შოკოლადი − პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს პროდუქტების, შაქრებისა და ხორბლის, ბრინჯის ან სიმინდის ფქვილისაგან ან სახამებლისაგან და რომელიც  შეიცავს არანაკლებ  30% კაკაოს მშრალ ნივთიერებებს, მათ შორის, არანაკლებ 18% კაკაოს ცხიმს, არანაკლებ 12% კაკაოს მშრალ, უცხიმო ნივთიერებებს და არაუმეტეს 18% ფქვილს ან სახამებელს;

ტ) შოკოლადის კანფეტი ან პრალინი − მცირე ზომის პროდუქტი, რომელიც, როგორც წესი, მოიხმარება ერთ ულუფად და რომელშიც შოკოლადის კომპონენტი შეადგენს პროდუქტის საერთო მასის არანაკლებ 25%-ს. ასეთი  პროდუქტი შესაძლებელია, იყოს ერთ-ერთი:

ტ.ა) შოკოლადი გულსართით;

ტ.ბ) ამ მუხლის „ვ“ – „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი შოკოლადი ან ამ შოკოლადების კომბინაცია ან ნარევი;

ტ.გ) სხვა, საკვებად ვარგისი ნივთიერებები;

უ) ტკბილი შოკოლადი − პროდუქტი, რომელიც მშრალ ნივთიერებებზე გადაანგარიშებით შეიცავს არანაკლებ 30% კაკაოს მშრალ ნივთიერებას, მათ შორის, არანაკლებ 18% კაკაოს ცხიმსა და არანაკლებ 12% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებას;

ფ) შოკოლადი  para mesa − მსხვილად დაქუცმაცებული (დანაწევრებული) შოკოლადის პროდუქტი, რომელშიც შაქრის ნაწილაკების ზომა აღემატება 70 მიკრონს. მასში კაკაოს მშრალი ნივთიერების შემცველობა, მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, შეადგენს არანაკლებ 20%-ს, მათ შორის, არანაკლებ 11% კაკაოს ცხიმსა და არანაკლებ 9% კაკაოს უცხიმო, მშრალ ნივთიერებებს;

ქ) ნახევრადმწარე შოკოლადი para mesa − მსხვილად დაქუცმაცებული (დანაწევრებული) შოკოლადის პროდუქტი, რომელშიც შაქრის ნაწილაკების ზომა აღემატება 70 მიკრონს. მასში კაკაოს მშრალი ნივთიერების შემცველობა, მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, შეადგენს არანაკლებ 30%-ს, მათ შორის, არანაკლებ 15% კაკაოს ცხიმსა და არანაკლებ 14% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებებს;

ღ) მწარე შოკოლადი  para mesa − შოკოლადი  მსხვილი დაქუცმაცებით, რომელშიც შაქრის ნაწილაკების ზომა აღემატება 70 მიკრონს. მასში კაკაოს მშრალი ნივთიერების შემცველობა,  მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით,  შეადგენს არანაკლებ 40%-ს, მათ შორის, არანაკლებ 22% კაკაოს ცხიმსა და არანაკლებ 18% კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებებს.

 

მუხლი 5. ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობები

1. ბაზარზე განთავსებული ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტები  უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტითა და ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ  მოთხოვნებს.

2. ბაზარზე განთავსებული ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტები ეტიკეტირებუკუ უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვით.

3. გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კაკაოს ცხიმისა, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით −  „მცენარეული ცხიმები“ − განსაზღვრული ცხიმები შესაძლებელია, დამატებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ვ“ – „პ“ და „რ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შოკოლადის პროდუქტებში, იმ პირობით, რომ დამატებული მცენარეული ცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საბოლოო, მზა პროდუქტის 5%-ს, ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-6 მუხლით განსაზღვრული ნებაყოფლობითი (არასავალდებულო) დასაშვები ინგრედიენტების საერთო წონის გამოკლების შემდეგ, კაკაოს ცხიმის ან კაკაოს მშრალი ნივთიერებების შემცირების გარეშე, ამასთანავე,  თითოეული მათგანი ან მათი ნარევი უნდა იყოს კაკაოს ცხიმის ეკვივალენტური და   აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: 

ა) მცენარეული ცხიმ(ებ)ი არ შეიცავს ლაურინის მჟავას და მდიდარია   POP (პალმიტინის მჟავა, ოლეინის მჟავა, პალმინტინის მჟავა), POSt (პალმიტინის მჟავა, ოლეინის მჟავა, სტეარინის მჟავა) და StOSt  (სტეარინის მჟავა, ოლეინის მჟავა, სტეარინის მჟავა) ტიპის მონოუჯერი ტრიგლიცერიდებით;

ბ) მათი შერევა კაკაოს ცხიმთან ნებისმიერი პროპორციითაა შესაძლებელი და შეესაბამება კაკაოს ცხიმის  ფიზიკურ თვისებებს (ლღობის ტემპერატურა, კრისტალიზაციის ტემპერატურა, ლღობის მაჩვენებელი);

გ) მიღებულია მხოლოდ რაფინირების და/ან ფრაქციებად დაშლის გზით, რაც გამორიცხავს ტრიგლიცერიდული სტრუქტურის ფერმენტულ მოდიფიკაციას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც, გარდა კაკაოს ცხიმისა, შეიცავენ სხვა მცენარეულ ცხიმებს, შესაძლებელია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალთან, ხედვის იგივე არეალში მკვეთრად (მკაფიოდ), ტიპოგრაფიულად ადვილად შესამჩნევად, მითითებული იქნება: „კაკაოს ცხიმთან ერთად შეიცავს სხვა მცენარეულ ცხიმებს (მცენარეული ცხიმის მითითებით)“. პროდუქტის დასახელება შესაძლებელია, განთავსებულ იქნეს ხედვის სხვა არეალში.

5. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ვ“ – „ჟ“  და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტები ბაზარზე განთავსებულია ასორტიმენტის სახით, მათი დასახელებები შესაძლებელია, შეიცვალოს დასახელებით − „შოკოლადის ასორტი“ ან  „გულსართიანი შოკოლადის ასორტი“  ან  მსგავსი დასახელება. ამ შემთხვევაში, დასაშვებია ასორტიმენტში შემავალი ყველა  პროდუქტისათვის ინგრედიენტების ერთიანი ჩამონათვალის მითითება.

6. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „დ“ – „ო“ და „რ“-„ს“  ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების ეტიკეტზე მითითებუკუ უნდა იქნეს კაკაოს მშრალი ნივთიერების შემცველობა შემდეგი სიტყვებით: „კაკაოს მშრალი ნივთიერებები, სულ მცირე .....%“.

7. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის  „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული პროდუქტების ეტიკეტზე მითითებუკუ უნდა იქნეს კაკაოს ცხიმის რაოდენობა.

8.  დასახელებასთან − „შოკოლადი“, „რძიანი შოკოლადი“, „შოკოლადის მინანქარი/ჭიქური“ (შოკოლადის „კუვერტური“) − შესაძლებელია, მითითებულ  იქნეს ხარისხის მაჩვენებლებთან ან აღწერილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომ პროდუქტი შეიცავს:

ა) შოკოლადისათვის − არანაკლებ 43% კაკაოს მშრალ ნივთიერებებს, მათ შორის, არანაკლებ 26% კაკაოს ცხიმს;

ბ) რძიანი შოკოლადისათვის − არანაკლებ 30% კაკაოს მშრალ ნივთიერებებსა და არანაკლებ 18% რძის მშრალ ნივთიერებებს, რომელიც მიღებულია ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული მოუხდელი რძისგან, ნახევრად ან სრულად მოხდილი რძისგან, ნაღებისგან ან ნაწილობრივ ან სრულად დეჰიდრირებული ნაღების, კარაქის ან რძის ცხიმისაგან, მათ შორის, არანაკლებ 4,5%  რძის ცხიმს;

გ) შოკოლადის მინანქარი/ჭიქურისთვის (შოკოლადი „კუვერტურისათვის“) − არანაკლებ 16%  კაკაოს უცხიმო მშრალ ნივთიერებებს.

 

მუხლი 6. ნებაყოფლობითი (არასავალდებულო) დასაშვები ინგრედიენტები

1. გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებებისა, მე-4 მუხლის „ვ“ – „პ“ და „რ“-„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შოკოლადის პროდუქტებში შესაძლებელია, დამატებულ იქნეს სხვა საკვები ნივთიერებები, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) დაუშვებელია იმ ცხოველური ცხიმებისა და მათგან წარმოებულების დამატება, რომელიც არ არის წარმოებული რძისაგან;

ბ) ფქვილის, სახამებლის გრანულების ან ფხვნილის დამატება დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

გ) დამატებული საკვები ნივთიერებების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მზა პროდუქტის საერთო წონის 40%-ს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის  „ბ“ – „პ“, „რ“, „ს“, „უ“ – „ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პროდუქტებზე დასაშვებია მხოლოდ იმ არომატიზატორების დამატება, რომლებიც არ ახდენენ შოკოლადისა და რძის ცხიმის გემოს იმიტაციას/სიმულაციას.

3. დასაშვებია არომატიზატორების − ვანილინისა და ეთილვანილინის გამოყენება ცალ-ცალკე ან კომბინაციაში ისე, რომ მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ/კგ-ს.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების წარმოებაში დასაშვებია საკვებდანამატების გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

5. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების წარმოებაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შაქრებისა, დასაშვებია შაქრის შემცვლელების (დამატკბობლების)  გამოყენება, იმ პირობით, რომ შაქრების სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლების შემთხვევაში, სათანადო ინფორმაცია ეტიკეტზე უნდა განთავსდეს შოკოლადის დასახელებასთან ახლოს.

 

მუხლი 7. პროცენტული რაოდენობის  გამოანგარიშება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ვ“ – „პ“ , „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტებისათვის მინიმალური შემცველობის გამოანგარიშება ხდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინგრედიენტების წონის გამოკლების შემდეგ.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის  „ჟ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტებისათვის მინიმალური შემცველობის გამოანგარიშება ხდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინგრედიენტების წონისა და გულსართის წონის გამოკლების შემდეგ. 

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ჟ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პროდუქტებში შოკოლადის შემცველობა გამოიანგარიშება მზა პროდუქტის საერთო წონის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ასევე გულსართის წონასაც.

 

მუხლი 8. მოთხოვნები ბიზნესოპერატორის მიმართ

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი  მოთხოვნები ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე.

2. შესაძლებელია, ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისგან  განსხვავებული მოთხოვნები,  იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ  დასაბუთებული იქნება, რომ გამოყენებული განსხვავებული მოთხოვნებით უზრუნველყოფილია ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვა.

 

მუხლი 9. განსაკუთრებული მოთხოვნები მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ

თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ბაზარზე განთავსებული სურსათის დასახელებაში, ხედვის ძირითად არეალში, იმავე ზომის შრიფტით, დასაშვებია,  გამოყენებულ იქნეს  კაკაოსა და  შოკოლადის პროდუქტების დასახელება  სიტყვა „მსგავსთან“  ან „მაგვართან“ ერთად.

 

მუხლი 10. შესაბამისობის  შეფასება

ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის  პროდუქტების ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ხორციელდება:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული  სააგენტოს  მიერ სახელმწიფო კონტროლის დროს;

ბ) ბიზნესოპერატორის მიერ შიდა საწარმოო კონტროლის დროს.

 

დანართი

მცენარეული ცხიმები

 

მცენარეულის ცხიმის  დასახელება

მცენარის სამეცნიერო (ბოტანიკური) დასახელება, რომლისგანაც მიიღება ჩამოთვლილი ცხიმები

1

ბორნეოს ცხიმი, შორეას ცხიმი, ილიპის მყარი ცხიმი

(Illipe, Borneo tallow or Tengkawang)

Shorea spp.

 

2

პალმის ზეთი

(Palm oil)

Elaeis guineensis, Elaeis olifera

 

3

გიგანტური შორეას ნაყოფის ან თესლის ცხიმი

(Sal)

Shorea robusta

 

4

შის ანუ კარიტეს ნაყოფის ცხიმი (Shea)

Butyrospermum parkii

 

5

ინდური გარცინიას თესლის ცხიმი

(Kokum gurgi)

Garcinia indica

 

6

მანგოს თესლის ცხიმი

(Mango kernel)

Mangifera indica

შენიშვნა

შოკოლადში დასაშვებია ქოქოსის ზეთის გამოყენება მხოლოდ ნაყინის ან სხვა მსგავსი პროდუქტების დამზადებისათვის.