გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.027.017189
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
696
30/03/2021
ვებგვერდი, 31/03/2021
240140000.22.027.017189
გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/03/2021 - 30/07/2021)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №696

2021 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესი და პირობები.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე




გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესი და პირობები

 

თავი I

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაცია

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესი და პირობები (შემდგომ  წესი) შემუშავებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის სახეებსა და პირობებს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესებს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის ძირითად საკითხებს და გადახდისუუნარობის საქმეზე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით დანიშვნის წესსა და პირობებს.

 

მუხლი 2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სტატუსის მოპოვების წინაპირობები

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს მოქალაქე ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელსაც:

ა.ა) აქვს უმაღლესი განათლება;

ა.ბ) აქვს უმაღლესი განათლების შესასაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

ა.გ) გავლილი აქვს ამ წესით განსაზღვრული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა;

ბ) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელსაც შრომითი ან სამეწარმეო ურთიერთობა აქვს ამ წესის შესაბამისად ავტორიზებულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან. სამეწარმეო ურთიერთობა ნიშნავს სამეწარმეო საზოგადოებაში პირის მონაწილეობას მის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საზოგადოების წილის მესაკუთრე პარტნიორის, აქციონერის ან მეპაიეს სახით.

2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არ შეიძლება იყოს პირი, თუ:

ა) არის ნასამართლევი და ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული;

ბ) არის იურიდიული პირი, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში;

გ) იყო იმ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, ან სარევიზიო ორგანოს წევრი, რომლის მიმართაც სისხლისსამართებრივი დევნა დაიწყო მისი უფლებამოსილების პერიოდში განხორციელებული ქმედებისათვის და კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში;

დ) არის იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი არიან ნასამართლევი და ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვთ მოხსნილი ან გაქარწყლებული;

ე) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვის დროისთვის არაუმეტეს 5 წლით ადრე იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაკოტრებულად გამოცხადებული იმ სუბიექტ(ებ)ის პარტნიორი/დამფუძნებელი/მონაწილე ან/და ხელმძღვანელობასა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც განსაზღვრულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი საქმიანობა შეუთავსებელია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობასთან;

ზ) იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

მუხლი 3. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

2. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია:

ა) დააწესოს ავტორიზაციის მაძიებელი პირის განცხადებების განხილვისა და ავტორიზაციის მინიჭებისთვის გადაწყვეტილების მიღების პერიოდი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს;

ბ) განიხილოს ავტორიზაციის მაძიებელი პირის განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის მინიჭების, ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ;

გ) შეამოწმოს ავტორიზაციის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორე; საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს ავტორიზაციის მაძიებელ პირს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა;

დ) უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროცესის ზედამხედველობა;

ე) აწარმოოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრი.

3. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციას ახორციელებს არაუმეტეს წელიწადში ორჯერ, მის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ავტორიზაციის თითოეული პერიოდისთვის განსაზღვრავს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ვაკანტური ადგილების რაოდენობას.

4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 4. ავტორიზაციისთვის წარსადგენი დოკუმენტები

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის მაძიებელი პირი აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ ფორმას.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში (წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარმოდგენისას – წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად):

ა.ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი – დიპლომი ან/და ცნობა;

ა.გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.დ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

ა.ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ, გაცემული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

ა.ვ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან;

ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული ორი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;

ა.თ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მზღვეველის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი გაიცემა განმცხადებლის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

ა.ი) ბიომეტრული ფოტოსურათი;

ა.კ) უმაღლესი განათლების შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა.ა“,
„ა.ვ“,  „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად:

ბ.ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ბ.ბ) ცნობა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, გაცემული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვის დროისთვის არაუმეტეს 3 თვით ადრე;

ბ.გ) ინფორმაცია შრომით ან სამეწარმეო ურთიერთობაში მყოფი ამ წესის შესაბამისად ავტორიზებული პირის/პირების შესახებ, რომლებიც შეასრულებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ფუნქციებს იურიდიული პირის სახელით, აგრეთვე შესაბამისი ფუნქციების განხორციელებაზე ამ პირთა წერილობითი თანხმობა;

ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებთან შრომითი ან სამეწარმეო ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ.ე) ცნობა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის ნასამართლობის შესახებ, გაცემული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

ბ.ვ) წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადებას წარადგენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი;

ბ.ზ) განცხადების წარმდგენის პირადობის მოწმობის ასლი;

3. ავტორიზაციის მაძიებელი პირი განცხადებაზე ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორეს.

4. თუ ავტორიზაციის მაძიებელი პირი ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვისას წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მზღვეველის მიერ გაცემულ ცნობას, ხოლო ავტორიზაციის გაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვერ წარადგენს შესაბამის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისს, ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოუფლებამოსილია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს შეუწყვიტოს ავტორიზაცია.

5. თუ განცხადება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის თაობაზე არ აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო განმცხადებელს აძლევს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში ის დაიშვება გასაუბრებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ.

6. თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ავტორიზაციის მაძიებელ პირთან ტარდება გასაუბრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 5. ავტორიზაციის მაძიებელ პირთან გასაუბრება

1. ავტორიზაციის მაძიებელ ფიზიკურ პირთან გასაუბრებას ატარებს ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოს მიერ შექმნილი კომისია განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ავტორიზაციის მაძიებელ პირს გასაუბრების თარიღი უნდა ეცნობოს გასაუბრების ჩატარებამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე.

2. კომისია შედგება 4 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან: აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი (კომისიის თავმჯდომარე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მუდმივი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომლის ჩანაცვლებაც ხდება თითოეული ავტორიზაციის პერიოდისათვის.

3. კომისიის სხდომების მოწვევას და ორგანიზებას უზრუნველყოფს ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო.

4. ავტორიზაციის მაძიებელ პირთან გასაუბრება კომისიის თითოეული წევრის მიერ ფასდება 5-ქულიანი სისტემით, შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

ა) ავტორიზაციის მაძიებლის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება;

ბ) ავტორიზაციის მაძიებლის ხედვა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობის ხარისხის ხელშეწყობისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრების შესაძლებლობების შესახებ;

გ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის კეთილსინდისიერად გაძღოლის შესაძლებლობა;

დ) ავტორიზაციის მაძიებელი პირის პროფესიული დამსახურება ან პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილი, გამოცდილება და განგრძობადი პროფესიული განვითარების პერსპექტივები;

ე) პროფესიული გაერთიანების წევრობა;

ვ) პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ხარისხისა და სამომავლო რისკების შეფასება;

ზ) საქმიანობის განხორციელების ობიექტური შესაძლებლობა, მათ შორის, ტერიტორიული დაფარვის გათვალისწინებით.

5. გასაუბრების ეტაპი გავლილად ჩაითვლება, თუ კომისიის წევრთა მიერ ავტორიზაციის მაძიებელი პირის ჯამური შეფასება არ არის 12 ქულაზე ნაკლები.     

6. გასაუბრების შედეგების შესახებ კომისია ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ავტორიზაციის მაძიებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, კომისიის წევრის (იდენტიფიცირების გარეშე) ინდივიდუალური დასაბუთებული შეფასება და მიღებული ჯამური ქულა.

7. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში, ავტორიზაციის მაძიებელი პირისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებასთან ერთად.

 

მუხლი 6. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გასაუბრების დასრულებიდან 10 დღის ვადაში. ავტორიზაციის მინიჭება ხდება გასაუბრების შედეგად უმაღლესი ჯამური ქულების მქონე კანდიდატებისთვის, ვაკანტური ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით. თუ ერთნაირი ჯამური ქულების მქონე ავტორიზაციის მაძიებელი ყველა პირისთვის შეუძლებელია ავტორიზაციის მინიჭება საკმარისი ვაკანტური ადგილის არარსებობის გამო, უპირატესობა მიენიჭება იმ პირს, რომელსაც სერტიფიცირების პროგრამაში მიღებული აქვს უფრო მაღალი ქულა. თანაბარი ქულების შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

2. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

3. პირის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შემთხვევაში მისი მონაცემები აისახება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში.

 

მუხლი 7. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციებთან თანამშრომლობა

1. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ამ წესით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში თანამშრომლობს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა მიერ დაფუძნებულ ასოციაციებთან.

2. ამ წესის მიზნებისათვის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციად ჩაითვლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელშიც გაწევრიანებულია ამ წესის შესაბამისად ავტორიზებულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა არანაკლებ 2/3, რომელსაც მიღებული აქვს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიული ეთიკის კოდექსი და ახორციელებს ზედამხედველობას მის დაცვაზე.

3. ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოსა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგი ფორმით:

ა) ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრამდე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის მოსაზრებების მიღება;

ბ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის მიერ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობაში მუდმივი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის წარდგენა;

გ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიული ეთიკის კოდექსის პროექტზე ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოს მოსაზრებების მიღება;

დ) თანამშრომლობის სხვა ფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის პროცესის სრულყოფას და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის განვითარებას.

 

მუხლი 8. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის სახეები

1. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ამ წესის შესაბამისად გასცემს დროებით და მუდმივ ავტორიზაციას.

2. დროებითი ავტორიზაცია მოქმედებს ავტორიზაციის მიღებიდან არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში.

3. დროებითი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი უფლებამოსილია მუდმივი ავტორიზაციის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართოს ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციიდან 2 კალენდარული წლის შემდეგ, თუ განმცხადებელი დოკუმენტურად დაადასტურებს, რომ:

ა) დროებითი ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ მას მიღებული აქვს მონაწილეობა არანაკლებ ორ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველად, რეაბილიტაციის ზედამხედველად ან რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად;

ბ) არის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის წევრი.

4. თუ დროებითი ავტორიზაციის პერიოდში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შეძლო არანაკლებ ორ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, თუ ამ პერიოდში საქმე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მასზე არ განაწილებულა, ან, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, არსებობდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების საფუძველი, მოთხოვნის შემთხვევაში, მას მიენიჭება დროებითი ავტორიზაცია დამატებით 1 წლის ვადით. ამ ხნის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პირს შეუწყდება დროებითი ავტორიზაცია, რომლის ხელახლა მისაღებად მან სრულად უნდა გაიაროს ამ წესით განსაზღვრული პროცედურები.

5. ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო განცხადებას მუდმივი ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე განიხილავს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას მუდმივი ავტორიზაციის მინიჭების/მუდმივი ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის ან განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს განესაზღვრება 5 კალენდარული დღე. ამ ვადის გასვლის ან მუდმივი ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია ხელახლა მიმართოს ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს მუდმივი ავტორიზაციის მინიჭების მოთხოვნით.

 

მუხლი 9. ავტორიზაციის შეწყვეტა

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოში წარდგენილი წერილობითი განცხადება ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა.ა) განმცხადებლის სახელსა და გვარს;

ა.ბ) თანხმობას იმის თაობაზე, რომ ავტორიზაციის შეწყვეტის შემდეგ ის ითანამშრომლებს მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეებზე დანიშნულ ახალ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან, მათ შორის, მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას/დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ წარმოებულ გადახდისუუნარობის საქმესთან;

ბ) გადახდისუუნარობის საქმეზე გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველად, რეაბილიტაციის ზედამხედველად ან რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად დანიშვნაზე ზედიზედ  სამჯერ უარის თქმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი დაასაბუთებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული აცილების საფუძვლების არსებობას;

გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში - სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) მუდმივი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა;

ზ) პროფესიული გაერთიანებიდან გარიცხვა მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველზე;

თ) იმ ფაქტის გამჟღავნება, რომ ავტორიზაციის შესახებ განცხადების წარდგენისას შესაბამისმა პირმა ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს მიაწოდა არასწორი/არაზუსტი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის დროულად აღმოჩენა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციაზე უარის თქმას გამოიწვევდა, ან ავტორიზაციის განმახორციელებლ ორგანოს მიაწოდა ყალბი ინფორმაცია; იურიდიული პირის შემთხვევაში, დამატებით  - თუ განცხადება წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ი) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ამ წესით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და საქმიანობის ვადის განმავლობაში მისი მოქმედების ამოწურვა. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის გარეშე არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით არ წარმოადგენს ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძველს;

კ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ავტორიზაციის ვადის გასვლა, თუ ამ ვადის გასვლამდე შესაბამის პირს არ მიენიჭა მუდმივი ავტორიზაცია;

ლ) იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმეში იურიდიული პირის სახელით მონაწილეობს მხოლოდ ერთი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ფიზიკური პირი – ამ პირის ავტორიზაციის შეწყვეტა, მასთან  იურიდიული პირის შრომითი ან სამეწარმეო ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი თანხმობის გაუქმება იურიდიული პირის სახელით გადახდისუუნარობის საქმეში მონაწილეობაზე;

მ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი გარდაცვალება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი რეგისტრაციის გაუქმება ან ლიკვიდაციის/გაკოტრების პროცედურების დაწყება;

ნ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის წარმოშობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტას და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში შესაბამისი შესწორების შეტანას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

თავი II

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა

 

მუხლი 10.  გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების წესი და სერტიფიცირებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა წარმოადგენს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის სავალდებულო წინაპირობას, რომელიც უზრუნველყოფს პირის თეორიული და პრაქტიკული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის კვალიფიციურ ინტეგრაციას.

2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის მონაწილე შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით ავტორიზაციის მაძიებლისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა ორი საფეხურისგან შედგება:

ა) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი;

ბ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

მუხლი 11. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი წარმოადგენს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დამტკიცებულ, კონკრეტული შინაარსის, სულ მცირე, 85 საათიან მოდულს, რომელიც მოიცავს საბაზისო საკითხებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში. სასწავლო კურსის შინაარსს (კურსის აღწერა, სწავლების მეთოდოლოგია და დღის წესრიგი) ამტკიცებს და აქვეყნებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსზე მიღების გამოცხადებამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე.

2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის თითოეულ სესიაზე მონაწილეთა დასაშვები რაოდენობაა არაუმეტეს 25 მსმენელისა.

3. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის მიმდინარეობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტრენერების საკმარისი რაოდენობის მონაწილეობა. ტრენერობის კანდიდატთა შერჩევისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანო ითვალისწინებს ტრენერობის კანდიდატის პრაქტიკულ, პედაგოგიურ და პროფესიულ გამოცდილებას კონკრეტული სასწავლო მოდულის მიმართულებით.

4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მოდულებს:

ა) გადახდისუუნარობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის საფუძვლები (30 საათი);

ბ) სამეწარმეო სამართლის საფუძვლები (5 საათი);

გ) საგადასახადო სამართლის საფუძვლები (10 საათი);

დ) საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის საფუძვლები (5 საათი);

ე) სახელშეკრულებო და შრომითი სამართლის საფუძვლები (5 საათი)

ვ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ზოგადი უნარ-ჩვევები (20 საათი);

ზ) პროფესიული ეთიკა (10 საათი).

5. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის  მონაწილე, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსის რომელიმე მოდულის შემუშავებაში/მომზადებაში ან არჩეულია რომელიმე მოდულის ტრენერად, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანოსადმი შესაბამისი განცხადებით მიმართვისა და საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე თავისუფლდება ამ კონკრეტული მოდულის/მოდულების გავლის ვალდებულებისაგან.

6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებელი ორგანო გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის გავლის თაობაზე ცნობას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მონაწილე პირის სასწავლო კურსზე დასწრების მაჩვენებელი შეადგენს არანაკლებ 75 საათს. ცნობა სასწავლო კურსის გავლის შესახებ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საფუძველია.

7. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის საფასური შეადგენს 1900 ლარს.

 

მუხლი 12. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობით, ტესტირების გზით.

2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე აპლიკანტების რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით, რეგისტრაციის გამოცხადებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით აპლიკანტი ვალდებულებია გადაიხადოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის განსაზღვრული საფასური. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები აღარ მიიღება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტს არ აქვს გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.   

4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის აპლიკანტმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი – დიპლომი და/ან ცნობა;

ბ) ცნობა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის დასრულების შესახებ;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) ბიომეტრული ფოტოსურათი;

ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5. თუ აპლიკანტი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან საბუთები არ არის წარმოდგენილი დადგენილი წესის დაცვით, აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება) 100 საგამოცდო კითხვას მოიცავს. თითოეული საგამოცდო კითხვის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით. ტესტირების შედეგების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა.

7. აპლიკანტს, რომელიც ტესტირებაზე დააგროვებს 75 ან მეტ ქულას, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება.

8. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში აპლიკანტი მომდევნო გამოცდაზე დაიშვება ხელახალი რეგისტრაციისა და გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ.

9. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150  ლარს.

10. გადახდისუუნარობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება პირს ეძლევა შეუზღუდავად.

11. აპლიკანტი უფლებამოსილია გამოცდის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს საპრეტენზიო განცხადება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ხოლო ცენტრის მიერ პრეტენზიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში – მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით.

12. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამის მონაწილეს გადაეცემა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის ფლობაც მას ანიჭებს უფლებამოსილებას,  ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს მიმართოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით.

 

თავი III

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრი

 

მუხლი 13. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრი და მის წარმოებაზე უფლებამოსილი პირი

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრი (შემდგომ – რეესტრი) არის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შესახებ მონაცემების სისტემური ერთობლიობა.

2. რეესტრის წარმოებას და რეესტრის მონაცემთა საჯაროობას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

მუხლი 14. რეესტრის მონაცემები

1. რეესტრში აღირიცხება პირი, რომელსაც ამ ბრძანებით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაცია.

2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

3. რეესტრი ივსება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფორმის მიხედვით. მასში აისახება შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მონაცემები ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ;

გ) სამუშაო ადგილის მისამართი, ხოლო იურდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;

დ) ავტორიზაციის სახე (დროებით, მუდმივი), ნომერი და გაცემის თარიღი;

ე)  რეესტრში რეგისტრაციის ნომერი;

ვ) იურიდიული პირის შემთხვევაში – დამატებით, ინფორმაცია შრომით ან სამეწარმეო ურთიერთობაში მყოფი, ამ წესის შესაბამისად ავტორიზებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის/პრაქტიკოსების  შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, იურიდიული პირის სახელით მონაწილეობა მიიღონ გადახდისუუნარობის საქმეში გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველად, რეაბილიტაციის ზედამხედველად ან რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად;

ზ) შენიშვნები გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობის შესახებ.

4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომლის შესახებ მონაცემებიც რეესტრში შეტანილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი იურიდიული პირის (გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის) წარმომადგენელი.

5. თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შესახებ მონაცემები რეესტრში შეტანილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის რეესტრში ვერ დარეგისტრირდება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო რეგისტრირებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ამოირიცხება რეესტრიდნ.

6. რეესტრში აღრიცხული პირის მონაცემების რეესტრიდან ამოღება ხდება ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად ავტორიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში.

 

თავი IV

   გადახდისუუნარობის საქმეზე გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევა

 

მუხლი 15. საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი და პრინციპები

1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რიცხვების გენერირების ალგორითმის საფუძველზე. შემთხვევითი განაწილების პრინციპი გულისხმობს ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმის განაწილებას ამ წესით დადგენილი პროცედურის შესაბამისად ავტომატურად შერჩეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსზე.

2. ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით შერჩევა, რაც გულისხმობს შერჩევას შესაბამისი განცხადების სასამართლოში შეტანის რიგითობის მიხედვით, რეესტრში არსებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაცემების ანბანური თანმიმდევრობით.

3. ელექტრონულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებს შორის გადახდისუუნარობის საქმეთა შეძლებისდაგვარად თანაბარი განაწილება. თუ რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმეში იურიდიული პირის სახელით მონაწილეობაზე უფლებამოსილია ერთზე მეტი ავტორიზებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ფიზიკური პირი, ამ იურიდიულ პირზე საქმე განაწილდება შესაბამისი ფიზიკური პირების რაოდენობის პროპორციულად.

4. საქმეთა თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად ელექტრონული სისტემა გამოითვლის განაწილებულ საქმეთა საშუალო მაჩვენებელს, აგრეთვე თითოეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსზე განაწილებულ საქმეთა რაოდენობას.

5. ელექტრონულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმეების ცალ-ცალკე აღრიცხვა და დამუშავება იმ პრინციპით, რომ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმეები, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის დაცვით, ყველა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსზე შეძლებისდაგვარად თანაბრად განაწილდეს.

6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ გადახდისუუნარობის საქმეთა რაოდენობებს შორის სხვაობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესის დაცვით, არ უნდა აღემატებოდეს ორს. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის სხვაობა გაუტოლდება ორს, გადახდისუუნარობის ის პრაქტიკოსი, რომელზეც ყველაზე მეტი საქმეა განაწილებული, გამოეთიშება საქმეთა ელექტრონული განაწილების პროცესს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის განაწილებულ საქმეთა რაოდენობებს შორის სხვაობის შემცირებამდე.

7. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების, აგრეთვე ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძვლის არსებობისას ელექტრონული შერჩევის პროცესი ხელახლა განხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ გადახდისუუნარობის საქმეთა რაოდენობებს შორის ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული თანაფარდობის დასაცავად რეესტრში ახლად რეგისტრირებული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის დამატებისას ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს  გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმეების მიხედვით ყველაზე ნაკლები მაჩვენებლის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან მის პირობით გათანაბრებას.

9. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა შორის ამ მუხლის შესაბამისად საქმეთა განაწილების მიზნით, რეესტრის მონაცემები აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ელექტრონული სერვისის სახით მიეწოდება სასამართლოს.

 

     თავი V

   გარდამავალი დებულებანი

 

მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი

1.  „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილეები, რომლებთაც შესრულებული აქვთ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციები, პირადი განცხადების საფუძველზე, აღირიცხებიან გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში. დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა ერთვოდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. გადაწყვეტილებას რეესტრში პირის აღრიცხვის თაობაზე განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო. ამ პირთა რეგისტრაცია მოქმედებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ კატეგორიის პირთა რეესტრში რეგისტრაცია აღარ დაიშვება, ხოლო რეგისტრირებული პირი ამოირიცხება რეესტრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ამ ვადის გასვლამდე გაივლის ავტორიზაციას ამ ბრძანებით დადგენილი ზოგადი წესით.  

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის II თავით გათვალისწინებული სერტიფიცირების ეტაპის გასავლელად შესაბამისი განცხადებების მიღება დაიწყოს 2021 წლის 1 აპრილიდან, ხოლო 2021 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პირველი ნაკადის სერტიფიცირების პროცესის დასრულება ამ ბრძანებით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამ პუნქტის მიზნებისთვის, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი სასწავლო კურსის შინაარსს (კურსის აღწერა, სწავლების მეთოდოლოგია და დღის წესრიგი) ამტკიცებს და აქვეყნებს  გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის დაწყებამდე 10 კალენდარული დღით ადრე. განცხადების წარდგენა ხდება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეკომენდაციო წერილის დაურთველად.

3. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის შექმნამდე, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა მიერ ამ ბრძანებით დადგენილი წესით მუდმივი ავტორიზაციის მიღებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ავტორიზაციის მქონე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ნაცვლად, გასაუბრების კომისიის წევრად შეარჩევს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირს.   

4. საქმეთა განაწილების მიზნებისთვის ელექტრონული სისტემის ამოქმედების მომენტისათვის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება.

5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2021 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პირველი ნაკადის ავტორიზაციის პროცესის წარმართვა და დასრულება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ვაკანტური ადგილების განსაზღვრის გარეშე, ამ ბრძანებით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.