დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 128 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025896 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №128
2021 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა ამ განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2021 წლის 1 მარტამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1 მარტიდან ტესტირების დაფინანსება მოხდება ამ წესის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის მიმღების მიერ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდითა და პერიოდულობით. ამასთან, ტესტირება უნდა განხორციელდეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ტესტირების სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე დაწესებულებაში/ლაბორატორიაში.“;
ბ) ამ განკარგულების №1 დანართით განსაზღვრული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის“:
ბ.ა) პირველი პუნქტის:
ბ.ა.ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 24-საათიანი სტრუქტურული ერთეულების − ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები) ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი, ასევე აღნიშნული სააგენტოს რაიონულ/რეგიონულ ცენტრებში მომუშავე თანამშრომლები (სოციალური მუშაკები, იურისტები, ფსიქოლოგები და სპეციალისტები);“;
ბ.ა.ბ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:
„შ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით განსაზღვრული ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები, შემდეგი პროცენტული გაანგარიშებით:
შ.ა) ეკონომიკური:
შ.ა.ა) სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები) მომუშავე პირები – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;
შ.ა.ბ) ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირები – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;
შ.ა.გ) საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირები (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა) – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით პულირების გზით;
შ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით).
შენიშვნა: ამ წესის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ტესტირების პროცესის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს იმ პირთა აღრიცხვა, რომლებიც ამ პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტების ტერიტორიაზე ახორციელებენ საქმიანობას (ამ პირთა სათანადო თანხმობით) და მათი მონაცემების რეგისტრაცია საქმიანობის განხორციელების განაცხადთან ერთად. ამ პუნქტით განსაზღვრული ტესტირების ჩატარების საკითხები, მათ შორის, ტესტირებიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირები და ინფორმაციის დამუშავების პროცედურები დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“;
ბ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. 2021 წლის 1 მარტამდე ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „თ“ და „ო.გ“ ქვეპუნქტებით, ასევე 41 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებში.“;
ბ.გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. 2021 წლის 1 მარტამდე ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ტესტირება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 21 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები