გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 244-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 360150000.05.001.020241
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
244-IVმს-Xმპ
02/03/2021
ვებგვერდი, 12/03/2021
360150000.05.001.020241
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირება პრინციპის „დამბინძურებელი იხდის“ შესაბამისად.

მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციასთან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ან გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შერბილებასთან, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში განსახორციელებელ ღონისძიებებთან (მათ შორის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებასა და გარემოსთვის მიყენებული ზიანისა და გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ კანონის მე-3 მუხლის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების დებულებებისა, არ ვრცელდება:

ა) გარემოსთვის ზიანის მიყენების/გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან გარემოსთვის ზიანის მიყენების/გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაზე, რომელიც გამოწვეულია:

ა.ა) ფორსმაჟორული სიტუაციით;

ა.ბ) შეიარაღებული კონფლიქტით;

ა.გ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ეროვნულ თავდაცვასთან ან/და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოქმედებებით;

ბ) იმ შემთხვევაზე, როდესაც შეუძლებელია იმ პირის იდენტიფიცირება, რომლის უკანონო ქმედებამ გარემოს ზიანი ან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი);

გ) კერძო მესაკუთრისთვის ზიანის მიყენებაზე, რაც არ გამორიცხავს ამ კერძო მესაკუთრის უფლებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს ზიანის მიმყენებელს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

დ) დიფუზური ემისიით (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება) გამოწვეულ შემთხვევაზე;

ე) ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე;

ვ) ფიზიკური პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმისა) ქმედებით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე;

ზ) შავ ზღვაში მცურავი საშუალებიდან ან საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და  გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე;

თ) სასარგებლო წიაღისეულისთვის მიყენებულ ზიანსა და მნიშვნელოვან ზიანზე;

ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე.

3. თუ პირის უკანონო ქმედებით გარემოს ზიანი მიადგა, თუმცა გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანი/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი ფულადი სახით აანაზღაუროს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, რომელსაც არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, თუ იმავე საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ, მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების წესსა და ოდენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6. ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მართვას, რეგულირებასა და კონტროლს, რომლებიც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ საქმიანობას უკავშირდება, ამავე კანონის პრინციპების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარემო – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენურ ლანდშაფტებს;

ბ) ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო – გარემოს ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენურ ლანდშაფტებს;

გ) გარემოსთვის მიყენებული ზიანი (შემდგომ − ზიანი) – სამრეწველო ავარიით ან/და პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ზიანად არ ჩაითვლება გარემოზე ისეთი უარყოფითი ზემოქმედება, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, ამასთანავე, აღნიშნულ ქმედებაზე უფლებამოსილ ორგანოს გაცემული ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი ან თანხმობა;

დ) სამრეწველო ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების (ნივთიერებების) გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია ობიექტზე ტექნოლოგიური (საწარმოო) პროცესების უკონტროლო განვითარებით და რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და გარემოს, როგორც ამ ობიექტის შიგნით, ისე მის გარეთ;

ე) ფორსმაჟორული სიტუაცია – კონკრეტულ ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური მოვლენა (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა, მსგავსი მოვლენა), ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული კრიზისული ვითარება;

ვ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი (შემდგომ −  მნიშვნელოვანი ზიანი) – ზიანი, რომლის გარემოსთვის მიყენების შემთხვევაში გარემოს დაზიანების დონე შეესაბამება ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

ზ) ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე − იმის საკმარისი ალბათობა, რომ ახლო მომავალში გარემოს ზიანი მიადგება;

თ) მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა − პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელ პირს, მიუხედავად მისი ბრალეულობისა, თუ ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეულია ამავე კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებით ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით. აღნიშნულ შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მისი ბრალეულობის დამტკიცება საჭირო არ არის;

ი) საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიება − მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში განსახორციელებელი ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შუალედური დანაკარგების კომპენსაცია, რომელიც ხდება მნიშვნელოვანი ზიანის დადგომიდან გამოსასწორებელი ღონისძიებების სრული ეფექტის მიღწევამდე;

კ) გარემოსდაცვითი პროგრამა − საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 452 მუხლით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროგრამა გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციის, დაზიანებული გარემოს მდგომარეობის აღდგენის, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოს კვლევის ღონისძიებების დასაფინანსებლად;

ლ) გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია − კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და უზრუნველყოფს გარემოსდაცვით პროგრამაში აკუმულირებული თანხების ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა რეკომენდაციების შემუშავებას;

მ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი;

ნ) დაინტერესებული პირი − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დაინტერესებული მხარე (მათ შორის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია);

ო) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

პ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ჟ) სააგენტო − სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო;

რ) დეპარტამენტი − სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ს) საბაზისო მდგომარეობა − გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტში ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი რომ არ დამდგარიყო, და რომელიც ფასდება საუკეთესო ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე;

ტ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ)  მდგომარეობაში აღდგენა − დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების საბაზისო მდგომარეობამდე აღდგენა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ნებისმიერი ღონისძიების მეშვეობით;

უ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა − დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების საბაზისო მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ნებისმიერი ღონისძიების მეშვეობით;

ფ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე დაზიანებულის მსგავსი ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შექმნას.

 

თავი II

ძირითადი დებულებები

 

მუხლი 4. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენცია/შერბილება

1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის წარმოშობისთანავე საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია:

ა) განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება;

ბ) ამ საფრთხის შესახებ სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს, თუ, აღნიშნული პირის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე აღმოფხვრილი არ არის.

2. დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისთვის ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის) საფუძველზე ამ საფრთხესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მოსთხოვოს.

3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადასტურდება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის არსებობა, დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს:

ა) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) მისცეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

4. საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობისთვის ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

5. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას აკონტროლებს დეპარტამენტი.

6. თუ საქმიანობის განმახორციელებელი პირი არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

7. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსდაცვითი პროგრამიდან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გაწეული ხარჯები. აღნიშნული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

 

მუხლი 5. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესახებ სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს და მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია;

ბ) განახორციელოს ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებები, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი შესაბამისი დამაბინძურებლების ან/და ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი სხვა ფაქტორების დაუყოვნებლივ კონტროლის, შეკავების, მოცილების ან სხვაგვარად მართვის მიზნით, რათა შემცირდეს ან აღმოიფხვრას შემდგომი ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ან ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება ან გარემოს შემდგომი გაუარესება;

გ) აანაზღაუროს ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში − ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებით;

დ) საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები;

ე) აანაზღაუროს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-6 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები;

ვ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილი წესით შეთანხმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების შესაბამისი თანხის 2% ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების საერთო ვადაში პროპორციულად განაწილვადებული, ზემოაღნიშნულ ანგარიშზე ყოველთვიურად მიმართოს.

2. დეპარტამენტი უფლებამოსილია ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს:

ა) მოსთხოვოს ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია;

ბ) მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ან/და განუსაზღვროს განსახორციელებელი სავალდებულო ღონისძიებები;

გ) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად;

დ) მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

 

მუხლი 6. დეპარტამენტის მიერ ზიანის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

1. დეპარტამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, გარემოს მიადგა ზიანი თუ მნიშვნელოვანი ზიანი.

2. მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დადგენილია ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“).

3. დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების განხორციელებისას მოიწვიოს ექსპერტები ან შეისყიდოს შესაბამისი საექსპერტო მომსახურება. აღნიშნული შეფასების პროცესში მონაწილე ექსპერტებზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები.

4. დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიერ ზიანის გამოვლენიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღისა. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას. მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

5. დეპარტამენტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მე-7 პუნქტის შესაბამისად პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

6. პირს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. თუ მნიშვნელოვანი ზიანი მიყენებულია ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირს დაეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად.

8. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი რამდენიმეა, მათ სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

 

მუხლი 7. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები

1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრება გულისხმობს ამ პირის დავალდებულებას, განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები. მათი განხორციელებისას აუცილებელია შემდეგი რიგითობის დაცვა:

ა) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა;

ბ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა;

გ) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელება.

2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს დადგენილი წესით მის მიერ შემუშავებული და სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესაბამისად. ეს გეგმა საკომპენსაციო გამოსასწორებელ ღონისძიებებსაც უნდა მოიცავდეს.

3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას შეიმუშავებს და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელ ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით.

4. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 

მუხლი 8. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრა

1. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისას თავდაპირველად უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა.

2. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შესაძლებელია გონივრულ ვადაში და აღნიშნული არათანაზომიერ ხარჯებს არ მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულება.

3. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის  განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის ვალდებულება.

4. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება.

5. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ;

ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა სააგენტოს ამ მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული ამ გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

6. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების იმავე პუნქტებით დადგენილი რიგითობის დასაბუთებას.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დეპარტამენტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის დასაბუთება, რაც გულისხმობს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას.

8. ამ მუხლის მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

9. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და გარემოსდაცვით პროგრამაში არსებული თანხების/ასიგნებების ფარგლებში ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსა და ამ ღონისძიებებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე.

10. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა.

 

მუხლი 9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა

1. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია (შემდგომ − სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისია).

2. სააგენტო ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ სააგენტო ეთანხმება აღნიშნულ დასაბუთებას, იგი მას წარუდგენს სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიას, რომელიც განსაზღვრავს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელ სანაცვლო/ადეკვატურ ღონისძიებებს.

3. სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის მიერ განსაზღვრული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სააგენტო წარუდგენს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მისი წარდგენიდან 180 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

4. თუ სააგენტო არ ეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას, შესაბამისი უარყოფითი დასკვნა გადაეცემა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი სააგენტოს წარუდგინოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

6. გარემოსდაცვით პროგრამაში შესაბამისი თანხების არსებობის შემთხვევაში გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

7. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა.

8. სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და ამ კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება აღნიშნული კომისიის დებულებით, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა.

 

მუხლი 10. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა

1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს მისთვის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ამ ვებგვერდზე განათავსონ ან/და სააგენტოს მატერიალურად წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები/შენიშვნები ამ გეგმის პროექტთან დაკავშირებით. სააგენტო 10 კალენდარული დღის ვადაში იხილავს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში მათ უგზავნის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად.

3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა.

4. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი არ გაითვალისწინებს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის დასაბუთება. ეს დასაბუთება განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით ან მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი  ორგანო.

 

მუხლი 11. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის სააგენტოსთან შეთანხმება და მასში ცვლილების შეტანა

1. სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას იხილავს და ითანხმებს მისთვის წარდგენიდან 120 კალენდარული დღის ვადაში. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეასრულოს სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა.

2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს შუამდგომლობით მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს იმის დასაბუთებას, რომ სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორებას ან/და ამ ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებლად აუცილებელი და ეფექტიანია ან წარმოიშვა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანას მოითხოვს.

3. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლისთვის სავალდებულოა ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება.

4. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს შესაბამისი მიმართვის მისთვის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩერდება იმ გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების ვადის დინება, რომლის სხვა ღონისძიებით შეცვლაც არის მოთხოვნილი.

5. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხილვისთვის, აგრეთვე მასში ცვლილების შეტანის საკითხისა და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვისთვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების (მათ შორის, ექსპერტიზის, კვლევითი სამუშაოების ღირებულების, საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯების) სრულად ანაზღაურება. ამ ხარჯების გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

6. სააგენტო უფლებამოსილია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესათანხმებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას შესაბამისი კომისია. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 12. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების ზედამხედველობა

1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

2. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულებას ზედამხედველობს დეპარტამენტი.

3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შეუსრულებლობისთვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქმიანობის განმახორციელებელი პირის შეცვლის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ვალდებულება გადადის საქმიანობის განმახორციელებელ ახალ პირზე.

 

მუხლი 13. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა

1. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღნიშნული საქმიანობის დაწყებისთანავე და მისი განხორციელებისას ჰქონდეს შესაბამისი, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება.

2. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სახეებია:

ა) დაზღვევა;

ბ) საბანკო გარანტია.

3. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ოდენობა განისაზღვრება გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის შეფასების საფუძველზე და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) ამ რისკის შეფასებას;

ბ) ამ რისკის დამუშავებას;

გ) ხარჯების იდენტიფიცირებას და განფასებას ყველაზე უარესი სცენარისთვის.

4. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება არ ვრცელდება საბიუჯეტო დაწესებულებაზე.

 

მუხლი 14. გარემოსდაცვითი პროგრამის ძირითადი მიზნები და მისი სახსრების განკარგვა

1. გარემოსდაცვითი პროგრამის ძირითადი მიზნებია:

ა) გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენცია;

ბ) გარემოს მდგომარეობის აღდგენა;

გ) გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება;

დ) გარემოს კვლევა.

2. გარემოსდაცვითი პროგრამის სახსრებს განკარგავს სამინისტრო გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

3. გარემოსდაცვითი პროგრამიდან დაფინანსებული ღონისძიებები შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტას და ამავე კანონით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

4. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია შედგება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისგან.

5. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და აღნიშნული კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციების შემუშავების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

მუხლი 15. გარემოსდაცვითი პროგრამის დაფინანსების წყარო

1. გარემოსდაცვითი პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხები, აგრეთვე ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

მუხლი 16. გარემოსდაცვითი პროგრამიდან დაფინანსებული  ღონისძიებების განხორციელება და მასზე ზედამხედველობა

გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე სამინისტრო თავისი გადაწყვეტილებით ადგენს გარემოსდაცვითი პროგრამიდან დაფინანსებული ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ ორგანოს (გარდა დეპარტამენტისა) ან/და ამ ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს. ეს ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიების მომსახურების შესყიდვა.

 

თავი III

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

 

მუხლი 17. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ ან მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა

გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ ან მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.

 

მუხლი 18. დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა

დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 19. გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა

გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე.

 

მუხლი 20. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა

ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე.

 

მუხლი 21. ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა

ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.

 

მუხლი 22. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე.

 

მუხლი 23. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული  ღონისძიების განუხორციელებლობა

გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების განუხორციელებლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე.

 

მუხლი 24. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე განხორციელება

გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე განხორციელება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 25. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

1. პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლით ან პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ორმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.

2. პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლით ან პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ოთხმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ უფლების განხორციელებასა და მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 26. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის მე-17−24-ე მუხლებითა და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს შესაბამისი მუხლით/პუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმის  გაორმაგებას.

3. სამართალდამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.

4. ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს დეპარტამენტი.

5. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

6. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში.

 

მუხლი 27. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

1. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს მის გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას.

 

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 28. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

1. 2022 წლის 1 ივლისამდე პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით, ხოლო თუ 2022 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული უკანონო ქმედებით გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პირს დაკისრებული არ აქვს ამ ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), მას უფლება აქვს,  2024 წლის 1 დეკემბრამდე მიმართოს დეპარტამენტს და მოსთხოვოს მას ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება.

2. თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი დაკარგავს უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით აანაზღაუროს.

3. თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი შეფასდეს და მას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა  2026 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

 

მუხლი 29. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი/მისაღები და ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი სამართლებრივი აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

1. მინისტრმა 2022 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ბრძანება „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2022 წლის 1 ივლისამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის შესახებ“;

ა.ბ) „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“;

ა.გ) „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“;

ა.დ) „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის შესახებ“;

ბ)  2025 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.

3. 2022 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ. 200).

4. სააგენტომ და დეპარტამენტმა 2022 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

 

მუხლი 30. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−28-ე მუხლებისა და №1 და №2 დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-12 და მე-14−28-ე მუხლები და №1 და №2 დანართები ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.

3. ამ კანონის მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 მარტი 2021 წ.

N244-IVმს-Xმპ





დანართი №1

 

მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

 

             1. ბიომრავალფეროვნება:

ა) საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგ კატეგორიებში შეტანილი 1 (ერთი) ინდივიდი მაინც განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ წარმოიქმნა მისი განადგურების საფრთხე:

ა.ა) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი − EN (Endangered);

ა.ბ) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი − CR (Critically Endangered);

ა.გ) ეროვნულ დონეზე გადაშენებული − RE (Regionally extinct);

ბ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციით“  (ბერნის კონვენციით):

ბ.ა) მკაცრად დაცული სახეობის 1 (ერთი) ინდივიდი მაინც, რომელიც ამავდროულად შეტანილია საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგ კატეგორიებში: გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი − EN (Endangered), გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი − CR (Critically Endangered), ეროვნულ დონეზე გადაშენებული − RE (Regionally extinct), განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ წარმოიქმნა მისი განადგურების საფრთხე;

ბ.ბ) დაცული სხვა, დანარჩენი სახეობების ინდივიდები განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ წარმოიქმნა მათი ეროვნული ან ადგილობრივი პოპულაციების განადგურების საფრთხე;

გ) სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი მთლიანად ან ნაწილობრივ (მთლიანი ფართობის 0,01%-ზე მეტი) განადგურდა ან შექმნის მიზანი ან/და დანიშნულება დაეკარგა;

დ) ზურმუხტის ქსელის ტერიტორია ისე დაზიანდა, რომ შექმნის მიზანი ან/და დანიშნულება დაეკარგა;

ე) რამსარის ტერიტორია ისე დაზიანდა, რომ შექმნის მიზანი ან/და დანიშნულება დაეკარგა;

ვ) ტყის 0.5 ჰექტარზე მეტი ფართობი ისე დაზიანდა/განადგურდა, რომ ამ ტყემ დაკარგა მისთვის განსაზღვრული ფუნქცია და შეუძლებელია მისი ნაწილობრივი ან სრული აღდგენა.

2. მიწა:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 500 კვ. მ ან მეტი ფართობი დაბინძურებულია (დაბინძურების დონე ორჯერ ან მეტჯერ აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან სრულად დეგრადირებულია;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1500 კვ. მ ან მეტი ფართობი დაბინძურებულია (დაბინძურების დონე აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან/და დეგრადირებულია;

გ) სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე არსებული მიწის 500 კვ. მ ან მეტი ფართობი დაბინძურებულია (დაბინძურების დონე აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან/და დეგრადირებულია;

დ) ზურმუხტის ქსელის, რამსარის ან/და ნებისმიერი კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე არსებული მიწის 250 კვ. მ ან მეტი ფართობი დაბინძურებულია (დაბინძურების დონე აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან/და დეგრადირებულია.

3. წყალი:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტი დაიშრიტა (მდინარის შემთხვევაში დაიშრიტა მდინარის კალაპოტი არანაკლებ 500 მეტრ მანძილზე);

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა ათჯერ ან მეტად აღემატება დადგენილ ნორმებს;

გ) წყლის ობიექტზე მავნე ზემოქმედებამ თევზის რესურსი გაანადგურა.

 

დანართი №2

საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

 

გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები

 

1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობები; საქმიანობები, რომლებისთვისაც გაცემულია იმავე კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან/და 2018 წლის 1 იანვრამდე გაცემულია გარემოზე ზემოქმედების სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქმიანობები, რომლებისთვისაც გაცემულია  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ან რომლებიც ექვემდებარება ამ გადაწყვეტილების გაცემას.  

2. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები, რომლებიც იმავე კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურის შედეგად დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

3. ნარჩენების მართვის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა.

4. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, რომელიც შედის „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილების რეგულირების სფეროში.

5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რომელიც შედის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანების რეგულირების სფეროში.

6. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

7. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

8. საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ხეტყის დამზადება.

[ 9. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობები.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]