ტექნიკური რეგლამენტის – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022703
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
148
02/04/2021
ვებგვერდი, 05/04/2021
300160070.10.003.022703
ტექნიკური რეგლამენტის – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/04/2021 - 29/05/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148

2021 წლის 2 აპრილი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 26-ე მუხლების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის გათვალისწინებითა და  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის  პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი).
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე  ზედამხედველობის  სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

 

მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით. ეს დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.

 

მუხლი 4
1. იმპორტის გზით პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის  მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „ლაქ-საღებავების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი ლაქ-საღებავების საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი დადასტურებული „ლაქ-საღებავების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

3. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საქონლის მიმართ ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.

4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს,  საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლის მე-6 – მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

8. სააგენტო უფლებამოსილია, „ლაქ-საღებავების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.

9. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის საექსპერტო დასკვნის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

10. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება  ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართში ჩამოთვლილთაგან მხოლოდ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე, გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30კგ-მდე საერთო წონის ლაქ-საღებავებისა, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

მუხლი 5
2023 წლის პირველ ივლისამდე საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ნორმატიული აქტის – „რეგლამენტით დადგენილი პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების და დასტურების წესის დამტკიცება“.
მუხლი 6
1.  დადგენილება, გარდა მე-5 მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

2. დადგენილების მე-5 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი -

ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების  წესი

 

თავი I

 


მუხლი 1. მოქმედების სფერო და ზოგადი დებულებებ

„ტექნიკური რეგლამენტი - ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის  რეგლამენტირების წესი“ (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს ქიმიური ნივთიერების ტყვიის და მისი ნაერთების დასაშვები ზღვრული რაოდენობის შემცველობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის N1 დანართში ჩამოთვლილთაგან მხოლოდ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე (შემდგომში - პროდუქტი).

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტყვია (Pb) ტყვია არის პოლიტროპული მოქმედების ტოქსიკური მეტალი, რომელიც ბუნებაში გვხვდება დედამიწის ქერქში;

ბ) ტყვიის ნაერთები - ნებისმიერი ქიმიური ნაერთი, რომელიც გვხვდება ბუნებრივი ფორმით ან იწარმოება მყარი, თხვევადი ან აირის ფორმით და შეიცავს ტყვიას. ტყვიის ნაერთები მოიცავს-ტყვიის მონოოქსიდს, ტყვიის ოქტანოატს, ტყვიის ქრომატს, ტყვიის 2-ეთილჰექსანოატს, ტყვიის სულფატს, ტყვიის ოქსიდს, ტყვიის მოლიბდატს, ტყვიის ნიტრატს, ტყვიის სულფო ქრომატს (ყვითელი), ტყვიის ნაფტენატს, ტყვიის ქრომატის მოლიბდატის სულფატს (წითელი), ტყვიის პეროქსიდს, ტყვიის კარბონატს (თეთრი), ტყვიის ქრომატოქსიდს და სამი ტყვიის - ბის კარბონატის დიჰიდროქსიდს და სხვა;

გ) მწარმოებელი -  ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს ნივთიერებების ფიზიკურ ან ქიმიური ტრანსფორმაციას ახალ პროდუქტში, მექანიზმების ან ხელის გამოყენებით და რეალიზებას უწევს ამ პროდუქტს თავისი სახელით, სასაქონლო ნიშნით;

დ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ლაქ-საღებავების სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას;

ე) დისტრიბუტორი – პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მწარმოებელს და იმპორტიორს და რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ლაქ-საღებავებს ბაზარზე;

ვ) ავტორიზებული წარმომადგენელი – საქართველოში შესაბამისი ფორმით დარეგისტრირებული  ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, იმოქმედოს მისი სახელით სპეციალური დავალებების შესასრულებლად;

ზ) ლაქ-საღებავი  - პიგმენტირებული საფარი მასალა, რომელიც სუბსტრატზე დატანისას ქმნის გაუმჭირვალე გამომშრალ ფენას და აქვს დამცავი, დეკორატიული ან სხვა სპეციფიკური ტექნიკური მახასიათებლები. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ლაქ-საღებავებად მიიჩნევა №1 დანართში განსაზღვრული სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილი პროდუქტები;

თ) ტყვიის შემცველობა - ტყვიის და მისი შენაერთების საერთო მასიური წილი ლაქ-საღებავის არააქლორად ნაწილში გათვლილი ტყვიაზე, გამოხატული მემილიონედ წილში (ppm);

ი) ppm- კონცენტრაციის საზომი ერთეული, ანალოგიური პროცენტის (1% = 10000 ppm). 90 ppm=0.009%;

კ) საფარი მასალა - არის  თხევადი, პასტის ან ფხვნილის მდგომარეობაში მყოფი პროდუქტი, რომელიც სუბსტრატზე დატანისას ქმნის დამცავი, დეკორატიული ან/და სხვა სპეციფიკური თვისებების მქონე ფენას;

ლ)  სუბსტრატი - ზედაპირი, რომელზედაც დაიტანება  საფარი მასალა;

მ) ტყვიის საერთო შემცველეობა - საღებავის არააქროლადი ნაწილის საერთო წონის  პროცენტი ან  როგორც საღებავის გამომშრალი საფარის (ფირის)  წონითი პროცენტი;

ნ) ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავი - ლაქ-საღებავი, რომლის არააქროლად ნაწილში  ტყვიის შემცველობის მასური წილი აღემატება  90 ppm-ს;

ო) აპკი (ფირი) - ლაქ-საღებავის პროდუქტის უწყვეტი ფენა, რომლის ქიმიური შემადგენლობა შეესაბამება ლაქ-საღებავის პროდუქციის არააქროლად ნაწილს;

პ) ლაქ-საღებავი პროდუქციის არააქროლადი ნაწილი (არააქროლადი ნივთიერების შემცველობა) - აორთქლების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი მასა. ლაქ-საღებავის პროდუქციის არააქროლადი ნაწილის გამოთვლა  განისაზღვრება ISO  3251 მიხედვით;

ჟ) ნარჩენების მართვა - ნარჩენების შეგროვება, დროებითი შენახვა, წინასწარი დამუშავება, ტრანსპორტირება, აღდგენა და განთავსება, ამ საქმიანობების, ღონისძიებებისა და ოპერაციების ზედამხედველობა და ნარჩენების განთავსების ობიექტების შემდგომი მოვლა;

რ) ნარჩენების დამუშავება - ნარჩენების მართვის კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული აღდგენის და განთავსების ოპერაციები, აგრეთვე ნარჩენების წინასწარი დამუშავება აღდგენამდე ან განთავსებამდე.

2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები.

 

მუხლი 3. ტყვიის საერთო შემცველობის ნორმატიული ზღვარი და გამოყენების ზოგადი პირობები

1.  ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 90 ppm-ზე (ანუ 0.009%) მეტ ტყვიას (მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით) საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან  საღებავის გამშრალი აპკის წონიდან.

2. სახელმწიფო ორგანოების მიერ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებად განსაზღვრული არქიტექტურის უძველესი ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების, სატრანსპორტო საშუალებების რესტავრაციის მიზნით აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად დასაშვებია ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების  ბაზარზე განთავსება შესაბამისი შემცვლელების არ ქონის ან/და გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებით. ასეთი ლაქ-საღებავების შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსება დასაშვებია ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნის დადასტურებისა და პროდუქციის ეტიკეტზე  გამაფრთხილებელი ფრაზის: „ფრთხილად! შეიცავს ტყვიას!“ დატანის შემთხვევაში.   

 

თავი II

 

მუხლი 4. მწარმოებლის ვალდებულებები

1. მწარმოებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი ლაქ-საღებავის  განთავსება, რომელიც დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

2. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებამდე.

3. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

4. მწარმოებელი ვალდებულია:

ა) სერიული წარმოებისას უზრუნველყოს ლაქ-საღებავის შესაბამისობის შენარჩუნება;

ბ) გაითვალისწინოს მახასიათებლებსა და შესაბამის სტანდარტებში განხორციელებული ცვლილებები;

გ) ჰქონდეს რისკების მართვის სამოქმედო დოკუმენტი და ლაქ-საღებავის მიერ გამოწვეული რისკებიდან გამომდინარე მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით უზრუნველყოს ბაზარზე განთავსებული ლაქ-საღებავის წარმომავლობის მიკვლევადობა, პროდუქტის გამოცდა, გამოკვლევა და არასათანადო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება;

დ) შეინახოს საჩივრები და ინფორმაცია შეუსაბამო ლაქ-საღებავებისა და მათი გამოთხოვის შესახებ და ამგვარი მონიტორინგის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

5. მწარმოებელი ვალდებულია ლაქ-საღებავის შეფუთვაზე დაიტანოს ტიპის, პარტიის, სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას.

6. მწარმოებელი ვალდებულია ლაქ-საღებავის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება.

7. მწარმოებელი, რომლისთვისაც ცნობილი გახდება, ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ლაქ-საღებავი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული ლაქ-საღებავის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს ლაქ-საღებავის ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.

8. მწარმოებელი ვალდებულია, ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს მას ლაქ-საღებავის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად ინფორმაცია და სათანადო დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია მათ მიერ ბაზარზე განთავსებული ლაქ-საღებავის მიერ შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

 

მუხლი 5. იმპორტიორის ვალდებულებები

1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი ლაქ-საღებავი.

2. იმპორტიორი ვალდებულია ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა შეადგინა ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ლაქ-საღებავის შეფუთვაზე დაიტანა შესაბამისი ინფორმაცია და მას თან დაურთო საჭირო დოკუმენტები, ასევე დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის  მოთხოვნები.

3. იმპორტიორი ვალდებულია არ განათავსოს ლაქ-საღებავი ბაზარზე, თუ მიიჩნევს ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ლაქ-საღებავი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სანამ ლაქ-საღებავი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

4. იმპორტიორი ვალდებულია ლაქ-საღებავის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება.

5. იმპორტიორი ვალდებულია, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში ლაქ-საღებავი, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობებით, რომლებიც არ ხელყოფს ლაქ-საღებავის თვისებებს.

6. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ლაქ-საღებავი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული ლაქ-საღებავის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, ამოიღოს ან გამოითხოვოს ლაქ-საღებავი ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობების და მიღებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

7. იმპორტიორი ვალდებულია, ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის წარსადგენად, ლაქ-საღებავების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

8. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ლაქ-საღებავის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. იმპორტიორი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან, ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მათ მიერ ბაზარზე განთავსებული ლაქ-საღებავი შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად.

 

მუხლი 6. დისტრიბუტორის ვალდებულებები

1. დისტრიბუტორი ვალდებულია, ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკურ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. დისტრიბუტორი ვალდებულია, ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებამდე, დარწმუნდეს, რომ ლაქ-საღებავზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია და თან ერთვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დოკუმენტები. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის  მოთხოვნებს. დისტრიბუტორი ვალდებულია არ განათავსოს ლაქ-საღებავი ბაზარზე, თუ მიიჩნევს ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ლაქ-საღებავი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სანამ ლაქ-საღებავი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში ლაქ-საღებავი უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს ლაქ-საღებავის თვისებებს.

4. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ლაქ-საღებავი  არ აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული ლაქ-საღებავის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში ამოიღოს ან გამოითხოვოს ლაქ-საღებავი. იმ შემთხვევაში, თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და ნებისმიერი გატარებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ლაქ-საღებავის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. დისტრიბუტორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე განთავსებული ლაქ-საღებავის მიერ შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელად განხორციელებულ ღონისძიებებს.

 

მუხლი 7. ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები

ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ამ დადგენილებით განსაზღვრული პროდუქციის ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამ დადგენილებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით.

 

მუხლი 8. ღონისძიებები ტექნიკური რეგლამენტით დასაშვები ზღვრული ოდენობის დარღვევით გამოვლენილი ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების გამოვლენისას

ტექნიკური რეგლამენტით დასაშვები ზღვრული ოდენობის დარღვევით წარმოებული ლაქ-საღებავების შემცველი პროდუქტების გამოვლენისას, ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების ტრასპორტირება, დროებით შენახვა, ნარჩენების მართვა და გადამუშავება პროდუქტის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უნდა გახორციელდეს, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, ფიზიკური ან იურიდიული პირის  ხარჯით,  რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა ლაქ-საღებავები საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

 

 დანართი №1

 

ლაქ-საღებავების ნუსხა

ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება ამ დანართში მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილთაგან მხოლოდ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე

 

საქართველოს საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურ (სეს ესნ)

 

N

სეს ესნ კოდი

დასახელება

შენიშვნა

საღებავები და ლაქები (ემალებისა და პოლიტურების  ჩათვლით) სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული ბუნებრივი პოლიმერების ფუძეზე, დისპერგირებული ან უწყლო გარემოში გახსნილი; ხსნარები, მითითებული მოცემული ჯგუფის 4 შენიშვნაში:

 

 

1

 

 

3208 90 110 00

_ _ _ 2,2’-(ტრეტ-ბუთილიმინო)დიეთანოლისა და 4,4’- მეთილენდიციკლო გექსილდიიზოციანიტის პოლიურეთანი ხსნარის სახით N,N-დიმეთილაცეტამიდში პოლიმერის

შემცველობით 48 მას% ან მეტი

 

 

2

 

3208 90 130 00

_ _ _ n-კრეზოლისა და დივინილბენზოლის თანაპოლიმერი

ხსნარის სახით N,N-დიტილმეთილაცეტატამიდში პოლიმერის შემცველობით 48 მას% ან მეტი

 

3

3208 90 190 00

_ _ _ დანარჩენი

 

4

3208 90 910 00

_ _ _ სინთეზური პოლიმერების ფუძეზე

 

5

3208 90 990 00

_  _  _ ქიმიურად მოდიფიცირებული ბუნებრივი

პოლიმერების ფუძეზე

 

საღებავები და ლაქები (ემალებისა და პოლიტურების ჩათვლით) სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული ბუნებრივი პოლიმერების ფუძეზე, დისპერგირებული ან წყლიან გარემოში გახსნილი:

6

3209 10 100 00

_ აკრილისა და ვინილის პოლიმერების ფუძეზე

 

7

3209 90 000 00

_ დანარჩენი

 

 

საღებავები და ლაქები დანარჩენი (ემალების, პოლიტურებისა და წებოვანი საღებავების ჩათვლით); მზა წყლიანი პიგმენტები ტყავების გამოსაყვანად:

8

3210 00 100 00

_ ზეთოვანი საღებავები და ლაქები (ემალებისა და

პოლიტურების ჩათვლით)

 

9

3210 00 900 00

_ დანარჩენი

 

პიგმენტები (ლითონის ფხვნილებისა და ფანტელების ჩათვლით), უწყლო გარემოში დისპერგირებული, თხევადი ან პასტისებური, საღებავების (ემალების ჩათვლით) წარმოებაში გამოსაყენებელი; კილიტა სატვიფრი; საღებარები და სხვა საღებარი ნივთიერებები, საცალო ვაჭრობისათვის ფორმებში ან შესაფუთებში დაფასოებული:

 

10

3212 10

 

_ კილიტა სატვიფრი:

 

 

 

დანართი 2

 

ლაქ-საღებავი პროდუქტებიდან  ნიმუშების აღებისა და მომზადების

სტანდარტული პროცედურები

 

ISO 15528: 2015

საღებავები, ლაქები და საღებავებისა და ლაქების ნედლეული. ნიმუშების აღება (ISO 15528: 2013, IDT)

ISO 1513: 2014

საღებავები და ლაქები. ნიმუშების შემოწმება და ტესტირებისათვის  მომზადება (ISO 1513: 2010, IDT)

ISO 1514: 2013

საღებავები და ლაქები. სტანდარტული ფორფიტები ტესტირებისატვის (ISO 1514: 2004, IDT)

ISO 3251: 2015

საღებავები, ლაქები და პლატმასები. არააქროლადი ნივთიერებების განსაზღვრა (ISO 3251: 2008, IDT)1

 

 

ASTM E1645-16

სტანდარტული პრაქტიკა, ტყვიის ანალიზისათვის მშრალი

საღებავების ნიმუშების მომზადება ცხელი შაბლონით ან მიკროტალღური დაშლით.

 

ASTM E1979-17

სტანდარტული პრაქტიკა, ტყვიის განსაზღვრა მტვრის, ნიადაგისა და ჰაერის ნიმუშებიდან  საღებავების ულტრაბგერით ექსტრაგირებით.

 

 

ტყვიის შემცველობის განსაზღვრის ანალიზური მეთოდები

 

ISO 6503: 1984

საღებავები და ლაქები. ტყვიის საერთო შემცველობის განსაზღვრის ალის ატომურ-აბსორბციული  სპექტრომეტრიის (FAAS) მეთოდი.

ASTM E1613-12

ტყვიის განსაზღვრის ინდუქციური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრიის (ICP-AES) სტანდარტული მეთოდი, ალის ატომურ-აბსორბციული  სპექტრომეტრიის (FAAS) მეთოდი ან გრაფიტული ატომიზატორის ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრიის   მეთოდი.

ASTM E1645-16

სტანდარტული პრაქტიკა. ტყვიის შემცველობის დადგენა მშრალი საღებავების ნიმუშების ცხელი შაბლონით მომზადებით ან მიკროტალღური დაშლით.

ASTM D3335-85a (2014)

სტანდარტული მეთოდი. დაბალი კონცენტრაციის ტყვიის,

კადმიუმის და კობალტის განსაზღვრა ატომური აბსორბციის გამოყენებით.

შენიშვნა 1. ტყვიის შემცველობის განსაზღვრა შესაძლებელია როგორც უშუალოდ საფარის აპკში, ასევევ გადაანგარიშებით, თხევად  ლაქ-საღებავის პროდუქტის შემცველობის შეფარდებით ერთეულის წილებში გამოხატულ არააქროლადი ნივთიერებების შემცველობაზე.

შენიშვნა 2. ISO 6503 ვარგისია 100 ppm-ზე მეტი ტყვიის შემცველობის განსასაზღვრავად.