ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 240130000.35.132.016512
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
30/03/2021
ვებგვერდი, 31/03/2021
240130000.35.132.016512
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/03/2021 - 27/04/2021)

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2021 წლის 30 მარტი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობე­ბის რეგულირების წესი, დანართი №1-ს შესაბამისად;

ბ) ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სავაჭრო-სარეალიზაციო ნივთების განთავსების დასაშვები პარამეტრების ცხრილი (ველობილიკის გამოკლებით), დანართი №2-ს შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის  საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02.03.2011წ., №240130000.35.132.016037).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე



დანართი 1

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო და ამოცანები
1. ეს წესი არეგულირებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში  მუნიციპალიტეტი) ტერიტო­რიაზე გარე ვაჭრობის ადგილ(ებ)ის განსაზღვრის და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსების, ასევე ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს.

2. ამ წესის ამოცანებია:

ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა;

დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარე ვაჭრობა:

ა.ა) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციე­ბიდან (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);

ა.ბ) ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი­დან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეცია­ლური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეცია­ლური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;

ბ) ნივთის რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით ნივთის შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა;

გ) მომსახურების გაწევა – სხვა პირის სასარგებლოდ სასყიდლით ან უსასყიდლოდ ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რაც ამ წესის შესაბამისად არ განიხილება ნივთის რეალიზა­ციად.


მუხლი 3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ საამისოდ განსაზღვ­რულ ადგილებზე. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინ­ტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდ­გომ­ში - აღმასრულებელი ორგანო).

2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის მიზნით აღმასრულე­ბელი ორგანო უფლებამო­სი­ლია თითოეული ან რამოდენიმე ან/და ყველა საზოგადოებრივი სივრცი­სათვის დაამტკიცოს გარე ვაჭრობის ადგილების გეგმა.

3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;

ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;

გ) სატრანსპორტო ნაკადი;

დ) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა;

ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;

ვ) საგზაო მოძრაობის წესები;

ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა;

თ) საზოგადოების სხვა ინტერესები.

4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად აღმასრულებელი ორგანო უფლებამო­სილია გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძა­ლულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, ასევე დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.

5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს არა უმეტეს ორი წლის ვადით ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდე­ბულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრუ­ლია გარე ვაჭრობის ადგილად.

  6. აღმასულებელი ორგანო უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

  7. ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ან/და გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსების ადგილები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართი №2-ს შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარე ვაჭრობის ადგი­ლების განსაზღვრა ხდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

  8. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ნივთის (ობიექტის) განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.


მუხლი 4. გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემა, სარგებლობის ქირის საფასური და მისი განსაზღვრის წესი და გარე ვაჭრობისათვის საზოგა­დოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემა ხდება სასყიდლით. გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცე სარგებლობის უფლებით შეიძლება გაიცეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინე­ბული შემთხ­ვევებისა.

2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრ­ცის სარგებლობის უფლებით გაცემას ახდენს აღმასრულებელი ორგანო, პირდაპირი განკარგვისას მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდ­გომში  საკრებულო) თანხმობით.

3. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლების მოპოვებისთვის ან უფლების ვადის გაგრძელებისათვის, დაინ­ტერესებული პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში  მერია).

4. განცხა­დება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმი­ნისტ­რაციული კოდექსი“ 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს:

ა) დაინტერესებული პირის სახელს და მისამართს;

ბ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილის ზუსტ დასახელებას;

გ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, რომელზეც ითხოვს გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებ­ლო­ბის უფლების მოპოვებას, უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას;

დ) მითითებას, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებს;

ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული პირის აზრით მნიშვნელობა აქვს საკითხის განხილვისას.

5. განცხადებას უნდა დაერთოს დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი, საჭი­როებისას საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სავაჭრო-სარეა­ლიზაციო დანიშნუ­ლე­ბის განსათავსებელი ნივთის არქიტექტურული ესკიზი (პროექტი, ფოტო) A-4 ფორ­მატზე, ზომების ჩვენებით, განთავსების ადგილის პანორამული ფოტოესკიზი, ხოლო თუ დაინ­ტერესე­ბული პირი იურიდიული პირია ასევე ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერ­ციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

6. გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებ­ლო­ბის უფლების ვადის გაგრძე­ლებით დაინტერესებული პირი ვალ­დებულია განცხადებას დაურთოს სავაჭრო-სარეალიზაციო ნივთის არქიტექტურული ესკიზი ან ესკიზური ნახაზი ან ფოტოესკიზი, ნებართვის გაცემის დღიდან განთავსებული ნივთების შესაბამისად (უცვლელ მდგომარეობაში).

7. აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებ­ლო­ბის უფლებით გაცემის თაობაზე მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თ­ლებრივი აქტის (ბრძანება, წერილი) სახით ან დაინტერესებულ პირსა და აღმასრულებელ ორგა­ნოს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი უნდა ადგენდეს:

ა) გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებ­ლო­ბის უფლების ვადას. თუ პირს სარგებლობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრო­ბის ადგილად, სარგებლობის უფლება არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული ადგილისათვის განსაზღვრულ ვადას;

ბ) გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებ­ლო­ბისათვის ქირის საფასურს;

გ) საფასურის გადახდის ვადებს;

დ) საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს ოდენობას;

ე) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა;

ვ) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრო­ბისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებ­ლო­ბის უფლება;

ზ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფ­თავის) დაცვის ვალდებულებაზე;

თ) მითითებას წყლის და დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულე­ბაზე;

ი) მითითებას გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებ­ლო­ბის უფლებით გაცე­მის შესახებ გადაწყვეტილების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თ­ლებრივი აქტი/ხელ­შეკრულება) გაუქ­მების საფუძვლების თაობაზე;

კ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებ­ლო­ბის უფლების გადაცემისათვის.

9. თუ ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ხდება ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეცია­ლური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება, პირს გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სასყიდლიანი სარგებ­ლობის უფლება გადაეცემა პირდაპირი განკარგვის წესით აღმასრულებელი ორგანოს მიერ, საკრებულოს თანხმობით, თუ აღნიშნული საზოგა­დოებრივი სივრცე ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად გან­საზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე ვაჭრობისათვის საზო­გა­დოებრივი სივრცის სარგებ­ლობის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომლის საკუთრებაში იმყოფება უშუალოდ საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ არსებული ის მიწის ნაკვეთი ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საიდანაც ხდება ნივთის რეალი­ზა­ცია/მომსახურების გაწევა. თუ მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე და მოსარ­გებლე სხვადასხვა პირია, ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობისათვის საზო­გა­დოებრივი სივრცის სარგებლობის უფლება ენიჭება პირს, რომლის სარგებლობაში და შესაბამისად პირდაპირ მფლობელობაშიც იმყოფება შენობა-ნაგებობა, საიდანაც ხდება ნივთის რეალიზა­ცია/მომ­სახურების გაწევა, ხოლო უფლება გაიცემა შენობა-ნაგებობის სარ­გებ­ლობის ვა­დით, მაგრამ არა უმეტეს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადისა.

11. გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის ქირის საფა­სურის ოდენობა და გარე ვაჭრობისათვის საზოგა­დოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მთავ­რობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფ­ლებებით გადაცემის, საწყისი საპრივა­ტიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცე­მის, საწყისი საპრივატიზებო საფასუ­რის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვ­რისა და ანგარიშსწორების წესები“-თ. გარე ვაჭრობი­სათ­ვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის ქირის საფა­სურის ამოღებას ახორ­ციე­­ლებს მერია.

12. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებ­ლობით, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, საქართველოს მთავ­რობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფ­ლებებით გადაცემის, საწყისი საპრივა­ტიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცე­მის, საწყისი საპრივატიზებო საფასუ­რის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვ­რისა და ანგარიშსწორების წესები“-თ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის №37 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესები“-თ.


მუხლი 5. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ობიექტების განთავსება
1. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ან/და ისეთი ნივთი, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭ­რობისათვის.

2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე განთავსებული I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ითვლება დროებით შენობა-ნაგებობად და გადაწყვეტილება არქიტექტურული ესკიზის შეთანხმების თაობაზე ძალაშია გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილე­ბელია დროებითი შენობა-ნაგებობობის დემონტაჟი (დაშლა, დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

3. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა ხდება საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტუ­რული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით. ამასთანავე, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებ­ლობისას, პირი ვალდებულია განცხადებას დამატებით დაურთოს გარე ვაჭრობისათვის საზოგა­დოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

4. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ისეთი ნივთის განთავსება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის, დასაშვებია აღმასრულებელი ორგანოს მიერ საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად შეთანხმებული არქიტექტურული ესკიზის საფუძველზე.


მუხლი 6. გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს უფლების გამცემისა და უფლების მიმღები პირის ერთობ­ლივი გადაწყვეტილებით.

2. უფლების გამცემი ორგანოს მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:

ა) გაფრთხილების მიუხედავად, დაწესებულ ვადაში უფლების მიმნიჭებელი აქტით ან წინამდე­ბარე წესით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებ­ლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებების განმეორებით დარღვევა ან/და დარღვევის გამოუსწო­რებლობა;

ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;

გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;

დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელიც განსაზღვრული იყო გარე ვაჭრობისათვის, აღარ განსაზღვრავს გარე ვაჭრობის ადგილად;

ე) ადგილი, რომელიც განსაზღვრული იყო გარე ვაჭრობისათვის, საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტ­რუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის.

3. გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, უფლების გამცემის ან/და უფლების მიმღები პირის მიერ ცალმხვივად შეიძლება გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველითაც, რომ­ლებიც ამ წესით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, უფლების მიმღებ პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული უფლების მიმნიჭებელი აქტით, ასევე, არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა თუ გადაწყვეტილების გაუქმება უფლების გამცემი ორგანოს მიერ მოხდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ან/და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით ან/და გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად უდევს უფლების გამცემის ბრალეული ქმედება.

5. ამ მუხლის შესაბამისად გარე ვაჭრობისათვის საზოგადოებრივი სივრცის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში უფლების მიმღები პირი ვალდებულია დაუყონებლივ წაიღოს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლების გამცემი უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილის უფლების მიმღები პირის მიერ განთავსებული ნივთებისაგან გათავისუფლება, რა დროსაც უფლე­ბის გამცემს არ აკისრია აღნიშნული ნივთების დაცვისა და შენახვის ვალდებულება.


მუხლი 7. ბაზრისა და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის ძირითადი პირობები
1. ამ მუხლის შესაბამისად სავალდებულოა მოეწყოს ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორია, თუ ნივთის რეალიზაცია ხდება მხოლოდ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სტაციონალური არქიტექ­ტუ­რული ფორმიდან ან/და არასტაციონალური კონსტრუქციიდან ან/და მიწის ნაკვეთზე განთავ­სებულ შენობაში იმდაგვარად, რომ ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სავალდე­ბულოა ბაზრის ან ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორია მოეწყოს იმდაგვარად, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სტაციონალური არქიტექტურული ფორმა ან/და არასტაციონალური კონსტრუქცია ან/და ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა), რომელიც უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს, არ ჩანდეს საზოგა­დოებრივი სივრციდან.

3. აკრძალულია ბაზრის ან/და ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გამოყენებით გარე ვაჭრობის განხორციელება.

4. ბაზარი ან/და ბაზრობა უნდა მოეწყოს იმდაგვარად, რომ ბაზრის ან ბაზრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დარჩეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საკმარისი ადგილები.

5. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემისას დაიცვას ამ მუხლის მოთხოვნები.

6. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ბაზრობის მიმართ, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბაზრობისათვის.

7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება ბაზრისა და ბაზრო­ბების მიმართ, როცა ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტების (დახლი, მცირე არქიტექ­­ტუ­რული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსება ხდება აღმასრუ­ლებელ ორგანოსთან შეთანხმებული ესკიზის (არქიტექტურული ესკიზი) შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტების (დახლი, მცირე არქიტექ­ტუ­რული ფორმები და სხვა) ბაზრის ან/და ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსების სქემას, წყობას და არქიტექტურულ იერსახეს.


მუხლი 8. საგამონაკლისო რეგულირება
1. აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია უქმე დღეებისათვის, ასევე ბათუმისათვის მნიშვ­ნელობის მქონე სხვა დღეებისათვის განსაზღვროს ადგილები, სადაც გარე ვაჭრობა დასაშვებია წინამდებარე წესის მე-3-მე-6 მუხლების დაუცველად, ასევე განსაზღვროს აღნიშნულ ადგილებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ობიექტების განთავსების პირობები.

2. აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია საზოგა­დოებრივ სივრცეებში განსაზღვროს ადგი­ლები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბების ბაზრობისათვის, ასევე შეიმუშაოს და დაადგინოს აღნიშნული ადგილებით სარგებლობის სხვა მოთხოვნები.


მუხლი 9. წესის დარღვევა
1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვათა კოდექსის 153​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.

2. „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების თანახმად, დაუშვებელია სუნელებითა და სანელებ­ლებით გარე ვაჭრობა.



დანართი 2

 

ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე
სავაჭრო-სარეალიზაციო  ნივთების განთავსების დასაშვები 
პარამეტრების ცხრილი (ველო ბილიკის გამოკლებით)

 

საზოგადოებრივი ადგილების (ტროტუარი და სხვა) სიდიდე (მ)

ხილ-ბოსტნეულის ვერტ. დახლის კონსტრუქცია,   სავაჭრო მოწყობილობა

მაგიდა სკამების განთავსება საზ. ადგილებში       (ტროტუარი და სხვა) (მ)

ღია ან დახურული კაფე-რესტორანის მოწყობა (მ)

საზ. ადგილების (ტროტუარი და სხვა)       დარჩენილი სიფართე (მ)

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

1.

1,5

_

_

_

1,5

 

2.

2.0

_

_

_

2.0

 

3.

2,5

_

_

_

2,5

 

4.

3.0

0,75

 

_

2,3

 

5.

3,5

0,75

 

_

1,8

 

6.

4.0

0,75

2.0

2.0

1,8

 

7.

4,5

0,75

2,5

2,5

1,8

 

8.

5.0

0,75

3.0

3.0

2.0

 

9.

5,5

0,75

3.0

3.0

2,5

 

10.

6.0

0,75

3.0

3.0

3.0

 

11.

6,5

0,75

3.0

3.0

3,5

 

12.

7.0

0,75

3,5

3,5

3,5

 

13.

7,5

0,75

3,5

3,5

4.0

 

14.

8.0

0,75

4.0

4.0

4.0

 

15.

8,5

0,75

4.0

4.0

4,5

 

16.

9.0

0,75

4

4

5.0

 

17.

9,5

0,75

4,5

4,5

5.0

 

18.

10.0

0,75

4,5

4,5

5,5

 

 


შენიშვნა: პარამეტრები აღებულია სავაჭრო ობიექტის კედლიდან
                  (ტროტუარი) ბორდიურამდე მანძილი