ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/4/1412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016577
2/4/1412
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
000000000.00.000.016577
ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/4/1412  

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

მანანა კობახიძე – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – გიორგი გოცირიძე და ვასილ ჟიჟიაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; მოწმე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელი მარიამ კერესელიძე.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1412) მომართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ჯუღელმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/14/1412 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. №1412 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2019 წლის 14 და 28 ნოემბერს.

2. №1412 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული დაკავების ვადები. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება.

5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პიროვნების დასადგენად“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილში საქმე შეწყდა.

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2018 წლის 26 სექტემბერს 20 საათსა და 10 წუთზე. მისი საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დაიწყო 2018 წლის 27 სექტემბრის 17 საათსა და 51 წუთზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით მოსარჩელე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.

7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ადგენს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციის თანახმად, იმ პირების დაკავების მაქსიმალური ვადა, რომელთა დაკავებაც განხორციელდა არასამუშაო დროს, შეადგენს 48 საათს, მაშინ, როდესაც სამუშაო დროს დაკავებული პირების დაკავების ვადა, ზოგადი წესის თანახმად, არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. შესადარებელი პირები (პირები, რომელთა დაკავებაც განხორციელდა სამუშაო დროს და პირები, რომლებიც დააკავეს არასამუშაო დროს) არიან იდენტური საპროცესო მდგომარეობის მქონე სუბიექტები. ისინი წარმოადგენენ პოტენციურ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს, რომელთაც გააჩნიათ საპროცესო დაცვის გარანტიებით სარგებლობის თანაბარი ინტერესი. ორივე პირთა ჯგუფს სურს, რომ სასამართლომ მათი საქმე განიხილოს სწრაფად და მოხდეს მათი გათავისუფლება.

8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს ადმინისტრაციული დაკავების დრო. კერძოდ, სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცევიან ის პირები, რომელთა დაკავებაც განხორციელდა არასამუშაო დროს. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ დიფერენცირების ნიშანს ასევე შესაძლოა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დაკავების ვადა. კერძოდ, თუ ადმინისტრაციული დაკავებისთვის განკუთვნილი ზოგადი ვადა – 12 საათი ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ შესაძლებელია, ამოქმედდეს სადავო ნორმა და პირს თავისუფლება შეეზღუდოს 48 საათამდე ვადით. ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ნორმა იძლევა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით. კერძოდ, სადავო ნორმის სუბიექტთა დაკავების მაქსიმალური ვადა 36 საათით აღემატება იმ პირთა დაკავების მაქსიმალურ ვადას, რომლებზეც ვრცელდება ადმინისტრაციული დაკავებისთვის განკუთვნილი ზოგადი ვადა – 12 საათი. ამასთან, პირის დაკავებით ილახება ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიცაა ადამიანის ფიზიკური თავისუფლება. საყურადღებოა ისიც, რომ დაკავებულ პირს მნიშვნელოვნად ეზღუდება სხვა უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, 36 საათიანი სხვაობა პირთა დაკავების მაქსიმალურ ვადებს შორის წარმოადგენს იმ ინტენსივობის დიფერენცირებას, რომელიც მოითხოვს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებას.

10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ნორმა ვერ პასუხობს ვერც რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს. გასაჩივრებული რეგულაციის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება, თუმცა სადავო ნორმა არ წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია საქმის განხილვის განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი ვადები, რომლებიც შთანთქავს პირის დაკავებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადებს. შესაბამისად, პრაქტიკაში, როგორც წესი, კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვის დაკავებული პირის გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე. თეორიულად ასევე შესაძლებელია (სხვადასხვა ობიექტური ფაქტორების გამო), 48 საათში ვერ მოესწროს დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენა და მისი გათავისუფლებაც მოხდეს ხელწერილის საფუძველზე. ამასთან, გაუგებარია, რატომ უნდა იყოს შესაძლებელი პირის დაკავება 48 საათის განმავლობაში, მაშინ როდესაც ის პირი, რომლის დაკავების ვადაც არ ემთხვევა არასამუშაო დროს, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს 12 საათის გასვლის შემდეგ, განურჩევლად იმისა, მოხერხდა თუ არა მისი სასამართლოში წარდგენა და მისი საქმის განხილვა.

11. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა აზრით, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. სწრაფი მართლმსაჯულების მიზანი იგივე ეფექტურობით მიიღწეოდა იმ შემთხვევაშიც, თუ პირის დაკავების მაქსიმალური ვადა იქნებოდა 24 საათი, ნაცვლად 48 საათისა. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდებოდა დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენა, შესაძლებელია მისი გათავისუფლება მომხდარიყო ხელწერილის საფუძველზე, რაც იქნებოდა ადამიანის ფიზიკური თავისუფლების ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

13. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ადგენს პირთა მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას ადმინისტრაციული დაკავების ვადის ნიშნით. კერძოდ, ზოგადი წესის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. გასაჩივრებული რეგულაცია დასახელებული წესიდან ითვალისწინებს გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც, იმ პირის დაკავების მაქსიმალური ვადა, რომლის დაკავების ვადაც ემთხვევა არასამუშაო დროს, წარმოადგენს 48 საათს. არასამუშაო დროში იგულისხმება სასამართლოების და არა პოლიციის არასამუშაო დრო, რადგან ეს უკანასკნელნი არანორმირებული გრაფიკით მუშაობენ. შესაბამისად, სადავო ნორმა მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დაკავებული პირის საქმე სასამართლოს განსჯადია და მისი დაკავებისთვის განკუთვნილი 12 საათიანი ვადა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო საათებს.

14. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმით გამოწვეული დიფერენცირება არ წარმოადგენს თვითმიზანს და იგი განპირობებულია ისეთი ობიექტური ფაქტორით, როგორიცაა სასამართლოს სამუშაო დრო. შეუძლებელია, წინასწარ დაიგეგმოს პირის დაკავება იმგვარად, რომ მისი დაკავებისთვის დაწესებული 12 საათიანი ვადის გასვლა აუცილებლად დაემთხვეს სასამართლოს სამუშაო საათებს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თითქმის ყველა სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში არიან მორიგი მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს იხილავენ, მათ შორის, შაბათ-კვირასაც. ამასთან, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში პოლიციელი ვალდებულია, დაკავებული პირი სასამართლოში წარადგინოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირის დაკავება ჩაითვლება უკანონოდ. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, პრაქტიკაში, იმ პირთა დაკავების ხანგრძლივობა, რომელთა დაკავების ვადაც ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს, შეადგენს, დაახლოებით, 16 საათს.

15. მოპასუხე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაციით გამოწვეული დიფერენცირება არ ხასიათდება მაღალი ინტენსივობით. შესაბამისად, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის შეფასება არ უნდა მოხდეს მკაცრი ტესტის გამოყენებით. ამასთან, მოცემული რეგულირება სრულად აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს. მის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა. სადავო ნორმა საშუალებას იძლევა, სასამართლო განხილვის გარეშე არ მოხდეს იმ პირის გათავისუფლება, რომლის დაკავების ვადაც დაემთხვა სასამართლოს არასამუშაო დროს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს შესაძლოა, სანქციის სახედ განესაზღვროს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამგვარ შემთხვევებში აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ დადგეს რისკის ქვეშ. პირის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებით ვერ მოხდება აღნიშნული რისკების იმ ხარისხით დაზღვევა როგორც ეს ადმინისტრაციული დაკავებითაა შესაძლებელი.

16. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, პირის ადმინისტრაციული დაკავების 48 საათამდე გაგრძელების შესაძლებლობა საჭიროა ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც რაიმე ობიექტური გარემოების გამო ვერ ხერხდება დაკავებული პირის საქმის განხილვა სასამართლოს სამუშაო საათებში. ამგვარი გარემოებების მაგალითად დასახელდა მორიგე მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სასამართლოს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. სადავო ნორმა ასეთი შემთხვევების არსებობის შემთხვევაში იძლევა პირის დაკავების 48 საათამდე ვადით გახანგრძლივების კანონიერ შესაძლებლობას.

17. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

18. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმედ იქნა მოწვეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელი მარიამ კერესელიძე. მოწმის განმარტებით, სადავო ნორმის სუბიექტები არიან ის პირები, რომელთა დაკავების ვადაც ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს. პოლიცია მუშაობს არანორმირებული გრაფიკით, შესაბამისად, სადავო ნორმა მათ არ მიემართებათ. სასამართლოების სამუშაო საათები რეგულირებულია მათი შიდა ინსტრუქციებით და, დაახლოებით, მოიცავს დროს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. პრაქტიკაში, იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავება ხდება 17:00 საათამდე, როგორც წესი, იმ დღესვე ესწრება მისი სასამართლოში წარდგენა და საქმის განხილვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სასამართლოზე წარსადგენი მასალების მოსამზადებლად საჭიროა, დაახლოებით, 3 საათი, თუმცა დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობა დამოკიდებულია სასამართლოს სამუშაო გრაფიკზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავება მოხდა ისეთ დროს, როდესაც ვერ ესწრება მისი წარდგენა სასამართლოს სამუშაო საათებში, ხდება მისი მოთავსება იზოლატორში, რის შემდეგაც იგი პირველი შესაძლებლობისთანავე წარედგინება სასამართლოს.

19. მოწმემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პოლიცია ვალდებულია, პირველი შესაძლებლობისთანავე წარადგინოს დაკავებული პირი სასამართლოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირის დაკავება ჩაითვლება უკანონოდ და მას შეეძლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მისი თქმით, სასამართლოში საქმეები განიხილება რიგითობის წესის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ესწრება დაკავებული პირის საქმის განხილვა, შესაბამისად, 12 ან 48 საათის განმავლობაში, ხდება მისი გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე. მოწმის თქმით, სადავო რეგულირება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს, თუმცა ამ ვადის გასვლამდე შესაძლებელი იყო დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენა. ამასთან, პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბოლომდე ყოფილიყო გამოყენებული სადავო ნორმით გათვალისწინებული დაკავების მაქსიმალური ვადა და პირის დაკავება გაგრძელებულიყო 48 საათს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. დაცული სფერო

1. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

2. ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა არსებითად თანასწორ პირებს უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით ან არსებითად უთანასწოროთა მიმართ გაავრცელებს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმს.

4. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი პირები.

2. შეზღუდვის იდენტიფიცირება

2.1. შესადარებელ პირთა დიფერენცირება

5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ახდენს პირთა დიფერენცირებას ადმინისტრაციული დაკავების დროის მიხედვით. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაციის თანახმად, იმ პირების დაკავების მაქსიმალური ვადა, რომელთა დაკავებაც განხორციელდა არასამუშაო დროს, შეადგენს 48 საათს, მაშინ, როდესაც სამუშაო დროს დაკავებული პირების დაკავების ვადა, ზოგადი წესის თანახმად, არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. შესაბამისად, მათი აზრით, შესადარებელ პირთა წრეს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, პირები, რომელთა დაკავებაც განხორციელდა სამუშაო დროს, ხოლო, მეორე მხრივ, პირები, რომლებიც დააკავეს არასამუშაო დროს. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ დიფერენცირების ნიშანს შესაძლოა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დაკავების ვადა. კერძოდ, თუ ადმინისტრაციული დაკავებისთვის განკუთვნილი ზოგადი 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ შესაძლებელია, ამოქმედდეს სადავო ნორმა და პირს თავისუფლება შეეზღუდოს 48 საათამდე ვადით. მოპასუხე მხარე იზიარებს ამ უკანასკნელ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ადგენს პირთა შორის დიფერენცირებულ მიდგომას ადმინისტრაციული დაკავების ვადის ნიშნით.

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული დაკავების ვადებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. სადავო ნორმა ითვალისწინებს აღნიშნული წესის საგამონაკლისო შემთხვევას. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციის თანახმად, „პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს“. მაშასადამე, სადავო ნორმით დადგენილი საგამონაკლისო წესის მიხედვით, იმ პირის დაკავების საერთო ვადა, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადაც არასამუშაო დროს ემთხვევა, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

7. სადავო ნორმის შინაარსის და მისგან მომდინარე შეზღუდვის ზუსტად იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია, მოხდეს როგორც გრამატიკული, ასევე სისტემური განმარტების მეთოდების გამოყენება. გასაჩივრებული რეგულაციის გრამატიკული განმარტების მიხედვით, პირის დაკავების 48 საათიანი ვადა შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მისი დაკავების ვადა (და არა დრო) ემთხვევა არასამუშაო დროს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იცნობს ისეთ ტერმინს, როგორიცაა ადმინისტრაციული დაკავების დრო. კერძოდ, დასახელებული კოდექსის 245-ე მუხლის მე-5 ნაწილი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ერთ-ერთ რეკვიზიტს წარმოადგენს ადმინისტრაციული დაკავების დრო. შესაბამისად, თუ კანონმდებელი გადაწყვეტდა, რომ ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების წინა პირობა უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული დაკავების დრო, იგი სადავო ნორმაში სწორედ ამ ტერმინს გამოიყენებდა.

8. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, პოლიცია მუშაობს არანორმირებული გრაფიკით. შესაბამისად, სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინი „არასამუშაო დრო“ მიემართება არა პოლიციის, არამედ საერთო სასამართლოების სამუშაო გრაფიკს. მოწმის განმარტებით, სასამართლოების სამუშაო საათები განსაზღვრულია შიდა ინსტრუქციით და, როგორც წესი, მასში ექცევა 10:00 საათიდან 19:00 საათამდე არსებული დროის მონაკვეთი. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც პირის სასამართლოში წარდგენა, სასამართლოს შეზღუდული სამუშაო გრაფიკის გამო, დაკავებიდან 12 საათის განმავლობაში ვერ ხერხდება, მისი დაკავება, სასამართლოში წარდგენის მიზნით, შეიძლება გახანგრძლივდეს 48 საათამდე.

9. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „მოხელისათვის დადგენილია 5-დღიანი სამუშაო კვირა. მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, ხოლო კვირაში – 40 საათს“. ამავე დროს, სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების კონკრეტული დრო განისაზღვრება შიდა უწყებრივი აქტებით. მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2011 წლის 5 ოქტომბრის №68 ბრძანებით დამტკიცებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სასამართლოს აპარატის თანამშრომელთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 საათიდან 18:00 სთ-მდე (სასამართლოს კანცელარიის მისაღებისათვის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შესვენების გარეშე)“, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „შესვენების დრო განისაზღვრება 13:00 სთ-დან 13:30 სთ-მდე“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შინაგანაწესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ყოველდღიური სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება 8 საათით და ნახევარსაათიანი შესვენებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ „სამუშაო დრო განისაზღვრება 09:30 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შესვენების დრო – 13:00 საათიდან 13:30 საათამდე“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2008 წლის 29 იანვრის №3-ს §1 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს შრომის შინაგანაწესის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება 8 საათითა და ერთსაათიანი შესვენებით. კერძოდ, მუშაობა იწყება 09 საათზე და მთავრდება 18 საათზე, საიდანაც შესვენებისთვის განკუთვნილია პერიოდი 13-დან 14 საათამდე.

10. საქართველოს საერთო სასამართლოების შინაგანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩვეულებრივ, სასამართლოს ყოველდღიური სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 8 საათს, შესვენებისთვის განკუთვნილი დროის ჩათვლით მაქსიმუმ – 9 საათს. შესაბამისად, ნათელია, რომ დროის რა მონაკვეთშიც არ უნდა განხორციელდეს პირის დაკავება, მისი დაკავებისთვის განკუთვნილი 12 საათიანი ვადის გარკვეული პერიოდი აუცილებლად დაემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროის პერიოდს. ნორმის მხოლოდ სიტყვასიტყვითი განმარტების პირობებში გასაჩივრებული რეგულაციის მოქმედება გავრცელდებოდა ყველა იმ დაკავებულ პირზე, რომელთა საქმეც სასამართლოს განსჯადია, განურჩევლად მათი დაკავების დროისა და დაკავებისთვის განკუთვნილი ვადისა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია აზრს უკარგავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ადმინისტრაციული დაკავების ზოგად – 12 საათიან ვადას და განსაზღვრავს რადიკალურად განსხვავებულ მოცემულობას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი იმ პირის დაკავების მაქსიმალური ვადა, რომლის საქმეც სასამართლოს განსჯადია, წარმოადგენს 48 საათს. სადავო ნორმის ამგვარი განმარტება ალოგიკურია, მისი მიზნის საწინააღმდეგოა და, ამდენად, იგი არ უნდა იქნეს დანახული კანონმდებლის ნებად.

11. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნათელია, რომ სადავო ნორმაში არსებულ სიტყვებში „ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა“ კანონმდებელი მოიაზრებს მოცემულობას, როდესაც პირის დაკავებისთვის განკუთვნილი ზოგადი 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა, სასამართლოს არასამუშაო დროს. შესაბამისად, სადავო ნორმა პირთა დიფერენცირებას უკავშირებს არა დაკავების დროს, არამედ დაკავებისთვის დადგენილი, ზოგადი 12 საათიანი ვადის გასვლის მომენტს. შესაძლებელია, პირის დაკავება განხორციელდეს სასამართლოს არასამუშაო დროს (მაგალითად 06:00 საათზე), თუმცა მისი დაკავებისთვის განსაზღვრული 12 საათიანი ვადის გასვლა დაემთხვეს სასამართლოს სამუშაო დროს (18:00 საათს). ასეთ შემთხვევაზე არ გავრცელდება სადავო ნორმით დადგენილი დაკავების ვადის გახანგრძლივების მექანიზმი. აღნიშნულის საპირისპიროდ, ასევე შესაძლებელია, პირის დაკავება განხორციელდეს სასამართლოს სამუშაო დროს (მაგალითად, 18:00 საათზე), მაგრამ დაკავებისთვის დადგენილი 12 საათიანი ვადის გასვლა დაემთხვეს სასამართლოს არასამუშაო დროს (06:00 საათს), რაც წარმოადგენს პირის დაკავების 12 საათიანი ვადის გახანგრძლივების კანონიერ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დიფერენცირება უკავშირდება არა ადმინისტრაციული დაკავების დროს, არამედ ადმინისტრაციული დაკავებისთვის განკუთვნილი 12 საათიანი ვადის გასვლის მომენტს. ამავე დროს, საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა, სადაც ადგილი ექნებოდა უშუალოდ სადავო ნორმის სხვაგვარ ინტერპრეტაციას.

 12. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შესადარებელ პირებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ის პირები, რომელთა დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა სასამართლოს სამუშაო დროს, ხოლო, მეორე მხრივ, ის პირები, რომელთა დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს. არსებული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში იმ პირთა დაკავების მაქსიმალური ვადა, რომელთა დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლაც ემთხვევა სასამართლოს სამუშაო დროს შეადგენს 12 საათს, ხოლო იმ პირთა დაკავების მაქსიმალური დრო, რომელთა დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლაც ემთხვევა არასამუშაო დროს წარმოადგენს 48 საათს. ხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმით გამოწვეული პირთა დიფერენცირება გამოიხატება იმაში, რომ პირთა ერთი ნაწილის დაკავების მაქსიმალური ვადა 36 საათით აღემატება პირთა მეორე ნაწილის დაკავების მაქსიმალურ ვადას.

2.2. შესადარებელ პირთა თანასწორობა

13. თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისას, დიფერენცირების არსებობასთან ერთად, აუცილებელია, დადგინდეს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).

14. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში შესადარებელ ჯგუფებს მიეკუთვნებიან პირები, რომელთა დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლაც ემთხვევა სასამართლოს სამუშაო დროს და პირები, რომელთა დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლაც ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს. პირთა ორივე ჯგუფს გააჩნია იდენტური საპროცესო მდგომარეობა (სტატუსი) – ისინი არიან ადმინისტრაციული დაკავების ქვეშ მყოფი პირები, ამასთან, შესაძლოა, დაკავებულნი იყვნენ იდენტური სამართლებრივი საფუძვლით და მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ორივე პირთა ჯგუფს აქვს საპროცესო გარანტიებით სარგებლობის თანაბარი ინტერესი. ის გარემოება, რომ პირთა ნაწილის დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს, ვერ გამორიცხავს მათ არსებითად თანასწორობას იმ პირთა მიმართ, რომელთა დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა სასამართლოს სამუშაო დროს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის შესადარებელი პირები არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები და აშკარაა, რომ სადავო ნორმა იწვევს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვას.

3. შეზღუდვის კონსტიტუციურობა

16. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი არ არის აბსოლუტური ხასიათის და დემოკრატიულ სახელმწიფოში შესაძლებელია მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

17. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას ... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).

18. ამასთან, „მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შერჩეულ უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირებისა თუ მკაცრი შეფასების ტესტი, ორივე მათგანის ფარგლებში, აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. დიფერენცირებული მოპყრობის გამომწვევი ღონისძიება, რომელიც დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩაითვლება თვითმიზნურად და დისკრიმინაციულად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ დიფერენცირება არ პასუხობს რაციონალური ტესტის მოთხოვნებს, სასამართლო სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად ცნობს დიფერენცირების ტესტის შერჩევის გარეშე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/767,1272 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

19. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის არსებობა განპირობებულია სასამართლოს ნორმირებული სამუშაო დროით. პირის დაკავების ვადის 48 საათამდე გახანგრძლივებას განაპირობებს ის ფაქტორი, რომ მისი დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს და, შესაბამისად, ვერ ხერხდება მისი საქმის სასამართლოში განხილვა. გასაჩივრებული რეგულაციის საშუალებით შესაძლებელი ხდება პირის დაკავების გახანგრძლივება, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება მისი სასამართლოში წარდგენის და მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს.

20. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი – მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ საჯარო ინტერესს და მის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი უფლებამოსილია, დაადგინოს დიფერენცირებული მოპყრობა. თუმცა სადავო ნორმის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ლეგიტიმურ მიზანზე მითითება. ასევე აუცილებელია, დიფერენცირება რეალურ კავშირში იყოს დასახელებულ მიზანთან და იძლეოდეს მისი მიღწევის შესაძლებლობას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, რა ასპექტში უკავშირდება დაკავების ვადის 48 საათამდე გახანგრძლივება მართლმსაჯულების განხორციელებას.

21. როგორც ზემოთ უკვე არაერთხელ აღინიშნა, პირის დაკავებამ 48 საათს შეიძლება გასტანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დაკავებისთვის დადგენილი 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს. ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, დაკავებული პირი სასამართლოს უნდა წარედგინოს პირველი შესაძლებლობისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დაკავება ჩაითვლება უკანონოდ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის თქმით, დღეის მდგომარეობით, თითქმის ყველა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში არიან მორიგე მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს განიხილავენ შაბათ-კვირასაც. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის №1/56 გადაწყვეტილების (საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი) მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად „საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ცალკეულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკის მიხედვით“.

22. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირის დაკავების 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს (მაგ., პირის დაკავება განხორციელდა 18:00 საათზე და მისი დაკავების 12 საათიანი ვადა იწურება 06:00 საათზე, სასამართლოს არასამუშაო დროს), ნათელია, რომ პირის დაკავების შემდგომი 12 საათიანი დროის მონაკვეთი (პერიოდი 06:00 საათიდან 18:00 საათამდე) აუცილებლად მოიცავს დროის იმ პერიოდს, როდესაც სასამართლო/მორიგე მოსამართლე უფლებამოსილებას ასრულებს და საქმის განხილვა შეუძლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ პირის დაკავების 24 საათიანი ვადა აუცილებლად ფარავს სასამართლოს/მორიგე მოსამართლის ერთ სამუშაო დღეს, განურჩევლად იმისა, თუ დროის რა მონაკვეთში ხდება მისი დაკავება. შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების 48 საათამდე გახანგრძლივების შესაძლებლობა ვერ აიხსნება სასამართლოს არასამუშაო დროით.

23. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოს სამუშაო საათებში დაკავებული პირის საქმის განხილვა შეიძლება ვერ მოხერხდეს ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, როგორებიცაა – მაგალითად, საქმის განსჯადი სასამართლოს გადატვირთული გრაფიკი ან საქმის განმხილველი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. შესაბამისად, იმ რისკების გამოსარიცხად, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს პირის სასამართლო განხილვის გარეშე გათავისუფლებას, მიზანშეწონილია მისი დაკავების გახანგრძლივება 48 საათამდე ვადით.

24. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობის წარმოსაჩენად ნაკლებად რელევანტურია იმის შეფასება, თუ, ზოგადად, საშუალოდ რა დრო სჭირდება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენას. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას სასამართლო აფასებს არა ზოგადად 48 საათიანი დაკავების ვადის დაწესების გონივრულობას, არამედ იმას თუ რამდენად ემყარება შესადარებელ პირთა შორის არსებული დიფერენცირება გონივრულ საფუძველს. კერძოდ, მოპასუხე მხარემ უნდა ახსნას, რა განაპირობებს პირთა გარკვეული წრის დაკავების ვადის 48 საათით შემოფარგვლას მაშინ, როდესაც სხვა პირების დაკავების მაქსიმალური ვადა 12 საათია. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორებიცაა – საქმის განსჯადი სასამართლოს გადატვირთული გრაფიკი ან საქმის განმხილველი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, თანაბრად მიემართება დაკავების ნებისმიერ შემთხვევას. მიუხედავად ამისა, პირთა გარკვეული წრისათვის დაწესებული დაკავების მაქსიმალური ვადა შეადგენს 12 საათს ანუ, მაქსიმუმ, მოსამართლის 1 სამუშაო დღეს, ხოლო პირთა მეორე წრისათვის დაწესებული დაკავების მაქსიმალური ვადა – 48 საათს ანუ მოსამართლის 2 სამუშაო დღეს. პირი, რომელიც დააკავეს 23 საათზე, სასამართლოს წარედგინება მეორე დღის 11:00 საათამდე, ხოლო პირი, რომელიც მასზე 5 საათით ადრე დააკავეს, შეიძლება 48 საათის განმავლობაში არ იქნეს მიყვანილი სასამართლოში.

25. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, რიგ შემთხვევებში, შედარებით ადრე დაკავებული პირისათვის უფრო გვიან სრულდება დაკავების მაქსიმალური ვადა, ვიდრე სხვა მასზე გვიან დაკავებული პირისთვის. ბუნებრივია, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, პირველი შესაძლებლობისთანავე წარადგინოს დაკავებული სასამართლოში, თუმცა სადავო რეგულირების პირობებში სასამართლოს გადატვირთულობამ შესაძლოა, იგი იძულებული გახადოს, ზოგიერთი პირი სხვა უფრო ადრე დაკავებულ პირებზე პრიორიტეტულად წარუდგინოს სასამართლოს, რაც, ერთი მხრივ, ალოგიკური და ყოველგვარ რაციონალურ ახსნას მოკლებულია, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანი უსამართლობის წყაროს წარმოადგენს. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ დაუსახელებია რაიმე დამატებითი გარემოება, რომელიც მსგავსი საკანონმდებლო რეგულირების რაციონალობაზე მიუთითებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ პასუხობს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

4. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება

26. სადავო ნორმის დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა, ყველა შემთხვევაში, გახდება 12 საათი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, პირის დაკავების 12 საათიანი ვადა არ მოექცეს სასამართლოს სამუშაო დროის პერიოდში და, შესაბამისად, ვერ მოხერხდეს პირის მოსამართლის წინაშე წარდგენა, რამაც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება გამოიწვიოს.

27. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაავადოს დასახელებული სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2021 წლის პირველ ივნისამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს ადმინისტრაციული დაკავების ქვეშ მყოფი პირების საპროცესო თანასწორობა.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1412 („ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივნისიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი