მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ

მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.022600
48
04/02/2021
ვებგვერდი, 05/02/2021
140070000.10.003.022600
მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  №48

2021 წლის 4 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების  წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესი

 


ზოგადი დებულებები

1. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავებისა და შევსების პროცედურებს.

2. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი წარმოადგენს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების, მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისათვის განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მათ მიერ საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმად წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს.

 

მუხლი 2. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების მიზანი

მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების მიზანია:

ა) მუნიციპალიტეტებში საგანგებო სიტუაციების რისკის განსაზღვრის მაჩვენებლების დადგენა;

ბ) მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისა და განვითარების შესაძლებლობის განსაზღვრა;

გ) მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის შედეგების განსაზღვრა;

დ) მუნიციპალიტეტებში საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა.

 

მუხლი 3. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსება

1. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) კოორდინაციით. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტს ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი.

2. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი დგება ყოველწლიურად.

3. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტში მითითებული მონაცემების ცვლილება ან/და განახლება.

4. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსებისას, გარდა ამ წესით განსაზღვრული მონაცემებისა, დასაშვებია დამატებითი ინფორმაციის შეტანა, მუნიციპალიტეტის თავისებურებების გათვალისწინებით.

5. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავება ხდება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

 

მუხლი 4. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმა

1. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი ივსება წესის დანართის შესაბამისად.

2. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტს თან უნდა დაერთოს მუნიციპალიტეტის რუკა, რომელზეც დატანილი იქნება პოტენციური რისკის ზონები და მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების სავარაუდო შედეგების შესახებ ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის რუკაზე აგრეთვე აღინიშნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტები.