უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ

უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 682
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 080000000.22.027.017175
682
09/02/2021
ვებგვერდი, 10/02/2021
080000000.22.027.017175
უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №682

2021 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის №90-IIრს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების თანდართული პროგრამა.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე




უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის

გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს პროგრამა აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ – სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომ – დაწესებულება) განთავსებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის (შემდგომ – მსჯავრდებული) გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) განხორციელების წესსა და პროცედურებს.

2. თუ ამ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პროგრამა ხორციელდება „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია  უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების, აგრეთვე უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლისთვის, შემთხვევის მართვის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში (ინტერვენციებში), რომლებიც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაცია-რეინტეგრაციისთვის მზადებას.

მუხლი 3. პროგრამის ამოცანები

პროგრამის ამოცანებია მსჯავრდებულთა შეფასება, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური პროგრამებისა და სხვადასხვა აქტივობების უზრუნველყოფა და სასამართლოსთვის წარსადგენად შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება.

მუხლი 4. პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი

პროგრამაში ერთვება ის მსჯავრდებული, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის არანაკლებ 12 წელი და წერილობით თანხმობას აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე №1 დანართის შესაბამისად.

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების ენა

პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. ის მსჯავრდებულები, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას, პროგრამის დაწყებისთანავე ერთვებიან ქართული ენის შემსწავლელ კურსებში.

მუხლი 6.  პროგრამის განმახორციელებლები

1. პროგრამის ძირითადი განმახორციელებელია სამსახური, რომელიც პროგრამას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირებთან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომ − სააგენტო) და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან (შემდგომ – ცენტრი) კოორდინაციით.

2. პროგრამა ხორციელდება „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებით განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომ – გუნდი) მეშვეობით.

3. „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებით განსაზღვრული პირების გარდა, გუნდის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე და სააგენტოს მოსამსახურეები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა მოწვეული სპეციალისტები.

4. გუნდის შემადგენლობას ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი.

5. დაწესებულების დირექტორს, მისივე მიმართვის საფუძველზე, სააგენტოდან მოწვეული სპეციალისტების კანდიდატურებს წარუდგენს სააგენტოს უფროსი.

მუხლი 7. პროგრამის ხანგრძლივობა და ეტაპები

1. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 წლის ვადით.

2. პროგრამა შედგება 8 ეტაპისგან, რომელიც აერთიანებს სასწავლო მოდულებსა და მხარდამჭერ აქტივობებს (დანართი №1).

3. პროგრამის ეტაპებია:

ა) ეტაპი I – მსჯავრდებულის შეფასება, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა  და დაზარალებულთან ან მის უფლებამონაცვლესთან მხარესთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველი ანგარიშის მომზადება;

ბ) ეტაპი II – კონსტრუქციული ურთიერთობების აგება;

გ) ეტაპი III – ჯანსაღი ცხოვრება და პროფესია;

დ) ეტაპი IV – ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა;

ე) ეტაპი V – სამოქალაქო განათლება (საგანმანათლებლო მოდული);

ვ) ეტაპი VI – მაკრო სისტემები (საგანმანათლებლო მოდული);

ზ) ეტაპი VII – ადაპტაციის უნარების გაუმჯობესება (საგანმანათლებლო/უნარების განვითრების მოდული);

თ) ეტაპი VIII – მომავლის კონსტრუქციული დაგეგმვა.

4. პროგრამის თითოეულ ეტაპზე სავალდებულოა მსჯავრდებულის აქტიური ჩართულობა. ცალკეული ეტაპების დაძლევა ფასდება პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმებით, რაც შემდგომ ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა.

5. თუ მსჯავრდებული ვერ დაძლევს პროგრამის რომელიმე ეტაპს, იგი შესაბამის ეტაპს ხელმეორედ გაივლის.

6. მსჯავრდებულის მიერ პროგრამის ყველა ეტაპის გავლის შემთხვევაში გუნდი აკეთებს საბოლოო შეფასებას და ადგენს №3 დანართით დამტკიცებულ „გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელ ანგარიშს“, რომელიც ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში,  ეგზავნება სასამართლოს.

7. სასამართლოს მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში გუნდის მიერ ხდება მსჯავრდებულის  გადაფასება და მის საჭიროებებზე მორგებული განახლებული 6-თვიანი ინდივიდუალური პროგრამის შედგენა, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ამ პროგრამის გარკვეულ მოდულებს/სესიებს.

მუხლი 8. პროგრამის განსახორციელებელი პროცედურები

1. პროგრამა ხორციელდება ჯგუფურად. პროგრამა შესაძლოა განხორციელდეს ინდივიდუალურად, კონკრეტული მსჯავრდებულის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ჯგუფურად განხორციელებისთვის არ იქნება მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა.

2. პროგრამის I ეტაპია მსჯავრდებულის შეფასება, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა  და დაზარალებულთან ან მის უფლებამონაცვლესთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველი ანგარიშის მომზადება. პირველი ეტაპი გულისხმობს მსჯავრდებულის შეფასებას შემთხვევის მართვის შესაბამისად, მისი ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების განსაზღვრას და მისთვის ინდივიდუალური პროგრამის მომზადებას, რომელსაც ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი. პირველი ეტაპი იწყება პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის მიღებისთანავე და გრძელდება 3 თვე. პირველი ეტაპის განხორციელებას უზრუნველყოფენ სამსახური და სააგენტო. პირველი ეტაპის დაწყებისთანავე, მითითებულ ვადაში, სააგენტოს დაზარალებულთან კომუნიკაციის სპეციალისტი კომუნიკაციას ამყარებს მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულ მხარესთან, აგრეთვე ნებისმიერ სხვა იდენტიფიცირებულ პირთან, რომელზეც დანაშაულმა იქონია გავლენა და ამზადებს შესაბამის ანგარიშს (დანართი №6). პირველი ეტაპის დაძლევის კრიტერიუმია მსჯავრდებულის ხელმოწერით დადასტურებული, №4 დანართის შესაბამისად შევსებული „მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების ინდივიდუალური პროგრამა“.

3. პროგრამის II ეტაპია კონსტრუქციული ურთიერთობების აგება. მეორე ეტაპი იწყება მსჯავრდებულის მიერ პირველი ეტაპის დაძლევის შემდეგ და გულისხმობს კონსტრუქციული ურთიერთობების აგებას, კერძოდ, მსჯავრდებულის ოჯახთან კომუნიკაციის აღდგენა/გაძლიერებას, დაზარალებულთან/დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან მედიაციის პროცესის ინიცირებას, საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახთან მუშაობას. მეორე ეტაპის განხორციელებას უზრუნველყოფენ სამსახური და სააგენტო. მეორე ეტაპი შესაძლოა მიმდინარეობდეს სრული პროგრამის განმავლობაში. მეორე ეტაპის დაძლევის კრიტერიუმია ინფორმაცია მედიაციის პროცესის ინიცირებისა და მიმდინარეობის შესახებ; ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასება (პროგრამის ბოლოს).

4. პროგრამის III ეტაპია ჯანსაღი ცხოვრება და პროფესია. მესამე ეტაპი იწყება მსჯავრდებულის მიერ პირველი ეტაპის დაძლევის შემდეგ და გულისხმობს მსჯავრდებულის შეფასების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა საგანმანათლებლო ან/და პროფესიულ აქტივობებში მის ჩართვას, მსჯავრდებულის შრომა-დასაქმებას, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშემწყობ აქტივობებში მსჯავრდებულის მონაწილეობას. მესამე ეტაპი შესაძლოა მიმდინარეობდეს სრული პროგრამის განმავლობაში. მესამე ეტაპის განხორციელებას უზრუნველყოფენ ცენტრი და სამსახური. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში შესაძლებელია ჩაერთოს სააგენტოც. მესამე ეტაპის დაძლევის კრიტერიუმია მსჯავრდებულის მიერ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა, აგრეთვე შესაბამისი პროფესიული აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა.

5. პროგრამის IV ეტაპია ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა. მეოთხე ეტაპის განხორცილებას უზრუნველყოფს სამსახური. მეოთხე ეტაპი შემდეგი ორი ნაწილისგან შედგება:

ა)  I ნაწილი მოიცავს ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებს, რომლებიც ემსახურება მსჯავრდებულის პოზიტიურ ცვლილებებს და რისკის შემცირებას. მათი  შერჩევა ხდება მსჯავრდებულის შეფასების შედეგად გამოკვეთილი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო პროგრამების შემდეგი ჯგუფებიდან: დანაშაულზე ფოკუსირებული, დანაშაულთან დაკავშირებული, საბაზისო კლინიკური და სოციალური უნარების განვითარების პროგრამები. მეოთხე ეტაპის პირველი ნაწილი იწყება პირველი ეტაპის დაძლევის შემდეგ და მიმდინარეობს არანაკლებ 8 და არაუმეტეს 10 თვის განმავლობაში. პირველი ნაწილის განხორციელებას უზრუნველყოფს სამსახური. მსჯავრდებულის მიერ პირველი ნაწილის დაძლევის კრიტერიუმია დასწრება და შეფასების (ობიექტური) ინსტრუმენტების შედეგები;

ბ) II ნაწილი წარმოადგენს სწრაფი ჩარევის პროგრამას, რომელიც გულისხმობს მსჯავრდებულის ადაპტირებასა და თვითმართვაზე მიმართული მხარდამჭერი პროგრამის განხორციელებას. მეოთხე ეტაპის მეორე ნაწილი იწყება სრული პროგრამის დასრულებამდე არანაკლებ 5 თვით ადრე. მეორე ნაწილის ხანგრძლივობა 3 თვეა და მის განხორციელებას უზრუნველყოფს სამსახური. მსჯავრდებულის მიერ მეორე ნაწილის დაძლევის  კრიტერიუმია დასწრება და თემატური ტესტის დაძლევა

6. პროგრამის V ეტაპია სამოქალაქო განათლება (საგანმანათლებლო მოდული). მეხუთე ეტაპი მსჯავრდებულს დაეხმარება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გააზრებაში, ასევე უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ინფორმირებას საზოგადოებაში თანაცხოვრებისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების თაობაზე. მეხუთე ეტაპი იწყება პროგრამის მეოთხე ეტაპის პირველი ნაწილის დაძლევის შემდეგ და გრძელდება  არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში. მეხუთე ეტაპის განხორციელებას უზრუნველყოფს სამსახური. მეხუთე ეტაპის დაძლევისკრიტერიუმია დასწრება და თემატური ტესტის დაძლევა.

7. პროგრამის VI ეტაპია მაკრო სისტემები (საგანმანათლებლო მოდული). მეექვსე ეტაპი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ინფორმირებას შესაბამის სფეროში ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებისა და სერვისების შესახებ. მეექვსე ეტაპი იწყება პროგრამის მეხუთე ეტაპის დაძლევის შემდეგ და გრძელდება 3 თვის განმავლობაში. მეექვსე ეტაპის განხორციელებას უზრუნველყოფენ სააგენტო და ცენტრი, სამსახურთან თანამშრომლობით. მეექვსე ეტაპის დაძლევის კრიტერიუმია დასწრება და თემატური ტესტის დაძლევა.

8. პროგრამის VII ეტაპია ადაპტაციის უნარების გაუმჯობესება (საგანმანათლებლო/უნარების განვითარების მოდული). მეშვიდე ეტაპი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რეინტეგრაციის ხელშეწყობას და ისეთი უნარების გამომუშავებას, რომლებიც მსჯავრდებულს დაეხმარება პენიტენციური სისტემის გარეთ საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მოძიებაში, თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებაში და სხვა. მეშვიდე ეტაპი იწყება პროგრამის მეექვსე ეტაპის დაძლევის შემდეგ და გრძელდება 3 თვის განმავლობაში. მეშვიდე ეტაპის განხორციელებას უზრუნველყოფენ სააგენტო და ცენტრი, სამსახურთან თანამშრომლობით. მეშვიდე ეტაპის დაძლევისკრიტერიუმია დასწრება და თემატური ტესტის დაძლევა.

9. პროგრამის VIII ეტაპია მომავლის კონსტრუქციული დაგეგმვა. მერვე ეტაპის მიზანია, მსჯავრდებულს დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ დაეხმაროს არსებული გამოწვევების გააზრებაში, რეალისტური და პროსოციალური აქტივობების დაგეგმვაში. მერვე ეტაპი იწყება პროგრამის მეშვიდე ეტაპის დაძლევის შემდეგ და გრძელდება 2 თვის განმავლობაში. მერვე ეტაპის განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო, სამსახურთან თანამშრომლობით. ამავე ეტაპზე, გეგმასთან ერთად მსჯავრდებული, სურვილის შემთხვევაში, ავსებს თვითშეფასების ფორმას (დანართი №7). მერვე ეტაპის დაძლევის კრიტერიუმია №5 დანართის შესაბამისად შემუშავებული მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდგომი ინდივიდუალური გეგმა.

მუხლი 9. შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება.

 1. პროგრამის დასრულების შემდგომ გუნდი ადგენს შემაჯამებელ ანგარიშს შემთხვევის მართვის ფარგლებში წარმოებული მონაცემებისა და პროგრამის ყველა ეტაპის შეფასების გათვალისწინებით, №3 დანართის შესაბამისად.

2. შემაჯამებელ ანგარიშს თან ერთვის ოჯახისა და სოციალური გარემოს განახლებული შეფასება.

3. შემაჯამებელი ანგარიში ინახება შემთხვევის მართვის საქმეში.

მუხლი 10. პროგრამის შეწყვეტა და შეჩერება

1. პროგრამაში ჩართული მსჯავრდებულის მიმართ პროგრამის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) მსჯავრდებულის გათავისუფლება;

ბ) მსჯავრდებულის გარდაცვალება;

გ) მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნა პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ;

დ) მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლა.

ე) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პროგრამის გაგრძელებას.

2. პროგრამაში ჩართული მსჯავრდებულის მიმართ პროგრამის შეჩერების საფუძვლებია:

ა) მსჯავრდებულისთვის განაჩენის აღსრულების გადავადება;

ბ) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მედიკამენტების ზეგავლენა, რაც ხელს უშლის მის სოციალურ აქტივობას;

გ) მსჯავრდებულის მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება;

დ) მსჯავრდებულის მენტალური მდგომაროება, რომელიც ხელს შეუშლის მას მიწოდებული ინფორმაციის მიღებასა და გააზრებაში;

ე) მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებული სამარტოო საკანში მოთავსება;

ვ) დისციპლინური პატიმრობის შეფარდება;

ზ) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პროგრამის გაგრძელებას.

3. მსჯავრდებულისმიმართ პროგრამა განახლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრისთანავე.

მუხლი 11. გათავისუფლების შემდგომ მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების მართვა

1. სასამართლოს მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაში, სააგენტოს სისტემაში მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების მართვა ხორციელდება „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, თუ ამ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მსჯავრდებულის აღრიცხვაზე დაყენებისთანავე, პრობაციის ოფიცერი გააცნობს მას კანონით დადგენილ უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, აცნობებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის მიერ მოვალეობების შეუსრულებლობას.

3. დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებული ვალდებულია პრობაციის ოფიცერს მიაწოდოს ინფორმაცია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია განახორციელოს ვიზიტი მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილას. მსჯავრდებული ასევე ვალდებულია პრობაციის ოფიცერს აცნობოს საცხოვრებელი ადგილის ცვლილების შესახებ. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია განახორციელოს ვიზიტი აგრეთვე მსჯავრდებულის ახალ საცხოვრებელ ადგილას.

4. მსჯავრდებული ვალდებულია აცნობოს პრობაციის ოფიცერს სამსახურის დაწყების შესახებ, ხოლო სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ცვლილების შემთხვევაში იგი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს პრობაციის ოფიცერს. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ვიზიტი მსჯავრდებულის სამუშაო ადგილას.

5. სააგენტო შემთხვევის მართვის პროცესში კოორდინირებულად და მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საჭიროების შემთხვევაში, რისკების გამოკვეთისა და შეფასების შედეგად, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას.