საბჭოს 1991 წლის 21 მაისის დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის შესახებ (91/271/EEC)

საბჭოს 1991 წლის 21 მაისის დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის შესახებ (91/271/EEC)
დოკუმენტის ნომერი 91/271/EEC
დოკუმენტის მიმღები ევროპის გაერთიანებების საბჭო
მიღების თარიღი 21/05/1991
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2021
სარეგისტრაციო კოდი
91/271/EEC
21/05/1991
ვებგვერდი, 21/03/2021
საბჭოს 1991 წლის 21 მაისის დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის შესახებ (91/271/EEC)
ევროპის გაერთიანებების საბჭო

საბჭოს 1991 წლის 21 მაისის

დირექტივა

ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის შესახებ

(91/271/EEC)

ევროგაერთიანებების საბჭომ,

გაითვალისწინა რა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება, კერძოდ, ამ შეთანხმების 130-ე მუხლი,

გაითვალისწინა რა კომისიის წინადადება ([1]),

გაითვალისწინა რა ევროპარლამენტის მოსაზრება ([2]),

გაითვალისწინა რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრება ([3]),

ვინაიდან საბჭოს 1988 წლის 28 ივნისის რეზოლუცია ჩრდილოეთის ზღვისა და ევროგაერთიანების სხვა წყლების დაცვის შესახებ ([4]) მოუწოდებს კომისიას, რომ წარადგინოს წინადადებები ევროგაერთიანების დონეზე საჭირო ზომების შესახებ ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის მიზნით;

ვინაიდან ერთ წევრ სახელმწიფოში არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლებით გამოწვეული დაბინძურება ხშირად გავლენას ახდენს სხვა წევრი სახელმწიფოების წყლებზე; ვინაიდან 130r მუხლის თანახმად, აუცილებელია მოქმედება თანამეგობრობის დონეზე;

ვინაიდან არასაკმარისად გაწმენდილი ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაღვრა გარემოზე უარყოფით გავლენას ახდნს, რომლის აღსაკვეთად ჩნდება ურბანული ჩამდინარე წყლების მეორადი გაწმენდის ზოგადი საჭიროება;

ვინაიდან სენსიტიურ ადგილებში საჭიროა უფრო მკაცრი ზომების მიღება გაწმენდის მიზნით; ვინაიდან ზოგიერთ ნაკლებად სენსიტიურ ადგილზე პირველადი გაწმენდა შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს;

ვინაიდან სამრეწველო საკოლექტორო სისტემებში ჩამდინარე წყლების შესვლა, ასევე ჩამდინარე წყლების ჩაღვრა და ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის ნაგებობებიდან ლექის განთავსება უნდა ექვემდებარებოდეს ზოგად წესებს ან რეგულაციებს და/ან კონკრეტულ ნებართვებს;

ვინაიდან კონკრეტული სამრეწველო სექტორებიდან ბიოდეგრადირებადი სამრეწველო ნარჩენების ჩაღვრა, რომელთა შესვლაც არ ხდება ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებში მათი წყლის მიმღებ ობიექტებში ჩაშვებამდე, უნდა დაექვემდებაროს სათანადო მოთხოვნებს;

ვინაიდან უნდა წახალისდეს ჩამდინარე წყლების გაწმენდიდან წარმოქმნილი ლექის რეციკლირება; ვინაიდან უნდა შეწყდეს ლექის განთავსება ზედაპირულ წყლებში;

ვინაიდან, აუცილებელია გამწმენდი ნაგებობების, წყლის მიმღები ობიექტების და ლექის განთავსების მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს გარემოს დაცვა ჩამდინარე წყლების ჩაშვების უარყოფითი ზეგავლენისგან;

ვინაიდან, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩამდინარე წყლების და ლექის განთავსების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი პერიოდული ანგარიშების სახით;

ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანერგონ და წარუდგინონ კომისიას წინამდებარე დირექტივის განხორციელების ეროვნული პროგრამები;

ვინაიდან უნდა შეიქმნას კომიტეტი, რომელიც დაეხმარება კომისიას წინამდებარე დირექტივის განხორციელების და მის ტექნიკურ პროგრესთან ადაპტაციის საკითხებთან დაკავშირებით;

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

მუხლი 1

წინამდებარე დირექტივა ეხება ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვებას, გაწმენდასა და ჩაშვებას, ასევე გაწმენდასა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებას კონკრეტული სამრეწველო სექტორებიდან.

დირექტივის მიზანია დაიცვას გარემო ზემოთ ხსენებული ჩამდინარე წყლების ჩაშვების უარყოფითი ზეგავლენისგან.

 

მუხლი 2

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის:

1. „ურბანული ჩამდინარე წყლები“ ნიშნავს საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალს ან საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლისა და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ნარევს და/ან წვიმის წყალს;

2. „საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები“ ნიშნავს ჩამდინარე წყალს საცხოვრებელი დასახლებებიდან და მომსახურებებიდან, რომელიც უმეტესად წარმოიშობა ადამიანის მეტაბოლიზმისა და შინასამეურნეო საქმიანობის შედეგად;

3. „სამრეწველო ჩამდინარე წყლები“ ნიშნავს ნებისმიერ ჩამდინარე წყალს, რომელიც ჩაშვებულია სავაჭრო ან სამრეწველო დანიშნულების შენობებიდან, საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლისა და წვიმის წყლის გარდა;

4. „აგლომერაცია“ ნიშნავს ტერიტორიას, სადაც მოსახლეობის და/ან ეკონომიკური საქმიანობის საკმარისი კონცენტრაციაა იმისთვის, რომ ურბანული ჩამდინარე წყლები შეგროვდეს და მიიმართოს ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისკენ ან საბოლოო ჩაშვების პუნქტისკენ;

5. „საკოლექტორო სისტემა“ ნიშნავს არხების სისტემას, რომელიც აგროვებს და მიმართულებას აძლევს ურბანულ ჩამდინარე წყლებს;

6. „1 p.e. (მოსახლეობის ეკვივალენტი)“ ნიშნავს ორგანულ ბიოდეგრადირებად დატვირთვას, რომელიც მოითხოვს ჟანგბადის ხუთდღიან ბიოქიმიურ მოთხოვნას (ჟბმ5) 60 გრამი ჟანგბადის ოდენობით თითოეულ დღეზე;

7. „პირველადი გაწმენდა” ნიშნავს ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდას ფიზიკური და/ან ქიმიური პროცესის მეშეობით, რომელიც მოიცავს წყალში შეტივტივებული მყარი ნაწილაკების დალექვას, ან სხვა პროცესებს, სადაც შემომავალი ჩამდინარე წყლების ჟბმ5 ჩაშვებამდე შემცირებულია სულ მცირე 20 პროცენტით და შემომავალი ჩამდინარე წყლების საერთო შეტივტივებული მყარი ნაწილაკები შემცირებულია სულ მცირე 50%-ით.

8. „მეორადი გაწმენდა” ნიშნავს ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდას პროცესით, რომელიც ზოგადად მოიცავს ბიოლოგიურ გაწმენდას მეორადი დალექვით ან სხვა პროცესს, რომელიც ითვალისწინებს I დანართის 1-ლ ცხრილში წარმოდგენილ მოთხოვნებს;

9. „სათანადო გაწმენდა” ნიშნავს ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდას ნებისმიერი პროცესით და/ან წყალარინების სისტემით, რომელიც ჩაშვების შემდგომ, წყლის მიმღებ ობიექტებს აძლევს საშუალებას შეასრულოს ხარისხის შესაბამისი მიზნები და ამ და ევროგაერთიანების სხვა დირექტივების შესაბამისი დებულებები;

10. „ლექი” ნიშნავს ნარჩენ ლექს, გაწმენდილს თუ გაუწმენდავს, ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან;

11. „აითროფიკაცია” ნიშნავს წყლის ნუტრიენტებით გამდიდრებას, განსაკუთრებით კი აზოტის და/ან ფოსფორის ნაერთებით, რომლებიც იწვევს წყალმცენარეების და მცენარეთა უმაღლესი სახეობების დაჩქარებულ ზრდას და შესაბამისად წყალში არსებული ორგანიზმების ბალანსის არასასურველ დარღვევასა და წყლის ხარისხის გაუარესებას;

12. „ესტუარი” ნიშნავს მდინარის სათავესთან არსებულ გარდამავალ მონაკვეთს მტკნარ და სანაპირო წყლებს შორის. ამ დირექტივის მიზნებისთვის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ ესტუარების გარე საზღვრები (ზღვის მიმართულებით), როგორც განსახორციელებელი პროგრამის ნაწილი, მე-17 მუხლის 1-ლი და მე- 2 პუნქტების დებულებების შესაბამისად.

13. „სანაპირო წყლები“ ნიშნავს წყლებს დაბალი წყლების ჰორიზონტის გარეთ ან ესტუარის გარე საზღვრებზე.

 

მუხლი 3

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა აგლომერაციას ჰქონდეს საკოლექტორო სისტემები ურბანული ჩამდინარე წყლებისთვის,

- არაუგვიანეს 2000 წლის 31 დეკემბრისა იმ შემთხვევაში, თუ მათი მოსახლეობის ეკვივალენტი (p.e) აღემატება 15 000-ს და

- არაუგვიანეს 2005 წლის 31 დეკემბრისა იმ შემთხვევაშ, თუ მათი მოსახლეობის ეკვივალენტი 2 000-დან 15 000-ს შორისაა.

- ურბანული ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად წყლის მიმღებ ობიექტებში, რომლებიც „სენსიტიურ ზონებად” მიიჩნევა მე-5 მუხლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა საკოლექტორო სისტემების არსებობა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრისა იმ აგლომერაციებისთვის, სადაც მოსახლეობის ეკვივალენტი აღემატება 10 000-ს.

იქ, სადაც საკოლექტორო სისტემის დანერგვა არ არის გამართლებული იმის გამო, რომ მისი არსებობა გარემოსთვის სასარგებლო არ იქნება, ან იმიტომ, რომ ეს ზედმეტ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, გამოყენებული უნდა იქნეს ინდივიდუალური სისტემები ან სხვა შესაბამისი სისტემები, რომლებიც გარემოს დაცვის იმავე დონეს უზრუნველყოფს.

2. პირველ აბზაცში აღწერილი საკოლექტორო სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს დანართი I (A)-ს მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების შესწორება შესაძლებელია მე-18 მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 4

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საკოლექტორო სისტემებში შემავალი ურბანული ჩამდინარე წყლები ჩაშვებამდე დაექვემდებაროს მეორად გაწმენდას ან მის ეკვივალენტურ გაწმენდას, შემდეგნაირად:

- არაუგვიანეს 2000 წლის 31 დეკემბრისა იმ აგლომერაციებიდან გამომავალი ყველა სახის ჩაშვების შემთხვევაში, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი (p.e) აღემატება 15 000-ს,

- არაუგვიანეს 2005 წლის 31 დეკემბრისა იმ აგლომერაციებიდან გამომავალი ყველა სახის ჩაშვების შემთხვევაში, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-დან 15 000-მდე მერყეობს,

- არაუგვიანეს 2005 წლის 31 დეკემბრისა მტკნარ წყალსა და ესტუარებში ჩაშვების შემთხვევაში იმ აგლომერაციებიდან, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 2000-დან 10 000-მდე მერყეობს.

2. ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვება მაღალმთიან რეგიონებში (ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა) არსებულ წყლებში, სადაც რთულია ეფექტური ბიოლოგიური წმენდა დაბალი ტემპერატურის გამო, შესაძლოა პირველ აბზაცში აღწერილთან შედარებით ნაკლებად მკაცრ გაწმენდას დაექვემდებაროს იმის გათვალისწინებით, რომ დეტალური კვლევების თანახმად ასეთი ჩაშვება არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე.

3. 1-ელ და მე-2 აბზაცებში აღწერილი ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან ჩამონადენი წყალი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომლებიც მითითებულია დანართში I.B. ამ მოთხოვნების შესწორება შესაძლებელია მე-18 მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

4. მოსახლეობის ეკვივალენტით გამოსახული დატვირთის გამოთვლა ხდება გამწმენდ ნაგებობაში წლის განმავლობაში ყოველკვირეულად შემავალი დატვირთის მაქსიმალური საშუალო ოდენობის საფუძველზე, ისეთი განსაკუთრებული გარემოებების გარდა, როგორსაც იწვევს, მაგალითად, ძლიერი წვიმა.

 

მუხლი 5

1. მე-2 აბზაცის მიზნებისთვის წევრმა სახელმწიფოებმა 1993 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა დადგინონ სენსიტიური ზონები II დანართში დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საკოლექტორო სისტემებში შემავალი ურბანული ჩამდინარე წყლები სენსიტიურ ზონებში ჩაშვებამდე მე-4 მუხლში აღწერილზე უფრო მკაცრ გაწმენდას დაექვემდებაროს, არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრისა, ყველა სახის ჩამონადენისთვის იმ აგლომერაციებიდან, სადაც მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-ს აღემატება.

3. მე-2 აბზაცში აღწერილი ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან ჩამონადენი უნდა აკმაყოფილებდეს დანართი I B-ს შესაბამის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების შესწორება შესაძლებელია მე-18 მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

4. ამასთან, მე-2 და მე-3 აბზაცებში მითითებული მოთხოვნები ინდივიდუალური ნაგებობებისთვის არ ვრცელდება იმ სენსიტიურ ზონებზე, სადაც შეიძლება იმის ჩვენება, რომ ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ყველა ნაგებობის საერთო დატვირთვის მინიმალური პროცენტული შემცირება აღნიშნულ ზონაში არანაკლებ 75%-ს შეადგენს ფოსფორის საერთო ოდენობის და არანაკლებ 75%-ს აზოტის საერთო ოდენობისთვის.

5. ჩამონადენი ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან, რომლებიც სენსიტიური ზონების შესაბამის წყალშემკრებ აუზებში მდებარეობს და იწვევს ამ ზონების დაბინძურებას, ექვემდებარება მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცების დებულებებს.

იმ შემთხვევებში, როდესაც ზემოთ ხსენებული წყალშემკრები აუზები მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა წევრ სახელმწიფოშია განლაგებული, მოქმედებს მე-9 მუხლი.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სენსიტიური ზონების იდენტიფიკაცია გადაიხედოს არაუმეტეს ოთხწლიანი ინტერვალებით.

7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მე-6 აბზაცის შესაბამისად სენსიტიურად განსაზღვრული ზონები შვიდი წლის განმავლობაში აკმაყოფილებდეს ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს.

8. წევრი სახელმწიფო არ არის ვალდებული, განსაზღვროს სენსიტიური ზონები ამ დირექტივის მიზნებისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ის ახორციელებს მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცებით დადგენილ გაწმენდას მთელ თავის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 6

1. მე-2 აბზაცის მიზნებისთვის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომ II დანართში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრონ ნაკლებად სენსიტიური ზონები 1993 წლის 31 დეკემბრისთვის.

2. ურბანული ჩამდინარე წყლების სანაპირო წყლებში ჩაშვება აგლომერაციებიდან 10000-დან 150 000-მდე მოსახლეობის ეკვივალენტით, ხოლო აგლომერაციებიდან 2000-დან 10000-მდე მოსახლეობის ეკვივალენტით - ესტუარებში, რომლებიც პირველი აბზაცით განსაზღვრულ ზონებში მდებარეობს, შესაძლოა, დაექვემდებაროს მე-4 მუხლში აღწერილზე ნაკლებად მკაცრ გაწმენდას იმის გათვალისწინებით, რომ:

- ასეთი ჩამონადენი გაივლის სულ მცირე პირველად გაწმენდას მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დანართში I D მითითებული საკონტროლო პროცედურების შესაბამისად,

- კომპლექსური კვლევები მიუთითებს, რომ ასეთი ჩამონადენი არ მოახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე.

წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა მიაწოდონ ყველა შესაბამისი ინფორმაცია ზემოხსენებულ კვლევებთან დაკავშირებით.

3. თუკი კომისია დაადგენს, რომ მე-2 აბზაცში მითითებული პირობები არ არის დაკმაყოფილებული, მან საბჭოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი წინადადება.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნაკლებსენსიტიური ზონების იდენტიფიკაცია გადაიხედოს არაუმეტეს ოთხწლიანი ინტერვალებით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ზონებმა, რომლებიც აღარ არის იდენტიფიცირებული როგორც ნაკლებსენსიტიური, შვიდი წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები, ვითარებისდა შესაბამისად.

 

მუხლი 7

წევრმა სახელმწიფოებმა 2005 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა უზრუნველყონ, რომ საკოლექტორო სისტემებში შემავალი ურბანული ჩამდინარე წყლები, ჩაშვემამდე დაექვემდებაროს სათანადო გაწმენდას, როგორც ეს მითითებულია მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში, შემდეგ შემთხვევებში:

- მტკნარ წყალსა და ესტუარებში ჩაშვების დროს იმ აგლომერაციებიდან, სადაც მოსახლეობის ეკვივალენტი 2000-ზე ნაკლებია,

- სანაპირო წყლებში ჩაშვების დროს იმ აგლომერაციებიდან, სადაც მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-ზე ნაკლებია.

 

მუხლი 8

1. წევრ სახელმწიფოებს გამონაკლის შემთხვევებში შეუძლიათ ტექნიკური პრობლემების გამო და გეოგრაფიულად განსაზღვრული მოსახლეობის ჯგუფებისთვის წარუდგინონ კომისიას სპეციალური მოთხოვნა მე-4 მუხლის შესასრულებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდის გამოყოფის თაობაზე.

2. ეს მოთხოვნა სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული, მიუთითებდეს არსებულ ტექნიკურ სირთულეებზე და შეიცავდეს სამოქმედო პროგრამის შეთავაზებას შესაბამისი განრიგით, რომელიც დაცული უნდა იქნეს წინამდებარე დირექტივის მიზნის განსახორციელებლად. ეს განრიგი უნდა შედიოდეს განხორციელების პროგრამაში, რომელიც მითითებულია მე-17 მუხლში.

3. მხოლოდ ტექნიკური მიზეზები ჩაითვლება მისაღებად და პირველ აბზაცში მითითებული გახანგრძლივებული პერიოდი არ უნდა გადაცდეს 2005 წლის 31 დეკემბერს.

4. კომისიამ უნდა განიხილოს აღნიშნული მოთხოვნა და მიიღოს შესაბამისი ზომები მე-18 მუხლში გაწერილი პროცედურის შესაბამისად.

5. გამონაკლის გარემოებებში, როდესაც შეიძლება იმის ჩვენება, რომ უფრო მაღალი დონის გაწმენდა არ იქნება გარემოსთვის სასარგებლო, ჩამდინარე წყლების ჩაშვება ნაკლებსენსიტიურ ზონებში იმ აგლომერაციებიდან, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 150 000-ზე მეტია, უნდა დაექვემდებაროს მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გაწმენდას, რომელიც განკუთვნილია ჩამდინარე წყლებისთვის იმ აგლომერაციებიდან, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-დან 150 000-მდეა.

 

ასეთ გარემოებებში წევრმა სახელმწიფომ კომისიას წინასწარ უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. კომისია შეისწავლის საქმეს და მიიღებს შესაბამის ზომებს მე-18 მუხლში გაწერილი პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 9

როდესაც ერთი წევრი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე არსებულ წყლებზე უარყოფით გავლენას ახდენს სხვა წევრი სახელმწიფოს ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვება, იმ წევრმა სახელმწიფომ, რომლის წყლებსაც ზიანი ადგება, უნდა შეატყობინოს მეორე სახელმწიფოსა და კომისიას აღნიშნული ფაქტების შესახებ.

დაინტერესებული წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, თუ საჭიროა კომისიასთან ერთად, კოორდინაციის ორგანიზებას, რაც აღნიშნული ჩამონადენების იდენტიფიცირებისთვის და სათანადო ზომების დასადგენად არის საჭირო, რომლებიც წყაროსთან უნდა იქნეს მიღებული იმ წყლების დასაცავად, რომლებსაც ზიანი ადგება, რათა მიღწეული იქნეს წინამდებარე დირექტივის დებულებების დაცვა.

 

მუხლი 10

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით აგებული ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა, მუშაობა და ტექნიკური მომსახურება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადეკვატური ექსპლუატაცია ნორმალურ ადგილობრივ კლიმატურ პირობებში. აღნიშნული ნაგებობების დაპროექტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სეზონური დატვირთვის ცვალებადობა.

 

მუხლი 11

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ 1993 წლის 31 დეკემბრამდე, სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვება საკოლექტორო სისტემებსა და ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებში დაექვემდებაროს წინასწარ რეგულაციებს და/ან საგანგებო ნებართვებს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ან სათანადო ორგანოს მხრიდან.

2. რეგულაციები და/ან საგანგებო ნებართვა უნდა აკმაყოფილებდეს დანართის I C მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები შეიძლება შესწორდეს მე-18 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად.

3. რეგულაციები და საგანგებო ნებართვა შეიძლება გადაიხედოს და თუ საჭიროა მოხდეს მათი ადაპტირება რეგულარული ინტერვალებით.

 

მუხლი 12

1. გაწმენდილი ჩამდინარე წყლების გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ, როცა ეს მიზანშეწონილია. ჩამდინარე წყლების განთავსების მარშრუტს მინიმუმამდე უნდა დაყავდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობა.

2. ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა ან სათანადო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობიდან ჩამონადენი წყლების ჩაშვება დაექვემდებაროს წინასწარ რეგულაციებს და/ან საგანგებო ნებართვას.

3. მე-2 აბზაცის შესაბამისად გაცემული წინასწარი რეგულაციები და/ან საგანგებო ნებართვა ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან მტკნარ წყლებსა და ესტუარებში ჩაშვებაზე აგლომერაციების შემთხვევაში 2000-დან 10 000-მდე მოსახლეობის ეკვივალენტით, და ნებისმიერი სახის ჩაშვებაზე აგლომერაციების შემთხვევაში 10000 ან მეტი მოსახლეობის ეკვივალენტისთ, უნდა შეიცავდეს პირობებს, რომლებიც აკმაყოფილებს დანართის I B შესაბამის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების შესწორება შესაძლებელია მე-18 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად.

4. რეგულაციები და/ან ნებართვა უნდა გადაიხედოს და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი ადაპტირება რეგულარული ინტერვალებით.

 

მუხლი 13

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ 2000 წლის 31 დეკემბრისთვის III დანართში ჩამოთვლილი სამრეწველო სექტორების კუთვნილი ნაგებობებიდან ჩამონადენი ბიოდეგრადირებადი სამრეწველო ჩამდინარე წყლები, რომლებიც არ გაივლის ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებს წყლის მიმღებ ობიექტში მათ ჩაშვებამდე, აღნიშნული ჩაღვრის წინ აკმაყოფილებდეს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ან სათანადო ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი რეგულაციებით და/ან საგანგებო ნებართვით დადგენილ პირობებს, ყველა იმ ჩაშვების შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება ნაგებობებზე 4000 ან მეტი მოსახლეობის ეკვივალენტით.

2. არაუგვიანეს 1993 წლის 31 დეკემბრისა თითოეული წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანომ ან სათანადო ორგანომ, მრეწველობის შესაბამისი დარგის ხასიათიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს მოთხოვნები ასეთი ჩამდინარე წყლების ჩაშვებისთვის.

3. არაუგვიანეს 1994 წლის 31 დეკემბრისა კომისიამ უნდა მოახდინოს წევრი სახელმწიფოების მოთხოვნების შეჯერება. მანვე ანგარიშის სახით უნდა გამოაქვეყნოს შედეგები და საჭიროებისდა მიხედვით წამოაყენოს შესაბამისი წინადადება.

 

მუხლი 14

1. ჩამდინარე წყლების გაწმენდით წარმოქმნილი ლექის ხელახალი გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ეს მიზანშეწონილია. ჩამდინარე წყლების შეგროვების მარშრუტს მინიმუმამდე უნდა დაყავდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობა.

2. ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა ან სათანადო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრამდე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან წარმოქმნილი ლექის უტილიზაცია დაექვემდებაროს ზოგად წესებს, რეგისტრაციას ან ავტორიზაციას.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრისა ზედაპირულ წყლებში ლექის ჩაშვება გემებიდან ჩარეცხვით, მილსადენებიდან ჩამონადენით ან სხვა გზებით, ეტაპობრივად შეწყდეს.

4. მე-3 პუნქტში ნახსენები ჩაშვების ფორმების აღმოფხვრამდე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ზედაპირულ წყლებში ჩაშვებულ ლექში ტოქსიკური, მდგრადი ან ბიოაკუმულირებადი მასალების ჯამური ოდენობა ლიცენზირებული იყოს ჩასაშვებად და პროგრესულად შემცირდეს.

 

მუხლი 15

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა ან სათანადო ორგანოებმა უნდა გააკონტროლონ:

რომ ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან ჩაშვება აკმაყოფილებდეს I.B დანართის მოთხოვნებს, I.D დანართში დადგენილი საკონტროლო პროცედურების შესაბამისად,

ზედაპირულ წყალში ჩაშვებული ლექის რაოდენობა და შემადგენლობა.

2. უფლებამოსილმა ორგანოებმა ან სათანადო ორგანოებმა უნდა გააკონტროლონ წყლები, რომლებიც ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობიდან ჩაშვებასა და პირდაპირ ჩაშვებას ექვემდებარება მე-13 მუხლის შესაბამისად ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ მიმღებ გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

3. იმ ჩაშვების შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება მე-6 მუხლის დებულებებს და ლექის სანაპირო წყლებში ჩაღვრის შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა მონიტორინგი უნდა განახორციელონ და ჩაატარონ ნებისმიერი სხვა რელევანტური კვლევა, რათა დააზუსტონ, რომ ჩაშვება და ჩაღვრა უარყოფით გავლენას არ ახდენს გარემოზე.

4. უფლებამოსილი ან სათანადო ორგანოების მიერ 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეგროვებული ინფორმაცია წევრ სახელმწიფოში უნდა იქნეს დაცული და ხელმისაწვდომი გახდეს კომისიისთვის სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.

5. 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მონიტორინგის სახელმძღვანელო პრინციპების ფორმულირება შესაძლებელია მე-18 მუხლში გაწერილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 16

გარემოს თაობაზე ინფორმაციაზე წვდომის თავისუფლების შესახებ[5] საბჭოს 1990 წლის 7 ივნისის დირექტივის 90/313/EEC დებულებების განხორციელების შეუზღუდავად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ შესაბამისი უფლებამოსილი პირები ან ორგანოები გამოაქვეყნებენ სიტუაციურ ანგარიშს საკუთარ ტერიტორიებზე ურბანული ჩამდინარე წყლებისა და ლექის უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ანგარიშები წევრმა სახელმწიფოებმა გამოქვეყნებისთანავე უნდა გადაუგზავნონ კომისიას.

 

მუხლი 17

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეადგინონ წინამდებარე დირექტივის განხორციელების პროგრამა არაუგვიანეს 1993 წლის 31 დეკემბრისა.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაწოდონ კომისიას ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ არაუგვიანეს 1994 წლის 30 ივნისისა.

3. წევრმა სახელმწიფოებმა, საჭიროების შემთხვევაში, კომისიას უნდა მიაწოდონ მე-2 პუნქტში აღწერილი განახლებული ინფორმაცია 30 ივნისამდე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

4. ეროვნული პროგრამების შესახებ ანგარიშების წარდგენის მეთოდები და ფორმატები უნდა განისაზღვროს მე-18 მუხლში გაწერილი წესის შესაბამისად.  ამ მეთოდებსა და ფორმატებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების დამტკიცება ხდება იმავე წესის დაცვით.

5. კომისიამ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა განიხილოს და შეაფასოს მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით მიღებული ინფორმაცია და გამოაქვეყნოს შესაბამისი ანგარიში.

 

მუხლი 18

1. კომისიას დახმარებას გაუწევს კომიტეტი, რომელიც შედგება წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან და რომლის თავმჯდომარეა კომისიის წარმომადგენელი.

2. კომისიის წარმომადგენელი კომიტეტს წარუდგენს განსახორციელებელი ღონისძიებების პროექტს. კომიტეტი პროექტის თაობაზე თავის მოსაზრებას წარადგენს იმ ვადაში, რომელიც თავმჯდომარეს შეუძლია დაადგინოს ამ საკითხის გადაუდებლობის შესაბამისად. მოსაზრებას გამოაქვეყნებს ხელშეკრულების 148(2)-ე მუხლით განსაზღვრული უმრავლესობა იმ გადაწყვეტილებების შემთხვევაში, რომელთა მიღებაც საბჭოს მოეთხოვება კომისიის წინადადებით. წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების ხმები კომიტეტში აიწონება ამ მუხლით განსაზღვრული წესით. თავმჯდომარე არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.

3. (ა) კომისია დაამტკიცებს გათვალისწინებულ ზომებს, თუ ისინი შეესაბამება კომიტეტის მოსაზრებას.

(ბ) თუ გათვალისწინებული ზომები არ შეესაბამება კომიტეტის მოსაზრებას, ან მოსაზრება არ არის გამოთქმული, კომისია დაუყოვნებლივ წარუდგენს საბჭოს წინადადებას გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით. საბჭო მოქმედებს კვალიფიციური უმრავლესობით.

თუ საბჭოსთვის წარდგენის თარიღიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ საბჭო არ განახორციელებს სათანადო ქმედებას, მაშინ შემოთავაზებულ ზომებს კომისია მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭომ უბრალო უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ზომების წინააღმდეგ.

 

მუხლი 19

1. წევრმა სახელმწიფოებმა ძალაში უნდა შეიყვანონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც წინამდებარე დირექტივის შესასრულებლად არის საჭირო, არაუგვიანეს 1993 წლის 30 ივნისისა. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას ამის შესახებ.

2. წევრი სახელმწიფოების მიერ 1-ელ აბზაცში მითითებული ზომების მიღებისას, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან, ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში, მათ თან უნდა ახლდეს ასეთი მითითება. ასეთი მითითების გაკეთების მეთოდები განისაზღვრება წევრი სახელმწიფოებს მიერ.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააცნონ კომისიას ეროვნული კანონმდებლობის ძირითად დებულებათა ტექსტები, რომელსაც ეს სახელმწიფოები მიიღებენ ამ დირექტივით რეგულირებად სფეროში.

 

მუხლი 20

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში, 1991 წლის 21 მაისს

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

რ. სტაიხენი

 

 

 

დანართი I

მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლებისთვის

A. საკოლექტორო სისტემები ([6])

საკოლექტორო სისტემები უნდა ითალისწინებდეს ჩამდინარე წყლების გაწმენდის მოთხოვნებს.

საკოლექტორო სისტემების დაპროექტება, აგება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საუკეთესო ტექნიკური ცოდნის შესაბამისად, რაც არ იწვევს გადაჭარბებულ ხარჯებს, კერძოდ შემდეგთან მიმართებაში:

  ურბანული ჩამდინარე წყლების მოცულობა და მახასიათებლები,

  გაჟონვის პრევენცია,

  ჭარბი სანიაღვრე წყლების შედეგად წყლის მიმღები ობიექტების დაბინძურების შეზღუდვა.

B. ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობიდან წყლის მიმღებ ობიექტებში ჩაშვება (')

1. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები უნდა დაპროექტდეს ან შეიცვალოს ისე, რომ შემომავალი ჩამდინარე წყლების ან გაწმენდილი ჩამდინარე წყლების რეპრეზენტატიული ნიმუშების მოპოვება შესაძლებელი იყოს წყლის მიმღებ ობიექტებში ჩაშვებამდე.

2. ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობებიდან ჩამონადენი, რომელიც მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად გაწმენდას ექვემდებარება, უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილში 1 წარმოდგენილ მოთხოვნებს.

3. ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობებიდან იმ სენსიტიურ ზონებში ჩაშვება, რომლებიც ექვემდებარება აითროფიკაციას, III (ა) დანართის შესაბამისად, დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-2 ცხრილში წარმოდგენილ მოთხოვნებს.

4. სადაც საჭიროა, უნდა გავრცელდეს იმაზე მკაცრი მოთხოვნები, ვიდრე 1-ლ და/ან მე-2 ცხრილებშია მითითებული, იმისათვის, რომ წყლის მიმღებმა ობიექტებმა დააკმაყოფლოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი დირექტივა.

5. ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების პუნქტები უნდა შეირჩეს რაც შეიძლება შორს ისე, რომ წყლის მიმღებ ობიექტზე გავლენა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

C. სამრეწველო ჩამდინარე წყლები

საკოლექტორო სისტემებსა და ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებში შემავალი სამრეწველო ჩამდინარე წყლები ექვემდებარება ისეთ წინასწარ დამუშავებას, როგორიც საჭიროა იმისათვის, რომ:

- დაცული იყოს საკოლექტორო სისტემებსა და გამწმენდ ნაგებობებში მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობა,

- უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ დაზიანდება საკოლექტორო სისტემები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობა,

- უზრუნველყოფილი იყოს, რომ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მუშაობა და ლექის გაწმენდა ხდება დაბრკოლებების გარეშე,

- უზრუნველყოფილი იყოს, რომ გამწმენდი ნაგებობებიდან ჩაშვება უარყოფით გავლენას არ ახდენს გარემოზე, ან რომ წყლის მიმღებ ობიექებზე არ მოქმედებს ისე, რომ ისინი ვეღარ შეესაბამებოდეს ევროგაერთიანების სხვა დირექტივებს,

- უზრუნველყოფილი იყოს, რომ ლექის განთავსება ხდება უსაფრთხოდ, გარემოსთვის მისაღები სახით.

D. ეტალონური მეთოდები შედეგების მონიტორინგისა და შეფასებისთვის

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გამოიყენებოდეს მონიტორინგის მეთოდი, რომელიც სულ მცირე შეესაბამება ქვემოთ აღწერილი მოთხოვნების დონეს.

მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში ნახსენებისგან განსხვავებული მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს იმ პირობით, რომ შესაძლებელი იყოს მიღწეული ეკვივალენტური შედეგების დემონსტრირება.

წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია გამოყენებულ მეთოდთან დაკავშირებით. თუკი კომისია დაადგენს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული პირობები არ არის დაკმაყოფილებული, იგი საბჭოს წარუდგენს სათანადო შეთავაზებას.

2. დინების პროპორციული ან დროზე დაფუძნებული 24 საათიანი ნიმუშები უნდა შეგროვდეს იმავე სწორად განსაზღვრულ პუნქტზე გამწმენდი ნაგებობის გამოსასვლელში და საჭიროების შემთხვევაში მის შემშვებ მილში იმისათვის, რომ მოხდეს ჩაშვებული ჩამდინარე წყლებისთვის ამ დირექტივით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

უნდა გამოიყენოთ კარგი საერთაშორისო ლაბორატორიის პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს შეგროვებიდან ანალიზამდე შუალედში ნიმუშების ლპობის მინიმუმამდე დაყვანას.

3. ნიმუშების ყოველწლიური მინიმალური რაოდენობა გამწმენდი ნაგებობის სიდიდით უნდა განისაზღვროს და რეგულარული ინტერვალებით შეგროვდეს წლის განმავლობაში:

— 2 000 - 9 999 მოსახლეობის ეკვივალენტის შემთხვევაში 12 ნიმუში პირველი წლის განმავლობაში.

ოთხი ნიმუში ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში, თუკი შესაძლებელი იქნება იმის დემონსტრირება, რომ წყალი პირველი წლის განმავლობაში შეესაბამება ამ დირექტივის დებულებებს; თუკი ოთხიდან ერთი ნიმუში არადამაკმაყოფილებელია, მომდევნო წელს უნდა მოხდეს 12 ნიმუშის აღება.

მოსახლეობის ეკვივალენტი   10 000-დან 49 999 -მდე: 12 ნიმუში.

მოსახლეობის ეკვივალენტი   50 000 ან მეტი: 24 ნიმუში.

4. ჩაითვლება, რომ გაწმენდილი ჩამდინარე წყლები შეესაბამება სათანადო პარამეტრებს, თუკი ინდივიდუალურად განხილული თითოეული პარამეტრისთვის აღებული წყლის ნიმუში აჩვენებს, რომ ის შეესაბამება აღნიშნულ პარამეტრულ სიდიდეებს შემდეგნაირად:

(ა) 1-ლ ცხრილსა და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული პარამეტრების შემთხვევაში ნიმუშების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც დასაშვებია ვერ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და ეს გამოიხატება კონცენტრაციაში და/ან პროცენტულ შემცირებაში 1-ლი ცხრილის და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია ცხრილში 3.

1-ლი ცხრილის პარამეტრებისთვის, რაც გამოხატულია სხვადასხვა კონცენტრაციით, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში აღებული არადამაკმაყოფილებელი ნიმუშების გადახრა პარამეტრული სიდიდეებიდან არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს. პარამეტრული სიდიდეებისთვის იმ კონცენტრაციით, რომელიც საერთო შეწონილ მყარ ნაწილაკებს უკავშირდება, შესაძლებელია მისაღები იყოს გადახრა 150%-მდე;

ცხრილში 2 მითითებული პარამეტრებისთვის ნიმუშების წლიური საშუალო მნიშვნელობა ყოველი პარამეტრისთვის უნდა შეესაბამებოდეს რელევანტურ პარამეტრულ სიდიდეს.

5. შესაბამისი წყლის ხარისხის უკიდურესი სიდიდეები არ უნდა იყოს გათვალისწინებული მაშინ, როდესაც ისინი ისეთი უჩვეულო სიტუაციების შედეგია, როგორიცაა ძლიერი წვიმა.

 

ცხრილი 1: ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობიდან ჩამონადენების მიმართ მოთხოვნები, რომლებიც ექვემდებარება წინამდებარე დირექტივის მე-4 და მე-5 მუხლებს. კონცენტრაციის ან შემცირების პროცენტზე ვრცელდება სიდიდეები.

პარამეტრები

კონცენტრაცია

შემცირების მინიმალური პროცენტი ([7])

გაზომვის ეტალონური მეთოდი

ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება ჟბმ5 20 ºC -მდე ) ნიტრიფიკაციის გარეშე([8])

 

25 მგ/1 O2

 

70-90

 

40 მე-4(2) მუხლით

ჰომოგენიზებული, გაუფილტრავი, ჩამოუსხმელი ნიმუში. გახსნილი ჟანგბადის განსაზღვრა ხუთდღიანი ინკუბაციის დაწყებამდე და მის შემდეგ 20°C ñ 1°C ტემპერატურაზე, სრულ სიბნელეში. ნიტრიფიკაციის ინჰიბიტორის დამატება

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნა (ჟქმ)

 

125 მგ/l O2

7S

ჰომოგენიზებული, გაუფილტრავი, ჩამოუსხმელი ნიმუში, კალიუმის დიქრომატი

საერთო შეწონილი მყარი ნაწილაკები

35 მგ/I ([9])

 

35 მე-4 (2) მუხლის შესაბამისად (მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-ზე მეტი)

 

60 მე-4 (2) მუხლის შესაბამისად (მოსახლეობის ეკვივალენტი არის 2 000-10 000)

90 (3)

 

90 მე-4 (2) მუხლის შესაბამისად (მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-ზე მეტი)

 

70 მე-4 (2) მუხლის შესაბამისად (მოსახლეობის ეკვივალენტი არის 2 000-10 000)

რეპრეზენტატიული ნიმუშის გაფილტვრა 0,45 p.m ფილტრის მემბრანით. გაშრობა 105ºC -ზე და აწონვა

რეპრეზენტატიული ნიმუშის ცენტრიფუგირება (არანაკლებ ხუთი წუთისა საშუალო დაჩქარებით 2800-დან 3200გ-მდე), გაშრობა 105ºC -ზე და აწონვა

 

ლაგუნირებიდან ჩამონადენის ანალიზი უნდა ჩატარდეს გაფილტრულ ნიმუშებზე; თუმცა, ჯამური შეწონილი მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია გაუფილტრავ წყლის ნიმუშში არ უნდა აღემატებოდეს 150მგ/ლ-ს.

ცხრილი 2 მოთხოვნები ჩამონადენისთვის ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობებიდან სენსიტიურ ზონებში, რომლებიც ექვემდებარება აითროფიკაციას, დანართის III (ა) შესაბამისად. შესაძლებელია ერთი ან მეტი პარამეტრის გამოყენება, ადგილობრივი სიტუაციიდან გამომდინარე. კონცენტრაციის ან შემცირების პროცენტზე ვრცელდება სიდიდეები.

პარამეტრები

კონცენტრაცია

შემცირების მინიმალური

პროცენტი ([10])

გაზომვის ეტალონური მეთოდი

ჯამური ფოსფორი

2 მგ/I P (მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000 – 100 000)

 

1 მგ/I P

(მოსახლეობის ეკვივალენტზე

მეტი)

80

მოლეკულური აბსორბციის სპექტრო-ფოტომეტრია

ჯამური აზოტი ([11])

15 მგლ N (მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000 – 100 000)

10 მგ/1 N (მოსახლეობის ეკვივალენტი100 000-ზე მეტი) ([12])

70-80

მოლეკულური აბსორბციის სპექტრო-ფოტომეტრია


 

 

ცხრილი 3

ნებისმიერ წელს აღებული ნიმუშების სერია

არადამაკმაყოფილებელი ნიმუშების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა

4-7

8-16

17-28

29-40

41-53

54-67

68-81

82-95

96-110

111-125

126-t40

141-155

156-171

I 72-187

188-203

204-219

220-235

236-251

252-268

269-284

285-300

301-317

318-334

335-350

351-365

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

1 2

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

 



[1]ოფიციალური ჟურნალი No C 01. 04. 1. 1990, გვ. 20 და ოფიციალური ჟურნალი, No C 287, 15. 11. 1990, გვ. 11.

[2]ოფიციალური ჟურნალი No C 260, 15. 10. 1990, გვ.185.

[3]ოფიციალური ჟურნალი No C 168, 10. 7. 1990, გვ.36.

[4]ოფიციალური ჟურნალი No C 209, 09. 08. 1988, გვ. 3.

[5]ოფიციალური ჟურნალი No L 158, 23. 6. 1990, გვ. 56.

[6]იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკაში შეუძლებელია საკოლექტორო სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობების ისე აგება, რომ ყველა სახის ჩამდინარე წყალი გაიწმინდოს ისეთ ვითარებაში, როგორიცაა, მაგალითად,  უჩვეულოდ ძლიერი წვიმა, წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტილება უნდა მიიღონ იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც შეზღუდავს ჭარბი სანიაღვრე წყლებით გამოწვეულ  დაბინძურებას. ასეთი ზომები შეიძლება ეფუძნებოდეს განზავების კოეფიციენტს ან დონეს ჩამდინარე წყლის მინიმალურ ხარჯთან მიმართებაში (მშრალ ამინდში), ან განსაზღვრავდეს ყოველ წლიურად ჭარბი ნალექის დროს მოვარდნილი ნიაღვრების დასაშვებ რაოდენობას.

[7] შემოდინების დატვირთვასთან დაკავშირებული შემცირება.

[8]პარამეტრის ჩანაცვლება შეიძლება სხვა პარამეტრით: ჯამური ორგანული ნახშირბადი (TOC) ან ჯამური ჟანგბადის მოთხოვნა (TOD) თუკი შესაძლებელია ურთიერთობის დამყარება ჟბმ 5-სა და შემცვლელ პარამეტრს შორის.

[9] ეს მოთხოვნა არ არის სავალდებულო.

[10] შემოდინების დატვირთვასთან დაკავშირებული შემცირება.

[11] ჯამური აზოტი ნიშნავს: კელდალის მიხედვით საერთო აზოტის (ორგანული და ამიაკური აზოტი N  +  NH3), ნიტრატის აზოტის (NO3) - და ნიტრიტის აზოტის (NO2)ჯამს.

[12]ალტერნატიულად, დღიური საშუალო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ / 1 N. ეს მოთხოვნა ითვალისწინებს წყლის ტემპერატურას 12°C ან მეტს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ბიოლოგიური რეაქტორის მუშაობის დროს. ტემპერატურის პირობის შემცვლელის სახით შესაძლებელია მუშაობის დროის შეზღუდვა, რაც გულისხმობს რეგიონული კლიმატური პირობების გათვალისწინებას. ეს ალტერნატივა გამოიყენება, თუ შეიძლება ნაჩვენები იყოს I-ლი დანართის 1-ლი აბზაცის შესრულება.