შპს “თამრინის” განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს “თამრინის” განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2488-20
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2020
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2021
სარეგისტრაციო კოდი
2/2488-20
15/12/2020
ვებგვერდი, 13/01/2021
შპს “თამრინის” განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 080210320004123345

№2/2488-20

 

განჩინება

საქართველოს სახელით განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2020 წლის 15 დეკემბერი

ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე დარინა აბულაძე

განმცხადებელი: შპს „თამრინი“ (ს/ნ 445398285)

დირექტორი: თამარ ნინიძე;

მოთხოვნა – შპს „თამრინის“ გაკოტრება.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თამრინის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი

გამოარკვია:

2020 წლის 20 ნოემბერს შპს „თამრინის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა, დირექტორმა თამარ ნინიძემ და ითხოვა შპს „თამრინის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ამასთან აღნიშნა, რომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში შპს “თამრინი” თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა 16349,57 ლარის დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულება, წარმოადგინა შპს „თამრინის“ წესდება.

2020 წლის 10 დეკემბერს შპს „თამრინის“ დირექტორმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის 20.4. მუხლის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება..

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება (ცნობა მომსახურების სააგენტოდან და წერილი საჯარო რეესტრიდან). საბანკო ანგარიშები კომპანიას არ გააჩნია. კომპანიას აქვს კრედიტორული დავალიანება 16349,57 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორთა მოთხოვნები, ვერ დაიფარება

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე- 40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

დაადგინა

1. შპს „თამრინის“ (ს/ნ 445398285), უარი ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე დარინა აბულაძე