„სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 190020030.10.003.022602
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
50
04/02/2021
ვებგვერდი, 08/02/2021
190020030.10.003.022602
„სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/02/2021 - 31/05/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №50

2021 წლის 4 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“.

 

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



 

 

სახელმწიფო პროგრამა − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის

 


მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის;

ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;

დ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;

ე) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის სფეროში და კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის/მიკროსესხის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო/ მიკრომიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტად ჩაითვლება მიმართვის წარმდგენი ფიზიკური პირ(ებ)იც, თუ მის/მათ მიერ სპორტული ობიექტების/საბავშვო ბაღების მიმართულებით კომერციულ ბანკთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებულია  სესხის/მიკროსესხის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, ხოლო სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის ოპერირებას ახორციელებს ამ პირ(ებ)ის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, რომელიც, თავის მხრივ, ხსენებული კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის დამფუძნებელს/დამფუძნებლებს და მის/მათ მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არიან რეგისტრირებულნი მოვალეთა რეესტრში;

ვ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ზ) სპორტული ობიექტი − მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებული მოყვარულებისათვის განკუთვნილი ღია ან დახურული სპორტული სივრცე/ობიექტი/შენობა/კონსტრუქცია/შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სპორტული მომსახურების მიწოდებით, პერსონალით უზრუნველყოფითა და მართვით (ეს ჯგუფი მოიცავს საცურაო აუზების, საფეხბურთო, საკალათბურთო, კრიკეტის, რაგბის სტადიონების, ფიტნესის, ბოდი-ბილდინგის, ბოულინგის დარბაზების, საჭადრაკო, ზამთრის სპორტის, სროლის ობიექტების, იოგის სახლების, ჩოგბურთის, ყინულის ჰოკეის მოედნების, კრივის, მძლეოსნობის არენებისა და მსგავსი ობიექტების საქმიანობას). ამასთან, მეწარმე სუბიექტი სპორტული ობიექტის მოსარგებლედ მიიჩნევა, თუ:

− სპორტული ობიექტისთვის საჭირო უძრავ ქონებას (სპორტული სივრცე/ობიექტი/შენობა/კონსტრუქცია/შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა),  საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლების საფუძველზე, ფლობს მეწარმე ფიზიკური პირის/მეწარმე იურიდიული პირის დამფუძნებელი ან/და დამფუძნებლის ოჯახის წევრი;

− სპორტული ობიექტისთვის საჭირო უძრავი ქონება (სპორტული სივრცე/ობიექტი/შენობა/კონსტრუქცია/შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა)  კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოყენებულია იმ სესხის/მიკროსესხის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც მითითებულია მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილ შესაბამის მიმართვაში;

თ) საბავშვო ბაღი − მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებული ობიექტი/შენობა/შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ადრეული და სკოლამდელი განათლების (ასევე ინკლუზიური განათლების) სერვისის მიწოდებისათვის, რაც გულისხმობს ორგანიზაციული სწავლების საწყის ეტაპს, რომელიც უპირატესად გამიზნულია არასასკოლო ასაკის საბაზისო ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ბავშვის სასკოლო მზაობისათვის (აღნიშნული არ მოიცავს ბავშვთა ყოველდღიური მოვლის საქმიანობებს). ამასთან, მეწარმე სუბიექტი საბავშვო ბაღის მოსარგებლედ მიიჩნევა, თუ:

− საბავშვო ბაღისათვის საჭირო უძრავ ქონებას (ობიექტი/შენობა/შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა),  საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლების საფუძველზე, ფლობს მეწარმე ფიზიკური პირის/მეწარმე იურიდიული პირის დამფუძნებელი ან/და დამფუძნებლის ოჯახის წევრი;

− საბავშვო ბაღისათვის საჭირო უძრავი ქონება (ობიექტი/შენობა/შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა)  კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოყენებულია იმ სესხის/მიკროსესხის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც მითითებულია მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილ შესაბამის მიმართვაში;

ი) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

კ) ლიზინგის გამცემი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს (ახორციელებს სალიზინგო პროექტს) და რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

ლ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

მ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;

ნ) სესხი − კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით;

ო) სალიზინგო პროექტი − ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს შორის სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის მიმართულების ფარგლებში შეთანხმებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის (ლიზინგის საგნის ღირებულება და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი) სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგნის გაცემას, ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე;

პ) მიკროსესხი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ ამ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით;

ჟ) ლიზინგის საგანი − ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ნივთი, მეწარმე სუბიექტის ბიზნესგეგმის შესაბამისად განსაზღვრული სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალება საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

რ) ლიზინგის საგნის ღირებულება − ლიზინგით გაცემული ქონების საწყისი ღირებულება, დღგ-ის გარეშე და დამატებითი მომსახურების ღირებულება (ლიზინგის გამცემის ან მისი დაკვეთით მესამე პირის მიერ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით გაწეული ტრანსპორტირების, მართვის, დაზღვევის, საგარანტიო მომსახურების, რემონტისა და სხვა მსგავსი მომსახურების ღირებულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი;

ს) სტანდარტული სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სტანდარტული სესხი;

ტ) სტანდარტული მიკროსესხი − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სტანდარტული აქტივი;

უ) სტანდარტული სალიზინგო პროექტი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის 1 იანვრამდე წინა 3 კალენდარული თვის განმავლობაში არ ფიქსირდება დადგენილი გადახდის გრაფიკის (ლიზინგის საგნის ღირებულების (მისი ნაწილის) ან მასზე დარიცხული პროცენტის) დარღვევა ან ფიქსირდება გრაფიკის არაუმეტეს 30 უწყვეტი კალენდარული დღით დარღვევა/ვადაგადაცილება;

ფ) სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის/მეწარმე სუბიექტის (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) მიერ დაფუძნებული საწარმოს ის სესხ(ებ)ი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით;

ქ) მიკროსესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსესხის/სესხის (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობისა და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე გაცემული ფულადი თანხა) მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის/მეწარმე სუბიექტის (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) მიერ დაფუძნებული საწარმოს ის სესხ(ებ)ი/მიკროსესხ(ებ)ი, რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით;

ღ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მისი ან/და მისი დამფუძნებლის ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ დაფუძნებული საწარმოს (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) მიმდინარე სალიზინგო პროექტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით;

ყ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება კომერციულ ბანკში − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სალიზინგო პროექტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა კომერციული ბანკისგან მიღებული სესხით;

შ) სუბსიდირების მექანიზმის თანხა − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის/ მიკროსესხისათვის/სალიზინგო პროექტებისათვის გადასარიცხი სუბსიდირების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა;

ჩ) სუბსიდირების თანხა − პროგრამით განსაზღვრული წესით მეწარმე სუბიექტისათვის ჩასარიცხი/ჩარიცხული თანხა, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე/მიკროსესხის ძირის ნაშთზე/ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული/დასარიცხი საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის შესაბამისად 1 დეკემბრის მდგომარეობით იმავე სესხზე/მიკროსესხზე/სალიზინგო პროექტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით;

ც) ძირითადი საშუალება − მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივი (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

ძ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი;

წ) უკულიზინგი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებში ლიზინგის საგნის მიმწოდებელი და ლიზინგის საგნის მიმღები ერთი და იგივე პირია;

ჭ) ოჯახის წევრი − პირი, რომლის ნათესაური კავშირი მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელთან მტკიცდება მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი დაბადების ან/და ქორწინების მოწმობის მეშვებით. ასეთ პირებს მიეკუთვნება მეწარმე სუბიექტის დამფუძნებლის მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი;

ხ) საბანკო მიმართვა − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით პერიოდში;

ჯ) სალიზინგო მიმართვა − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ ლიზინგის გამცემთან დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით პერიოდში;

ჰ) მიკრომიმართვა − მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით პერიოდში;

1) საბანკო განაცხადი − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას;

2) სალიზინგო განაცხადი − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც,  მათ შორის და არა მხოლოდ,  უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას;

3) მიკროგანაცხადი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას.

 

მუხლი 2.  პროგრამის მიზანი და აღწერა      

1. სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე, სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკროსესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

2. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის სუბსიდირების კომპონენტი (თავი I), მიკროსესხის სუბსიდირების კომპონენტი (თავი II), სალიზინგო პროექტის სუბსიდირების კომპონენტი (თავი III).

3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს როგორც სამივე კომპონენტით ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე.

4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სუბსიდირების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 3. პროგრამის კოორდინაცია და მონიტორინგი

1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

2. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

3. კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

მუხლი 4. სუბსიდირების მექანიზმის შეწყვეტა

1. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.

2. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

მუხლი 6. დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდირების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი საბანკო განაცხადის/მიკრო/სალიზინგო განაცხადების მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი I

სესხის სუბსიდირების კომპონენტი

მუხლი 7. სესხის სუბსიდირების მექანიზმი

1. სესხის სუბსიდირების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

2. სუბსიდირების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.

3. პროგრამით დადგენილი სუბსიდირებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ კლასიფიცირდებოდა სტანდარტულ სესხად.

4. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სესხი, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ამ დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის სფეროში (სპორტული ობიექტების, საბავშვო ბაღების საქმიანობა) და სააგენტოს მხრიდან  ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ამ სესხზე თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა.

მუხლი 8. სესხის სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარები

1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;

ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;

გ) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.

2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული სესხი და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით.

3. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე სესხით დაფარულია/გადაფარულია მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ დაფუძნებული საწარმოს (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) სალიზინგო პროექტები, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კლასიფიცირდება სტანდარტულ სალიზინგო პროექტად.

4. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე  და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული სესხი და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების  შეძენის მიზნობრიობით.

მუხლი 9. სესხის სუბსიდირების მექანიზმის განხორციელების პროცესი და სუბსიდირების  მექანიზმის თანხის მართვა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სესხის სუბსიდირების მექანიზმის ფარგლებში, კომერციულ ბანკში წარადგენს საბანკო მიმართვას.

2. მეწარმე სუბიექტის მიერ საბანკო მიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება;

ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის სახელწოდება;

დ) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის ფაქტობრივი მისამართი;

ე) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საკადასტრო კოდი;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის საბანკო განაცხადს.

4. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ საბანკო განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;

გ) სესხის გაცემის თარიღი;

დ) სესხის მიზნობრიობის აღწერა;

ე) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის სფერო (სპორტული ობიექტი/საბავშვო ბაღი);

ვ) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საკადასტრო კოდი;

ზ) 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული სესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა.

5. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი საბანკო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ბანკისთვის განკუთვნილ სუბსიდირების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე.

6. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას.

7. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.

8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და სესხის ძირი, სააგენტოს მიერ გადახდილი სუბსიდირების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების გადასახდელი სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.

9. კომერციული ბანკი ვალდებულია, საბანკო განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

თავი II

მიკროსესხის სუბსიდირების კომპონენტი

მუხლი 10. მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმი

1. მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის მიკროსესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული მიკროსესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული მიკროსესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

2. სუბსიდირების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული მიკროსესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (მიკროსესხის ძირი ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.

3. პროგრამით დადგენილი სუბსიდირებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული მიკროსესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ იყო კლასიფიცირებული სტანდარტულ მიკროსესხად.

მუხლი 11. მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარები

1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტზე მიკროსესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;

ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული მიკროსესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ მიკროსესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, მიკროსესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას;

გ) მეწარმე სუბიექტი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.

2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული მიკროსესხ(ებ)ი/სესხ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ სპორტული ობიექტისთვის/საბავშვო ბაღისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით.

3. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირზე გაცემული მიკროსესხ(ებ)ი/სესხ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების  შეძენის მიზნობრიობით.

მუხლი 12. მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმის განხორციელების პროცესი და სუბსიდირების  მექანიზმის თანხის მართვა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წარადგენს მიკრომიმართვას.

2. მეწარმე სუბიექტის მიერ მიკრომიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება;

ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის სახელწოდება;

დ) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის ფაქტობრივი მისამართი;

ე) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საკადასტრო კოდი;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-10 და მე-11 მუხლების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის მიკროგანაცხადს.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარსადგენ მიკროგანაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დამტკიცებული მიკროსესხების მოცულობა;

გ) მიკროსესხის გაცემის თარიღი;

დ) მიკროსესხის მიზნობრიობის აღწერა;

ე) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის სფერო (სპორტული ობიექტი/საბავშვო ბაღი);

ვ) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საკადასტრო კოდი;

ზ) 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მიკროსესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული მიკროსესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული მიკროსესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა.

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში შესაბამისი მიკროგანაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სუბსიდირების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაბამის ანგარიშზე.

6. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის მიკროსესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული დაფარვების, სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.

8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და მიკროსესხის ძირი, სააგენტოს მიერ გადახდილი სუბსიდირების თანხები მოხმარდება მიკროსესხის მომდევნო თვეების გადასახდელი სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.

9. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, მიკროგანაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

თავი III

სალიზინგო პროექტის სუბსიდირების კომპონენტი

მუხლი 13. სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი

1. სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სალიზინგო პროექტზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

2. სუბსიდირების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სალიზინგო პროექტის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის) დასაფარად.

3. პროგრამით დადგენილი სუბსიდირებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის სალიზინგო პროექტი ლიზინგის გამცემის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ არის სტანდარტულ სალიზინგო პროექტად კლასიფიცირებული.

4. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სალიზინგო პროექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული ინდუსტრიის სფეროში (სპორტული ობიექტები, საბავშვო ბაღები) და სააგენტოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ამ სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა.

5. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სალიზინგო პროექტები, რომლებიც ხორციელდება უკულიზინგის წესით.

მუხლი 14. სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარები

1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;

ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი ბიზნესგეგმის შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სახეზეა სალიზინგო პროექტი;

გ) მეწარმე სუბიექტი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.

2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომელმაც იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით მოახდინა მისი ან მისი დამფუძნებლის  (მეწარმე იურიდიული პირის შემთხვევაში შესაძლებელია, გადაფარულ იქნეს დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირის სალიზინგო პროექტი) იმ სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული.

მუხლი 15. სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის განხორციელების პროცესი და სუბსიდირების მექანიზმის თანხის მართვა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის ფარგლებში, ლიზინგის გამცემთან წარადგენს სალიზინგო მიმართვას.

2. მეწარმე სუბიექტის მიერ სალიზინგო მიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება;

ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის სახელწოდება;

დ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის სფერო (სპორტული ობიექტი/საბავშვო ბაღი);

ე) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის ფაქტობრივი მისამართი;

ვ) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საკადასტრო კოდი;

ზ)  სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. ლიზინგის გამცემი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-13 და მე-14 მუხლების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის სალიზინგო განაცხადს.

4. ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში წარსადგენ სალიზინგო განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ლიზინგის საგნის ღირებულება;

გ) ლიზინგის საგნის გაცემის თარიღი;

დ) სალიზინგო პროექტის აღწერა;

ე) ლიზინგის საგნის აღწერა ბიზნესგეგმის შესაბამისად;

ვ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის სფერო (სპორტული ობიექტი/საბავშვო ბაღი);

ზ) სპორტული ობიექტის/საბავშვო ბაღის საკადასტრო კოდი;

თ) 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთი ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა.

5. ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში შესაბამისი სალიზინგო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ლიზინგის გამცემისათვის განკუთვნილ სუბსიდირების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიზინგის გამცემის შესაბამის ანგარიშზე.

6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ლიზინგის გამცემი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის ლიზინგის საგნის ღირებულების ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას.

7. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული დაფარვების, სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.

8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და ლიზინგის საგნის ღირებულება, სააგენტოს მიერ გადახდილი სუბსიდირების თანხები მოხმარდება სალიზინგო პროექტის ფარგლებში მომდევნო თვეების გადასახდელი ლიზინგის საგნის ღირებულების ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.

9. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, სალიზინგო განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.