სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 04/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017985
04/ნ
22/01/2021
ვებგვერდი, 25/01/2021
430210000.22.022.017985
სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №04/ნ

2021 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8“ და „ჰ9“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მე-3 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




დანართი

 

სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესი

 თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების საგანი

სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება        

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამოსაცდელი – ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით ტესტირებაზე დარეგისტრირებული პირი;

ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

გ) გათანაბრებული ქულა – თითოეული საგნის ტესტში გამოსაცდელის მიერ მიღებულ ქულასა და ამ ქულის ყველა დანარჩენ ტესტის ვარიანტთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი;

დ) გაიგივებული ქულა – თითოეული საგნის ტესტში გამოსაცდელის მიერ მიღებული ქულის პროცენტული რანგის შესაბამისი ქულა იმავე საგნის ტესტის სხვა ვარიანტში;

ე) პროცენტული რანგი – არითმეტიკული საშუალო, რომელიც გამოიანგარიშება თითოეული საგნის ტესტის შესაბამის ვარიანტში გამოსაცდელის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ქულის მქონე გამოსაცდელის პროცენტულ რაოდენობასა და ამავე ვარიანტში გამოსაცდელის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ან ტოლი ქულის მქონე გამოსაცდელთა პროცენტულ რაოდენობას შორის;

ვ) ნაშრომი – ტესტირების პრაქტიკული ან/და წერითი ნაწილის ტესტურ დავალებებზე გამოსაცდელის მიერ გაცემული პასუხები;

ზ) საგამოცდო ბარათი – ამონაბეჭდი ტესტირებაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის – online.naec.ge (შემდგომში – რეგისტრაციის ვებგვერდი) სპეციალური პროგრამიდან, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება ტესტირებაზე;

თ) საგამოცდო ცენტრი – ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

ი) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც გამოსაცდელები განთავსდებიან ტესტირების მიმდინარეობისას;

კ) საგნობრივი კომისია – ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

ლ) საპრეტენზიო კომისია – ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

მ) საცდელი ტესტირება – ტესტირება, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ტესტური დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს ტესტური დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ., სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი);

ნ) ტესტი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმისა (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) და ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე;

ო) ტესტის ვარიანტი – თითოეული საგნისთვის ტესტის ვარიანტების საკმარისი რაოდენობა, განსაზღვრული ტესტირებაზე დარეგისტრირებული გამოსაცდელების რაოდენობის მიხედვით;

პ) ტესტირება – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ცენტრის მიერ ორგანიზებული პროცესი, რომელიც მოიცავს წერით ან/და პრაქტიკულ ნაწილს;

ჟ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

რ) ტესტირების წერითი ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს წერილობითი ფორმით, პასუხების ფურცლის გამოყენებით;

ს) ტექნიკური კონტროლი – ტესტირების ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით;

ტ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტესტის მიხედვით, ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

უ) შეფასების სქემა – ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება გამოსაცდელების ნაშრომების გასწორება;

ფ) სპეციალური მასწავლებლის გამოცდა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს ცენტრი, ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 3. ტესტირების ენა

1. ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე.

2. უსინათლო გამოსაცდელებისთვის ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტესტისთვის გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

თავი II

ტესტირება

მუხლი 4. ტესტირება

1. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ტესტირება ტარდება:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში;

ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში.

2. ტესტირება ტარდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში.

მუხლი 5ტესტირებაში მონაწილეობის უფლება

1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.

2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს სპეციალურ მასწავლებელს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით (გარდა სპეციალური მასწავლებლობის მსურველი პირებისა) ცენტრი ეყრდნობა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

4. უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში გამოსაცდელის მონაწილეობის უფლებისა და საფასურის გადახდის სავალდებულოობის განსაზღვრის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ცენტრს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების შესახებ (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახე და ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც ასწავლის პირი).

მუხლი 6ტესტირების საფასური

1. ტესტირების საფასური მოიცავს:

ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;

ბ) გამოსაცდელის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურისაგან თავისუფლდება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც რეგისტრირდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი გამოსაცდელი ცენტრში რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ გამოსაცდელი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან ამ ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება.

6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურები გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის გამოსაცდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა – ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.

მუხლი 7. ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

2. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომში – რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.

4. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას.

თავი III

ტესტირების ორგანიზება

მუხლი 8. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმებისა და შეფასების სქემის მომზადება

1. ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.

2. ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.

3. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;

ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

გ) ტესტზე სამუშაო დრო.

4. ტესტირების ჩატარების შემდეგ ცენტრი ქმნის პირველადი შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება გამოსაცდელთა ნაშრომების პირველადი გასწორების შემდგომ.

მუხლი 9. ცენტრში რეგისტრაცია

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

2. ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით პირის მიერ განცხადება ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა – www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. პირს, გარდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლისა, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაში მონაწილეობის საფასური.

4. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს რეგისტრაცია. ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით ცენტრის მიერ დადგენილი პირობები არ შეიძლება ავალდებულებდეს გამოსაცდელს, გასცეს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

5. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:

ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ბ) იმ ტესტს, რომლის ჩაბარებაც სურს. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი-ერთი გამოცდა;

გ) სასურველ საგამოცდო ქალაქს;

დ) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას გამოსაცდელი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.

7. გამოსაცდელს რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

8. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

10. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოსაცდელმა, რომელსაც სურს სპეციალური საგამოცდო პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინოს ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

11. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის მიზნით, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრირებული პირების შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და სტატუსი) აცნობოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

12. ცენტრი უფლებამოსილია გამოსაცდელისათვის გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით გამოიყენოს გამოსაცდელის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ტელეფონის ნომერი).

მუხლი 10. მონაცემთა ელექტრონული ბაზა და გამოსაცდელთა საგამოცდო ბარათები

1. ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრი ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის შესაბამისადაც ხდება ტესტირების დაგეგმვა.

2. ცენტრი უფლებამოსილია ტესტირებაზე რეგისტრაციის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნისა და ტესტირების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი,  ფოტოსურათი და მუნიციპალიტეტი, სადაც რეგისტრირებულია პირი).

3. ცენტრი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განათავსებს საგამოცდო ბარათებს, რომლებიც შეიცავს:

ა) გამოსაცდელის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საგამოცდო ნომერს;

ბ) ტესტირებაზე ჩასაბარებელ ტესტს;

გ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას და მისამართს;

დ) ტესტირების ჩატარების თარიღს და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დროს;

ე) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).

თავი IV

ტესტირების პროცედურა

მუხლი 11. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი

1. ტესტირება ტარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.

2. ტესტირება ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად. ტესტირება უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებსა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში შესაძლოა ჩატარდეს ორი დღის განმავლობაში.

3. ფორსმაჟორის ან ტესტირების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების განსხვავებული თარიღი ან/და ადგილი. 

მუხლი 12. ტესტირების მიმდინარეობის პროცესზე დასწრება

1. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას. საგამოცდო ცენტრში დაშვებულ პირს ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით გამოსაცდელის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.

მუხლი 13. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოსაცდელი ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დროს;

ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) საგამოცდო ბარათი;

ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხოურ ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

2. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული პირი არ დაიშვება ტესტირებაზე, თუ აღმოჩნდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს გამოსაცდელის შესახებ ინფორმაცია ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება საგამოცდო ცენტრში გამოცხადებულ პიროვნებას.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება მოითხოვს გარკვეულ დროს, გამოსაცდელი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ გამოვლინდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს გამოსაცდელის შესახებ ინფორმაცია, ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება ტესტირებაზე გასულ პირს, პირის ნაშრომი არ გასწორდება.

5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოსაცდელს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

მუხლი 14. სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა

1. მე-9 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე ცნობის განხილვის მიზნით, იქმნება კომისია, რომელიც დადგენილი წესით იხილავს წარმოდგენილ ცნობებს და შესაბამის რეკომენდაციებს/დასკვნას აწვდის ცენტრის დირექტორს.

2. ცენტრი, რეკომენდაციების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ გამოსაცდელების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლის უზრუნველყოფაც რეკომენდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით/დასკვნით.

3. გამოსაცდელი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს  ერთი დღისა.

მუხლი 15. ტესტირების მიმდინარეობა

1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

2. ტესტირების დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.

3. ცენტრი ადგენს ტესტირებისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროს თითოეული ტესტისთვის.

4. ტესტზე მუშაობის პროცესში გამოსაცდელს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმით და სუფთა თაბახის ფურცლებით.

5. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით;

ე) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად.

6. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;

ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა აღმოჩენა/გამოყენება. ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს დასაშვებია ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული სუფთა თაბახის ფურცლების გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს სახელისა და გვარის ან/და სხვა ისეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის/სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;

ე) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა გამოსაცდელისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ვ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ზ) ტესტირების წერითი ნაწილის დროს მერხზე პასუხების ფურცლის, კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა, ხოლო ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს მერხზე კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ ნებადართული ნივთებისა;

თ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;

ი) ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

7. ცენტრი ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.

მუხლი 16. ტესტირების მიმდინარეობის წესის დარღვევა

1. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ – ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად გამოსაცდელს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

 3. ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-6 პუნქტის „გ“ და „ე“– ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

4. ტესტირებიდან გამოსაცდელის გაფრთხილების გარეშე მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;

გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

5. გაფრთხილების გარეშე გამოსაცდელის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

6. გამოსაცდელი ტესტირებიდან შესაძლოა მოიხსნას ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების შემდეგ. ტესტირების შემდეგ გამოსაცდელი შესაძლოა ტესტირებიდან მოიხსნას მის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევის დადგენის შემთხვევაში.

7. ტესტირებიდან მოხსნის შემთხვევაში გამოსაცდელის ნაშრომი არ გასწორდება.

მუხლი 17. ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების გამოქვეყნება

ცენტრი, ტესტირებების სრულად დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს გამოყენებული ტესტური დავალებებისა და შეფასების სქემების განთავსებას ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 18. ნაშრომების განადგურება

ტესტების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 12 თვის შემდეგ, ცენტრი უზრუნველყოფს ნაშრომების განადგურებას.

თავი V

ტესტირების შედეგები

მუხლი 19ნაშრომების გასწორება და ტესტირების შედეგები

1. ნაშრომები სწორდება შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.

2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი.

3. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით ნაშრომები სწორდება:

ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

4. არ გასწორდება:

ა) პასუხების ფურცელი/პასუხების ფურცლის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

ბ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის ტესტურ დავალებაზე გამოსაცდელის მიერ გაცემული პასუხი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.

5. ნაშრომი არ გასწორდება ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

6. ტესტირებაში მიღებული ქულები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისთვის, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავი VI

 ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

მუხლი 20. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება

გამოსაცდელს უფლება აქვს, საპრეტენზიო განაცხადი ამ თავით დადგენილი წესით წარადგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით.

მუხლი 21. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება საგამოცდო ცენტრში.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის (www.naec.ge) ან/და რეგისტრაციის ვებგვერდის გამოყენებით.

მუხლი 22. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და მისი წარდგენა

1. გამოსაცდელი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

2. გამოსაცდელი ვერ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

3. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 23. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს არაუგვიანეს იმავე საგამოცდო დღის 21:00 საათისა, საგამოცდო ცენტრში, რომელშიც ჩააბარა ტესტირება, შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება ცენტრს. ცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო კომისიისათვის საპრეტენზიო განაცხადის დაუყოვნებლივ მიწოდებას.

2. გამოსაცდელი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.

მუხლი 24. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.

3. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საგნობრივი კომისიისთვის ცნობილი არ უნდა იყოს გამოსაცდელის ვინაობა.

4. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ტესტის შედგენაში ან მიმდინარე წელს არის გამსწორებელი.

მუხლი 25. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა

ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი გამოსაცდელის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ;

ბ) სხვა გამოსაცდელის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ (გამოსაცდელისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

მუხლი 26. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

2. ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) გამოსაცდელის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) გამოსაცდელის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

3. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გამოსაცდელისთვის გაცნობას.

 

მუხლი 27. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება

1. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) გამოსაცდელისთვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) გამოსაცდელისთვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) გამოსაცდელისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები, საგამოცდო ბარათის კოდის გამოყენებით, ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.

თავი VII

ტესტირების საბოლოო შედეგები

მუხლი 28. ტესტირების საბოლოო შედეგები  

1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება:

ა) იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

ბ) იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

2. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებს უგზავნის  სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგების საფუძველზე სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს სპეციალური მასწავლებლის სტატუსებს და უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ათავსებს აღნიშნულ ინფორმაციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

3. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.

4. გამოსაცდელს ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულა დაგროვებულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულის ტოლი ან ამ ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ტესტირების ჩატარებამდე.

მუხლი 29. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები

1. ცენტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები, ასევე მონაცემები გამოსაცდელთა რეგისტრაციის, გამოცდაზე გამოცხადებისა და მიღებული შედეგების შესახებ ინახება მუდმივად.

2. გამოსაცდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით.

3. ცენტრში გამოსაცდელებთან დაკავშირებით არსებული სხვა პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები განისაზღვრება ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

4. ცენტრში ნებისმიერი ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივი ფუნციების შესრულებისათვის ესაჭიროებათ პერსონალური მონაცემების დამუშავება, კანონმდებლობით დადგენილი მიზნითა და მოცულობით.

თავი VIII

    გარდამავალი დებულებანი

მუხლი 30.  გარდამავალი დებულება

1. 2021 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებით („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) განსაზღვრული წესების შესაბამისად.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელს მიეცემა შენიშვნა და მიეთითება წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან.

3. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოდის ჩატარებას ცენტრი უზრუნველყოფს 2022 წლიდან.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.